ნოველები

ცრუ სისხლი. თავი VII - იდუმალი უცნობი

ცრუ სისხლი. თავი VII - იდუმალი უცნობი
ფიქრებში ჩაძირულიყო ჰანს აჟბე. დაქანცული და ღამენათევი იჯდა ერვინ ვალცის მისაღებ ოთახში და თვალი კარისკენ ეჭირა, რათა
მამაკაცის შემოსვლა არ გამოპარვოდა.
დაძაბული, დამძიმებული ატმოსფერო ჩამოწოლილიყო სახლში. მზე მოდგომოდა ფანჯრებს, მაგრამ არც ერთი მათგანი ღია არ იყო. ჰაერი თითქმის არ მოძრაობდა.
ოთახში დაგუბებული შემაწუხებელი მდუმარება მტვრით გაჟღინთულიყო.
- ჰერ ჰანს? - გამოაფხიზლა ფრიდა ვალცის ქვრივის შემოსვლამ ჰანსი. ეს უკანასკნელი სკამზე შეფრთხიალდა შიშისგან დაძაბუნებული და როგორც კი სხვა ადამიანის თვალიდან წარმოიდგინა არსებული სიტუაცია, შეშფოთდა.

- არ ვიცი,
რა დამემართა, ჰერ ერვინ. - სკამიდან სასწრაფოდ წამოხტა ის. - ამ ბოლო ხანებში ცუდად მძინავს და... გახსოვართ კი? მე...
- თქვენ ფელიქს ონდრასთან ერთად გნახეთ ჩემი ცოლის გარდაცვალების დღეს. ალბათ, მასთან ერთად მუშაობთ, არა? - აზრი გამოთქვა მამაკაცმა, რომელსაც სრულებით არ შემორჩენოდა გადატანილი უბედურების ნიშანწყალი. სუფთა, გაუთოებულ ტანსაცმელში გამოწყობილიყო, თმა უკან მოდასთან შესაბამისებულად გადაევარცხნა, ხოლო მისი ყელის მიდამოები ადეკოლონის მძაფრ სურნელს აფრქვევდა.
''ახსოვს.'' - გაიფიქრა ჰანსმა. - ''ეს კიდევ უფრო ცუდია. განა შეიძლება ასე დაწვრილებით გახსოვდეს ის დღე, როდესაც შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგე?''

- მე და ფელიქს ონდრა ერთი და იმავე მიზეზით ერთად ჩამოვედით ჰალშტატში ზალცბურგიდან. - სანახევროდ იცრუა აჟბემ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ეს კი უშუალოდ მისი საქმე იყო. ტყუილში არც იმდენად ბედნიერ ცხოვრებას გამოეწრთო. არარსებული ფაქტების არსებულად წარმოჩენა საუკეთესოდ გამოსდიოდა, თუმცა ერთი თავისებურება მის ამ ნიჭსაც გააჩნდა:

თუ თაღლითობის საჭიროებას ვერ ხედავდა, ასე არასდროს იქცეოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ როდესაც სამსჯავროზე წარდგებოდა, მისი კუთხეში მიმწყვდევა ვერავის შეძლებოდა. - თქვენი მეუღლე მსხვერპლია, მაგრამ საინტერესოა, რამ შეიწირა ის? იმ დღეს ძალიან ცუდ დღეში იყავით. მე არაადამიანობას ვერ გამოვიჩენდი და კითხვების ქარიშხალში თავს ვერ ამოგაყოფინებდით, მაგრამ არც ახლაა გვიან. იცით, როდესაც ახალგაზრდა, გათხოვილი ქალი კვდება, ადამიანთა ოთხმოცდაათ პროცენტს ვინ ჰგონია მკვლელი? მე გიპასუხებთ: ქმარი. ქმარი, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს, რომელთანაც კონფლიქტის დაწყების ყველაზე დიდი ალბათობაა, რომელსაც ყველაზე დიდი შანსი აქვს ალიბის შექმნის, მოტივის დამალვისა და თავის უდანაშაულოდ მოჩვენების. გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით ჩემზე... იცით, მე იმ დარჩენილ ათ პროცენტს მივეკუთვნები და ვიცი, რომ მკვლელი სხვაგან უნდა ვეძიო...

- გინდათ მითხრათ, რომ თქვენ ჩემში ეჭვი არ გეპარებათ? რომ ეჭვმიტანილთა სიიდან უკვე გამომრიცხეთ? - თვალები მოჭუტა ჰანსის მონოლოგით თავგზააბნეულმა ერვინმა და პერანგის პირველი ღილი ათრთოლებული თითებით შეიხსნა.
ჰანსმა მოჩვენებითი თანაგრძნობით დაუქნია თავი. დაინახა, როგორ გასცა თავი მამაკაცმა, რომელსაც ახლა თავი უსაფრთხოდ დაეგულა და რომელსაც ჰანს აჟბე თავის თავდაუზოგავ გულშემატკივრად მიაჩნდა.

- გული მიწუხდება, როცა ვხედავ, როგორ ეჭვით მიყურებს ყველა. - ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა ერვინმა და დივანზე დაეხეთქა. - ფრიდას დასაფლავების შემდეგ ჩემთან გამოლაპარაკებასაც კი ერიდებიან. ისინი, მეგობრობას რომ მეფიცებოდნენ, თავიანთ ცოლებს ეჩურჩულებოდნენ და თან თვალს არ მაშორებდნენ. მე მომშტერებოდა დიდიც და პატარაც და თითოეული იმას ცდილობდა, საეჭვო ქცევაში გამოვეჭირე. ცრემლები არ დამიღვრია, ჰერ ჰანს, არც მიწისათვის დამიხეთქებია თავი, მაგრამ ეს ხომ იმის უდავო ნიშანი არ არის, რომ მკვლელი მე ვარ?
''თუმცა იმის უდავო ნიშანი კი არის, რომ ცოლისადმი გულგრილი იყავით და მისი სიკვდილით არა დაგკლებიათ თუ არ მოგმატებიათ.'' - გონებაში გამოესაუბრა მას ჰანსი.

- არა, სრულებითაც არა. - დამტკბარი ხმით გამოეპასუხა კაცი. - მითხარით, შეგიძლიათ მათ დაუმტკიცოთ, რომ ფრიდას სიკვდილთან არაფერი გაკავშირებთ? გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ცოლი წაგართვათ? შეგიძლიათ ეს რითამე დაამტკიცოთ?
ერვინი შეკრთა. შეწუხდა კიდეც იმის გამო, რომ უცნობ ადამიანს გული გადაუშალა. სახიდან გრძნობები კვლავ გაიქრო და გამომშრალი მზერა მიაპყრო ჰანსს.
- ამ სახლის გასაღები უამრავ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, თუმცა კანონიერი გზით ის მხოლოდ ოთხმა ადამიანმა მიიღო: მე, ფრიდამ, გეორგმა და ფრიდას დამხმარე ქალმა, პაოლამ, თუმცა გასაღების ასლის გაკეთების შესაძლებლობა გააჩნდათ ფრიდას ძმას, თეოდორს, მის ცოლს, ედიტას და კიდევ იმ უცნობს, რომლის ვინაობაც არავინ ვიცით.

- უცნობს? - განცვიფრდა ჰანსი, რადგან არ ახსოვდა, იდუმალ უცნობზე აქამდე თუ სმენოდა.
- დიახ, ის მეც დავინახე... უფრო სწორად მისი ხმა გავიგონე. - შეასწორა ერვინმა. - ფრიდას გარდაცვალებიდან სამი დღის წინ შუაღამისას გამეღვიძა. ფრიდა ჩემ გვერდით არ იწვა. როგორც ადრე ვთქვი, გამუდმებით აღელვებული და მოსვენებადაკარგული იყო. ზოგჯერ ფიქრები იმდენად ახვევდა თავბრუს, რომ ჩემი ხმაც კი აღარ ესმოდა. კრისტოფსაც იმდენ ყურადღებას აღარ აქცევდა. თითქოს მთელ სამყაროს გამოეთიშა. იმას ვამბობდი, რომ გავიღვიძე და ფრიდა სახლში ვეღარ ვიპოვე.

დერეფანში რომ გამოვედი, ეზოდან საუბრის ხმა შემომესმა. ფრიდას გარდა კიდევ ვიღაც ლაპარაკობდა. მამაკაცი იყო. როგორც მივხვდი, ჩემს ცოლს რაღაცას უმტკიცებდა. მათთვის ყურის დაგდება მინდოდა, მაგრამ შემთხვევით ფეხი სანათს წამოვდე, ის კი გადმოვარდა და იატაკზე ხმაურით დაეცა. მაშინვე არ გამოვჩნდი. ცოტა მოვიცადე და ეზოში გავედი. იქ მხოლოდ ფრიდა დამხვდა. მითხრა, რომ ჰაერი არ ყოფნიდა და გარეთ ამიტომაც გამოვიდა. სხვა არაფერი უხსენებია. მეც არ ჩავეძიე....

- რატომ? - გამომცდელად ჰკითხა მამაკაცს აჟბემ, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ ამ კითხვის პასუხით გააბამდა ერვინ ვალცს მახეში.
- ჩემს ცოლს ვენდობოდი!
- ეს არ იქნებოდა საკმარისი! - შეყვირა განრისხებულმა ჰანსმა და უცებ განსაკუთრებით შეებრალა ფრიდა, რომლისგანაც სიმართლეს ვერასდროს გაიგებდა.
- არ მსურდა ეჭვიანობაში გამოვეჭირე! - მეტისმეტად არაბუნებრივად სცადა ჰანსის გაცურება მამაკაცმა და აჟბესაც მყისვე დაუბრუნდა ნორმალური ფერი.
- გავიგე. - თქვა მან, რადგან უკვე მართლაც გაეგო ის, რისი ცოდნაც მთელი ამ დროის განმავლობაში სჭირდებოდა.
ჰანსის ნათქვამი ერვინმა თავისებურად გაიგო და გულზე მოეშვა.
- შეიძლება თქვენი და ფრიდას საძინებელი დავათვალიერო? თუ უარს მეტყვით, გაგიგებთ... - სთხოვა მამაკაცს ჰანსმა.
- წინაამღდეგი არ ვარ. საძინებლამდე მიგაცილებთ. - დაყაბულდა ერვინი და ჰანსი მასთან ერთად აუყვა კიბეს.

გაგრძელება იქნება სამშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93