ნოველები

ცისარტყელა. თავი მეორე

ცისარტყელა. თავი მეორე
დასაწყისი

გარდერობიდან დედას გამოგზავნილი ჩანთა გადმოვიღე. ნეტავ ვის დასჯას ვფიქრობდი, ტანსაცმლის ჩალაგება რომ დავიწყე. რამდენიმე თბილი ჯემპრი ჩავდე, ვიცოდი, რომ დედაქალაქთან შედარებით, იქ ეციებოდა. ეს ჯემპრებიც მისი ფულით მქონდა ნაყიდი და ყველაფერი, რაც გამაჩნდა. სწავლის გადასახადს და ,,ჩარჩენილი“ საგნების ფულსაც ირინა მიხდიდა, მაგრამ სამაგიეროდ, რაც მომთხოვა, ამას ისევ ის მერჩივნა, მგონი, რომ შიშველს მეარა და უნივერსიტეტიდან გამოვერიცხე. უარი ხომ ვთქვი და რაღა ჯანდაბა მიმაქანებდა იქ, თვითონაც ვერ ვხვდებოდი. მგონი, საკუთარი ტანჯვით გადავწყვიტე დედაჩემის დასჯა. ვიცი,
რომ იდარდებს, ამ ყველაფრის მერე მაინც რომ წავალ. ვიცი, რომ ერთ კვირაში ბიძაჩემი გაუსაძლისს გახდის ჩემს იქ ყოფნას და მეც დამშვიდებული ნამუსით დავბრუნდები სახლში. შვიდი წელია ფეხი არ ჩამიდგამს და დღევანდელი დილა რომ არა, ალბათ, კიდევ ერთი შვიდი წელი არ მომაფიქრდებოდა იქ ჩასვლა.

ოთახი მოვაწესრიგე, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ტელეფონს დავწვდი, მისაღებში ლეილას ხელი დავუქნიე და დავუბარე, მამასთვის გადაეცა, რომ წმინდა შვილიშვილური ვალის მოსახდელად ფრონტის წინა ხაზზე მივდიოდი საბრძოლველად. მერე კიდევ ერთხელ შევბრუნდი და ვთხოვე, თუ კოტე ამოვიდოდა, ეთქვა, რომ საცხოვრებლად გადავედი სოფელში.

- რა კარგი ბიჭია, ბებო, მაგრამ ამ ასაკში რა იცით კარგი კაცის ფასი... - კედელზე დაკიდებულ ჩემს უზარმაზარ ფოტოპორტრეტს შეავლო თვალი ბებომ და ხელი ჩაიქნია.
- რატომ არის კარგი? კარგი ფოტო რომ გადამიღო? - გამეცინა.
- იმიტომ, რომ არ ეთაკილება შენს ოჯახთან მოსვლა; იმიტომ, რომ სერიოზულად ფიქრობს შენზე. პროფესია აქვს, იცის, რისი კეთება უნდა ცხოვრებაში. ეგ ცოტაა?
- ბებო, აღარ მიყვარს.
- ხომ იძახდი, მიყვარსო? - სათვალე ჩამოიწია და ქვემოდან გამომხედა.
- ჰო, მაგრამ გადამიარა... ესეც რომ არა, ეგ ლამაზი პორტრეტი ჩემი სახის დამსახურებაა და არა მისი ფოტოაპარატის. - ვეცადე, ბოროტად გამეღიმა. რკინის კარი ორპირი ქარის გამო მაგრად მიჯახუნდა. ლიფტი გამოვიძახე მესამე სართულზე, არაფრით არ მოვიდა. დილით სულ ასეთი ამბავია. ფეხით ჩავუყევი კიბეს.

ავტომობილების ძრავების გუგუნის ხმა ისმოდა. ბავშვები ბაღებსა და სკოლებში მიდიოდნენ. გაჩერებაზე ტევა არ იყო. ავტობუსებში ხალხს ფანჯრებზე ჰქონდა სახეები აწებებული და ამის მიუხედავად, მგზავრები მაინც ცდილობდნენ შიგნით შეღწევას, ერთმანეთს აგრესიულად ჰკრავდნენ ხელს და ავტობუსის შუაგულში გადაწევას მოითხოვდნენ. კონტროლიორები ხმამაღლა მოუწოდებდნენ მგზავრებს ბილეთის აღებისაკენ, მაგრამ აპარატთან მიღწევაზე არავინ ოცნებობდა. ორ გაჩერებაში ოფლად დავიღვარე. ზუსტად ვიცოდი, რომ იღლიები შესამჩნევად მექნებოდა გამოსველებული.

პატარა ავტოსადგურში შევედი, ფერად-ფერად სამარშრუტო ტაქსებს ჩამოვუარე. ყველა სამხრეთის მიმართულებით მიდიოდა. ტრაფარეტები აეჭრელებინათ უცნაური და ძნელად სათქმელი სოფლების დასახელებებით. როგორც იქნა, მივაგენი, რასაც ვეძებდი და ასვლისას თავი მაგრად მივარტყი მაღლა, კართან. ვიღაც ქალმა თავისი ჩანთა აიღო და გადამატარა. მძღოლის უკან განთავსებულ სავარძელზე მოვეწყვე. აქა-იქ სკამის გადასაკრავი ჭუჭყით იყო გაპოხილი და ზოგანაც გარღვეული. ჩანთა მოვიხსენი და სკამის ქვეშ შევეცადე შემეცურებინა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ შევიხედე და რას ვხედავ, წითელი გაზის ბალონია დამონტაჟებული, ანუ მთელი გზა ბომბზე უნდა ვიჯდე და მგონი, მთელი დარჩენილი ცხოვრებაც. უხერხულად გავუღიმე გვერდით მჯდომს და ვთხოვე, იქნებ კიდევ ერთხელ გავეტარებინე. მძღოლი მოვძებნე და ვკითხე, წინა სავარძელი თუ ჰქონდა თავისუფალი. დამინახა თუ არა, სიგარეტი გადააგდო, უკან მომყვა და წინა სავარძელზე მომათავსა. მითხრა, ათ წუთში გავალთო და უსაფრთხოების ღვედის გაკეთება მთხოვა. მერე სავარძლის ქვემოდან გაპოხილი, შავი ქამრის ნაგლეჯი ამოათრია და მუცელზე დამადო.

- ეს დამიჭერს, რამე თუ მოხდა? - ვკითხე და ქამარს დავწვდი, რომელსაც აშკარად სამმაგი სიგრძე ჰქონდა ნორმასთან შედარებით და არსად მაგრდებოდა, ანუ ლოგიკური სასრულის გარეშე იყო, ჩამკეტი არ ჰქონდა.
- არაფერი არ მოხდება. - მანუგეშა და საღეჭი რეზინა გაათამაშა კბილებში.
უსაფრთხოების სტანდარტები ნულია, ან ეს რა ქამარია, ან უკან ამხელა გაზის ბალონი პირდაპირ სალონში რა ჯანდაბაა.

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93