ღამე თავსხმა წვიმა დაიწყო, ცა ძირს ჩამოჰქონდა და ღელეებსა და ორღობეებში შეუბრალებლად მიერეკებოდა, სახლის კარი გამოვაღე, ეზო აეტალახებინა. ნატას თოჯინა დავინახე, მიწაზე ეგდო მაგიდის ფეხთან და სველდებოდა, ახლოს მივედი, შევხედე, მიწაში ამოეგანგლა წვიმას, ვიფიქრე რომ საოცრად მგავდა ზუსტად ახლა, ჩემსავით მიტოვებული და უბედური იყო, ჯერ ითამაშეს და მერე როცა აღარავის დასჭირდა სადაც იყო იქ დატოვეს, არავის უფიქრია მარტო დარჩენილს რა ეშველებოდა. სახლში შევიტანე და სარეცხ მანქანაში ჩავდე, ვიფიქრე დილამდე გაშრობასაც მოასწრებდა.
სკამი ავიღე, შემოსასვლელ კართან გადაფარებულ ადგილას მოვათავსე და დავჯექი, სიგარეტს მოვუკიდე, ახლა ზუსტად ის ამინდი იყო , რაც მაშინ მასთან მიმოწერაში რომ თავზე დამათენდა, როგორ მინდოდა ისევ იმაზე მენერვიულა როგორ იმგზავრებდა ამ თავსხმაში, მცოდნოდა მაინც საერთოდ სად დადიოდა, სად იყო, სად აფარებდა წვიმას თავს. წყალი უმოწყალოდ უვლიდა ყველაფერს და მეც უმოწყალოდ მტკიოდა ყველაფერი, რატომ შემოვუშვი ყველგან, რატომ ვგრძნობდი ერთდროულად თავშიც, მუცელშც, ხელებშიც...სიზმრებში რატომ ვგრძნობდი ასე ცხადად მის შეხებას, რომ მეღვიძებოდა რატომ მეწვოდა ზუსტად ის ადგილი სადაც მეხებოდა?!
დეკემბრის მიწურულს, შესვენებაზე კაფეში ავედით მე და ანა, მწვანე ჩაი მოვითხოვე მხოლოდ, ალკოჰოლიანს აღარაფერს ვეკარებოდი და არც სიგარეტს აღარ ვეწეოდი, ვეცადე ყველაფერი გამექრო რასაც დაჩისთან ოდნავი კავშირი მაინც ჰქონდა. ჰიპერმარკეტში ფეხი აღარ მიმიდგავს. თავს არც ცუდად ვგრძნობდი და არც კარგად.
მოპირდაპირე მაგიდაზე მაღალი შავგვრემანი ბიჭი იჯდა, სავარაუდოთ 25 – 26 წლამდე იქნებოდა, გრძელი და მგონი ჩემს თმაზე მეტად მოვლილი წვერ-ულვაში ჰქონდა, სავარაუდოთ ტეკილას სვამდა და რამდენჯერაც გავიხედე მიყურებდა.
- სიმპათიურია, ორწლიანი ქალიშვილური ცხოვრების მერე რა უშავს? - მკითხა ანამ და თვალებში ეშმაკები შეუძვრა. - ზამთარია, ღამე გამთბობი ხო გჭირდება?
- ირმებიანი პლედი ვიყიდე, ღუნღულა...- გამეცინა მის ნათქვამზე.
- რის მაქნისია პლედი, მშვენიერი ირემივით ბიჭია.
- ჰოდა შენი იყოს.
- ეჰ, - ხელი ჩაიქნია, მე უკვე გავაკეთე არჩევანი ვირის სასარგებლოთ, აღარაფერი მიშველის.
გიჟებივით ავხარხარდით, ზუსტი ასოციაცია ეპოვა თავის ქმარსა და ცხოველს შორის.
გავხედე, რომ მიხვდა ,,დაიწვა“ უფრო დაჟინებით მომაშტერდა, თვალწინ გამირბინა ურთიერთობამ რომელიც ისევ არაფრისგან შეიძლებოდა დაწყებულიყო, და რომელიც აუცილებლად ,,არაფრით“ დასრულდებოდა, ძლივს მიმალულმა განცდება ისევ მუცლის ღრუ დამიწვა, თავი ცუდად ვიგრძენი, მაგრამ მახსოვდა, რომ ბევრად უარესი დღეები გამოვიარე, თვალი ავარიდე და მზერა ანაზე გადმოვიტანე.
- არ მინდა... - მოვუჭერი მოკლედ. - მეზარება.
- მგონი შენ მართლა დიტოსთან შერიგებას ფიქრობ... - თვალები აატრიალა.
