ნოველები

სადღაც ყოველთვის არის მზე. 1. ცხელი შესვენება

სადღაც ყოველთვის არის მზე. 1. ცხელი შესვენება

იდეალური? არა, არც სრულყოფილი. მგონი, რაღაც ამის სრულიად საპირისპირო... ანდა საერთოდ დედამიწაზე სადაა იდეალურების ადგილი. რაღაც არაამქვეყნიური ცნებაა, თუმცაღა ადამიანებს მაინც შესწევთ უნარი, იპოვონ მეორე ადამიანი და იდეალურად მონათლონ. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სრულებითაც არ არსებობს არაფერი მსგავსი, თუკი ის თვლის, რომ მისთვის სასურველს მიაგნო.

მაგრამ ჩემს შემთხვევაში, პირველივე წამიდან ვაანალიზებდი, რომ საქმე სრულიად სხვა რამესთან მქონდა. რატომ არის, რომ რაზეც გვეცინება თავიდან, ბოლოში ზუსტად ის გვატირებს ხოლმე?! განსაკუთრებით, თუ საქმე ჩემისთანა ცინიკოსს ეხება...
იმ წელს ყველაფერი იწვოდა, ყველაფერი, ჩემი გულის გარდა. ბალახი და ფოთლები უმოწყალო მზემ გადაახმო და ცამ წვიმის წვეთის წყალობა არც იფიქრა. ხალხი კონდიციონერიან შენობებს აფარებდა თავს. შედარებით ღარიბმა ფენამ მაღაზიიდან ,,ვინტილატორები“ გააქრო. სქელი შუშების მიღმა ემალებოდნენ მცხუნვარებას ავტომობილების მძღოლები, მაგრამ არა მე...

- საწვავს ზოგავ თუ რა ჯანდაბად მკლავ? მარაო მაინც ჩააგდე ამ ოხერ მანქანაში. - ანა გაუჩერებლად წუწუნებდა დანიშნულების პუნქტამდე და ზუსტად ეს მართობდა, რომ გზას მოწყენილობისგან არ შთავენთქე. ეს ცოტა ქოთქოთა და ზედმეტად ტკბილი, ოდნავ პუტკუნა და შავთვალება გოგო ჩემი დაქალია. ხუთი წელია, რაც (ჯერ ვერ გავარკვიე ზუსტად, მაგრამ მგონი უიღბლო) ქორწინებაშია და სამი შვილი ჰყავს, სამივე გოგო. სხვათა შორის, არც ისე ბევრი წელია, რაც ვიცნობ, მაგრამ რაც ჩემია, ჩემია... ანა ნამდვილად ჩემია.
- მარაო შენსავით დახატულ დამა ქალებს უხდებათ, თეთრი, მრგვალი პირისახის და გიშრისთმიან ქალებს. ასე რომ, შეგიძლია ჩანთით ატარო.
- ჩამირთე რა გაგრილება. - შუშის აწევა დაიწყო.
- დადგება ზამთარი და ეს სიცხე სანატრელი გაგიხდება.
- შენ ჩართე...

დავნებდი, შუშებს ავუწიე და ორ წუთში მანქანას გამყინვარება დაეტყო. ჩემი თეთრი საბურავებიანი და დამჯერი რობოტი 90-ით მიქროდა გავარვარებულ ტრასაზე. დრო ზუსტად ერთი საათი და ოცდაათი წუთი გვქონდა. მერე მე სამსახურში ვბრუნდებოდი და ანას ბავშვები გამოჰყავდა ბაღიდან. ტყეში შეჭრილ რესტორანს მივადექით. ჯერ სიგარეტის კოლოფები და სანთებელები ამოვყარეთ ჩანთებიდან და მერე ორი კოქტეილი შევუკვეთეთ, მან - მეტი ალოკოჰოლით და მე, ტრადიციულად, როგორც მარადმძღოლმა, სტანდარტული, ცოტაოდენი სასმლით.

- ჩემს ქმარს წინაზე სამი ჭიქა ღვინო ჰქონდა დალეული და რომ გაგვაჩერეს, ,,არ ამოუვიდა“. - ანამ სიგარეტი მოქაჩა და ბოლი რგოლებად გამოუშვა.
- ცხრა იმდენ საჭმელს აყოლებს და რა ამოუვა ტესტში, ქაბაბი?
ორივეს გაგვეცინა. რესტორნის მოკრძალებულ ვერანდას ჩრდილი ედგა, მაგრამ მზე მაინც გვარიანად ადუღებდა ყველაფერს.
დრო ისე გაგვეპარა, ვერ ვიგრძენი, სანამ ანა მშფოთვარედ არ წამოხტა და არ მამცნო, ბავშვი რომ ბაღში რჩებოდა. მერე მანქანაში შემასწრო და ხელების ქნევით, დაუჩქარეო, მანიშნა. ვიგრძენი, სასმელი ოდნავ მომეკიდა და ყოველ წამს სპიდომეტრს ვუყურებდი, სისწრაფისთვის რომ არ გადამეჭარბებინა. ანა ისევ აღშფოთებული იყო თავის ქმარზე და ჩემს ბედს შენატროდა.
- დაშორება რომ კარგია, შენგან მესმის მარტო. დანარჩენი ყველა შერიგებას ჩამჩიჩინებს. ისიც გიჟივით დამდევს, დღეში ცხრაჯერ მწერს, ვითომ გოგოებზე ფიქრობს... რამდენჯერ მითხოვია, რომ საღამოს დაეტოვებინა და სულ საქმე ჰქონდა. ახლა ყოველ მეორე საღამოს მიჰყავს, მარა შევურიგდები თუ არა, ყველაფერი იმ დროს დაუბრუნდება და სიტუაციას, რაც იყო.
- სასაცილო რა არის, იცი? - უსაფრთხოების ღვედს აწვალებდა ანა.
- რა?
- ის ყველაზე კარგია ჩვენი სამეგობროს ქმრებში და მაინცდამაინც თქვენ დაშორდით. იმის მეათედის ატანა არ გიწევდა, რაც მე და ნანუს.
- შენ ვერ შორდები. ცხრა ბავშვი რომ აჩინე, სადღა წახვალ ახლა ამ ფარით?
- ერთით სად წავიდოდი?
- ერთით უფრო წახვიდოდი და ნანუს კიდევ, შენ ხედავ, რომ ცუდი ჰყავს და მე, თორე თვითონ კმაყოფილია.
- კმაყოფილი კი... ძაან, უბრალოდ ლაპარაკი არ შეუძლია და წუწუნი.
- ეგ ერთადერთია, რაც ყველა ქალს შეუძლია, ანა. და თუ დაფიქრდები...
- იქ რა ჯანდაბა ხდება? - ლაპარაკი შემაწყვეტინა და წინ წაიწია. ვიგრძენი, ალკოჰოლის ბოლო წვეთი როგორ ამიფეთქდა თავიდან და ბოლომდე გამოვფხიზლდი. ჩემი თეთრი პასატი ელვის სისწრაფით გადავიყვანე ქვიან გზაზე და ისეთი გადავხტი, კინაღამ უსაფრთხოების ქამარს გამოვედე და ძირს დავეცი.

- მე გადმოსვლა არ შემიძლია, მეშინია, - მომაძახა ანამ.

სამი მანქანა იყო ერთმანეთს დაჯახებული. სამ ნაბიჯში ვიგრძენი, რომ ცოტაც და, ინერციით დავეცემოდი. ერთიანად ვკანკალებდი. დაშავებულს იმ წამს მხოლოდ ერთ კაცს ვხედავდი. ახლოს რომ მივედი, ერთ-ერთ მანქანაში ასაკოვანი ქალი იყო სავარძელზე გადაწოლილი და თავს ვიღაც კაცი დასტრიალებდა. ,,მწვანე“ ჰიპერმარკეტთან აშკარად იმ წამის მომხდარ ავარიას წავადექი ზედ.

სხვა დაზიანებული არავინ ჩანდა. აქეთ-იქიდან გამვლელი მანქანები ჩერდებოდნენ და ორ წუთში უკვე 30 კაცი მაინც ვედექით თავზე გასისხლიანებულ კაცს, უფრო სწორად, ოცდაცხრა კაცი და ერთი ქალი. გარშემო ვუვლიდი და ხან ვამბობდი, რითი დავეხმარო-მეთქი და ხან სასწრაფო რამდენ ხანში მოვაო. ამდენი სისხლის დანახვაზე ძალა მთლიანად მეცლებოდა. სასწრაფო რომ მოვიდა და პოლიცია, დაგვშალეს. მერეღა გავხედე ჩემს მანქანას. ანას ვანიშნე, ორ წამში მოვალ-მეთქი და შიგნით შევედი. სიგარეტი დაუდევრად შევიძინე და იქვე გავაბოლე. მერეღა გამახსენდა, რომ ქალაქის მთავარ ტრასაზე ვიდექი და ნაცნობების სალაპარაკო კიდევ ერთხელ უნდა გავმხდარიყავი. ,,ჯერ ქმარი მივატოვე და ახლა ტრასაზე ვეწეოდი კაცების თანდასწრებით ბოზი ქალივით“ - აქ ასე იტყოდნენ.

- გადმოჯექი რა, მანქანის მართვა არ შემიძლია, - ვუთხარი ანას და მგზავრის მხარეს კარი გამოვაღე. 
- ნასვამი რომ ვარ?!
- მე ხო ფხიზელი ვიჯექი?!.
ანა საჭესთან გადაძვრა და გვერდით მივუჯექი. სულ მაოცებდა, ასეთ პუტკუნა ქალს საიდან ჰქონდა ჩემზე მეტი მოქნილობა და პლასტიკა. ისე უცებ გადაცოცდა, მანქანიდან ფეხის ჩადგმა არ დასჭირვებია.
- რა უშველე ახლა, რომ გადახტი? რომელი ექიმი შენ მყავხარ? - მკითხა და მანქანა ქვიანი გზიდან ასფალტზე ნელი სვლით გადაიყვანა. - როგორ კანკალებ. მგონი, იმ კაცზე უარესად ხარ, დაწყნარდი, აბა. - თვალები მრისხანედ დამიბრიალა. - ხომ არ მომკვდარა, რა გჭირს?
- ჰო, იმედია, არ მოკვდება, გონზე იყო, მაგრამ არაადეკვატურად იკლაკნებოდა. საშინელება იყო.
ბაღთან ანა მანქანიდან გადავიდა და მერე თავი შემოყო ისევ.
- თუ გინდა, დამელოდე და სამსახურში აგიყვან, მარა მაინც ვერ ვხვდები, რა განერვიულებს ეგრე.
- არა, გადამიარა და წავალ ნელა-ნელა.
- სამსახურში რომ მიხვალ, მომწერე. - მომაძახა და კარი მომიკეტა.

თავი დავუქნიე და იქაურობას გავეცალე. მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რომ შესვენებაზე ვიყავი გამოპარული და ისევ ვაგვიანებდი. საათისთვის რომ დამეხედა, ხელი მოვაფათურე სავარძელსა და გახსნილ ჩანთაში და ამასობაში კინაღამ უკნიდან ფურგონი შემასკდა. გაბმულმა სიგნალმა მიმახვედრა, რომ გზიდან უნდა გადავსულიყავი და ისე გამეგრძელებინა ძებნა. ტელეფონი არსად იყო. სავარაუდოდ, ან რესტორანში დამრჩა, ან ავარიის ადგილას ჩამომვარდა. ანუ ჯერ ტელეფონი მქონდა საძებნი და მერე ბოსის მკაცრი საყვედური ასატანი. ჭკვიან კამერებს ნორმაზე ბევრად სწრაფად ჩავუქროლე და უკან დავბრუნდი. გზად ჯერ ავარიის ადგილი უნდა გამეარა. ამიტომ ჯერ იქ გადავწყვიტე შევლა. რამდენიმე კაციღა იდგა და ისევ ავარიის დეტალებს არჩევდა. გვერდით ჩავუქროლე და ჰიპერმარკეტში შევქანდი.
- მობილური... - გავაღე თუ არა პირი, უჟმურსახიანმა გოგომ დახლის ქვემოდან ჩემი ტელეფონი ამოაძვრინა და ოდნავ უხეშად დამიდო წინ. მაგრამ ამის სახე ახლა ნაკლებად მადარდებდა. მაინც გადავუხადე მადლობა, კარებში გიჟივით გამოვვარდი და მანქანა ადგილს მოვწყვიტე. სარკეში რომ გავიხედე, მერეღა მივხვდი, რომ გზა ავამტვერე და პირდაპირ ცხვირ-პირში შევაყარე ამ კაცებს ქვიშა.

სამსახურში ქოშინით შევვარდი. შუშის კარზე ჩანთა მიმეხეთქა და იმხელა ხმა ჰქონდა, მიმღებში სოცქსელში ჩავარდნილი გოგო სკამზე საგრძნობლად ახტა.
კიბეზე ავირბინე და ჩემს სკამზე გაჭიმულ ბოსს წავადექი თავზე. ნელა შემობრუნდა. თავი ზუსტად ჩემს მკერდთან ჰქონდა.
- დამაქვეითეს, - მითხრა და იმ ამაზრზენმა ღიმილმა, ასე რომ მძულდა, სახე მოუმანჭა.
- მე კიდევ, მგონი, გამაგდეს. - იდიოტივით გავიღიმე და უკან დავიხიე.
- ისევ შენი ღიმილი თუ გიხსნის.
- ჯერ ავარიას გადავაწყდი და მერე...
- სად მოხდა? - შეიცხადა.
- ცენტრალურ ტრასაზე, ,,მწვანე“ ჰიპერმარკეტთან.
- ჰოო?!!! დაშავდა ვინმე? - თავი მოიქექა და მერე მუცელზე მომაშტერდა.
ინსტინქტურად ხელები მუცლისკენ წავიღე და მერე ნიშნობის ბეჭდის წვალება დავიწყე, რომელსაც წარმოდგენა არ მაქვს, რა დანიშნულებით ვატარებდი.
- ერთი კაცი, მაგრამ გონზე იყო.
- მეილები მოგივიდა და პასუხები მიიწერე, - მითხრა და სახე დაასერიოზულა. მაგრძნობინა, რომ სულ ფეხებზე ეკიდა ავარიაც და კაციც. მერე ადგა და კაბინეტისკენ წავიდა. ღრმად ჩავისუნთქე. მეზიზღებოდა სუნამო, რომელიც ესხა და ეს კაციც მძულდა ჭირის დღესავით. სამსახურში მხოლოდ იმიტომ დავდიოდი, რომ სახლში ჯდომის უმწარესი გამოცდილება მქონდა და რაღა თქმა უნდა, ფული მჭირდებოდა.


გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93