დილის ოთხზე გამაღვიძა ნატას ტირილმა, ცუდი სიზმარი ენახა და ვეღარაფრით ვაფხიზლებდი, მისაღებში გავიყვანე, პირი ცივი წყლით მოვბანე, წვენი დავალევინე და ვეცადე კვირის ყველაზე სასიამოვნო ამბები გამეხსენებინა. ამან ალბათ ერთი საათი მაინც წაიღო და მაღვიძარამ რომ დარეკა თავს ვეღარაფრით ვწევდი ბალიშიდან.
ისევ მაგვიანდებოდა, 20 წუთი მაგრამ ხუთიც რომ ყოფილიყო კახა მაინც კარში დამიხვდებოდა და დამპლურად მეხუმრებოდა, თავი ვერაფრით ავარიდე, ისევ ჩემს სამუშაო მაგიდასთან იჯდა.
- მეგონა იხუმრე საყვარლის და სასმლის თაობაზე გუშინ რომ მიდოდი. - მითხრა და თვალები ამიჟუჟუნა, ვგრძნობდი რომ მეფლირტავებოდა, არც ისე რომ საბაბი მოეცა გამომელანძღა და არც ისე რომ ვერაფერს მივმხვდარიყავი, სკამიდან წამოდგა და ისე ძალიან ახლოს გაჩერდა მისი ,,პოსლე ბრიწიას“ უმყრალეს სუნს მთელი არსებით ვგრძნობდი.
- ხელფასიდან დამიქვითე, ოღონდ ასე ნუღა მეხუმრები. - შევეხვეწე.
- ნია, ხასიათში გადაგდის ეგ შენი მარტო ყოფნა, რამდენიმე წელია ერთად ვმუშაობთ და თავს ამიტომ ვაძლევ უფლებას ეს გითხრა, ადრე სხვანაირი იყავი, უფრო მობილიზებული, ყურადღებიანი, რაღაცნაირად ,,დაიკიდე“ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ ყველაფერს და ეს შენს ნაშრომს მუდმივად ეტყობა.
- რაში ეტყობა მაინც? - მზის სათვალე და ჩანთა მაგიდაზე დავაწყე და ამ მოძრაობამ საშუალება მომცა მისგან ერთი ორი ნაბიჯით შორს ვმდგარიყავი.
- შენი განწყობა რანაირიც არ უნდა იყოს დატოვე სახლში, ან ქუჩაში, თუ გინდა შენს მომხიბვლელ ცეცეში, ოღონდ აქ აღარ დამანახო, იმის გამო არა რომ წესითაც ასე უნდა იქცეოდე, უფრო იმის გამო რომ შენ რომ გპატიობ, ხელფასიდან არ გიქვითავ და კიდევ საყვედურს მკაცრი ფორმით არ გაძლევ მერე სხვებიც აძლევენ თავს უფლებას შენსავით მოიქცნენ და მე შენ და იმ სხვას სხვადასხვანაირად ვერ მოგექცევით, მიუხედავად იმისა თუ როგორ მინდა მოქცევა შენთან, და იმის კიდევ რომ მართლა მინდოდეს შეიძლება განსხვავებულად მოგიდგე და მოგექცე, მე შენს უპირატესობას სხვებთან შედარებით აქ ვერ გამოვხატავ, ეს სამსახურია, შენობის გარეთ ყველაფერს გაპატიებ და დაგითმობ.
ეს დამპალი, აბა ლოგინში ჩავუგორდე შენობის შიგნითაც თუ არ დამითმოს?! არა რა ჯანდაბაა, იცის რომ ქმარს ვარ გაცილებული და ზუსტად მაგიტომ აძლევს თავს უფლებას ასე მელაპარაკოს, არაპირდაპირ, მაგრამ ირიბად მანიშნოს რომ რაც მეტს მივცემ მეტი უპირატესობით ვისარგებლებ, რას გადამეკიდა, კატო ათასჯერ ლამაზია ჩემზე, უფრო სექსუალურად იცვამს, უფრო მოვლილია და ყველაფერზე წამსვლელიც მგონი, მაგრამ კაცია რა, ის უნდა რისი მიღების იმედიც დიდად არ აქვს, დიდად კი არა სრულებით არ აქვს.
