გამთენიისას ფრანცი ჰანსის ზარმა გააღვიძა:
-დილით ქალაქში მივემგზავრებით! მოემზადე! გზაში ყველაფერს აგიხსნი. ფრანცი ინტერესმა ჭკუიდან გადაიყვანა. რეკორდულ დროში გამოფხიზლდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად არაპუნქტუალური იყო დანიშნულ ადგილას ნაადრევადაც კი გაჩნდა. ჰანსის მოსვლამდე ეცადა თავი გაერთო, მაგრამ ვერას გახდა. ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და ძილი მოერია.
ტკბილად თვლემდა, როდესაც ჰანსმა მხარზე სტაცა ხელი და გვავგვიანდებაო, შეუძახა. მამაკაცები ტრანსპორტში შეხტნენ.
-აბა? არც გაბედო ჩემი გაწბილება!-მაშინვე ეძგერა ფრანცი ჰანსს.
-ამჯერად ეს არ გამომივა!-ხალისიანად გაიცინა აჟბემ და ალაპარაკდა.
შუაღამე გადასული იყო, როცა გეორგ შილემ შვილის მკვლელობა აღიარა. ვიდრე ქალაქში ჩავიდოდნენ, ჰანსმა თავიდან ბოლომდე უამბო ფრანცს ისტორია, რომელსაც
რამდენიმე ეპიზოდი აკლდა, თუმცა შეივსებოდა თუ არა ამბავი, ეს იმაზე იყო დამოკიდებული, რა ვითარება დახვდებოდათ ქალაქის საავადმყოფოებიდან ერთ-ერთში.
ჰანსის ეჭვი გამართლდა. კაბის უბეში შენახული თმის ღერები იმ დიდი საიდუმლოს გასაღები აღმოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში სიბნელეს მოეცვა. ფრიდა ვალცის მიზანი სიმართლის გარკვევა და გაურკვევლობისათვის წერტილის დასმა იყო, მაგრამ მას არ დასცალდა.
თავდაპირველად ჰანსისთვის მთავარი ეჭვმიტანილი ერვინ ვალცი იყო, მაგრამ სულ მალე აზრი შეიცვალა. ის დაფიქრდა, თუ რაში შეიძლებოდა დაჭირვებოდა ახალგაზრდა ქალს თმის ბოლოების მოჭრა და შენახვა... საყვარლისთვის საჩუქრად, სახსოვრად რომ დარჩენოდა მას? ეს იმ დროისთვის, რომელშიც ის ცხოვრობდა, უჩვეულო იქნებოდა. ამასობაში ჰანსს ვალცების შინამოსამსახურემ წერილი მოუტანა. ფ.შ.? ეს, ალბათ, ფრიდა ვალცის ინიციალები იყო, რადგან პაოლას წერილი მის ოთახში ეპოვნა, მაგრამ რატომ შ? რატომ ქალიშვილობის გვარი და არა ის, რასაც ახლა ატარებდა? იმიტომ, რომ ქმარს მონსტრად მიიჩნევდა? და უცებ ჰანსს გაუჩნდა არაამქვეყნიური მოსაზრება... იქნებ ეს წერილი ფლორა შილემ დაწერა? ფ.შ. ეს ინიციალები ხომ ფრიდას დედის სახელსა და გვარსაც შეესაბამებოდა?
ჰანსმა იცოდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მანამ, ვიდრე ტრაგიკულად გარდაიცვლებოდა. იქნებ მისი ავადმყოფობა მოგონილი იყო? მოგონილი იმისთვის, რომ გეორგ შილეს დანაშაული დაფარულიყო? მაშინ გამოდიოდა, რომ ეს უკანასკნელი ფრიდა ვალცის ბიოლოგიური მამა არ იყო, რომ ფლორა შილეს ქმრის დასასჯელად მისთვის ეღალატა და შვილიც სხვა კაცისგან გაეჩინა.
სავარაუდოდ გეორგი მას აშანტაჟებდა, რათა ქალს მისგან წასვლა არ შეძლებოდა. თუკი ფრიდა გვიან ნახავდა დედის წერილს, რომელსაც, ალბათ, ფლორა შილე სიკვდილის წინ დაწერდა, მაშინ გეორგ შილეს ნამდვილ სახეს დაინახავდა. კაცი, რომელსაც პაოლა მის საყვარლად მიიჩნევდა, აუცილებლად მამამისი იქნებოდა. ქმარსაც სწორედ მათი საუბარი ექნებოდა მოსმენილი. ფრიდას მამის რისხვის შეეშინდებოდა და იმისთვის, რომ საიდუმლო არ გამღავნებულიყო, მოსამსახურეს მოურიგდა. ვერნერ შილეს ფოტოს ნახვის შემდეგ ჰანსი ვერ წყვეტდა იმაზე ფიქრს, თუ ვის ამსგავსებდა კაცს, რომელიც წესით მანამდე არასდროს უნდა ენახა და ბოლოს თავში ამოუტივტივდა სურათი, რომელიც ძილშიც კი არ აძლევდა მოსვენებას... ჰანსს ფრიდა ვალცი სიცოცხლეში ნანახი არ ყოლია, მაგრამ მისი სახე კი
ცხოვრებაში არ დაავიწყდებოდა... ის ძალიან ჰგავდა ვერნერს და რა იქნებოდა ამის მიზეზი, თუ არა ნათესავური კავშირი, რომელიც მამაშვილობაში გამოიხატებოდა. ჰანსს ვერ გაეგო, თუ ვერნერ შლიკმა იცოდა, შვილი რომ ჰყავდა, რად დუმდა მთელი ეს დრო და რად არ ცდილობდა ფრიდასთან დაახლოებას.
რა მოხდა მკვლელობის დღეს, ეს ჰანსისათვისაც რთული გასაგები იყო.
გაუფუჭდა კი საკეტი რეალურად ფრიდა ვალცს? რად განახორციელა მან ზარი გადაუდებელი დახმარების ცენტრში? რატომ ეწვია ასე მოულოდნელად თეოდორ შილე მას და ვინ გააგებინა მან ის, რასაც ფრიდა ასე თავგამოდებით უმალავდა?
ჰანსსა და ფრანცს მოუწიათ მანამდე მოეცადათ, ვიდრე კვლავ ჰალშტატში არ დაბრუნდებოდნენ, ფელიქს ონდრას ყველაფერს არ უამბობდნენ და მასთან ერთად პატარა სპექტაკლს არ მოაწყობდნენ.
როდესაც თეოდორმა ყალბი საბუთი ნახა იმისა, რომ ვითომდა გეორგ შილეს მემკვიდრეობა ფრიდას პატარა ვაჟს, კრისტოფს ეკუთვნოდა, ხოლო მამამისმა შეიტყო, თუ სად უჩინარდებოდა წარამარა მისი ნამდვილი, ღვიძლი შვილი, ორივემ ლაბირინთში ამოყო თავი. ისეთ ლაბირინთში, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელიც კი იყო. გაცეცხლებულმა თეოდორმა მამისკენ გაიწია, გეორგმა კი შეუვალი მამის როლი თავისუფლად მოირგო იმაზე ბევრი მსჯელობის გარეშე, თუ ვისი ხელი ერია ამ
დოკუმენტის შექმნაში.
აზრზე მაშინ მოვიდა, მის სახლში სამართალდამცველებმა რომ შემოაბიჯეს, ფელიქს ონდრამ კი კმაყოფილი გამომეტყველებით მოასმენინა ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო თეოდორ შილეს სიტყვები, რომლებიც იმას ამტკიცებდნენ, რომ ფრიდა ვალცი გეორგ შილეს მიერ იყო მოკლული.
-ის ჩემი ყვავილი იყო. არ მახსოვს, რომ მის გამო სირცხვილი მეგრძნო. მისი არსებობა მხოლოდ მაბედნიერებდა. მრავალი ნაკლი მქონდა, მაგრამ მათ გამო არასოდეს უსაყვედურია. უხაროდა, რომ მისი მამა ვიყავი, რომ მე ვიყავი და არა სხვა, გესმით?-ხმა უკანკალებდა ბრალდებულს დაკითხვისას.-ფლორამ თავისი თავი წამართვა... ეს არ ეყო! წერილი დატოვა, რომელმაც შვილიც
დამაკარგვინა... მე ეს არ ვიცოდი, არ ვიცოდი, თუ მღალატობდა! ნურც გავიგებდი! მეცხოვრა ისე, როგორც ვცხოვრობდი... მითხარით, ეს რაში სჭირდებოდა? იმ წყეულ დღეს ფრიდასთან გაუფრთხილებლად მივედი... მეგონა კრისტოფი სახლში იქნებოდა, მინდოდა სასეირნოდ წამეყვანა...
კარი ჩემი გასაღებით ავედი... კიბეზე ავდიოდი, ფრიდას ხმა რომ მომესმა... ამბობდა, დედაჩემის წერილი წავიკითხე, წერს, რომ მამაჩემი ხართო... შეხვედრას აპირებდნენ! დროსა და ადგილზე თანხმდებოდნენ! ვერ გავუძელი! განუზომელი ძალა მომეცა... კარი შევანგრიე, ფრიდას ვეცი და ხელი ვკარი... საკუთარ თავს რომ დავუბრუნდი, სისხლი დავინახე... ერთადერთი, რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ტელეფონი ხელში ამოვიჩარე და სახლიდან წამოვედი... ყველაფერს მაშინვე ვაღიარებდი, ორი მიზეზი რომ არ მქონოდა... იმ ადამიანის მოკვლა მწადდა, ვის გამოც შვილი დავკარგე... მეორე და მთავარი კი ის იყო, რომ კრისტოფი შემენარჩუნებინა! ვერ დავუშვებდი, ჩემთვის რომ შემოეხედა და მის თვალებში სიძულვილი დამენახა... გამიგეთ, ის ჩემი იმედია! თეოდორს შევუთანხმდი, რომ თუ იცრუებდა, თითქოს მკვლელობის მომენტში ჩემთან ერთად იყო, მთელი ჩემი ქონება მას დარჩებოდა.
