დირექტორის მიერ გამარჯვებული მოსწავლის გამოცხადებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ანიკას ნორმალურად არ სძინებია. დღისით სულ გადარბენაზე იყო, ღამით კი ძილს თავს ვერ აბამდა. მის ბილეთზე დაწერილი თარიღის მოახლოებასთან ერთად, ნერვიულობაც ემატებოდა. ალაგებდა ყველაფერს, რის გარეშეც, ფიქრობდა, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება გაუძნელდებოდა. მისი ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა სხვადასხვა ზომის ჩემოდნებით. ანიკამ თავისი საყვარელი დათუნიაც კი მოამზადა გასამგზავრებლად...
და მაშინ, როდესაც დადგა გამგზავრების დღე, გოგონა საშინელმა ნერვიულობამ აიტანა. მისი რეისი შუაღამისას იყო. ამიტომ ელემ მთელი დღე მასთან გაატარა, რათა შემდეგ გაეცილებინა კიდეც.
- ელე, იცი, როგორ ვნერვიულობ? მგონი, ასე მხოლოდ მაშინ ვნერვიულობდი, როდესაც ბაიკზე პირველად ვიჯექი.
- დამშვიდდი, ანიკა, რა განერვიულებს? წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება იქ. ნიუ-იორკი, გიჟური ცხოვრება, ბიჭები... - ამ უკანასკნელზე ორივეს სიცილი აუტყდა. ელე ცდილობდა, მეგობარი გაემხნევებინა, მაგრამ თვითონაც მასზე არანაკლებ ღელავდა.
- როგორ უნდა გავძლო მთელი რვა თვე თქვენ გარეშე?
- გაძლებ, ანიკა, დამიჯერე. გული მიგრძნობს, რომ იქ რაღაც ძალიან მაგარი გელოდება... ნუ, შეიძლება რაღაც კი არა, ვიღაც... - ელემ წარბები აათამაშა და რამდენიმე წამში მის ლამაზ სახეს ბალიში შეასკდა.
- იდიოტო! - წამოიკივლა გოგონამ და სწორედ მაშინ, როდესაც მეგობრებს ბალიშებით ომი უნდა გაეჩაღებინათ, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
- მობრძანდით! - გასძახა ანიკამ სტუმარს და სასწრაფოდ აწეწილი თმა გაისწორა.
- ანიკა, მამა, მე ვარ. არ მინდოდა, თქვენთვის ხელი შემეშალა, მაგრამ უკვე დროა.
- უკვე? - თვალები გაუფართოვდა გოგონას და მეგობარს გახედა.
- ძალიან კარგი! - „აჟიტირებული“ ხმით წამოიძახა ელემ. - ნახვამდის, თბილისო, მოგესალმები, ნიუ-იორკო!
- კარგი, მამა, შენ ეს ჩემოდნები გაიტანე და დანარჩენს მე და ელე წამოვიღებთ...
გზა აეროპორტამდე მდუმარე აღმოჩნდა. ირაკლი საჭეს ჩაჰფრენოდა, რაც ნიშნავდა, რომ დაძაბული იყო. მეუღლის გვერდით სავარძელზე მოთავსებული ლიკა ჩუმად იცრემლებოდა, გოგონები კი უხმოდ გაჰყურებდნენ გზას. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მანქანა აეროპორტის წინ არ გაჩერდა. ანიკას რეისამდე ჯერ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გოგონამ უეცრად იფეთქა:
- კიდევ დიდხანს აპირებთ ასე ჯდომას? რა დაგემართათ? ხომ არ ვკვდები?
- კარგი რა, დე, რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროს! მაგრამ როგორ უნდა გავძლოთ შენ გარეშე?
- სულ რაღაც რვა თვე, დე. წარმოიდგინე, რომ ჩემზე ხარ ორსულად და მელოდები, როდის მნახავ! - ანიკას ხუმრობამ ყველა გაახალისა.
- ანიკა, მამა, რაღაც უნდა მოგცე. - ირაკლიმ საფულე მოქექა და ბოლოს იქიდან თხელი, მაგრამ მრავლისდამტევი პლასტიკური ბარათი ამოაძვრინა. - ეს დაგჭირდება. ძალიან არ გათამამდე და მთელი ნიუ-იორკი აქ არ ჩამოიტანო, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ ყოველთვე ანგარიში შეამოწმო.
