ერთი თვის შემდეგ, როცა ჩავთვალე, რომ ამ ამბავთან გამკლავება შევძელი, ჰიპერმარკეტში ავედი ანასთან ერთად. ახლაც ვერ ვხვდები, რატომ მოვუწყვე თავს ეს გამოცდა.
კართან იდგა და რომ დამინახა, უკან დაიხია. არ შემიხედავს სახეში, ვერაფრით შევძელი. ფეხები რომ ამერ-დამერია, მაშინ მივხვდი, გამოცდის დაწყებამდე რომ ჩავიჭერი.
- ეს კაცი დაინახე? - ანამ წითელ კალათას ხელი წამოავლო და მარკეტის სიღრმისკენ გაათრია.
- ვისზე ამბობ?
- შემოსასვლელში რომ იდგა, მაგისია ეს, - თვალი მოავლო მარკეტს, მერე განაგრძო - იმ დღეს კლასელები შევიკრიბეთ და იქ მოაკითხა ეკას, ერთად არიან... ეკა ხო იცი? ცოტა ცანცარა ტიპია. - ერთი წუთი ვერაფერი ვერ გავაანალიზე, მანამ სანამ საფეთქლებმა გაცხელება არ დაიწყო და არ მიმახვედრა, რომ ზუსტად ის თქვა, რაც გავიგე. ის კიდევ განაგრძობდა:
- ნანუმ რომ გასართობ ცენტრში გადაუხადა ბავშვს დაბადების დღე... ,,დაკის“ მენეჯერია, შინდისფერი თმით. დარბაზშიც იყო შემოსული იმ დღეს, მომიკითხა, არ გახსოვს? - უკან გავიხედე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გარეთ ვინმე სხვაც იყო. ვერავინ დავინახე, აღარც დაჩი ჩანდა.
- შავი მაისურით რომ იდგა? - მხოლოდ იმიტომ გავიმეორე, რომ გონება არ დამეკარგა და თავი ბოლომდე არ გამეყიდა.
- ერთი კაცი იდგა მარტო, რა დაგემართა?!
ფეხებქვეშ მიწამ დუღილი და მოძრაობა დაიწყო. ნერწყვი ძლივს ჩავყლაპე. ცოტაც და, ლითონის კეტჩუპებით სავსე კალათაზე დავენარცხებოდი. ხელი მაგრად ჩავჭიდე. ანა წინ მიდიოდა. მისი ზურგი ჯერ გაორდა და მერე ასად მომეჩვენა. კაბაზე მიხატული ყვავილები გაიდღაბნა და გადახუნდა. კალათას მაგრად ჩავეჭიდე, რომ წონასწორობა არ დამეკარგა. მერე ძალიან ნელა წამოვედი კარისკენ. ანა დამეწია, ზურგზე ხელი შემახო. შევცბი.
- სად მიდიხარ?
- მანქანაში დაგელოდები. - უძლურად აღმომხდა.
- ცუდად ხარ?
- წნევა დამივარდა, მგონი, თავბრუ დამეხვა. იყიდე შენ, რაც გინდა და გამოდი.
ანა უკან შებრუნდა. საერთოდ არ მახსოვს, როგორ მივედი მანქანამდე ან რანაირად დავჯექი. დასასრულის მწარე გემო ვიგრძენი პირში. თავმოყვარეობის ბოლო წვეთი მედგა ყელზე და მახრჩობდა, ვერაფრით გადავყლაპე და ბოლოს ცრემლებად გადმომსკდა. მანქანა დავძარი თუ არა, დაჩის ფლეილისტიდან ერთ-ერთი სიმღერა ჩაირთო. აგერ, უკვე რამდენიმე თვეა, რომ მეტი აღარაფრისთვის მომისმენია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაცამ უზარმაზარი ჭრილობა გადამიწია და ხელახლა დამისვა ბასრი საგანი, უფრო რომ გაეღრმავებინა. გზის მეორე მხარეს გადავედი, ტელეფონი ამოვიღე. სოცქსელში ჯერ ანას გვერდზე შევედი. არ გამჭირვებია მის მეგობრებში წითელთმიანი ეკას პოვნა. ფოტოებს დავუყევი. ყველაფერი საჯაროდ გამოედო, ყველას დასანახად, ნარცისული სელფები, უხარისხო და მძიმე მაკიაჟი. არაფერი ჰქონდა შესაშური. ჩაცმის სტილი ისეთი ჰქონდა, არავითარ სტანდარტს და მოდას რომ არ ემორჩილებოდა, სრულიად უგემოვნო. მსხვილი და დიდი ფეხები ჰქონდა, მაგრამ მაგის მიუხედავად, ქუსლებზე შემხტარი და გამომზეურებული. ის იყო, ამოსუნთქვას ვაპირებდი, რომ ფოტოს გადავაწყდი. მაგიდაზე ორი ყავის ფინჯანი იდგა, ვიწრო და ნარინჯისფერი. მომდევნო ფოტოზე გადავედი და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ჭიქები მეცნო, ჭიქებიც და მაგიდაც. უკან დავაბრუნე, კიდევ ერთხელ დავხედე. ზუსტად ვიცოდი, რომ დაჩის სახლში იყო გადაღებული. ეს ყავით სავსე ფინჯანი ალბათ ორი თვის უკან ჩემ ცხვირწინ იდგა თეთრზედაპირიან მაგიდაზე. გადარჩენის აღარ მჯეროდა. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვიღაცამ შუქი გამოურთო, რომ სრულ სიბნელეში დავრჩი. ვეღარც გზას ვხედავდი, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან ვბრუნდებოდი. დავრჩი სიბნელეში, სადღაც შუაში უაზროდ გაკიდებული.
ანა სახლში მივიყვანე და ბავშვთა გასართობ ცენტში ავედი. უნდა მენახა, უნდა დავრწმუნებულიყავი... რაში, არ ვიცი, ახლაც არ ვიცი... კარი შევხსენი. უზარმაზარი ნარინჯისფერფარდებიანი დარბაზი ცარიელი იყო, არავის დაბადებას არ ზეიმობდნენ... თეთრი პრიალა იატაკის შუა ზოლს გავუყევი. დარბაზი ნახევრად არ მქონდა გადაკვეთილი, რომ ვიღაცამ დამიძახა, ,,ხომ ვერ დაგეხმარებით?“ მარცხნივ გავიხედე. შუშიანი კარი შეღებული იყო. მაგიდასთან იჯდა. მოშინდისფრო თმა უცნაურ ფორმაზე დაევარცხნა. პრინციპში, დავარცხნილს ვერც იტყოდი... აქეთ-იქეთ ჰქონდა გაშვერილი. ახლოს მივედი და წინ სკამზე დაუპატიჟებლად ჩამოვჯექი. მოლოდინის რეჟიმიდან მიღიმოდა. სახეზე მივაშტერდი. სქელ ფენად გადასმული ტონალური კრემი ესვა. უფორმო, მოზრდილი ცხვირი ჰქონდა. სავარაუდოდ, შავ წარბზე კიდევ უამრავი ყავისფერი ფანქარი დაემატებინა. რაც ფოტოზე ჩანდა, ზუსტად ის იყო... არ მომეწონა და ბოროტად გამეღიმა.
- ბავშვს დაბადების დღე აქვს და... - შევყოვნდი, - იქნებ მენიუ მანახოთ, დარბაზს გასვლისას ვნახავ.
- რა თქმა უნდა. - შემომცინა. გულს მირევდა ეს ამდენი ღიმილი, ეს ბავშვივით წვრილი ხმა - კიდევ უფრო... ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ გამოვვარდი. დამეწია, ვიზიტკა მომაწოდა, მითხრა, თუ მოიფიქრებ დამიკავშირდიო. შებრუნდა თუ არა, პატარა ფურცელი იქვე ნაგვის ურნაში ჩავაგდე და მანქანაში ჩავჯექი.
მიყვარდა, მიუხედავად იმის, რომ გაანალიზებული მქონდა ყველა დღე და წამი ჩვენი ურთიერთობის... მთელი ეს აბსურდი... მაინც. ისიც ცხადად წარმომედგინა, რას ეტყოდა იმ წითელთმიან გოგოს, რომ პირველია, ვისთან წერაშიც დაათენდა. ისიც ვიცოდი, რომ იმავე ფინჯნით დაუდგამდა (ღმერთმა უწყის, მერამდენედ) ნახევრად შიშველს - ყავას, რაზეც ჩემი ტუჩების ანაბეჭდი იყო დატოვებული. იქნებ აივანზე ისიც ეწეოდა ჩემსავით და იქნებ მასაც ეუბნებოდა, რომ შესანიშნავი ფოტო გამოვიდოდა, რომ გადაეღო. იქნებ იღებდა კიდეც. ალბათ, იმ სპორტულ შარვალსაც ირგებდა, მე რომ მეცვა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მშვენივრად მესმოდა, აღარაფრის გაკეთების უფლება აღარ მქონდა. ის, რაც მის სიყვარულზე მაღლა იდგა, ბოლო წვეთი თავმოყვარეობა იყო, სულ ბოლო, ვერაფრით ამოვაშრობდი, უბრალოდ ძალა არ მქონდა. ამის შემდეგაც რომ დავცემულიყავი, ვეღარაფერი წამომაყენებდა. დანაწევრებული ყოველდღე ვიბრძოდი საკუთარი თავის, ცხოვრების და ნამსხვრევების შესაწებებლად.