ფრიდა მისი და არ იყო. მათ ერთი სისხლი არ ჰქონდათ. თანაც, თეოდორს და უკვე მკვდარი ჰყავდა.
თუ სიმართლეს დამალავდა, ეს დანაშაული არ იქნებოდა. რამდენიმე დღეში გავარკვიე, ვისთანაც მღალატობდა ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლე, ერთ საღამოს ჩავუსაფრდი და ჯოჯოხეთში გავაგზავნე!
როგორც ჩანს, ფლორას არც იმ სულელისთვის უთქვამს არაფერი... ფრიდამ ის კაცი თავად მოძებნა! მან კი ფაქტები ერთმანეთთან დააკავშირა და... არ ვნანობ! ასე იყო საჭირო! მხოლოდ კრისტოფი...
მჭირდება, რომ კრისტოფმა შემინდოს... მინდა ჩამეხუტოს და მითხრას, რომ ყველაფერი მაპატია!
შუაღამე გადასული იყო, როცა გეორგ შილემ შვილის მკვლელობა აღიარა. ჰანსმა მოღუშული მზერა გააყოლა დამხმარე ქალს, რომელმაც ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლის კარები გაიკეტა.
-ერთი ცრემლი მაინც გადმოგეგდო, უგულო ავსტრიელო!-წამოიყვირა ჰანსმა და ტუჩი გაბუტულმა გადმოღრიცა წინ.
თხუთმეტ წუთში ჰანსი უკვე სადგურზე იქნებოდა. ნახევარ საათში მატარებელი ადგილიდან დაიძვრებოდა. კიდევ ცოტაოდენი დროც და მამაკაცი ზალცბურგს დაუბრუნდებოდა. ამ შეშლილი, ამაღელვებელი მოგზაურობის შემდეგ ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა თავის პატარა ბინაში, რომლიდან გამოსვლაც მხოლოდ მაშინ მოუწევდა, როდესაც სამზარეულოში პური გამოელეოდა.
ჰანს აჟბე ვერ ელეოდა კამკამა ტბას, ხასხასა მდელოებს, ციცქნა ღობეებს, ღიმილიან სანაპიროს, სალაშქრო ბილიკებს და თავის მშვენიერ სახლს, რომლის აივანზეც ხშირად ჩასძინებია კიდეც.
მართალია მის მოგონებებში გვამები, სისხლი, უთანხმოებები და წინაამღდეგობები ჭარბობდა, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა წვრილმანი იყო, უმნიშვნელო წვრილმანი.
უკვე გრძნობდა იმ მონატრებას, რომელიც შინ დაბრუნებისთანავე დაეუფლებოდა... ალბათ, ოთახის კუთხეებში დაუწყებდა ძებნას მუდმივად გაღიზიანებულ ფრანცს, სასადილოს ჭკუამხიარულ მეპატრონეს და ჯმუხ, უჟმურ გამომძიებელს, ფელიქს ონდრასაც კი...
გაბრუებული დგამდა ნაბიჯებს ჰანსი. უკვე მატარებლის გუგუნის ხმა ესმოდა, მოულოდნელად მხარზე ხელი რომ შეახეს. მამაკაცი სიხარულმა აიტანა. შემობრუნების შეეშინდა, ვაითუ შეეშალათ, ვინმეში ავერიე, უბრალოდ ბოდიშს მომიხდიან და გამცილდებიანო.
-ჰანს..-გაიგონა, როგორ წარმოთქვეს მისი სახელი და მარდად შემოტრიალდა.
-ფრანც, შენ?! შენ აქ... ჩემს გასაცილებლად მოხვედი?-აღტკინებული ჩაეჭიდა მკლავზე სახეგაბადრულ ფრანცს ის და ყურებამდე გაიღიმა.-შენ ჩემს გასაცილებლად მოხვედი...
-ჰო, ჰანს, მოვედი, რომ დაგემშვიდობო...-ფრანცის სიტყვებში შეფარული კაეშანი იმჩნეოდა.
ჰანსს ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ თავს მოერია, ფრანცს უფრო მეტად მოუჭირა ხელი და ამით თითქოს მადლობა გადაუხადა მას.
-მატარებელი მალე წავა, ჰანს!
-ვიცი, ფრანც, ვიცი და არ მინდა... გეფიცები, ჩემი ნება რომ იყოს, ფეხსაც არ მოვიცვლიდი აქედან...
-მესმის, ჰანს!
ჰანსი უკვე მატარებელში ადიოდა, ფრანცმა რომ მიაძახა:
-მშვიდობით, ჰანს, არ დამივიწყო!
ფრანცი ყვიროდა, ყვიროდა ხმამაღლა, მაგრამ ეგონა, რომ ჩურჩულებდა.
ის იქამდე მისდევდა მატარებელს, ვიდრე ფანჯარა, რომლიდანაც ჰანსის თვალები იცქირებოდნენ, არ
გაუჩინარდა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი !