- ერთი ესენი ნახე. - მითხრა და ჩემი ფარების შუქზე კარგად გავარჩიე, ვერცხლისფერ ჯიპს რომ ამოეფარა ორი ადამიანი. გვერდით კიდევ ერთი მანქანა ედგა. რესტორნის უკანა ეზოში იყვნენ, ზუსტად იქ, სადაც წეღან მე და დაჩი.
- იცნობ? - იკითხა ანამ.
- ეს ქალი ჩემი მეზობელია, ჯიპიც მაგისია. ეს კაცი საყვარელია.
- ეუფ, შენ რა იცი? - ანა აუტანლად ცნობისმოყვარე იყო, თვალი გააყოლა რესტორანში რომ შევიდა ეს ორი და მერე თვალს მიეფარნენ.
- ქმარი ჰყავს და ჰკიდია. კაი, ხვდება და ჯანდაბას, აქ ხომ ათასმა ნაცნობმა შეიძლება ნახოს.
- ზოგ-ზოგიერთს კიდევ არ ჰყავს წლებია და ყველგან მაქსიმუმ ჩვენთან ერთად დადის. - ანა შანსს არ უშვებდა.
- ამან რომ არ მიკბინოს, ხო არ შეუძლია. - ამოვიოხრე.
- რას გადაეკიდე, არ შეუძლია თანაცხოვრება არავისთან, ყველა შენნაირი ხო არ იქნება? - ნანუ ცდილობდა, აქტიურად დავეცავი ანას შეგონებებისგან.
- სანამ დიტო სვავივით დამტრიალებს, ვერც შევძლებ. მართლა ვერ ვიაზრებ, რომ ქმარი აღარაა.
- ისე, შენც რანაირად იქცევი, ბეჭედს რატომ არ იხსნი? - ნანუ წინ გადმოიწია და ჩემი ხელი ხელში აიღო.
- ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ნანუ, კაი რა...
- თუ მართლა აღარაფერს აპირებ, ეგრე ,,ლაითად“ ვერ მოიშორებ, ცოტა მაგრად დაუდექი.
- ნანუ... ისე კარგად მექცევა, ბავშვები ნახევარზე მეტ დროს მასთან ატარებენ...ხომ გესმის, ისევ იდალურია, სულ იდეალურია, ბავშვებთან მიმართებაში, ჩემთან მიმართებაში, დედაჩემთანაც კი... გაწონასწორებული...
- ზოდიაქოთი რა არის? - წამოროშა ანამ.
- ამან ხო შემცა ზოდიაქოთი, - ვეღარ მოვითმინე. - რა დროს ეგაა, გოგო, მაგის ზოდიაქო მიშველის?
- ძაან ბევრ ცუდ სიტყვას ამბობ, გადაეჩვიე და თან წადი, რას ჩამოდექი. - ნანუ უკან გადაიწია და საზურგეზე გადაწვა. მივხვდი, სახლებში ჩამორიგების დრო იყო. გამახსენდა, რომ სახლში სრულიად მარტო უნდა ვყოფილიყავი და თანაც ღამე დაჩი აუცილებლად მომწერდა. მომინდა სახლში წასვლა, სამზარეულოს უზარმაზარი ფანჯრის გამოხსნა, სარწეველა სავარძლის მიდგმა და გაბოლება. გაზის პედალს ბოლომდე დავადგი. ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა მთელი თმები ჰაერში აიტანა და მანქანის ჭერს ააკრა.
წინ მიმავალ ყველა მანქანას ვასწრებდი. მგონი, თავი ,,კარწინკებზე“ მეგონა. ნამდვილად იმ ლურჯი სასმლის ბრალი იყო. 130, 140,150... ბოლოს ნანუმ ვეღარ მოითმინა.
- აუშვი რა ფეხი, აქ ყველას შვილები გვყავს და შენც... ან აქ რომ გადაჭარბებულ სიჩქარეზე ვინმემ გაგვაჩეროს და ეგ ორი ჭიქა კოქტეილი ამოგივიდეს, რას აპირებ მერე?
ხმა არ ამომიღია, გაზის პედალს მორჩილად ავუშვი ფეხი. გააზრებულად არ მივდიოდი ასე, საერთოდ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი და ვეღარ მოვზომე. არ მიყვარდა, გოგოებს რომ ვაშინებდი.
ლამის გულზე ჩამოვიკიდე, ყველგან დამქონდა ტელეფონი, სამსახურის სამზარეულოში, ტუალეტში, სხვა მაგიდაზე გადავჯდებოდი, გადმოვჯდებოდი, უფროსთან შევიდოდი, ხელიდან აღარ ვდებდი. ორი დღის შემდეგ შეხვედრაზე დავთანხმდი. მითხრა, ჩემთან ავიდეთ და მშვიდად ვილაპარაკებთ, ვერც ვერავინ დაგვინახავს და არც არავინ შეგვაწუხებსო. ეს სახლში შეხვედრა ვიცოდი, რაც იყო და ის ,,რაღაც“ რომ არ მინდოდა, ეგეც ვიცოდი. მთელი დღე ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, გულწრფელად მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. თუ გამიგებდა, ხომ კარგი, თუ არადა, ჯერ იმდენს არაფერს ნიშნავდა, რომ ერთ საღამოშივე ვერ გადამეხარშა მისი წასვლა.
,,შენთან შეხვედრა და ლაპარაკი მინდა, ცხადია. უბრალოდ, ეს სახლში ასვლა, ხომ გესმის... ცოტა მძაბავს. ზუსტად ვიცი, სახლებში ასვლას რაც მოჰყვება ხოლმე ტრადიციულად - იმას ვერ შევძლებ. უბრალოდ არ მინდა, რომ იმედგაცრუებული დარჩე. ახლა დაფიქრდი კარგად და თუ გინდა, შეგიძლია გადაიფიქრო, გაგიგებ ყველანაირად.“
,,არავითარი პრობლემა არ არის, ვილაპარაკებთ, ფილმს ჩავრთავთ და სულ ეგ იქნება. ვერ შეძლებ და არავინ დაგაძალებს.“
ამოვისუნთქე, მერე საძინებელში გავედი და ხვალინდელი დღისთვის ტანისამოსის გულდასმით შერჩევა დავიწყე. ჯერ ვიფიქრე, რამე თხელ და ფერად კაბას ავარჩევდი, სრულიად ყოველდღიურს და ჩვეულებრივს. მერე გადავწყვიტე, რომ კომფორტულად ვერ ვიქნებოდი და თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი გავიმზადე. დიტო გამახსენდა, ეს შარვალი ორი წლის წინ ერთად ვიყიდეთ. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. უცებ დავფიქრდი, ეს რომ სცოდნოდა, შეიშლებოდა, მაშინ მართლა შეიძლება რამე სიგიჟე ჩაედინა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მშვიდად მარტო იმიტომ იყო - ყოველთვის ზუსტად რომ იცოდა, სადაც ვიყავი, სახლი, სადაც თავზე სულ მოულოდნელად მადგებოდა, გოგოებთან ...ყველგან.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, უბრალოდ არ შემეძლო. ასიათასნაირად წარმოვიდგინე პირველი ნამდვილი პაემანი დაჩისთან, როგორი შეიძლება ყოფილიყო, რაზე შეიძლებოდა გველაპარაკა, მე როგორ ვიგრძნობდი თავს მასთან ხანგრძლივად ყოფნისას, ამჯერად მაინც თუ არ მომიფრენდნენ და გაქცევა თუ არ მომინდებოდა.
9. დაჩის თეთრი სახლი
დილით სრულიად გამოუძინებელი ავდექი. სამსახურში ნახევრად მთვლემდა. გულს ვერაფერს ვუდებდი. მეილებს იძულებით ვუპასუხე. ახალი ინვენტარის აღრიცხვა დამეზარა, ვიფიქრე არაფერი დაშავდებოდა, ხვალ თუ გავაკეთებდი. ექვსამდე გაძლებაზე ვიყავი. ათჯერ გავიკეთე ყავა და ოცჯერ მაინც გავედი მოსაწევად ხან ტერასაზე და ხან სადგომზე ჩავედი. ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. 30-ს მიკაკუნებული ქალი მოზარდი გოგოსავით ვნერვიულობდი და ვშფოთავდი.
შუქნიშანზე გავშტერდი. მწვანე რომ აინთო, შვიდი წამი ალალად მიცადა "ტოიოტას" მძღოლმა და ბოლოს გაბმული სიგნალით გამომაფხიზლა.
სახლში საგრძნობლად გრილოდა. საძინებელს მივაშურე, საწოლზე ჩამოვჯექი. ძალიან შევეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ბოლოს პაემანი როდის მქონდა ან რას ვგრძნობდი, ასეთი თავბრუდახვეული დავლასლასებდი თუ უფრო ყოჩაღად მეჭირა თავი. ბოლო დღეების თანმდევი რომ გახდა შინაგანი შფოთვა და მოუსვენრობა, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ყველა წვრილმან დეტალზე ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დარწმუნებული ვიყავი, არაფერი მოხდებოდა მასთან, მაინც ნაზი, ვარდისფერი აბრეშუმის თეთრეული შევარჩიე. სარკის წინ დავდექი, ხან პროფილში ვათვალიერე ჩემი ფიზიონომია და ხან წინხედით. 29 წლის, ორი შვილის და კიდევ იმის კვალობაზე, რომ ფეხითაც კი არ დავდიოდი არასდროს, მაინც არა უშავს რა სხეული მქონდა, ბევრ ზედმეტ ხორცს ვერ იპოვიდა კაცი. მუქი წაბლისფერი თმა პირველად არ შემენანა შესაბრაწად, გამეტებით მოვაქციე ორ გავარვარებულ კერამიკის ზოლს შორის და ქვემოთ ჩამოვასრიალე.
ტაქსი გავაჩერე, მისამართზე ვთხოვე მიყვანა. ჯერ ეს ქუჩა თუ არსებობდა ქალაქში, ისიც არ ვიცოდი. ახლა ამ ტაქსიმ ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით იარა, ვერაფრით შევძელი დამემახსოვრებინა, სად მივედი.
ტაქსიდან ჩამოვედი. ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ ჰაერი სადღაც მკერდთან ჩერდებოდა და ზემოთ ვეღარ ამომქონდა. უჰაერობისგან ორიენტაცია დავკარგე. ჯერ იყო და, მთვრალივით გავბარბაცდი. კარი რომ დავხურე და ტაქსი არ დაიძრა, მერე მივხვდი, ფულის გადახდა დამავიწყდა. ეტყობა მხედავდა საიდანღაც, გადმოვედი თუ არა, შეტყობინება მომივიდა.
,,მარჯვნივ იარე და მერე ავტოფარეხთან მარცხნივ შემოდი, მანქანაში გელოდები“
ვიფიქრე, რომ პაემანი ჩაგვეშალა. იქნებ სახლში ცოლიც ჰყავდა, ადამიანი რასაც გეუბნება, ,,სიტყვებია ზოგჯერ“ და არა სიმართლე. მაგრამ მაინც წავედი. კარი ისე თამამად გამოვხსენი, იფიქრებდით, ყოველდღე მისი მანქანით ვმგზავრობდი. ისევ ელექტროსიგარეტის სუნი იდგა. სუნამო ამჯერად ზედმეტი მოსვლოდა, მძაფრად ვგრძნობდი სუნს, ან იმ წამის მიპკურებული ჰქონდა.
- რა ხდება? - ვკითხე და ინსტინქტურად უსაფრთხოების ქამარს დავწვდი.
- არ გინდა, არავინ გაგვაჩერებს. - გამიღიმა.
- რატო ვითომ? შენს ჰიპერმარკეტში პატრულს ვალზე ატან?
- ჰო... ეგეცაა. - თავისი თბილი ხელი ფრთხილად გადმოაცოცა და მომხვია, გვერდზე მიმწია და ჩამიხუტა. როგორ მეუცხოებოდა ასეთი სიახლოვე, როგორ მეშინოდა ხანგრძლივად მარტო დარჩენის მასთან; როგორ მიჭირდა მისი მოფერება, როცა ჩემად საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
- სად მივდივართ? - ვკითხე.
- უნდა დაგათრო, აბა, ბიძაშვილებივით ხომ არ ვისხდებით სახლში? - ისევ ეცინებოდა.
- მაშინ წავალ, მე მეგონა, ეგ წუხელ გავარკვიეთ...
- ვიხუმრე, დაწყნარდი. ერთი ადგილი მიყვარს ძალიან, ქალაქგარეთაა. ცოტა შორია, მაგრამ ამჯერად ათ წუთზე მეტი გვაქვს. საერთოდაც ჩემთან რომ დარჩე, არა?
- დაჩიიი... - თვალები გადავატრიალე. - კაი რა...
- უბრალოდ ერთად გავატარებდით ღამეს. სულ მაგაზე რატო ფიქრობ, არ გეცემი, ნუ დარდობ, ეგრე ძაანაც არ მიჭირს.
მგონი დამცინოდა. ღმერთმა უწყის, როგორ ართობდა ჩემი მშფოთვარე გამომეტყველება. მანქანა დაძრა. გზაზე რომ გავიდა, ჩემი ხელი მოძებნა და მაგრად მომიჭირა. ხან მეფერებოდა ხელზე, ხან ჩასახუტებლად თავისკენ მქაჩავდა, ხან ხელზე მკოცნიდა. დაახლოებით ერთ საათს ვიმგზავრეთ და ხელი არცერთი წამით არ გაუშვია. ზოგად ამბებს ჰყვებოდა, ძირითადად, თავის მეგობრებზე, გავლენიან ნაცნობებზე, ოჯახზე, მოგზაურობაზე...
თითქმის მისულები ვიყავით, რომ წარმოუდგენლად გაწვიმდა. თავსხმა იყო, საქარეზე მდინარესავით მოედინებოდა წყალი. გზიდან გადავიდა და მანქანა გააჩერა. რომ დარწმუნდა, უსაფრთხო ადგილას იდგა, ორივე ხელი გამომიწოდა და მიმიხუტა, სახე დამიკოცნა, თითებს თმებში მიცურებდა და რომ ვიგრძენი, ტუჩებისკენ მოიწევდა, ისევ მანქანიდან გადახტომა მომინდა. ხომ ვგრძნობდი, რომ არ შემეძლო, ვგრძნობდი, ის კიდევ აშკარად მაჩქარებდა. რამდენჯერაც თავის არიდება ვცადე, იმდენჯერ ხელახლა სცადა ეკოცნა.
რას ვაკეთებდი? იქნებ თავს გამოცდას ვუწყობდი, თუ უბრალოდ ანას გაუჩერებელმა შეგონებამ, რომ მარტო ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, შედეგი გამოიღო?! რომ გადაიღო წვიმამ, მანქანა დაძრა. არ ტყდებოდა, რომ სულ ცოტა სწყინდა მაინც, თავს რომ ვარიდებდი.
ბარში მიმიყვანა. ნახევრად ჩაბნელებული და ნახევრად ფერადი ჩაბჟუტებული ნათურებით იყო კედლები და ტერასა განათებული, გრძელ რბილ სკამზე ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. კოქტეილი და ყავა შეუკვეთა. რეგი იყო ჩართული. ცოტა უცნაური ბარი იყო, ვიღაც არც ისე მომხიბვლელი კაცის პორტრეტებით მოხატული კედლებით. გვერდით გადმოჯდა, ხელი მომხვია. არა, წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ღამე მშვიდობიანად დაგვესრულებინა. ის ერთი წამი არ მიშვებდა ხელს და მე ოდნავადაც არ მინდოდა მასთან ფიზიკური სიახლოვე. ეს სეირნობა, დალევა, ძველი და ძალიან ძველი ამბების მოყოლა მართობდა და სულ ეს იყო. ჩემი უზარმაზარი საწოლი მინდოდა და გამოძინება. ნერვიულობისგან მოვითენთე და ზუსტად ვიცოდი, ეს კოქტეილი ბოლოს მომიღებდა.
- სახლში უეჭველი უნდა მიხვიდე? - ისევ იმ თემას უტრიალებდა.
- უეჭველი არა, მაგრამ შენთან რომ დავრჩე, შენ მშვიდად ვერ დაიძინებ და ვერც მე შენ გვერდით... ხომ ვილაპარაკეთ ამაზე?
- ფილმს ჩავრთავ...
საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ თუნდაც ფილმის ყურება მინდოდა და შესაბამისად, დახურულ და გამოკეტილ სახლში მასთან ღამის გატარება, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ამაზე ვამბობდი ზუსტად, ზოგჯერ მახასიათებდა სრულიად უაზრო ქცევები, უაზრო გადაწყვეტილებები. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ეს იყო.
სადარბაზო ისეთი განათებული იყო, საკონცერტო დარბაზი გეგონებოდათ. შუაღამის პირველზე მაინც ხალხი იყო გამოშლილი. რას ვიზამთ, ასეთია ზაფხული, დასაძინებლად დრო არ გემეტება ადამიანს.
- ჯანდაბა, იმედია, ნაცნობს არ გადავეყრები. - თავისით გამექცა სიტყვები პირიდან.
- წინ შედი და ლიფტთან დამელოდე. - მითხრა და სხვა მხარეს წავიდა. რომ შევედი, ლაპარაკის ხმა მესმოდა, აშკარად მეზობლებს შეხვდა.
ამის დედაც, ნეტა მერამდენე ვარ, ვინც სახლში მოიყვანა და ნეტა რას ფიქრობენ მისი მეზობლები. ალბათ, იმას, რომ ახალი ,,ააგდო“ ვიღაც. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და არ იციან, რომ ამისი ფული სულ ფეხებზე მკიდია, მაგრამ ჯოჯოხეთი, რომელიც ადვილად შესაძლებელია, ამ ამბავს მოჰყვეს და რომელზეც შეგნებულად არ ვფიქრობ, ნამდვილად მაწუხებს სადღაც გონების მიღმა, როგორც ფროიდი იტყოდა, სადღაც არაცნობიერში.
უკან მომყვა, ლიფტი გამოიძახა და მომეჩვენა, რომ თვითონაც არანაკლებ ადარდებდა აქ ჩემი გამოჩენა.
ბინა პატარა და მყუდრო იყო, თითქმის ყველა კედელი თეთრი, იატაკიც ღია ნაცრისფერი. შესასვლელშივე დავიხადე სპორტული ფეხსაცმელები და ფეხშიშველი შევედი მისაღებში. ოთახი მოვათვალიერე. ერთი კედელი მთლიანად სარკე იყო, წინ დავუდექი და ჩემი თავი თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე. თვალები ოდნავ შეწითლებული და შემღვრეული მქონდა. ეს მოჰიტოს დამსახურება იქნებოდა ნამდვილად, კიდევ მგზავრობის და ცოტა ნერვიულობისაც. დაჩიმ საძინებლის თეთრი კარი შეაღო და ხმაზე თუ ვიმსჯელებდით, ტანსაცმელს იხდიდა. დივნისკენ წავედი და რომ დავჯექი, საძინებლისკენ გავაპარე თვალი. მოკლე ჭრელ შარვალს იცვამდა და აშკარა იყო, სხვა არაფრის ჩაცმა არ ჰქონდა გეგმაში.
იმედია, არ ფიქრობს, რომ კარგ ტანზეა და ამიტომ არ გადაწყვიტა მოკლე შარვლის ამარა ტანტალი, გამიელვა თავში და მაშინვე გავმხიარულდი. საერთოდ, თავში დამპლური და ცინიკური იდეები რომ მომდიოდა, სულ ასე მართობდა.
- კომფორტულად ვერ იქნები მაგ ჯინსის შარვალში, თან ცხელა საშინლად. არ გინდა გამოცვლა?
- რა ჩავიცვა? - ვკითხე.
საძინებელში შებრუნდა და სპორტული შარვალი გამომიტანა. გეფიცებით, ზუსტად ჩემი ზომა. ეს შარვალი ან ქალებისთვის ჰქონდა აქ გადანახული, ან ელასტიკივით მოტკეცილი ექნებოდა ტაკოზე. ისევ მეცინებოდა. მერე საძინებელში შევედი და კარი მივხურე, მასავით ღია კარში გაშიშვლებას არ ვაპირებდი. ღმერთო, რა კარგად ვგრძნობდი თავს კაცის შარვალში, რომელიც აშკარად ჩემი ზომა იყო.
ელექტროჩაიდანი ჩართო, საფერფლე დამიდგა დივანთან მიდგმულ პატარა თეთრზედაპირიან მაგიდაზე. თვალს ვადევნებდი, როგორ მიმოდიოდა წინ და უკან ფეხშიშველი და ტანზემოთ შიშველი, როგორ ოდნავადაც არ აკომპლექსებდა თავისი უფორმო სხეული. ეგ კი არა, მგონი, მოსწონდა კიდეც.
აივანზე გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და მოაჯირს დავეყრდენი. გარშემო სულ ახალაშენებული მაღალი კორპუსები იდგა. ხედსაც არა უშავდა. ვიღაც კაცი რომელიღაც ბინიდან გაუჩერებლად იგინებოდა რუსულად, მაგრამ გამომპასუხებელი არავინ ჰყავდა.
- ფოტო უნდა გადაგიღო, აი, ქარი რომ თმას გიფრიალებს და ფეხშიშველი რომ დგახარ მანდ ჩემი შარვლით, წარმოიდგინე, რა მაგარი გამოვა. - გამომძახა მისაღებიდან. შევტრიალდი. დივანზე წამოწოლილიყო და თვალს მადევნებდა.
- არ მგონია, ჩემი ფოტოს შენს ტელეფონში არსებობა რამე კარგის მომტანი იყოს.
- რატო? ვინ ნახავს ჩემ მეტი?
ისევ ზურგით შევტრიალდი. მართლაც ვინ ნახავდა, თუ ცხადია, ვინმე არ ჰყავდა, მაგრამ საერთოდ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ასაკში მარტო იქნებოდა. ამ წამს თუ არა, სულ ცოტა ხნის წინ მაინც ხომ ეყოლებოდა ვინმე. აღარ მსიამოვნებდა ამაზე ფიქრი, მიუხედავად იმის, რომ არც შეყვარებული ვიყავი ამ კაცზე და არც ჩემი ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევის არავითარი გეგმა არ მქონდა, მაინც მაფორიაქებდა ეს აზრი.
გაგრძელება იქნება