ნოველები

ცისარტყელა. თავი 28 (თაია)

ცისარტყელა. თავი 28 (თაია)
თავს აღარ ვეჯიუტებოდი. იმაზე ფიქრმაც დამღალა, რომ დამნაშავე ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, დათის საცოლე მხოლოდ და მხოლოდ მას ეხებოდა და არა მე... ვფიქრობდი, ვეტყვი ყველაფერს და რომ მივხვდები, არაფერს გრძნობს, დავბრუნდები სახლში და ეს იქნება-მეთქი.
სწორედ იმ ღამეს გახდა შეუძლოდ ბებო, დაწვა და თავი გვერდზე გადააგდო. ისე შემაშინა, სასწრაფოდ ეკა გამოვიძახე. თავთან ჩამოუჯდა და მხიარულად მოიკითხა.
- შეგიშინებიათ თაია. - უთხრა და წითელ ლოყებზე ხელი მოუთათუნა.
- რამ შეაშინა, ცას ხომ არ გამოვეკერები?! - სევდიანად
გაიღიმა.

- არ გიხდებათ ეგეთი ლაპარაკი, წნევა დაგიწევთ ახლა და ჩიტივით იქნებით. - გამხნევება სცადა ეკამ.
საწოლთან ჩამოვუჯექი და საბნის ქვეშ მისი ფეხები მოვძებნე. ყინულებივით ელაგა. ღუმელზე წინდები გავუთბე და ფეხებზე ამოვაცვი.
- ხედავ, როგორ მივლის? სიბერეში მთავარი ის კი არ არის, როდის მოკვდები, ის არის - ვის ხელში დალევ სულს.
ისე მშვიდად ლაპარაკობდა, იფიქრებდი, მართლა არ დარდობდა სიკვდილზე. თვალწინ ის ადგილი დამიდგა - საფლავზე, ბაბუას გვერდით. თვალები ცრემლებით ამომევსო. იმაზე ვდარდობდი ისევ, რომ ბევრად მეტი შემეძლო მისთვის გამეკეთებინა და მე უსინდისოდ შვიდი წელი ფეხი არ ჩამოვდგი, თუ მართლა ყოველდღე მელოდებოდა და გზას გაჰყურებდა... თავი ვეღარ შევიკავე, გარეთ გავედი. ჰაერში გაზაფხულის მიწურულის სუნი ტრიალებდა. სიოს სუსხი აღარ მოჰქონდა, სადღაც მის სიღრმეში სითბო იგრძნობოდა. ჩემს სარწეველა სკამში ჩავჯექი და მობილურზე დედას ნომერი ავკრიფე.
- გამარჯობა დედი, როგორ ხარ? - ხმა თბილი და ტკბილი ჰქონდა. მომეჩვენა, მისი საღამურების სუნი ვიგრძენი თითქოს.

- არა მიშავს, დე, შენ როგორ ხარ?
- მგონი, საბუთების ამბავს მოვაგვარებ ერთ თვეში და მერე შევძლებ ჩემთან ჩამოგიყვანო.
გავჩუმდი. ვიგრძენი, არ გამიხარდა.
- შენ რომ ჩამოხვიდე?!
- აუცილებლად ჩამოვალ. ბებოსთან ხარ ისევ?
- ჰო, მგონი, ცოტა ვერ არის კარგად, წნევა ხშირად ეწევა მაღლა, ცოტა მაშინებს.
- წამლები სულ გქონდეს, ბიძაშენს უთხარი, მანდ დარჩეს ხოლმე...
- ძალიან დიდ შვებას მომგვრის... - შევაწყვეტინე.
- უნივერსიტეტზე რას იზამ? ამდენ გაცდენას ვინ გაპატიებს?
- არ ვიცი... წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ბებოს დატოვება საკუთარი თავის ღალატიც იქნება, ამ ქალისაც... და მგონი, ღმერთისაც...
ორივე გავჩუმდით, რა უნდა ეპასუხა, წადი და შენს ცხოვრებას მიხედეო თუ დარჩი და ბებო არ დატოვო მარტო, დაე, უნივერსიტეტიდან გამოგაგდონო... ისევ მე წამოვიწყე.
- დე, მგონი, ვიღაც მომწონს.
- მართლა? მანდ მოგწონს ვინმე?
- ჰო...
- ანუ მე უნდა ვიცნობდე...
- ჰო და, მგონი, შემიყვარდება სადაცაა...
- როგორია, მომიყევი.
- სიმპათიურია, საოცარი იუმორი და ულამაზესი ღიმილი აქვს, კარგად მღერის და ლექსებს კითხულობს საოცრად...
- ეგ ბავშვური სიყვარულია, თაია.
- დიდური სიყვარული როგორია?
- როცა კაცი იმის გამო გიყვარს, რომ მას უყვარხარ და კარგად გექცევა.
- შენ როგორ შეგიყვარდა მამა?
- დიდურად, დე...
- მერე რომელი სჯობს, ბავშვური თუ დიდური სიყვარული?
- ბავშვური იშვიათად სრულდება კარგად...

