ნოველები

სადღაც ყოველთვის არის მზე. 6. სახელი - ურთიერთობის უმნიშვნელო დეტალი

სადღაც  ყოველთვის  არის  მზე.  6. სახელი - ურთიერთობის უმნიშვნელო დეტალი
დილით გავიღვიძე თუ არა, ტელეფონს დავხედე. მოწერა მოესწრო.
,,დილა მშვიდობის, დღეს რა გეგმები გაქვს?“

უცებ გამომაფხიზლა. შეხვედრის პერსპექტივამ ყოველგვარი სურვილი დამიკარგა, რომ მოწერილზე მეპასუხა. სახეს ვეღარ ვიღდგენდი, მაგრამ ემოცია განმიახლდა, რომ დავინახე და კინაღამ ავყირავდი, ისე ძალიან არ მესიმპათიურა. გიჟივით რომ გამოვვარდი ჰიპერმარკეტიდან, აი, ეს ზუსტად მახსოვდა.
,,ვმუშაობ, მერე ბავშვები მყავს, რა ხდება?“ - თავი გავიდებილე.
,,სადმე დავსხდეთ. ისეთ ადგილას წაგიყვან, რომ გაგისწორდეს“.
სასწაული... ამან
რა იცის, რა მისწორდება, ჩემი სახელიც კი არ იცის. საერთოდ, რა უბედურებაა ეს ყველაფერი, მე 29 წლის ვარ და ის, სავარაუდოდ, 39-ის მაინც და 19 წლის ბავშვებივით ვიქცევით. თან არ მომწონს, ყველაფერთან ერთად არ მომწონს, ოდნავადაც კი.
,,იცი, რომ ქმარი და შვილები მყავს?“ - ვაჯახე. ვიფიქრე, დამრტმყელი ეფექტი ექნებოდა და ჩემივე ნათქვამმა ბოლომდე გამომაფხიზლა.
,,არა, საიდან?“

ისე უდარდელად მწერდა, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანა.
,,ჰოდა, დასხდომის ამბავი არ გამოვა. ესეც რომ არა, შენი სახელიც კი არ ვიცი, დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვა“.
,,სახელის ცოდნა ეგეთი აუცილებელი რატოა?“
ხმამაღლა ავხარხარდი. რა ჯანდაბა მამხიარულებდა. საწოლზე გადავვარდი და სულ ხმით ვიხარხარე, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ღმერთო, რა დებილია; ღმერთო, რა წარუმატებელი კანდიდატია ორი წლის მერე, როგორც ანა იტყოდა: ,,ერთი ღამის ურთიერთობისთვისაც კი“. სახელს რა მნიშვნელობა აქვსო. მართალია, პენისის ზომა ბევრად მნიშვნელოვანია სახელზე. საკუთარ აზრებზე კიდევ ერთხელ გადმომცვივდა ცრემლები სიცილისგან. ხასიათზე მოვედი. პასუხი აღარ დამიბრუნებია, წირვა გამოუყვანა ამან ჩვენს მიმოწერას, გავიფიქრე და სამზარეულოში გავედი ფეხშიშველა, ყავა დავადგი და სიგარეტი ამოვაძვრინე კოლოფიდან. დილიდან კარგ ხასიათზე დავდექი. უნდა ვაღიარო, რომ იმის დამსახურება იყო, ჰო, იმის, სახელი რომ არ ვიცი, როგორც თვითონ იტყოდა, სულ არაა ეს დეტალი აუცილებელი.
შუადღეს სამსახურში მომწერა ისევ თვითონ:

