საღამოს ბოსმა ადრე დაგვტოვა. ტუალეტში იმდენი სუნამო დაესხა, ეჭვი არ მეპარებოდა, საინტერესო ვიზიტი ელოდა წინ. უბრალოდ, ამას რამდენად საინტერესო ქალი შეიძლება შეხვედროდა, მაგას ვერ ვხვდებოდი. ღმერთო, რა უსიმპათიო იყო თავისი მსუქანი ლოყებით, წითელი თავითა და ზედმეტად გახუნებული ლურჯი შარვლით; იმ წვეტიან ფეხასაცმელზე უბრალოდ აღარაფერს ვამბობ. წინ ჩამიქროლა ისე, რომ ზედ არ შემოუხედავს. ალბათ, იფიქრა, ზოგჯერ ასე მოქცევა მეტ ეფექტს სძენდა. გავიდა თუ არა, ფანჯრიდან გადავხედე. მანქანა დაძრა და მეც ჩანთა მოვიკიდე.
ზოგადად, მაქვს ქცევები, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვხსნი. არავითარი მიზეზი არ მაქვს და მიზანი, უაზროდ ვაკეთებ. შესაბამისად, რატომ ვაკეთებ, არც ამაზე არ მაქვს პასუხი. ჰო, მართალია, ის ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი და მოწესრიგებული ჰიპერმარკეტია გარშემო პერიმეტრზე, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე ხომ შემიძლია თავი ავარიდო და შოკოლადები რიგით მარკეტში ვიყიდო... მანქანა სადგომზე გავაჩერე და რომ გადმოვედი, ნიკასგან შეტყობინებაც მოვიდა. კარს მივეყრდენი და გავხსენი. ისე მაინც მიჩქარებდა გულს ოდნავ, 29 წლის ასაკშიც კი, იმ ამბებიდან მთელი საუკუნე-ნახევრის შემდეგაც კი... მაინც...
,,როგორ ხარ, მომიყევი, რა ამბებია შენთან?“
,,ბავშვები, სამსახური და სახლი, შენთან რა ხდება?“
ვუპასუხე და ტელეფონი მანქანაში დავტოვე. აქეთ-იქით გავიხედე. არსად ჩანდა. მინდოდა, კიდევ ერთხელ შემეთვალიერებინა, რომ არ მომეწონებოდა ერთხელ კი არა, ასჯერ რომ მენახა მაინც - ამაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თვითონ რომ მხედავდა, ის მომწონდა, თავს სამუზეუმო ექსპონატად ვგრძნობდი. რომ მოგწონს, გინდა კიდეც, მაგრამ ვერაფერს იზამ, მხოლოდ ყურების უფლება გაქვს. ეს ისეთი ქცევა იყო ზუსტად... უაზრო. ამ დროს ჩემი თავი კიდევ უფრო მომწონდა, რომ ვგრძნობდი, ვიღაც ისეთს მოვწონდი, შანსს რომ არასდროს მივცემდი (კახაზე ეს მოსაზრება არ ვრცელდებოდა).
შიგნით დამხვდა და ერთი წამი ზუსტად თვალებში შევხედე. ვითომ არაფერი, ისე ჩავუქროლე რეაქტიულივით და უაზროდ ჩავილაგე თაროებიდან კიტრის მარინადი, კეტჩუპი, რაღაცის მწნილი და ათასი სისულელე.
რომ გავედი, თავსხმა იყო დაწყებული, თითქოს ცამ პირი დააღო და ზღვად გადმოსკდა ცრემლები. სანამ მარკეტის კარიდან მანქანამდე მივაღწიე, გვარიანად დავსველდი. შევხტი თუ არა და კარი მოვიკეტე, შეტყობინება მოვიდა.
,,როგორც იცი, მაინცდამაინც ისე ნუ ივლი დღეს. სახლში რომ მიხვალ, მომწერე, ვინერვიულებ“.
საქარე გადავწმინდე და ვიტრინებისკენ გავაპარე თვალი. კართან იდგა და სავარაუდოდ, ჩემს მანქანას იყო მოშტერებული. გამეცინა. ბოლოს როდის მითხრა კაცმა, რომ ჩემ გამო ინერვიულებდა, ვერაფრით გავიხსენე, ან საერთოდ თუ უთქვამს ვინმეს ასეთი რამე... მგონი, არა... სისულელე იყო. რა თქმა უნდა, არ ინერვიულებდა, მაგრამ ხომ არსებობს ისეთი ტყუილები, რომ იცი, ტყუილია და მაინც მოგწონს... აი, ეს იყო ზუსტად ასეთი.
