ჰანსს დამთხვევების ყოველთვის სჯეროდა. მისი აზრით, ადამიანის ცხოვრებას მისივე ბედ-იღბალი განაგებდა. მამაკაცი დიდ ყურადღებას აქცევდა ცრურწმენებს. თუ მის წინ შავი კატა გადაირბენდა, გზას იქამდე არ გააგრძელებდა, სანამ იმავე მიმართულებით სხვა ადამიანი არ გაივლიდა. არამც და არამც სასტუმროს მეცამეტე ნომერში არ შევიდოდა. ქუჩაში დარჩებოდა და ამას მაინც არ დაუშვებდა. ერთადერთი შემთხვევა ახსოვდა, როცა სარკე გაუტყდა და ცოცხლად და საღსალამათად გადარჩენას დღემდე სასწაულს უმადლოდა. ამბობდა, რომ სამყარო ძალიან პატარა იყო და ძველ ნაცნობებს ისეთ დროსა და ადგილას შეიძლებოდა შევხვედროდით, სულ რომ ვერასოდეს ვიფიქრებდით.
ჰანსი თავის შეხედულებებში უკვე მერამდენედ დარწმუნდა, როდესაც სანაპიროზე პლასტმასის გეომეტრიული ფიგურებით მოთამაშე კრისტოფი დაინახა. იმას, რომ ბიჭუნა მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი და ისიც არა პირისპირ, მისთვის ხელი არ შეუშლია. ბავშვის გვერდით გეორგ შილე ჩამომჯდარიყო და შვილიშვილის მოქმედებებს ამაყი ღიმილით ადევნებდა თვალს.
- ჰერ გეორგ, - სალამი მისცა მას ჰანსმა. - მიხარია თქვენი ნახვა. მე...
- გიცანით, გიცანით! - შეაწყვეტინა კაცმა და თვალებში ტკივილი ჩაუდგა. - თუ არ ვცდები, ჰანსი გქვიათ, არა? რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დაგინახეთ. ერვინმა თქვენზე მანიშნა და მითხრა, ვინც ბრძანდებოდით. თანდათან მეც ვიღდგენ, რა მოხდა იმ ავბედით დღეს...
- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ნორმალურად არც კი გვისაუბრია, საშუალება არ მოგვეცა... - დანანებით აღნიშნა ჰანსმა. - ძალიან ლამაზი შვილიშვილი გყოლიათ. მას ჭკვიანი თვალები და დედამისისნაირი გასაოცარი თმა აქვს.
როგორც კი ჰანსმა კრისტოფზე დაიწყო ლაპარაკი, ბიჭუნამ თამაშს თავი ანება და უცნობ მამაკაცს ინტერესით შეხედა.
- მე შენ ერთხელ გნახე... - ლოყაზე მიეფერა ბიჭს ჰანსი. - ბიძაშენის სახლთან, ფანჯარაში იხედებოდი.
- გამახსენდა. - დაეთანხმა ბავშვი. - თქვენ მაშინ მოწყენილი ჩანდით. მეც ცუდ ხასიათზე ვიყავი. მინდოდა, ჩამომერბინა, დაგლაპარაკებოდით, მაგრამ ედიტამ არ გამომიშვა.
- ვითომ?! - კრისტოფს თავი მოაჩვენა, თითქოს არ სჯეროდა, რომ მართლაც ედიტა იყო იმის მიზეზი, მაშინ ბიჭუნა ეზოში რომ არ ჩამოვიდა.
- თქვენ თქვით, რომ დედიკოს მსგავსი თმა მაქვს... დედაჩემს იცნობდით? - მომენტალურად დასევდიანდა პატარა.
ჰანსი შეკრთა, მხრების წვერები აუკანკალდა. სიბრალული და სიყვარული ერთდროულად იგრძნო ბავშვისადმი. მისმა გულჩვილმა ხასიათმა თავი იჩინა. სურვილი გაუჩნდა, ბიჭის ქოჩორს შეხებოდა და შემდეგ მისი თავი გულზე მიეკრა, მაგრამ მისკენ მომზირალი ფრიდას მამის შერცხვა და წინ გასაწვდენად მომზადებული ხელები უკან დახია.
- შორიდან... - ბავშვის გაწბილება ვერ გაბედა მან.
- ეს ფიგურები დედიკომ და მამიკომ დაბადების დღეზე მაჩუქეს. - სხარტად დაიწყო მოყოლა კრისტოფმა. - მამამ მკლავი გადამხვია, დედამ კი შუბლზე მაკოცა და მისურვა, რომ დიდი და ძლიერი ბიჭი გავზრდილიყავი. ჩვენ სახლში არასოდეს ვუწევდით ხმას, მუდამ ვიცინოდით და ხან ლაშქრობებს ვაწყობდით, ხანაც ვმოგზაურობდით. რატომ უნდა მოენდომებინა ღმერთს ჩვენთვის მისი წართმევა?
- იმედს ნუ დაკარგავ, ძვირფასო... წინ კიდევ ბევრი ბედნიერი დღე გელის! - დააიმედა ის ჰანსმა.
გეორგ შილემ იგრძნო, რომ ჰანსს მისთვის რაღაცის თქმა სურდა. შვილიშვილს ფული მისცა და ტკბილეულის საყიდლად გააგზავნა.
- ღმერთის წყალობით კრისტოფი გონიერი ბიჭია. მას ესმის, რომ დედას ცრემლებით და ჭირვეულობით ვერ დაიბრუნებს. - როგორც კი დარწმუნდა, რომ ბავშვი მის ხმას ვეღარ გაიგონებდა, თქვა გეორგმა. - მან უნდა შეძლოს ფრიდას გარეშე ცხოვრების გაგრძელება.
ჰანსს არ ეამა მისი საუბრის ცივი კილო, თითქოს იმისთვისაც კი ამტყუნებდა პატარა კრისტოფს, რომ მას ჯერ კიდევ ახსოვდა და ენატრებოდა დედა, მაგრამ შემდეგ გაუგო კაცს. გეორგ შილე მამა იყო და ყველაზე მეტად განიცდიდა შვილის სიკვდილს, მაგრამ იცოდა, რომ გლოვა ვერაფერს გამოასწორებდა.
მხოლოდ სულს დაუმახინჯებდა ბიჭს და სიცოცხლეს გაუუგემურებდა.
- მაინტერესებს, კრისტოფის ნალაპარაკები მხოლოდ მისი ფანტაზიაა თუ რეალობა. ერვინ ვალცსა და თქვენს შვილს როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? უჩიოდა თუ არა თქვენი გოგონა პრობლემებს ქმართან? - ჰანსს ეს კითხვა უკვე თითქმის ყველა ადამიანისთვის დაესვა, ვინც ამ საქმეში ოდნავ მაინც ფიგურირებდა. ახლა გეორგ შილეს ჯერი იყო.
- ერვინი ძალიან კარგი ქმარი იყო. ფრიდამ ის თავად აირჩია. ჭორებს ყური არ უგდოთ, ჰერ ჰანს, ის არასოდეს იკადრებდა ქმრის ღალატს. - მტკიცედ განუცხადა კაცმა მას. გეორგი თავისუფლად ლაპარაკობდა, დაუბრკოლებლად.
- თქვენ გამორიცხავთ იმას, რომ შეიძლებოდა ქმრის გვერდით ფრიდა უბედური ყოფილიყო? - ჩაეკითხა აჟბე.
- მე არ ვიცი, ჩემგან რის გაგება გსურთ, მაგრამ გეტყვით, რომ ფრიდა არც კომუნიკაბელური იყო და არც ბევრი ლაპარაკი უყვარდა. მისი ჩვევა არ ყოფილა თავისი სადარდებლის სხვისთვის თავზე მოხვევა. ის, რაც აწუხებდა, მხოლოდ მას ეხებოდა. თუ წინ ბარიერი დაუხვდებოდა, მის გადასალახავად არავისგან ითხოვდა დახმარებას. - ამომწურავი პასუხი გასცა შილემ და დააყოლა. - აი, კრისტოფი უკვე ჩვენკენ მოდის... არ მინდა, მის წინაშე ასეთი დელიკატური საკითხები ვარჩიოთ.
ჰანსმა უკან გაიხედა და მანაც დაინახა მათკენ მომავალი კრისტოფი, რომელსაც მარცხენა ხელი ზემოთ აეწია და მამაკაცებს ნაყიდ ტკბილეულს უჩვენებდა.
რომანი დაიდება ყოველდღე