იმ საღამოს დედასთან ლაპარაკის სურვილი დამეკარგა, ოთახში შევიკეტე და დავწექი, ვფიქრობდი თვითონ რომ მომეკითხა არაფერი დაშავდებოდა, მიტუმეტეს რომ უაზროდ მოვიქეცი, დაბნეული, ჩამოუყალიბებელი კურსდამთავრებულივით, მიწერის აზრს არაუშავდა, ახლა ის უფრო მაწუხებდა რომ ვერ გამეგო რა მჭირდა, ერთად ვიყავით და არ მსიამოვნებდა მისი შეხება, შორს ვიყავი და ვნატრობდი თუნდაც ერთი წუთი დამენახა.
- ეწევი? - დედაჩემმა კარზე მომიკაკუნა, მერე შემომიხსნა და საწოლზე ჩამოჯდა. - ყარს კარიდორი, სახლში რატო ეწევი? ან საერთოდ რატომ ეწევი?
- დე, კაი რა...აღარ მინდა ამ გადაღეჭილი თემის მეასედ განხილვა.
- რა მოხდა რომ ჩამოხვედი?
- მომენატრე.
- მე თუ ის? - გამომცდელად ჩამხედა თვალებში.
- ის მაგრად არ მაინტერესებს, შენს თავს გეფიცები...
- არ მგონია დამთხვევა რომ ის აქ არის და შენც მოქანდი.
- სხვა მომწონს... - ვუთხარი და ვიგრძენი რომ სადღაც ყელთან გაჩხერილი რაღაც ამოვუშვი და სუნთქვა შევძლი. გაჩუმდა, საუბრის გაგრძელების მოლოდინში სახეში შემომაჩერდა, მოეღუშა თუ დაუსევდიანდა გამომეტყველება ზუსტად ვერ მივხვდი, ფანჯრიდან შემოსული სინათლე ოდნავ ეცემოდა ნახევარ მხარეზე, მიმიკა რომ შეერყა ეს ნამდვილად დავინახე.
- ვინ არის?
- არავინ დედა, საერთოდ არავინ არაა, გვარიც კი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი მისი ტელეფონის ნომრის და სამსახურის მისამართის მეტი. ერთი კვირაა რაც ვიცნობ, მაგას თუ ცნობა ჰქვია.
ცრემლები წამომივიდა, რა ჯანდაბა მატირებდა წარმოდგენა არ მაქვს.
- იმედია ისეთს არაფერს გააკეთებ სანანებელი რომ გაგიხდეს და ნატაზე და ლიზაზე რომ ცუდად იმოქმედოს.
- დედა, რატომ არ შეგიძლია ჩემი პირადი ცხოვრების და ბავშვებთან ჩემი დამოკიდებულების გამიჯვნა?
- შენ შეგიძლია?
- ორი წელია არავისთან არაფერი მქონია, ფლირტიც კი...არ ვიცი საერთოდ რა შემიძლია, ჩემზე რატომ არ ფიქრობ? ბავშვებზე რომ ფიქრობ ჩემზე რატომ არ ფიქრობ.
- ჯერ შენზე ვფიქრობ ყოველთვის და მერე ბავშვებზე, ახლა შენ წარმოიდგინე ეგ რასაც მე მეუბნები რომ დიტომ გაიგოს...
- აღარ არის დიტო ჩემი ქმარი... - თითქმის ვიყვირე.
- მაგრამ შენი ორი შვილის მამაა...
- მერე?
- მერე არცერთ მამას არ უნდა რომ მისი შვილების დედას საყვარლები ჰყავდეს.
სიბნელეში საზარლად გაიჟღერა ,,საყვარელმა“ .
- ჯერ ეს ,,ები“ რა ჯანდაბაა, მერე ჩემს შვილებთან რა კავშირი აქვს ამ ამბავს?
- აქვს ნია, გოგოების მომავალზე და რეპუტაციაზე იმოქმედებს დამიჯერე, შენ რომ აღარასდროს გათხოვდები ეგ ზუსტად ვიცი, ქმარი რომ გდომოდა დიტოსგან არ წამოხვიდოდი...სხვა ნებისმიერი სტატუსი კიდე რაც შეიძლება რომ გქონდეს არც შენი და არც ბავშვების მომავალზე კარგად არ აისახება.
- საერთოდ ვერ მიგებ... ასე მგონია ქალი არასდროს ყოფილხარ...
- გიგებ, იმ დღიდან ვიცი ზუსტად როგორი ხარ რაც წამოიზარდე და შენსა და მამაშენს შორის არანორმალური მსგავსება დავიჭირე, მისი ხასიათი გაქვს ზუსტად.
- ახლა ცდილობ რომ მაგ მშვიდი საუბრის მანერით მიწასთან გამასწორო, ისე მეუბნები ვითომ სამაგალითო პიროვნებას მამსგავსებდე...
- ისიც შენსავით იყო, ოჯახი და მშვიდი ცხოვრება იმის სტილი არასდროს ყოფილა, ყოველ ჯერზე როცა დილაობით ადრე იწყებდა ადგომას და ვარჯიშს, უთენია რადიოში მუსიკებს რთავდა და საღამოსაც კარგ ხასიათზე ბრუნდებოდა ზუსტად ვიცოდი რომ ვიღაც ახალი ჰყავდა, ერთადერთი რისთვისაც არსებობდა თავგადასავლები იყო, ყველა ჯერზე ვიცოდი რომ ახალ თავგადასავალში იყო გადაშვებული...
- დედა, 29 წლის მანძილზე ბაღიდან მოყოლებული რომ დავითვალო სულ სამ კაცთან მქონია ურთიერთობა, იმ სამიდან ერთი ჩემი ქმარია, ასეთი თავგადასავლების მოყვარულად ჩემი მონათვლა სწორი გგონია? და საერთოდაც მაგაზე რომ იწყებ ლაპარაკს ნერვები მაწყდება, ვერ ვიგებ რისთვის ითმენდი.
- შენი და გიოს გამო... ყველაფრის მოთმენა და ატანა შემეძლო.
- ჰო, მაგას მაშინ მივხვდი საყვარლის სახლთან რომ მოკვდა და მაგის მიუხედავად მოთქმით რომ დაიტირე, და რა გგონია ხალხი იმაზე არ ჭორაობდა რომ თავისმომჭრელად მოკვდა და შენ მაინც გიჟივით კიოდი, ვის მოატყუე? როგორ გგონია?
- რა მექნა პირდაპირ მიწაში ჩამეფლა?
- ჰო, ეგრე უნდა გექნა, დედამისის სახლში უნდა წაგეღო და არ მისულიყავი საერთოდ, მითუმეტეს ეს კივილ წივილი და რაღაც ძაან ნამეტანი იყო...
- ხოდა მისმინე კარგად, მე არ მოვიქეცი სამართლიანად, და მამაშენს გაუმართლა, შენ ვინმე რომ ზუსტად შენი ლოგიკით და სამართლით მოგექცეს დაიღუპები, ჯვარი გწერია და როცა იქნება დედაშენის სახლში მოგიტანენ და მეზობლების დასატირებლად დაგაგდებენ, შენი შვილებიც თუ შენსავით იაზროვნებენ და დიდი შანსია შენმა გაზრდილმა შვილმა შენსავით იფიქროს...ეგ არ აგცდება. - წამოდგა, კარისკენ წავიდა, მერე მოტრიალდა, გარედან შემოსული სინათლე ყელს ქვემოთ ეცემოდა, კარგად ვარჩევდი თხელ შიფონის ჟაკეტს მკაცრ მხრებზე რომ მოეგდო. - მითუმეტეს ლიზა იცი რა ხასიათებისაცაა, არ გაპატიებს მამაისის გარდა სხვა კაცის არსებობას შენს ცხოვრებაში. გიგებ, ვიცი რომ რაღაც ახალია, ისეთი რაც ემოციურად გააქტიურებს და მესმის რომ ვიღაც რომ შენით დაინტერესებულია კარგი შეგრძნებაა, მაგრამ ჩემი გაგება არაფერს გიშველის ახლა. - კარი გაიხურა და ცოტახანში კალიდორში მისი ფეხის ხმა მიწყდა.
რატომ არ ვგავდი ცოტა მაინც, რატომ არ შემეძლო მასავით პრინციპული და ძლიერი ვყოფილიყავი, ყველაფრის გადამტანი... ჯერ იყო და მამა საყვარლის სახლთან მოკვდა და სახლში მოატანინა და დაიტირა, სამი წლის შემდეგ ამაზე ასჯერ დიდი ტრაგედია დაგვატყდა, გიო დაიღუპა ავარიაში, სამი დღე გონზე ვერ მოგვყავდა ისეთი განადგურებული იყო, მაგრამ ფერფლიდან წამოდგა, ცხოვრება გააგრძელა, ყველაფერს გაუძლო, ყოველ ჯერზე ხელახლა იწყებდა რაღაცის კეთებას, არასდროს წუწუნებდა თავის ცხოვრებაზე, ნეტა შინაგანადაც ასეთი იყო თუ ჩვენ გვაჩვენებდა ასე და სინამდვილეში უბედურად გრძნობდა თავს.
მთელი დღე გათიშულს მეძინა, აშკარად სტრესის ბრალი უფრო იყო ვიდრე დაღლილობის, საღამოს დიტოს ზარმა გამაღვიძა.
- აღარც გვკითხულობ? - მისაყვედურა.
- დედასთან ჩამოვედი და მეძინა დიტო, როგორ ხართ?
- კარგად, მაგრამ პატარა ქალბატონს მოსწყინდა ზღვა და გულაობა და დაჟინებით იხთოვს დედასთან წაყვანას. - გამოვფხიზლდი მაშინვე და ფეხზე წამოვხტი. - ტირის? - ვკითხე შეშინებულმა.
- არა, ჯერ მხოლოდ აპროტესტებს, სანაპიროზე არ გამოგვყვა დღეს მე და ლიზას და ბებოსთან და ბაბუსთან ერთად სახლში დარჩა.
- რა ვქნა, წამოვიყვანო?
- ამხელა გზაზე შენი მანქანით წამოსვლა არ მინდა, ხომ ვიცი რანაირადაც უნდა იარო, მირჩევნია მე წამოვიყვანო.
- ლიზა?
- ლიზა დარჩება ბებოსთან.
- დიტო, დაელაპარაკე, უშენოდ რომ მოუნდეს დარჩენა მანდ არ მგონია...
- ლიზასთან მოვაგვარებ, არ ინერვიულო, ხვალ შუადღეს მანდ ვიქნებით.
- შენთან დაიწვინე ნატა, ხო იცი მოფერებაზე ყველაფერი უვლის, სანამ დაეძინება ბევრი ელაპარაკე, გთხოვ, მაგან ერთი თუ გაჭედა მთელი ღამე იტირებს.
- არ გვაქვს ჯერ ეგრე მძიმედ საქმე, იმიტომ დაგირეკე რომ გამეფრთხილებინე ჩამოსვლაზე.
- კარგი, ხვალ დილით მეც ჩამოვალ.
ტელეფონი გავთიშე თუ არა მაშინვე დავინახე დაჩის მოეწერა.
,,სად ხარ, ვნერვიულობ რომ დაიკარგე.“
ამოვისუნთქე, აღარაფერი აღარ მაინტერესებდა, არც წუხანდელი დიალოგი დედაჩემთან, არც ნიკა, საერთოდ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა.
,,მიპოვნე“ მივწერე.
,,დაახლოებით თუ არ მეტყვი სად გეძებო, ვერ გიპოვი“
,,რა ადვილად ნებდები“
,,გამოდი, გნახო ცოტახანს“
ოთახში გავედი, დედა არსად იყო, ქაღალდი და კალამი საკერავ მანქანაზე ვიპოვე, მოკლე წერილი დავუტოვე და ის იყო კარში გამოვვარდი რომ წინ შემეჩეხა.
- სად მიდიხარ?
- დავიბენი, და სამჯერ რომ ტყუილად გავაღე პირი მერე მივხვდი - რაც არ უნდა მეთქვა სიმართლე უკვე ამოიკითხა ჩემი გამომეტყველებიდან.
- სახლში... - ჩავილაპარაკე.
- წადი, ამხელა ქალს მაგიდის ფეხზე ვერ გამოგაბავ, წადი და იმაზე იფიქრე ეს იფორია რომ გადაგივლის მერე რა იქნება, გააკეთე რაც გინდა, ოღონდ იფიქრე თუ შეძლებ ცხოვრებას ყველას თვალში რომ ,,ვიღაცის საყვარელი“ გერქმევა.
მანქანაში ჩავჯექი, უფლებას არ მივცემდი ხასიათი გაეფუჭებინა, იმდენად მეჩქარებოდა რომ სიტყვა შუაზე გავაწყვეტინე და უკუსვლით დავშორდი სახლის ჭიშკარს.
აწყვეტილი მივქროდი, არცერთ ნიშანს არ ვემორჩილებოდი გზაზე, წინ უკლებლივ ყველა მანქანას გადავასწარი და ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი. წყალი გადავივლე, თხელი ყვავილებიანი კაბა გადავიცვი და გავედი.
მივდიოდი და ასე მეგონა სხვის ცხოვრებაში შევიჭერი და ახლა საგულდაგულოდ ვცდილობდი მომერგო, სხვად ვგრძნობდი თავს, ჩემად ვერ ვგრძნობდი სხეულს, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო რომ მომწონდა, ის რომ საკუთარი კანიდან ამოვხტი და გაურკვეველი მიმართულებით დავბოდიალობდი მსიამოვნებდა.
დამინახა თუ არა მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვივით გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე, ხელს აღარ ვუშვებდი, ჩემს სხეულს ჩემად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მისი ყველაფერი მეჩემებოდა. კისერში ვუძვრებოდი ცხვირით, საჩვენებელ თითს ვუსვამდი მსხვილ ქვედა ტუჩზე, ზურგზე ვეფერებოდი.
გავისეირნეთ, ისევ შემახსენა რომ მის მანქანაში უსაფრთხოების ქამარი არ მჭირდებოდა, აღარც მიცდია გაკეთება, სპორტულ ელვა შესაკრავიან მოსაცმელს ორივე ხელით ვეჭიდებოდი და ცხვირი მის მკერდზე მქონდა მიჭყლეტილი, ხარბად ვისუნთქავდი მის სუნს, თავის აწევა არ მინდოდა, სულ ერთი იყო რა მიმართულებით მივყავდი, რა სიჩქარით მიდიოდა, მხედავდა თუ არა ვინმე ნაცნობი შემხვედრი მანქანიდან, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, ამ წუთის გარდა, მის გარდა...
ერთი ხელით საჭე ეჭირა და მეორეთი მეფერებოდა.
- შენთან რომ ვარ ესეც მყოფნის, უბრალოდ მოფერება და ჩახუტება. - თმებში ხელი შემიცურა, თავი ამაწევინა და მაკოცა, თვალებში ვუყურებდი, დროდადრო გარე განათება სახეზე ეცემოდა, ხარბად ვაკვირდებოდი რომ აღარ დამვიწყებოდა, მისი მრგვალი სახე, ზედაზე გაცილებით დიდი ქვედა ტუჩი, ოდნავ გასაპარსი წვერი, ,,xrome“ თუ რაღაც ჯანდაბის სუნი, მისი ელვაშესაკრავიანი ჟაკეტი კაპიუშონით, ეს აუტანელი სიმყუდროვე მანქანაში და მუსიკა…რაღაც ქართული სიმღერები რომლებსაც მისი მანქანში ჩაჯდომის წამიდან ვერ ვიტანდი, ზუტად ვიცოდი სახლში მისვლისთანავე ყველას ტელეფონში გადმოვწერდი და დაუსრულებლად ბევრჯერ მოვუსმენდი.
გაგრძელება იქნება