სახლში რომ შევედი, არავინ დამხვდა, ბავშვები დღეს დიტოსთან რჩებოდნენ. ანას დავურეკე, ვთხოვე, ამოსულიყო. მარტო ყოფნა საშინლად არ მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ვიყავი დაღლილი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც.
დივანზე ჩამოვჯექი და ტელეფონში კიდევ ერთხელ გავხსენი ბოლო შეტყობინება. მერე პასუხი ისე დავწერე, არ მიყოყმანია.
,,მოვედი “
,,ექიმი ხარ?“
ეს საიდანღა მოიტანა, არ მახსოვს მარკეტში თეთრი ხალათით შევფრატუნებულიყავი.
,,არა, რატომ მკითხე?“
,,იმ დღეს ისე ცდილობდი იმ კაცის დახმარებას, რა ვიცი, ეგრე ვიფიქრე“
,,არა, ექიმი ნამდვილად არ ვარ“
აღარაფერი მოუწერია. შვიდჯერ მაინც დავხედე ტელეფონს, რაღაცნაირად დიალოგის გაგრძელებას ველოდი.
ყავა მოვიხარშე და ფანჯარა გამოვაღე. უნაკლო ამინდი მარტოხელა ქალისთვის, თავსხმა წვიმა და სიმშვიდე, ყავის ორთქლი და სიგარეტის კვამლი, აუტანლად კარგი კომბინაცია. საკეტში გასაღების გაჩხაკუნების ხმა გავიგე და გაწუწული ანაც დამადგა თავზე.
- არ იტოვებდა ბავშვებს. სანამ არ დავაძინე, ვირზე იჯდა და მერეც ცხრაჯერ მომაძახა, რომ გაეღვიძოს რომელიმეს, მე ვერ დავაძინებ და მალე მოდიო. რა დამპალია...
- დამშვიდდი და დაჯექი... - დედამთილზე ყრიდა ისევ ცეცხლებს.
- ჰო, კარგი სათქმელია, შენ რა გენაღვლება, მარტო სახლში, არც ბავშვები, არც ქმარი, ოთახში აბოლებ...
- ნიკამ მომწერა, - ბოლი უხვად გამოვუშვი შეღებული ფანჯრის მიმართულებით.
- ვათ????
- ვათ და დის... - გამეცინა.
სკამზე ისე დაჯდა, რომ გაოგნებული გამომეტყველება არ მოუშორებია სახიდან.
- რა უნდა, მაგანაც გაიგო, რომ ქმარს გაშორდი?
- ეგ დიდი ხანია ეცოდინება.
- რაო? სექსი მინდაო? ახლა მაინცო?
- რა იდიოტი ხარ, ახლა მაინც... - გამოვაჯავრე.
- აბა?
- რა აბა?!
- რა აბა და ორი წელია თუ მეტი ცოტა, რაც კაცი არ მოგკარებია.
- საინტერესო დასაწყისია... მერე?
- ჰოდა, თუ რამე... რა უჭირს... ჰა? - პაუზებით თქვა.
- კაცი რომ მდომებოდა, ქმარი მყავდა.
- ქმარი-კაცი არ გინდოდა, ისე კაცი გინდა.
სიცილი ამიტყდა.
- არც ამასთან მინდა, აღარაფერს ვგრძნობ, საერთოდ. სახეზე როგორი იყო მანამდე, ვერ აღვიდგინე, ვიდრე ფოტოებს არ გადავხედე.
- მოკვდები, შე უბედურო...
- უსექსობით?
- ჰო... ეგეც კლავს. ტვინის რომელიღაც უბანს გარდაუვლად ესაჭიროება სექსი... და ხასიათსაც გამოისწორებ, რა უჭირს, ერთი ღამისთვის... ცდი... ქმარი მაინც აღარ გყავს და...
ანა ადგა, ყავა დაისხა, ჩემი კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და ფანჯრის კუთხესთან ჩამოეყუდა.
- უკვე აუტანელია დიტოს ყოველდღე აქ სიარული, ანა...
- ვაიმე, ნეტა მეც ყოველდღე ვხედავდე და ეს ბავშვები ხანდახან მაინც მიჰყავდეს ვინმეს.
- არა, არ გესმის. ის, რომ თავისუფალი ვარ, ვერ ვგრძნობ. დიტოს ყოველდღე დანახვა აღარ მინდა, არადა, ბავშვების გამო სრულიად ხელფეხშეკრული ვარ, გესმის? ლიზას იმას ვერ ავუხსნი, რომ მამამისთან გაშორებული ვარ და ყოველდღე აქ მისი დანახვა აღარ მინდა. შემიძულებს, ქვეყანას ურჩევნია დიტო.
- ჰო, არ ვიცი, რა უნდა ქნა...
- არ ცდილობს, რომ იშვიათად შევხვდეთ. ხომ შეუძლია ბავშვები მერე მომიყვანოს, რომ მოვალ სამსახურიდან და კიბესთან დაემშვიდობოს? ეს დივანზე გორაობა და ტელევიზორის ყურება რა ჯანდაბაა, ბარემ ჩუსტებს ვუყიდი და დარჩეს ღამე.
შეტყობინების ხმაზე ინსტინქტურად წამოვხტი, მისაღებში გავედი და ეკრანს დავხედე.
,,არ იძინებ?“ - ისევ ის იყო, ნახევრად მელოტი.
,,ჯერ არა“ - ვუპასუხე და ტელეფონს ხმა გავუთიშე.
- ნიკა იყო? - ანამ ცნობისმოყვარე მზერა გამომაყოლა.
- არა, დიტო... რას ვამბობდი? ჰოდა, განქორწინებასაც რომ არ მიკეთებს, ფურცელზე რა წერია, ეგ რას გიცვლისო, მარწუხებივით მაჭერს მაგისი ეგ ქცევაც, დამოკიდებულებაც და ეგ ფურცელიც.
- ფიქრობს, რომ შერიგდებით, ალბათ, არა?
- ჰოდა, რატომ ფიქრობს, სამაგისო მიზეზს არასდროს ვაძლევ.
- აუ, ნიკასთან თუ რამე ქენი, ხომ მომიყვები?
- ანა, ორი წელია სექსი არ მქონია, არ დამიჯერებ, მაგრამ მოთხოვნილება არ მაქვს, ოდნავადაც კი... სექსი არ მინდა, რა მენატრება, იცი? ურთიერთობები, ფლირტი... მოულოდნელად დაწყებული ამბები... მაგრამ სიმართლე გითხრა, არც მაგის უქონლობა არ მაწუხებს, ხომ გესმის? ასე კარგად ვარ.
- შენ ყველანაირად გაქვს მაგის უფლება... აი, ჩემი რა გითხრა.
- შენც გინდა? - გაოცება ვერ დავმალე.
- მაგაზე ფიქრი რომ დავიწყო... ხომ მიცნობ, ერთი თუ ავცანცარდი, მერე მორჩა, წასულია ჩემი საქმე. ისე, მართლა არ გინდა? ერთი ღამის ურთიერთობა მაინც, რანაირი ქალი ხარ? დიტოსთან როგორ იყავი, სექსის დროს რა...
- ეგ პრობლემა ყველაზე ნაკლებად მქონდა მგონი... და საერთოდ აღარ მახსოვს ეგენი... მაგის გახსენების სურვილი აღარ მაქვს. დიტოს როგორც ახლო ნათესავს, ისე აღვიქვამ.
- ნია, აი, მაგ მხრივ ძაან ვერ გიგებ... ამდენი ხანი ეგრე როგორ ძლებ?
- მართლა არაფერი მინდა, შენთან რა მაქვს დასამალი?! - ვუთხარი და ახლაღა გავაანალიზე, რომ წეღანდელი ეს-ემ-ესის ამბავი დავუმალე, არც დიტო მწერდა და არც ნიკა. ახლაღა დავფიქრდი, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, არც გვარი და საერთოდ არაფერი. მაგრამ რომ ვწერდი, დავუმალე. უფრო იმის გამო, რომ მრცხვენოდა ასეთი ბავშვური ქცევის თუ კიდევ სხვა მიზეზიც მქონდა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი.
გაგრძელება იქნება