მეორე საღამოს, ბებო რომ მომჯობინდა, ტყისკენ წავედით მე, ვატო, გუჯა, ჯიმი და ტასო. ეკა ქალაქში განამწესა დედამისმა მაღაზიაში, გამყიდველ-მოლარედ და მოგვწერა, გვიან ამოვალო.
ყველაფერი ნორმალურად იყო თითქოს, მგონი, დალაპარაკებასაც კი ვაპირებდი დათისთან. ისევ დემონსტრაციულად შემოქანდა მდინარეში, ცეცხლის დასანთები ადგილი სულ დაასველა. რომ მოვიდა,  გასაღები დადო ძირს. დავხედე თუ არა, ვიფიქრე, თუ რომელიმეს მივითვისებდი მის გასაღებზე დაკიდებული ხარახურიდან, არაფერი დაშავდებოდა. თითქოს მიხვდა, კლეოპატრას ლითონისგან დამზადებული პატარა ფერადი თავი მოხსნა და მაჩუქა. მომცა თუ არა, მაშინვე წამართვა ვატომ. მეც აღარ მოვეშვი, კუდში დავდევდი და ვეხვეწებოდი, დაებრუნებინა. არ ვიცი, იეჭვიანა თუ უბრალოდ უხასიათოდ იყო, ვატოს დაეტაკა და ჩემი კლეოპატრა დამიბრუნა.

მაგრამ ეს ამბავი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ვატომ დაატრიალა ღამე. აი, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.
მე, ეკა და ტასო ტუალეტისთვის გავედით. ტასო მაშინვე ჩაჯდა, მე კიდევ ისეთი განცდა დამეუფლა, რომ კაცი მედგა თავზე და შარვალს ვერ ვიწევდი. ზუსტად ვიცი, ეკა მიხვდა და მოშორებით გავიდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, დავინახე, ყველა ჩვენკენ იყურებოდა. გუჯა ცდილობდა, ვატოსთვის ლაპარაკის საშუალება არ მიეცა. დათის გავხედე, ძეგლივით იჯდა, გარინდებული და მივხვდი, ყველაფერი კარგად რომ ვერ იყო.
ვატოს პირველივე სიტყვებმა საკუთარი ადეკვატურობის სიზუსტეში ეჭვი შემატანინა. ვფიქრობდი, ხომ არ ვგიჟდებოდი. ათი კაცის თანდასწრებით გულაჩუყებული მიყვებოდა, როგორ ვუყვარდი და რომ მისთვის ზედმეტად კარგი ვიყავი, მაგრამ ბოლოს რომ მითხრა, ჩემთან თუ არ იქნები, არა უშავს, მაგრამ ცუდ კაცთან რომ მოხვდე, გული მეტკინებაო - ყველაფერს მივხვდი. ანუ ვატომაც ყველაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ გამოთვრა, ამიტომ კითხულობდა დათის მთელი საღამო, რომ უნდოდა მის გასაგონად ეთქვა ყველაფერი, ამიტომ ეწეოდა ბალახს გაუჩერებლად. მთელი საღამო დაგეგმილი ჰქონდა. ეჭვი მეპარება -მართლა ვყვარებოდი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასდროს არაფერი შემიმჩნევია, ეჭვის დონეზე მაინც მეცოდინებოდა, რამე რომ ჰქონოდა ჩემ მიმართ, ერთხელ მაინც გაყიდიდა ქცევა, და მეორეც - მართლა რომ ვყვარებოდი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაუჭირდებოდა ამის აღიარება ასე საჯაროდ. იმის თქმა - რომ ვუყვარდი, იმიტომ გაუიოლდა, რომ თავს გმირად გრძნობდა, გმირად, რომელიც დათისგან მიხსნიდა.

დათის შევხედე, ისევ ძეგლის ფორმა ჰქონდა, უაზროდ მისჩერებოდა ერთ წერტილს. არაფერში ჩარეულა. პირველად დამერღვა საკუთარ თავში ,,დათის, როგორც იდეალური კაცის“ განცდა. ცისარტყელებმა ყველა ფერი დაკარგეს, სადღაც, თავის რომელიღაც კუნჭულში მიიმალნენ. ვიგრძენი, როგორ დავცარიელდი. წასვლა მომინდა მამასთან, ჩემს სახლში და მეტკინა ყველაფერი. რომ ვიგრძენი, ჩემს ნებაზე ვეღარ ვიწანწალებდი, ფრთებს ვეღარ ვგრძნობდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ ნებაყოფლობით პატიმრობაში ვიყავი.

