ნოველები

ცისარტყელა. თავი პირველი

ცისარტყელა. თავი პირველი

ჰორიზონტზე მზე არ ჩანს, ამინდი მკაცრი და მოღუშულია, ვიცი რომ სადღაც მზეა, აქ არა, მაგრამ სადღაც ნამდვილად ანათებს. შორს მოჩანს წვრილწვრილი, ფერად ფერადი სახლები. უზარმაზარ სიმაღლეზე ვდგავარ და ვიცი, ჩავიხედები თუ არა ძირს, აუცილებლად ჩავვარდები, ამიტომ შენობებს თვალს არ ვაცილებ, ადგილ-ადგილ მწვანეში ჩაძირულ ნაცნობ და ცნობილ ნაგებობებს ვამჩნევ, ეს ის სიმაღლეა თან რომ მაშინებს და თან მიყვარს. მარტო ვარ, ზუსტად სად ვარ ვერ ვხვდები, მაგრამ ნაცნობი ნაგებობების დანახვა მამშვიდებს. ვიცი, სადღაც ახლოს ჩემი ადგილი ნამდვილადაა...
ნაცნობი მუსიკა ჩამესმის, მაგრამ ეს მუსიკა სხვა სამყაროდანაა, ვცდილობ არ ვუსმინო, მაგრამ მელოდია მეწინააღმდეგება და არ ჩერდება, თვალებს მძიმედ ვახელ, სიმაღლე სადაც ახლა ნამდვილად ვიმყოფები იატაკიდან ნახევარ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს, ალბათ არც ამდენია... გაქუცული იატაკის დანახვა მამშვიდებს, ვხვდები რომ ჩემი მეორე სამყაროდან ახლაც უვნებლად გამოვძვერი, ტელეფონი არ ჩერდება, დედა მირეკავს, ყოველთვის როცა ასე გაუჩერებლად ირეკება დედას ტელეფონიდან, აკვიატებულ შიშს ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდს გავიგებ.
-რაო დე? -ჩახლეჩილი მაქვს ხმა და ჩახველებით ვცდილობ ჩავიწმინდო.

-სკაიპი ჩართე ცოტახანს. -მოკლედ მიჭრის და ტელეფონს თიშავს.
ფეხშიშველი საღამურის ამარა გავრბივარ მისაღებ ოთახში, მამა ტელევიზორს უყურებს და საუზმობს, პატარა ბავშვივით თავს ევლება ბებო, კარაქს პურზე საკუთარი ხელით უსვამს და ჩაის ძველ ფაიფურის გადაშლილ ფინჯანში რუდუნებით ასხამს.

-ლექცია გაქვს? -მეკითხება მამა და სათვალე ცხვირზე ჩამოაქვს.
-გადაწყვიტე ეს სათვალე გჭირდება ნამდვილად თუ არა...
ავდრისწინა ხუმრობას ვცდილობ და კომპიუტერს ვრთავ. პროცესორი ხმაურით ცდილობს ამუშავდეს, წითელი და მწვანე ნათება ერთმანეთს ენაცვლება ჩამრთველ ღილაკთან. მამა ფეხზე დგება და ოთახიდან გადის.
-არ შეიძლება ცოტახნის მერე დაურეკო, არ დაუსრულებია საუზმე.
ბებო ხელებს იმშრალებს და მამას კარაქიანი პურით მიჰყვება საძინებელში. ხმას ვერ ვიღებ, ვიცი, რომ მაგიდას პირდაპირ უყურებს ვიდეოთვალი და მამა ყოველთვის ერიდება დედას დაენახვოს. უკვე მეშვიდე წელია მონიტორს შევყურებ და მის რჩევა დარიგებებს მხოლოდ ასე ვიღებ, ზოგჯერ მგონია, რომ ყოველთვის ასე იყო, ნაწყვეტ-ნაწყვეტღა მახსენდება დედას ადგილი ჩემს ბავშვობაში და მგონია სამარადისოდ ასე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება, მივეჩვიე კიდეც... აღარფერს ვგრძნობ, მხოლოდ მაშინ ვანთხევ ბრაზს, როცა მიჭირს და ჩემს გვერდით ვერ ვხედავ.

-აბა, რა ამბებია რომ გათენებას დაასწარი? -ვეკითხები და ფეხებს ვიკეცავ გორგოლაჭებიან სავარძელში, მერე მაგიდას ვეჭიდები რომ მივუახლოვდე კომპიუტერის მონიტორს.
-ბიძაშენმა დამირეკა, ბებო ვერ არის კარგადო, მითხრა, შენ სხვის ჩასვრილ ბებრებს უვლი და აქ დედაშენი მისახედი გდიაო. -დაასრულა თუ არა მაშინვე ემოციურმა ფონმა სძლია და ატირდა. უსიამოვნო წინათგრძნობამ მაშინვე გამომაფხიზლა და გონება თავისდაუნებურად დამეძაბა.
-მომვლელის აყვანას ხომ სთავაზობდი? -ვკითხე.
-უარს მეუბნება...
-და მიზეზი?
-დედაჩემს ვიღაც უცხოს არ მოვავლევინებო...
-მაშინ მიხედოს...
-კარგი რა...
-დე, რა გიშველო? არაფერი შემიძლია, თუ გინდა მომვლელს მოვუძებნი.
-არ მოგვცემს მაგის საშუალებას ბიძაშენი.
-მაშინ ჩამოდი... -მხიარული გამომეტყველება მივიღე.
-სანამ ბინის ფულს არ მოვაგროვებ სად ჩამოვიდე? სად ვიცხოვრო? სოფელშიც რომ წავიდე რა ვაკეთო? პენსიამდე მთელი ოცი წელი მაქვს დარჩენილი მანამდე რით შევინახო ან ჩემი თავი და ან შენ?
-მეოთხე კურსზე დავიწყებ მუშაობას, მანამდე მამა მომხედავს...
-ხომ იცი რომ ჩემი დახმარების გარეშე ის ყველაფერი არ გექნება რაც გაქვს?!

-არ მინდა შენთან ჩხუბი, მითხარი თუ რამე შემიძლია და უნდა ჩავიცვა, ლექციები მაქვს.
-დედი, იქნებ ჩახედო ბებიაშენს?!
გავჩუმდი, თავში უროსავით მომხვდა მისი უკანასკნელი სიტყვები და გავირინდე, იმდენი აზრი მომაწვა და ისე გადაიხლართა ერთმანეთში სიტყვა ვეღარ დავძარი, უმიზნოდ გამეღიმა.
-ერთი წამი, რას ნიშნავს ჩავხედო? რაც შენ წახვედი იქ ფეხი არ ჩამიდგამს.
-ჰოდა მაგიტომაა ბიძაშენი გაგიჟებული, რომ დავტოვეთ ბებო. -ფეხზე წამოვხტი და სავარძელი უკან გადაგორდა, დავინახე ლეილას მოყურადებული ჰქონდა და რომ დამინახა შეიმალა, მაგრამ ეს ახლა ნაკლებად მადარდებდა.
-მისმინე, შენ რომ მოსავლელი გახდები ჩემს შვილს ამასთან რა კავშირი ექნება? ყბადაღებულ ბიძაჩემთან მიშვებ, რომ რაც ჯავრი ჭირს შენი - გადმომანთხიოს და ჩალოგინებულ ქალს რომ ვუარო? არ გრცხვენია? არაფერი გვჭირს სამაგისო, მანდ რომ ხარ, ჩამოდი და მიხედე დედაშენს, უკვე ძაან ყელშია ყველაფერი. -ნერვიულობისგან მაკანკალებდა, კომპიუტერის წითელ თაგვს ხელი დავავლე და რომ გავთიშე მაგიდაზე დავახეთქე. ლეილა მაშინვე გამოვიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა, დაელოდა როდის ამოვანთხევდი ბრაზსს და ბოღმას, სულ ვგრძნობდი რომ მაშინ განსაკუთრებით მეფერებოდა და მიყვავებდა დედაზე რომ ვჩხუბობდი.
-გაიგე რაც მთხოვა? წადი და ბებიაშენს ჩახედეო, იცი ეგ ჩახედე რას ნიშნავს? უნდა მოვუარო, საფენები ვუცვალო, წვნიანები ვუკეთო, და ნახევრად გიჟი ბიძაჩემის შეგონებები ვისმინო.
-თუ ჩამოვა, სახლში ვეღარ მოვა. -საძინებლიდან მამას ხმა შემომესმა, ახლაც მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. -თუ უნდა წავიდეს სოფელში.
-მე რომ მიშვებს ამაზე პრობლემა არ გაქვს ხო?
-ოცი წლის ხარ და შენი ნებაა წახვალ თუ დარჩები. - მისაღებში გამოვიდა, სკამის საზურგეზე შემოკიდული პიჯაკი ჩაიცვა და კარები გაიჯახუნა.
-ამასაც რა მაგრად არ ვაინტერესებ. -ლეილას შევხედე, თვალი ამარიდა.
-თავისუფლებას რომ არ გიზღუდავს და შენ ნებაზე დადიხარ ეგ ხომ მოგწონს და ახლა რა გინდა, ბებიაშენთან წასვლა აგიკრძალოს? ჩახედე და იქნებ არც სჭირს არაფერი მისახედი, თუ გგონია რომ შენ სულ ამხელა იქნები და მიხედვა არასდროს არ დაგჭირდება? შენხელას მეც არ მჯეროდა სიბერის, მაგრამ კი მხედავ რაც ვარ.
ისევ სკამზე ჩამოვჯექი, შვიდი წლის შემდეგ ჩემი ოჯახი ისევ გაერთიანდა, მგონი ამჯერად ჩემს საწინააღმდეგოდ.

გაგრძელება იქნება ორშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93