არცთუ ისე ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ ტაქსი მითითებულ ადგილას გაჩერდა და ანიკა, შეიძლება ითქვას, გადაფრინდა მანქანიდან. უკვე მოსაღამოვებულიყო და ბაიკების ღმუილიც საკმაოდ კარგად ისმოდა. გოგონას მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა ამ ხმის გაგონებისას და გაღიმებული გაემართა მისი მიმართულებით. თან გულზე დაკიდებული პროფესიონალური ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ყველაფერს აფიქსირებდა. გაუკვირდა, როდესაც ადგილზე მისვლისას არც ისე ბევრი ხალხი დახვდა. ძირითადად, ბაიკერები და ბიჭები იყვნენ. რამდენიმე წამით ანიკამ თავი უხერხულად იგრძნო და უკან გაბრუნებაც კი დააპირა, მაგრამ შემდეგ ექსტრიმის სიყვარულმა სძლია და დარჩა. თან სურათებს იღებდა, თან ხალხს ათვალიერებდა და უმისამართოდ დადიოდა. დაახლოებით ათ წუთში ავტობანზე მოკლე ქვედაბოლოსა და გამომწვევ ტოპში გამოწყობილი გოგონა გამოვიდა, ხმის გამაძლიერებლით ხელში და მონაწილეებს ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა. ანიკამაც დაიკავა ადგილი ჯებირის მეორე მხარეს და თავით გადაეშვა იმ სიამოვნებაში, რომელსაც რბოლის ყურებით იღებდა. შეჯიბრება სხვადასხვა სახეობაში ტარდებოდა და ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. ანიკა ფოტოების გადაღებას ვერ აუდიოდა. უნდოდა, ეს მომენტები სამუდამოდ აღებეჭდა. მართლაც დიდი ინტერესით უყურებდა და უკვირდა, რატომ იყო მაყურებლებს შორის ერთადერთი გოგო. იყვნენ სხვებიც, მაგრამ ისინი ან რბოლაში იღებდნენ მონაწილეობას ან მონაწილეებს აძლევდნენ დაწყების ნიშანს. ანიკა კი უყურებდა და იხსენებდა, რამ, უფრო სწორად კი, ვინ დააკავშირა ბაიკთან. და სწორედ იმ დროს, როდესაც გაიხსენა, როგორ დაჯდა პირველად ბაიკზე, დაინახა ის... და წამით ნერვიულმა კანკალმა აიტანა. რამდენი თვე იყო არ ენახა, რამდენი თვე იყო, მისი ბაიკის ძრავის ხმა არ გაეგონა, ახლა კი... უყურებდა, როგორ ცდილობდა მეტოქეების უკან ჩამოტოვებას და სუნთქვა ეკვროდა... გაუხარდა, რომ მისი დანახვისას მხოლოდ მოგონებებმა შეახსენეს თავი, გულში აღარაფერი უგრძვნია და არცთუ ისე შორეულ წარსულს გაუღიმა...
რბოლა დამთავრდა, გამარჯვებულები დააჯილდოეს, შამპანური გახსნეს და ამის შემდეგ ნამდვილი გართობა დაიწყო. ანიკა ერთხანს შორიდან უყურებდა მათ მხიარულებას, შემდეგ კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთ ბაიკერს მიუახლოვდა. მაინც ყოყმანობდა, გონებაში ბაიკზე პირველად დაჯდომის კადრებს ატრიალებდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არა ამის ხელახლა გაკეთება. ფიქრებიდან მის წინ მდგარ რკინის რაშზე ამხედრებული ბიჭის ჩახველებამ გამოარკვია. უცნობმა მაცდურად გაუღიმა და ცალი წარბის აწევით ჰკითხა:
- გავისეირნოთ, ლამაზო? ნუ გეშინია, არ ვიკბინები.
- ძალიანაც კარგი! - გაუცინა ანიკამაც და თამამად მოუჯდა უკან ბიჭს, რომელიც ძრავას აღმუვლებდა.