- მიყვარხარ! - იკივლა ანიკამ და ირაკლის ისეთი ძალით შეაფრინდა, კინაღამ მთასავით კაცი წააქცია.
- ესეც ასე, ანუ საჩუქრები გარანტირებული მაქვს! - გაიცინა ელემ და დაძაბული აურაც საბოლოოდ განიმუხტა.
რამდენიმე წუთში ჩასხდომაც გამოცხადდა და ანიკა აჩქარებული გულით გაემართა ესკალატორისკენ. ვერ გეტყვით, რომ განშორება უცრემლო იყო, მაგრამ როდესაც ანიკამ თვითმფრინავში ფეხი შედგა, ცრემლები შეიმშრალა და გაღიმებულმა წარმოთქვა:
- Hello New-York! I am coming! (გამარჯობა ნიუ-იორკო! მე მოვდივარ!)
* * *
- დედა, ასე მგონია, რაღაც მრჩება! დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი ჩავალაგეთ? -ნინი აფორიაქებული დადიოდა წინ და უკან და ჩემოდნებს მემილიონედ ამოწმებდა.
- ნინი, დამშვიდდი, ყველაფერი ჩალაგებულია. თუ შენ მზად ხარ, შეგვიძლია წავიდეთ.
- სანდრო? დღეს დილით სახლიდან ისე გავიდა, არც კი დამმშვიდობებია. - ქვედა ტუჩი აუკანკალდა გოგონას და სადაცაა, ატირდებოდა, რომ გარედან უცნაური ხმაური მოესმა. ფანჯრიდან გაიხედა და... გაოცდა. მისი ყველა მეგობარი გარეთ იყო!
- ჩემი გადარეულები! - გოგონამ სათითაოდ დაიარა ყველა და ჩაეხუტა. - როგორ მომენატრებით... იცოდეთ, ჩემი შემცვლელი არ გამიბრაზოთ! - გაეცინა ნინის. - და რაც მთავარია, აეროპორტში ხალხი არ გადარიოთ!
ნინის მეგობრები გრანდიოზული, ფერადი ავტობუსით იყვნენ მოსულები. თოთხმეტი წლისანი რომ იყვნენ, ეს ავტობუსი საერთო ფულით იყიდეს და ერთად მოხატეს. ამის შემდეგ ყველგან ამით დადიოდნენ. სახელიც კი შეარქვეს - ენდი. ახლაც ნინის ბარგი ენდიში მოათავსეს, თვითონაც მოიკალათეს და ნინისთან და მის მშობლებთან ერთად აეროპორტისკენ გაემართნენ... მთელი გზა მხიარულობდნენ, თამაშობდნენ, სასაცილო ისტორიებს ჰყვებოდნენ. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ნინი გაემხიარულებინათ. გოგონაც ჰყვებოდა გართობაში, მაგრამ ეჭვის ჭია მაინც არ ასვენებდა: ნუთუ სანდრო მართლა დაუმშვიდობებლად გაუშვებდა?
- მამა, სანდროს ხომ არ დაურეკავს? ჩემი რეისი სულ რაღაც თხუთმეტ წუთშია და ის კი ჯერ კიდევ არ ჩანს.
- არა, ნინი, დღეს საერთოდ არ შემხმიანებია.
- ცხადდება ჩასხდომა რეისზე ნიუ-იორკი-თბილისის მიმართულებით. მგზავრებს ვთხოვთ, გამოცხადდნენ მესამე გასასვლელთან. - ამ ხმის გაგონებისას, ნინიმ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. სანდრო მის გასაცილებლად არ მივიდა!
და სწორედ მაშინ, როდესაც ნინი გასასვლელისკენ გაემართა, გაიგო საოცრად ნაცნობი ხმა, რომელიც ქართულად უყვიროდა, რომ დალოდებოდა. რამდენიმე წამში მასთან აქოშინებულმა სანდრომაც მიირბინა, თეთრი ვარდების თაიგულით ხელში.
- ჯანდაბა! კიდევ კარგი, მოგისწარი! - სულს ძლივს ითქვამდა სანდრო.
- მაინც მოხვედი! - ძმას ჩაეკრა აცრემლებული გოგონა.
- რა თქმა უნდა! მართალია, ძალიან გამაბრაზე, მაგრამ მაინც მოვედი! - დაიკოს მოკლედ შეჭრილი თმა მოუჩეჩა სანდრომ და ვარდები გაუწოდა. - ესენი ცოტა კი გაიპუტა, მაგრამ...
- ძალიან მიყვარხარ, სანდრო!
- მეც მიყვარს ჩემი სულელი დაიკო...
* * *
მზე უკვე კარგად აცხუნებდა ნიუ-იორკს, როდესაც თვითმფრინავი, რომელშიც ანიკა იჯდა, აეროპორტში დაფრინდა. გოგონას გული ყელში ებჯინებოდა და ასე ეგონა, მისი აჩქარებული ფეთქვა ყველას ესმოდა. ბევრს ფიქრობდა ამ დღეზე, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ანიკამ იგრძნო, რომ ქალაქი ცოცხლობდა. მასში ცხოვრება დუღდა. თვალებგაბრწყინებული ათვალიერებდა აეროპორტს და ცდილობდა, ის სიამოვნება, რომელსაც გასვლისას მიიღებდა, გაეწელა. ამერიკელებს აკვირდებოდა და უხაროდა, რომ მათგან ძალზე განსხვავებულად არ ეცვა. მოკლე ჯინსის შორტსა და თხელ, უბრეტელო მაისურში გამოწყობილიყო, თმა გაეშალა და კეპი ეხურა ნიუ-იორკის აბრევიატურიანი წარწერით. არაფერი ზედმეტი, ჩვეულებრივი თინეიჯერივით გამოიყურებოდა. დაბოლოს, დადგა მომენტი, როდესაც აეროპორტიდან უნდა გასულიყო.
„კი მაგრამ, როგორ უნდა ვიპოვო ამდენ ხალხში ის, ვინც ჩემ დასახვედრადაა მოსული?“ -ანიკამ ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ დაინახა ის, რამაც შოკში ჩააგდო. მართკუთხა მუყაოზე ქართული ასოებით ეწერა „საქართველო“, ეს მუყაო კი ეჭირა...
- ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ვარსკვლავბიჭუნასთან უნდა ვიცხოვრო? - ამოილუღლუღა ანიკამ და ბიჭის თვალიერებისას სუნთქვა შეეკრა. მაღალი, დაკუნთული, ზედმეტად სიმპათიური... მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე თვალებით... მოგრძო, მუქ ყავისფერ, აბურდულ თმას სუსტი ნიავი უწეწავდა. ანიკას მისი თვალიერებისას ელეს სიტყვები გაახსენდა და გაღიმებული მიუახლოვდა ბიჭს, რომელიც შავ “BMW X5“-ზე ზურგით მიყრდნობილიყო და მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდა. ანიკას დანახვისას... არა, ცდებით, მათი თვალები არ შეხვედრიან ერთმანეთს და არც კუპიდონს დაუცლია ისრების მარაგი. ბიჭმა უბრალოდ ჩემოდნები გამოართვა, საბარგულში მოათავსა და თვითონ საჭეს მიუჯდა. ანიკასთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. მანქანის კარიც კი არ გაუღო. გოგონამ ჩამოვარდნილი ყბა და შუბლზე აცოცებული თვალები თავიანთ ადგილებზე დააბრუნა და გაბრაზებული მოთავსდა ბიჭის გვერდითა სავარძელზე. უცნობმა მანქანა დაძრა, თან მთელი გზის განმავლობაში მობილურით ვიღაცას ესაუბრებოდა. სწრაფად წარმოთქმულ ინგლისურ სიტყვებს შორის ანიკამ რამდენჯერმე გაარჩია სახელები: ეშლი, ლილი, მარია... ძნელი მისახვედრი არ იყო, რატომ საუბრობდა ბიჭი ასეთი ენთუზიაზმით.
