ეზოს კარი ჭრიალით შევაღე, მთელ ღობეს ფათალო მოსდებოდა და მწვანედ იყო მორთული, წვრილი ტოტები ჭიშკართანაც გამოეტანა, ტანზე მომედო რომ შევედი. სახლში არავინ დამხვდა, ეზოში ჩამოვჯექი ხის გრძელ სკამზე, ჭრელ ყვავილებს უაზროდ ვითვლიდი, ისეთი აფორიაქებული ვიყავი ფიქრის თავიც კი არ მქონდა და მგონი არც ჯდომის, უძილობისა და ორმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ გადავარდნას არაფერი მაკლდა. მისაღებში შევედი, დივანზე წამოვწექი და ალბათ მომენტალურად გავითიშე.
საღამოს შებინდებულზე გამეღვიძა, საშინელ ხასიათზე დავდექი იმ წამსვე, როცა ვნახე რომ დაჩის არაფერი მოეწერა. ახალი რაღაც აღმოვაჩინე, იმ ერთ ბედნიერებასთან ერთად რომ სრულიად გაუაზრებელი ქცევები მახასიათებდა (რაზე ინფორმაციასაც წინასწარვე ვფლობდი) ახლა უკვე მაზოხიზმის ნიშნებსაც ვამჩნევდი საკუთარ თავს. წუხელ და ამ დილითაც მზად ვიყავი ამ კაცისთვის კასტრაცია გამეკეთებინა, სახლიდან კისრისტეხით გამოვვარდი და რამდენიმე საათის მერე ხასიათი მომიწამლა იმან, რომ არ მწერდა, მგონი ავად ვიყავი.
გარეთ გამოვედი, დედა ეზოში იჯდა, სამ მეზობელ ქალთან ერთად, ამ სამიდან ორის ატანა არაფრით შემეძლო, მესამე ლირა იყო, ვის სახლშიც ნახევარი ბავშვობა მაინც მქონდა გატარებული, იმ ორმა გვარიანად ამათვალიერ ჩამათვალიერა, დამრტყმელი შეკითხვებისთვის მოვემზადე, უნდა ჩამოვმჯდარიყავი ცოტახანს მაინც, სხვა გზა არ მქონდა, მე ხომ დედაჩემის შვილი და შესაბამისად კარგად აღზრდილი გოგო ვიყავი. დედა ფეხზე წამოდგა, თავზე სამჯერ მაკოცა და მერე სამზარეულოსკენ წავიდა რომ ყავა მოეხარშა.
ჯერ ზოგად თემებს მოედნენ, როდის ჩამოვედი, როგორ ვიმგზავრე, როდის დავიკელი, ბავშვები რამდენი წლისები არიან...მერე მოჰყვა ,,ახლა სად არიან?“
- ზღვაზე წაიყვანა დიტომ, მე დედასთან ვიქნები რამდენიმე დღე, ასე ისენიც კარგად დაისვენებენ და მეც.
- არ გინდა შერიგება? - როგორ დაქალივით მომახალა ამ წითელლოყა ქალმა რომელიც უსაძაგლეს, ამაზრზენ კაცს იტანდა მთელი შეგნებული ცხოვრება ქმრად.
- რატომ დავშორდებოდი ეგ რომ მდომოდა? - უხეშად ვუპასუხე და მივაშტერდი სახეში.
- მთავარია ერთმანეთს არ მტრობთ, ბავშვებზე არ აისახება ეგ თქვენი დაშორება ცუდად, დანარჩენი სულერთია...ზოგი შორდება და მერე მთელი ცხოვრება მტრად ეკიდება ერთმანეთს - მაინც რამდენს ნიშნავდა მის ხელში რომ ვიყავი გაზრდილი, ვიგრძენი რომ ჩემს დაცვას ცდილობდა.
დედამ ყავა გამოიტანა, ძალიან პატარა უძველეს თეთრ, ლურჯყვავილიან ჭიქაში ესხა, რატომ ჰქონდა მის მოხარშულ ყავას დედამიწაზე ათასი ჭიქა ყავისგან განსხვავებული სუნი...მგონი შემატყეს სტუმრებმა ხასიათზე რომ ვერ ვიყავი და აიშალნენ, მარტო დავრჩით.
ვიფიქრე ახლა პირს მოვაღებდი და ყველაფერს მოვუყვებოდი, მაინც არავისთან არ ვაპირებდი ამაზე საუბარს და დედა ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, სანდო, მაგრამ საშიში...
შეტყობინება მომივიდა, გიჟივით დავტაცე მაგიდაზე ეკრანით დადებულ ტელეფონს ხელი და იმედგაცრუებისგან კინაღამ ვიყვირე. ნიკა იყო, რატომ ვახსოვდი, უამრავი წლის შემდეგ რატომ ვაინტერესებდი, ამას რაღა ჯანდაბა უნდოდა, და საერთოდაც რატომ გაგიჟდა ახლა ყველა ერთად და მაგიჟებს მეც?!
,,პასატი შენია? ‘’ - შემომცხა, ანუ სადღაც აქ დაბოდიალობდა, აი რატომ გავახსენდი, აქ იყო ეს დღეები ნამდვილად, ჩაუარა ჩემი სახლის კარს და აეშალა მოგონებები, თან საქმე არაფერი აქვს და რა ენაღვლება...
,,არა დედაჩემი დააქროლებს“ - ვუპასუხე.
იუმორს მიმიხვდა, და მგონი ხასიათსაც მოკლე და თავდაჯერებული ტექსტი გამომიგზავნა.
,,სახლის კართან ვარ, გამოდი რა, გნახო...
- დე, ნიკაა ჩამოსული, კართან დგას, ვნახავ და მოვალ.
- შემოვიდეს აქ, მარტოებმა რომ იაროთ აჭორავებ ხალხს, ახლა ქმარს ხარ გაშორებული და ორმაგად ფრთხილად უნდა იყო.
ისევ ქმარი, ღმერთო, რა ცოდვა მაქვს ასე რომ ვისჯები?! გავიფიქრე და ტვინში ადიდებული მდინარესავით მომასკდა ცოდვების კასკადი. მახსოვს, მახსოვს, მაქვს, კარგი ჯანდაბას... ესეც კიდევ ერთი ახალი ჩვევა, კითხვა პასუხის რეჟიმში საკუთარ თავთან დიალოგი.
წამოვდექი და კარი გამოვაღე, უსინდისოდ კარგად გამოიყურებოდა, მაღალ ნავარჯიშებ სხეულზე ვიწრო მაისური ეცვა, ეს უცნაური ზოლები თუ ისრებიც ახალი დახატული უნდა ჰქონოდა სხეულზე, ყოველშემთხვევაში ბოლოს რომ ვნახე მაშინ არაფერი მსგავსი არ შემინიშნავს. წაბლისფერი აჩეჩილი, ხშირი თმა და შავი თვალები ჰქონდა. მგონი ჩემზე კარგად გამოიყურებოდა და ასაკითაც ჩემზე პატარას ჰგავდა, არადა 33 წლის იქნებოდა ახლა. კიდევ კარგი რომ დედაჩემი არ ხედავდა, ხელი დამტაცა, ჰაერში ამაფრიალა, გულზე მიმიხუტა და ორჯერ დამატრიალა.
- ისევ ვერ ხარ რა, დამსვი დროზე, - მეცინებოდა და მგონი საყვედურად არ მიიღო ჩემი ნათქვამი. - სახლში დავსხდეთ, შინ შევიპატიჟე. სავარძელში ჩაჯდა, მისი ღიმილნარევი თვალები ბოლომდე აკონტროლებდა ჩემს მიმოსვლას ოთახში.
- როდის ჩამოხვედი? - ვკითხე და დივანზე ჩამოვჯექი. დედა შემოვიდა, მოიკითხა, ვითომ ძალიან გულზე ეხატებოდა, ჩემი ფინჯანი მაგიდაზე დადგა და ყავა შესთავაზა. ჯერ დაიცადა და დედა რომ გავიდა ოდნავ წინ წამოიწია სავარძელში.
- ბოლოს გნახე სანამ გათხოვდებოდი, იმ ნაქირავებ სამ კვადრატ ბინაში რომ დაგადექი ნასვამი.
- ნუ მახსენებ, - თვალები გადავატრიალე.
- რას შვები, იმის გარდა რომ ქმარს გაშორდი. - ისევ ქმარი...ჯადო მაქვს მგონი.
- ვმუშაობ და ბავშვებს ვზრდი... ორივე ვზრდით.
- თვითონაც ბავშვს გავხარ...
- კი გამოუძინებელი და უმაკიაჟო ვგავარ.
- რა შუაშია ეგ?
- შენ რა გინდა აქ? რას აკეთებ?
- ბიზნესს... ბაბუაჩემის სახლში მარანი გავაკეთე და პატარა სასტუმრო, მგონი აღარც წავალ, იმ ასაკში ვარ ფუძეს რომ უბრუნდებიან. - ხელები გადააჯვარედინა და საზურგეს მიეყრდნო.
- ასაკში კი ხარ ნამდვილად. - გამეღიმა.
- გადმოცხოვრდი აქეთ, რას აკეთებ ქალაქში, სამსახურს დაგაწყებინებ ჩემთან...
- რა ვაკანტურ პოზიციას მთავაზობ მაინც?
- შენთან ხო სერიოზული ლაპარაკი არ გამოდის რა, ხო გეუბნები ბავშვი ხარმეთქი.
- ბინა მაქვს, მარტო ვცხოვრობთ მე და ჩემი გოგოები, არსად გადასვლაზე არ ვფიქრობ.
დედაჩემმა ცხელი ყავა და ორცხობილები შემოიტანა და წინ დაგვილაგა, მერე ეზოში გავიდა და ვიდრე ნიკა აქ იყო აღარ შემოსულა.
- არავინ გყავს? - რაში მაინტერესებდა, უაზროდ ვკითხე.
- არა... - მოკლედ მიპასუხა, აშკარა იყო ამ თემის ჩემთან განხილვას არ აპირებდა, არადა თვითონ ლამის დამკითხა შემოსვლის წამიდან. - რამდენ ხანს გაჩერდები? ხვალ ჩემი ღვინო უნდა გაგასინჯო, გადმოდი ჩემთან, სახლი რომ გემახსოვრება მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.
- არ ვიცი, თუ ხვალაც დავრჩი შეიძლება. მაგრამ არ მგონია.
ყავა დალია და წამოდგა, კიდევ ერთხელ ჩამეხუტა.
- მართლა ძალიან გამეხარდა რომ გნახე, რამდენიც შენს სახლს ჩავუარე იმდენჯერ გინატრე აქ ყოფილიყავი. - მგონი მეფლირტავებოდა, ზოგადად სტილი ჰქონდა ქცევის ამნაირი, მაგრამ ახლა არაფრით შემეძლო მის მიმართ რამე მეგრძნო, მთელ სხეულში დაჩი იყო გაბატონებული და დათარეშობდა, წამს არ მაძლევდა რომ ყურადღება რამეზე გადამეტანა.
გაგრძელება იქნება