ნოველები

ცისარტყელა. 6/7 თავი

ცისარტყელა. 6/7 თავი
წინა თავი

ჩამოვედი თუ არა სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ არავინ მეკარებოდა, მაინც ტილები შემომესია. არავის ეცალა, ჩემი თავიდან პარაზიტები რომ გამოედევნა. დედა დამპირდა, ყველაზე მოდურ ,,ბენდენას“ მიყიდდა, თუ პარიკმახერთან გავყვებოდი. ადვილად მომისყიდა და ქალაქში წამიყვანა, მოკლე გზებზე ფეხით გადამარბენინა და სადგურის შენობაში ასანთის კოლოფივით პატარა ოთახში შემიყვანა. კედლები აეჭრელებინათ ჟურნალებიდან ამოჭრილი ქერა და შავგვრემანი გლამურული ქალების და კაცების ფოტოებით. რამდენიმე მათგანი საპარიკმახეროს კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, თავისი ზედმეტად მოშიშვლებული მკერდითა და ბარძაყებით. ვიდრე კედლების თვალიერებით ვიყავი
გართული, თავზე ჩია კაცი წამომადგა. მახსოვს, დანანებით გადამისვა თმაზე ხელი და მონდომებით შეეცადა ჩემი წითელი თავის გადარჩენას. ხალხური მედიცინის პარაზიტებთან ბრძოლის არაერთი მეთოდის შესახებ წამოიწყო საუბარი: ნავთი, არაყი და დაფნა, მაგრამ დედა მოხერხებულად მოკალათდა კუთხეში მიდგმულ მომლოდინეთა სკამზე და შეჭრის განკარგულება გასცა; შეჭრის კი არა, ნულზე დაყვანის. აპარატი მორჩილად აზუზუნდა, თავზე შეხებისას კიდევ უფრო დამზაფრავ ხმებს გამოსცემდა… სარკიდან ნაწვიმარი კესანებივით უყურებდა ორი გაფართოებული თვალი მწიფე ნესვის მაგვარ მოყვითალო თავს... გამოსვლისას უკან გავიხედე, აღარასდროს რომ არ დამვიწყებოდა ეს ადგილი. ფანჯარაზე წარწერა იყო გამოკრული: ,,კაცების საპარიკმახერო“...

მთელი დღეები ახალი დათუნებიანი თავსაფრის ქვეშ ვმალავდი მოტიტვლებულ, მწიფე ნესვის მაგვარ თავს, მაგრამ ქუჩაში გასვლის მაინც მრცხვენოდა. ერთხელაც, როცა ეკასთან წასასვლელად მოვემზადე და როგორც იქნა, ეზოდან გასვლა გავბედე, დათი დავინახე, უბნელ ბიჭებთან ერთად იდგა. დამინახა თუ არა, ჩემსკენ წამოვიდა და ხელებს შორის მომიქცია. თავის გათავისუფლებას რომ ვცდილობდი, ეს ოხერი მატერიის ნაგლეჯი, რამაც ჩემი წითური თმები დამათმობინა, თავიდან გადამძვრა. სიმწრისგან ავტირდი. დათიმ მოშიშვლებული თავი დამიკოცნა და მითხრა, ვინც თმას ძირში იჭრის, იმაზე ლამაზი თმა ეზრდება, ვიდრე მანამდე ჰქონდაო. ძირს დაგდებულ ბენდენას დასწვდა და შეეცადა, თავზე შემოეხვია. მაშინვე გამოვტაცე და გავიქეცი. მას შემდეგ ერთიორად შემძულდა ეს უტაქტო და გატუტუცებული ბიჭი. სახლიდან გასვლამდე ღობიდან ვზვერავდი პერიმეტრს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შემეძლო ეზოს დატოვება, თუ დათი არსად ჩანდა.



თავი 7  (დათი)

გორგოლაჭებიან სავარძელში გადავწექი. ნაბახუსევი ვიყავი და ვინატრე, დღეს არავინ მოვიდეს-მეთქი. მუშაობის თავი ნამდვილად არ მქონდა. ესეც რომ არა, უნდა გავსულიყავი და ბოლოს და ბოლოს ოქრომჭედლისგან ბეჭედი წამომეღო, მაგრამ სამყარო ხომ ჩემთვის უკუღმა ტრიალებს. თვალი მოვხუჭე თუ არა, კარი შემომიხსნა ახალგაზრდა გოგომ. თითქოს მეცნო, მაგრამ სანამ მოხუცს თვალი არ შევავლე, ვერ მივხვდი, ვინ იყო. ან როგორ ვიცნობდი, ალბათ, ათი წელი იქნებოდა, თვალით არ მენახა. მაშინ ჩემი სახლიდან რამდენიმე სახლის დაშორებით, აღმართის ბოლოში ცხოვრობდა. ალბათ 9–10 წლის იქნებოდა, უხასიათო, წითელთავა ბავშვი, ჭუჭყიანი ფეხებითა და მოსვრილი პირით. ლამაზი იყო, უდავოდ, მაგრამ მოუვლელი მეტისმეტად. მთელი დღე მარტო და უპატრონოდ დაეხეტებოდა ზემოთ-ქვემოთ... ჰოდა, დავინახე თუ არა, მაშინვე მეცნო, ზღვასავით კამკამა ლურჯი თვალებითა და უხასიათო პირისახით. კისრამდე შეჭრილი სწორი წაბლისფერი თმა ჰქონდა, ტუჩები თანაბრად მსხვილი და წითელი, ცხვირზე და მის გარშემო მუქი ხორბლისფერი ჭორფლები ეყარა. აქაურობისთვის ზედმეტად დახვეწილი იყო. განიერი, წინ ჩახსნილი თეთრი თავისუფალი პერანგიდან მკერდის ღარი გვარანად უჩანდა. თხელძირიანი სანდლები და კოჭს ზემოთ თავისუფალი შარვალი ეცვა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ აქაური არ იყო. საუბრისას დროდადრო თითქოს იკარგებოდა და არ მისმენდა, ზოგჯერ პირიქით - დაძაბული მადევნებდა თვალყურს. გამომწვევი არ იყო, პირიქით, ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ რომ გადიოდა კაბინეტიდან, ამობურცულმა საჯდომმა და მრგვალმა თეძოებმა ჩემი თვალები კარს იქით გაიყოლა. არადა, დაბალი იყო. ვიღაც ვერ მოახდენდა ამ ზომის ნაწილებს სხეულზე, მაგრამ მე ახალდავაჟკაცებულივით კარამდე გავყევი და კიბეზეც გავაყოლე თვალი. არ ვიცი, ცუდი იყო თუ კარგი, მაგრამ ბავშვის ასოციაცია სრულიად ჩამიხშო, თანაც ბავშვი ხომ აღარ იყო, სრულწლოვანი გოგო გამხდარიყო, ლამაზი და მეტისმეტად სექსუალური.

სანამ ჩემ წინ იჯდა, სახე სულ შეწუხებული ჰქონდა. ბებიამისმა რომ დაიწყო - სახლის ჩუქება მინდაო, თითქოს იმ წამს მოეგო გონს, კიდევ უფრო შეუწუხდა... იფიქრებდით, სახლს კი არ ჩუქნიან, ართმევენო, თუმცაღა, ალბათ არც არაფერში სჭირდებოდა დედისეულა ოდა, რომელსაც მოხუცი ბებო მოსდევდა ბონუსად. 

საბუთები თითქმის არაფერი ჰქონდათ, არც არაფერს მეკითხებოდა, ტუჩები მაგრად შეეწებებინა ერთმანეთისთვის და ერთ ადგილზე იყო დაშტერებული. ამით ვისარგებლე და რამდენჯერმე კარგად შევავლე თვალი, სად ვნახავდი ჩემს კაბინეტში მეორედ ასეთ გოგოს, სულ ასაკოვანი ხალხი დადიოდა, უფორმო სხეულებით, მოუწესრიგებელი პირის ღრუთი და ზოგჯერ უსიამოვნო სუნითაც, შავი ტანსაცმლითა და მგლოვიარე სახით, მაგრამ არც ამას ჰქონდა მთლად საზეიმო განწყობა...

ბებიამისმა მთხოვა, ფურცელზე ჩამომიწერე, რა გვჭირდებაო. მაშინღა შემომხედა და მითხრა, დავიმახსოვრებო. აშკარად არ იყო აქ, მეეჭვება რამე დაემახსოვრებინა. ზუსტად ვიცოდი, შემდეგ ვიზიტზე იმ საბუთების ნახევარს ვერ წარადგენდა, რაც მოვითხოვე.
შუადღემდე აღარავინ შემოსულა. ორ საათზე ოქრომჭედელთან წავედი და ბეჭედი წამოვიღე. ნეკ თითზე წამოვიცვი. თაკოს თხელი თითებისთვის მეტისმეტად დიდი და გადატვირთული მეჩვენა. ვერაფრით გადავარწმუნე დედაჩემი, რომ ეს ამდენი ბრილიანტი ერთი ბეჭდისთვის ზედმეტი იყო.

ორი დღეც და მარჯვენა თავისუფალ არათითს ვნებიანი ქალის ფეხებივით შემოეჭდობოდა ლითონის ძვირფასი რგოლი, რომელიც რა ხანია თაკოს მზად აქვს და ერთი სული აქვს, თითზე წამომაცვას. მანქანაში ჩავჯექი. ტყავის სალონმა ზურგი და უკანალი ამიწვა. ბეჭედს კიდევ ერთხელ შევხედე და თაკოს ნომერი ავკრიფე ტელეფონზე.

- მზადაა, ორ დღეში ჩემი იქნები. - ვიცოდი, დიდხანს ელოდა და გაუხარდებოდა, მაგრამ მაინც თავი დაიჭირა.
- ორ დღეში დავინიშნებით. შენი მაშინ ვიქნები, მე რომ გადავწყვეტ.
მომწონდა, ამაყი რომ იყო და არ მიკარებდა. მგონი, ზუსტად ამიტომ წარვადგინე ოქროს რგოლის ნომინაციაზე მრავალ ქალს შორის მხოლოდ ის.

გაგრძელება იქნება პარასკევს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93