,,დაჩი მქვია და შენ ნია ხარ “.
,,სასიამოვნოა, დაჩი". 
მერეღა გამახსენდა, რომ დილანდელი დიდძალი ხარხარის მერე პასუხის მიწერას აღარ ვაპირებდი.
,,უბრალოდ დავსხდეთ სადმე, რა დაშავდება. სადმე განსაკუთრებულ ლოკაციაზე გაგიყვან“.
ქმარი მყავს-მეთქი და როგორ შეუპოვრად განაგრძობდა ჩემ შებმას. ჯერ თავს ძალა დავატანე, გავბრაზებულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ეს დაჟინებულობა ცოტა მომწონდა მგონი.
,,არ გამოვა, დაჩი. თავის მოტყუება რატომ უნდა დავიწყო ან სხვისი მოტყუება, რის გამო?“
,,კაი, შენ როგორც გადაწყვეტ“.
ტელეფონი გადავდე და კიდეც წამომადგა ვიღაცის ჩრდილი თავზე. ვიფიქრე, კახაა-მეთქი და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, მაგრამ შევცდი, დიტო იყო.
- გამოდი რა ცოტა ხანს გარეთ. - ეტყობა, სწრაფად ამოქანდა კიბეზე, ქოშინებდა.
ხმა არ ამომიღია, უკან გავყევი დერეფანში და მანქანის სადგომთან აღმოვჩნდით, ზუსტად ჩემი მანქანის უკან.
- წადი სადმე, ბავშვებს მე და ლია მივხედავთ.
- გადავიფიქრე, აღარ მინდა. - არ ვიცი, ეს რატომ ვუპასუხე. საერთოდ არ მიფიქრია ამ თემაზე და შესაბამისად, გადაფიქრებას რანაირად მოვასწრებდი.
- ისეთი არაფერი მითქვამს ახლა, რომ ასე მიდგახარ ჯიბრში. უფრო სწორად, შენს თავს უდგახარ...
- დიტო, უნდა შევცვალოთ რამე... - წინადადება არ დამასრულებინა, სახე გაუნათდა. - კაი რა, ეგ არ მიგულისხმია, - მაშინვე ჩავაშხამე ხასიათი. - უბრალოდ, იქნებ ეს ყოველდღე შეხვედრები რაღაცნაირად შევამციროთ. ასე ვეღარ გავაგრძელებ... არ ვგრძნობ თავს კომფორტულად...
- ვინმე გყავს? - მომიჭრა და მანქანას ჩამოეყრდნო.
- დიტო, არა... მაგრამ ასე თუ გავაგრძელებთ, ვერც მეყოლება...
- ანუ გინდა და დაბრკოლებას გიქმნის ჩემი დანახვა? ნია, მე მგონია, რომ გაგივლის ყველაფერი და შევრიგდებით. კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ... იმიტომ არ გყავს არავინ, გულის სიღრმეში შენც მაგას ფიქრობ.
სიცილი ამიტყდა. დღეს მეასეჯერ ვხარხარებდი უკვე ნერვიულად.
- რა გამივლის? რა მჭირს, რომ გამიაროს. დიტო, არაფერს ვგრძნობ. რაც იყო, იმან გამიარა და მაგიტომ დავასრულეთ ყველაფერი...
- დაასრულე. - შემისწორა.
- ჰო... რატომ არ ცდილობ ხელახლა პირადი სივრცის შექმნას და იქ სხვის შეშვებას? აღარაფერი გვექნება, ხომ ვილაპარაკეთ მაგაზე. იმ ფურცელზე ხელს მომიწერ თუ არა, მაინც არაფერი შეიცვლება. ადამიანურად მიყვარხარ, დედას გეფიცები, უზომოდ, და რამე რომ გაგიჭირდეს, შეიძლება ნერვიულობამ მომკლას, მაგრამ რასაც ცოლი უნდა გრძნობდეს ქმრის მიმართ, ის აღარ მაქვს, არ მიყვარს ამის გამეორება... რატო მალაპარაკებ ამაზე?
გაჩუმდა. ჯერ ზურგი შემაქცია და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე შემობრუნდა და ისევ თავზე წამადგა. ავხედე. ჩემზე ორი თავით მაინც იყო მაღალი და ზომაზე მეტად სიმპათიურიც, მგონი, მაგრამ ვეღარ ვიხიბლებოდი, ამითაც კი...

