ნოველები

ცისარტყელა. თავი 24/25

ცისარტყელა. თავი 24/25
24(თაია)

აღდგომისთვის საგულდაგულოდ დაიწყო მზადება ბებომ, სულ ფუსფუსებდა. ეკა მარწმუნებდა ასეთი ჯერ არ მინახავს და შენს გამოა რომ არ ჩერდებაო. მარანში უზარმაზარ ქვაბში აგროვებდა კვერცხებს შესაღებად, ერთხელ ვეხუმრე, ამდენ კვერცხს თუ მარტო მე და შენ შევჭამთ აუცილებლად კაკანს დავიწყებთ მეთქი. ბოლო კვირაში თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა სოფლის ეკლესიაში, რამდენჯერ მთხოვა წავყოლოდი, მაგრამ ვერაფრით ვძლიე მხარზე შემოსკუპებულ არსებას.
ოთხშაბათ დღეს, საღამოს, ჩემი სახლის ზემოთ ფაციფუცი ატყდა, დიდებიც და პატარებიც ყველა ხის და ვაზის ტოტებს მიარბენინებდნენ და ერთ
ადგილას აგროვებდნენ. ეკამ გამომძახა, ჩაიცვი და ,,ჭიაკოკონობაზე“ უნდა წაგიყვანოო.
უზარმაზარი ცეცხლის გარშემო ვიდექით ყველა, ქალები, კაცები, მოხუცები, ბავშვები, ყველას უხაროდა აგიზგიზებულ კოცონთან დგომა, ცეცხლის ალი სახეს მიწვავდა და უკან რომ დავიხიე ფეხი ვიღაცას უხეშად დავაბიჯე, მივტრიალდი თუ არა დათის გაღიმებული სახე შემრჩა ხელში, დიდ შავ თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები დახტოდნენ. ოდნავ გადმოიხარა და მიჩურჩულა:
-ცივილიზაციაშიც იციან ცეცხლის დანთება, ველურებივით ზედ გადახტომა და კვერცხების შებრაწვა თუ აქ ეზიარე პირველად?
-აქ ვეზიარე. -ჩურჩულითვე ვუპასუხე.
-მოგხიბლა ნანახმა?
-მეტისმეტად...
-მაშინ იქნებ მეც მეცადა შენთვის?
ტუჩები ძალიან ახლოს მივუტანე ყურთან და ვუთხარი: -ცოლის მოყვანამდე რამოდენიმე დღით ადრე კვერცხების შებრაწვა არ მგონია გონივრული საქციელი.
გაეცინა და თვალებში ისევ ცეცხლის ნაპერწკლები გაუკრთა. მეორედ რომ მივიხედე იქ აღარ იდგა, მოვათვალიერე, მაგრამ ვეღარსად დავინახე.
-პირი დახურე. -ეკა ისე მომიახლოვდა რომ ვერც გავიგე. -რა უნდოდა?
-აინტერესებდა პროვინციას ვეზიარე ბოლომდე თუ ჯერ ვერა.
-მეტი არაფერი?
თავის მიტრიალება არ მინდოდა და მის თვალებში ჩახედვა, შემეშინდა რომ საკუთარი გამომეტყველება გამთქვამდა.
-არა.
აღარაფერი უთხვამს, დიდ ქვაზე ჩამოჯდა, პატარა ხის ტოტი აიღო და მიწაზე თანაბარი ხაზების გასმას შეუდგა, შეუძლებელი იყო მისი ფეხი არ გამხსენებოდა.
-რას აკეთებ? -მის გვერდით ჩავიცუცქე და ჯოხი წავართვი.
-იმ დღეს ხომ მითხარი რომ მეგობრები ვართ, ჩემი ორიენტაციის გამო გადაიფიქრე, თუ რა შეიცვალა?
-რა სისულელეს მეუბნები, და საიდან მოიტანე?
-გგონია ვერაფერს ვხვდები?
-რაზე ლაპარაკობ?
-დათიზე, ყველაფერი ვიცი.
გამაცია, თავში ცისარტყელა გაწვა და ყურებამდე გადაიჭიმა, შვიდივე ფერი ალისფერი ჰქონდა და ნელა ნელა ყელისკენ მოიწევდა, არეალს აფართოვებდა.
-რა იცი?
-დაგინახეთ იმ დღეს, მთვრალმა რომ წაგიყვანა, მაგრამ ეგ არაფერი... მანამდე უკვე შემჩნეულები მყავდით, უბრალოდ ვიცდიდი თუ მეტყოდი შენით.
