ღამე არ მეძინა. დილით თავს ვერ ვეწეოდი, რომ სამსახურში არ დამეგვიანა. აღარ ვიპრანჭებოდი, აღარაფერი მაინტერესებდა, თვალის ჩაშავებულ უპეებს აღარ ვიმალავდი ნელსაცხებლით, გამომშრალ ტუჩებს აღარ ვუვლიდი, ცხენის კუდივით გამოკრული თმით და უმაკიაჟოდ დავდიოდი სამსახურში, ყოველდღე ჯინსის შარვალი და სადა პერანგები მეცვა, სარკესთან გავლა შევიძულე, ბავშვებს თავს ვარიდებდი და დედასთან ძირითადად იმის გამო ვკამათობდი, რომ კარგად ყოფნას მაიძულებდა. როგორ უნდა მეგრძნო თავი კარგად, როცა მასზე ახლობლად ვეღარავის ვგრძნობდი. საკუთარი სხეული პირველად ვიგრძენი, პირველად შემიყვარდა. სადაც მეხებოდა, ყველა წერტილი მიყვარდებოდა, მისი შენახები სხეული მომწონდა.
,,როგორ უნდა მეგრძნო თავი დამნაშავედ, ის ყველგან იყო, სხეულის ყველა წერტილში დამოგზაურობდა, თავსა და შეგრძნებებში, საყვარელი სუნამოსავით გაჟღენთილი. სიზმრებში თუ ვხედავდი, მის შეხებას ყველაფერზე ცხადად ვგრძნობდი. ის ერთადერთი იყო, ვისი ახლოს ყოფნაც შემეძლო მეწინასწარმეტყველა. მისი დანახვისას ყველაფერი უჩინარდებოდა და სადღაც წყლის ფსკერზე იძირებოდა. წლები, რომლებიც უმისოდ გავატარე, ქრებოდა... თითქოს ცხოვრება მისი დანახვით დაიწყო და იმ წამს შეწყდა, ბოლოს რომ ვნახე... დანახვის წამიდან ვნერვიულობდი ყოველ ჯერზე, რომ დრო გადიოდა. ვერაფერს ვეჭიდებოდი. აბობოქრებულ მდინარედ ვგრძნობდი დროს, რომელიც თავის დინების მიმართულებას თავად ირჩევდა.
ჩვენ შორის ბევრი განსხვავება იყო. იქნებ მსგავსება არც არაფერში გვქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ერთად ვიყავით, მე დროის გაჩერებაზე ვფიქრობდი და ის ამ დროის გაყვანაზე.
ზოგჯერ ვახერხებდი თავის ხელში აყვანას. მუდმივად დიალოგი მქონდა საკუთარ მესთან. მილიარდი არგუმენტი მომყავდა, რატომ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი ზუსტად ასე და არა სხვანაირად. ზოგჯერ ნორმალურად ვიყავი, სამსახურში ყურადღება გადამქონდა საქმეზე, რომელიც დაჩის გამოჩენის დღიდან მეასეხარისხოვანი გახდა და ეს ჩემს გამორჩენილ საქმეებს მუდმივად ეტყობოდა. ზოგჯერ მთელი საღამო ბავშვებს ვეთამაშებოდი, ლიზას განსაკუთრებით, მაგრამ ისეთი დღეებიც მქონდა, სამზარეულოს ფანჯარასთან რომ ვაღამებდი და ვათენებდი, ტანსაცმელს არ ვიცვლიდი, არ ვბანაობდი, არ ვჭამდი. ყოველდღიურ ბრძოლაში ვიყავი და ხან ვერეოდი დაჩიზე შეყვარებულ ქალს და ხან სასტიკად ვმარცხდებოდი.
სექტემბრის მიწურულს დედა წავიყვანე სახლში. ბოლო დღეებში ადამიანურად მეცვა და ვჭამდი და ჩათვალა, რომ გადავაგორე ეს ამბავიც.
საღამოს ნიკა მომადგა. სავარაუდოდ, მანქანა შენიშნა ჭიშკართან. არ ვიცი, რატომ მოინდომა იმ ყველაფრის მერე, ხელახლა დამლაპარაკებოდა. მომიკითხა, სახლში შემოსვლა არ ინდომა, ჩემს მანქანას მიეყრდნო და დაკვირვებით შემათვალიერა, ოდნავ ნაწყენ გამომეტყველებას სახიდან ვერ იშორებდა.
- ისეთი არაპროგნოზირებადი ხასიათი გაქვს გამხდარი, ვეღარ გავიგე, უნდა მომეკითხე თუ არა იმ ამბის შემდეგ. - ჩვენი ბოლო შეხვედრა იგულისხმა.
- არ იყო კარგი აზრი საავადმყოფოში ჩემი დაბარება. - არ ვტყდებოდი, რომ თავს ცოტა მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი.
- შემხვდებოდი, ისე რომ მეთხოვა?
- ნიკა, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ცუდი პერიოდი მაქვს...
- შენი ქმრის გამო?
- აღარ არის ის ჩემი ქმარი... მაგრამ არაფერ შუაშია, სხვის გამო... - ვუთხარი და ვიგრძენი, რომ დავმსუბუქდი. არ ვიცი, ნიკასთან ამის აღიარებამ რატომ მაგრძნობინა შვება. იქნებ იმიტომ, რომ სადღაც გონების მიღმა მაინც მქონდა სამაგიეროს გადახდის სურვილი და ვიფიქრე, რომ გულს ვატკენდი. თვალი ამარიდა, გზისკენ გაიხედა, მგონი დროის მოგების მიზნით უფრო.
- ვიცნობ?
- არა... - გამეღიმა. - ან რას შეცვლის, რომც იცნობდე?
- რთული პერიოდი რატომ გაქვს მერე? - უგუნებოდ იკითხა, თითქოს ყოველი შემთხვევისთვის. სახეზე იმხელა იმედგაცრუება გამოესახა, ლამის ვიფიქრე, რომ ამჯერად მაინც ნამდვილად ვუყვარდი.
- კაცების არჩევა არ ვიცი და მაგიტომ. შენ ყველაზე ნათელი მაგალითი ხარ ამისი. - გაღიმება ვცადე. არ მინდოდა კიდევ რამე ისეთის თქმა, რაც შეიძლება სწყენოდა.
- კაი რა, ნია, მთელი საუკუნის წინ იყო, პატარა იყავი ძალიან. მართლა გულით მინდოდა ზოგჯერ, რომ ქალი ყოფილიყავი, ზუსტად ისეთი, როგორიც იყავი, მაგრამ მოწიფული ქალი... ძალიან ბავშვური იყავი... ეგ შენი ბავშვურობა თან მიყვარდა და თან სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ახლა ასაკში განსხვავება აღარ გვეტყობა, ახლა ის ექვსი წელი აღარაფერია, მაგრამ შენ რომ 16-ის იყავი და მე 22-ის, მაშინ ბევრი იყო...
- ჰოდა, ახლა მოწიფული ვარ, არა?
- ბევრ რამეს ვნანობ, რომ გითხარი, რომ მიყვარდი და აგატირე; კიდევ შენს ჭიშკართან რომ დაგიჭირე სიბნელეში და გაკოცე იმას; თავი რომ შეგაყვარე, ვნანობ. ბავშვი იყავი და მეც არ ვყოფილვარ მაშინ ისეთი დიდი, რომ გამეანალიზებინა, შენთვის ეს ყველაფერი ტრავმად რომ იქცეოდა... მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე ლაპარაკი რას შეცვლის?
- რატომ აკეთებდი, თუ არაფერს გრძნობდი?
- ვგრძნობდი, იმდენს არა უბრალოდ, რომ ეს შენც გცოდნოდა, არ უნდა მეთქვა.
- ერთხელ მითხარი ,,შენ მასწავლე, რომ ბავშვს თუ რამეს მისცემ, აღარ უნდა წაართვა არასდროსო“. ახლაც ბავშვი ვარ, ნიკა, ზუსტად ისეთი ბავშვი, მაშინ რომ ვიყავი. ვერაფრის წართმევას ვერ ვეგუები, ბავშვივით ისტერიკა მემართება, ისევ ვტირივარ და ისევ ემოციურად შეშლილი ვარ. - ბოლო სიტყვებზე ნიკაპი ამიცახცახდა. ნიკამ შემატყო რომ ტირილს ვაპირებდი და ძალიან ფრთხილად მომიახლოვდა, ორივე ხელი მომხვია და სადღაც მხართან მიმიხუტა. მის ლურჯ ისრებს თითი გადავუსვი. სულ ოდნავ ამობურცული იყო კანს ზემოთ.
- არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მართლა. ცუდად რომ იყავი, იმ ღამესვე მივხვდი... რომ გაგიჟდი და საოცრებები მითხარი, ცოტა ბავშვი რომ ისევ დარჩა შენში, მაგასაც მივხვდი. რამეში დახმარება თუ დაგჭირდა, ნებისმიერ რამეში... გვერდით დაგიდგები.
გამეღიმა. ათი წლის წინ ვოცნებობდი, თუ ვერც ვოცნებობდი ამაზე, ჩემ წინ რომ მდგარიყო და იქნებ მართლა ბევრი რამისთვის იყო მზად. თურმე მთავარი ის კი არ არის, რაზეც ოცნებობ რომ აგიხდეს, მთავარია, როდის აგიხდება. ზოგჯერ ოცნებები დროსთან ერთად ფასს და აზრს კარგავენ. ამჯერად მე ჩავეხუტე. არც კი მჯეროდა, რომ მასთან ჩახუტებისასაც დაჩიზე ვფიქრობდი. არც კი მჯეროდა, რომ ორთვიანმა ურთიერთობამ, პირველი სიყვარულიდან დაწყებული, უკანასკნელით დამთავრებული, ყველაფერი დაასამარა.
წავიდა, დაღმართს ფეხით დაუყვა. მაშინ, წლების წინ, ყველაფერზე მეტად მიყვარდა ამის ყურება, როგორ დადიოდა, კედელზე მიყრდნობილს როგორ ჰქონდა ერთი ფეხი შეკეცილი, დგომის მანერა, მოძრაობა, მისი გადაშლილი და ამაყი მხრები მომწონდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ ასე დარჩებოდა, რომ ვერავის მხრებს ვეღარ შევიყვარებდი, ვერავის სიარულს. ახლა მიდის და ჩემთვის სულერთია, რომელ მხარეს, ვისთან ან დაბრუნდება თუ არა ოდესმე. ეს არის ,,დრო“, მიდის და ადამიანებთან ერთად განცდებიც თან მიაქვს, სახეებს შლის მეხსიერებიდან, ემოციების ადრესატებს... ის ერთადერთია, რასთან ბრძოლასაც შედეგი არასდროს მოაქვს, ხარკად ითხოვს ტანჯვას, სინანულს, ცრემლებს. მის გარეშე არ ნებდება, არ გემორჩილება, შენ გამო არც გაიქცევა და არც უკან დარჩება. იქნებ ამიტომ არის დრო ყველასთვის ასეთი ძვირფასი, რომ უკან მობრუნება არ ახასიათებს, არც პატიება და არც არაფრის დათმობა.
გაგრძელება იქნება