ნოველები

ცრუ სისხლი. თავი XII - ყალბი მონათხრობი

ცრუ სისხლი. თავი XII - ყალბი მონათხრობი
ჰანსისთვის რომ გეკითხათ, რა სძაგდა ყველაზე მეტად, გეტყოდათ, რომ ყვავილები.
არაერთხელ მოუსმენია გაკვირვებისგან წამოსროლილი რეპლიკები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიოლოგ კაცს ყვავილებისადმი ასეთი დამოკიდებულება არ ეკადრებოდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ სიძულვილის ნამდვილი მიზეზი ყველამ არ იცოდა. ჰანსს ბავშვობიდან ალერგია ჰქონდა ყვავილების სურნელსა და მტვერზე. როგორც კი მათ სიახლოვეს აღმოჩნდებოდა, გაუთავებლად აცემინებდა და სპაზმურად ახველებდა. მისი კანი კი, რომელსაც ჰანსი გაუჩერებლად იქავებდა, მზისგან დამწვარს ემსგავსებოდა.

ჰანსს არც კი უფიქრია, ფელიქსისათვის ამ თავისებურების შესახებ ეთქვა, რამაც გამოიწვია ის,
რომ ჰანსის უჩვეულო რეაქციაზე ორანჟერიის კარებთან მდგომი ფელიქსი ადგილზე გაშტერდა.
- ავად ხართ? - აზრმიუცემლად ჰკითხა ფელიქსმა მას.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. - ცხიკინით მიუგო მამაკაცმა და გადაიხარხარა. - გახსოვთ? ასე მიპასუხეთ ჩვენი გაცნობის დღეს.
- მართლა? - კუნთები კვლავ დაეჭიმა გამომძიებელს. ეს ხომ მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო.
- ცუდია, რომ ყველაფერი ასე მალე გივარდებათ თავიდან. - ცხვირის წვერზე თითი მოისვა აჟბემ. კიდევ აპირებდა ლაპარაკის გაგრძელებას, მაგრამ მოულოდნელად გაჩუმდა და ხელი მარჯვნივ გაიშვირა.

- შეხედე, იქ ბიჭია! - შესძახა მან.
ფელიქსმა მის ხელს თვალი გააყოლა და ძონძებში ჩაცმული, ტანმორჩილი ყმაწვილი დაინახა, რომელიც თან წინ მიბანცალებდა და თან თავი უკან ჰქონდა მოღრეცილი და ფელიქსსა და ჰანსს უყურებდა.
- შენ, ეი, შეჩერდი, დაგვიცადე! - დაედევნა ჰანსი და ბიჭისკენ წავიდა. - ნუღარ გაიქცევი, ჩვენ არაფერს დაგიშავებთ!
ბიჭი შეჩერდა და მხრებში მოიხარა. შეშინებული ჩანდა. ეტყობოდა, მამაკაცებში საფრთხეს ხედავდა.
- თვრამეტი დღეა... თვრამეტი დღეა... - ბუტბუტებდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ის.
- რას ამბობ? - ვერ გაერკვნენ ჰანსი და ფელიქსი.
- თვრამეტი დღეა აქ არავინ გამოჩენილა... თვრამეტი დღეა ორანჟერეაში არავინ მოსულა... თქვენს მაისურზე ოცდაათი ზოლია... თექვსმეტი თეთრი და თოთხმეტი შავი...
ფელიქსმა სკეპტიკური მზერა შეავლო ჰანსის ჭრელ, მეზღვაურებს რომ აცვიათ ხოლმე, იმის მსგავს მაისურს და გონება გაუნათდა. თვრამეტი დღე. თვრამეტი... ფრიდა ვალცი თექვსმეტი დღის წინ გარდაიცვალა და თუ ეს ბიჭი სიმართლეს ამბობდა, ესე იგი, ერვინ ვალცი ცრუობდა. თავის ვერსიაში დასარწმუნებლად ჰანსის მაისურზე ზოლები გადათვალა და ხმაჩამწყდარმა ჩააილაპარაკა:
- ოცდაათი ზოლია.. თექვსმეტი თეთრი და თოთხმეტი შავი. ის არ ცდება.
ჰანსი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. რატომ უნდა მინდობოდნენ ბიჭს, რომელსაც პირველად ხედავდნენ? რატომ უნდა დაეჯერებინათ მისი ნაბოდვარი?

- ყმაწვილო, რამდენი ტოტი აქვს ამ ხეს? - უკანასკნელი ეჭვიც რომ მოესპო, შეეკითხა ბიჭს ფელიქსი და ტოტების გადათვლა თავადაც დაიწყო.
- თერთმეტი. - არ დააყოვნა პასუხი ყმაწვილმა. ფელიქსს კენწერომდე თვალის აყოლებაც კი ვერ მოესწრო. თვლა შეწყვიტა და თავის თანამოაზრეს მიმართა:
- ჰანს, გადათვალე ამ ხის ტოტები!
ჰანსმა ტუჩები ააცმაცუნა და როდესაც ტოტების დათვლა დაასრულა, ფელიქსს ყბაჩამოვარდნილმა შეხედა.
- როგორ მოასწრო ამ ბიჭმა ტოტების გადათვლა ერთ წამში, როდესაც მე ამდენი დრო დამჭირდა? - ვერ იჯერებდა ის.
- მას ტოტები ახლა არ გადაუთვლია, ჰერ ჰანს! ეს ნიჭია, იცოდეთ... ბიჭი, რომელიც ჩვენ წინ დგას, ყველაფერს ითვლის და შემდეგ იმახსოვრებს... მას გასაოცარი მეხსიერება აქვს, თქვენზე უკეთესიც კი და არასდროს არაფერი ეშლება.

- იქნებ ის სადმე იყო გასული, როდესაც ერვინ ვალცი აქ მოვიდა? - ახალი მოსაზრება წამოაყენა ჰანსმა. - ყმაწვილო, შენ სულ ორანჟერეასთან ხარ? არსად მიდიხარ ხოლმე?
ბიჭი შეიშმუშნა. მომუჭული ხელები პირთან მიიტანა და აჩურჩულდა:
- ეს ჩემი სახლია. მე მას არასოდეს ვტოვებ. ჩემთან დეიდა მოდის ხოლმე და ცოტაოდენი პური და... და კიდევ ცხელი კაკაო მოაქვს.
- არავინ გიშლის აქ ყოფნას?
- როდესაც ისინი მოდიან, მე ვიმალები... გთხოვთ, ნუ ეტყვით... ნუ...

ფელიქსმა მადლობა გადაუხადა ბიჭს და დაამშვიდა, არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებთო.
ორანჟერეიდან მომავალ დეტექტივებს სიტყვაც აღარ დასცდენიათ. ორივემ უწყოდა, რომ ერვინ ვალცს მათთან ბევრი რამ ჰქონდა ასაღიარებელი, თუმცა, რამდენად მოახერხებდნენ მისთვის აღსარების დატყუებას, ეს არც ერთმა მათგანმა არ იცოდა. მათ მტკიცებულება არ გააჩნდათ. ერვინს რომ თავი შორს დაეჭირა და ფელიქსი უსაფუძვლო ბრალდებაში დაედანაშაულებინა, გამომძიებელი ვეღარაფერს გახდებოდა. ის კი არა, შეიძლებოდა მისთვის უფროსობას საყვედურიც მიეცა.
ჰანსი შიშობდა, რომ ფელიქსი ასეთ რისკზე არ წავიდოდა და მათი გზები გაიყრებოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა...

ბილიკი, რომელსაც ისინი ადგნენ, ვალცების სახლისკენ მიდიოდა...

წინა თავები
გაგრძელება იქნება ხუთშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93