ქურაზე დადგმული წვნიანი გადმოვიდა. ნატა გაიქცა მაშინვე. ძლივს დავეწიე და ბოლო წამს დავიჭირე, რომ არ დამწვარიყო. ლიზა, როგორც ყოველთვის, თავის სტიქიაში იყო. თუ ლაპარაკობდა, ან მამაზე და ან ხატვაზე, უფრო მამაზე. მე და ნატა ნაკლებად ვაინტერესებდით. მაინც რატომ ერჩია დიტო სამყაროს, იქნებ აკლდა რაიმე ჩემგან, ან იქნებ ის, რომ ყველაფერს უთმობდა და უსრულებდა ამის გამო. იქნებ ნატას დაბადების შემდეგ ყურადღება მოაკლდა?! არ ვიცი... მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა. მივედი, გვერდით მივუჯექი პუფზე.
- რა დახატე, მაჩვენებ? - ოქროსფერ თმაზე მოვეფერე და მის შემოქმედებას დავხედე.
- მე და მამა, ზღვაზე. - მიპასუხა და ცისფრად შეღებილ ფურცელს ხელი გადაუსვა.
- ზღვაზე?
- მითხრა, დედა თუ ნებას მოგვცემს, რამდენიმე დღე წაგიყვანო. - წამიერად ნერვები მომეშალა. მერე მივხვდი, რომ ზუსტად ეს მჭირდებოდა, მარტო დარჩენა. ნომერი ავკრიფე და დავურეკე.
- რაზე ლაპარაკობს ლიზა? მე რატო არ მითხარი, ზღვაზე თუ აპირებდი წაყვანას? - შემტევად დავიწყე.
- წავიყვან რამდენიმე დღე, ორივეს...
- მარტო შენ?
- ლია და მერაბიც წამოვლენ.
- ნატასაც?
- ჰო, ნია, აბა, სახლში ხო არ დავტოვებ.
- წაიყვანე. - ისე დავთანხმდი, რომ კინაღამ ეჭვი შემეპარა, რომ ეს ნამდვილად ჩემი ხმა იყო.
- გაამზადე ორივე და ორ დღეში წავალთ. შენც გაემზადე და წადი... დაისვენე.
- მე არ ვიცი, წავალ თუ არა. თქვენ წადით, თუ გინდა ერთი კვირით, რამდენიმე დღე ზღვაზე წასვლას რა აზრი აქვს?
ჯერ გაჩუმდა, მერე ისევ დაიწყო.
- ნია, რამე ხდება?
- რატომ უნდა ხდებოდეს, ბავშვებს რომ დასასვენებლად გატან?
- ჰო, შორს, შენ გარეშე და ამდენი ხნით...
- დიტო... - აივანზე გავედი, რომ ლიზას არ გაეგო ჩემი ხმა. - ლიზას თუ ამაზეც უარი ვუთხარი, სულ აღარ ენდომება ჩემი დანახვა. დახატა, კი არადა, დაგხატა, ზღვაზე, მასთან ერთად... და აწი სანამ ისეთ რამეს შესთავაზებ, რაზეც კარგად იცი, რომ შესაძლოა არ დაგთანხმდეთ, ჯერ მე შემითანხმე.
ოთახში დავბრუნდი. ნატა ისევ ქურასთან იდგა. ხელში ავიყვანე, ლიზასთან ჩამოვსვი და წინ დავუდექი.
- ჩემოდნების ჩალაგებას როდის ვიწყებთ? - ვკითხე და ლიზას რეაქციას დავაკვირდი.
- ახლავე, - მიპასუხა და ხატვა განაგრძო.
ეს ბავშვი უბრალოდ ჭკუიდან შემშლიდა. ნატას რომ ნაკლებად ესმოდა და აინტერესებდა, სად იყო და ვისთან, ამას შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ლიზას ჩემდამი დამოკიდებულებას და უემოციობას უკვე რამდენიმე წელი იყო, ვერაფრით ვეგუებოდი. იქნებ მოვენატრო, ერთი კვირა რომ ვერ მნახავს, გავიფიქრე. ამდენ ხანს ჩემ გარეშე ჯერ არ ყოფილა. არა, უნდა დავრჩენილიყავი მარტო, უნდა მეფიქრა ანას სიტყვებზეც, ჩემს უმარილო ყოფაზეც, იმაზეც, რა უნდა მომეხერხებინა დიტოს მარწუხებისთვის და ყველაფერზე. ბავშვებთან ერთად ეს შეუძლებელი იყო.
- წვნიანი მესამედ გადმოვიდა. - არ შემოუხედავს, ისე მითხრა ლიზამ. სამზარეულოსკენ გავიქეცი, კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებდი, წვნიანის ნაცვლად ტელეფონს ვამოწმებდი მეათასედ, დუმდა... დივანზე წამოვწექი. დამთავრდა, აღმომხდა, რატომ არ ვცადე... ჯანდაბა.
შაბათ დილით დიტომ გამაღვიძა, საძინებელში მედგა თავზე და ნატა ეჭირა ხელში.
- ზღვაზე წასაღები ნივთების საყიდლად მივდივართ, - მითხრა, - საწოლში წამოვჯექი.
- აღარ გათენდებოდა? - ვკითხე.
- იწექი შენ, დედაჩემია აქ, ჩააცმევს და წავიყვანთ ჩვენ.
აჰა, მერე კიდევ იტყვის ანა, რომ განქორწინებული ვარ. ჩემს ყოფილ ქმარს გასაღები აქვს, რომლითაც ნებისმიერ დროს შემოდის სახლში, თან ისე, რომ არ მაფრთხილებს, თან დედამისთან ერთად. ჩხუბი დამეზარა, კიდევ ერთი უშედეგო კამათის თავი არ მქონდა. ტელეფონს დავხედე. რომ გადავდე, მერე გავაანალიზე, რომ დროს კი არა, დაჩის მოწერილს ვამოწმებდი. შესაბამისად, რა დრო იყო, ვერ გავიგე. არაფერი დამხვდა. ავდექი, პიჟამით გავედი, ლიას მივესალმე და მოვიკითხე, ყავა შევთავაზე. უარი არ უთქვამს. სამზარეულოში გავედი. ის ბავშვების ოთახში შევიდა და ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. ამაზეც არაფერი მითქვამს. მგონი, უკვე მაწუხებდა ის ფაქტი, რომ დილით დაჩის მოწერილი არ მხვდებოდა, თან ისე ძალიან მაწუხებდა, რომ სულ ფეხებზე დავიკიდე ლიას ჩემს ბინაში გაჯეჯილება.
ყავა ერთად დავლიეთ ყველამ. ლიზა მამამისს არ სცილდებოდა, ნატა უამრავ კითხვას სვამდა: ზღვა რამხელაა, სადამდე მომწვდება, თმა დამისველდება თუ არა, ქვიშაში სათამაშო ვედროების და ნიჩბების წაღება თუ შეიძლებოდა...
გავითიშე, აღარ ვუსმენდი, ჩემს თავში გამეფებულ ქაოსს ვერაფერს ვუხერხებდი. ყავის სმისას ათჯერ მაინც ავდექი და ხან ერთ ფანჯარასთან ავეყუდე, ხან მეორესთან.
- შენ მოიფიქრე, სად წახვალ? - მკითხა ლიამ.
- მგონი, არსად...
საოცარი იყო, რომ არ მერჩოდა. რამდენიმე უშედეგო გასაუბრების მერე არც შერიგებას აღარ მაძალებდა, არც კითხვებს მისვამდა. მთელ სამეგობროში არცერთ სტანდარტულ დედამთილს არ ჰგავდა, სრულიად გაწონასწორებული იღებდა ჩემს ყველა უხასიათობას და გადაწყვეტილებას. მგონი, ის აზრიც ხიბლავდა, რომ დიტო ვინმე ჩემზე მორჩილ და უპრობლემო ცოლს მოიყვანდა.
კვირას საღამოს ერთად ჩავალაგეთ მე და დიტომ. ჩვენს ბოლო საუბარს აღარ იმჩნევდა. ან რა უნდა შეემჩნია, ეს ტექსტები ათასჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი. მგონი, იმუნიტეტი გამოუმუშავდა, თავი მხიარულად ეჭირა, ბავშვებთან თავის ხასიათს არასდროს ამჟღავნებდა, სულ იღიმოდა და სულ ეთამაშებოდა. მგონი, ზუსტად ეს იყო ლიზას მისდამი ასეთი გადაჭარბებული მიზიდულობის მიზეზი.
იმ ღამით, ბავშვები რომ გავაცილე, ვეღარაფრით ვიძინებდი. ხან იმაზე ვფიქრობდი, როგორ ჩავიდოდნენ ადგილამდე და ხან დაჩიზე... საოცარი ის იყო, რომ ვნახე, არ მომეწონა. არა, ოდნავადაც არ მომეწონა და რაღა ჯანდაბა მინდოდა, რა მინდოდა საერთოდ, რატომ ველოდებოდი, არცერთ იმ პუნქტს ოდნავადაც არ აკმაყოფილებდა, რაც მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე მომწონდა კაცებში. და მაინც ვერ ვისვენებდი, ვერაფრით ვიძინებდი. 11 საათზე რომ შეტყობინების ხმა გავიგე, გული ყელში მომებჯინა, შიგნიდან ისევ ვგრძნობდი კანკალს და უცნაურ შფოთვას.
,,რას შვრები?“
აივანზე პუფი გავათრიე და დავჯექი. თავსხმა წვიმა იყო გარეთ, ელავდა და მეშვიდე სართულამდე აღწევდა მიწის ცხელი ორთქლი.
,,მეგონა, შევთანხმდით და აღარ მომწერდი, დაჩი“
,,არ მახსოვს, რამეზე დაგთანხმდი. როგორი ამინდია მანდ?“
,,წვიმს, სად ხარ?“
ქალაქიდან სადღაც 50 კილომეტრის დაშორებით იყო, მანქანით ბრუნდებოდა და მგონი ცოტა შფოთავდა გზად ამინდის გაუარესებაზე.
,,საშინლად წვიმს, ორჯერ გავაჩერე მანქანა და მგონი მესამედაც მომიწევს. იმედია, სეტყვაში მაინც არ მოვყვები“
,,მომწერე, რომ ჩამოხვალ, კაი?“
ტექსტს ვკრეფდი და არ მჯეროდა. არ მჯეროდა, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც მისი მანქანიდან გადმოსახტომად წამებს ვითვლიდი, მაინც ასე შემეძლო მოქცევა.
სანამ ჩამოვიდოდა, სამჯერ მაინც მოვასწარი მეკითხა, სად იყო და ამინდი ხომ არ გაუარესდა. ბოლოს მომწერა, ჩამოვაღწიეო.
,,სად ცხოვრობ, არ გინდა მაქეთ გამოვიარო? უბრალოდ ფანჯრიდან დამენახე, მეტი არაფერი“
,,არა, გნახავ ამ დღეებში, ახლა დაისვენე“
ის ღამე დამათენდა, 20 წლის სტუდენტი გოგოსავით ვწერდი მთელი ღამე. გათენება რომ დაიწყო, მივწერე, დაგვათენდა და ახლა დავიძინოთ-მეთქი.
,,პირველად დამათენდა მიმოწერისას თავზე. 36 წლის მანძილზე არავის გამო არ გამითენებია“
მატყუებდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ შეუძლებელია 36 წლის მანძილზე (თუ ნამდვილად ამდენის იყო და არა მეტის) ერთხელ მაინც არ ყოფილიყო ისე შეყვარებული, რომ ვერ დაეძინა; მეორეც, ჩემ გამო რატომ უნდა ეთენებინა, ვინ ვიყავი მისთვის, მისი ჰიპერმარკეტის მომხმარებელი და სრულიად შემთხვევითი ნაცნობი, რომელიც მაქსიმუმ მოსწონდა და სხვა არაფერი. მაგრამ სულერთი იყო, უგრძეს დიალოგს, რომელიც 11-დან დილის ექვსამდე გამოვჭიმეთ, რამდენჯერმე გადავხედე. ჯანდაბას თუ მატყუებდა, საუკუნეა არც არავის მოვუტყუებივარ და არც სიმართლე უთქვამს. იმ დღეს მივხვდი, რომ მის ტყუილებზე დამოკიდებულებას თავს ვეღარ დავაღწევდი. ისე ბედნიერად მეღიმებოდა, რომ ზუსტად ვიცოდი, ამ ყველაფრის მოსმენა კიდევ დიდხანს არ მომბეზრდებოდა. შუალედში სამჯერ გავიკეთე ყავა და ნახევარ კოლოფ სიგარეტზე მეტი მოვწიე.
ორი დღე უწყვეტ რეჟიმში ვწერდი, დღეც და ღამეც. არაფერს მაძალებდა, მაგრამ ერთი-ორჯერ შეხვედრაზე სიტყვა მაინც ჩამოაგდო. იმ საღამოს ანასთან და ნანუსთან ერთად, ამოჩემებული რომ მქონდა, ტყეში მდგარ რესტორნის ტერასაზე მოვკალათდი. საღამოს მხოლოდ აქ არ ცხელოდა გაუსაძლისად. კოქტეილები და ცივი ყავა შევუკვეთეთ და საღამოს შეხმიანების ჟამიც დადგა. თერთმეტი ხდებოდა. ვუთხარი, გამოსული ვარ-მეთქი.
,,სად ხარ გამოსული?“
,,მიპოვე“
,,ის მაინც მითხარი, დაახლოებით საით უნდა გეძებო“
,,საითაც შეგხვდი, დაახლოებით იქით და მეტს აღარაფერს გეტყვი, ბარემ პირდაპირ მისამართზე მოდი“
,,არც მინდა მეტის თქმა“
მთელ სხეულში ცეცხლი ეკიდა კოქტეილს და გიზგიზებდა, მუცელში ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული, გულისცემას სადღაც ყელის მიდამოში ვგრძნობდი. ჭიქა არ მქონდა დაცლილი, რომ მომწერა.
,,გიპოვე“
,,ვითომ?“
,,კი“
- მანქანასთან მივალ და ახლავე მოვალ, რაღაც დამრჩა, - ვუთხარი გოგოებს და სადგომისკენ წავედი. რესტორნის უკან დავინახე მისი ველოსტერი. დამინახა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა. ფეხს ავუჩქარე და რომ მივუახლოვდი, ხელი მომკიდა და მაგრად მიმიხუტა გულზე. ზუსტად ჩემი სიმაღლის იყო. ლოყა ყურზე მივახუტე და გავინაბე. თვალები დავხუჭე. ასე მეგონა, მთლიანად კოქტეილისფერი ლურჯი მქონდა გულ-მუცელი და სუნთქვისასაც ლურჯ ჰაერს ვუშვებდი პირიდან, დახუჭულ თვალებშიც ლურჯად აღვიქვამდი ყველაფერს. კარგად ვერ ვხედავდი, სახეზე ხეების ჩრდილები დაუდიოდა მოძრაობისას, მაგრამ თვალის არიდება აღარ მიცდია.
- "მოლეკულის" სუნი გაქვს, - ვუთხარი.
- არა...
- ნამდვილად ეგაა... - ჩავაცივდი.
- არ არის.
- რა ჰქვია?
- სახლში რომ მივალ, ვნახავ და გეტყვი.
ისევ მეცინებოდა. არ ცრუობდა. ამ კაცისთვის არანაირ სახელს არ ჰქონდა მნიშვნელობა, არც ქალისას, არც სუნამოსი... როგორ შეიძლება ყოველდე უყურებდე და იპკურებდე და სახელი არ იცოდე. საოცარ ვინმეს გადავეყარე.
- დიდი ხნით როდის მნახავ? - მკითხა.
- დიდი ხანი რამდენია?
- ათ წუთზე მეტი...
- ამ დღეებში - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- შენი ქმარი?
- აქ არ არის, ბავშვები ჰყავს ზღვაზე წაყვანილი. - ვუთხარი და ოდნავ უკან დავიხიე, ვიგრძენი, გახსენებამ უცებ რომ დამაბრუნა არსებულ რეალობაში.
- წინასწარ მითხარი დღე და დრო, კაი? - მითხრა და ისევ ჩამიხუტა. აღარ მინდოდა გოგოებთან დაბრუნება, აქ მინდოდა, მასთან დარჩენა.
რომ წავიდა, ისევ სუნამოზე ვფიქრობდი.
,,CARTIER declaration“ - მივწერე.
,,არ არის კარტიე, არაა, XROME, არის“ - მიპასუხა.
ეგ რაღა ჯანდაბაა, ვიფიქრე, მაგრამ აღარაფერი მიპასუხია.
გაგრძელება იქნება