- თუ გინდა, შენთან დავრჩები. - შემომთავაზა ეკამ, მანქანიდან რომ გადმოვედი. უარი არ მითქვამს, ვიცოდი, ვიღაცისთვის უნდა გამეზიარებინა ჩემი ეჭვები, სხვა შემთხვევაში ჭკუიდან შევიშლებოდი.
ტანსაცმელს რომ ვიხდიდი საბნის ქვეშ, ვერ მოვითმინე, მაშინვე დავიწყე:
- დათიზე იცის. არ ვიცი, საიდან გაიგო ან რა... მაგრამ იცის და ამის გამო გააკეთა ეს ყველაფერი, თავის ჭკუით ჩემ გადარჩენას ცდილობს. და კიდევ იცი რა?! გულის სიღრმეში ყველა ბიჭი დაბოღმილია დათიზე. ასეთი მეგობრობა იციან კაცებმა.
- უზომოდ სანდო ადამიანია, მე ხომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ყველაზე პატიოსანი და უშეცდომოა ჩვენი ბიჭებიდან.
- იმას რით ხსნი, რომ ჯერ სიყვარული ამიხსნა და მერე მითხრა, თითქოს ამბიცია არ აქვს იმის, რომ მასთან ვიყო.
- იქნებ მართლა ასე ფიქრობს?!
- დათიზე ხომ შეამჩნიე, იმაზეც შეამჩნევდი, აქამდე რამე რომ ყოფილიყო. დღეს გმირობის შანსი მიეცა და მაგანაც არ გაუშვა ხელიდან.
- დათი ცუდ დღეშია...
- ჩემზე მეტად?
- წარმოიდგინე, რაც დღეს ვატომ გააკეთა, ეგ იმას ნიშნავდა, რომ დათი საბოლოოდ უნდა გამოეთიშოს შენთან ფლირტს.
- დებილივით იჯდა, - ვერ ვმშვიდდებოდი. - უნდა ეთქვა... რაიმე უნდა ეთქვა.
- რა თაია, მეორე ცოლად მინდაო?
- ჰოდა, წავალ აქედან, გააკეთებს დედა საბუთებს და წავალ, აღარ დავინახავ.
- ეგრე ძაან გიყვარს?
- თუ აღარ დავინახავ, გამივლის.
- მერე მე? სიზმრების ამარას დამტოვებ?
- მხედავ ხოლმე?
- გნახე რამდენჯერმე, - ხელი გადმოაცოცა და ხელზე მომიჭირა.

ღმერთო ჩემო, ნამდვილი გიჟი იყო. პირველი შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ სხვებს არ ჰგავდა. იმ ბუნებრივ ბარიერს, რაც ახალგაცნობილებს შორის ყოველთვის უპირობოდ დგას ხოლმე, ის უროთი მოსდგომოდა და გაუჩერებლად ანგრევდა, პირველივე დღიდან ცდილობდა ყველგან შემოჭრას, ჩემს სახლში, ფიქრებში, გონებაში, გულში... ზოგჯერ მისი არ მესმოდა, რატომ შემიყვარა და რატომ გამომარჩია იმ ადამიანებშიც კი, ვისაც მთელი შეგნებული ცხოვრება იცნობდა, ვისთანაც მეტი საერთო ჰქონდა. მაგრამ გამოუვიდა, გულშიც და აზრებშიც ერთიანად იყო, თავისი ღრმა შავი თვალებითა და ბროწეულისფერი თავით. ის, რომ ყველაფერს ემოციას ახვედრებდა, რასაც ვუზიარებდი, ის, რომ არაფერზე ეზარებოდა ჩემთან ლაპარაკი, ის, რომ ყველგან იყო, სადაც მჭირდებოდა - გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემს მისდამი დამოკიდებულებასა და სიყვარულში.