- გამორიცხე... - ჩაი მოვსვი და ფანჯრიდან გავიხედე, კაფეში თბილოდა, გარეთ სუსხი იყო, მაგრამ მზე ანათებდა, ლირა გამახსენდა, აგერ ამ ერთი კვირის წინ რომ დავასაფლავეთ, მერე მის სახლში დავბრუნდით, მის ოდესღაცანდელ არსებობაზე შავ ჩარჩოში ჩასმული გადიდებული სურათი მეტყველებდა მხოლოდ, რომელსაც 40 დღის შემდეგ კედლიდან ჩამოიღებდნენ და სადმე გარდერობის თავზე დაიდებდა ბინას სამუდამოდ.
- რას მიშტერებიხარ? - მკითხა ანამ
- იცი, ბოლოს რომ ლირა ვნახე რა მითხრა?
- რაო? - ჩაი მოსვა ჭიქიდან და მოსასმენად მოემზადა.
- რაო და საოცარ სანახაობას გადავაწყდი, უფროსწორად ლირას რომ არ ეთქვა ვერც შევამჩნევდი, შორს მთებში მზის სხივები იყო ჩაბნეული, ოქროსფრად ელვარებდა, ლაპლაპებდა და ჩვენს თავზე შავი ღრუბლები იყო შეყრილი, გინახავს ასეთი რამე?
- არა. - დაეჭვებულმა შემომხედა.
- ახლა შეიძლება შენს თავზე ღრუბლებია, მაგრამ წასვლას თუ იჩქარებ მთებისკენ შეიძლება განათებულ ფერდობზე აღმოჩნდეო.
- მერე?
- მერე ის, რომ ფერდობი სადაც ახლა ვდგავარ ზამთრის უღონო მზის სხივებით არის განათებული, მაგრამ ხომ ვიცი რომ მალე გაზაფხული მოვა, რატომ უნდა ვეტაკო ამ ბიჭს და ერთი ღამის გამო შავ ღრუბლებში რატომ უნდა აღმოვჩნდე? ბედნიერების ძებნას არ ვაპირებ, აგერ მაქვს, ცხვირწინ, - ხელი ფანჯრისკენ გავიშვირე, - ცოცხალი რომ ვარ, რომ ვდგები დილით, მანქანაზე რომ ვჯდები, გოგოებს რომ ვეთამაშები უკვე მზის სხივები და სითბოა, მე ეს სიმხურვალე სრულიად მაკმაყოფილებს ანა, ამაზე მეტი ისევ დამწვავს.
გაკვირვებულმა შემომხედა, აშკარად ვერაფერი გაიგო.
კაფედან გამოვედი, ლირაზე ვფიქრობდი ისევ, მგონი ადამიანი ყველაზე საინტერესო ცხოვრებას მაშინ იწყებს რომ კვდება, როცა ხვდება ცოტა დღე აქვს დარჩენილი ამ ქვეყანაზე.
მანქანაში სანამ ჩავჯდებოდი გამუქებულ შუშაში საკუთარი ანარეკლი შევათვალიერე, მგონი არამიშავდა რა. საერთოდაც ყველაფერი არც ისე ცუდად მიდიოდა, დეკემბერში მზე ანათებდა, ჩემი სამზარეულოს ფანჯარაც ისევ მშვენიერ ხედზე იყო, მენეჯერი შემიცვალეს და ამჯერად ,,სწერვა ქალი“ მყავდა, მაგრამ ყოველდღე ჩემს მკედზე მოშტერებულ კახას ეს მერჩია ისევ. დიტოსთან ბრძოლას თავი დავანებე, ნაკლებად მაღიზიანებდა მისი სიარული ჩემს სახლში და თან მგონი ამის გამო ლიზა ოდნავ დათბა... წვრილმანები იყო, მაგრამ ყველაფერი წვრილმანებისგან არ შედგება?! მთელი ჩვენი ცხოვრებაც ხომ სამყაროსთვის ერთი ,,დიდი წვრილმანია“ .
მანქანა დავძარი და მოასფალტებულ გზაზე გადავედი, ესეც ერთი პატარა წვრილმანი იყო, მაგრამ მაბედნიერებდა... მიყვარდა, საერთოდაც არ ვაპირებდი ბოლო დღეებს დავლოდებოდი რომ ამ ყველაფრით ტკბობა ხელახლა მესწავლა...ლირა მიყვარდა, ჩემი მემურაბე ქალი, რომელსაც სიცოცხლის სიყვარული მეოთხე სტადიის ფილტვის კიბომ ასწავლა.... მას ასწავლა და მგონი მეც...
დასასრული