- აბა, მზად ხარ? - და როდესაც ანიკამ წელზე ხელები შემოხვია, ბაიკი ჰაერში ტყვიასავით გაიჭრა...
* * *
დაახლოებით გამთენიის ხუთ საათზე ანიკას მობილური აქსელ როუზის ხმით ამღერდა და გოგონამ დიდი სიამოვნებით დაცალა უწმაწური სიტყვების მარაგი იმ ადამიანის მიმართულებით, რომელმაც გაბედა, ამ დროს მასთან დაერეკა. მაგრამ როდესაც გოგონამ პასუხის ღილაკს დააჭირა და ატირებული ელენეს ხმა გაიგონა, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა.
- რა მოხდა? რა გატირებს? რა გჭირს?
- იდიოტი ვარ, ანიკა, ნამდვილი იდიოტი!
- დამშვიდდი და მითხარი, რა გატირებს. გინდა მოვიდე?
- არა, ვერ ხედავ, რომელი საათია? - სლუკუნებდა გოგონა.
- სად ხარ? - ჩაეძია ანიკა.
- კლუბში. უფრო სწორად, კლუბთან...
- მანდ იყავი! უკვე გამოვდივარ! - ანიკამ მობილური იქვე მოისროლა და რაც პირველი ხელში მოხვდა, ის ჩაიცვა. მობილური ჯინსის ჯიბეში ჩაიტენა, საფულესაც ხელი დაავლო და ოთახიდან ისე გავარდა, რომ კედებს გზაში იცვამდა. ხმაურზე მის მშობლებსაც გაეღვიძათ და როდესაც საძინებლიდან გამოსულმა ირაკლიმ შვილი დაინახა, სახეზე ჯერ გაკვირვება გამოეხატა, შემდეგ კი გაბრაზება.
- რას აკეთებ, ანიკა? სად მიდიხარ ამ დროს?
- მამა, ელემ დამირეკა, ტიროდა. არ ვიცი, რა მოუვიდა, სასწრაფოდ უნდა წავიდე. როდესაც მეგობარს ვჭირდები, მე ამ დროს სახლში მშვიდად ვერ ვიქნები.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, მამა. თუ გინდა, მერე მთელი წლით დამსაჯე, მაგრამ ახლა უნდა წავიდე! - ანიკა ისე მტკიცედ ლაპარაკობდა, ირაკლი უგულო უნდა ყოფილიყო, შვილს რომ შეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ისეთი რაღაც შესთავაზა, რამაც გოგონას წამიერი შოკი გამოიწვია.
- გამომართვი გასაღები! ჩემი მანქანით წადი.
- მე რომ ჯერ არასრულწლოვანი ვარ? - დაიბნა ანიკა.
- თუ წესებს არ დაარღვევ, არ გაგაჩერებენ. მე რომ გაყვანა შემოგთავაზო, ვიცი, უარს მეტყვი და ამიტომ, მირჩევნია ჩემი მანქანა დასალეწად გავიმეტო, ვიდრე ვინმე შეშლილ ტაქსის მძღოლს ვანდო შენი თავი. რომ არ გენდობოდე, ამას არ გავაკეთებდი და შენ ეს იცი.
- მამა, მიყვარხარ! - ამოილუღლუღა გულაჩუყებულმა გოგონამ, ირაკლის გასაღები გამოართვა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
ტყუილი იქნება, რომ ვთქვათ, მოძრაობის წესების დაცვით იარაო. სიმართლე თუ გაინტერესებთ, სიჩქარეს ზომაზე მეტადაც გადააჭარბა და ერთი-ორჯერ წითელზეც გაიარა, მაგრამ ახლა ეს უმნიშვნელო იყო, რადგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მისულიყო ელენესთან და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამისთვის რა საფასურის გადახდა მოუწევდა. რამდენიმე წუთში მანქანა საკმაოდ საეჭვო მანევრით გაჩერდა კლუბის წინ და ბორდიურზე მჯდარმა, ხელებში თავჩარგულმა ელემაც კი მიაქცია ყურადღება ამ ფაქტს. როდესაც საჭესთან ანიკა შენიშნა, გადმოსვლა არც დააცადა, ისე სწრაფად მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა.
- რა გჭირს, ელე? რა მოხდა? ვინმემ გაწყენინა? ვინ მოვკლა?
- არა, ანიკა, უბრალოდ მე ვარ ნამდვილი იდიოტი!
- ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! ახლა დამშვიდდი და მითხარი, რა მოხდა.
- საბამ მაკოცა! - ელემ ეს ისეთი სახით თქვა, ანიკას ჯერ ყბა ჩამოუვარდა, შემდეგ კი ისეთი სიცილი აუტყდა, რომ გოგონას წამით მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვიც კი შეეპარა.
- არა, არანორმალური რომ იყავი, ეგ კი ვიცოდი, მაგრამ ასე თუ გაგიჟდებოდი, რას წარმოვიდგენდი? - ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა ანიკა. - და ამის გამო ტირი? ასეთი საშინელება იყო?
- ნუ ხარ ცანცარა! დამაცადე, ბოლომდე გითხრა! როდესაც მაკოცა, მთვრალი იყო. სადღაც ბნელ ოთახში გამიყვანა და მე მზად ვიყავი, მისი გავმხდარიყავი. გესმის? მე მზად ვიყავი, მისი პირველივე კოცნის შემდეგ ეს გამეკეთებინა. და როდესაც საბაც იმავეს აპირებდა, უცბად გაჩერდა, შემომხედა და მითხრა, რომ ეს შეცდომა იყო და უნდა დამევიწყებინა, შემდეგ კი ბოდიში მომიხადა და ოთახიდან გავიდა.
- ვერ მივხვდი... - მართლა დაბნეული უყურებდა ანიკა. - აბა, მაშინ საერთოდ რატომ მოიქცა ასე?
- ხომ გითხარი, მთვრალი იყო. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისთვის ეს შეცდომა იყო, სიმთვრალეში დაშვებული შეცდომა. მე კი გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვწონდი.
- ყველაზე ცუდი ეგ კი არ არის, ელე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენ მზად იყავი მისი პირველივე კოცნის შემდეგ ყველაფერი დაგევიწყებინა და მასთან დაწოლილიყავი. კი მაგრამ, სულ გაგიჟდი? რატომ არ უფიქრდები, რას აკეთებ? რატომ არ ფიქრობ შედეგებზე? - იფეთქა ანიკამ. - ახლა ზიხარ და კოცნის გამო ტირი. მართლა რომ გქონოდა მასთან სექსი და ამის შემდეგ ეთქვა, ყველაფერი შეცდომა იყოო, წარმოგიდგენია, რა დაგემართებოდა?
- ნუ მეჩხუბები...
- არ გეჩხუბები, ელე, გიხსნი! ვცდილობ, აგიხსნა, რომ არც ერთი ბიჭის გამო არ ღირს თავის დაკარგვა.
- დამიჯერე, ანიკა, რომ შეგიყვარდება, მერე სხვანაირად ალაპარაკდები.
- მეეჭვება.
- სულ ტყუილად... ასე სწორედ იმიტომ განვიცდი, რომ საბა მართლა მიყვარს. შენც იცი, რამდენ ბიჭთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ შეყვარებულობამდე არც ერთთან არ მივდივარ, იმიტომ, რომ მხოლოდ საბა მიყვარს. დღეს კი გავიგე, რომ მას ფეხებზე ვკიდივარ.
- ფეხებზე რომ ეკიდო, მაშინ არ გაკოცებდა და არ შემეწინააღმდეგო ამაში. სასმელი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ალკოჰოლი ჩვენი ისეთი სურვილების გამომჟღავნებას უწყობს ხელს, რომელთა შესრულებისთვისაც სიფხიზლეში გამბედაობა არ გვყოფნის. ახლა კი, მორჩი მაგ თემაზე ტირილს და მითხარი, შენთან წავიდეთ თუ ჩემთან?
- როგორც გინდა. დედამ იცის, რომ თუ არ მივალ, ესე იგი, შენთან ვიქნები. ასე რომ, არ ინერვიულებს.
- ჰოდა, მაშინ წავიდეთ ჩემთან. მეც მაქვს მოსაყოლი საინტერესო ამბები... - ანიკამ წარბები აათამაშა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა...
* * *
ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ სანდროს საძინებლის კარი ნინიმ შეაღო და ფანჯარასათან მდგარ ძმას მიუახლოვდა. სანდრომ ცერად გახედა გოგონას და ნახევრად ჩამწვარ სიგარეტის ღერს მიუბრუნდა. უმისამართოდ იყურებოდა გაღებული ფანჯრიდან და ნინის არც იმჩნევდა. ბოლოს, როდესაც გოგონას ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა, სიჩუმე ყველაზე ბავშვური კითხვით დაარღვია:
- გამებუტე? - გაბრაზებულ სანდროსაც კი გაეცინა მის შეკითხვაზე.
- არა, ვცდილობ მიგახვედრო, რომ არასწორად იქცევი.
- რატომ? რას ვაშავებ?
- დაშავებით არაფერს, მაგრამ ვერ ვხვდები, რა დაგრჩენია საქართველოში. აქ არაფერი გაკლია. მეგობრებიც გყავს, შენი ოჯახიც აქ ცხოვრობს, სხვა თუ არაფერი, ამდენი წელია ამ სკოლაში სწავლობ. როგორ შეეჩვევი იქაურობას? მთელი წელი უცხო ოჯახთან ვერ გაძლებ, იქაურ სკოლასთან შეგუებაც გაგიჭირდება. რომელი ჭკუათმყოფელი გაცვლის ამერიკულ ცხოვრებას ქართულზე?
- სანდრო, რატომ არ გინდა გაიგო, რომ გავიზარდე?
- შენ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ხარ, ნინი!
- შენ კი - ოცდაოთხის. მერე რა? რა მნიშვნელობა აქვს რიცხვს? მთავარია, რამდენად ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ. მე კი, მგონი, არასდროს გამიცრუებია თქვენი იმედები. დამიჯერე, სანდრო, ძალიან მინდა საქართველოში წასვლა.
- ბიჭის ამბავია?
- რა?
- ვინმე მოგწონს? მის გამო მიდიხარ?
- შენ რა, გაგიჟდი? ამას როგორ მეკითხები? ამდენი ხანია ვცდილობ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დაგარწმუნო და შენ კი... ნუთუ ასე მიცნობ?
- მე შენ საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ, ნინი. და ძალიან მიყვარხარ. სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ სისულელე გააკეთო.
- აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს! თუ არ გინდა, არაფერს შეიგნებ.
- თუ ასე ფიქრობ, მაშინ რაც გინდა, ის გააკეთე! გზა ხსნილია! მაგრამ იცოდე, მე შენს გადაწყვეტილებას არც ვეთანხმები და არც ვამართლებ! - ისევ იფეთქა სანდრომ და ნინიც ნერვებმოშლილი გავარდა ოთახიდან.
- სულელი ბავშვი! - თქვეს ორივემ ერთდროულად და თავიანთ ბალიშში თავჩარგულებმა, ხმამაღლა ამოიგმინეს...
* * *
- აბა ახლა, ქალბატონო, მოყევი, სად ბრძანდებოდი დღეს და რატომ არ მოხვედი კლუბში? -დაიწყო ელემ მაშინვე, როგორც კი ანიკას საწოლში მყუდროდ მოკალათდნენ.
- რომ გითხრა, რა მოხდა, ნამდვილად გაგიჟდები... - სპეციალურად დამაინტრიგებელი პაუზა გააკეთა გოგონამ და როგორც კი ელენეს თვალების ბრიალი დაიმსახურა, მაშინვე დაიწყო: - კლუბში წამოსვლამდე დარჩენილ დროს სოციალურ ქსელში ვკლავდი, როდესაც ერთ საინტერესო ღონისძიებას გადავაწყდი - საღამოს, რუსთავის ავტოდრომზე მოტო-რბოლა იმართებოდა...
- არ მითხრა, რომ... - თვალები გაუფართოვდა ელეს და საწოლში წამოჯდა.
- კი, ისიც იქ იყო.
- ვაიმე! მერე? გნახა? ილაპარაკეთ? ბაიკზე იჯექი?
- ჰეი, ამოისუნთქე! - გაეცინა ანიკას. - მგონი, დამინახა, ზუსტად არ ვიცი. მეც აზარტმოცემულმა, ექსპრომტი გადაწყვეტილება მივიღე და ვიღაც უცნობ ბაიკერს მოვუჯექი უკან. სხვათა შორის, კარგადაც გავერთე.
- გიჟი ხარ! - დაასკვნა ელემ. - მმმ, გახსოვს, პირველად ბაიკზე როგორ დაჯექი?
- ჰმ, მაგას რა დამავიწყებს... მაგრამ, სანამ დავჯდებოდი, გახსოვს, წერილი რომ დავუწერე? ოცდაორ სექტემბერს, „ქარის მოტანილი წერილების დღეს“, წერილი დავუწერე და ავტოფარეხში შევუცურეთ.
- სპეცოპერაციაც კი გვქონდა დაგეგმილი. მე კოდურ სახელად "ქაშაყი" მერქვა, შენ -"ზუთხი"... - მოგონებებში გადავარდა ელეც.
- ის დღე არასდროს დამავიწყდება. ორი ათას თორმეტი წლის ოცი ოქტომბერი იყო, შაბათი... - ანიკამ მემილიონედ დაიწყო ამ ამბის მოყოლა, მაგრამ ელე კვლავ ინტერესით მოემზადა მოსასმენად. - დილით, დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, რომ ნაცნობი ბაიკის ღმუილმა გამაღვიძა. თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ ჰიპერრეალისტურ სიზმარს ვხედავდი, მაგრამ როდესაც ეს ხმა დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა, ნერვებმოშლილი წამოვხტი საწოლიდან და პიჟამის ამარა გავვარდი აივანზე. სწორედ ამ დროს, მან ჩაფხუტი დაიფარა და წავიდა... ძალიან დიდხანს ვიდექი აივანზე და ვფიქრობდი, ბოლოს კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი უნდა დამემთავრებინა, საღამოსვე დავმჯდარიყავი ბაიკზე და ამის შესახებ შენც მოგწერე. ამით უკან დასახევი გზა მოვიჭერი. მთელი დღე მხნედ ვიყავი, დედასაც კი გავყევი საყიდლებზე, მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდა, ნერვიულობამ ამიტანა.
- და ეზოში აკანკალებული ჩამოხვედი. თითქმის გადაიფიქრე კიდეც.
- ჰო, მაგრამ შენ ამის უფლება არ მომეცი და სწორადაც მოიქეცი. - გაეცინა ანიკას. - როდესაც მის ავტოფარეხთან, დიდ ქვაზე დავსხედით, ისე ვნერვიულობდი, რომ თავს ვახსენებდი, მესუნთქა, შენ კი ლაპარაკით ჩემ გართობას ცდილობდი. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ნაცნობი ბაიკის ხმა გავიგე, მაგრამ ისე ვნერვიულობდი, რომ გთხოვე, გადაგემოწმებინა.
- და მეც გავიხედე და გითხარი, რომ ორ ფარს ვხედავდი, მაგრამ წამის მეასედში თავი კვლავ შევაბრუნე და როდესაც შემოგხედე, აჟიტირებულმა წამოვიკივლე - ისაა!
- და მე ამ ფრაზის გაგონებისთანავე პანიკა დამეწყო. თავში მილიონი აზრი მიტრიალებდა. ფარი პირდაპირ თვალებში შემომანათა, შემდეგ კი ძრავა ჩააქრო და ბაიკიდან გადმოვიდა. მე თავჩახრილი ვიჯექი და ვცდილობდი, საკუთარ თავზე კონტროლი დამებრუნებინა. მერე კი დავინახე, როგორ მივიდა ფარეხთან, ზურგჩანთის ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ის იყო, ბოქლომი უნდა გაეხსნა, რომ მივხვდი, რა შეცდომასაც ვუშვებდი და ფეხზე წამოვდექი.
- ბოლო წამამდე მეგონა, რომ გადაიფიქრებდი. ვერ წარმომედგინა, ასე თუ მოიქცეოდი.
- ვიცი, ვერც მე ვერ ვიჯერებდი. ის სამი ნაბიჯი, რომელიც მასთან მისაახლოებლად გადავდგი, გადამწყვეტი აღმოჩნდა და საკუთარ თავს უკან დახევის უფლება აღარ მივეცი. მან ვერც შემამჩნია, მე კი ჩავახველე და მივესალმე. გაკვირვებული სახით შემობრუნდა. ვცდილობდი, სიტყვებისთვის თავი მომეყარა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სწორედ ამის გამო წამოვროშე ათასი სისულელე და ისიც კი ვუთხარი, მთელი წელია მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვერ ვბედავდი-მეთქი.
- მისი სახე არ დამავიწყდება, როდესაც ეს უთხარი.
- არც მე. ზუსტად ის სიტყვები წამომცდა, რაც წერილში მეწერა და ალბათ, ისიც მიხვდა ამას, რადგან აღარ დამაცადა და თვითონვე მკითხა, დაჯდომა მინდოდა თუ არა. ამ დროს ჩემს გულში ფეიერვერკი იყო, მაგრამ გამოხატვის ნაცვლად ვკითხე, ამის დრო თუ ჰქონდა.
- ის კი სერიოზული სახით ჩაგეკითხა, შენ გინდოდა თუ არა და როდესაც დადებითი პასუხი მიიღო, გითხრა, რომ პრობლემა არ იყო. თავისი ზურგჩანთა მოგაწოდა და გთხოვა, რომ ჩემთვის დაგეტოვებინა, თვითონ კი ბაიკი მოატრიალა და შემდეგ დაგიძახა.
- თავიდან გამიჭირდა დაჯდომა. ისეთი დაბნეული ვიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი. მარჯვენა ხელი გამომიწოდა, მეც დავეყრდენი და უკან მოვუჯექი. ტყავის ქურთუკი შეიკრა და ძრავა ჩართო. მე არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო, ამიტომ ფრთხილად მოვკიდე წელზე, მას კი გაეცინა და მითხრა, რომ კარგად მოვჭიდებოდი. გაფრთხილების მიუხედავად, ჩემი ხელები იმავე მდგომარეობაში დავტოვე. ბოლოს, მკითხა, მზად ვიყავი თუ არა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბაიკი ჰაერში სწრაფად გაიჭრა. თავიდან მშვიდად და ნელა ატარებდა, მე კი თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი, რომ მთელი წელი მინდოდა თქმა და ვერ ვბედავდი, მაგრამ როდესაც დღეს დილითაც ბაიკის ხმამ გამაღვიძა, გადავწყვიტე, რომ ასე აღარ შეიძლებოდა. გაეცინა და მკითხა, ხომ არ მეშინოდა. თანდათან სიჩქარეს უმატებდა, მე კი მის ყოველ კითხვაზე ვპასუხობდი, რომ არ მეშინოდა. ბოლოს გზაჯვარედინთან გავედით და კარგად მახსოვს, შუქნიშანზე წითელი ენთო, გზაზე კი უამრავი მანქანა მოძრაობდა. ბოლოჯერ მკითხა და კვლავ უარყოფითი პასუხის მიღებისას, ბაიკი წინ ისეთი სიჩქარით გაიჭრა, რომ მთელი ძალით მოვეჭიდე. მან წითელზე გაიარა! ავტობანზე ბაიკს მანიაკური სიჩქარით ატარებდა და ჩემში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს. მინდოდა ხელები გამეშალა და სიჩქარე ბოლომდე შემეგრძნო, მაგრამ მოზღვავებული ადრენალინის გამო მის ზურგს ვერ ვშორდებოდი. ქარი თმას მიწეწავდა და გული ყელში მებჯინებოდა. ისე სწრაფად ატარებდა, რომ გარშემო ვერაფერს ვარჩევდი. მაგრამ ბოლოს, ეს ყველაფერი დამთავრდა, კვლავ იგივე გზა გავიარეთ და ბაიკი ავტოფარეხის წინ გაჩერდა.
- ის გადმოსვლაში დაგეხმარა და გკითხა, რამე ხომ არ იტკინე, შენ კი გაბადრული სახით უპასუხე, რომ არა და მადლობა გადაუხადე.
- მკითხა, როგორი იყო, მე კი ვუთხარი, რომ ამაზე მაგარი შეგრძნება ჯერ არასდროს მქონია.
- მღელვარებისგან ხმა გიკანკალებდა, ის კი გიღიმოდა. სათვალავი ამერია, იმდენჯერ გადაუხადე მადლობა. ბოლოს, ზურგჩანთა დავუბრუნეთ და წამოვედით. ხმას ვერ იღებდი, უაზროდ იღიმოდი.
- როდესაც ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა, ჩემი პირველი სიტყვა იყო: წყალი!
- და შემდეგ კი: სკამი! - გაეცინა ელეს. - ძალიან მაგარი იყო, ის დღე არასდროს დამავიწყდება.
- არც მე! მე ხომ მაშინ ჩემი პირველი ოცნება ავიხდინე! - ანიკამ მოგონებებს გაუღიმა. მოგონებებს, რომლებიც ყოველთვის იცოცხლებენ მის გულში, მიუხედავად იმისა, რა დროც არ უნდა გავიდეს...
* * *
მას შემდეგ, რაც სკოლის საინფორმაციო დაფაზე კონკურსში მონაწილე ბავშვების სია გამოიკრა, ორი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში ორმოც მოსწავლეს უამრავი ტესტის გავლა მოუწია და საბოლოოდ, ისინი დარჩნენ ხუთნი. მათ შორის იყო ანიკაც, რომელმაც ყველა ტესტში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ვერ გეტყვით, რომ იმედი არ ჰქონდა, მაგრამ საბოლოო შედეგის გამოცხადებას მაინც გულის კანკალით ელოდა. არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა დირექტორს, მისი სახელი რომ გამოეცხადებინა. არც ის იცოდა, იმედგაცრუებას როგორ გადაიტანდა, მაგრამ ცდილობდა, ამ ამბავზე საერთოდ არ ეფიქრა. დილით სკოლაში მიდიოდა, შემდეგ მეცადინეობდა, საღამოს მეგობრებთან ერთად სეირნობდა ან ელესთან ერთად ათას სისულელეს აკეთებდა. უქმეებზე მშობლებთან ერთად ლაშქრობებს აწყობდა. მოკლედ, ცხოვრობდა ისე, როგორც ადრე, მაგრამ თავიდან ვერ იგდებდა ფიქრებს ნიუ-იორკის შესახებ. იცოდა, რომ ორშაბათს დირექტორი შედეგებს გამოაცხადებდა და ამის გაგების შემდეგ მოსვენება საერთოდ დაკარგა. მთელი ღამე არ უძინია. გამთენიისას აბაზანაში შევიდა და როდესაც სკოლაში წასვლამდე ჯერ კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი, ანიკა უკვე მზად იყო. ეს დღე იმ იშვიათი გამონაკლისების სიაში მოხვდა, როდესაც ანიკამ სკოლაში წასვლამდე კაბა ჩაიცვა. უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არა სკოლაში. სკოლაში ერჩივნა, ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე ყოფილიყო, თავისი სწავლით გამოერჩიათ და არა გარეგნობით, მაგრამ ანიკა ორივე მხრივ ბრწყინავდა. ორშაბათს თავი ვერ შეიკავა, რომ გამორჩეული არ ყოფილიყო და სწორედ ამიტომაც ჩაიცვა მამას ნაჩუქარი, ბეჟი ფერის კაბა, გულზე მაქმანებით. ძალიან სადად, მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდა.