- ორი რამე ვერ შევძელი ამ ქვეყანაზე, შენი გაგება და შენი გადაყვარება. ვერც შევძლებ. არ მაინტერესებს არავინ. შენი გაცნობის დღიდან დღემდე ერთადერთი ქალი ხარ ჩემთვის და ასე დარჩება. ვიქნებით ოდესმე ისევ ერთად თუ არა, ასე იქნება.
დაასრულა თუ არა, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავისი მანქანისკენ.
გულისრევის და შეცოდების ერთმანეთში აზელილმა შეგრძნებამ მუცელი დამიწვა. თვალი გავაყოლე, როგორ მიდიოდა სამი მანქანის იქით მდგარ თავის ცეელესთან. პარკირების ზოლთან გაყოლებულ დაბალ ტროტუარზე ჩამოვჯექი. ყელში მომაწვა ის, რასაც ამ წუთამდე მუცელში ვგრძნობდი. ცრემლები წამომცვივდა. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ თავისუფალი სულაც არ ვიყავი. პირიქით, დიტოს ეს გრძნობები მახრჩობდა, სასუნთქ სივრცეს არსად მიტოვებდა, მტანჯავდა, მთრგუნავდა. მაშინაც ასე იყო. იმდენ სიყვარულს გასცემდა, რომ ჩემის ადგილი აღარსად რჩებოდა. იქნებ ვიღაცისთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის არა. ყოველთვის ჩემი სივრცე მინდოდა. კი არ მინდოდა, მჭირდებოდა, ჩემი ნიშა, ადგილი, სადაც სხვა ვერ შემოაღწევდა. და დიტოსთან ცხოვრებისას ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ყველაფერში და ყველგან იყო, სასუნთქ წერტილს არსად მიტოვებდა. ზუსტად ამის გამო დავშორდი და კიდევ იმის გამო, რომ აღარაფერს ვგრძნობდი, საერთოდ არაფერს. ადამიანურად მართლა მიყვარდა და დაშორებიდან ერთ კვირაში რომ მოულოდნელად ოპერაცია დასჭირდა, კინაღამ შევიშალე, მაგრამ სულ ეს იყო... ის იყო ადამიანი, რომელთანაც ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებდა, მაგრამ ამის გახსენებასაც კი არავითარი ემოცია აღარ მოჰქონდა. იყო ჩემი შვილების მამა, მაგრამ ჩემს ქმრად მისი წარმოდგენა აღარასდროს მინდოდა. ვუყვარდი, მაგრამ მისთვის არაფრის მიცემა აღარ შემეძლო, მინდოდა... სანამ დავშორდებოდი, ძალიან დიდხანს ვებრძოლე ჩემს თავს, ათასნაირი გზით, დღისითაც, ღამითაც. ერთად რომ ვიყავით, მაშინაც ვებრძოდი და მარტო რომ ვრჩებოდი, მაშინაც, მაგრამ ვეღარაფრით შევძელი იმ განცდების დაბრუნება, რაც თავდაპირველად მქონდა... მინდოდა, სხვა ქალებივით მშვიდად და სტაბილურად მეცხოვრა, საღამოს ვახშამი მომემზადებინა ოთხივე ჩვენგანისთვის, ბავშვები ერთად გვეტარებინა გასართობ ცენტრებსა და სკვერებში ორივეს. გულით მინდოდა, მაგრამ რაც მეტად ვებრძოდი საკუთარ არსებას, მით მეტად მეჯიუტებოდა და მეტად დააჩქარა ის, რომ ერთ დილითაც სრულიად დამარცხებულს და გადანადგურებულს გამეღვიძა. ვიცოდი დიტოს რეაქცია. ისიც ვიცოდი, დიდი ხანი რომ იყო, რაც ხვდებოდა ყველაფერს, რომ აღარ ვიკარებდი, და იმიტომ არ იღებდა ხმას, რომ ამის მოსმენის მგონი სიკვდილზე მეტად ეშინოდა. მომთმენად იცდიდა, რომ გამივლიდა, მანამ, სანამ იმ ტერიტორიაზე არ შევიჭერი, ამდენ ხანს რომ ვნაღმავდი. შევიჭერი და ერთიანად იფეთქა ყველა მათგანმა, რაც ამდენ ხანს ვალაგე.

წავიდა... უსიტყვოდ. არც ბავშვების წაყვანით დამმუქრებია, არც ჭურჭელი დაულეწია, არც უყვირია. აი, კიდევ ერთი რამ, რაც მანადგურებდა. მისი სიმშვიდე, რომელიც თავს მუდმივად დამნაშავედ მაგრძნობინებდა. ცოტა ან ნაწილობრივ კი არა... სრულიად, ყველაფერში დამნაშავედ. მგონი, მთელი ის თვე დიტოზე ბევრად ცუდად მე ვიყავი. ყველა ჩემს შინაგან ქენჯნასთან ერთად მიწევდა დედამისის, დედაჩემის, დაქალების, ნათესავების, მისი ძმაკაცების სათითაოდ დადგომის და შეგონებების და რჩევების ატანა. საშინელი პროცესი იყო, იმაზე რთული, ვიდრე ჩვენი დაშორება, ვიდრე ლიზას რეაქცია, როცა ღამე მამამისი შინ აღარ დაბრუნდა... ვიდრე სახლში კაცური რაღაცების დამოუკიდებლად მოგვარება.
კახა გამოვიდა ოფისიდან. ჯერ გამცდა, ვითომ ვერ შემამჩნია, მერე მოტრიალდა და მომიახლოვდა.
- ცუდი ხდება რამე? - თვალებში ჩამაშტერდა.
- მომაწევინე რა. - ვთხოვე და ხელი გავიშვირე. კოლოფიდან ერთი ღერი თეთრი "მარლბორო" ამოაძვრინა და გამომიწოდა. მერე სანთებელას მოუჩრდილა და მომიკიდა.
- ხელები გიკანკალებს. გინდა სადმე გავიდეთ? - შანსს არ უშვებდა, რომ მარტოები დავრჩენილიყავით.
- ოფისში შევალ, არაფერი მინდა...
- რამე ისეთი ხომ არაა, რომ დახმარება შემეძლოს?!
- არაფერი, ძალიან პირადულია...
- არ მოგერიდოს, რამე თუ დაგჭირდა, - მითხრა, თავზე ხელი დამადო და გამერიდა.
კიდევ დიდხანს ვიჯექი დავრდომილივით ოფისის წინ და ვერ ვტოკდებოდი. ხომ არ შევეწირებოდი ამ კაცს. რამე უნდა მომეფიქრებინა. ასე ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. თან ვიყავი მისი ცოლი და თან არ ვიყავი. გასაქანს არ მაძლევდა, მუდმივად, ყოველ შეხვედრაზე ელოდა, რომ ვეტყოდი, შენთან დაბრუნება მინდა-მეთქი და ეს მოლოდინი მჭიდრო ქსელივით მეკვროდა გარს. ვერ ვუხსნიდი, ვერ ვაგებინებდი, რომ დამთავრდა, რომ არაფერი დაუშავებია და მხოლოდ იმიტომ წამოვედი მისგან, რომ მასთან აღარ მინდოდა...

ტელეფონი ავიღე და ისე ავკრიფე ტექსტი, არც დავფიქრებულვარ.
,,ათი წუთი შემიძლია გამოვიდე სამსახურიდან და თუ გინდა გნახავ“.
რამდენიმე წუთი არ იყო გასული, რომ პასუხი დამიბრუნა. რა თქმა უნდა, თანახმა იყო.
საჭესთან დავჯექი, მაკიაჟი შევისწორე, ნარცისო ვიპკურე, თმა მეორე მხარეს გადავიწიე და ადგილიდან დავიძარი. გიჟივით მივქროდი, რომ სხვა არაფერზე მეფიქრა. ჭკვიან კამერებს გადაჭარბებული სისწრაფით ჩავუქროლე და იქით გადავუხვიე, სადაც შეხვედრაზე შევთანხმდით. ამდენი წლის მერე პირველად მაკანკალებდა ემოციებისგან, ნერვიულობისგან. რაც დიტოს დავშორდი, საერთოდ არ მიფიქრია სხვასთან ყოფნაზე. ლამის ისიც კი ვიფიქრე, რომ აღარ მაინტერესებდა მსგავსი ხასიათის ურთიერთობები. არც ინიციატივა გამომიჩენია ვინმესთან და იმ წვრილმან ინიციატივებს და გაბრძოლებებსაც, რაც ამ ხნის მანძილზე ყოფილა, უყურადღებოდ ვტოვებდი. ახლა რა მომაქანებდა, ვისთან მოვდიოდი? კაცთან, რომელმაც მოზარდი თინეიჯერივით გაიგო ჩემი ნომერი, რომელიც სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო არ მეშვებოდა, მას მერეც კი, რაც გაიგო, რომ ქმარი და შვილები მყავდა და კაცთან, რომელიც თვლიდა, რომ სახელის ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ქვიან გზაზე გადავუხვიე. რა ჯანდაბას ვაკეთებ, რა ჯანდაბას?! ვფიქრობდი და ერთადერთი იქ მდგარი ავტომობილიც დავინახე. დამინახა თუ არა, შუშა ჩამოსწია და მანიშნა, გადმოჯექიო. ფეხები დამიმძიმდა. ეიფორიამ დამუხრუჭების წამსვე გადამიარა. მანქანიდან გადასვლა აღარ მინდოდა. დაპროგრამებული რობოტივით გამოვრთე ძრავა. მის მანქანამდე გადასადგმელი ნაბიჯები მემძიმა. კარი გამოვხსენი და ჩავჯექი. შევხედე, იღიმოდა.

- ალეწილი გაქვს სახე, დამშვიდდი, რა გჭირს?
პასუხი არ მქონდა. საერთოდ რაზე მქონდა პასუხი ბოლო დღეებში, იმაზე, თუ რატომ ვწერდი?! ან იმაზე, რამ მომაქანა აქ ამ გაგანია შუადღეს, სადღაც ტრასიდან მოშორებით, კაცთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, რომლის სახელის და ახლა უკვე მანქანის სერიის გარდა არაფერი ვიცოდი.
სახეს ვუთვალიერებდი, მერე თვალი ავარიდე და მაისურზე მივაშტერდი, თეთრ მაისურზე, ბოტასებზე, სპორტულ შარვალზე. ყველაფერს ვუთვალიერებდი, მაგრამ სახეში შეხედვა აღარ მინდოდა, არ მომწონდა, არც მისი ხმა, არც ლაპარაკის მანერა, არც ღიმილი, არც თვალები, არც ტუჩები, არც ეს ნახევრად მელოტი თავი. არაფერი არ მომწონდა, არც მისი ელექტროსიგარეტის უცნაური სუნი. გადახტომა მომინდა. ჩემს ცეცეს გავხედე. ვინატრე, საჭესთან გავჩენილიყავი, ადგილიდან მოვმწყდარიყავი და აღარასდროს დამენახა არც ეს კაცი და არც ეს ადგილი.

ყოველ წამს საათს დავყურებდი. ხომ ვუთხარი, ათი წუთი გნახავ-მეთქი და ვიფიქრე, ათ წუთში აქედან გავაღწევდი. მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, ნახევრად ჩემკენ იყო შემობრუნებული და თვითონაც ყველა დეტალს მითვალიერებდა სხეულზე.
ხმას ვერ ვიღებდი, ენა ჩამივარდა. ჩემს შარვალზე გადმოვიტანე მზერა და თავს აღარ ვწევდი. წასვლა მინდოდა, ახლავე... თვითონაც გაჩუმდა და იმ რამდენიმე წუთის მერე, საუკუნედ რომ მომეჩვენა, ხელი დამადო ხელზე. ელდანაკრავივით გავხტი, ხელი გავაწევინე. გაეღიმა. კიდევ ერთხელ შევხედე. ასეთი იდიოტური გადაწყვეტილება, რაც ამ ნახევარი საათის წინ მივიღე, მგონი, 29 წლის მანძილზე არ მიმიღია.

ბოლოს უაზრო თემებს შევეხეთ, ჩემს მანქანაზე ვილაპარაკეთ, მისაზე, სიგარეტსა და ელექტროსიგარეტზე. არც ერთს არაფერი გვიხსენებია ამ უცნაურ და გაუგებარ ურთიერთობაზე. მერე საათს დავხედე. ვუთხარი, სამსახურში შენიშვნას მომცემენ და უნდა წავიდე-მეთქი. არაფერი უთხოვია, არც ცოტა ხანს დარჩენა, არც ხელახლა შეხვედრა. ერთი წამი გამიელვა, რომ თვითონაც არ იყო აღფრთოვანებული ჩემი ახლოდან ხილვით.
მანქანა დავძარი და ისე წამოვედი, მისკენ აღარ გამიხედავს. ქვიან გზაზე აწყვეტილი მოვქროდი. ტრასაზე კი არ გამოვედი, ამოვფრინდი. სპიდომეტრს რომ დავხედე, 130 ეწერა. ზუსტად ამ დროს გადამასწრო თავის ჰიუნდაი ველოსტერით და თვალს მიეფარა.
შევანელე. მივხვდი, ამ გზაზე ეს სისწრაფე ფაქტობრივი სუიციდი ან მკვლელობა იყო. ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი, საერთოდ ვერაფერზე. ასე მეგონა, ჩემი კანიდან გამოვძვერი, სადღაც მივაგდე და მის გარეშე დავბოდიალობდი.
საღამოს ისევ მომწერა.
,,ასე ათი წუთი ნახვა არ მკმარა“.
,,არ გამოვა არაფერი, დაჩი, დაძაბული ვიჯექი და გამოქცევაზე ვიყავი, და ეს ხელის ხელზე დადება და მოფერებაც... არ ვიცი, ვერ შევძლებ უბრალოდ“.
,,შენ როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, ჩემი მხრიდან პრობლემა არ გექნება. არავინ მყავს, სულ მარტო ვარ, მაგრამ თუ მეტყვი, რომ ჩემი ნახვა აღარ გინდა, აღარ გნახავ. თუ მეტყვი, რომ უნდა გავჩერდე და აღარ მოგწერო, გავჩერდები“.

,,უბრალოდ რა წარმოგიდგენია, რანაირი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, ერთი თვე? ერთი წელი? მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე, ფილმების სანახავად ვივლით და ერთად ვისეირნებთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ? რა ფორმა ექნება ამ ურთიერთობას“.

ეს ის კითხვა იყო, რაზე პასუხიც მისი დაწერის წამიდან ვიცოდი, არც არაფერი... სექსი იყო ერთადერთი, რაც შეიძლება გვქონოდა, რაც სრულებით არ მინდოდა ამ ეტაპზე მაინც და საერთოდაც მასთან სექსი წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ჰო, მომწონდა, რომ მწერდა, მთელი დღე რომ ვახსოვდი, რომ აინტერესებდა, სად მივდიოდი, როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი, მაგრამ სულ ეს იყო. ჩვენი ინტერესები ვერასდროს გადაიკვეთებოდა ვერსად, რადგან ჩემი აბსოლუტურად ვერბალური იყო და მისი ასი პროცენტით ფიზიკური. მე ფლირტი მინდოდა და მას სექსი. სამეგობროდ რომ არ მაბამდა, ეს წინდაწინვე კარგად ვიცოდი.
თავი ხელებში ჩავრგე. დილანდელ იმედგაცრუებას ვადაზე ადრე გაევლო და სულაც აღარ ვიყავი დარწმუნებული, რომ მასთან აღარაფერი მინდოდა. რა ჯანდაბა მემართებოდა. ცოტა ხანს რომ ვეღარ ვხედავდი, ისეთი რადიკალური აღარ ვიყავი, როგორც მაშინ, როცა ვხედავდი.
,,სჯობს, რომ აღარ შევხვდეთ და აღარ მომწერო.“
გავგზავნე თუ არა, მაშინვე ვინანე. ვინ ვიყავი მისთვის? ცხადია, აღარ მომწერდა. რატომ უნდა შემხვეწებოდა თითქმის ქმრიან, ორშვილიან ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ქალს სხვებისგან.

გაგრძელება იქნება

წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93