ნოველები

ცრუ სისხლი. თავი XV - გაურკვეველი კავშირი

ცრუ სისხლი. თავი XV - გაურკვეველი კავშირი
ჰანსს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მის ირგვლივ სიმართლე ყველამ იცოდა და ისინი ერთად ცდილობდნენ, რომ თავიანთი სიტყვებით თავბრუ დაეხვიათ აჟბესათვის.
ეჭვმიტანილები უკვე ცნობილნი იყვნენ. თითოეულს ჰქონდა მოტივი და თითოეულის ალიბი ან არ იყო ნათელი, ანდაც საერთოდ არ არსებობდა. მათი ნაამბობები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ზოგი კიდეც ეწინააღმდეგებოდა ერთურთს. ჰანსს უჭირდა იმის გარჩევა, თუ ვინ ტყუოდა და ვინ მართალს ღაღადებდა...
ჰანსმა თავის თავში არსებული მასალის თავმოყრა დაიწყო და აი, რა მიიღო:
  • ერვინ ვალცი - მოკლულის ქმარი - მკვლელობის დროს
    საყვარელთან იყო, თუმცა ამას არავინ ადასტურებს.
  • პაოლა - მოკლულის შინამოსამსახურე - მკვლელობის დროს იყო თავის ნათესავთან, თუმცა ამ უკანასკნელმა პაოლას ნათქვამის დადასტურება ვერ შეძლო.
  • უცნობი მამაკაცი - სავარაუდოდ, მოკლულის საყვარელი - არავინ იცის, სად იყო მკვლელობის მომენტში.
ჰანსმა იცოდა, რომ უცნობად წოდებული სწორედ რომ ნაცნობებში უნდა მოეძიებინა. რაოდენ საზრიანი და ნებისყოფიანიც უნდა ყოფილიყო მკვლელი, ის მაინც ვერ მოისვენებდა, ვიდრე საქმის ვითარებას არ ჩაწვდებოდა.

ჰანსს თეოდორის მეუღლე, ედიტა პირადად ნანახი არ ჰყავდა, მაგრამ მასში ეჭვი მაშინ შეეპარა, როდესაც კრისტოფს წამოსცდა, რომ ედიტამ მას დეტექტივთან დალაპარაკება დაუშალა. იქნებ იმიტომ, რომ კრისტოფმა იცოდა ის, რაც დედამისის მკვლელობასთან იყო კავშირში? იქნებ ედიტა ქმარს აფარებდა ხელს? თუ თავად იყო დამნაშავე... შესაძლოა, მას ფრიდასი შურდა... ნუთუ ამას იმიტომ გააკეთებდა, რომ თეოდორისთვის მემკვიდრეობისკენ გზა ხსნილი ყოფილიყო?
რჩებოდნენ თეოდორ და გეორგ შილეები, მამა-შვილი, რომელიც ერთად იმყოფებოდა მაშინ, როცა ფრიდა ვალცი მოკლეს. დასადგენი იყო ისიც, ეს რეალობას შეესაბამებოდა თუ არა. ბოლოს და ბოლოს ისინი ოჯახის წევრები იყვნენ და ერთი მეორეს არ გაწირავდა, თუკი იმის შანსი მიეცემოდა, რომ ის დაეხსნა.
ჰანსს სხვა გზა არ დარჩენოდა. უნდა გაეგო, რა კავშირი იყო ფრიდა ვალცს და იმ მამაკაცს შორის, რომელიც შეუბრალებლად მოეკლათ.

მისამართი ადვილად გაარკვია და ფელიქს ონდრასთან შეუთანხმებლად, იმ სახლს მიადგა, რომელშიც სიცოცხლეში ვერნერ შლიკი ცხოვრობდა.
თავს არ უტყდებოდა, მაგრამ უნდოდა ფელიქსისათვის დაემტკიცებინა, რომ მარტოც შეეძლო ისეთი ჩახლართული დანაშაულის გახსნა, როგორიც ფრიდა ვალცის მკვლელობა იყო. გამარჯვებულის როლში ყოფნას არ აპირებდა. თამაში სამართლიანობის ტყავში უკვე აღარ იყო გახვეული. გვირგვინის თავზე დადგმის ინტერესი არც ჰქონდა. ყველაფერი მალე უნდა დამთავრებულიყო...
ფელიქსს ნათქვამი ჰქონდა, რომ ის უკვე ნამყოფი იყო ვერნერ შლიკის სახლში, მაგრამ ძაფი, რომელიც ფრიდა ვალცსა და მას შორის უნდა ყოფილიყო გაბმული, ვერაფრით ეპოვნა.

დიასახლისს ჰანსის დანახვა გულზე არ დაეხატა, მაგრამ სახლის კარი კი ფართოდ გაუღო. ჰანსი მის კარმიდამოში დიდხანს გაჩერებას არ აპირებდა. იცოდა, ვერნერის ნათესავებისგან ახალს ვერაფერს გაიგებდა. მხოლოდ უფლის წყალობას ელოდებოდა. გული კარნახობდა, რომ ამ სახლში ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი აღმოჩენილი და საჭიროებისამებრ გამოყენებული.
- ვერნერს ჩემთვის გული არასოდეს უტკენია. ისეთს არაფერს მაკადრებდა, რაც იცოდა, რომ არ მესიამოვნებოდა. - უემოციოდ მოუთხრობდა გარდაცვლილის მეუღლე. - უცნაური რა მახსენდება?
გაბრუება იცოდა ხოლმე. ზოგჯერ რამდენჯერმე დავუძახებდი, თავზე დავადგებოდი და რეაქცია მაინც არ ჰქონდა. შვილებთან განსაკუთრებულად თბილი იყო. თავისუფალ დროს მათთან ატარებდა.
- ეჭვიც არ გაქვთ ვინმეზე? ვინ შეიძლებოდა გაღიზიანებულიყო მისი არსებობით? - თავს არ ზოგავდა ჰანსი, ოღონდაც კი ქალისთვის პირიდან რაიმე მნიშვნელოვანი დაეცდინა.
- ლაპარაკით უკვე დავიღალე. ვერნერს მტრები არ ჰყოლია. ჭიანჭველასაც კი არ ადგამდა ფეხს. გგონიათ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის ჩემი ქმარი იყო? იცით, დარწმუნებული ვარ, რომ ის გაუგებრობის მსხვერპლია. როგორც უნდა იყოს, სიკვდილის ღირსი არ ყოფილა. ისეთს ვერაფერს დააშავებდა, ამგვარი სასჯელი რომ დაემსახურებინა. - გაჯავრდა ვერნერის ქვრივი.

- იმის ნებას მაინც მომცემთ, რომ სახლს თვალი მოვავლო? - ტონი შეარბილა ჰანსმა და თვალებით ქალს მიტევება სთხოვა.
- სხვა რა გზაა. - ჩაიბუზღუნა დიასახლისმა და სტუმარს მხრების ჩეჩვით გასცილდა.
ჰანსს არაფრად უღირდა ის, რომ შეხვედრისთანავე მწვავე ურთიერთობა დაამყარა ვერნერის ცოლთან.
საერთოდაც თვალში არად მოსდიოდა უჟმური და უხასიათო ხალხი, თუნდაც ისეთი, როგორიც ფელიქს ონდრა იყო. თავად ანცი, მოუსვენარი ტემპერამენტის მქონე მამაკაცი ვერ ეგუებოდა ადამიანებს, რომლებიც ორმოში ჩაგუბებულ მდორე გუბეს მოაგონებდნენ ხოლმე. თავს ვერ იკავებდა, ისე უნდებოდა გუბის ქვიშით ამოვსება და მისი სამუდამოდ დაშრობა.

სახლისთვის თვალის მოვლება, როგორც თვითონ იტყოდა, ისეთ მცირე დროში ვერ მოახერხა, რაგვარადაც წარმოედგინა. ახელებდა ის, რომ ხელჩასაჭიდს ვერაფერს ხედავდა. იმას ვერ იჯერებდა, რომ ფუჭი აზრით შეპყრობილი მოსულიყო აქ და რომ შინ პირშიჩალაგამოვლებულს მოუწევდა დაბრუნება.
დისახლისთან გამომშვიდობებამდე დიდხანს დაჰყურებდა გარდაცვლილი მამაკაცის სურათს. ნუთუ ნანახი ჰყავდა ის წარსულში? მაგრამ სად? ო, როგორ ეცნობოდა... ვინმეს ამსგავსებდა მას? ვინმე თავის ნაცნობს ან რომელიმე ფილმის მსახიობს? ყოველ შემთხვევაში, ამაზე დროს ვერ დაკარგავდა, მკვლელი ჰყავდა საპოვნი.
სახლის დატოვება მეტად აღარ დაუგვიანია. ქალს მადლობა გადაუხადა და სანაპიროსკენ აიღო გეზი.

წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93