ყელი გამიშრა, შიშმა, რომ მართლა ყველაფერი იცოდა ერთბაშად დამძაბა და მერე ერთიანად მომადუნა, წარმოდგენა არ მქონდა რამდენად ყველაფერი იცოდა, ან ახლა რა უნდა მეთქვა, უარყოფას რომ აზრი არ ჰქონდა მაგას მივხვდი.
-მე მეტყობა ასე ძალიან?
-დათის, ახუნტრუცებულია, შენ სხვანაირი ხარ, გაწონასწორებული და თავშეკავებული. გაეღიმა და მეც გამაცინა.
-მერე რას ფიქრობ?
-მე რა უნდა ვიფიქრო, შენ რას ფიქრობ მის არათითზე, ბეჭედი რომ ამშვენებს?
-იმედია არ ფიქრობ, რომ ისე გავგიჟდი მისი სიყვარულისგან - მის საცოლესთან ,,შებმას“ ვაპირებ?!
-რადგან თქვი ესეიგი ფიქრობ.
გამეღიმა.
-მისი ,,გაქანების“ ქალი არ ვარ ეკა.
-მერე დათის რაში სჭირდება შენი ,,გაქანება“ და ფული, თავისიც თავზე საყრელად აქვს.
-არაფერი არ ხდება, არც მოხდება, ყველაფერი ასე დარჩება...
-გინდა გითხრა რას ვფიქრობ გულწრფელად?
-რათქმაუნდა...
-შეიძლება უყვარდე, თავის ფუფალაზე მეტადაც კი, ენდე ჩემს კაცურ ინტუიციას, მაგრამ ყველაფერი ისე შორსაა წასული ახლა ვეღარაფერს შეცვლის, მე ხომ დაბადებიდან ვიცნობ, ეგ თავის ოჯახზე წინ არასდროს წავა, დედამისი ღმერთია და მის საწყენ საქმეს არ ჩაიდენს.
-ხოდა არც არაფერს ველოდები.
სიმართლე უნდა ვთქვა, მომეშვა, დაწყევლილ საიდუმლო წრეში ახლა მარტო აღარ ვიყავი, ეკა შემოვუშვი და შევმსუბუქდი, საიდუმლოს სიმძიმე მის მხრებზე გადავანაწილე.
ცეცხლი რომ ჩაიწვა და ხალხმა დაშლა დაიწყო ჯიმი მოვიდა, კი არ მოვიდა მოქანდა, გვითხრა ჩემი შეყვარებული უნდა მოვიყვანო და გაგაცნოთო, თან ლუდები მაქვს ჩაციებული სახლში და არ დაიშალოთ მალე მოვალთო. ჯერ ეკას ძმა გამოვიდა, მერაბი, მერე გუჯა და დათი მოვიდნენ ერთად,
-ავიდეთ ტყის პირას, აქ ხომ არ ვისხდებით შუა უბანში, შევაწუხებთ ხალხს. ჯიმიც იქ მოვა. -შემოგვთავაზა გუჯამ.
-დასხედით და აგიყვანთ. -დათიმ მანქანისკენ აიღო გეზი.
-ფეხით გავიაროთ, დატოვე მანქანა. -მერაბი წინ წავიდა. -მოკლეებზე გადავჭრათ.
-ეკლები იქნება და ამ შუაღამეს ვერც დავინახავთ. -დათის ეზარებოდა ფეხით სიარული.
-და გიჩხვლეტს ფეხებზე. -გამოვაჯავრე დათი. ფეხებზე დამხედა, და უცებ შეიცვალა აზრი.
-წავედით. -თქვა და მერაბს დაეწია.
მინდორზე რომ გადავედით მაშინ მივხვდი რატომ მიყურებდა დათი ფეხებზე, მიწიდან ამოზრდილი ეკლები დაუსრულებლად მჩხვლეტდნენ შიშველ ფეხებზე, ჯერ ვითმინე და ბოლოს ვეღარ გავუძელი, ჩამოვრჩი.
-თაია, მოდიხარ? -გამომძახა ეკამ.
-კი. -არ ვტყდებოდი.
-რაღაც შორიდან ისმის შენი ხმა რიჟა. -დათი გაჩერდა და შემოტრიალდა.
-ასაკის ბრალია. -მივაძახე გამწარებულმა, თან ისევ რიჟას მეძახდა...
უკან დაბრუნდა, მომიახლოვდა და ყველას თანდასწრებით ზურგზე მომიკიდა. გიჟივით ვხარხარებდი.
-ეგრე დამახრჩობ, ყელზე ნუ მიჭერ ხელებს. -მისაყვედურა.
-ჩამოვვარდე?
