ზაფხულის იმ წვიმიან დილას ჰალშტატის გადაუდებელი დახმარების ცენტრში ზარი მოშორებით მდებარე სახლიდან შემოვიდა. მთქნარებით გართული თანამშრომლები მორიგ უმნიშვნელო გამოძახებაზე წასასვლელად მოემზადნენ. მათი დავალება მწყობრიდან გამოსული საკეტის შეკეთებით შემოიფარგლებოდა. შველას ფრიდა ვალცი ითხოვდა. ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და იხვეწებოდა, ნუ დაიგვიანებთო.
- ტურისტებს არ გაუმართლათ. - ჩაილაპარაკა ფრიდა ვალცის სახლისკენ მიმავალმა ფრანცმა და თავის მეწყვილეს გახედა.
- ამინდი საეჭვოდ არ აპირებს შეცვლას. გემით გასეირნების მსურველთა რიცხვი თანდათან მცირდება.
- ჰალშტატში რვაასამდე მცხოვრებია, ტურისტების რაოდენობა კი მუდმივად უფრო ჭარბია. - აღნიშნა საჭესთან მჯდომმა.
- არა მგონია, ამან მათ ინტერესს რაიმე დააკლოს.
ფრანცს საუბარი აღარ გაუგრძელებია. არემარეს აკვირდებოდა და გრძნობდა, როგორ ეუფლებოდა სიმშვიდე. უძილობით აწეწილი ნერვებიც თავის ადგილს უბრუნდებოდნენ. ჩვეულებრისამებრ, თვალისმომჭრელად სუფთა, გამჭვირვალე ტბა ახლა წვიმისგან ამღვრეულიყო. გარს ერთგული მცველებივით შემოხვეოდნენ ცამდე აზიდული ბუმბერაზი მთები. სანაპიროზე ბალახი მწვანედ ბიბინებდა. ხანგრძლივი ნალექით განებივრებულ მცენარეებს თავი ამაყად აღემართათ ზემოთ.
- მგონი, ეს სახლი უნდა იყოს. - მოზრდილ, ყვავილებით გაფორმებულ სახლზე მიანიშნა მეწყვილემ მას და ფრანცსაც მოუწია ზღაპრული ფანტაზიებიდან უღიმღამო, უფერულ რეალობაში დაბრუნება.
მამაკაცები მანქანიდან გადმოვიდნენ და ირგვლივ მიმოიხედეს. სახლი, თავისი ზომის მიუხედავად, მნახველს თვალში უხეშად არ ხვდებოდა. კოხტად მოერთოთ ნაირნაირი დეკორაციით. კედლები გარედან ბაც ნარინჯისფრად იყო შეღებილი, სახურავს კი მოწითალო ფერი დაჰკრავდა. სახლს რამდენიმე ფანჯარა ჰქონდა. მინები უნაკლოდ იყო გაწმენდილი. ფარდები, რომლებზეც ფრთაგაშლილი ჩიტები იყო გამოსახული, დაკეტილი დარაბების მიღმა ახლად და ძვირფასად გამოიყურებოდა. გარშემო მოშენებულ ბაღში დასველებული მიწის მძაფრი სურნელი ტრიალებდა.
ფრანცი თავის მეწყვილესთან ერთად ქვებით მოკირწყლულ ბილიკზე აღმოჩნდა, რომელმაც ისინი ფართოდ ამოჭრილ კართან მიიყვანა.
- ქალმა თქვა, რომ სახლში შესასვლელი კარიც ჩაკეტილი დატოვა, თავად კი საძინებელშია გამომწყვდეული. სწორედ მისი ოთახის კარებს ვერაფერი მოუხერხა ამ დილას. გამოდის, რომ ჩვენ ამ საკეტზე მუშაობაც გვმართებს. - უთხრა ფრანცს მის გვერდით მდგომმა.
- არაფერია, თუკი გატეხვა დაგვჭირდება. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის დიდი ზარალი იქნება. - ივარაუდა მამაკაცმა.
- სახლიც და მისი მდებარეობაც იმაზე მეტყველებს, რომ მის პატრონს ფულის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
გაერთიანებული ძალებით ორმა საკმაოდ ღონიერმა ადამიანმა კარის გაღება შეძლო. სახლის ცენტრიდან სიჩუმე შემოეგება მათ. სტუმართმოყვარე მასპინძელთან თუ გაიგივდებოდა ის. ჩარაზული ფანჯრებისა და ოთახების განლაგების წყალობით სახლში თბილოდა. მამაკაცები ინტერიერის გაცნობას აღარ მოჰყოლიან, მიუხედავად იმისა, რომ შესვლისთანავე თვალი მოსჭრათ ნივთებისა და ავეჯის მდიდრულობამ. ისიც შენიშნეს, რომ ყველაფერი გემოვნებიანად იყო შერჩეული.
სამუშაოდ მობილიზებულები დაკლაკნილ კიბეს აუყვნენ. მოაჯირზე გაურკვეველი შინაარსის ორნამენტები იყო გამოსახული. როდესაც საფეხურები უკან მოიტოვეს, იმ კარებსაც მიაგნეს, რომლის გაღებაც ევალებოდათ.
- ფრაუ ფრიდა, გესმით ჩვენი? - ხმამაღლა იკითხა ფრანცმა, თუმცა პასუხი უკან არ დაბრუნებია.
- იქნებ თავს ცუდად გრძნობს? - დაეჭვდა ფრანცის მეწყვილე. - კლაუსტროფობია ხომ არ სჭირს?
- ვითომ საძინებელი იმდენად პატარა იქნება, რომ ადამიანს დახუთული სივრცის ილუზია შეიძლება შეექმნეს? - არ დაეთანხმა ფრანცი. - თანაც, ხომ ვნახეთ, რომ სახლს ამ მხარესაც ჰქონდა ფანჯრები. ქალს შეეძლო ისინი გამოეღო და სული მოეთქვა. მე მგონია...
მოულოდნელად ფრანცმა საუბარი შეწყვიტა და თვალი საკეტზე გაუშეშდა, რომლისთვისაც ყურადღება ჯერ კიდევ არც ერთს არ მიუქცევია. კარი თავის ჩარჩოს არ უკავშირდებოდა. საკეტი უკვე გატეხილი იყო... მათი მოქმედების გარეშე.
- ფრანც... - აღმოხდა გაოცებულ მამაკაცს და ფრანცი დარწმუნდა, რომ არ ელანდებოდა. -იქნებ სახლში უკვე დაბრუნდნენ და ქალს კარი გაუღეს? ალბათ, ეს ოჯახის რომელიმე წევრის ნახელავია, მაგრამ... არაფერი მესმის...
ფრანცი უკვე აღარ უსმენდა და რომც მოესმინა, არ დაეთანხმებოდა, რადგან კარგად ახსოვდა, რომ ფრიდა ვალცი უახლოეს რამდენიმე საათში შინ არავის მოელოდა.
ფრანცმა გაუბედავად ჩამოსწია სახელური და კარი გააღო. ოთახში იმაზე შემაძრწუნებელი სანახაობაც კი გადაეშალა, ვიდრე მოელოდა.
სისხლით შეღებილ ხალიჩაზე ქალის უსულო სხეული გართხმულიყო, მის თავთან კი ჰაერს შერწყმული სიკვდილი ავად იღიმოდა.
გაგრძელება იქნება კვირას
(დეტექტიური ჟანრის რომანი დაიდება დღეგამოშვებით)