იმან, რომ მის კაცურ ბუნებას და შეხედულებებს ვერ ვწვდებოდი ბოლომდე, მისი აზრების ამოკითხვა არ შემეძლო, არადა, თვითონ მშვენივრად გამოსდიოდა. რომ ვიცოდი, თან გოგო იყო და თან არ იყო; იმაზე ფიქრმა, რომ შესაძლოა თავის სიზმრებში ჟიმაობით ქანცს მაცლიდა, გაურკვეველმა აზრებმა... მაინც დამიტოვა ოდნავი შიში, ოდნავი დისტანცია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლიდა, ეკა ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა.
- თან წაგიყვან. - ვუთხარი და თითებზე ხელი მოვუჭირე.
- მართლა?
- წამომყვები?
- აქედან თუ წამიყვან, შენ იქნები ჩემი გადამრჩენელი და ჩემი ღმერთი.
- ასე ძალიან გინდა?
- ნახე ხვალ ჩემი მაღაზია და ამას აღარ მკითხავ მეორედ. თანაც მგონია, დედას ახალმა სიგიჟემ დაარტყა თავში, ცდილობს, იმ ბიჭთან დამაახლოოს, საწყობს რომ ალაგებს. სტრატეგია შეცვალა, ისე ტკბილად მექცევა... მაგრამ თუ იცი, ერთი კვირის ან თვის შემდეგ რა ამბავი დატრიალდება?!
- მიხვდება, რომ იმ ბიჭთანაც არაფერი გამოდის და ისევ გაცეცხლდება.
- ისევ შემახსენებს, რომ ეს სახლი ერთი კაცის არის, ეს კაცი ჩემი ძმაა და მთელი ცხოვრება მისი მდგმური ვიქნები, თუ ვერ გავთხოვდი...
- რატომ არის ეგ სახლი მარტო შენი ძმის, შენ ,,ნაშვილები“ ხარ?
- ვითომ არ იცოდე, რომ საქართველოში ასე ხდებოდა, ასეა და ასე დარჩება სამუდამოდ.
- ეს სახლი ხომ მე მომცა ბებომ?
- ბაბუაშენი კარგი კაცი იყო. იმდენი იშრომა, სანამ ორივე შვილისთვის რაღაც არ შექმნა. ეს სახლი შენ იმის გამო დაგრჩა, რომ ბიძაშენისთვის ქალაქთან ახლოს, ახალი სახლი იყიდა, ამაზე დიდი და ამაზე ძვირად ღირებული.
- ჰო, არ მიფიქრია მაგაზე, არც იმაზე, რომ აქ სახლი მჭირდებოდა. საერთოდაც არაფერს ვგრძნობ, არც მწყინს და არც მიხარია, ეს სახლი რომ ჩემია. არც კი ვიცი, რამეში მჭირდება თუ არა.

- არ გაგიგოს ბებომ, თორემ ეწყინება. ეგ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა მოგემატა ამ სახლის გამო.
- ისეთი უგულო გგონივარ, რომ ფიქრობ, ბებოსთან ამ სახლის გამო ვრჩები?! - ნაწყენი გამომეტყველება მივიღე.
- ეგ მორალური პასუხისმგებლობაა და ადამიანური, რასაც შენ აკეთებ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ხომ ხვდები, რომ ამ სახლის პატრონი თუ ხარ, ბებოს პატრონობის ვალდებულებაც გაქვს ავტომატურად.

გავჩუმდი. ახლაც გადასარევად ხვდებოდა ყველაფერს. მგონი, ჩემს არაცნობიერში ერთი ოთახი ჰქონდა „ქირით აღებული’’.
- იქნებ ამ საწოლში ერთ დღესაც ვატომ ინებივროს...რას გაიგებ წინასწარ.
ვითომ სერიოზულად თქვა და თან საბანში ჩაყო თავი. თავის ქვეშიდან ბალიში გამოვიძრე და ჩავარტყი.
- კარგი გული აქვს. - თავი ამოყო საბნიდან. - თან მეორე სახლს დაითრევ. - ახარხარდა.
- ეს ერთიც ოხრად მრჩება, ვატყობ... - ამოვიოხრე. - ისე, გახსოვს, ბავშვობაში, რომ ვერ მიტანდა და ამბობდა, რას ჰგავს, ამას ცოლად არ მოვიყვანო. ხედავ, როგორ შეიძლება ყველაფერი უკუღმა დატრიალდეს.
- ნახე, რა ბოღმიანი ყოფილხარ. ეგ რანაირად გახსოვს, საუკუნის წინ რა თქვა.
- გაჩუმდი რა, ნერვებს მიშლი.
გადავბრუნდი და ზურგი ვაქციე.
- ძლივს გაჩუმდა. - ჩაილაპარაკა და გაეცინა.

წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ანა
ეს რა წამებაა :)) ვისაც კითხვა უყვარს ეს წამებაა, ელოდო ყოველდღე და თან პაწაწა ტექტებს, თუ შესაძლებელია დადეთ ერთიანად, თუ არა, უფრო მეტი თავი.
18:38 / 30-03-2020
გამოხმაურება / 1 /
eto
gagrdeleba rato ar aq
20:43 / 21-04-2020
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93