ნოველები

მიწა თავისას იბრუნებს! თავი 1

მიწა თავისას იბრუნებს! თავი 1

პროლოგი


მიწა თავისას იბრუნებს! მნიშვნელობა არ აქვს, ამას როგორ აკეთებს. მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. ყველას ფეხქვეშ გათელავს, თუ საჭირო გახდება. მთავარია, საწადელი აისრულოს. ვინც უნდა იყოს, სადაც უნდა იყოს, ბოლოს მაინც თავის მიწას დაუბრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მდგომარეობაშია - მკვდარი თუ ცოცხალი. დაბოლოს, როდესაც მიწა თავის საწადელს აისრულებს, ყველაფერი დალაგდება, თავის კალაპოტში ჩადგება და დამშვიდდება...
მანამდე კი, კეთილი ინებეთ და მიესალმეთ არეულობას!




თავი 1

- ანი, გაიღვიძე! - დილა კვლავ ნაცნობი ფრაზით დაიწყო და “ანიმაც”
ჩვეულებისამებრ ამოიგმინა ბალიშის ქვეშ.
- დედა! რამდენჯერ უნდა გითხრა: ანი კი არა, ანიკა. ა-ნი-კა! ასე ძნელია?
- ნუ ბუზღუნებ! დროზე ადექი, თორემ დაგაგვიანდება! - გასძახა შვილს ლიკამ და ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა.
- ნეტავ ორასი გრამი ტროტილი მაშოვნინა, მთელ სკოლას ეყოფოდა! - ბუზღუნით და ჩუსტების ფრატუნით გაემართა ანიკა სააბაზანოსკენ, რომ დროზე გამოფხიზლებულიყო და ადამიანის სახე დაებრუნებინა.

მისია მარტივად შეასრულა. ზუსტად ნახევარ საათში, საკუთარ საძინებელში, გრანდიოზული სარკის წინ იდგა და თავს ათვალიერებდა. კედები, მოტკეცილი ჯინსი, ფართო მაისური ჯგუფ “Guns N Roses”-ის გამოსახულებით, კულულებად მხრებზე დაფენილი წაბლისფერი თმა, ხელზე უამრავი სამაჯური და განუყრელი ყურსასმენები. უკვე მზად იყო სახლიდან გასასვლელად.
- შენ რა, პირველივე დღეს ასეთ ფორმაში აპირებ სკოლაში წასვლას? - თვალები შუბლზე აუვიდა ლიკას შვილის დანახვისას.
- აჰამ! - უდარდელად უპასუხა გოგონამ და ყავა მოსვა.
- ანი! სამი თვის შემდეგ სკოლაში პირველად ასე მიდიხარ?
- კი, ლიკა. მაპატიე, მაგრამ კიკინებს და ბაფთებს ვერ გავიკეთებ.
- იქნებ თეთრი პერანგი მაინც...
- ლიკა! - სიტყვა გააწყვეტინა გაღიზიანებულმა ანიკამ, ფინჯანი ნიჟარაში ჩადგა, ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და სანამ სახლიდან გავიდოდა, დედას გასძახა: - ბოდიში, თუ გაწყენინე, მიყვარხარ! - შემდეგ კი ყურსასმენების დახმარებით სულ სხვა, ნათელ და ფერად სამყაროში გადაეშვა.

ავტობუსისთვის დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, მალევე მოვიდა და ანიკამაც დაიკავა ადგილი ბრბოში. ზოგი სამსახურში მიდიოდა, ზოგი მასსავით ჯერ კიდევ სკოლის კედლებს ვერ გასცდენოდა. ყველას სადღაც ეჩქარებოდა და ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა. ანიკაც ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ დღეიდან ისევ მოუწევდა ყოველ დილით საყვარელ ბალიშთან გამომშვიდობება, ისევ მოუწევდა მასწავლებლების უსამართლობაზე თვალების დახუჭვა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მომავალი შეექმნა, დამოუკიდებელი და შემდგარი პიროვნება ყოფილიყო. იცოდა, რომ ამ ყველაფერს სწავლის გარეშე ვერ მიაღწევდა - სწორედ ამიტომაც სწავლობდა. არც გართობას იკლებდა. თავისი აზრით, კარგი ცხოვრება ჰქონდა, ყველაფრის მიუხედავად. სხვა თუ არაფერი, ჰყავდა მეგობარი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა და იცოდა, რომ ელეც იმავეს გრძნობდა მის მიმართ. პირველი კლასიდან ერთად მოდიოდნენ და თერთმეტი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგადაც გაიცნეს ერთმანეთი. არაერთხელ უგრძნიათ ერთმანეთის მხარდაჭერა. ხშირად უკამათიათ კიდეც, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ - უერთმანეთოდ არ შეეძლოთ. როდესაც ანიკას ყველაფერი უაზრობად ეჩვენებოდა, ელე ახერხებდა მის გამოფხიზლებას და პირიქით - როდესაც ელეს ჰქონდა პრობლემები, ანიკა ყველაფერს აკეთებდა მათ მოსაგვარებლად. ამბობენ, რომ იდეალური არაფერი არ არსებობს, მაგრამ მათი ურთიერთობა მართლაც რომ იდეალური იყო.
ავტობუსი სკოლის წინ გაჩერდა და გოგონამაც ჩამოდგა ფეხი. ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო, სკოლის ეზოში უნდა შესულიყო, რომ იგრძნო, მარჯვენა მხრიდან როგორ შეასკდა ვიღაც.
- ელე! გადარეულო! - ჩაეხუტა მეგობარს და იმდენი კოცნა, სული ამოხადა.
- როგორ მომენატრე, გოგო! იმდენი ამბავი მაქვს მოსაყოლი, ალბათ მთელი კვირა არ მეყოფა! მამიკომ წამომიყვანა დღეს, თორემ გამოვლას ვაპირებდი. - ალაქლაქდა ელენე, მეგობარს ხელი მოჰკიდა და სკოლის ეზოში შეათრია. ანიკას გაეცინა იმის გაფიქრებისას, რომ ელეს გამოჩენასთან ერთად, წამში გაქრა სკოლის ყველა მინუსი.
- როგორ ვიგლოვოთ თავისუფლებასთან გამოთხოვება მთელი ცხრა თვით? არსად წავიდეთ? - ელემ უკვე შეძლო ანიკას გამოცოცხლება და ამ უკანასკნელის გონებაც აქტიურად ამუშავდა.
- წავიდეთ! ზურა ხომ იცი? ჩემი, ამმ, თაყვანისმცემელი. რამდენი ხანია მეხვეწება. ჰოდა, მის კლუბში წავიდეთ.
- ელე, თუ სწორად მახსოვს, ზურა ოცდაათი წლისაა და ურთიერთობაც აღარ გაქვთ.
- ოჰ, დიდი ამბავი! - ხელი აიქნია ელემ და იმ წამს შემჩნეული კლასელებისკენ გაიქცა ყვირილით: - ბავშვებო! როგორ მომენატრეთ!
კლასელების მოკითხვის, დირექტორის მიერ წარმოთქმული ბანალური სიტყვის, პირველკლასელების ცრემლებისა და „სასწავლო წლის გახსნის ცერემონიალის“ შემდეგ, როგორც იქნა, შეაღწიეს კლასებშიც და ელემ და ანიკამ კვლავ დაიკავეს ჩვეული ადგილები. მესამე რიგში, კართან ახლოს, მეორე მერხი მათ პირველი კლასიდან აკავშირებდათ და ყველამ იცოდა, რომ ამ მერხს არ უნდა გაკარებოდნენ.
- ერთი ბიჭი გავიცანი... - დაიწყო ელემ მაშინვე, როგორც კი ადგილები დაიკავეს, დამრიგებელმა სწავლის დაწყება მიულოცა და უთხრა, რომ „უკვე დიდები არიან და მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ“ და შემდეგ ბავშვებს ნება დართო, თავისუფლად მოქცეულიყვნენ.
- ოჰ, ელე! აღარც კი მახსოვს, მერამდენედ მესმის ეს!
- აბა, საბას არ ვაინტერესებ და... - გოგონას წამში დაუსევდიანდა მხიარული მზერა და თვალი გააპარა საბასკენ, რომელიც კლასელებთან ერთად მხიარულობდა.
- ღმერთო ჩემო, რამდენჯერ უნდა წაგიკითხო ლექცია ამ თემაზე? - აღმოხდა ანიკას დაღლილი ხმით და თავი ხელებში ჩარგო.
- არ გინდა. მე აღარ მიყვარს საბა... - გაიცინა ელემ, მაგრამ ეს მის თვალებს არ შეხებია. -მოკლედ, გავიცანი ერთი ბიჭი! პლაჟზე ვწევარ, ვირუჯები, ჭკუაზე არ ვარ და ამ დროს წამომადგა ვიღაც ტიპი, შენი გაცნობა თუ შეიძლებაო. მთელი დღეები უკან დამდევდა. მე ხმას არ ვცემდი, არც ვიმჩნევდი. ერთ დღესაც, ზღვაში ღრმად ვიყავი შესული. ძლიერი ტალღები იყო და გამოსვლა გამიჭირდა. და აბა, თუ გამოიცნობ, რა მოხდა? ლუკამ გამომიყვანა! ვაიმე, რა საყვარელი იყო, იცი? და თან ისეთი კუნთები აქვს... მერე კლუბშიც წავედით, თავისთანაც დამპატიჟა.
- ელენე! შენ რა, იყავი? - აღშფოთდა ანიკა.
- არა, არ ავსულვარ. ის იყო, უნდა ავსულიყავი, რომ დეიდამ დამირეკა, შენი მშობლები ჩამოვიდნენ სანახავადო და ჩამიშალეს გეგმები.
- მოიცა, რას ნიშნავს, გეგმები ჩაგიშალეს? ელენე, ნუ მაგიჟებ! პატარა ხარ და არ იცი, რას ნიშნავს, როდესაც ბიჭი სახლში ასვლას გთავაზობს?
- ნუ ხარ პანიკიორი. თუ არ მენდომებოდა, არაფერიც არ მოხდებოდა.
- მე კი არ ვარ პანიკიორი, შენ ხარ მიამიტი! და ნერვებს მიშლი!
- შენც! - შეუბღვირა გოგონამ, მაგრამ შუბლი წამში გახსნა და ისევ მეგობარს მიუბრუნდა: -შენი ბექა რას შვრება? - და მზერა ერთ-ერთი, საკმაოდ სიმპათიური კლასელისკენ გააპარა.
- ოჰ, არც არაფერს. ვერ გავიგე, რა უნდა. ზოგჯერ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ზოგჯერ საერთოდ არ მესმის მისი. ბავშვია! სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ჩვიდმეტი წლის ბიჭი შეიძლება ჩამოყალიბებული პიროვნება იყოს. მე ნამდვილი მამაკაცი მჭირდება და არა ბავშვი, რომლის გაზრდაც მომიწევს.
- არ გიყვარს...
- მართალი ხარ. ისეთი აღარ არის, როგორიც თავიდან. თითქოს გაცივდა.
- მაშინ ჯობია მალევე დაამთავრო ყველაფერი.
- მეც მასე ვფიქრობ. დღეს დაველაპარაკები.
- კლუბში ხომ წამოვლენ ყველანი, ჰოდა, იქ უთხარი.
- მასე ვიზამ... - სევდიანად გაიღიმა ანიკამ და ის იყო, ყურსასმენების დახმარებით „Radiohead“-ის კონცერტზე უნდა აღმოჩენილიყო, რომ კლასში დირექტორი შემოვიდა.
- მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ტვინის მომატებას! - კაცმა თვითონვე გაიცინა თავის ნათქვამზე და მასწავლებელიც აჰყვა. - ახლა რატომ შემოვედი. ჩვენი სკოლა მოხვდა გაცვლითი პროგრამების რიცხვში. აირჩევიან მოსწავლეები, თავიანთი შეფასებების და მასწავლებლების დახასიათებების მიხედვით, ჩააბარებენ რამდენიმეეტაპიან ტესტს ინგლისურ ენასა და უნარ-ჩვევებში. უმაღლესი ქულების მქონე მოსწავლე გაემგზავრება ნიუ-იორკში და მთლიან სასწავლო წელს იქ გაივლის. სამწუხაროდ, კონკურენცია იქნება ძალიან დიდი, რადგან არის მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი. სია დღესვე იქნება ცნობილი და შეგეძლებათ გაკვეთილების ბოლოს იხილოთ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა, ახლა კი დაგტოვებთ. აბა, თქვენ იცით!
დირექტორის სიტყვას კლასში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მისი გასვლის შემდეგ ყველა ამ თემაზე ალაპარაკდა. იყო პრეტენზიები და მოსაზრებებიც, რომ სიაში დირექტორის ფავორიტი მოსწავლეები მოხვდებოდნენ. ელე იწინასწარმეტყველებდა, რომ ანიკა ყველა ეტაპს წარმატებით გადალახავდა და ნიუ-იორკშიც გაემგზავრებოდა. თვითონ ანიკასაც ჰქონდა იმედი, მაგრამ ჯერ მთავარი იყო, იმ სიაში მოხვედრილიყო, რომელიც გაკვეთილების ბოლოს სკოლის საინფორმაციო დაფაზე გამოეკვრებოდა...