ფეხი შეანელა, ჩამორჩა და რომ დარწმუნდა ვერავინ ვერაფერს გაიგებდა მიჩურჩულა:
-ფეხები შემომხვიე, თორე მართლა დამახრჩობ, მე შენ გეტყვი- პირველად იზამ.
ზუსტად ვიცოდი ახლა სახეზე როგორი ირონიული ღიმილი ექნებოდ, არაფერი მითქვამს, მთელი ძალით ვეხუტებოდი და ყურებში მისი გახშირებული სუნთქვა ჩამესმოდა, თავში ცისარტყელა მქონდა, რასაც კი ოდესმე უარსებია პალიტრაზე ყველა ფერი ჩემს თავში და სხეულში იყო ჩაღვრილი.
რომ დავსხედით ჩიპსები და შებოლილი ყველი გაშალეს მინდორზე.
-ვინ არის ჯიმის შეყვარებული, იცნობთ რომელიმე? -გვკითხა დათიმ.
-ჯიმის კლასელის და, -უთხრა მერაბმა.
-რაო? -ყურები ცქვიტა გუჯამ.
-დაიწყეს... -ამოიკვნესა ეკამ.
-ღადაობ ხო? -არ ეშვებოდა გუჯა.
-არა, ნაღდად ვიცი...
-მაგიტომ არ ამბობდა არაფერს, იცოდა რომ დავურხევდი და დაგვაყენა ეხა ყველა ფაქტის წინაშე, ხვალ აირტყავს ეგ ხო იცი.
-მორჩი ახლა... -დათიმ მზესუმზირა გახსნა და ჭამას შეუდგა.
-მოიცა, ერთი წამი, მე ვერ გავიგე ვერაფერი... -დაბნეულმა ვთქვი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ვხვდებოდი.
-რა ვერ გაიგე? -მომიბრუნდა გუჯა.
-რატო უნდა მოხვდეს ჯიმის?
-იმიტომ რომ ძმაკაცის სახლში რომ შეხვალ იქ ქალებს თვალიერება არ უნდა დაუწყო.
-ახლა არ მითხრა რომ ძმაკაცის სახლში ფუნქცია ,,მღვდელი’’ ავტომატურად გიაქტიურდება ტვინში.. -დათის ხმამაღლა გაეცინა, მე კიდევ გამბედაობა მომემატა გუჯას შევკამათებოდი.
-ეგ რა შუაშია, კაცი რომ ოჯახში შეგიყვანს იმაზე უნდა ფიქრობდეს - მის დას არ დაუწყო დაკერვა? გამზრდელი მაინც არ გაქვს წაკითხული?!
-კი წაკითხული მაქვს, და მერაბი ირწმუნება რომ ძმაკაცის დაზეა ლაპარაკი და არა ძმაკაცის ცოლზე. -ახლა ეკა ახარხარდა, გუჯა კიდევ აშკარად ბრაზდებოდა.
-თაია, ნერვებს მიშლი, მართლა ვერ ხვდები რას ვამბობ?!
-ვერა...
-რას ნიშნავს ვერა, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ძმაკაცის და იგივე შენი დაა...
-არც ეგ მესმის....
-მაგას რომ თავი დაანებო, ქალის და კაცის მორიგება და უკონფლიქტობა შეუძლებელია, და ამ დროს ავტომატურად ფუჭდება ძმაკაცების ურთიერთობაც, აი ამიტომ, ბიჭების ურთიერთობა არასდროს უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ ქალის გამო, გაიგე?
- ვერა, -უდარდელად ვუპასუხე და ხელი ჩიპსის კოლოფში ჩავყავი, ვიღაცის თბილმა ხელმა ჩემი ხელი დაიჭირა კოლოფში და აღარ მიშვებდა, დათის შევხედე, კარგად ვერ ვხედავდი მის სახეს, მაგრამ თეთრი კბილები მაუწყებდნენ რომ მიღიმოდა.
-მორჩით ახლა, მოვა და თუ რამეა გასარჩევი და სათქმელი იმასთან ერთად თქვით, თუ არადა შენი და ხო არაა და გასცემს ის კაცი პასუხს, შენ რა განერვიულებს. -მერაბი ყველაზე დიდი იყო ჩვენს შორის და ბევრ რამეს სხვანაირად უყურებდა, მგონი უფრო მშვიდი და გაწონასწორებულიც იყო.
რამდენიმე წუთში ჯიმიც მოვიდა, მაღალი, გამხდარი გოგო მოიყვანა, საცოლეაო ასე გაგვაცნო და მინდორზე სპორტული მოსაცმელი დაუფინა რომ ჩამომჯდარიყო.
-ხო ეტყობა რომ ჯერ შეყვარებულია, ახლა ეგ რომ ცოლი იყოს სულ ფეხებზე დაიკიდებდა ეგ ბალახზე დაჯდებოდა თუ წვეტიან ქვაზე. -ეკას ნათქვამზე ისე ძალიან მეცინებოდა, თავს ძლივს ვიკავებდი.
-სიყვარულის დღეს გადავაწყდი ქალაქში სეირნობდნენ ერთად შუადღეს... -განაგრძობდა.
-ეკა მორჩი... -ხელი გავკარი.
-ულვაშები და ბაკები საგანგებოდ ვალენტინობისთვის ამოეპუტა, მაგარი გაწითლებული ჰქონდა...ეს ეხა ცოლი რომ გახდება მოუშვებს მერე...
-შენ რა იცი?
-რა ვიცი და დედაჩემის ახალგაზრდობის ფოტოები მაქვს ნანახი.
თავს ვეღარ ვიკავებდი, არადა ახლა გაცინება ყველაზე ბრიყვულ საქციელად მიმაჩნდა.
-მორჩით ჩურჩულს. -გადმომილაპარაკა დათიმ და ვიგრძენი ხელი როგორ შეაცურა ჩემი მაისურის ქვეშ შიშველ კანზე.
-ბიუსჰალტერი რატომ არ გაცვია? -თავი უკან კისერთან გადაწია და ჩამჩურჩულა.
-ხელი გაწიე... -ისე ვუთხარი თავი არ შემიტრიალებია.
-არც საცვალი გაცვია? -კიდევ უფრო ხმადაბლა ჩამჩურჩუულა.
-არა. -ხმამაღლა ვუპასუხე და ვიგრძენი როგორ უცებ მომაშორა ხელი და როგორ მოაბრუნა სახე ყველამ ჩემსკენ.
გავიღიმე და ხმამაღლა განვაცხადე რომ ეკა და დათი მავიწროვებდნენ აქეთ იქედან. კიდევ კარგი არაფერი ჩანდა, ზუსტად ვიცი ჩემი მარადჟამს ფერმკრთალი ლოყები აღაჟღაჟებული იქნებოდა.
იმღამეს, როგორც ყველა სხვა ღამეს ბიჭებმა მოსაწევი გაამზადეს, დათის სიგარეტში ჰქონდა ჩაყრილი და გუჯას ვერცხლის ქაღალდგადაკრულ გახვრეტილ ბოთლში.
გააცილა თუ არა ჯიმიმ ეს თვისი გოგო და დაბრუნდა, საზეიმოდ განაცხადა, აბა ვის რა გაქვთ გაამზადეთო, დათიმ სიგარეტი მიაწოდა.
-არ მინდა, მე უფრო მაგარი რამე მაქვს.
-რა გაქვს? -დაინტერესდა გუჯა.
-ძმაკაცმა მომიტანა, კანაფზე მაგარიაო, ვსინჯოთ.
-ხო არ გააფრინეთ?! არ იცი ზუსტად რა არის და მაგის მოწევა გინდა? -ეკა შეშფოთდა.
-თვითონ ეწევა.
-შენ რა იცი, დაანებე რა, ეს მოვწიოთ და დავიშალოთ. -არც გუჯას მოეწონა ეს იდეა.
-კაი, მარტო გავსინჯავ ცოტას და თუ არ გამისწორდა გადავყრი.
-მოდი მოაშორე რა, ხო კაიფობ ამითაც? -დათიმ სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაფაზი გამოარტყა.
-ვეღარ ვუმუღამებ, დღეში ხუთჯერ ვეწევი...
-დარხეული გქონია. -უთხრა ეკამ და ფეხზე ადგა.
ათი წუთის შემდეგ როცა უკვე დაშლას ვაპირებდით ჯიმიმ იქვე ყველას თვალწინ არწყია, ამბობდა ცუდად ვარო და გულზე ხელებს იჭერდა, სანამ ბიჭები აზრზე მოვიდოდნენ წამოვხტი და თავი დავუჭირე, სულ ცახცახებდა, ყვიროდა მახრჩობსო, გულზე ხელი რომ დავადე მართლა ამოვარდნაზე ჰქონდა, ხელით რომ ვაკავებდი მაისური შემოიხია, ალბათ თუ ფიქრობდა რომ ის უჭერდა, არ ვიცი...ძირს გორავდა და ყველაფერს იგლეჯდა ტანიდან. შემეშინდა, ვიფიქრე რომ მოკვდებოდა, აქ ჩვენს თვალწინ, რაღაც ორი გრამი მოსაწევი წააქცევდა ამხელა კაცს და გაიყოლებდა, ისტერიკულად ვტიროდი, ცხვირიდან და თვალებიდან ჩამოსული სითხე ყელში და პირში ჩამდიოდა, ეკამ ფეხზე წამომაყენა და გულში მიხუტებდა, ვეღარ აღმიდგენია ბიჭები რას უკეთებდნენ, მეგონა საშინელი სიზმრის მორიგი სერია იყო და გამეღვიძებოდა მალე.
-თუ ღმერთი გწამს დათი, კვდება მგონი, გამოიძახე სასწრაფო, გემუდარები, გამოიძახე, ან მანქანაში ჩავსვათ და წავიყვანოთ საავადმყოფოში, -ზურგიდან ჩავჭიდე ხელები.
-დამშვიდდი, გამოვა მდგომარეობიდან...
-რას ქვია გამოვა, რომ ვერ გამოვიდეს? ხომ არ გაგიჟდი, აქ რომ მოკვდეს?!
-მორჩი ახლა, სად წავიყვანო, დაიჭერენ, რა არ იცი?
გავჩუმდი, მაგრამ დაჭერა უკეთეს ვარიანტად მიმაჩნდა, ვიდრე სიკვდილი.
ისევ ჯიმისთან მივედი, მუხლებზე დავდექი მის წინ, ღმერთმა უწყის ნარწყევში ვიდექი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, დროდადრო ისევ იგლეჯდა ნახევრად შემობრდღვნილ ტანსაცმელს და დროდადრო თითქოს ითიშებოდა, თავს გვერდით აგდებდა და ამ დროს ხელახლა მეწყებოდა პანიკა.
შუაღამის ოთხზე განადგურებული მივედი სახლში, ზემოთ სართულზე ავიპარე და ტანსაცმლიანი ჩავწექი საწოლში, სიცივისგან მაკანკალებდა და მიუხედავად უსაზღვრო დაღლილობისა თვალის მოხუჭვა არ შემეძლო.

25(თაია)

აღდგომის ღამისთევაზე წავედი, ეკა აღარ მომეშვა, მითხრა ცოლიან კაცს რომ ეხუნტრუცები იქნებ ეგ ცოდვა მაინც მოგეტევოს დღეს ღამეო, ისე კი არ გამოირჩეოდა დიდად რწმენით, რელიგიური ხუმრობებიც ოხრად ჰქონდა მოფიქრებული, მაგრამ ღამისთევაზე წასვლა მაინც ვერ გადავაფიქრებინე.
სოფლის პატარა, აქაიქ ხავსმოკიდებულ ეკლესიის კარებთანაც კი ხალხი იდგა.
არ ვიცი რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ის იარები რომ მიიყენა ამის თქმას აპირებდა თუ საერთოდ ყველაფრის მოყოლას, ხალხი გაარღვია და აღმსარებელთა გრძელ რიგში ჩადგა, მეც გვერდით ამოვუდექი, არადა მე მისვლას ნამდვილად ვერ გავბედავდი, რა უნდა მეთქვა, ის რაც დათისთან ჩავიდინე?! ამას თუ არ ვეტყოდი კიდევ რა აზრი ჰქონდა დანარჩენი წვრილმანი ცოდვების ჩამორაკრაკებას. რიგმა ცოტა რომ გადაიწია წინ წავედით, მამაო ასაკში შესული ჩანდა, ოდნავ მოხრილი იდგა და ძირითადად პატარა მიწვდილ ფურცლებს ჩაჰყურებდა. წინ ერთი შუახნის ქალი შფოთავდა, არ ვიცი, ამ რიგშიც ასაკოვნების წინ გაშვებაა მიღებული თუ კიდევ სხვა რამეზე დარდობდა. ალბათ შვიდი კაციღა იყო ჩვენს წინ, რომ ეს ქალი შემოტრიალდა, მრისხანე მზერა გადაგვავლო ყველას, მერე ჩემზე შეაჩერა და ხმამაღლა თქვა: ,,მთელი წელი ტაძარი არ იციან სად არის და აღდგომას მოუნდა ყველას აღსარება, მამაო ასაკშია და უჭირს ამდენი ხალხის მიღება, ეგეც რომ არა მთელი ღამე მარტომ უნდა აღავლინოს წირვა-ლოცვა და ვისაც მთელი წელი არ გივლიათ დღეს ნუ მიხვალთ აღსარებაზე მაინცდამაინც, მრევლი ვინც არ არის სხვა დროს მოდით და არავინ დაგიშლით აღსარების თქმას.“ მონოლოგი დაასრულა და კმაყოფილი შებრუნდა საკურთხევლისკენ.
-წამოდი, -ეკამ ხელით გასასვლელისკენ გამქაჩა.
-ამდენ ხანს ტყუილად ვიდექით?
-აღარ მინდა...
-ამას ვინ კითხავს, მღვდლის მდივანია?
-წამო რა... მაინც ვყოყმანობდი.
შუაღამის ლოცვა რომ დაიწყო ეზოც გადაივსო, ორ საათამდე ვიდექი და გულით შევეცადე, რადგან წამოვედი ლოცვისთვის მაინც დამეგდო ყური, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მესმოდა, ჯერ ეს ერთი - ეზოში ხმაურობდა ხალხი, დაუსრულებლად ერთმანეთს აჩუმებდნენ და ეს ჩჩჩ უფრო დიდ ხმაურს იწვევდა, მეორეც ერთ სიტყვასაც ვერ ვარჩევდი ისე სწრაფად და გაურკვევლად კითხულობდა მამაო, ამიტომ იყო რომ ორ საათს რომ გადასცდა ძილი მომერია, ხან სად ჩამოვჯექი ხან სად.
შუქი ორჯერ გაგვეთიშა მაგრამ ხალხის ,,უუუუ“ მამაოს კიდევ უფრო ომახიანმა ,,ამინმა“ გადაფარა და ჩოჩქოლიც მიაყუჩა. შუაღამიდან ხალხმა კიდევ უფრო დაიწყო მომატება, ძირითადად მთვრალი კაცები მოდიოდნენ, შუა ხალხში შეეკვეხებოდნენ და ოფლმომსკდარ სახეებს უზარმაზარი ცხვირსაწმენდებით იმშრალებდნენ. ეკას ყოჩაღად ეჭირა თავი, ისე კი იმას ვფიქრობდი, მაინც რატომ წამოვიდა, სწამდა და მაინც ქილიკობდა , თუ თავს დაცულად და ღვთისშვილად მხოლოდ აქ გრძნობდა.
ოთხ საათზე წამოვედით სახლისაკენ, ყველა სახლში სინათლე იყო და ყველგან ზეიმობდნენ უფლის მკვდრეთით აღდგომას.
-აბა დამირტყი, -ეკამ წითელი კვერცხი შემომაჩეჩა.
-სახლში მივიდეთ ჩემთან და გავშლი სუფრას, ბებომ ჩაქაფული გააკეთა, უნაკლოა.
-გასინჯე?
-ჰო, წამოსვლამდე.
-აღდგომის მძიმე მარხვის დასრულებამდე რომ სამი საათი რჩებოდა, რაღა მაშინ ჩასკდი ხორცით? -დამიბღვირა.
-მარხვას იცავდი?
-ბოლო კვირას, -გაეღიმა. -და რას ამბობდი? ჩაქაფულს გაჭმევო?
-ჰო, მაგას..
-ხოდა წავედით, ჩაქაფული ვჭამოთ და ბებოს რომ აქვს იქ, წითელი ღვინო, მოყუჩებული მარანში, ის დავლიოთ.
-ეგ საიდან იცი?
-თვითონ თქვა, ღვინო მაქვს ერთი ბოცა ათი წლის დაძველებითო, და ვის უნდა დაალევინოს ეგ ჩვენზე უკეთესს?
სახლში შევიყუჟეთ და ბებოს საწოლთან ფარდა ჩამოვაფარე, რომ არ გამეღვიძებინა. მაგიდას თეთრი გაკრახმალებული სუფრა გადავაფარე, აკურატულად -დაუთავებულ გამხმარი. მრავალგზის ჯაფადამდგარი თეფშები გამოვალაგე, ბებოს გამომცხვარი პური დიდ ნაჭრებად დავჭერი, ღუმელთან დალაგებული ჩაწვრილებული შეშები შევანთე და ჩაქაფული შემოვდგი. ისე ვჭამეთ, გეგონება მძიმე მარხვას ჩვენს კისერზე გადაევლოს. მთელი საღამო წერდნენ ეკას ბავშვები სადმე შევიკრიბოთო, ბოლოს თავი ამოსწია ტელეფონიდან და შემომხედა.
-რაო? -ვკითხე, თან ისე რომ ჭამა არ შემიწყვეტია.
-დათისთან ვიკრიბებით და გელოდებითო.
-მე არ მინდა...
-არა, მაგაში არაა საქმე
-აბა?
-რავიცი, ბოლოს დათისთან მგონი 12 წლის რომ გახდა მაშინ ვიყავით, დაბადებისდღეზე, ისიც ხუთ საათზე უფროსები მოდიანო დედამისმა და კულტურულად გამოგვისტუმრა. მაგასთან არასდროს არაფერი ხდება და ახლა რა მოელანდა?!
-იმედია არ ფიქრობ - მე რამე შუაში ვარ.
-არ ვიცი... აბა რაზე გავჩერდით -წითელი ღვინით სავსე პატარა ჭიქას დაწვდა ეკა.
-არ მახსოვს, რაც გინდა ის თქვი.
გაეღიმა, არაფერი არ თქვა თვალებში ბიჭური სხივები კიდევ ერთხელ გაუკრთა და ბოლო წვეთამდე გამოცალა, მერე ბროწეულისფერ თავზე ხელი გადაისვა და სევდიანად შემომხედა.
-რაო? -ვკითხე ოდნავ შეშინებულმა, მაგრამ მაინც გავუღიმე.
-რაღაცნაირად განსაკუთრებული ხარ, მე სრულიად მესმის დათის განწყობა, ამიტომ იყო რომ ყველაზე ადრე მე მივხვდი ამას. ის ყველაზე ,,ყველაზე ბიჭია“ მთელ ამ არემარეში და ეჭვიც არ შემპარვია, რომ ,,ყველაზე გოგო“ მოეწონებოდა... თუ შეუყვარდებოდა.
-რაში გამოიხატება ეს ჩემი განსაკუთრებულობა, მართლა არ მესმის.
-განსაკუთრებულობა ისაა ზუსტად სიტყვებს რომ ვერ უძებნი, არ ვიცი, ვერ გეტყვი უბრალოდ... წიგნიდან გადმოსული მაგიური ქალი ხარ, და 80 იანების ფილმებიდან, და ეს თვალები... უკიდეგანოდ ღრმა და შიგნით სულ რაღაც ხდება...
-სიყვარულს მიხსნი... -უძილობისგან, ღვინისგან და ახლა კიდევ მისი სიტყვებისგან თავში ცისარტყელის მკრთალ ფერებს უკვე ვგრძნობდი.
-ხოდა ნუ წამართმევ ამ სიამოვნებას, აქ ვერავის ვერ ავუხსნი, ტასოსაც კი, არადა მიყვარს ეგ ოხერი გოგო.
გაგვეცინა ორივეს, მაგრამ შინაგან დაძაბულობას ზოგჯერ ვერაფერს ვუხერხებდი, ხან როგორ შევხედე ეკას იდუმალ ამბავს, ხან როგორ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვწვდებოდი. ზოგჯერ მეშინოდა ჩემს ფიქრებს ისე ღრმად არ ჩავყოლოდი, რომ ჩავვარდნილიყავი და ჩავენთქე მის საიდუმლოს. არადა რა არის იმაში შემაშფოთებელი, ვიღაცისთვის თუ განსაკუთრებული და საყვარელი ხარ.
თენდებოდა უკვე წვიმა რომ წამოვიდა და ჩვენ ისევ მაგიდას ვუსხედით აქეთ-იქიდან, ახლა მეც ეკაზე არანაკლებს ვლაპარაკობდი, მთელ სხეულში ღვინისფერი ცისარტყელა იყო გადაჭიმული და დაუსრულებლად ტრიალებდა.
კარზე მოაკაკუნეს. გავჩუმდით ორივე, ვიფიქრე ბიძაჩემმა თუ დალია და მომადგამეთქი, მაგრამ შევცდი, დათი იყო. კარის ზედა ნაწილში ჩასმული შუშიდან, გამჭვირვალე ფარდის მიღმა ადვილად გავარჩიე მისი სახე.
-ნამუსი არ გაქვთ? -ეკასკენ გაიხედა, აშკარად იმას უფრო საყვედურობდა.
-აღდგომა დილით ამბობენ ,,ქრისტე აღსდგას“ მგონი გამოძინება გჭირდება. -ვუთხარი.
არ ელოდა და ცოტა გაკვირვებულმა შემომხედა.
-გელოდებით და იმასაც არ მწერ, რომ არ მოდიხართ.
ეკას გავხედე, მეგონა მისწერა, რომ არ მივიდოდით, ორივე მას ვუყურებდით.
-ხომ გითხარი თაიასთან ვიქნებითქო. -მორცხვად გაიმართლა თავი.
-წამოდით ორივე, ყველა ჩემთან არის, ტასოც, ვატოც, გუჯაც, ჯიმიც და აქ მარტო რას უსხედხართ? შენი ძმაც სხვათაშორის... -ისევ ეკას შეხედა.
-რაღადროს წამოსვლაა, გათენდა. -გავაპროტესტე.
-ცოტა ხნის წინ დასხდნენ და გელოდებიან თქვენ.
იქვე მიგდებულ, დედას გამოგზავნილ ყვითელ საწვიმარს დავწვდი, ეკამ შემომხედა, თვალებით მანიშნა რას აკეთებო და ზანტად წამოდგა.
სახლი შიგნიდან კიდევ უფრო დიდი ჩანდა ვიდრე მე მეგონა, მაგრამ ჩამუქებული, მუქი ხისფერი ინტერიერი და ყველგან მუქი ფერები სულს მიხუთავდა, ეს მდიდრული ავეჯის თუ რაღაც ჯანდაბის სუნიც ფეხის შედგმის წამიდან მეცა. მაშინვე ვინანე წამოსვლა, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ შიშველი მივაბიჯებდი უზარმაზარ ჰოლში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი და დათის ამბის გაგრძელებაც და დასრულებაც მხოლოდ ის იქნებოდა, რითიც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ ამ სახლის დიასახლისი ვერასდროს ვიქნებოდი, ეგ კი არა, ამ უზარმაზარ როიალზე მტვრის გადაწმენდასაც არ მაღირსებდა მგონი არავინ.
-როიალზეც უკრავ? -უხერხულობის გადასაფარად წამოვიწყე.
-ყველაფერზე ვუკრავ, -თვითკმაყოფილი ღიმილით გადმომხედა.
-დღეს დაუკრავ?
-ბოლოს რომ დავუკარი ეს როიალი ნათესავებით იყო გარშემორტყმული, მე თორმეტი წლის ვიყავი, მამაჩემი კმაყოფილი რომ ფულს ტყუილად არ იხდიდა ჩემს მასწავლებლებთან და დედაჩემი ამპარტავნული ღიმილით ათვალიერებდა ჩემს მოშურნე ნათესავებს, მას შემდეგ სხვებისთვის აღარ დამიკვრია და არც დღეს ვაპირებ გამონაკლისის დაშვებას.
-ანუ დაკომპლექსებული ხარ. მშობლებისგან, ნათესავებისგან და საკუთარი თავისგან...
-გინდა მოვილაპარაკოთ? -ყურადღების გარეშე დატოვა ჩემი ნათქვამი.
ეკას გავხედე, იქით მიდიოდა საიდანაც ხმა გამოდიოდა ბავშვების და ცოტახანში კარში გაუჩინარდა, მგონი შეგნებულად გავარდა წინ.
-რაზე?
-ხვალევე ვიყიდი როიალს... - დააყოვნა. - ჩემს სახლში წავიღებ, იქ... - მივხვდი რომელ სახლსაც გულისხმობდა. -დავუკრავ შენთვის და მერე იმ როიალზე გვექნება სექსი.
როიალს ხელი ნაზად გადაუსვა, ვიგრძენი როგორ გამომეცალა სხეულიდან რაღაც ძალიან მძიმე და ფეხებში შეგრძნება როგორ წამერთვა მომენტალურად, ღრმად ჩავისუნთქე, ნახევრად ჩაბნელებულ, უზარმაზარ სივრცეში მისი თვალები მოვძებნე, დაჟინებით მომჩერებოდა პასუხის მოლოდინში.
-და ვისთვის არის შეთავაზება სასარგებლო?
-ყველაზე ნაკლებად როიალისთვის - გამიღიმა.
-ყველაზე მეტად?
-ჩვენთვის...
-შენთვის... მე როიალზე სექსისთვის რიჩარდ გირი არ მჭირდება, ქუჩის მუსიკოსის მოძებნა უფრო ხელმეწიფება, თანაც დიდი შანსი მაქვს საცოლე არ ჰყავდეს და ჩემს მომავალზე მეტად ჩემი წარსული არ აინტერესებდეს. -მივახალე.
სუფრა გაშლილი დამხვდა, ყველა მაგიდასთან იჯდა და რომ შევედი, მომეჩვენა, რომ ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა. სანამ დავჯდებოდი ტუალეტი მოვძებნე, ბებიაჩემის მისაღებზე დიდი იყო, ნიჟარასთან მივედი, უზარმაზარი ცივი ქვისგან იყო გაკეთებული, ხელები დავაწყვე, იქნებ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი, მერე პირზე წყალი შევისხი, თხევადი საპონი დავისხი ხელებზე, გავიფიქრე ახლა ზუსტად ისეთი სუნი მექნებოდა ხელებზე, როგორიც მას აქვს ყოველდღე. ხელები გავიმშრალე და მრავალჯერ დავყნოსე, ქაშმირის სურნელი ჰქონდა თუ სწორად მივხვდი, ალბათ ეს საპონი და ჩემი სუნამო ერთი და იგივე ფასი ღირდა. ან ეს საპონი უფრო ძვირი.

წინა თავები
ბეჭდვა
e87a93