- არ მინდა რომ რაიმე პრიორიტეტით ვსარგებლობდე, მე პირადად ამის მიზეზს ვერ ვხედავ, დამიქვითეთ ხელფასიდან, არ ვიცი... არაფერს გთხოვთ ისეთს რასაც სხვა თანამშრომელი არ მოითხოვდა მგონი...
- სულ უცხოსავით უნდა მელაპარაკო?
- უფროსივით... - შევუსწორე.
- შეუვალი ხარ, და არაფერში წაგადგება ნია... - ბოლო სიტყვებზე შუბლი წამოუწითლდა და გამერიდა, რატომ არ შეეძლო იმის გაგება რომ სასტიკად არ მომწონდა როგორც მამაკაცი, და რომ ვფიქრობდი თვითონ რა კუთხით მხედავდა ამაზეც კი გული მერეოდა.
სკამზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, რანაირად უნდა მეგრძნობინებინა ამ კაცისთვის რომ არასდროს, არასდროს არ ექნებოდა იოტისოდენა შანსიც კი, რომ დაენებებინა ამ გამაღიზიანებელი ხუმრობებისთვის თავი, ზუსტად ამიტომ აღარ ვიყავი უწინდებურად, რადგან მუდმივად ვუღიმოდი იქნებ ეგონა კიდეც რომ მასთან სხვა სახის ინტერესებიც მაკავშირებდა.
შუადღემდე თავაუღებლად ვიმუშავე, სანამ ყავის დალევის სურვილმა ავადურად არ შემიტია არ ავმდგარვარ, სამზარეულოში რომ გავედი ტელეფონი ავიღე, ვიფიქრე სოც ქსელს გადავხედავდი, შესვენებაზე გასვლაზე აღარც მიოცნებია. ჩავრთე თუ არა ,,მესიჯ რექვესთი“ დამხვდა, კინაღამ გული გამიჩერდა, ნიკას შეტყობინება იყო, კაცის, რომელიც 16 წლიდან მიყვარდა და როცა გავთხოვდი მგონი მერეც, ერთხელ როცა ლიზა თვეების მყავდა ქუჩაში გადავეყარე, და დავინახე თუ არა კინაღამ ტროტუარზე გავიშხლართე, მანქანით ჩამიქროლა, როგორც ყოველთვის აუდიოსისტემა იქაურობას ანგრევდა, რაღაც ლათინოამერიკულ იმ დროს გახიტებულ სიმღერას უსმენდა, არა, უსმენდა კი არა, მთელ ქუჩას ასმენინებდა, არ ვიცი დამინახა თუ არა, იმიტომ რომ გული, ფილტვები და მგონი ტვინიც ერთ წერტილში მოქუჩდნენ და რამდენიმე წამი ადგილზე გამაძეგლეს, ის იყო პირველი მარცხი ჩემს თავთან, პირველი გამოტყდომა რომ დიტოს ისე ვერასდროს შევიყვარებდი როგორც ნიკა მიყვარდა. მისმა, უბრალოდ თვალის მოკვრამ ერთი კვირა დამამუნჯა, ქარიშხალივით გადაუარა ჩემს აწმყოს სადაც უკვე სამი წელი იყო ჰარმონია და გაზაფხული სუფევდა, შემოდგომის ფოთლებივით გადმომაყარა მოგონებები და მთლიანად ჩამმარხა მათში. არ მახსოვს ორი კვირა დამჭირდა თუ ორი თვე, მაგრამ საკუთარ თავთან ხელახალმა ომმა მიშველა, ვცდილობდი იმაზე მეფიქრა რა ცუდად მომექცა, თვეობით რომ იკარგებოდა, თან მაშინ ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა და მიჭირდა, რომ მაწამებდა, ათას ქალთან რომ მქონდა ყოველ ჯერზე გასაყოფი, იმაზე ვფიქრობდი რის გამო დავშორდი და ამას იმდენად ხშირად ვაკეთებდი სანამ დიტოსთან ყველაფერი უწინდებურ კალაპოტს არ დაუბრუნდა.