* * *
ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებული ულამაზესი, გრანდიოზული სახლის ჭიშკარი გაღიმებულმა გოგონამ შეაღო. კიბეები ღიღინით აირბინა და სახლში შესვლისთანავე სამზარეულოს მიაშურა.
- დედა! ახალი ამბავი მაქვს!
- რა მოხდა? თვალები გიბრწყინავს! - შვილის ბედნიერება ადვილად შენიშნა მარიკამ, რომელიც სადილის კეთებით იყო გართული.
- საღამოს, როდესაც ყველანი შევიკრიბებით, ვახშამზე გეტყვით!
- ნინი! ვახშამზე მამაშენს და შენს ძმას უთხარი, მე კი ახლავე გისმენ!
- პირობა მომეცი, რომ არ გაბრაზდები.
- უკვე მაშინებ. მითხარი!
- დღეს კიდევ ერთხელ ველაპარაკე დირექტორს და მითხრა, რომ... - გოგონამ დამაინტრიგებელი პაუზა გააკეთა, შემდეგ კი საზეიმო ხმით წარმოთქვა: - ბევრი იფიქრა ჩემს წინადადებაზე და თანახმაა, გაცვლითი პროგრამით საქართველოში გამიშვას! ისეთი ბედნიერი ვარ!
- რა? რა მაგარია! როგორ მოახერხე მისი დარწმუნება? რამდენი ხნით?
- დედა! ნუ დამაყარე კითხვები! - გაეცინა გოგონას. - ვუთხარი, რომ მომავალი არქეოლოგისთვის საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია. რომ თუ ამ პროექტს ავამუშავებთ, ჩვენი სკოლა კიდევ უფრო პოპულარული გახდება და ასევე, გამოგვიყოფენ დაფინანსებას, რომ არქეოლოგიურ ექსპედიციებში წავიდეთ შორეულ ქვეყნებში. ხომ იცი, გიჟდება არქეოლოგიაზე და დაფინანსების მოსაპოვებლად ყველაფერზე წავა.
- რა ჭკვიანი მყავხარ, დე! მაგრამ მე რომ მომენატრები, რა ვქნა მერე?
- არა უშავს, დე, ცოტა ხანს გაძელით ჩემ გარეშე! სამაგიეროდ, მთელი წელი ჩემს მშობლიურ მიწაზე ვიქნები. ხომ იცი, როგორ მიყვარს იქაურობა.
- უნდა გიყვარდეს, დე, ქართველი ხარ! ერთი შენი ძმა ვერ მოვიყვანეთ გონზე, თორემ... -ქალს მზერა დაუსევდიანდა და ჩაფიქრებული მიუბრუნდა სადილის კეთებას.


* * *
- მოვხვდი! სიაში ვარ! ელე, ნახე, სიაში ვარ! - სიხარულისგან ხტუნავდა ანიკა.
- და გიკვირს? შენ თუ არა, სხვა ვინ უნდა იყოს სიაში?
- ძალინ გამიხარდა!
- ვიცი, მჯერა! - გაეცინა გოგონას. - ახლა კი, წამოდი, მოვემზადოთ საღამოს კლუბში წასასვლელად.
ანიკა სახლში ფრენით მივიდა, მაგრამ სიხარული ვერავის გაუზიარა - მისი მშობლები სამსახურში იყვნენ. ისეთი აჟიტირებული იყო, ისეთი ბედნიერი... ცდილობდა, სიტუაციისთვის რეალურად შეეხედა, წინასწარ არაფერი დაეგეგმა, მაგრამ თავს ვერ მოერია და ოცნებებში გადავარდა. წარმოიდგინა, როგორ დააბიჯებდა ნიუ-იორკის ქუჩებში, როგორ ისრულებდა გიჟურ სურვილებს და თავისივე ფანტაზიებზე გაეღიმა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამაზე უკეთესი სკოლის პირველივე დღეს?



* * *
ჯაფარიძეების ოჯახი მაგიდას შემოსხდომოდა და მშვიდად, აუღელვებლად ვახშმობდა. მაგიდის თავში ოჯახის უფროსი - გია ჯაფარიძე იჯდა. მის მოპირდაპირე მხარეს - უფროსი ვაჟი სანდრო, გვერდებზე კი ნინი და მარიკა შემოსხდომოდნენ. დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ ნინის მოთმინება გამოელია, ხმაურით დააწყო დანა-ჩანგალი თეფშზე და ცოტა აღელვებულმა დაიწყო:
- რაღაც მინდა გითხრათ.
- ვინმე მოკვდა? თუ რატომ წყვეტ ვახშამს? - ცალი წარბი ასწია გიამ და შვილს მიაჩერდა.
- არა, მამა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
- თქვი, ნინი. - ძმის მხოლოდ ორმა სიტყვამ გოგონა ისე გაამხნევა, რომ დაძაბულობა სრულიად მოეხსნა და თამამად თქვა:
- საქართველოში მივდივარ! - ნინის ფრაზას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა: მარიკას თვალებში სითბო ჩაუდგა, გიას - გაკვირვება, სანდროს კი... სანდროს ჩანგალი ხელიდან გაუვარდა და წამის მეასედში თვითონაც იფეთქა:
- რა? როგორ? რას ჰქვია, საქართველოში მიდიხარ?
- გაცვლითი პროგრამით, სანდრო. სკოლიდან მიშვებენ. - ნინი ეცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
- ხომ შეგიძლია უარი თქვა?
- კი, მაგრამ არ მინდა.
- და ჩვენ ამას ახლა რატომ ვიგებთ? - ვერ მშვიდდებოდა სანდრო.
- სანდრო, აცადე ბავშვს თქმა! - გაუწყრა დედა.
- ნინი, მამა, დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა? ასე თუ ისე, აქ ყველაფერი აწყობილი გაქვს. როგორ გაძლებ მთელი წელი უცხო გარემოში?
- კი, მამა, ძალიან მინდა! უცხო გარემოს კი რაც შეეხება, ჩვენ ხომ ჩავდიოდით იქ შობას და ზაფხულში? მეგობრებიც შევიძინე, ნათესავებიც იქ მყავს. ბებოსთან და პაპასთან ახლოს ვიქნები. სხვა თუ არაფერი, ის ჩემი სამშობლოა!
- მე ყველაფერში მხარს დაგიჭერ, მამი, მით უმეტეს, ასეთ გადაწყვეტილებაში! - შვილით ამაყმა გიამ თბილად გაუღიმა გოგონას.
- თქვენ რა, სულ გაგიჟდით? - ხელახლა იფეთქა სანდრომ. - რატომ უწყობთ ხელს სისულელის ჩადენაში? ნინი, რა დაგრჩენია იქ? რა გაკლია აქ?
- სიტყვები შეარჩიე, სანდრო! და შენი დის გადაწყვეტილებას პატივი ეცი.
- მამა, მე სრულ სიმართლეს ვამბობ! ამის გაკეთება ყველაზე დიდი სისულელე იქნება!
- არა, ნინი სწორად იქცევა!
- რატომ გავიწყდებათ, რომ მეც აქ ვზივარ? და რაც მთავარია, რომ უკვე გავიზარდე? მგონი, შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილებები.
- რაც გინდა, ის გიქნია! - წამოხტა გაცოფებული ბიჭი და სწრაფად აირბინა მეორე სართულის კიბეები.
- რა დაემართა? რას ვაშავებ? - თვალები აუცრემლიანდა ნინის.
- დამშვიდდი, შვილო. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი და მიღებული გადაწყვეტილება არასდროს ინანო! - გაამხნევა მამამ და კვლავ ვახშამს მიუბრუნდა, რითაც გამოიხატა, რომ საუბარი დამთავრებული იყო.


* * *
ანიკა კლუბში წასვლამდე დარჩენილ დროს სოციალურ ქსელში კლავდა, როდესაც ერთ, ფრიად საინტერესო ღონისძიებას გადააწყდა: საღამოს, რუსთავის ავტოდრომზე, მოტო-რბოლა იმართებოდა. გოგონას თვალები შუბლზე აუვიდა და გახარებულმა შეჰკივლა -ადრენალინი მისი სუსტი წერტილი იყო. სასწრაფოდ მოიმარჯვა მობილური და ჯერ ელეს მისწერა, რომ დღეს კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა და ყველაფერს ხვალ მოუყვებოდა, შემდეგ კი მამას დაურეკა.
- მა, როგორ ხარ?
- კარგად, მა, შენ როგორ ხარ? რა მოხდა, ამ დროს რატომ მირეკავ?
- მა, დღეს რბოლაა და ხომ გამიშვებ? გთხოვ, გთხოვ, გთხოვ!
- რა რბოლა, ანიკა? რა გინდა რბოლაზე?
- გეხვეწები! - ანიკამ ისეთი საწყალი ხმა მიიღო, რომ თვით ირაკლი ქავთარაძემაც კი ვერ შეძლო შვილისთვის უარის თქმა.
- თუ დამპირდები, რომ...
- კი, მამა! - სასწრაფოდ გააწყვეტინა ანიკამ. - გპირდები, რომ ჭკვიანად მოვიქცევი, სახლში მალე დავბრუნდები და თუ რამე არ მომეწონება, მაშინვე დაგირეკავ!
- კარგი! შენით წახვალ თუ გამოგიგზავნო სოსო? - სოსო ირაკლის პირადი მძღოლი და მეგობარი იყო. ირაკლი მას თვალდახუჭული ენდობოდა.
- არა, მე თვითონ წავალ. მადლობა, მამა, მიყვარხარ! - გოგონამ საუბარი დაამთავრა თუ არა, მაშინვე დედას გადაურეკა და საღამოს გეგმები გაანდო, თან ისიც დაამატა, მამამ უკვე გამიშვაო და როდესაც ორმაგი ნებართვა მოიპოვა, სასწრაფოდ სააბაზანოში შევარდა, რომ თავის მოწესრიგება მოესწრო. ორ საათში უკვე მზად იყო. ეცადა, საღამოს შესაბამისად ჩაეცვა და გამოუვიდა კიდეც. ტყავის ელასტიკი, ჭიპს ზემოთ გაკვანძული კუბოკრული პერანგი, გულზე ბაიკის ფორმის ყელსაბამი, შავი ლაქი, კედები და გრძელი, გაშლილი თმა. უყვარდა, როდესაც ისე კარგად გამოიყურებოდა, რომ თვალს აყოლებდნენ და ამას ყოველთვის ახერხებდა. პატარა ჩანთა ცალ მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა. კორპუსთან გამოძახებული ტაქსი, რუსთავში კი საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი ელოდა...

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

რომანი დაიდება ყოველდღე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93