შემოდგომის მიწურულს ისევ დედასთან წავედი. ლიზა და ნატაც თან წავიყვანე. ლირა დამხვდა ცუდად, ვისთანაც მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული. სიმსივნე ჰქონდა ფილტვის, ბოლო სტადია. ორი თვის წინ ჩემს ეზოში მშვენივრად გამოიყურებოდა და ახლა თავზე თავშალი წაეკრა და წარბები და წამწამები აღარ ჰქონდა. მაინც იღიმოდა. სამზარეულოში შემიყვანა, ასკილის ჩაი მომიმზადა, სახლში გამომცხვარი პატარა ბისკვიტები დამილაგა წინ, შინდის და კაკლის მურაბა, თითა ყურძენი. მარტოები ვიყავით. უნდა გამოვტყდე, რაც დედას სახლიდან წავედი და ქალაქში გადავედი საცხოვრებლად, მას მერე აღარ მიფიქრია არც მასზე და არც იმ ბავშვობის დღეებზე, მასთან რომ ვატარებდი. მის აივანზე ვისხედით ხოლმე ადრიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ის მურაბებს და კომპოტებს ხარშავდა, მე კიდევ კითხვების ამოუწურავი მარაგი მქონდა...
არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა მეკითხა და ვერც იმისი უფლება მივეცი თავს, რამით მენუგეშებინა. აქ, მის სამზარეულოში, ჩაის ჭიქით ხელში თავს ისევ რვა წლის გოგოდ ვგრძნობდი. მიხვდა, რომ ლაპარაკი მიჭირდა. დიტოსთან შერიგებას თუ აპირებო, მკითხა. არ ვიცი, რამ წამომიარა, რატომ მომინდა, რომ სწორედ მისთვის შემეჩივლა, მაშინ, როცა აქეთ ჰქონდა ალბათ ათასი რამ საწუწუნო და სათქმელი.
- დიდხანს ვეცადე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მთელი წელი ვებრძოლე ჩემს თავს. ახლაც მშურს დიტოსი, ასე მარადჟამს რომ შეუძლია ჩემი სიყვარული. გულით მინდოდა, იგივე მეგრძნო, იგივე შემძლებოდა, იმ მძიმე ოთხწლიან ფერხულში ყოფნით რომ არ დაიღალა, რომ ვერ გაუხუნა შეგრძნებები თანაცხოვრებამ, ჩემმა აუტანელმა ხასიათმა...
მშვიდად მისმინა და მეც გუდას პირი მოვხსენი. ასე მეგონა, თავს ვიმართლებდი. იქნებ ჩემს თავს ვაჯერებდი სინამდვილეში და მასთან ამაზე ლაპარაკი სულაც არ მინდოდა. მაინც ვლაპარაკობდი, ვერ ვჩერდებოდი ვერაფრით...
- ადამიანს ორი უბედურება სჭირს. ერთი ის, რომ ყველაფერზე შეუძლია ბორგვა, გულის გახეთქვა და ნერვიულობა, რასაც აღარაფერი ეშველება, და მეორე ის, რომ როცა უკვე დაშვებულია შეცდომები, მერე ხვდება, როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ამაზე დიდი ირონია რა არის, იცი? რაც ყველაზე საჭიროა, იმას სულ ბოლოს ხვდები. - პაუზა გააკეთა, სტაფილოსი და ოხრახუშის წვენი ჩამოისხა ჭიქაში და მოსვა. მგონი, აინტერესებდა, თუ მივხვდი, ,,სულ ბოლოში“ რა იგულისხმა. თავის დაქნევა ვერ მოვახერხე. ასე მეგონა, კისერი გამიშეშდა. მერე განაგრძო. - არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, დილით გაღვიძება რომ შეგიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ იღვიძებ, ვისთან ერთად. უბრალოდ რომ შეგიძლია თვალები გაახილო, სინათლე დაინახო, ფეხზე წამოდგე... ერთადერთი, რაზეც მართლა შეიძლება შეყვარებული იყო და არ გეთმობოდეს, რის გამოც ბრძოლა მართლა ღირს - სიცოცხლეა. და ადამიანს ყველაფრის დათმობა მაშინ გინდება ამ სიცოცხლისთვის, როცა დასათმობი აღარაფერი გაგაჩნია. სიცოცხლეა მთავარი, დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა, წვრილმანია. ეგეც, მათ შორის, რაზეც ახლა ყურები გაქვს ჩამოყრილი.
გამოსვლისას სახეზე გათეთრებული ხელი მომიცაცუნა. ამინდი მოღუშულიყო, ჩვენს თავზე ღრუბლები შეჯგუფებულიყვნენ.
- იწვიმებს. გარეთ აქვთ ბავშვებს გამოშლილი ყველაფერი. თუ არ მივუსწარი, დაასველებს. - ცას ავხედე. საავდროდ იყო მომზადებული. ხელი მთებისკენ გაიშვირა:
- გაიხედე იქით. - მითხრა და კაკლის ხეს მოშორდა, რომ უკეთესად დაენახა. - ხედავ? ჩვენ ზემოთ ცა ჩაბურულია, მაგრამ იქით მთებს მზის სხივები აკრავს. შეიძლება ახლა ცა ჩამოიბურა შენს თავთან, მაგრამ იმ მთებისკენ წასვლას თუ იჩქარებ, შეიძლება მზის სხივებით განათებულ ფერდობზე აღმოჩნდე. ისე, რომ იცოდე, ასეთ რაღაცებს ახლა ვხედავ, თორემ აქამდე მაგისთვის არ მეცალა. ახლა ასეთი რაღაცების დანახვა მაბედნიერებს, ადრე ვერც ვამჩნევდი.
ეზოში ბავშვებს ჩავუქროლე შურდულივით, სახლში შევქანდი. ლირა მეცოდებოდა და ისედაც ასჯერ სენტიმენტალური ვიყავი გამხდარი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დივანზე ჩამოვჯექი, უზარმაზარ თეთრ ბალიშში თავი ჩავრგე და ღმუილი დავიწყე. თვალებიდან, ცხვირიდან და პირიდან ერთდროულად გამდიოდა ნერწყვი და ცრემლი. დედა წამადგა თავზე.
- ახლა ლირას გამო თუ შენ ანევრიზმას დაიმართებ, ეგ იმას არაფერში წაადგება. - ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და დაბალ საჟურნალე მაგიდაზე ჩამოჯდა.
- მგონი, ლირა მიზეზია. - თავი ავწიე. - სადაც არ უნდა წავიდე და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, დაჩიზე ვფიქრობ, ვერ ვიშორებ თავიდან. ამ შეგრძნებებს, რომ მანადგურებს ყოველდღე, ვერაფერს ვუხერხებ. აღარ შემიძლია ჩემს თავთან ბრძოლა. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე და ხან ორივე დალეწილი ყრია. ეს ორი ,,მე“ ამ ერთ თავში მკლავს, დედა.
სადღაც მკერდთან ჩაკეცილი დიდი თეთრი ცხვირსაწმენდი ამოაძრო და სახესთან ამაფარა.
- ნუ აძალებ თავს დაივიწყო, ეგ არარსებული ცნებაა. მაგასთან თანაცხოვრება ისწავლე. შენი წარსული შენია და ძალიანაც რომ გინდოდეს, არსად წავა. რომ ებრძვი თავს და გიჟდები, მაგიტომაა, რომ უარესად ხდები და ნადგურდები. მაგ აზრს მიეჩვიე, რომ იყო... მაგრამ დასრულდა.
მძულდა ეს სიტყვა, ეს ,,დასრულდა“ ყველაფერზე მეტად მძულდა.
- ჩემი საკუთარი ზღაპარი დასრულდა. - ამოვისლუკუნე და ცინგლიან ბალიშზე თავი დავდე.
- ნია, სიმართლეს თვალი გაუსწორე, მაგ ურთიერთობაში ზღაპრული მხოლოდ შენი წარმოდგენები იყო იმ კაცზე, დაჩიზე... თუ რაც ჰქვია, გაგონება არ მინდა მაგის სახელის და გამეორება. - ხელები გაასავსავა დედამ. - ესეც რომ არა... რამდენი ადამიანიცაა ამქვეყნად, ზუსტად იმდენნაირი სიყვარული არსებობს. თითის ანაბეჭდივითაა. გულით რომ გინდოდეს, ორ ერთნაირს ვერ იპოვი. ხოდა, რანაირად გინდა, ვინმეს ზუსტად შენსავით უყვარდე? მორჩი სლუკუნს, დრამატული ფილმის გმირს ჰგავხარ. შენი ყურება ამ დღეში უკვე აღარ შემიძლია.
მართალი იყო. ვიცი, რომ მის შესახებ ყველაფერი ჩემი მოგონილია, ყველაფერი, რაც შევიყვარე და რისგანაც სინამდვილეში შორს იდგა. იქნებ ანა არც ცდებოდა, იქნებ სადღაც გონების გაუცნობიერებელ კუნჭულში მართლა მჭირდებოდა ვიღაც, ვინც მარტოობის ჩიხიდან გამომათრევდა. იქნებ იმ ათას მშვიდ და რუტინულ დილას ბედნიერი რომ ვიღვიძებდი, მართლა მერჩია ის დილა დაჩისთან, უთენია რომ წამოვხტი - რომ აღარ მომკარებოდა.
გაგრძელება იქნება