შეტყობინება გავხსენი. ,,ისევ მე თუ გამახსენდი და მოგძებნე, შენი იმედი რომ არაფერში უნდა მქონოდა სხვა კაცს რომ აეტუნტულე მაშინ მივხვდი (ღიმილიები) როგორ ხარ, ფოტოებს გადავხედე, ულამაზესი გოგოების დედა ყოფილხარ, გამიკვირდა ცოტა...კიდევ უფრო ლამაზი ხარ“
ინტიქტურად გავვარდი აივანზე, მერე წინ და უკან სიარული დავიწყე, როგორ შეეძლო წლების მერეც კი ასე ავეფორიაქებინე, სადღაც ყელთან ვგრძნობდი გულისცემას, ან მართლა საიდან გავახსენდი, პროფილი გადავათვალიერე, დახურული ჰქონდა, რამდენიმე ფოტო ჩანდა სულ და ღმერთო როგორი სიმპატიური იყო იმ ფოტოებშიც კი სულელურად რომ იღრიჭებოდა, უნიჭო სელფები ედო, სხვა რომ არასდროს ატვირთავდა ისეთები, მთელი ჩვენი ნაცნობობის მანძილზე, სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება რომ ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, და ზუსტად ეს უყვარდა ყველას მისი, ზღვარგადასული იუმორი, ქართული ყველაზე უგემოვნოდ შესრულებული საქეიფო დარდიმანდი სიმღერები იმ დროისთვის ყველაზე ,,ძერსკ მერსედესში“, ყველაზე შეუფერებელ დროს ყველაზე შეუფერებელი ქცევები და სურვილები და მე... თავისზე 6 წლით პატარა, მოუწესრიგებელი, კეტებიანი და შლაქსებიანი, თმადაუვარცხნელი 16 წლის ბავშვი, ბრიჯებზე ამოცმული უზარმაზარი ზოლიანი ნასკებითა და კაპიუშონიანი სპორტული ზედებით. მაშინ როცა მთელი უბნის გოგოები კუდში დასდევდნენ, თანაც ჩემზე მოწესრიგებულ- დავარცხნილები და ასაკითაც ჩემზე დიდები იმან მე ამომიჩემა, დღე და ღამე დამდევდა, მანამდე ვიდრე ის არ მოხდა რაც მოხდა და ვიდრე იმ მდგომარეობამდე არ მივედი ახლა რომ გახსენება აღარ მინდა.
არა, მის მიმართ რომ დიდი ხანია არაფერს ვგრძნობდი და განვიცდიდი ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ამაფორიაქა, მგონი იმ აზრმა უფრო რომ ამდენი წლის მერე მაინც ვახსოვდი.
მოკლე და მშრალი პასუხი დავუბრუნე. ,,როგორ ხარ? ვაფასებ ძებნის მეთოდს, ურთულესი აგირჩევია (ღიმილები)“
შეტყობინების ხმაზე იმ წამს ჩადებული ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე, ისევ ეს კაცი...ღმერო ჩემო, მართლა ვერ არის კარგად, საერთოდ წარმოდგენა თუ აქვს ვინ ვარ, საიდან ვარ, როგორი ვარ, რომ შვილები მყავს და თითქმის ქმარიც, რომელსაც გაშორებული ცოლის კვალობაზე ზედმეტად ხშირად ვხვდები.
,,წარმატებულ დღეს გისურვებ“
გიჟივით გამეცინა, ტელეფონის ეკრანს თვალი გავუსწორე და ჩავძახე, შენღა მაკლდი.
- ასეთი უკვე მომწონხარ, - გამომძახა სამზარეულოდან კახამ.
- შენი დედაც... - ჩავიბურტყუნე, აივანზე გადავეყუდე და ყავის სმა განვაგრძე.
გაგრძელება იქნება