ერვინს არაფერი უარუყვია. მამაკაცს კიდეც შვება მოჰგვარა იმის გაგებამ, რომ გამომძიებლებმა სიმართლე იცოდნენ. ის უაზროდ იყურებოდა თავისი ლამაზი თვალებით და შესამჩნევად აკანკალებულ თითებში გასაღებს ათამაშებდა.
- ნამდვილი სულელი ვარ! თქვენ გგონიათ, მკვლელობისთვის გამოვდგებოდი? -შესაბრალისად კითხულობდა ის. - ფრიდა არ მიყვარდა, თუმცა არც მძულდა! ის ჩემი ცოლი იყო, ჩემი შვილის დედა...
მე უბრალოდ...
- თქვენ უბრალოდ სხვა გიყვარდათ! - დააბოლოვა ჰანსმა.
- თქვენ მეუბნებოდით, რომ ჩემი გჯეროდათ... - სიხარული დაეტყო სახეზე ერვინს. - ფრიდას ვღალატობდი, მაგრამ მან არაფერი იცოდა... იმ დილასაც საყვარელ ქალთან წავედი. ვფიქრობდი, რომ თუ ამას გაიგებდით, უმალ ჩათვლიდით, რომ მკვლელი მე ვიყავი და აღარ მომასვენებდით. შევშინდი, სიმხდალე გამოვიჩინე და დაგიმალეთ ის, რაც სინამდვილეში მოხდა.
- კარგი! - რბილად თქვა ფელიქსმა. - მითხარით იმ ქალის სახელი და გვარი და ვნახოთ, ის თუ დაგვიდატურებს თქვენს ნათქვამს. ერვინი გამწვანდა, გალურჯდა, განაცრისფრდა. გაცრეცილი ტუჩები ერთმანეთისთვის ფართოდ დაეშორებინა და მის სუნთქვას ფილტვებიდან ამომავალი უჩვეულო ხმა სდევდა თან.
- აზრი არა აქვს... სულერთია, მაინც ვერ იპოვით... - გაწამებულმა წარმოთქვა.
- ეგ რას ნიშნავს?
- როგორც კი ფრიდას სიკვდილის ამბავი შეიტყო, გულმა უკარნახა, რომ პოლიციელები მასაც მიაგნებდნენ. ჩემ მსგავსად, ისიც სუსტი აღმოჩნდა. ისე გაქრა, ჩემთვის მხოლოდ ორსიტყვიანი წერილი გამოიმეტა.
- გამოდის, რომ გსურთ, თქვენს სიტყვას ვენდოთ? ისევ?
- თქვენი ნებაა... ჩემი ბრალია, რომ ასეთ დღეში ვარ... თავ-ბედს ვიწყევლი, მაგრამ ეს უკეთ არ მხდის... ალბათ, ამას ვიმსახურებ... - ოხრავდა მამაკაცი.
ჰანსმა ხელოვნურობა ვერ შეატყო მას და გადაწყვიტა, არ ეჩქარა. სახლიდან გამოსვლას აპირებდნენ, ერვინის განადგურებული ხმა რომ შემოესმათ:
- თქვენთვის დამავიწყდა მეთქვა... ფრიდა თავისი გარდაცვალების შემდეგ დღეს ქალაქში აპირებდა წასვლას მეგობართან შესახვედრად თუ რაღაც სხვა მიზეზით... იქნებ ეს რამეში დაგეხმაროთ...
მამაკაცებს მისთვის აღარაფერი უთქვამთ. კარები გაიხურეს და ახალ ხელჩასაჭიდს მონდომებით ჩაუღრმავდნენ.
ჰანსი ჯერ ფეხსაცმელებს იხდიდა, დამხმარე ქალი რომ ეცა და შეთქმულივით წასჩურჩულა, მისაღებში ვალცების მოსამსახურე, პაოლა გიცდითო. ჰანსს გული აღტაცებისგან შეუქანდა. პაოლას სახლიდან წამოსვლის წუთიდან სწამდა, რომ ქალი აუცილებლად იპოვიდა მას. ამიტომაც ცდილობდა, რომ მისდამი თანაგრძნობა და გულისხმიერება გამოეჩინა. ჰანსს ხომ ამ თვისებით ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეეძლო. ანკესზე პაოლაც წამოგებულიყო. მას ჰანსის სახლში მოსვლა გაებედა და ახლა ვინ იცის, რას უამბობდა მამაკაცს.
- ფრაუ პაოლა! - პირმომცინარმა შეაბიჯა ოთახში ჰანსმა.
ქალი მის დანახვაზე დივნიდან დაფეთებული წამოხტა. სახე ანთებოდა. მკერდი კი ზემოთ-ქვემოთ აუდ-ჩაუდიოდა.
- ვიცი, რომ ჩვეულებრივი გამომძიებელი არ ხართ! - სითამამე მოიკრიბა პაოლამ და განმგმირავი მზერა ესროლა კაცს. - მოვედი, რომ რაღაც გადმოგცეთ. სანაცვლოდ მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: ანონიმურობის დაცვას.
- მეც ამისთვის ვარსებობ! - ვერაგული ღიმილი შეაგება ჰანსმა.
პაოლამ დაჭიმული მკლავი წინ წამოსწია და შეკრული მუშტი გაშალა. ჰანსი თვალებმოჭუტული შესცქეროდა მას, რათა, როგორც შესაძლებელი იყო, მალე შეეტყო, რა იმალებოდა ქალის თითებს შორის.
- ეს ფურცელი... - ამოილუღლუღა ჰანსმა, როდესაც დაინახა, რაც მოეტანა მისთვის ფრიდას შინამოსამსახურეს.
- ფრიდას გარდაცვალების წინა დღეს ვიპოვე მისი ოთახის დალაგებისას... იცით, ბოლო დროს მას ჭკუა აღარ მოეკითხებოდა, თორემ ამას იქ არ დამიტოვებდა ან საერთოდ მის საძინებელში შესვლის უფლებასაც არ მომცემდა. - ჩაურთო პაოლამ.
ჰანსმა შლეგიანივით გამოგლიჯა ხელიდან წერილი ქალს. ვეღარ ითმენდა, ისე უნდოდა გაეგო, რა ეწერა ამ გაცრეცილ ფურცელზე.
ისე ღელავდა, რომ კითხვა ხმამაღლა დაიწყო. ''დედამიწაზე ყოფნა ტანჯვად, წამებად მექცა. არ ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთში თავს უარესად ვიგრძნობ. სიკვდილი მთელი არსებით მსურს. ლოდინი აღარ შემიძლია. ვიღრღნები, ვიხრწნები, ვყარვარ...
სინდისი ყელში თავის ღონიერ ტორებს მიჭერს, მახრჩობს და ჰაერს მპარავს. დამნაშავე ვარ, ვიცი, ყველას ვუღალატე, ყველა დავსაჯე იმის ნაცვლად, რომ სამაგიერო გადამეხადა მხოლოდ მისთვის, ვინც ამას იმსახურებდა. ჩემი სხეული ბინძური და აყროლებულია. ვიცი, ამას ჯერ ვერ გაიგებ, მაგრამ როდესაც მშობელი გახდები, მიხვდები, როგორც განვიცდი. კაცი, რომელიც მამად მიგაჩნია, მამაშენი არ არის! ის მონსტრია! უგულო, შეშლილი ფსიქოპათია, რომელმაც დანდობა არ იცის! მადლობელი იყავი, რომ შენს ორგანიზმში მისი სისხლი არ ჩქეფს... რომ შენი არსება მისგან არ შექმნილა...
არ ვნანობ, შვილო... მიყვარხარ!
ერთადერთი ხარ, ვინც მომენატრება...
მშვიდობით!
ფ. შ.''
ჰანსმა წერილი ისე გააგდო ხელიდან, თითქოს დენმა დაარტყაო. დაზაფრული დასჩერებოდა ზემოდან მოკეცილ ფურცელს და თავიდან ფეხებამდე გულისრევის შეგრძნება უვლიდა.
- წარმოუდგენელია! მას თავი არ მოუკლავს... - პირიდან ისე გამოუფრინდა სიტყვები, ვერც კი გაიაზრა.
- წერილის წაკითხვის შემდეგ შემეშინდა. მინდოდა ფრიდასთვის მეთქვა, რომ ფული აღარ მჭირდებოდა, რომ მის გარეშეც არაფერს ვიტყოდი, მაგრამ...
- მას დაასწრეს! წადილი აიხდინა, მაგრამ ამაში სხვა დაეხმარა... - შესძახა ჰანსმა და თავისი ოთახისკენ გაემართა, რათა სახეზე ცივი წყალი შეესხა.