ცოტა ხანში მანქანა ულამაზესი თეთრი სახლის წინ გაჩერდა. უცნობს კვლავ არ შეუწყვეტია საუბარი, ისე ამოალაგა ჩემოდნები საბარგულიდან. გაღიზიანებულმა ანიკამ თავი ვეღარ შეიკავა, ჩემოდნები ხელიდან გამოსტაცა და უცერემონიოდ შეაღო სახლის ჭიშკარი. ზარის დარეკვაც ვერ მოასწრო, ისე გაიღო კარი და მის მიღმა გაღიმებული ცოლ-ქმარი გამოჩნდა.
- ძვირფასო! რა კარგია, რომ ჩამოხვედი! როგორ იმგზავრე, საყვარელო?
- მარიკა, ჯერ სახლში შემოვიპატიჟოთ ჩვენი გოგონა! - თბილად გაუღიმა კაცმა ანიკას და სახლში შეიყვანა. - სანდრო! გამოართვი ჩემოდნები და მის ოთახში აიტანე! - მიმართა კაცმა შვილს, რომელსაც მოუწია „ტკბილებს“ დამშვიდობებოდა და მამის თხოვნა შეესრულებინა.
- ვიმედოვნებ, უკვე მოასწარით ერთმანეთის გაცნობა, ჩემო კარგო. ხომ ასეა?
- არა, ქალბატონო. სამწუხაროდ, თქვენმა ვაჟმა ვერ მოიცალა, რადგან გადაუდებელი საუბრები ჰქონდა. ამმ, თუ არ ვცდები, ეშლისთან, ლილისთან და...
- დიახ! სამსახურიდან დამირეკეს! - სასწრაფოდ გააწყვეტინა სიტყვა სანდრომ და გოგონა ისეთი მზერით დაასაჩუქრა, რომ ანიკას ცოტათი შეეშინდა კიდეც. მაგრამ ანიკა რის ანიკა იქნებოდა, ამ გაუზრდელი მაჩოსათვის სამაგიერო რომ არ გადაეხადა?!
- არ ვიცოდი, ნიუ-იორკში თანამშრომლებს „ტკბილებს“ თუ ეძახდნენ!
- არც მე ვიცოდი, თბილისში ასეთი გესლიანი ბავშვები თუ ცხოვრობდნენ!
- სანდრო! ეს რა ლაპარაკია? - შვილს წამოენთო გია.
- როგორ თუ ბავშვი? მე ვარ ბავშვი? - თვალები მოწკურა ანიკამ.
- ახლავე ორივე დაშოშმინდით! - გიას სიტყვებმა მართლაც რომ სასურველი ეფექტი მოახდინა და ანიკამ გადაიფიქრა ბიჭის კიდევ ერთხელ მოშხამვა. - თუ შეიძლება გაგვეცანით, ახალგაზრდა ქალბატონო.
- დიახ, სულ დამავიწყდა. ანასტასია ქავთარაძე! მაგრამ ძალიან გთხოვთ, ანიკა დამიძახოთ...
- ძალიან სასიამოვნოა. მე გია ჯაფარიძე ვარ, ეს კი ჩემი მეუღლე - მარიკა. როგორც მიხვდებოდი, ამ ვაჟბატონს სანდრო ჰქვია. ძვირფასო, შენი გვარი ძალიან მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, საიდან... მამაშენი რას საქმიანობს?
- მეღვინეა. ღვინის ექსპორტს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყანაში.
- ამმ, ირაკლი?
- დიახ, ირაკლი. იცნობთ? - თვალები გაუბრწყინდა ანიკას.
- ჰმ, რა თქმა უნდა! ჩემი რესტორნების ქსელისთვის ღვინოს სულ მამაშენს ვაგზავნინებ.
- რა კარგია! მამა რომ გაიგებს, ძალიან გაუხარდება.
- მეც ძალიან გამიხარდა. სხვა თუ არაფერი, მეცოდინება, რომ ნინი სანდო ოჯახს ჩავაბარე!
- ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ანიკა ალბათ მგზავრობამ დაღალა. წამოდი, შვილო, შენს ოთახს გაჩვენებ. - საუბარში ჩაერთო მარიკა.
- არა, ძვირფასო. შენ ვახშამს მიხედე. ანიკას კი თავის ოთახსაც და სახლსაც სანდრო დაათვალიერებინებს.
- ვოცნებობდი, ამ მისიას როდის დამაკისრებდი, მამა. - კბილებში გამოსცრა სანდრომ და შემდეგ ანიკას მიუბრუნდა: - წამომყევი, ბევრი დრო არ მაქვს.
- ჰმ, თავხედი! - ჩაიბურტყუნა ანიკამ და დაწინაურებულ ბიჭს აედევნა.
- დღეიდან, რვა თვის განმავლობაში, ამ ოთახში მოგიწევს დაძინება. რვა თვის შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. - საძინებლის კარი შეაღო სანდრომ და ანიკას დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა, რომ აღფრთოვანება არ გამოეხატა. - არა მგონია, დიდად მოხიბლული დარჩე და ამ ოთახმა შენი გემოვნება დააკმაყოფილოს, რადგან არც ვარდისფრად არის შეღებილი და ვერც საბავშვო აქსესუარებს შენიშნავ სადმე. ჩემს დას გაცილებით დახვეწილი გემოვნება აქვს.
- ვაჟბატონო, აბა, კარგად შემომხედე. ვგავარ ორი წლის ბავშვს? ზუსტად შენი დის ტოლი ვარ.
- ორი წლისას ნამდვილად არა... - სანდრომ თავი მარჯვნივ გადახარა, ცალი წარბი ასწია და ანიკა თავიდან ფეხებამდე ურცხვად აათვალიერა. მისმა ქმედებამ გოგონას გაწითლება გამოიწვია. - მაგრამ მაინც ბავშვი ხარ. - დაასკვნა ბოლოს სანდრომ.
- ძალიან მაინტერესებს, თავად რამდენი წლის ბრძანდებით, ბატონო ალექსანდრე?
- ოცდაოთხის. - ნიშნის მოგებით უპასუხა სანდრომ.
- ოჰ, დაბერებულხართ უკვე! სწორად გადავწყვიტე, თქვენობით რომ მოგმართავთ.
- შენი საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბავშვი ხარ. ცდილობ, გამაღიზიანო.
- ჯანდაბა! უკვე წყობიდან გამოგყავარ!
- ჰმ, რას ვიზამთ. რვა თვე ერთმანეთის ატანა მოგვიწევს, მიუხედავად იმისა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა! - უდარდელად გაუცინა სანდრომ და სანამ ოთახიდან გავიდოდა, ანიკას მიაძახა: -როდესაც დაგჭირდება, დანარჩენ ოთახებსაც მიაგნებ. არ მაქვს შენზე დასახარჯი დრო!
- იდიოტო! თავხედო! გაუზრდელო მაჩო! ნამდვილი კრეტინი ხარ! - ესაუბრებოდა ანიკა აწ უკვე მიხურულ კარს და თან უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სიმპათიური მამაკაცი ასეთი თავხედი ყოფილიყო.
საღამომდე ანიკამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ნინის დატოვებული წერილიც იპოვა. გაუკვირდა და თან გაუხარდა, რომ რაღაცით მაინც ჰგავდა გოგონას, რომლის სახლშიც მოუწევდა ცხოვრება. საწოლზევე ჩამოჯდა და წერილის კითხვას შეუდგა.
„ძვირფასო უცნობო! მინდა ცოტათი მაინც დაგეხმარო და მოგცე რამდენიმე მითითება, რომელიც ახალ გარემოსთან შეჩვევას გაგიადვილებს. პირველი და უმთავრესი - არასდროს ილაპარაკო ვახშმის დროს, რაც უნდა მოხდეს. მამას ეს ძალიან აღიზიანებს. არასდროს ილაპარაკო ფეხბურთზე ცუდი სანდროსთან. გაითვალისწინე, მისი საყვარელი გუნდია „ბარსელონა“. არ დაბრუნდე სახლში ძალიან გვიან, მით უმეტეს, ნასვამი.
სკოლას რაც შეეხება: დირექტორი გიჟდება არქეოლოგიაზე და ყველაფრის გაკეთებაზე დაგთანხმდება ექსპედიციის დაფინანსების მოსაპოვებლად. ასევე არის ერთი ბიჭი, რომელთან პაემანზეც არასდროს, დაიმახსოვრე, არასდროს არ უნდა წახვიდე!!! ეს არის კევინი. კიდევ არის ერთი მასწავლებელი - მისის მერი. ის ქიმიის მასწავლებელია და თუ ერთხელ მაინც გამოგიჭირა იმაში, რომ გაკვეთილი არ იცი, ჩათვალე, რომ მთელი წელი გაგაწამებს. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. იმედს ვიტოვებ, რომ ახალ ცხოვრებასთან შეგუება არც ერთს არ გაგვიჭირდება. წარმატებებს გისურვებ!
P.S. თავად მიხვდები, ვისთან უნდა იმეგობრო. ისინი თვითონ გიპოვიან.
ნინი.“
ანიკამ მთელი წერილი ღიმილით ჩაიკითხა და ეცადა წარმოედგინა, რა რეაქცია ექნებოდა ნინის, როდესაც საწერი მაგიდის უჯრაში კონვერტს აღმოაჩენდა. ან როგორ შეეჩვეოდა ახალ ცხოვრებას? გოგონებს ძალიან კარგად ესმოდათ ერთმანეთის და ალბათ, შესაბამის გარემოში კარგი მეგობრებიც გახდებოდნენ, მაგრამ ანიკას ელეს ვერავინ შეუცვლიდა. თვალები აუცრემლიანდა იმის წარმოდგენისას, რომ რვა თვე ელეს ვეღარ ჩაეხუტებოდა და ის იყო, უნდა აღნავლებულიყო, რომ კარზე კაკუნი მოესმა.
- მობრძანდით! - გასძახა კარს მიღმა და ცრემლები შეიმშრალა.
- თუ გშია დაბლა ჩამოდი. ათ წუთში სავახშმოდ დავსხდებით. და მართლა, არ იფიქრო, რომ ჩემი სურვილით გეპატიჟები. - სანდროს ხმა ისე ჟღერდა, რომ გოგონამ თავისუფლად წარმოიდგინა მისი სახე და ეცადა, გაცოფება შეეკავებინა.
ოთახში განთავსებული ავეჯის დალეწვის ნაცვლად, ალტერნატიული გამოსავალი მოძებნა და მიზნად დაისახა, სანდროსთვის დაემტკიცებინა, რომ ნამდვილად არ იყო ბავშვი. მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას კი იმ წუთიდანვე იწყებდა. სწორედ ამიტომ, საკიდიდან კაბა ჩამოხსნა. ეს კაბა დედამ ჩამოუტანა პარიზიდან და ანიკა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამდა. მართალია, ასეთი ჩაცმულობა ოჯახურ ვახშამს არ შეეფერებოდა, მაგრამ... კაბა ატლასის იყო, მოკლე და მიმზიდველი. ნაზი ცისფერი საოცრად უხდებოდა ანიკას თვალებს და ეს გოგონამაც შესანიშნავად იცოდა. სწორედ ამიტომაც აირჩია ეს კაბა. თმა გაიშალა, ოთახიდან გასვლისას საკუთარ ანარეკლს სარკეში თვალი ჩაუკრა და ამაყად გაემართა სავახშმოდ.
შეიძლება ითქვას, რომ მისმა ქმედებამ სასურველი ეფექტი მოახდინა და სანდრომ გოგონას დანახვისას ცალი წარბიც კი ასწია, მაგრამ მისმა ფრაზამ ყველაფერი გააფუჭა:
- შენთვის არავის უთქვამს, რომ სახლში ვვახშმობთ? თუ რატომ გაცვია ისე, თითქოს აქედან პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულზე მიდიოდე?
- მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ ყურადღებით უნდა მოგესმინა დედასთვის, როდესაც ეტიკეტს გასწავლიდა. ამხელა კაცი ისე საუბრობ, როგორც მეამბოხე თინეიჯერი. - მომხიბლავად გაუღიმა ანიკამ და მშვიდად მიუჯდა მაგიდას.
- სანდრო, ვახშმის შემდეგ ანიკას ქალაქს დაათვალიერებინებ! - ამ ფრაზის გაგონებისას სანდროს „კოკა-კოლა“ გადასცდა და ხველება აუტყდა. ანიკამ კი ოჯახის უფროსს შეხედა და აუღელვებლად უთხრა:
- არ არის საჭირო. არ მინდა ჩემ გამო უფროსები შევაწუხო. ხვალ რომელიმე კლასელს ვთხოვ და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით დამათვალიერებინებს ქალაქს.
- სანდრომ ხომ არ გაწყენინა, შვილო? - შეშფოთდა მარიკა.
- არა, მარიკა დეიდა, შეუძლებელია მას ეწყენინებინა. ჩვენ თითქმის არც გვისაუბრია.
- ანიკა მართალია. ახლა გვიანია და მისთვის საინტერესოს და მოსაწონს ვერაფერს ნახავს. -ჩაილაპარაკა სანდრომ და სპაგეტის ისეთი ინტერესით ჩააცქერდა, თითქოს აპირებდა გამოეცნო, ვის მიერ იყო დამზადებული.
- კარგი, რადგან ასეა, მაშინ ხვალ, სკოლის შემდეგ გაუვლი და დღისით აჩვენებ მისთვის საინტერესო და მოსაწონ ადგილებს. - არ ნებდებოდა გია.
- მამა, მოდი, შეგახსენებ: მე სამსახური მაქვს და ამ სამსახურს იმის გამო ვერ გავაცდენ, რომ ვიღაც...
- სანდრო! - სიტყვა გააწყვეტინა აღშფოთებულმა მარიკამ. ანიკა კი ცდილობდა, ყელში გაჩხერილი ბურთისთვის ყურადღება არ მიექცია და უცხო ხალხის თანდასწრებით არ ატირებულიყო.
- უკაცრავად. თუ შეიძლება მე დაგტოვებთ. მგზავრობამ ცუდად იმოქმედა და თავს შეუძლოდ ვგრძნობ... - მხოლოდ ამის ჩალაპარაკება მოასწრო ანიკამ და შემდეგ სასწრაფოდ თავის ოთახში გაიქცა.
პირველმა დღემ საშინლად ჩაიარა. იმდენად საშინლად, რომ ანიკამ მრავალი წლის შემდეგ კვლავ იტირა ბალიშთან ჩახუტებულმა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბოლოს, როდესაც გოგონამ ეს გააკეთა, შვიდი წლის იყო, ახლა კი - ჩვიდმეტის...
იმავე საღამოს ანიკამ დაივიწყა დროში სხვაობა და აცრემლებულმა დაურეკა ელეს, რათა მასთან მაინც მოეოხებინა გული სიმპათიური თავხედის ლანძღვით...
- შენ სულ გაგიჟდი, ხომ? რა გატირებს? ვიღაც ხეპრემ სისულელეები გითხრა და ამის გამო ტირი? ანიკა, ვერ გცნობ!
- ვიცი, ელე, ეს არ ჰგავს ჩემს საქციელს, მაგრამ აქ სულ მარტო ვარ და სულ მარტოს მომიწევს ამ თავხედის ატანა.
- ანიკა, აბა, ახლა დამშვიდდი და კარგად მომისმინე! შენ მანდ ჩახვედი შენი მიზნების მისაღწევად და არა ვიღაც იდიოტის გასაზრდელად! უმიზეზოდ ვერ გიტანს? ადექი და მიეცი მიზეზი! განა ყოველთვის ამ სიტყვებს არ ამბობდი? როდის მერე გაღელვებს სხვისი აზრი შენ შესახებ? საერთოდ დაივიწყე მისი არსებობა და არავის და არაფერს არ მისცე უფლება, რომ ხასიათი გაგიფუჭოს! - ელე მთელი ღამე ცდილობდა ანიკას დამშვიდებას და გამხნევებას. მთელი ღამე არიგებდა, როგორ მოქცეულიყო და ანიკასაც სითამამე ემატებოდა. გრძნობდა, რომ მარტო არ იყო. ასე დაათენდა თავზე ელესთან საუბარში და ცოტა ხანში კარზე კაკუნიც მოესმა, რომელსაც სანდროს სიტყვები მოჰყვა:
- ზუსტად ერთ საათში დაკაკუნების გარეშე შემოვალ და არ მაინტერესებს, ჩაცმული იქნები თუ არა. როგორ ფორმაშიც იქნები, ისე წაგიყვან. შენ გამო ნამდვილად არ ვაპირებ სამსახურში დაგვიანებას!
ანიკამ მხოლოდ ამ სიტყვების გაგონებისას გააცნობიერა, რომ ერთ საათში სკოლაში უნდა წასულიყო და ნერვიულობის ახალი ტალღა დაეწყო. ელესთან ერთად არჩევდა, რა უნდა ჩაეცვა და დრო ისე გაეპარა, რომ ვერც შენიშნა. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ დაურეკა მეგობარს და „სკაიპის“ შემქმნელის ლოცვასთან ერთად, ლამის მთელი გარდერობი გადმოალაგა.
- მისმინე, აი, ეგ კაბა, მგონი, მშვენიერი იქნება!
- ეს კაბა მეც მომწონს, მაგრამ დღეს კაბის ჩაცმა არ მინდა. ისედაც ყურადღების ცენტრში ვიქნები, როგორც ახალი მოსწავლე.
- ამმმ, კარგი... მაშინ... არ ვიცი!
- არც ის მინდა, რომ ბავშვივით ჩავიცვა!
- ოჰო, სანდროს გამო? მაინც როგორია ეგ შენი სანდრო?
- ჩემი არა! - სასწრაფოდ შეუსწორა ანიკამ და ღია ფერის ჯინსის ბრიჯი ამოიცვა. -როგორია და... მაღალი, ზედმეტად სიმპათიური. მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით, მწვანე თვალებით... - გოგონა თან ჰყვებოდა და თან პერანგებს არჩევდა, როდესაც დაინახა, როგორ გაუფართოვდა ელეს თვალები, ნერწყვი გადაყლაპა და ამოილუღლუღა:
- კუნთებით...
- რა? - გაუკვირდა ანიკას, მაგრამ შემდეგ... - ჯანდაბა! სანდრო!
- მე გაგაფრთხილე! - საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭმა და მისკენ გაემართა. - ყვირილს აზრი არ აქვს, სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ... - ამ სიტყვების გაგონებისას ანიკა წამით შიშმა აიტანა, მაგრამ როდესაც სანდრომ ზურგზე მოიგდო, შიში გაბრაზებით შეეცვალა და აკივლდა.
- დამსვი, იდიოტო! ჩასაცმელი ვარ!
- ანიკა, მე გაგაფრთხილე!
- ჯანდაბა! ვერ გიტან!
- ვიცი, ვერც მე!
- გთხოვ! - ანიკას ამის თქმას ერჩივნა... ამმ, არ იცოდა, რა ერჩივნა, მაგრამ სანდროს ეს მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა.
- მხოლოდ ხუთი წუთი გაქვს! მალე! - ბიჭმა საათს დახედა და დრო დაინიშნა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ოთახიდან გასვლას არ აპირებდა.
- იქნებ კეთილი ინებო და გახვიდე?
- ოთხი... - მშვიდად ჩაილაპარაკა სანდრომ და ანიკა მიხვდა, რომ მართლა ცუდ დღეში იყო, ამიტომ სასწრაფოდ ჩაიცვა ცისფერი პერანგი, თეთრი კედები, თმა ცხენის კუდად შეიკრა და სანამ ისევ ბიჭის ზურგზე აღმოჩნდებოდა, ზურგჩანთას ხელი დაავლო და სანდროს წინ აესვეტა.
- მზად ვარ, მეთაურო!
- მშვენიერია, რიგითო! თუ არ ჩავთვლით, რომ ჩემი ხუთი წუთი გმართებს, კარგად იმუშავე! ახლა კი შეგვიძლია წავიდეთ! - ჩაილაპარაკა სანდრომ და გაღიმებული გავიდა სახლიდან...
რომანი იდება ყოველდღე
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი