წინა ღამე და ის დღეც დაჩისგან აღარაფერი ისმოდა. ვიფიქრე, ბარემ მიზეზი მექნებოდა და მივადგებოდი, იქნებ იქ ყოფილიყო. ისეთმა დაფანტულმა ვიარე გზაზე, ორჯერ გადავრჩი ავარიას. დედაჩემი დაკვირვებით მათვალიერებდა და დროდადრო თავს ოდნავ აქნევდა აქეთ-იქით. გავაჩერე თუ არა მანქანა, დავინახე, შენობის კუთხესთან იდგა და ვიღაცებს ელაპარაკებოდა. გამომხედა და მომეჩვენა, რომ ეცინებოდა. თავი ისე დავიჭირე, ვითომ იქ არ იყო, მაგრამ ძლივს მივლასლასდი მარკეტის კარამდე, წინ დედა შევუშვი და შევყევი უკან. მანამდე იარა წინ და უკან, სანამ არ ვუთხარი, შესვენება მიმთავრდება და ყავის დალევას ვეღარ მოვასწრებთ-მეთქი. გამოვედი. ტელეფონი, როგორც ყოველთვის, სადღაც მეგდო მანქანაში. ავიღე, რომ საათისთვის დამეხედა და შეტყობინება დამხვდა დაჩისგან:
,,ლამაზი ხარ“
გიჟივით გამეცინა და გავხედე. კართან გადმოენაცვლა და მიყურებდა. ბედნიერება ჩემს ტვინში, სულ ცოტა, 12 საათით მაინც დამუხტული იყო. ასე შტერივით დავრჩებოდი, გაღიმებული დედაჩემს რომ ჩემი ცეცეს კარები მთელი ძალით არ მოეჯახუნებინა.
- ასე ხო ჩამოაგდებ?! - მზერა გადმოვიტანე მასზე და ვუსაყვედურე.
- ნეტა ვინ გიყიდა?
- ცოტა შენ და ცოტა მე.
- თუ ბევრი მე და ცოტა შენ?
- ამიტომ კარი უნდა ჩამომიგდო?
- აღარ ვიზამ, ბატონო, თუ გინდა, არც ჩავჯდები.
- ღვედი გაიკეთე და ყურება არ დაუწყო, ძალიან გთხოვ. მე მიყურე და რაღაცას რომ გეტყვი, მერე ისევ მე მიყურე... ჩვენ წინ რომ ნაცრისფერი ჯინსის შარვლით და ზოლიანი მაისურით ბიჭი დგას, ეგაა...
ტყუილად გავაფრთხილე, მაშინვე შეხედა. კი არ შეხედა, უსინდისოდ მიაშტერდა. ჯერ გაჩუმდა, ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან ცუდის სათქმელად ემზადებოდა.
- ჩემზე რამდენი წლით იქნება პატარა? - მანქანა დავძარი და იმ წამსვე დავამუხრუჭე. რაც უკანა სკამზე პროდუქტები ელაგა, ძირს გადმოცვივდა და მთელ მანქანაში გაიშალა.
- შენი ასაკისას ჰგავს? არ გრცხვენია?
- ნია, ასაკს თავი გაანებე, რატომ მოგწონს ეს კაცი, ამიხსენი? რა მოგწონს? დიტოს და ნიკას მერე მაინც... თვალებს ვეღარ ახელ?
- აუუუ, არ უნდა მეთქვა რა... მაგისი გარეგნობა სულ მკიდია.
- ხომ ამბობდი, არ ვიცნობო?!
- ჰო, მერე?
- ახლა გარეგნობა მკიდიაო, აბა, რა დარჩა? რა მოგწონს?
- ყველაფერი მომწონს, აი, როგორიც არის, ზუსტად ისეთი მომწონს. დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო და სულ მინდა, რომ სადღაც ახლოს იყოს, - ვუთხარი და იმ კაფესთან გავჩერდი, გოგოებთან ერთად რომ ამოვდიოდი ხოლმე. ისეთი რადიკალური და მკაცრი აღარ იყო. საერთოდაც, უაზროდ არაფერს აკეთებდა, ჩემგან განსხვავებით. გეგმა ჰქონდა ან წინათგრძნობა, ისე არ ჩამომაკითხავდა და გიოს საფლავს ამდენი დღით არ დატოვებდა.
- რას აპირებ? - მკითხა და თურქული ყავა მოსვა.
- არაფერს. ამ ურთიერთობის ის მომწონს, რომ გეგმები არ მაქვს, არც ოცნებები. პირველად ვცხოვრობ აწმყოთი, დღევანდელი დღით და ეს მომწონს ზუსტად...
- კარგია, რომ იმას მაინც აანალიზებ, ორშვილიან ქალს ცოლად არ წაგიყვანს...
- დედა, ეგ ვიცი, კარგად მესმის, მაგრამ არავის ცოლობა არ მინდა. კაცი, რომელიც ყოველდღე ჩემთან ერთად იღვიძებს და აბაზანაში დასარეცხ წინდებს მიტოვებს, ყველაზე ბევრი, ერთ წელიწადში მძულდება. ვიცი, რომ მამას გაგონებს ჩემი ნათქვამი და ყველაფერი გწყდება გულში, მაგრამ სხვა რამე რომ გითხრა, ხომ მაინც არ დამიჯერებ. ასეთი ვარ, რა გავაკეთო. ამ ურთიერთობის ის მომწონს, რომ წინა ურთიერთობებს არ ჰგავს. პრინციპში, სულ ორთან მქონდა, ნიკასთან და მერე დიტოსთან, მაგრამ იმ ორს რომ არ ჰგავს, მომწონს. ახალია, სხვანაირი.
- ძალიან მოკლე ბოლო უჩანს მაგ ურთიერთობას... ანა რას გეუბნება? მიდი და მაგარი ხარო?
- არ იცის, არც ანამ და არც არავინ, შენ გარდა...
- კიდევ კარგი, სულ ცოტა ტვინი მაინც რომ დაგრჩენია თავში... კიდევ კარგი.
მზის სათვალე თვალებიდან თმაზე გადაიტანა და წინ მდებარე მშენებარე აგურის ნაგებობას მიაშტერდა. ზუსტად ამ დროს ჩაიქროლა თეთრმა ველოსტერმა. დავინახე, რომ გამოიხედა და დამინახა. როგორ ახერხებდა, რომ თითქმის არაფერს აკეთებდა და მე მაინც ჩემი კანიდან ვხტებოდი, წინ და უკან დავბოდიალობდი და გიჟურად ვროკავდი. იმ დღეს მივხვდი, რომ დამოკიდებული ვიყავი, მის გამო შემეძლო მთელი დღე ძალიან კარგად მეგრძნო თავი ან ძალიან ცუდად. ხომ ვამბობ, ყველაფერს ვგრძნობდი-მეთქი. ესეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ მართვის სადავეები გადავაბარე და არაფერს ვაკეთებდი მათ დასაბრუნებლად.
მანქანიდან გადასვლას ვაჭიანურებდი. ვიცოდი, რის კითხვასაც ვაპირებდი, ფრთხილად უნდა მოვკიდებოდი მასთან. ბოლოს მაინც ვკითხე. მოთმინებამ მძლია სულ ბოლო წამს, შევხედე და ვკითხე, თუ ვუყვარდი. არ ვიცი, ვაანალიზებდი ყველაფერს და ამიტომ უფრო თუ უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რამეს გრძნობდა თუ არა. არ უყოყმანია, მითხრა, კიო, მაგრამ მაინც უუნაროდ გადმოვლასლასდი. იმ მრავალ ტყუილს, რომლითაც ჩვენი ურთიერთობა ფურცელ-ფურცელ ავკინძე, კიდევ ერთი მივამატე, ყველაზე სასურველი ტყუილი, რისიც არასდროს მჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველთვის მინდოდა მომესმინა.
სამსახურშიც ტყუილად ვიჯექი, უფრო კახას დასანახად, საყვედურის მიღება აღარ მინდოდა. ხასიათზე ვერაფრით მოვედი. მოწევას მოვუმატე. ხომ ვამბობ, საკუთარ თავს უნდა უსმინო კაცმა-მეთქი, მე კიდევ ეს ხმა ცუდად მხდიდა და მის ჩახშობას მთელი ძალით ვცდილობდი. იმ საღამოს მე მივწერე, ვკითხე, პრობლემები ხომ არ ჰქონდა, იქნებ ფულს ეხებოდა ან ჯანმრთელობას. და მთავარი რომ მეკითხა, იმას გვერდი ავუარე. მიპასუხა, მაქვს პრობლემები და ლაპარაკი არ მინდაო, მკაცრად გამაფრთხილა ამაზე არასდროს არაფერი აღარ მეკითხა.
დედამ ბავშვები ჩაიყვანა სკვერში. მგონი, გრძნობდა, რომ მთლად კარგად ვერ ვიყავი და ბავშვებს მარიდებდა, ჩემ გამო უფრო თუ მათი - არ ვიცი. შევედი საძინებელში და კარი მივიხურე თუ არა, ცრემლები წამსკდა. მოდიოდნენ უსასრულოდ და ვეღარ ვახერხებდი მათ გაჩერებას. საწოლზე დავემხე და როდის ჩამეძინა, ვერ გავიგე.
დამესიზმრა, თითქოს სადღაც დაბურულ ბილიკს მივუყვებოდი. დაჩის ვწერდი. უკან ორი ძაღლი მომყვებოდა. ძაღლსაც ჰგავდა და ტურასაც. არაფერს მერჩოდნენ. მისი ფოტოაპარატი მეკავა ხელში, მის გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი. ყოველ მომდევნო ფოტოზე ეკრანს განათება აკლდებოდა. რაც უფრო ძველ ფოტოებს ვნახულობდი, უფრო და უფრო. ბოლო რაც დავინახე, კონტური იყო, მისი და კიდევ ქალის. მომდევნო ფოტოზე მოუთმენლად გადავედი. ვეღარაფერი დავინახე, ეკრანი გაითიშა და გაშავდა. თავი ავწიე, მიმოვიხედე. წრე შემოერტყათ ამ ძაღლის მაგვარ არსებებს, გაბმულად ყმუოდნენ და მიახლოვდებოდნენ. კიდევ უფრო ვიწროვდებოდა წრე, სადაცაა ფეხებში მწვდებოდნენ. მიწერას ვეღარ ვასწრებდი, რომ რამე ეშველა ჩემთვის... და სულ ახლოს რომ მოვიდნენ, გამეღვიძა. საშინელ ხასიათზე დავდექი. კედლებს სიბნელე მღვრიე წყალივით ჩამოსდიოდათ და იატაკზე გუბდებოდა. ასე მეგონა, ფეხი რომ გადმომედგა საწოლიდან, ამ შავ წყალში დავიხრჩობოდი. ვერ ვახერხებდი გამოფხიზლებას. ვიცოდი, რომ უაზროდ არ მინახავს, ყოველთვის მჯეროდა სიზმრის მაგიური ძალების.
შუადღეს ნანუს ბავშვის დაბადების დღეზე რომ წავსულიყავი, იმხელა ძალისხმევა დამჭირდა, რომ წასვლამდე მოვიქანცე. მაინც ვეცადე, არაფერი შემმჩნეოდა. დედა ლიასთან გავუშვი, მე ნატა და ლიზა მოვამზადე და უკანა სავარძელზე მოვათავსე. საჭეს რომ მივუჯექი, ლიზამ დამიძახა, ნატასთვის უსაფრთხოების ქამარი არ შეგიკრავსო. შევხედე, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა. ღმერთო, როგორ მიჭირდა ამ ყველაფრის ატანა. როგორ ვდუმდი მაშინ, როცა ყვირილი მინდოდა. ჩუმად დავითვალე ათამდე და ნერწყვი გადავყლაპე, მერე გავუღიმე და ვთხოვე, იქნებ ქამარი თვითონ დაემაგრებინა. ყოველ ჯერზე, როცა ლიზასთან შეხლა მიწევდა, უზარმაზარი ნებისყოფა და ენერგია მჭირდებოდა იმისთვის, რომ წონასწორობა არ დამეკარგა. ყოველ ჯერზე ვფიქრობდი გამოსავალზე, მაგრამ ყველა ცდა ლიზასთან რაიმეს მოგვარებისა უშედეგო იყო.
იმ საღამოს დიტოსთან წამოვიყვანე გოგოები და დედაჩემი სახლში ავიყვანე. ვუთხარი, ნანუ გოგოებს ბარში გვეპატიჟება-მეთქი და დასალევად წავედი. მიზანი ის იყო, რომ აღარაფერზე უნდა მეფიქრა, უნდა მეცეკვა გიჟივით და გამოვმთვრალიყავი. ბოლო პუნქტი ზედმიწევნით შევასრულე, კოქტეილებს ელვის სისწრაფით ვცლიდი.
- არ მომწონხარ, რამე მოხდა? - ნანუ გვერდით მომიჯდა. მაგიდასთან ექვსნი ვისხედით: მე, ანა, ნანუ და მისი ქმრის ძმაკაცების ცოლები. ისეთი ხმაური იყო, ერთმანეთს ძლივს ვაწვდენდით ხმას. პრინციპში, მე არც ვლაპარაკობდი და არც ვუსმენდი.
- არაფერი, დავიღალე და დასვენება მინდა. გავალ ეზოში, მოვწევ, - თავი ავარიდე ნანუს. ანამ მზერა გამომაყოლა, რომ გამოვდიოდი ბარიდან. რატომ არაფერს ვუყვებოდი, არ ვიცი, ანას მაინც, არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ამბავი მარტო ჩემი იყო და არავისთან არ მინდოდა მისი გაყოფა.
ბეწვის ხიდზე დავდიოდი, მისი შესხმული ფრთები ჰაერში მაჩერებდა, მაგრამ ჯერაც არ ვიცოდი, ამ ხიდს რა უფრო მალე ჩააგდებდა, სიმართლე თუ მოტეხილი ფრთები და არც ის ვიცოდი, რომელი მერჩივნა. გარდაუვალი რომ იყო, მაგას ზუსტად ვხვდებოდი.
გამოვედი. უამრავი ხალხი იყო გამოშლილი. ზოგი ეზოში სვამდა და ეწეოდა, ზოგი ცეკვავდა. იქაურობას აყრუებდა მუსიკის ხმა. შორს გავედი და ტელეფონზე დაჩის ნომერი ავკრიფე. აღარ ვნერვიულობდი, თითქოს ვიღაცამ ნერვული სისტემა გამითიშა ღილაკიდან. თავი მქონდა გაბრუებული და თვალს არ ვაცილებდი ეზოში ქაოსურად მოძრავ ხალხს. დიდი ხნის შემდეგ მიპასუხა. და მეც აღარ ვაცადე, პირდაპირ იერიშზე გადავედი.
- როდემდე ვაპირებთ ასე ყოფნას?
- როგორ ასე?
- ათასში ერთხელ რომ მკითხულობ და სექსის გამო რომ ვხვდებით 40 წუთი კვირაში ერთხელ ან არც...
- ხომ შემპირდი, რომ მაგაზე აღარაფერს მკითხავდი?!
- ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, ან რა პრობლემა გაქვს ასეთი, რომ დალაპარაკება არ შეგიძლია?
- ახლა მარტო არ ვარ, სხვა დროს ვილაპარაკოთ.
ტელეფონი გავთიშე, იქვე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. დაუსრულებლად იმეორებდა ჩემში ჩაბუდებული ხმა ერთსა და იმავეს და ბოლოს თითებმა ისე დაწერა ტექსტი, თითქოს როიალზე კარგად დასწავლილ კომპოზიციას ასრულებდა.
,,ათასჯერ გკითხე და არ მპასუხობ, რა არის ეგ პრობლემა. ახლა მაგ კითხვას სხვანაირად დაგისვამ და ამ თემას მეორეჯერ აღარ შევეხები. უბრალოდ მითხარი, რა გინდა ჩემგან და ეგ პრობლემა მე ვარ თუ არა?“
პასუხი აგვიანებდა. ერთი წუთის მანძილზე წამგამოშვებით ვამოწმებდი შეტყობინებას. თავს გაპარტახებულად ვგრძნობდი, გამონაცვალი ტანისამოსივით. ვგრძნობდი, როგორ მეყინებოდა მკლავები და ფეხები და როგორ მეწვოდა შიგნეულობა. ასე მეგონა, პირს გავხსნიდი და ლავა ამოიფრქვეოდა შიგნიდან. ბოლოს გავიპარე, გოგოებს აღარ დავემშვიდობე და ტაქსი გავაჩერე. ვგრძნობდი, როგორ მიცახცახებდა ყბები და როგორ მაყრიდა ბურძგლები მკლავებზე. ლიფტში შევედი თუ არა, პასუხი მომწერა.
,,არ ვიცი, რა მინდა. ის ზუსტად ვიცი, რომ ეს ურთიერთობა მაშინებს და პრობლემების დამატება აღარ მინდა“
ჩავიკეცე და ლითონის გაყინულ კედელს მივეყრდენი. ვიცოდი, რომ ახლა თუ ძალიან ღრმად არ ვისუნთქავდი, აუცილებლად გავიგუდებოდი. თავში სეტყვასავით წამოსულ მოგონებებს ვეღარ ვუმკლავდებოდი, თავს მესხმოდა და მანადგურებდა იმ დღეებზე ფიქრიც კი, როცა დაჩის დანახვა და შეხება უსიამოვნო და აუტანელი იყო. ის დღეები მომინდა დაბრუნებულიყო, მისი მანქანიდან გადმოხტომისთვის წამებს რომ ვითვლიდი. ყველაფერი მომინდა, ოღონდ ეს წერილი არა, ოღონდ ეს არ ეთქვა და ყველაფრის ასატანად მზად ვიყავი.
,,შეგეძლო აქამდე გეთქვა ეგ, კარგად იყავი“
ტელეფონი დაუდევრად ჩავაგდე ჩანთაში. ლიფტი გაჩერდა, კარი გაიხსნა. აღარც გამოსვლა მინდოდა და არც აქ დარჩენა, თითქოს სულერთი გახდა, საერთოდ ვიარსებებდი თუ არა, ნაბიჯის გადადგმამაც კი აზრი დაკარგა მის გარეშე. კარები დაიკეტა და სინათლე გამოირთო, მერე ქვევით დაეშვა, ქვედა სართულის მეზობელი შემობარბაცდა მთვრალი, მომესალმა და პირი გავხსენი თუ არა, ტირილი ამივარდა, მოვთქვამდი ლიფტში თავშეუკავებლად და ეს კაცი პირდაღებული შემომყურებდა. ორი მთვრალი ვიდექით გვერდიგვერდ. ის არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ მე ყველაფერი მტკიოდა, ყველა წერტილი, სადაც კი ოდესმე შემხებია. არაფერი უკითხავს, ისე გავიდა ლიფტიდან.
კარი შევხსენი. დედა ტელევიზორთან იჯდა და რომ დამინახა, ხმა გამოურთო. სამზარეულოში გავედი და ფანჯარა გამოვაღე. თვითონაც გამოვიდა.
- ტანსაცმელზე საშინელი სიგარეტის სუნი გაქვს, რაღატო ეწევი? - მკითხა და შუქი აანთო. - რა გჭირს? სახე რას გიგავს?
- წავიდა... ჯერ ისე მოვიდა, რომ არაფერი იკითხა, დაჟინებით იმეორებდა, რომ ჩემთან უნდოდა, შეხვედრას მეხვეწებოდა, ხელის ჩასაკიდებლად იბრძოდა და მერე ზუსტად ასე დამტოვა. არც მაშინ უკითხავს, მინდოდა თუ არა შემომეშვა და არც ახლა... - სახე მოეღუშა და მერე მომეჩვენა, კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, რომ რასაც ფიქრობდა, ის არ ეთქვა. - მთელი კვირა ვცდილობდი გამეგო, რა პრობლემა ჰქონდა, რომ დავხმარებოდი და თურმე ეს პრობლემა მე ვიყავი... სიგარეტი მაგიდაზე დავაგდე და თავი მუხლებში ჩავრგე. ჩუმად ვტიროდი, რომ მისთვისაც არ მეტკინა...
- ხომ ხვდებოდი ისედაც, რომ ეს ურთიერთობა თავშივე განწირული იყო მსგავსი დასასრულისთვის, ხომ იცოდი? არ მითხრა, რომ მზად არ იყავი...
- ასე მალე მაინც არ მეგონა. ვფიქრობდი, მე დავასრულებდი, ერთ დღესაც მე ვიტყოდი, რომ უნდა დასრულებულიყო, ოღონდ ჩემი მიზეზით, დედა... თავს საშინლად ვგრძნობ, მიტოვებულად, იმედგაცრუებულად, ყველაფერს ერთად ვგრძნობ... ყველაფერს ცუდს. რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც კიდევ ერთ თვეს ვყოფილიყავი ბედნიერი?
- მართლა გგონია, რომ იცი, რა არის ბედნიერება?! ბედნიერებაა, როცა სული დამშვიდებული გაქვს და არა ის, რასაც შენ აკეთებ, უპერსპექტივო ურთიერთობები, დამალობანა, იმპულსები...
ჩემ წინ ჩამოჯდა. შუშის მაგიდაზე ხელს გაუჩერებლად აკაკუნებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სადღაც მასაც ჰქონდა ის მეექვსე თუ მეათე გრძნობა, რაც მე... ამიტომ დატოვა ის ორი კვადრატი მიწა, სადაც გიო ეგულებოდა და რომელსაც საკუთარ ოთახზე მეტად უვლიდა და დაჰფოფინებდა თავზე. ამიტომ ჩამომადგა, ხვდებოდა ყველაფერს, ოღონდ ჩვენ შორის ის განსხვავება იყო, რომ ის უსმენდა საკუთარ თავს და მე არა... იქნებ ასაკის ბრალი იყო, იქნებ ამასაც სწავლა სჭირდებოდა, მოსმენას... სიგარეტს მოვუკიდე. აღარ გაუპროტესტებია, სიბრალულით სავსე მზერა დავიჭირე, ვიგრძენი რა საცოდავი სანახავი ვიყავი. საუკუნის მეოთხედზე მეტი მქონდა გავლილი და ახალგამოჩეკილი, გამოუცდელივით მოვთქვამდი კაცის გამო.
- ვერ ვხვდები, სად დავუშვი შეცდომა. ჯერ რატომ ამიჩემა, იმასაც ვერ მივხვდი წესიერად და ახლა იმაზე საფიქრალი დამემატა, რატომ მომიბეზრა, რა გავაკეთე არასწორად...
- იტირე და რაზეც გინდა, ილაპარაკე, ოღონდ მაგაზე ნუ ჩაიციკლები, გეხვეწები. ისე მარტივადაა ყველაფერი, რომ შენ თუ სიღრმეებში დაუწყებ ძებნას, დაიკარგები.
- რა არის მარტივად? მარტივი გგონია?
- ნია, შენ ორშვილიანი, ქმარს გაცილებული ქალი ხარ...
- მერე?
- მერე ის, რომ იმას შენთან სხვა ინტერესები ჰქონდა და შენ როგორც გჩვევია, ამ ყველაფერში გრძნობები და ემოციები ჩადე, უხვად მიაფრქვიე და მერე... - შეყოყმანდა, კითხვით სავსე თვალები მომაპყრო. - ხომ ასე მოიქეცი? მერე იმან იფიქრა, რომ ეს ყველაფერი უკვე ზედმეტი იყო, ის ხომ არ გიცნობს. იქნებ ისიც იფიქრა, რომ მაინც გაცილებული იყავი ქმარს და მასთან მოინდომებდი უფრო სერიოზულ ურთიერთობას. ხომ უთხარი, რომ გიყვარს?
პასუხის გაცემა აღარ მინდოდა. იმდენად კარგად მიცნობდა, რომ ისედაც ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა, რაღა უნდა მეთქვა.
- ის ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც საერთოდ არაფერს ვთხოვდი, არაფერი მინდოდა იმის გარდა, რასაც თავისი სურვილით მაძლევდა. - გაეცინა, შეუბრალებლად გაეცინა და ღიმილიანი სახით მკითხა:
- რას გაძლევდა, მითხარი ერთი?
სიგარეტი საფერფლეს დავასრისე. ვეცადე, თვალი გადამევლო თითქმის ორთვიანი აურზაურისთვის და არაფერი გამახსენდა, ისეთი მაინც, თქმის რომ არ შემრცხვენოდა.
- რასაც მაძლევდა, მყოფნიდა... - ამოვღერღე ბოლოს.
- თუ ღმერთი გწამს, ნია, თავი ხელში აიყვანე. იმის გახსენებაც არ მინდა, რაც ნიკას წასვლის შემდეგ გადაიტანე, როგორც იყავი და ცოტა ჩემსა და ბავშვებზეც იფიქრე. 19 წლის აღარ ხარ, უნდა გადაყლაპო და მოინელო, რამენაირად, ჩემი ხათრით.
- თავის მოკვლას არ ვაპირებ. - გამეცინა.
- მაგაზე აღარც იხუმრო, არც ვფიქრობ მაგას... და მოუკელი მოწევას, შენს გარდერობშიც კი ყველაფერს თამბაქოს სუნი აქვს... დალაპარაკებას ვგეგმავდი და... ახლა აზრი არ აქვს, დაწექი, დაიძინე და ხვალ გეტყვი.
- არა, მითხარი, იმაზე უარესს, რისი გაგებაც უკვე მომიწია, ვეღარაფერს მეტყვი დღეს. რადგან დაიწყე, ხვალამდე ვერ მოვიცდი.
- ლიზამ მითხრა, რომ მამამისს ცუდად ელაპარაკები, რომ შენ გააგდე და ყველა მოსვლაზე აგდებ. ფიქრობს, რომ ვერ იტან იმ კაცს, რომელსაც თვითონ აღმერთებს. არ ვიცი, ეს დაგამშვიდებს თუ აგაფორიაქებს უარესად, უბრალოდ, რადგან მივაგენით მის შენდამი დამოკიდებულების მიზეზს, მგონი, გამოსავლის პოვნა შეგვიძლია. არ გაგიჟდე ახლა და არ დაეტაკო დიტოს. ჰო, იმაზე თავს ვერ დავდებ, რომ მას არაფერი უთქვამს, მაგრამ დაზუსტებით რამის დაბრალება მაინც არ შეგვიძლია. ეცადე, რომ ლიზასთან ერთად მაინც კარგად მოექცე, კარგად კი არა, ძალიან კარგად. იქნებ მოაგვარო ეს მაინც რამენაირად.
ყველაფრისგან დაცლილი ვიჯექი თამბაქოს კვამლით სავსე ოთახში. ასე მეგონა, რომ რამდენიმე წუთის წინ გამომშიგნეს და აღარაფერი დამიტოვეს, რომ მეცოცხლა. ძალას იმისთვისაც კი ვერ ვპოულობდი, რომ ეს ცოცხალმკვდარი სხეული ამეთრია სკამიდან და საწოლამდე მეზიდა. არც დიტოზე გაბრაზების თავი მქონდა და არც გამოსავლის ძებნის. არსაიდან მოვიდა, ჯიუტად შემოიჭრა, ყველაფერში ხელი მოაფათურა, სხეულის ყველა წერტილზე ანაბეჭდები დამიტოვა, ყველაფერი აურ-დაურია, სხეულიდან შიგნეულობა ამომგლიჯა, შანსი არ დამიტოვა წამოდგომის, ბოლომდე გამომფატრა, მერე წავიდა, ყველაფერი თან გაიყოლა და მისსავე მოწყობილ ალიაქოთში მარტო დამტოვა დაგლეჯილი სხეულით. ერთხელ მითხრა, ერთად ბედნიერები ვიქნებითო. ახლა რატომ აღარ თქვა, რომ მის გარეშე უბედური ვიქნებოდი, ეს რატომ არ მითხრა?!
გაგრძელება იქნება