იმავე დღესვე ზალცბურგიდან გამოცდილი და თავის საქმიანობით განთქმული გამომძიებელი გამოიძახეს. ამას რამდენიმე მიზეზი უძღვოდა წინ, თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ ისეთ პატარა, წყნარ და მეგობრულ სოფელში, როგორიც ჰალშტატი იყო, იშვიათად თუ ხდებოდა მკვლელობები და მათი მოტივიც, როგორც ყოველთვის ძარცვა იყო. ჰალშტატის მოსახლეები ყველა მოვლენას, რომელიც
უჩვეულოდ მოეჩვენებოდათ, დადარაჯებული მზერით აკვირდებოდნენ და თითოეულ დეტალს თავში ღრმად იბეჭდავდნენ. სწორედ ამ სპეციფიკური თვისების დამსახურებით ქურდებსა და ყაჩაღებს იოლად აყოფინებდნენ თავს ციხეში და საქმეც გახსნილად ითვლებოდა ხოლმე.
ამჯერად ფრიდა ვალცის ოთახიდან მხოლოდ და მხოლოდ ანტიკვარული ვაზა იყო წაღებული, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობდა და მოკლულის საქორწინო ბეჭედიც გაუჩინარებულიყო.
-როგორც წესი, ჩვენთან მკვლელობებს ყაჩაღობის ასპექტში განვიხილავთ ხოლმე.-ჩაიბურტყუნა ჰალშტატის პოლიციის უფროსმა. ეშინოდა რამე ისეთი არ წამოეროშა, რაც ზალცბურგელი
გამომძიებლის, ფელიქს ონდრას თვალში დაამცირებდა. ფელიქს ონდრა მეტისმეტად მაღალი, გრძელკისერა მამაკაცი იყო. წაწვეტებულ, მოკაუჭებულ ცხვირს წუთში სამჯერ ასრუტუნებდა, ნუშისებრი, ყავის მარცვლისფერი თვალები კი შიგ ჩაგროვებული ცრემლებისგან უბრწყინავდა. ალბათ, გზაში თუ გაციებულიყო.
-დანაშაულის განსაკუთრებულობა, იცით, რაში მდგომარეობს, ჰერ მარტინ? -ნიკაპი მოიფშვნიტა ფელიქსმა.-ის არასდროს ჰგავს თავის წინამორბედს, ამიტომაც... რამდენიმე ცვლილების მოხდენა მოგვიწევს... ამ მომენტშივე!-დააკონკრეტა მან.
-ც-ცვლილებების?-ენა დაება მარტინს.
-მეტად ჩემი თანდასწრებით აღარ ახსენებთ სიტყვათა შემდეგ კომბინაციას ''როგორც წესი'', ხომ
გასაგებია?
-როგორც იტყვით, ჰერ ფელიქს.-თავი დაუქნია დაბნეულმა პოლიციის უფროსმა.
-არასოდეს დასვამთ ზედმეტ კითხვებს შეუფერებელ ვითარებაში და თქვენს ეჭვებს მხოლოდ მაშინ გამიზიარებთ, როცა ამას მე გთხოვთ, გესმით?
-მაგრამ...-შედავება სცადა პომიდორივით გაწითლებულმა კაცმა.
-ეს წესია, ჰერ მარტინ, ხომ არ გავიწყდებათ? -მოჩვენებითი კეთილგანწყობით გაუღიმა ფელიქსმა, თუმცა მისი საუბრის კილო უფრო აფრთხილებდა მარტინს, ვიდრე მეგობრობას სთავაზობდა.
-დიახ, დიახ...
-გულისხმობთ, რომ ეს არ გახსოვდათ?
-არა, მე ვთქვი, რომ ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია.-უხალისოდ უპასუხა კაცმა.
-მშვენიერია.-ოთახში კმაყოფილმა გაიარ-გამოიარა ონდრამ.-მოკლული პირველად ვინ ნახა?
-გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა. -დაზეპირებულსავით წამოიძახა მარტინმა.
-ისინი აქ არიან?
-ერთ-ერთი მათგანი სადაცაა გეახლებათ, მეორის დაკითხვას კი, სამწუხაროდ, ხვალამდე ვერ შეძლებთ.
გამომძიებელმა ბრაზით გამოხედა პოლიციის უფროსს. მარტინი მხრებში მოიხარა და გაქრობა ინატრა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ მამაკაცმა მალევე მიაბრუნა თავი და მარტინმაც შვებით ამოისუნთქა.
კარზე სწორედ რომ დროულად დააკაკუნეს. ოთახში ფრანც კანეტი შემოვიდა, განიერი მხრები და მსხვილი მკლავები შემოაძვრინა ჩარჩოსა და კარებს შუა და გამომძიებელს თავი წარუდგინა.
-რატომ არ იჩქარეთ, ფრანც?-დამტუქსავი ტონით ჰითხა პოლიციის უფროსმა სახეალეწილ ფრანცს.
-ხომ იცოდით, რომ აქ ხალხისგან აღიარებული და დაფასებული, ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი, ფელიქს ონდრა გელოდათ?
ფელიქსმა იგრძნო, რომ ამით პოლიციის უფროსს მისი გულის მოგება უნდოდა და ამიტომაც საყვედურობდა აგრერიგად მის ქვემდგომს. არ ესიამოვნა მლიქვნელური შექება კაცს და დაღვრემილმა შეხედა მარტინს.
-ვჩქარობდი, ჰერ მარტინ, მაგრამ გზად შეყოვნება დაუგეგმავად მომიწია.-თავი დარცხვენილმა იმართლა ფრანცმა.-სანაპიროს მანქანით მოვუყვებოდი, ყვირილი რომ შემომესმა. ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი იხრჩობოდა. წყლიდან გაჭირვებით ამოვიყვანე. გაყინული და აცახცახებული მანქანაში ჩავისვი. დრო აღარ მქონდა. სათადარიგო ტანსაცმელს მუდამ თან ვატარებ. გამოვიცვალე და მასთან ერთად თქვენკენ გამოვეშურე.
-ახლა სად არის?-გულგრილად იკითხა ფელიქსმა.
-ის...-დაიწყო ფრანცმა, მაგრამ წინადადება ვეღარ დაასრულა. გარედან ჩოჩქოლის ხმა შემოისმა,
შემდეგ კი ოთახში ვიღაცამ თავისი გაურძგნული თავი შემოყო.
-ფრანც, შენთან არ მიშვებენ. იქნებ სთხოვო ამ ბატონებს, რომ მშვიდად გადაადგილების უფლება მომცენ?
ფრანცმა ფერი დაკარგა. დაუპატიჟებელ სტუმარს თვალები დაუბრიალა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აშკარად ვერაფერი გაიგო, თავს ტანიც მოაყოლა და ამრეზით მომზირალ ფელიქსს წინ აესვეტა.
-გავიგე, ახალგაზრდა ქალი მოუკლავთ.-მწუხარედ დაუშვა ხელები მან.-გარეთ უკვე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მართლა ძალიან ვწუხვარ... ოჯახის წევრები სად არიან? ნუთუ საბრალოს არავინ ჰყავს?
ფრანცმა მღლვარებისგან ენა გადაყლაპა. უკვე თითქმის ნანობდა კიდეც, რომ ეს მამაკაცი სიკვდილისგან იხსნა. ახლა მის გამო შეიძლებოდა სამსახური დაეკარგა, რასაც კარგი შედეგი ნამდვილად არ მოყვებოდა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?-მოთმინებიდან გამოსულმა იფეთქა გამომძიებელმა.
-უცნაურია, რომ ვერ მცნობთ.-გულღიად გაიღიმა კაცმა.-მე კი ძალიან კარგად მახსოვხართ. ჩვენ ხომ მატარებლით ერთად ვიმგზავრეთ. როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე გამახსენდით! რთულია დაგავიწყდეს ადამიანი, რომლის კუნთებიც ამხელა დატვირთვას იტანენ. არა მგონია, ერთი საათის განმავლობაში პირქუში გამომეტყველების შენარჩუნება იოლი საქმე იყოს.-თანაგრძნობით წარმოთქვა მან და გამშრალ ფელიქსს მხარზე ხელი მოუთათუნა.
გაგრძელება იქნება სამშაბათს