ირაკლიმაც იცოდა, როგორი მნიშვნელოვანი დღე იყო ანიკასთვის და სკოლაში თვითონ წაიყვანა. ლიკა ისე ნერვიულობდა, რომ საერთოდ არ წავიდა სამსახურში. ცდილობდნენ, ანიკასთვის ეს არ ეგრძნობინებინათ, მაგრამ გოგონა ყველაფერს ხვდებოდა.
ბოლოს, ანიკამ სკოლის შენობაში შეაბიჯა და ელესთან ერთად, გეზი პირდაპირ სააქტო დარბაზისკენ აიღო. დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, რადგან დირექციას ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული მოსწავლის გამოცხადებასთან ერთად, კიდევ ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი უნდა გამოეცხადებინათ, რომლებმაც სკოლას წარმატება მოუტანეს.
სააქტო დარბაზში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოსწავლეები მხოლოდ მშობლებით კი არა, მთელი ოჯახობით იყვნენ მისულები, ანიკას კი ელეს მეტი არავინ ახლდა. თვითონვე ისურვა ასე, რადგან როდესაც მშობლებს და მათ ნერვიულობას ხედავდა, მღელვარება ერთიორად უმძაფრდებოდა. ასე იყო ყოველთვის და დღესაც ერჩივნა, რომ მათ გარეშე ყოფილიყო.
დაჯილდოების ცერემონიალი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა და გოგონებსაც არაერთხელ მოუწიათ სცენაზე ასვლა სხვადასხვა დიპლომის ასაღებად. დირექტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალურად ბოლოსთვის შემოიტოვა და სწორედ მაშინ, როდესაც მან ზოგადად მიმოიხილა გაცვლითი პროგრამა და ჯერი გამარჯვებულის გამოცხადებაზე მიდგა, ელემ იგრძნო, როგორ ააკანკალა მის გვერდით მჯდარ გოგონას.
- მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო! დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვაცხადო ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ვინ წავა გაცვლითი პროგრამით ნიუ-იორკში! მინდა გითხრათ, რომ ტესტებმა ზუსტად ის შედეგი მოგვცა, რასაც ველოდით. არავის გაჰკვირვებია ამ მოსწავლის გამარჯვება, რადგან ის მართლაც რომ იმსახურებდა ამას. მოდით, ჩემს სიტყვას აღარ გავწელავ და წარმოგიდგენთ ჩვენი კონკურსის გამარჯვებულს. და ეს არის... ანასტასია ქავთარაძე!
იმ საღამოს, ნიუ-იორკსა და თბილისში, ორმა მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ორი წერილი დაწერა. ერთი ქართულ, ხოლო მეორე კი ინგლისურ ენაზე. ანიკამ თავისი ინგლისურენოვანი წერილი საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა, ნინიმ კი - ბალიშის ქვეშ. ორივე ცდილობდა იმ ადამიანის დახმარებას, რომლის სახლში გადასვლაც ერთ კვირაში მოუწევდა. ორივე უბედნიერესი იყო, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც სჭამდათ ეჭვის ჭია. შეეგუებოდნენ კი ახალ ცხოვრებას?..
რომანი იდება ყოველდღე
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი