ნოველები

ცისარტყელა. თავი მესამე

ცისარტყელა. თავი მესამე
წინა თავი

ტრანსპორტი ხმაურით დაიძრა. გაგორდა თუ არა, ყველაფერმა ჭრიჭინი დაიწყო გარშემო: კარებმა, ფანჯრებმა. საბარგულის კარი ისე ეხეთქებოდა, ვფიქრობდი, სადაცაა გაიღება-მეთქი. საზურგეს მივეყრდენი. ვგრძნობდი, რომ დაჭიმული ვიყავი, მაგრამ ეს სამგზავრო ტრანსპორტის უსაფრთხოებას არაფრით უკავშირდებოდა. იმაზე ვღელავდი, რომ შვიდი წელი იყო, რაც ბებო არ მყავდა ნანახი. ნეტავ რამე თუ შეიცვალა სოფელში, თუ ისეთია, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო?!

სანამ დედა გადაწყვეტდა საზღვარგარეთ წასვლას, მანამდე, ორი წლით ადრე გადმოვბარგდით ბებიასთან მაშინ, როდესაც მთავრობა შეიცვალა და მამა დაიჭირეს. გვიან
ღამით სახლში შემოცვივდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი უზარმაზარი კაცები. მთელი სახლი გადაანგრიეს, ჩემი საწოლი ამოატრიალეს, მთელ სახლს მოედნენ და ტუალეტიც კი არ დარჩენიათ გასაჩხრეკი. სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდით, მამა ტრუსის ამარა წაათრიეს. გათენებისას ძლივს დავიძინე. დილით რომ ავდექი, ლეილას წითელი ცხვირსახოცი აეფარებინა სახეზე და ტიროდა. თავზე მეზობელი ქალი ედგა წნევის საზომი აპარატითა და "კაპლის" ჭიქით. ამბობდა, რომ წვალებით  გაზრდილი მისი ერთადერთი შვილი წაიყვანეს. დედას სახეზე ენით აუწერელი მრისხანება ეხატა და ფეხს გაუჩერებლად ათამაშებდა სკამზე. რომ ჩავეხუტე, მაშინ ატირდა. ჩუმად ჩურჩულებდა, ახლა რა გვეშველებაო. მეც ვტიროდი, მაგრამ იმ ორმა ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე მე... ისეთი განცდა მქონდა, რომ სახლს კედლები გამოაცალეს და სადაც იყო, თავზე ჩამოგვენგრეოდა. მეშინოდა ყოველ ღამით, რომ ვიღაც სახლში შემოვარდებოდა და ვეღარავინ დაგვიცავდა ქალებს. მეშინოდა, რადგან აღმოვაჩინე, რომ მამაზე ძლიერი კაცებიც არსებობენ თურმე სამყაროში, რომლებსაც შეუძლიათ წაიყვანონ მამა და ყველაფერი წაგვართვან.

ერთი თვის მერე ირინამ ჩემოდანი ჩაალაგა და სწორედ იმ მარშრუტით გავემგზავრეთ, ახლა რომ ვადგავარ. საბუთები სოფლის სკოლაში გადმოიტანა. თავად ბებოს ეხმარებოდა, მიწაზე მუშაობდა მასავით. ხშირად მეზობლების შეკრებებზე განიხილებოდა ალტერნატიული ვარიანტები იმის, როგორც მამა მოიქცა, რომ შეეძლო ოჯახისთვის ეს ტრაგედია აეცილებინა და დროზე გამდგარიყო ამ ყველაფრისგან განზე. მებრაზებოდა, რომ ადანაშაულებდნენ მამას. დედას ხშირად ვეკითხებოდი, სულ იქ დატოვებდნენ თუ კიდევ ვნახავდი. მერე სახლის უკან ვიპარებოდი და ბებოს გულდასმით მოვლილი ჟოლოს ბუჩქის უკან ვტიროდი. მეშინოდა, რომ აღარასდროს დამიბრუნებდნენ მამას. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, იქნებ ეს ხალხი მართალი იყო და შეეძლო ისე მოქცევა, რომ ჩვენთან დარჩენილიყო.

სკოლასთან და ახალ ბავშვებთან შეგუება მიჭირდა. არავინ მელაპარაკებოდა, ყველას უკვე არჩეული ჰყავდა თავისი მეგობარი. ერთი გოგო მომწონდა, ყველაზე კარგად ის სწავლობდა და ყველაზე ლამაზიც ის იყო. მოკლედ, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მეგობარი უკვე აერჩია. რამდენჯერაც შევეცადე, ახლოს მივსულიყავი, იმდენჯერ მისმა მეგობარმა გოგომ უხეშად მომიშორა, მითხრა, რომ სამეგობროში მხოლოდ ის ორნი იყვნენ და მე არ მიმიღებდნენ. საშინელი დღეები მედგა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არავის მოვწონდი. გვერდით ვინც მეჯდა, ისიც კი სულ ცდილობდა, არაფერი დამენახა, რვეულს სულ ხელს აფარებდა და არც ჩემი დახმარების შეთავაზებას იღებდა.

ერთხელ შესვენებაზე ერთმა ბიჭმა მომაძახა, შენთან არ ვითამაშებო. რატომ-მეთქი, რომ შევეკითხე, მიპასუხა: მამაშენი ციხეში ზის, ცუდი კაცია და მაგიტომო. ტირილით მივვარდი, სახლს შემოვურბინე და ბოსტანში ნინა ბებო რომ დავინახე, უარესად ავტირდი. ყველაფერი მოვუყევი. ხელი მომკიდა, ბოსტნიდან გამომაქცია და სახლში შემიყვანა. ფეხებიდან კალოშები წაიძრო, სამუშაო ხალათი გაიხადა და კედელზე დაკიდებულ შავ მოსაცმელს დასწვდა. უჯრიდან ხორცისფერი ჩულქი ამოაძრო, გულდასმით დაათვალიერა, სადმე თვალი ხომ არ ჰქონდა წასული, ფეხებზე ამოიცვა, ბარძაყზე თეთრი რეზინით დაიმაგრა და კაბა ჩამოიშალა. შუშაბანდში დაკიდებულ ნიჟარასთან პირი მოიბანა, სარკეში თეთრი თმა გადაივარცხნა და მითხრა, დედას არაფერი უთხრა, არ გაანერვიულო და მალე მოვალო.

მეორე დილით, პირველ გაკვეთილზე, ყველა რომ დავსხედით, კლასის დამრიგებელმა ის ბიჭი წინ გაიყვანა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა საჯაროდ ჩემთან. სულ გაწითლდა - ბოდიშიო, ჩაიბურტყუნა ისე, რომ არ შემოუხედავს და თავისი მერხისაკენ გაიქცა. რომ დაჯდა, ჩუმად გავაპარე თვალი მისკენ. თვალები ოდნავ მომიჭუტა და თავი მრავალმნიშვნელოვნად დააკანტურა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ შევძრწუნდი. ვიცოდი, უსიტყვო მუქარას მიგზავნიდა მეზობელი მერხიდან.

მეორე სემესტრში თავს მთლად განდეგილად აღარ ვგრძნობდი. არ ვიცი, დროის დამსახურება იყო, უბრალოდ მივეჩვიე თუ იმ ინციდენტის გამო იკავებდნენ თავს, მაგრამ კი მომეშვა გულზე. ის კი არა, კლასში რომ კინოს ბილეთები შემოიტანეს და მე, როგორც ყოველთვის, უარი ვთქვი, ბავშვებმა ერთხმად დამაძალეს კინოში წასვლა მათთან ერთად. მას შემდეგ არც ერთი სეანსი არ გამომიტოვებია.
უზარმაზარი ეკრანის წინ დაგვსხეს. დარბაზი არც ძალიან პატარა მეჩვენა და არც ძალიან დიდი. სადღაც შუა რიგებში მოზრდილი ყუთი უცნაურ ნათებას ასხივებდა ეკრანისკენ (მაშინ ჯერ არ ვიცოდი პროექტორის არსებობის შესახებ). ხმა ისეთ ვიბრაციას გამოსცემდა, ფეხისგულებშიც მიღიტინებდა.

ყველა ხმაურობდა, ჭორაობდნენ, შთაბეჭდილებებს და პროგნოზებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ჩოჩქოლი ფილმის მსვლელობისასაც არ წყდებოდა. ამიტომ ბილეთების სკოლაში დამტარებელი კაცი და ამ დარბაზის მფლობელი დროდადრო შეყვირებით აჩუმებდა ბავშვებს.
ფილმების უმეტესობა, რაც იქ ვნახე, პატრიოტიზმზე იყო, სამშობლოსთვის თავდადებაზე, თავგანწირვაზე, ბრძოლაზე, სიყვარულზე... ამ დარბაზში ვნახე "გლახის ნაამბობი“, "მაია წყნეთელი“, "ოთარაანთ ქვრივი“, "მამლუქი“, "ბაში-აჩუკი“, "მაგდანას ლურჯა“... ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ფილმთან, როგორც უწყვეტ ცხოვრებისეულ დრამასთან, ისე დამაკავშირა.

ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩემს დაბადების დღეზე ლეილა ჩამოვიდა სოფელში (მამას დედა). იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ყოველდღიურად ვხედავდი გარშემო, უსაზღვრო ჯაფაში ჩაბმულ ქალებს, დახეთქილი ფეხის ქუსლებით, ჩაშავებული ფეხებით, მოუვლელი ფრჩხილებით, გაუხეშებული ხელებით, მუდმივად მოუწესრიგებელი თმითა და პირისახით - ბებო საოცრად ლამაზი მეჩვენა. ლურჯი კლასიკური პიჯაკი და მისივე კაბა ეცვა, თეთრ გახამებულ საყელოდაქარგულ პერანგზე მუქი ფირუზისფერი მძივი ეკეთა, მუქი შოკოლადისფერი კარე და მსუბუქი მაკიაჟი უკანასკნელი შტრიხები იყო მისი დახვეწილობის ხაზგასასმელად.

საღამოს კალთაზე დამისვა, მერე თავი ოდავ შორს გასწია, შემათვალიერა და მითხრა, მგონი ზედმეტად ხარ გაზრდილი, რომ კალთაში მეჯდეო. გვერდზე გადამსვა, თავზე მაკოცა და დაიწყო:

- შენი კლასელი ვნახე ცოტა ხნის წინ და მითხრა, რომ ბავშვებს ძალიან ენატრები. - გამეღიმა და გული ამიჩუყდა. - გინდა ისევ იქ გადმოსვლა? - დედას გავხედე, უცნაური სახე მიეღო. ასე მეგონა, რაღაც უმძიმესი დაავადება დაემართა და ახლა ცდილობდნენ, რამენაირად შემოეპარებინათ.
- მამას უშვებენ და ისევ იქ გადავდივართ? - ჯერ ისევ ვერ გადამეწყვიტა, უნდა გამხარებოდა თუ რამე უარესის მოსასმენად მამზადებდნენ.
- მამას გამოუშვებენ აუცილებლად, მაგრამ მანამდე ჩემთან იცხოვრებ, მე და შენ ერთად ვიქნებით, შენს ოთახში ახალი საწოლი დავდგი, იცი?
- დედა? - ვიკითხე და მისკენ გავიხედე.
- დედა ცოტა ხნით მიდის, სანამ მამას გამოუშვებენ. დედა იმუშავებს მამას ნაცვლად.
- სად მიდის?
- საზღვარგარეთ. - მითხრა და დედასნაირი გამომეტყველება მასაც გადაედო.
- რამდენი ხნით?
- რამდენიმე თვე, ხომ გითხარი, სანამ მამას გამოუშვებენ... - მთელი ეს დრო მხოლოდ ის ლაპარაკობდა, დედა ჩუმად იჯდა, ორივე ხელი ლოყების აქეთ-იქედან შემოეწყო და ის სიბრალულით სავსე გამომეტყველება არ სცილდებოდა.
ორი დღის შემდეგ დედაქალაქში დავბრუნდით. დედა რამდენიმე დღეში გაემგზავრა. იმ ღამით კბილი ამტკივდა აუტანლად. ვდარდობდი, რომ ექიმთან უნდა მივსულიყავი და დედა გვერდით არ იდგებოდა. ხელი რომ არ სჭეროდა ჩემი ხელში, ამის გადატანა ვერაფრით წარმომედგინა.

რამდენიმე დღეში ერთხელ სახლის ტელეფონზე რეკავდა და ორი-სამი წუთი მელაპარაკებოდა, მამშვიდებდა, მპირდებოდა, მალე ჩამოვალო. ღამით მის საღამურებთან ერთად მეძინა. ისეთი სუნი ჰქონდა, ასი ათასი ღამის პერანგიდან გამოვარჩევდი. თვალებს ვხუჭავდი და სუნს ვისუნთქავდი, რომ ჩემ გვერდით მეგრძნო. ბებო რაც მეტად ცდილობდა, მისი არყოფნა რამით შეევსო, მეტად ვგრძნობდი უფრო, რომ აქ აღარ იყო.
მისი გამგზავრებიდან ზუსტად სამ თვეში მამა გამოუშვეს. თვალწინ მიდგას, როგორ გაიღო ღამით ჩემი საძინებლის კარი და როგორ ჩამეხუტა წვერმოშვებული და ნაღვლიანი მამა. მკითხა, დედა სად არისო. მაშინ მივხვდი, რომ მის დაუკითხავად გაიპარა და აუტანელმა შიშმა შემიპყრო იმის მოლოდინში, რომ გამძვინვარებული ბებოს დაესხმოდა თავს. თვალი მისკენ გავაპარე. კარის ზღურბლზე ჩამომდგარიყო და ცრემლებს იმშრალებდა.

- გაგვიჭირდა და წავიდა საზღვარგარეთ. მე აღარაფერი დამრჩა გასაყიდი და დაიღალა ისიც თოხის და ბარის ჭერით.
- ერთი წელი როგორ ვერ გაიტანეთ ერთმანეთი? - ოთახიდან ელდანაკრავივით გაიჭრა და კარი მომიხურა, მივხვდი, რომ არ უნდა გავყოლოდი, მაგრამ დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა, ყველაფერი მესმოდა და ყველაფერს ვგრძნობდი. მესმოდა, როგორ დაარტყა სამზარეულოს მაგიდას მრავალჯერ მუშტი. ყვიროდა, რომ არ იცოდა, იქ რას აკეთებდა დედა, რომ ციხეში მიატოვა და სხვასთან გაიქცა. თუმცაღა, თავს რომ მოერია და დაელაპარაკა პირველად, მას მერე ორი წელი ეხვეწებოდა, რომ დაბრუნებულიყო. დედა ეუბნებოდა, რომ თუ სამსახურს ნახავდა მამა - მაშინვე ჩამოვიდოდა.

ზოგჯერ მიდიოდა სახლიდან და რამდენიმე დღე აღარ ბრუნდებოდა. ზოგჯერ სრულიად უცხო კაცები მოჰყავდა სახლში და ღრეობებს მართავდა გათენებამდე. ბებო იმაზე მეტად ნერვიულობდა, ვიდრე მაშინ, როდესაც მამა ციხეში იჯდა. "კაპლის" ჭიქა და წნევის საზომი აპარატი სამზარეულოს მაგიდის განუყოფელ ელემენტებს შეადგენდნენ.

ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ვიღაცამ დაიქირავა არასაჯარო სამსახურში შესანიშნავი ანაზღაურებით. ერთი თვის შემდეგ, როცა თავი მყარად იგრძნო სამსახურში, ირინას დაურეკა, უთხრა, კარგი სამსახური ვიშოვე და უნდა დაბრუნდეო. ის იყო მათი უკანასკნელი საუბარი. ბედნიერი მივჩოჩდი მამასთან და ყური ტელეფონს მივადე. მინდოდა გამეგო, დედა რომ ეტყოდა აღფრთოვანებული, თქვენთან ვბრუნდებიო, მაგრამ ამის ნაცვლად მამამ ტელეფონი შნურიდან გამოგლიჯა და კედელს შეახეთქა.
- მოუნდა მარტო ცხოვრება და ფრთების გაშლა, ვერ შეიფერა მაგან ოჯახი. ეს აქ ვეღარ დაბრუნდება. - ლურჯი სიგარეტის კოლოფს და სანთებელას ხელი დასტაცა და სახლიდან წავიდა. მაშინაც დაიკარგა, მგონი, მთელი კვირა სახლში აღარ შემოუხედავს.
მაშინ პირველად შემეპარა ეჭვი, რომ დედას აღარაფერში ვჭირდებოდით მე და მამა. პირველად მაშინ გამიჩნდა საფუძვლიანი პროტესტი იმის თაობაზე, რომ წავიდა და მგონი, აღარც მამას ვჭირდებოდი რამეში დედას გარეშე.

გაგრძელება იქნება პარასკევს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93