ჰანსი ისვენებდა, როდესაც შეიტყო, რომ მასთან ფრანც კანეტი მოსულიყო. მამაკაცი დაძინებას აპირებდა, მაგრამ იცოდა, რომ ფრანცი მასთან უმიზეზოდ არ მივიდოდა, ამიტომაც საძინებლიდან გამოვიდა და პირველ სართულზე ჩავიდა, სადაც სტუმარი ელოდებოდა.
მაგიდაზე ჰანსს ორი ჭიქა დახვდა. ჭურჭელში ჩასხმული ალმდუდლერი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ მამაკაცმა ენაც კი გააწკლაპუნა.
-ფრანც, ამ ბოლო დროს ძალიან შემომეჩვიე.-ღიმილის გარეშე უთხრა ფრანცს ჰანსმა, მაგრამ ლაპარაკის კილოზე ეტყობოდა, რომ ამას სერიოზულად არ ამბობდა.
-რა ხუმარა ხარ, ჰანს,-სახე მოჟამვოდა კანეტს.-ნუთუ ამის განწყობა კიდევ შემოგრჩა?
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ფელიქს ონდრა დაგვიკავშირდება.-დარდიმანდულად მიუგო ჰანსმა.-თანაც, ის შემპირდა, ხომ არ გავიწყდება? მამაკაცები კი თავიანთ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ფიქრობენ, რომ თუკი პირობას გადავლენ, ერთდროულად დაკარგავენ პატივისცემას, სახელს, დიდებასა და ადგილს საზოგადოებაში, რომელიც დიდი გარჯის შედეგად დაიმკვიდრეს.
-შენც ასე ფიქრობ, ჰანს?-აგდებულად ჰკითხა ფრანცმა მას. აშკარა იყო, რომ თავად მიცემული პირობის გატეხვა სამყაროს დასასრულად არ მიაჩნდა.
-მე ხომ ჩვეულებრივი მამაკაცი არა ვარ, ფრანც? ფელიქს ონდრა კი სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც მე ვსაუბრობ. ის აუცილებლად დამირეკავს. დამირეკავს, რათა შეხვედრა დამინიშნოს.
-ვშიშობ, მისი გადაწყვეტილება სახტად დაგტოვებს, ჰანს. იქნებ უქმად ჯდომას სჯობდეს, რომ კვლავ შენ გამოიჩინო ინიციატივა?
-შეუძლებელია!-სკამიდან წამოხტა წამოწითლებული ჰანსი.-თავმოყვარეობა მეც გამაჩნია... თუ ამჯერადაც ფუჭად მექცევა გარჯა, ამ საქმეს მოვეშვები... მე ვერც კი ვხვდები, როგორ შეგიძლია სულ მის მხარეს იყო და მე არად მაგდებდე... მით უმეტეს, თუ... მით უმეტეს, როცა ჩემ გვერდით ხარ და ჩემთან ერთად იბრძვი სამართლიანობისთვის...
-კი, მაგრამ, ჰანს...
-საკმარისია!-არ დააცადა ჰანსმა.-მადლობელი დაგრჩები, თუ ახლა მარტო დამტოვებ... საუბარი მაშინ განვაგრძოთ, როცა აღელვებას ცოტათი მაინც ჩავიცხრობ.
ფრანცი მის სიტყვას დაჰყვა. იცოდა, რომ სიტუაციის გამწვავება მხოლოდ მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს.
გარეთ ნელი სიო ქროდა. ფრანცი ფიქრებში ჩაძირული გაუყვა შინისაკენ მიმავალ გზას. კარგი დღე გაუთენდა ჰანსს. საუზმე რომ მიირთვა, მისაღებში პატარა კომოდზე ლარნაკის ქვეშ დადებული წერილი იპოვა ფრანცისაგან, სადაც მამაკაცი ბოდიშს უხდიდა თავისი მონაჩმახის გამო და სიტყვას აძლევდა, რომ ეს მეტად აღარ გამეორდებოდა.
წერილი ახალი ნანახი ჰქონდა, ფელიქს ონდრას თანაშემწე რომ დაუკავშირდა. თურმე ფელიქსს გადაეწყვიტა, რომ თავად სტუმრებოდა სახლში ჰანსს. ეს აჟბესთვის დიდი სურპრიზი იყო. დამხმარე ქალს სთხოვა სადილისათვის განსაკუთრებულად მომზადებულიყო, ჰალშტატის საღ სივრცეში მომზადებული ვენური მელანჟიც დააგემოვნა და კვლავ საძინებელში აბრუნდა, რათა გამომძიებლის
მოსვლამდე კიდევ გამოეძინა.
დროულად გაეღვიძა. სხვა დღეებისგან განსხვავებულად არ ჩაუცვამს, თუმცა კოსტუმზე ის ძვირადღირებული სუნამო მიიპკურა, რომელიც ქალაქიდან წამოსვლამდე გათამაშებაში გამარჯვების აღსანიშნავად შეიძინა. საფეხურების დასასრულს უახლოვდებოდა, კარს ვიღაც რომ მოადგა. ჰანსს იმაში დარწმუნება არ სჭირდებოდა, რომ მისი სახლის კიდესთან ფელიქსი იდგა.
-მოგესალმებით, ქალბატონო.-შემოისმა გამომძიებლის წყნარი ხმა დერეფნიდან.-ჰანს აჟბე შინ ბრძანდება?
-დიახ, აქ გახლავთ.-დაუდასტურა მოსამსახურემ.
შემოსასვლელში კარის ურდული გადაწიეს. ფელიქს ონდრა უკვე მისაღებისკენ მოემართებოდა. ჰანსმა განიზრახა შეუვალობა და სიმშვიდე გამოეჩინა, რათა ფელიქსი არ მიმხვდარიყო, როგორ მოუთმენლად მოელოდა მას მასპინძელი და ეს სათავისოდ არ გამოეყენებინა.
მამაკაცების მისალმებამ ჩვეულებრივად ჩაიარა. სუფრა უკვე გაშლილი იყო. სტუმარმა და მასპინძელმა უხმაუროდ ისადილეს, თუმცა ემჩნეოდათ, რომ ჩქარობდნენ. ორივე იმას ესწრაფვოდა, რაც შეიძლება, მალე დაეწყოთ საუბარი და იმ ამბისათვის მიეხედათ, რომლისთვისაც ერთმანეთს შეხვედროდნენ.
-ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ უნდა ვიყოთ, ჰერ ფელიქს, რადგან ორივენი ერთ აზრზე ვდგავართ. წინაამღდეგი არ ვარ, თუ მკვლელის პოვნის შემდეგ ჰალშტატის მაცხოვრებლები გმირად თქვენ მიგიჩნევენ. ჩემს წილ დიდებასაც თქვენ დაგითმობთ, არ მენანება.-თავჩაღუნული ხსნიდა ჰანსი.-ეს თამაში მხოლოდ იმიტომ წამოვიწყე, რომ საკუთარი თავისთვის სტიმული მიმეცა, მაგრამ თქვენ მას მეტისმეტად სერიოზულად შეხედეთ. არ ვთვლი, რომ ცუდი ადამიანი ან თუნდაც გამომძიებელი ხართ. პირიქით, თავიდანვე სურვილი გამიჩნდა კარგად გამეცანით. ამ წადილს ემსახურებოდა ის, რომ გამოგიწვიეთ, მაგრამ არ მოველოდი, რომ...
-არ მოელოდით, რომ ეს სხვადასხვა პოლუსზე მოგვაქცევდა, არა?-მიუხვდა ფელიქსი.
-ზუსტად ამის თქმას ვცდილობდი.-გაუხარდა ჰანსს.-აბა, რას ფიქრობთ? ჩემი პირობები მოგწონთ? თუ გსურთ, შევცვალოთ...
-თანახმა ვარ, ჰერ ჰანს. თქვენი წასვლის შემდეგ მეც იგივე განცდა გამიჩნდა. მგონი ამ მკვლელობის გამოძიება ასე იმიტომ გაგვიჯანჯლდა, რომ ერთი და იგივე წესებით არ ვთამაშობთ. ეტაპზე, რომელზეც ახლა ვდგავართ, ერთმანეთთან საუბარი ყველაზე მეტად გვჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეიდან ვერთიანდებით.
-კარგი, მაშ, დროს ნუღარ დავკარგავთ!-ლამის იყო ტაში შემოეკრა მამაკაცს.-მინდა გითხრათ, უამრავი ვარაუდი მაქვს... დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე დღეში იქნებით. მოდი, ყველაფერი გავაანალიზოთ, აზრები გავცვალოთ და მათგან საუკეთესონი ამოვარჩიოთ!
-მეც მგონია, რომ ასე უნდა მოვიქცეთ.-შემრიგებლურად გაუღიმა ფელიქსმა.
თავიდან ჰანსმა დაიწყო, როგორც გამოუცდელმა. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. ზოგიერთი დეტალი დაგვიანებით რომ გაახსენდებოდა, ისევ უკან ბრუნდებოდა და შემდეგ აგრძელებდა. როდესაც ფელიქსმა და მან თავთავიანთი ნანახი, გაგონილი და გააზრებული ერთმანეთთან შეაჯერეს, გამომძიებელმა ჰანსს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის შესახებ აცნობა:
-იცოდეთ, ჰანს, ნურასოდეს მიაქცევთ ყურადღებას ცხვირწინ დადებულ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულებით უმიზეზოდ ძალიან მნიშვნელოვნად და ბევრისმთქმელად მოგეჩვენებათ. ეძიეთ ის, რაც არ ჩანს, ეძიეთ ბნელ ადგილებში, იქ, სადაც ვერასოდეს იფიქრებდით, რომ რაიმე საჭიროსა და სასარგებლოს იპოვიდით. ამ ქვეყნად ასეთი მხოლოდ უსულო საგნები არ არსებობს, ადამიანებიც მოიპოვებიან. პატარა წერტილები, რომლებსაც თითქოს თავზე უჩინმაჩინის ქუდი ახურიათ, იმდენად უჩინარები ხდებიან.
-ისინი...
-ძალიან ხშირად ისინი მოსამსახურეები არიან, ჰერ ჰანს.-ხმას დაუდაბლა კაცმა.-ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ სახლის პატრონები კმაყოფილები იყვნენ, რომელთაც თითქოსდა საკუთარი ცხოვრება არა აქვთ, რომლებსაც მხოლოდ წინსაფრითა და საშინაო ტანისამოსით ვხედავთ, მაგრამ მათ მიღმა დიდი საიდუმლოებებიც კი იმალება. ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს
დიასახლისთან დაპირისპირება...
-ვერ გავიგე?!
-მე შევხვდი იმ ქალს... ფრიდა ვალცის ოჯახში მოსამსახურედ რომ მუშაობდა. ის ფრიდას სახლის საქმეებში ეხმარებოდა, საჭმელს ამზადებდა, ოთახებს ალაგებდა, ფრიდას კრისტოფის მოვლაში ეხმარებოდა. სამი წლის განმავლობაში მათ კონფლიქტი არც ერთხელ არ მოსვლიათ, მაგრამ ფრიდას მკვლელობიდან ერთი კვირის წინ...
-ერთი კვირის წინ რა მოხდა?
-ერვინ ვალცმა გაიხსენა, რომ მათ გაცხარებული კამათისას შეუსწრო. ფრიდა ვალცს სახე წაეშალა, ენა ჩაუვარდა და ვერაფრით გასცა პასუხი ქმარს ერთ მარტივ კითხვაზე: რა ხდება? დამხმარე ქალს კი საჩქაროდ ჭურჭლის რეცხვა დაუწყია. ისინი შემდეგ დღეებშიც თვალს არიდებდნენ ერთმანეთს, ფრიდას კი რამდენჯერმე ქმართან მოსამსახურის შეცვლის თაობაზეც ულაპარაკია.
-მიზეზს არ ასახელებდა?
-უცნაურიც ესაა. მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ დამხმარე ქალი სამსახურიდან გაეშვათ, მაგრამ როცა თავგაბეზრებული ერვინი მას აღარ შეეწინაამღდეგა, ქალმა გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ აღარ სურდა ამის გაკეთება.
-ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია?
-ერვინ ვალცზე ამბობთ? ამაზე ნუღარ ვიდავებთ, ნურც თავს გამოვიშტერებთ. მას ცოლი არ ადარდებდა. ისიც კი ეზარებოდა, რომ მის უჩვეულო საქციელზე ცოტა ხნით მაინც ეფიქრა.-უიმედოდ დაასკვნა გამომძიებელმა.
-არ დაგიმალავთ და მეც დიდი ხანია თავში ეს აზრი მიტრიალებს.-აღიარა ჰანსმა, რადგან გულზე მოეშვა, ფელიქსის ორპირობაზე ეჭვი რომ გაეფანტა.
-ჯერ მოსამსახურის ამბავი გავარკვიოთ, შემდეგ კი მისი საეჭვო ალიბი განვიხილოთ. ძალიან მაინტერესებს, როგორია ვალცების ორანჟერია. უცოდველი არც თეოდორ შილე უნდა იყოს. თურმე უწინ მცირე წარმოდგენებსაც კი აწყობდა, მოყვარული ილუზიონისტი ყოფილა. იქნებ იმდენად კარგად ფლობს ფოკუზების ხელოვნებას, რომ ისიც შეძლო, ჩვენთვის ტვინი რომ აერია.-გვერდულად
ჩაიცინა მამაკაცმა და კვლავ ძველ თემას მიუბრუნდა.-მკვლელობის მომენტში მოსამსახურე, პაოლა თავის ნათესავთან იყო. ეს უკანასკნელი ახლობლებს განწირულად მიაჩნდათ. წყეულ სენს ებრძოდა. იმ დღეს პაოლას ავადმყოფის ოჯახის წევრებმა მათთან მისვლა სთხოვეს, რადგან არ უნდოდათ მოხუცი სახლში მარტო დაეტოვებინათ. პაოლა ფრიდას გაეთავისუფლა და ნათესავის ოჯახში წავიდა.
ვალცების სახლი მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც ფრიდა ვალცის სიკვდილის შესახებ გაიგო, მაგრამ ამას ვერავინ ადასტურებს მის გარდა.
-როგორ? განა მოხუცი...
-ის გარდაიცვალა, ჰერ ჰანს... როდესაც მისი ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდნენ, ქალი ძალიან მძიმედ იყო. მას ლაპარაკიც კი აღარ შეეძლო... ვერავინ გაიგო, ნამდვილად იყო თუ არა მასთან პაოლა.
ასეა, ჰერ ჰანს! პაოლას მოტივიც ჰქონდა და არც ალიბი გააჩნია... შეიძლება თუ არა იყოს ის მკვლელი?
გაგრძელება იქნება ორშაბათს