ჰანსი ფიქრობდა, რომ თუ უდარდელად, სითამამის ნარჩენებით შეაბიჯებდა ფრიდა ვალცის საძინებელში, ბოლომდე იგივე განწყობა შერჩებოდა, მაგრამ იმედი არ გაუმართლდა. ოთახში შესვლისთანავე ჰანსს იმ ადგილისკენ გაექცა თვალი, სადაც ერთი კვირის წინ ქალის ცხედარი იხილა. კაცმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თავს აიძულა, სხვა მხარეს გაეხედა. მაშინ, როდესაც ჰალშტატის გზას ადგა, ვერაფრით გამოიცნობდა თავის მომავალს, რომელშიც დეტექტივის როლს მოირგებდა. მისი მისწრაფების, ეპოვა მკვლელი, მიზეზი ის იყო, რომ აუტანლად შესტკიოდა გული ფრიდა ვალცის ბედზე. სწამდა, მის სულში სიმშვიდე ვერ დაისადგურებდა, დამნაშავეს თუ არ დასჯიდა. ამავდროულად, სხვა ჟინიც სჭირდა. ვერ დაუშვებდა, ისედაც ქედმაღალ, კუდაბზუა ფელიქსს მისთვის ზემოდან რომ გადმოეხედა, მაგრამ იყო პატარა ნიუანსი, რომელიც ხელ-ფეხს უბორკავდა. აი, რა: ბავშვობიდან ჰანსს მკვდრების შიში აწუხებდა. არაფერი აფორიაქებდა მას ისე, როგორც მიცვალებულის დანახვა. ამიტომაც იყო, ნანახი რომ ვერ დაევიწყებინა და საღად აზროვნებას
ვერ ახერხებდა.
- მორჩი! სულელი ხომ არ ხარ? მას შენი დახმარება სჭირდება! - შეუძახა საკუთარ თავს და გადაწყვიტა, ოთახის დათვალიერება ფანჯარასთან მდგარი საწერი მაგიდიდან დაეწყო.
- ის ამ ოთახში იყო ჩაკეტილი... ის ამ ოთახში მოკლეს! - ბურტყუნებდა ის. - წიგნი? ''კლოუნის თვალთახედვა''... ეს არაფერში გამომადგება! იქნებ ფურცლებში რაიმე დევს? არა, ასე არ არის...
იფიქრე, ჰანს, იფიქრე... ეს რა ფურცლებია? ფრიდა ხატავდა? ესკიზებია... კარგი, რა... აქ არაფერია საინტერესო... ან რას ველოდი?! ფელიქს ონდრა ჩემთვის ნაცარსაც კი არ გამოიმეტებდა, თუ ის მას გამოძიებაში დაეხმარებოდა... იქნებ კარადა მენახა? ტანსაცმელი, ტანსაცმელი, ტანსაცმელი... უბეები!
იქნებ უბეები არ მოუსინჯავთ?
ჰანსი საკუთარმა აღმოჩენამ აღაფრთოვანა. აჟიტირებულმა ენთუზიაზმით დაიწყო ფრიდას კაბების უბეების სინჯვა. ჯერ ყველა მათგანი არ მოესინჯა, გულდაჯერებულმა რომ ჩაიღიმა და თავისი ნადავლი შეათვალიერა.
- წარმოუდგენელია, ცარიელი იყოს. - თქვა მან, ვიდრე ლამაზად, აკურატულად დაკეცილ ქაღალდს გახსნიდა.- რამდენიმე ღერი ქარვისფერი თმა? ფრიდა ვალცის თმა...
ჰანსს თვალწინ დაუდგა ფრიდას დიდებული, მბზინავი დალალები და ქაღალდი საჩქაროდ დაკეცა, რათა მისი არსებობის შესახებ არავის გაეგო. მისი ეს საქციელი სწორედ დროული აღმოჩნდა.
საძინებლის კარები ერვინმა შემოაღო, თუმცა შიგნით შემოსვლა არც უფიქრია.
- დაამთავრეთ, ჰერ ჰანს?
ჰანსმა ყურადღების ღირსად მისი კითხვა არ ჩათვალა. თვალებს აქეთ-იქით აფაციცებდა. ვერაფრით ეპოვნა ის, რასაც ასეთი გულმოდგინებით ეძებდა.
- რას ეძებთ, ჰერ ჰანს? - დუმილი დამცირებად არ მიუღია ერვინს.
- ჰერ ერვინ, თუ იცით, ტელეფონი ამ ოთახიდან სამართალდამცველებმა წაიღეს? - სასურველი ნივთი რომ ვერსად დაინახა, ჰკითხა ჰანსმა.
- არ მახსენდება. - კისერზე ხელი უხერხულად მოივლო მამაკაცმა. - ვერ ვხვდები, ეს რაში გჭირდებათ.
- არა უშავს, ეს არაფერია... - ოპტიმისტური სილაღით ჩაიბუტბუტა ჰანსმა. მასპინძელს აღარ დაელოდა,კიბეზე ისე ჩაირბინა, თითქოს უკან განსვენებული ფრიდა ვალცი მოსდევდა.
ფრანცი ჰანს აჟბესაგან მოწვევას არ მოელოდა, მაგრამ მასთან კითხვები თავადაც ჰქონდა. ამიტომაც ბევრი სჯა-ბაასის გარეშე გასწია ბიოლოგის სახლისაკენ.
მამაკაცს გაუკვირდა, როდესაც კარი წინსაფრიანმა ქალბატონმა გაუღო. ჰანსს ძალიან გატკბობოდა ფულის ფლანგვა და დამხმარე ქალი მოეძებნა.
თავად აჟბე სახლის უზარმაზარ, გაშლილ აივანზე დაწნულ სკამზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო და ხელები არისტოკრატიულად დაეყრდნო მუხლებისათვის.
- ჰანს, თავს როგორ გრძნობ? - თავისი იქ ყოფნის შესახებ ამცნო ფრანცმა ჰორიზონტისთვის მაცქერალ ჰანსს და თვითონაც მაგიდასთან ჩამოჯდა. გარკვეულწილად ჰანსის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდა. მის ბინაში ყოფნისას ფრანცს არ სჭირდებოდა იმის შეხსენება, რომ თავი ისე უნდა ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.
- მიჭირს, ფრანც, ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მიჭირს. - დანაღვლიანებული ჩანდა მამაკაცი. - იფიქრებდი, რომ წარსულში გარდაცვლილი ადამიანი არც კი მინახავს? მამაჩემს მხოლოდ სუდარაგადაფარებულს შევხედე. გახრწნას მიახლოებული სხეულის სუნმაც კი შემზარა. აქ კი... აქ ჩამოვედი და უცნობი ქალის მკვლელობას ვიძიებ. მგონი ზედმეტი მოვინდომე, ფელიქს ონდრასთან შეჯიბრება რომ გადავწყვიტე. ვიცი, რომ შევძლებ, ეჭვი არ მეპარება, მკვლელს ვიპოვი, მაგრამ მეშინია, რომ უარესი მოხდება... არ მინდა ამის მიზეზი მე ვიყო.
- ფელიქს ონდრასთან ასე არ ლაპარაკობდი. - ტუჩის კუთხე ჩაეკეცა ფრანცს.
- ჰო, მეტისმეტად გავიბღინძე. - დამნაშავესავით თქვა ჰანსმა.
- ჰოდა, ალბათ, ამისთვის ისჯები. - გულთან არ მიუტანია კაცის განცდები კანეტს. - იმისთვის დამიბარე, რომ აღსარება ჩამაბარო?
- არა, ფრანც! - ისე ნაჩქარევად უარყო, თითქოს ეშინოდა, მისი სტუმარი არ ამდგარიყო და წასულიყო. - ერვინ ვალცს ვესტუმრე. მაშინ არავინ მომცა მკვლელობის ადგილის დათვალიერების უფლება, ახლა კი ერვინმა ნება დამრთო და... შენ იყავი იმ ოთახში, ფრანც! ვიდრე სამართალდამცველები მოვიდოდნენ, შენ და შენი მეწყვილე შეხვედით იქ! კარგად დაფიქრდი და მითხარი, ტელეფონი დაგხვდათ? რაიმე, რითაც ფრიდა ვალცი თქვენთან დაკავშირებას შეძლებდა?
ფრანცმა თვალები დახუჭა, რათა დეტალურად გაეხსენებინა ის დაწყევლილი დღე. ახსოვდა, როგორ იდგა ელდანაცემი, ვიდრე ცივი გონებით არ დაიწყო მსჯელობა და ყოველი წვრილმანის თავში ჩაბეჭდვა. იმ მომენტში ფიქრობდა, რომ ნანახს გამომძიებლებს მოახსენებდა, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა. ვერ ენდო უცხო მხარიდან ჩამოსულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლებოდა ტყუილუბრალოდ დაედანაშაულებინათ მისი რომელიმე ნაცნობი.
- იქ ტელეფონი არ ყოფილა, ჰანს! - წამოიყვირა მან უცაბედად.- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ...
პირველმა ფრიდას ოთახი მე ვნახე. გამოდის, რომ ტელეფონის აღება მხოლოდ მკვლელს შეეძლო... რაში სჭირდებოდა მას ეს? მიპასუხე, ჰანს, რატომ მოიქცა ასე?
ჰანსს ფრანცისათვის თვალი არ გაუსწორებია, თავი ჩაქინდრა და პირგამომშრალმა წარმოთქვა:
- საშინელებაა, ფრანც, მაგრამ ჰალშტატში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდება, თანაც ძალიან, ძალიან მალე.
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს