ნოველები

ცისარტყელა. თავი 22/23

ცისარტყელა. თავი 22/23
22 (დათი)

რამდენიმე დღე ისე გავიდა, ჩემი მანქანის თაობაზე არავინ რეკავდა. ვიფიქრე, მამათა მონასტერში ავსულიყავი და ის მამაო მომეძებნა, იმ დღეს, ავარიის ადგილას რომ გამოიძახეს, მაგრამ რატომღაც ფეხები უკან მრჩებოდა. არადა, ვერ ვიგებდი, მე რატომ უნდა გამეკეთებინა ეს მანქანა, როცა ჩემზე მეტი თუ არა, იმ დედაოს, ჩემზე ნაკლები ხელფასი (როგორც თვითონ აღნიშნა) ნამდვილად არ ექნებოდა. ეზოში ჩამოვედი, მანქანა კიდევ ერთხელ შევათვალიერე და მივხვდი, რომ ეს სტრესული დღეები და სახლში ჯდომა, იმის მოლოდინში, რომ თაია სადმე
წავიდოდა და აღარ დავინახავდი - უარესად ცუდად მხდიდა. იქნებ არც აპირებდა არსად წასვლას და როდემდე ვიჯდებოდი სახლში?!
სამსახურში ისეთი დატვირთული დღე მქონდა, ამოსუნთქვას ვერ ვასწრებდი. თან აღდგომის კვირეული ახლოვდებოდა და ხალხი ცდილობდა, მანამდე მოესწრო საქმის გაკეთება, ვიდრე დასვენების დღეები დაიწყებოდა. გავიფიქრე, აღდგომას ბონუსი დაერიცხება იმ დედაოს და იქნებ ეს ჩემი მანქანაც შეაკეთოს-მეთქი. ამიტომ იქ ასვლა აღარ ვიჩქარე.
შვიდის ნახევარზე გამოვედი და მანქანაში რომ ჩავჯექი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რაღაც მჭირდებოდა. ვიფიქრე, მოვწევდი, მერე დავწვებოდი და დავიძინებდი. სოფელში აღარ ავსულვარ, ჩემს სახლში გავედი ქალაქში. დედაჩემს თეთრეული გამოეცვალა და ყველაფერი დაესუფთავებინა. ეს სახლი ისე უკავშირდებოდა თაიას, როგორც სხვას არავის. საწოლზე ჩამოვჯექი. ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, რანაირად უნდა გამექრო ის აუტანელი ვნება თაიას მიმართ. იქნებ გადმოვსულიყავი საერთოდაც აქ საცხოვრებლად. ბიჭებს კიდევ დროდადრო აქ დავპატიჟებდი და აქ ვნახავდი. მოსაწევი გავაშრე, მერე წვრილად დავფხვენი, სიგარეტიდან თამბაქო წამოვყარე, მოსაწევში გავურიე და ნელა ჩავაბრუნე უკან. მერე ფანჯარა გამოვაღე და სავარძელი მოვიჩოჩე. მაგიდაზე იმ დღეს გახსნილი ვისკის ბოთლი იდგა, თაიამ რომ წრუპა. ჭიქაში ჩამოვასხი და ფანჯრის რაფაზე დავდე. რაც მეტად ვიშორებდი თაიაზე ფიქრს თავიდან - მეტად მეფიქრებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კარგად გამოვმთვრალიყავი და ბევრი მეფიქრა.

23 (თაია)

შუადღეს ეკა, დაპირებისამებრ, გამომყვა ქალაქში. გამიხარდა, რომ საწოლიდან ამდგარიყო. მშვენივრად გამოიყურებოდა, მწიფე ბროწეულისფრად შეღებილი მოკლე თმა გვერდზე გადაევარცხნა, რაღაცნაირად უხდებოდა მის ფერმკრთალ სახეს. მგლოვიარესავით შავებში გამოწყობილიყო. ვიწრო შარვალში შეხვეული ფეხი ეტყობოდა.
დათის სახლს ჩავუარეთ. უზარმაზარი მტკიცე გალავნის იქით ციხე-კოშკივით იდგა მისი სახლი. მსგავსი სასახლე არც არავის ჰქონდა სოფელში და მგონი, არც არავის ენახა. რა ჯანდაბად უნდოდათ ამხელა სახლი სოფელში, თან მაშინ, როცა ცოლის მოყვანის შემდეგ მათი ერთადერთი მემკვიდრე ცალკე გადადიოდა საცხოვრებლად მეზობელ ქალაქში.
მთელ ქალაქში ერთადერთი ტანისამოსის მაღაზიის წინ უთავო მანეკენი გამოედგათ. ჯინსის დაბალწელიანი ვიწრო, გახეხილი შარვალი ეცვა, მთელი წლის მოდიდან გადასული. ლურჯი ზედა და მუქი მალინისფერი, თხელი საგაზაფხულო მოსაცმელი მაჯებზე და კისერთან შავი რეზინებიანი მანჟეტებით. ეკა ახლოს მივიდა, ჯერ გარშემო შემოუარა, მერე თითებით შეაფასა ქსოვილის ხარისხი და ბოლოს კიდევ ერთხელ შეხედა შორიდან.
- მოგწონს? - შევხედე. თვალები უციმციმებდა, რაც უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ მოსაცმელი უკვე შეჰყვარებოდა.
- არაა. - მითხრა და წინ წავიდა. უკან გავყევი.
- მოიცა რა, თუ მოგეწონა, მოიზომე მაინც. - ფული იმდენად ცოტა მქონდა, ვიცოდი, არაფერს ეყოფოდა. არადა, გულით მომინდა მეყიდა.
- ხომ არ გააფრინე, უბრალოდ შევხედე. - ხელი მოვკიდე და ჩემკენ შემოვაბრუნე, - მოიზომე, მინდა შეგხედო.
უკან დავაბრუნე, მანეკენს მოსაცმელი მოვხსენი და მაღაზიაში შევიტანე. გამყიდველმა იმხელა ფასი მითხრა, კინაღამ ხელიდან გამივარდა ნაზი, მალინისფერი მატერია, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- მოიცვი, აბა... - გავუწოდე.
უხალისოდ გამომართვა და შავი მაისურის ზემოდან მოირგო. ისე უხდებოდა, რომ მაშინვე ვინანე, რომ ჩავაცვი. გამყიდველმა გარშემო ურბინა, სულ "როგორ გიხდება" ეძახა.
- ეკა, - ახლოს მივედი და ყურში ჩავჩურჩულე. - კიდევ კარგი, მოისინჯე და გული არ დაგწყდა, მხრებზე საშინლად გადგას.
- რაა? - მხრებზე ხელი გადაისვა.
- ჰო, ცუდად გაქვს და შენს თმას საერთოდ არ მოუხდა.
გაიხადა და გამიღიმა.
- მადლობა. - მითხრა. - მართლა გული დამწყდებოდა, რომ არ გეთქვა.
არ ვიცი, მაიმუნობას მიმიხვდა თუ არა, მაგრამ მე გულზე მომეშვა.
ფოსტის პატარა და ძველ შენობასთან ხალხი იცდიდა, ნაწილი შიგნით და ნაწილი გარეთ. ძირითადად, 40 წელს გადაცილებული კაცები იყვნენ, საზღვარგარეთ წასული ცოლების ამანათების და ფულის მოლოდინში. რიგში წყვილებად ჩამდგარიყვნენ და საუბრობდნენ. ერთი ნახევრად ჭაღარა კაცი ზედმეტად ხმამაღლა ჰყვებოდა თავის პირად ამბებს საჯაროდ.
- ცხრა წლის წინ წავიდა და დანგრეულია ოჯახი, აბა, რა ჯანდაბაა. ჩემი ორივე შვილი გათხოვილია. მარტო ხომ არ ვეგდები, საჭმლის გამკეთებელიც არ დამიტოვა.
ეკას გადავხედე. აშკარად სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. თვალით ვანიშნე იმ კაცისკენ. თავისი ბროწეულისფერი თავი მიატრიალა და მერე მე შემომხედა, თავი გააქნია, ვერ მიხვდა, რას ვთხოვდი. ამასობაში ეს კაცი აგრძელებდა.
- სახლს აკეთებს, ამბობს, ჩამოვალ, რომ დავამთავრებო. მე კიდევ იმას ვფიქრობ, ის ქალი, ჩემს სახლში რომ არის უკვე ექვსი წელია და ცოლივით მყავს, იმას რა უნდა ვუყო.
- ხოდა, რატო უშვებდი? - საუბარში ჩაერთო მასზე ასაკოვანი კაცი.
- არ გამიშვია, დაიჩემა, წასვლა მინდაო და წავიდა. ახლა ვინღა გეკითხება რამეს?!
- არ უნდა გაგეშვა. - არ იშლიდა ეს კაცი თავისას.
- ჩემი შვილიც ეგრე წავიდა, არ ვუშვებდი მეც, მაგრამ წავიდა. - ჟღალი, წითური კაცი ჩვენკენ შემობრუნდა და თან გადაგვათვალიერა, ვინ იყო მომატებული.
ბოლო ჩვენ ვიყავით, აღარავინ მოსულა მეტი. ნეტავ მამაჩემი რომ ციხეში არ ყოფილიყო, თუ შეძლებდა დედა წასვლას?! ალბათ, ვერა და ისევ ერთად ვიქნებოდით. ან თუ შერიგდებიან ოდესმე... ან თუ უყვართ ისევ ერთმანეთი...
კაფე ღია დაგვხვდა, გაგვიმართლა. შესასვლელთან, გარეთ, მწვანე პლასტმასის მაგიდა და სკამები იდგა. ჩამოვსხედით. შავთმიანი გოგო წაგვადგა თავზე, სახლის ჩუსტებით. ეს სავარაუდოდ მარკეტინგული გათვლა იყო, თავი რომ შინაურულად გვეგრძნო. გვიღიმოდა. ბოლოს გვკითხა, საფერფლე თუ გჭირდებათო და გაგვერიდა. დაგვტოვა მარტონი ცივი ყავისა და ,,უბრალოდ ნამცხვრის მოლოდინში“ ასე გვითხრა, მხოლოდ ერთი ნამცხვარი გვაქვსო და მეც ბევრი კითხვის გარეშე შევუკვეთე.
- აბა, რა მოიფიქრე? - მგონი, რაც გამოვედით სახლიდან, ამაზე აინტერესებდა პასუხი და ითმენდა.
- რაზე? - თავი მოვისაწყლე.
- რაზეც ვილაპარაკეთ...
- ყავას დავლევ... - სიტუაციის სიმსუბუქის შესაძენად ვიხუმრე.
- კაი ხო... - თავი აღარ შემაწყინა. რა შეიძლებოდა მეთქვა, ჯერ ისევ იმაზე ვფიქრობდი, რა უნდა გაეკეთებინა ორ გოგოს ერთად. რაც ეს მითხრა, მას შემდეგ გაუთავებლად ამაზე მეფიქრებოდა და სადღაც გულის სიღრმეში იმაზეც - მე როგორ აღმიქვამდა, ანუ რა მოლოდინი შეიძლებოდა მქონოდა. ეს მაფიქრებდა და ოდნავ მაშინებდა კიდეც, ახლა ხომ წინ ტიპურად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მეჯდა, იმავე სქესის მიუხედავად, რაც ჰქონდა. ერთ დღეს აუცილებლად ვკითხავდი, რას აკეთებდა ორი გოგო ერთად და ყველა ქალს ერთნაირად უყურებს თუ ზოგი გამონაკლისია, მაგალითად, მე?! მაგრამ ახლა ვღელავ ცოტა და ამაზე ლაპარაკს თავს ვარიდებ. ჯერ ახალია და შეგუება მჭირდება.
ყავა დავლიეთ. ნამცხვარში იგულისხმებოდა კექსი, თავზე მოსხმული ჟოლოს ჯემით თურმე. ისეთზე არაფერზე გვისაუბრია, რაც დაგვძაბავდა. ცოტა გავერთეთ, მერე პატარა მოუვლელ სკვერში დავსხედით მოფარებულში. ეკას სიგარეტის ღერში გამზადებული, თამბაქოში არეული კანაფი ჩაეყარა. შემომთავაზა, მაგრამ უარზე დავდექი, რატომღაც არ მომინდა სახლამდე დაბოლილს მეარა. თვითონ ეწეოდა და ხმას აღარ იღებდა. თვალები თმის ფერში გადაუვიდა და სკამზე წამოწვა, თავი კალთაში ჩამიდო.
- თაი, იცი, რომ ტასოს დაბადებიდან ვიცნობ? ანუ რაც ვარსებობ, ისიც არსებობს...
- მოიტანა ხო? - გამეცინა.
- არა, ეგ რა შუაშია, შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც ამის თქმა შევძელი.
- მერე რას აპირებ აწი?
- არაფერს, მომავალი არ მაქვს. სადმე თუ არ გავიპარე და ყველა არ დავივიწყე, ისე არაფერი არ იქნება ჩემს ცხოვრებაში.
- სად გინდა წასვლა?
- საზღვარგარეთ, მაგრამ ფული არ მაქვს, არც განათლება, რომ სამსახური მოვძებნო. იმ გოგოსავით თუ სადმე მიმტანად ან დამხმარედ ამიყვანეს კიდევ, ბილეთის ფულსაც ვერ მოვაგროვებ. სახლში რომ არაფერი მივიტანო იმ ფულით, დედაჩემი ყველაფერს მიხვდება. საერთოდ, დამღალა, ყველაფერს რომ ხვდება და მაგის მიუხედავად, ვერაფერს მიგებს.
- ანუ შენ ამბობ, რომ იცის, რომ... - რატომ ვერ ვამბობდი ამ სიტყვას, მე რაღა ჯანდაბა მემართებოდა.
- ხვდება, მაგრამ სიტყვას არ ძრავს. მარტო კაცები მოჰყავს, ფიქრობს, რომ ჩემი ხსნა კაცშია. არადა, მეზიზღება... აი, რომ წარმოვიდგენ, მე და კაცი... გული მერევა.
- ქალთან ყოფილხარ? - თავისით გამოსხლტა სიტყვები პირიდან და მგონი, თვითონვე შემრცხვა. ამომხედა და გამიცინა, თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა. არ ვიცი, მართლა ჰქონდა თვალებში ეს ბიჭური სხივი თუ იმის შემდეგ დავინახე, რაც გავიგე.
- შენ როგორ გგონია?! - ისევ დამადო თავი მუხლებზე. ვიგრძენი, რომ ცოტაც და, ტვინში ის წყეული ცისარტყელები გადმომეშლებოდნენ.
რომ მოსაღამოვდა, სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. ეკამ მითხრა, ფეხით ავიდეთ და ცოტა აზრზე მოვალ მანამდეო. უარი არ მითქვამს. ქალაქს გავცდით და სოფლის აღმართს ავუყევით ნელ-ნელა. იმხელა გზა გვქონდა ფეხით სავალი სახლამდე, დაგვაღამდებოდა თავზე.
უბანში შებინდებულზე მივედით. ტასოს სახლთან, ხის სკამზე ტასოს მამა, ვატო და ჯიმი ისხდნენ. მე და ეკაც გავჩერდით და ვიდრე იქ ვიდექით და ლაპარაკსა და ხუმრობაში დრო გაგვყავდა, კიდეც დაღამდა და აგრილდა. სახლში წასვლა რომ დავაპირე, ვატომ თავისი მოსაცმელი ჩამაცვა, გაცილებაზე თავი გაიგიჟა, მაგრამ ეკამ არ დაანება, მარტოებიც კარგად ავალთო.
ზუსტად დათის სახლის გალავანს რომ მივუახლოვდით, უკნიდან მანქანის ხმა შემომესმა. არც დამიშვია, რომ ვინმე სხვა მოდიოდა. ცისარტყელის სტუმრობა ჩემს თავში - რომელსაც შვიდჯერ შვიდი ფერი ჰქონდა, უტყუარი დასტური იყო ახლომახლო დათის სიახლოვის. ფეხს ავუჩქარე, მაგრამ წამოგვეწია. საჭესთან უგონოდ მთვრალი იჯდა. ფანჯარა ჩამოსწია თუ არა, ალკოჰოლის სუნი უხვად გამოიფრქვა და ჩემი ცისარტყელა ააბრჭყვიალა. მე მეორე მხარეს გადმოვედი და ეკა დავტოვე მანქანასთან. გაჩერდა, დაელაპარაკა, ეხუმრებოდა და მერე გიჟებივით ხარხარებდნენ. სახლამდე ცოტაღა იყო და ვიფიქრე, ნელ-ნელა გავიპარებოდი. სახლის კართან რომ მივედი და ზურგს უკან მივიკეტე, სარწეველა სკამამდე ძლივს მივაღწიე. ჩემს ცისარტყელას ყველგან გაედგა ბრჭყვიალა ფერები და ახლა უკვე ფეხებშიც ამას ვგრძნობდი. გავიგე, ზემოთ როგორ აიქროლა. ვიფიქრე, ბიჭები იქნებიან ტყის პირას და იქ წავა-მეთქი, მაგრამ ორ წამში ჩემს სახლთან გაჩერდა და მოურიდებლად დამიძახა.
ცისარტყელამ გამუქება იწყო და თვალებში ფარდასავით გადამეშალა. თავბრუდახვეული გავლასლასდი კარებთან. არ მჯეროდა, რომ ჩემს კართან იდგა და ნამდვილად მე მეძახდა. სანამ კარს მივაღწიე, კიდევ ერთხელ დამიძახა.
- მშვიდობაა? - მანქანის კარებთან გავჩერდი.
- ცივი წყალი არ გაქვს?
- არ ვიცი, გწყურია?
- მაგრად...
შევბრუნდი და წყალი გამოვუტანე პოლიეთილენის ბოთლით.
- დაჯექი მანქანაში. - იმაზე მთვრალი იყო, ვიდრე მე ვფიქრობდი. თვალები უგონოდ ჩაწითლებული და შეშლილი ჰქონდა.
- რა ხდება?
- დაჯექი და გეტყვი. - სახლებისკენ გავიხედე. გარშემო არავინ ჩანდა, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომა მაინც არ მინდოდა.
- აქ მითხარი.
- დაჯექი დროზე. - დავიძაბე, მაგრამ არ შემშინებია. მანქანის კარი გამოვხსენი და კიდევ ერთხელ დავწყევლე, ვინც ამ სიმაღლის მანქანა გამოიგონა. კარის დაკეტვა არ მაცალა, ისე მოწყვიტა მანქანა ადგილს, წრე დაარტყა უბანს და ტყისკენ წავიდა. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, ვიფიქრე, მოკვლას თუ მიპირებდა.
- ასე სწრაფად ნუ მიდიხარ.
- მინდა რომ მოგკლა, არ გჯერა?
- გააჩერე მანქანა, - დავუყვირე. იმ წამს დაამუხრუჭა და ისე ძლიერად, რომ წინ გადავქანდი და სალონს თავი მაგრად დავარტყი. ნერვებმა მიმტყუნა, ყველაფერი იმ საზიზღარ წამს გამახსენდა, ყველაფერი... მაგალითად ის, რომ პატრონი არ მყავდა და ვისაც როგორ მოუნდებოდა ისე მომექცეოდა; რომ საკუთარ თავში ვერაფერს ვეჭიდებოდი, რომ თავი ძლიერად მეგრძნო; რომ დედაჩემს და მამაჩემს წელიწადში ერთხელ ვახსენდებოდი და რომ შეშლილი ბიძის და მოხუცი ბებიის მეტი აქ არავინ გამაჩნდა; და კაცი, რომელიც ორ დღეში თავსა და სხეულში ერთდროულად შემოვუშვი, გულისამრევად მექცეოდა. პირზე ხელი ავიფარე, მაგრამ ბგერები გამომექცა და ისე ხმამაღლა, რომ შემრცხვა.
- თავი რანაირად მიარტყი, შემომხედე ერთ წამს... - ნიკაპზე ხელი მომკიდა, მაგრამ უკან გავიწიე და ფანჯრისკენ შევტრიალდი.
- შემომხედე...
- სახლში წამიყვანე! - სლუკუნსა და სლუკუნს შუა პაუზებით ძლივს ვუთხარი.
- შემომხედე და წაგიყვან. - მითხრა და ორივე ხელით თავისკენ გამაჩოჩა. ალკოჰოლის სუნი მთელ სახეზე მომედო და დამწვა. - ეს ვისია? და რატომ გაცვია? - მიჩურჩულა.
მივხვდი, ვატოს სპორტულ მოსაცმელზე მეუბნებოდა, რომელიც სამი ზომით მაინც მექნებოდა ალბათ დიდი. ინსტინქტურად ხელი ჩამოვუსვი ელვაშესაკრავთან. ხელი გამაშვებინა და თვითონ გახსნა. ხელი უკან გავაწევინე.
- შენ რა გგონია, სხვა კაცის ტანისამოსში ჩაცმული ქალის გახდა რამეში მჭირდება?
- მერე ვინ გითხრა, რომ მე მჭირდება სხვა ქალზე დანიშნული კაცი?!.
- გაიხადე!
- არა... მცივა... - ვიცრუე. ოფლი მასხამდა ნერვიულობისგან.
- ვატომ გინდა რომ გაგხადოს?
ცისარტყელამ შვიდივე ფერი დაკარგა და რუხი დაედო. ყველგან იყო ისევ, თავშიც და სხეულშიც. კარი გავხსენი და მანქანიდან გადავედი. გეზი სოფლისკენ ავიღე. თითქმის გავრბოდი და თან მეტირებოდა. პირზე ხელი მაგრად ავიფარე და გამოვიქეცი. უკან არ ვიხედებოდი. ვიფიქრე,  ასე თუ ვირბენდი, ათ წუთში მივაღწევდი სახლამდე, მერე ბარგს ჩავალაგებდი და უთენია გავიქცეოდი კაცისგან, რომელსაც მხოლოდ იმის გამო ეგონა, რომ ყველა კაცთან დაწოლა შემეძლო, რადგან მასთან დავწექი.
ფეხის ხმა ვერ გავიგე და რომ დამეწია და დამიჭირა, ხმამამღლა შევყვირე. და რადგან პირი გავხსენი, ზღვად გადმომსკდა ცრემლები, ვეღარ ვჩუმდებოდი, განიერ მხრებზე ვუტყამდი და ვუყვიროდი, რომ თავი დაენებებინა. მიმიხუტა და ცრემლებში დაწებებულ თმებს სახიდან მაცლიდა ცალი ხელით.
- ისეთი რამე მითხარი, რომ მშვიდად ვიყო, მითხარი, გემუდარები... - ჩურჩულებდა.
- თავი დამანებე და მშვიდად იქნები...
- ვცადე. გგონია, რამეში მჭირდება ქორწილის წინ ეს ქაოსი?!
- მაშინ არაფერი შემიძლია.
გავჩერდი, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი და რომ იგრძნო, მოვდუნდი, ხელი გამიშვა.
- ვინ გგონივარ? - ცუდი იყო, რომ ვერ ვხედავდი მის თვალებს, ვერ ვხედავდი, რომ უსიტყვოდ ამომეკითხა მისი ფიქრები.
- ცხრამეტი წლის რატომ ხარ უკვე კაცებთან ნამყოფი? - არ ჩერდებოდა.
- ჯერ ერთი, ოცის ვარ, და მეორეც - რატომ უნდა გიპასუხო? ეგ ჩემი საქმეა, ჩემი ცხოვრება...
- რა არის მერე ეგ ცხოვრება, როგორია? რამდენი კაცია შენს ცხოვრებაში? თუ ვინც ხელს გამოიწვდენს, ყველა გწვდება?
- არ მესმის, რატომ უნდა აგიხსნა ისეთი რაღაცები, რაზეც არ ვფიქრობ, რომ უნდა იცოდე...
- წამოდი და დაჯექი მანქანაში... - მანქანისკენ წავიდა. უკან გავყევი. დამელოდა მანქანასთან, რომ მივედი, გაჩერდა და მომიახლოვდა. - მითხარი, რომ ერთხელ გქონდა და ნანობ იმასაც; მითხარი, რომ ჩემსავით არ გეფერებოდა და რომ არ გინდოდა. მომატყუე, თუ ღმერთი გწამს...
არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. მხრებში ხელები მომკიდა. სახეზე ვგრძნობდი ალკოჰოლის მწველ სუნს. ვიცოდი, რომ ტუჩები ჩემს ცხვირთან ჰქონდა ზუსტად. თავი გადამიწია და კისერთან მაკოცა, მერე სახეზე გადმოინაცვლა, თვალები და ლოყები დამიკოცნა და ტუჩებთან რომ მომიახლოვდა, გაჩერდა.
- მითხარი, თაია... - ორი წამი დააყოვნა და მერე მთელი ძალით შემანჯღრია, - მითხარი, ამის დედაც, რატომ არ შეგიძლია მითხრა, მითხარი, მითხარი...
ხელი გამიშვა, ხმას აუწია, ღრიალებდა და ბოლოს მანქანას წაუშინა მუშტები. ლითონი ყრუ ხმას გამოსცემდა. შემეშინდა, რომ ყველაფერს დალეწავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა. უფრო და უფრო ძლიერად ურტყამდა და ბოლოს მასა და მანქანას შორის ჩავდექი. არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ ხელი არ დამარტყა სიბნელეში. გონებაზე აღარ იყო, სახე დამიჭირა და მკოცნიდა მთელ სახეზე, ყველგან. ვატოს მოსაცმელს არ მპატიობდა და ხელი რომ მომკიდა გასახდელად, გავაჩერე.
- ვინ გგონივარ? - ხმა მიწყდებოდა დროდადრო და ძლივს გასაგონად ვბუტბუტებდი.
- მინდა ვიცოდე, ვინ ხარ. რატომ არ მეუბნები? სიმართლის თქმა თუ არ გინდა, მომატყუე მაინც...
- დანიშნული ხარ... რა აზრი აქვს?
- ვიცი...
- და მეტი არაფერი?
- ვინ გყავდა ჩემამდე? - თავისას არ იშლიდა.
- მითხარი, რას შეცვლის ამის ცოდნა და გეტყვი.
- უნდა ვიცოდე, რატომ ჯიუტობ?
- სახლში წამიყვანე და აღარასდროს მომექცე ასე, არავინ ვართ ჩვენ ერთმანეთის.
- ანუ კაცებთან წვები ისე, რომ მეორე დღეს შენთვის შეიძლება ის აღარაფერს ნიშნავდეს?!
გული შემეკუმშა, ვიცოდი, რასაც ფიქრობდა ჩემზე. ან იქნებ უარესსაც ფიქრობდა, ვიდრე მე წარმომედგინა. ვუყურებდი მის სილუეტს სიბნელეში და ვგრძნობდი, რომ კაცი, რომელმაც ჩემს თავში ცისარტყელას შვიდივე ფერი შავად აქცია, ამ დამპალ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარდა.

წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
მარი
ძალიან მომწონს ეს ნოველა. ველოდები ახალ თავს ❤️❤️
10:21 / 28-03-2020
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სად წავიკითხო დანარჩენი მითხარით რაა
01:10 / 28-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93