მართალია, ამჯერად სანდრო მობილურ ტელეფონში აღარ შემძვრალა, მაგრამ გზა მაინც მდუმარე გამოდგა. ანიკა თავაწეული იყურებოდა ფანჯრიდან და ცდილობდა, თვალი არ გაქცეოდა ბიჭისკენ, რომელიც მართლაც რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. არა, განსაკუთრებული არაფერი ეცვა - მუქი ფერის ჯინსი და თეთრი მაისური. მაგრამ ეს მაისურიც ვერ მალავდა მის დაკუნთულ სხეულს. ანიკამ თავი ვერ შეიკავა, თვალი გაექცა ბიჭისკენ და უცბად ისეთი ხმით შეჰკივლა, რომ სანდრომ დაამუხრუჭა კიდეც.
- გაგიჟდი? რა გაკივლებს? - ანიკამ ფეხები აიკეცა და სავარძელზე ისე მოიბუზა, როგორც პატარა ლეკვი, რომელსაც ძეხვის ქურდობაზე წაასწრეს. - კარგად ხარ?
- რა ჯანდაბად გინდა იარაღი? - ანიკამ ბიჭს ქამარში ჩადებული პისტოლეტისკენ ანიშნა და უნებურად კიდევ უკან მიიწია.
- ბოროტი მანიაკი ვარ. ახლა სკოლის ნაცვლად უღრან ტყეში წაგიყვან, ჯერ წამებით მოგკლავ, მერე დაგანაწევრებ, ხორცს მოვხარშავ და გემრიელად შევჭამ. გიყურებ და ჯერ სულ მჭლე ხარ! - სანდრო იდუმალი ხმით ლაპარაკობდა და ბოლოში მეტი დამაჯერებლობისთვის ტუჩებიც გაილოკა.
- სანდრო, გულწრფელად მითხარი, ბავშვობაში ხშირად არტყამდი თავს?
- ეგ შენი საქმე არ არის. - დასერიოზულდა ბიჭი და ის იყო, მანქანა უნდა დაექოქა, რომ ანიკამ კარი გააღო და გარეთ გახტა.
- სანამ არ მეტყვი, რად გინდა იარაღი, არ ჩავჯდები.
- რას მელაპარაკები! ისე ვიდარდებ, ამაღამ არ დამეძინება.
- სანდრო, არ გეხუმრები!
- ნუთუ? მართლა არ აპირებ ჩაჯდომას?
- არა!
- კი ბატონო! - ბიჭმა მანქანა დაძრა და გაოგნებული ანიკა ხალხმრავალ ქუჩაზე სულ მარტო აღმოჩნდა. აი, მაშინ კი მართლა შეეშინდა. უცხო ქუჩაზე სულ მარტო იდგა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ახლა კი ინანა, გუშინვე რომ არ ჩაიწერა მარიკას და გიას ნომრები, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რა უნდა გაეკეთებინა? წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, სკოლა სად იყო, სასკოლო ავტობუსი კი უკვე წასული იქნებოდა.
- ჯანდაბა! მშვენიერია! პირველივე დღეს გავაცდენ სკოლას! - ჩაიბურტყუნა და ნირწამხდარი ჩამოჯდა იქვე ბორდიურზე. - ალექსანდრე ჯაფარიძე, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები ჩემი წამებისათვის! - ამოიგმინა ანიკამ და ის იყო, პირველივე გამვლელი მანქანა უნდა გაეჩერებინა, რომ მის ფეხებთან შავი „BMW” მისრიალდა.
- ჩაჯექი, დროზე! და იმის ილუზია არ შეიქმნა, რომ შენზე ვღელავ და იმიტომ დავბრუნდი.
- სანდრო, გითხარი: სანამ არ მეტყვი, რად გინდა იარაღი, მანქანაში ვერ ჩავჯდები. თითქმის არ გიცნობ, ნუთუ არ არის საკმარისი მიზეზი?
- ოხ, რა ჯიუტი ხარ! - ამოიოხრა ბიჭმა. - FBI-ში ვმუშაობ, - სანდრომ ამის დამადასტურებელი საბუთიც აჩვენა და შემდეგ დაღლილი მზერა მიაპყრო. - დაკმაყოფილდი? ჩაჯდები თუ წავიდე?
- თავიდანვე ასე რომ გეთქვა, არ შეიძლებოდა? - აბუზღუნდა ანიკა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
- არა. ისეთი სახე გქონდა, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი.
- და კიდევ მე მეტყვი, ბავშვი ხარო.
- სიმართლეს გეუბნები. ახლა შენ მიდიხარ სკოლაში, მე კი არა.
- ჩემზე ადრე მოკვდები.
- ბატონო? - წარბები აზიდა სანდრომ და გოგონას მიაჩერდა.
- ჩემზე უფროსი ხარ, შესაბამისად, ჩემზე ადრე მოკვდები. - ანიკამ ისეთი სახით უპასუხა, თითქოს უკვირდა, რა არის აქ გაუგებარიო.
- შენით მოიფიქრე თუ ვინმე დაგეხმარა? - ჩაიცინა ბიჭმა. - აქ რატომ ჩამოხვედი? საქართველოში უკვე ამოწურე შენი სწავლის მარაგი?
- სანდრო, რა გინდა?
- მილიონი, ბაჰამის კუნძულებზე დასვენება და ვინმე გრძელფეხება, ქერათმიანი გოგო. წაბლისფერთმიანზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ ბავშვები არ მიზიდავენ.
- რა ხუმარა ხარ! - შეუბღვირა ანიკამ. - რა გინდა ჩემგან?
- შენგან რა უნდა მინდოდეს? - ცალყბად ჩაეცინა ბიჭს.
- რატომ ვერ მიტან?
- ვინ გითხრა, რომ ვერ გიტან?
- ჯანდაბა! კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ! - იფეთქა გოგონამ.
- მომისმინე, ანიკა, სისულელეა, რომ ვერ გიტან. უბრალოდ შენ ჩემთვის სულერთი ხარ, არაფერს წარმოადგენ და ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ საერთოდ არ გიცნობ.
- ვერ მომატყუებ, აშკარაა, რომ ჩემ მიმართ უარყოფითად ხარ განწყობილი.
- შეიძლება ასეცაა, მაგრამ ნამდვილად მაქვს მიზეზი. შენ რომ არა, ყველაფერი თავის ადგილას იქნებოდა და არც ჩემი და ჩაიდენდა ისეთ სისულელეს, როგორიც საქართველოში წასვლაა.
- ახლა გასაგებია.
- რა არის გასაგები?
- შენს დაზე გაბრაზებული, ჯავრს ჩემზე იყრი. მაგრამ იმას კი ვერ ხვდები, რომ ნინის თუ მოუნდებოდა, საქართველოში ნებისმიერ დროს წავიდოდა. სულაც არ არის ამისთვის საჭირო გაცვლითი პროგრამა. მე კი შენი და მართლა დამეხმარა. არა იმაში, რომ ახლა ნიუ-იორკში ვარ. ნინიმ შანსი მომცა, ჩემი ცხოვრება შემეცვალა და ნიუ-იორკში სასწავლებლად წამოვსულიყავი. შენ გგონია, ჩემთვის რთული იქნებოდა ამის გაკეთება? მამაჩემისთვის მხოლოდ ერთი თხოვნა და ნიუ-იორკის ბილეთი ხელში მეჭირებოდა. მაგრამ ახლა ყოველთვის მეცოდინება, რომ ამას ჩემით მივაღწიე.
სანდროს ხმა აღარ ამოუღია. ანიკა ვერ მიხვდა, მისმა სიტყვებმა მოახდინეს შთაბეჭდილება თუ უბრალოდ ლაპარაკის სურვილი დაკარგა, მაგრამ როდესაც მანქანა სკოლის წინ გაჩერდა, სანამ გოგონა მანქანიდან გადავიდოდა, სანდრომ უთხრა:
- გაკვეთილების ბოლოს გამოგივლი. ქალაქს დაგათვალიერებინებ.
- მოდი, შეგახსენებ: შენ სამსახური გაქვს და სამსახურს ვერ გააცდენ ვიღაც...
- ანიკა!
- ჰო, ვიცი, კარგი მეხსიერება მაქვს, - თვალი ჩაუკრა გოგონამ და მანქანიდან გადავიდა. სანამ სკოლის შენობაში არ შევიდა, სანდროს მანქანა ადგილიდან არ დაუძრავს...
ანიკას ნელ-ნელა პანიკა ეწყებოდა ამდენი მოსწავლის დანახვისას, მაგრამ ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა.
- ჰეი, ლამაზო! ახალი ხარ? - წამოეწია ვიღაც უცნობი, ქერა, აჩეჩილი თმითა და ცისფერი თვალებით.
- ამმ, კი... მე... გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი... - ნერვიულობისგან ძლივს ამოღერღა.
- ოჰო, იცი, რომ მთელი სკოლა შენ გელოდება? - გაუცინა უცნობმა, ანიკა კი მისი სიტყვების გაგონებისას ერთიანად გაწითლდა. - რა გქვია, ლამაზო?
- ანიკა!
- კარგი, ანიკა. წამომყევი, ჯინასთან მე მიგიყვან და დღეს შენი გიდის ფუნქციასაც შევითავსებ. ჰო, მართლა, მე კევინი ვარ! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და მასაც მაშინვე გაახსენდა ნინის წერილში ამოკითხული ფრაზა.
- იყოს, ნუ შეწუხდები, არ არის საჭირო. - მაგრამ კევინი მას არ უსმენდა. მშვიდად მიათრევდა გოგონას სავარაუდოდ ადმინისტრაციული კორპუსისკენ და თან გზადაგზა ყველას აცნობდა ახალ მოსწავლეს. ანიკაც მორიდებულად იღიმოდა და კევინს მიჰყვებოდა.
- ჯინა, ძვირფასო! - მიესალმა კევინი ფუმფულა, ხვეულთმიან, სათვალიან ქალს, რომელმაც მისი ხმის გაგონებისას მაგიდაზე დახვავებული ქაღალდებიდან თავი ამოყო და ბიჭს გაუღიმა.
- რამ შეგაწუხა, კევინ? ეს გოგონა ჩვენი ახალი მოსწავლეა?
- დიახ! მე გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი, საქართველოდან!
- ძალიან სასიამოვნოა, ჩემო კარგო. ანასტასია ქავთარაძე, ხომ?
- დიახ, მე გახლავართ.
- აი, შენი ცხრილი, საყვარელო. ალბათ, კევინი გეტყოდა, მთელი სკოლა გელოდებოდით! სკოლის რუკაც დაგჭირდება, ახლავე მოგცემ...
- არა, ჯინა! - შეაწყვეტინა კევინმა. - მე აქ არ ვარ? ანიკას ყველაფერს დეტალურად დავათვალიერებინებ. აბა, მაჩვენე, პირველი რა გაქვს? - გოგონას ცხრილი ხელიდან გამოსტაცა და გუნება უცბად წაუხდა. - ისტორია... მე პირველი ესპანური მაქვს. მაგრამ მოიცა, მგონი მესამე გაკვეთილი... კი, ნამდვილად ასეა! მესამე გაკვეთილი გვემთხვევა!
- კევინ, არ მინდა შეგაწუხო... - ამოილუღლუღა ანიკამ, მაგრამ მას ამჯერადაც არავინ უსმენდა. კევინი თავაწეული მიაბიჯებდა დერეფანში და ანიკაც იძულებული იყო, გაჰყოლოდა, რადგან ბიჭი მის ცხრილს მიაფრიალებდა.
- მოვედით! ეს ისტორიის კლასია. სამწუხაროდ, მე უნდა დაგტოვო, მაგრამ ამ გაკვეთილის ბოლოს ისევ შენთან გავჩნდები! - ის იყო, ანიკას შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ კევინის ბოლო სიტყვებმა გააწბილეს.
- ეს ვინ ავიკიდე! - ჩაიბურტყუნა გოგონამ ქართულად და კლასში შეაბიჯა.
ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერ გადაურჩა. მისტერ ვუდსმა აიძულა, საკუთარი თავი წარედგინა მთელი კლასის წინაშე და არც გაკვეთილზე მისცა მოსვენება. საბედნიეროდ, ანიკამ მის ყველა შეკითხვას უპასუხა. პირველივე დღეს ჩაფლავება ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში. ისტორიის გაკვეთილის შემდეგ ანიკას ცხრილში ამ საგნის გასწვრივ დიდი, წითელი მინუსი გაჩნდა.
შედარებით მშვიდად ჩაიარა ასტრონომიამ, მაგრამ ტრიგონომეტრიაზე... ტრიგონომეტრიაზე ანიკას მოუწია კევინის გვერდით დამჯდარიყო და ერთდროულად ესმინა მისთვის და მისის ტომსონისათვის. ამის პარალელურად, რვეულში გაეკეთებინა ნახაზები, ეპასუხა მასწავლებლის შეკითხვებისთვის და გაეძლო ქერათმიანი გოგონას მზერისთვის, რომელიც კევინის თქმით, მისი ყოფილი შეყვარებული იყო.
ზარის დარეკვისთანავე ანიკამ თავისი ნივთები ერთი ხელის მოსმით ჩაუძახა ზურგჩანთაში და ის იყო, სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ, რომ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და:
- კევინ! არ გეწყინოს, მაგრამ... - ანიკამ ვერ მოიფიქრა, როგორ შეიძლებოდა ზრდილობიანად მოეშორებინა ეს აბეზარი ბიჭი. - მე... მე... - აბლუყუნდა უაზროდ და დაინახა, როგორ მიუახლოვდათ ერთი წითური გოგონა. ეს გოგონა ასტრონომიაზეც იყო და თუ ანიკას სწორად ახსოვდა, მას მეგი ერქვა.
- კევინ, ანიკას მე ვთხოვე კაფეტერიაში გაყოლა. თუ წინააღმდეგი არ იქნები, დაგტოვებთ... - გოგონამ ანიკას ხელკავი გაუკეთა და კლასიდან გაიყვანა.
- გმადლობ!
- რა სათქმელია! მე მეგი ვარ!
- სასიამოვნოა შენი გაცნობა! როგორ მიხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა?
- ეგ გზა მეც გამოვიარე! - გაეცინა მეგის და ანიკა კაფეტერიისკენ წაიყვანა. - შარშანწინ გადმოვედი ამ სკოლაში და კევინი პირველივე გაკვეთილიდან ავიკიდე. მთელი კვირა უკან დამყვებოდა!
- მერე როგორ მოიშორე? - გამხიარულდა ანიკა და ახალ ნაცნობთან ერთად ჩადგა რიგში დახლის წინ.
- დავემუქრე, რომ თუ თავს არ დამანებებდა, მის ყველაზე დიდ საიდუმლოს გავამჟღავნებდი. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, მართლა ჰქონდა თუ არა საიდუმლო, მაგრამ ბედმა გამიღიმა. ამ ამბის შემდეგ ყველაფერს მისრულებს. - გოგონებმა გულიანად გაიცინეს და საკვები აიღეს. ანიკამ „კოლა“ და „ფრი“ იყიდა, მეგიმ - ყავა და კრუასანი და შემდეგ ბავშვებით სავსე მაგიდისკენ გაემართნენ.
- ბავშვებო, გაიცანით, ეს ანიკაა! ანიკა, გაიცანი, ესენი არიან: ჯოში, მაიკი და ჯესიკა. - მეგიმ სათითაოდ გააცნო ყველა და მაგიდას მიუსხდნენ.
ლანჩმა მხიარულად ჩაიარა. ანიკამ ბევრი იხალისა და დაძაბულობაც მთლიანად გაუქრა. როგორც გაირკვა, უკლებლივ ყველანი ნინის მეგობრები ყოფილან და ამ ამბის გაგებამ ძალიან გაახარა. კიდევ იმან გაახარა, რომ რამდენიმე გაკვეთილი მათთან ემთხვეოდა. ხასიათი საბოლოოდ მაშინ გამოუკეთდა, როდესაც ფიზკულტურაზე შესულმა აღმოაჩინა, რომ მასწავლებელი გოგონების მხარდამჭერთა გუნდს აკომპლექტებდა.
- მისტერ ჯეკმან, იქნებ ჩემთვისაც მოგეცათ შანსი? - ანიკამ თვითონაც არ იცოდა, საიდან მოიკრიბა იმდენი გამბედაობა, რომ პირველივე დღეს მისულიყო ფიზკულტურის მასწავლებელთან და მხარდამჭერთა გუნდში ჩაწერა ეთხოვა.
- თქვენ ახალი მოსწავლე ხართ, თუ არ ვცდები. ხომ ასეა?
- დიახ, მაგრამ იქნებ...
- მე არ მითქვამს, რომ ეს პრობლემაა... - კაცი საოცრად მშვიდად და თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. - მაგრამ საქმე იმაშია, რომ კლერი, მხარდამჭერთა გუნდის ტრენერი, დღეს არაა, მის გარეშე კი ვერაფერს გადავწყვეტ. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ შესარჩევ კონკურსზე ჩაგწეროთ, რომელიც პარასკევს, გაკვეთილების ბოლოს გაიმართება.
- გმადლობთ, მისტერ ჯეკმან...
* * *
- აბა, როგორია თქვენი სახლის ახალი ბინადარი? - პირგამოტენილმა ჰკითხა დენიმ მეგობარს და თანამშრომელს და უდარდელად განაგრძო ლაზანიის განადგურება.
- ბავშვია! - მოკლედ უპასუხა სანდრომ და ყავა მოსვა.
- კარგი, მაშინ სხვანაირად გკითხავ: როგორი ბავშვია თქვენი სახლის ახალი ბინადარი?
- ჩვეულებრივი! როგორიც ყველა. არაფერი განსაკუთრებული.
- უკვე მოასწრო შენი გაბრაზება?
- დღეს მთელი ხუთი წუთი მალოდინა, სანამ ჩაიცვამდა, მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე.
- ღმერთო ჩემო! - შეშფოთებული სახე მიიღო დენიმ. - ნამდვილად მიუტევებელი ცოდვაა! რამდენი აზიდვა გააკეთებინე, მეთაურო?
- დავინდე! - გაეცინა სანდროს. - ხომ იცი, როგორი კეთილი ვარ. ხუთი წუთიც კი ვაჩუქე, რომ პერანგი ჩაეცვა.
- მოიცა, შენ რა, ოთახში შეუვარდი?
- რა თქმა უნდა! ერთი საათი მივეცი და გავაფრთხილე, რომ დაუკაკუნებლად შევიდოდი და როგორ ფორმაშიც იქნებოდა, ისე წავიყვანდი. ერთ საათში ასეც მოვიქეცი, ის კი იდგა და ვიღაც გოგოს „სკაიპით“ ჩემზე ელაპარაკებოდა.
- რაო, რას ეუბნებოდა? ნამდვილი მონსტრი და სატანის მოციქულიაო?
- არა, ზედმეტად სიმპათიურია, მიმზიდველი ტუჩებით, სწორი ცხვირით და მწვანე თვალებითო. მაგისი დაქალის სახე უნდა გენახა, მე რომ დამინახა. თვალებგაფართოებულმა ამოილუღლუღა: - კუნთებით! - სანდრომ ელეს პაროდია გააკეთა და მეგობრებმა სიცილით სული რომ მოითქვეს, მერე გააგრძელა: - სამაგიეროდ, ანიკას ჩემი ხუთი წუთი ვალი აქვს.
- რა საშინელი ადამიანი ხარ! - დასცინა დენიმ. - მაინც როგორია ეგ შენი ანიკა?
- ჩემი არა! - სასწრაფოდ გააპროტესტა სანდრომ. - ხომ გითხარი, ჩვეულებრივი ბავშვია. მაღალი, გამხდარი, ლამაზი ფორმებით, ვარდისფერი ტუჩებით, პატარა ცხვირით, ცისფერი თვალებით, ხშირი წამწამებით და გრძელი, წაბლისფერი კულულებით.
- ოჰო... როდის გვეპატიჟები შენთან ფეხბურთის საყურებლად?
- დენიელ! ხომ გითხარი, ბავშვია...
- ჰმ! მერე რა! ხომ უნდა შევაფასო, როგორია, თან მე ჩემი ლუსი მყავს! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ცივი „კოლა“ ბოლომდე ჩაცალა...
* * *
გაკვეთილების დასრულების შემდეგ ანიკა ახლად შეძენილ მეგობრებს დაემშვიდობა და ის იყო, სკოლის შენობიდან უნდა გასულიყო, რომ კევინი დაედევნა.
- ანიკა! მოიცა! დამელოდე! სად გარბიხარ?
- მაპატიე, მაგრამ მეჩქარება! - გაუღიმა გოგონამ და გზა განაგრძო, მაგრამ კევინი მაინც მიჰყვებოდა.
- სად მიდიხარ? გაგიყვან! სხვათა შორის, დღეს შენი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ რადგან ახალი ხარ, გაპატიე.
- ბატონო? - აღშფოთებული მიუბრუნდა ანიკა.
- დიახ. არასწორად მოიქეცი! მთელი დღე ერთგული ფინიასავით დაგდევდი, შენ კი მადლობაც არ გადამიხადე. ახლაც ისე მირბიხარ, თითქოს არ გაინტერესებდე.
- კევინ, თავს როგორ გრძნობ?
- შეურაცხყოფილად! მაგრამ შეგიძლია დანაშაული გამოისყიდო და ყავაზე დამპატიჟო!
- ანიკა, შენ აქ ახალი ხარ და რაღაც-რაღაცები არ იცი, მაგრამ ერთი უნდა დაიმახსოვრო: როდესაც მე გოგოს რაღაცას ვეუბნები, მას არ აქვს უფლება, შემეწინააღმდეგოს, იმიტომ, რომ მე კევინ ვებერი ვარ! სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი! ასე რომ, ახლა, ჩემო ძვირფასო, ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ.
- აბა, ახლა კარგად მომისმინე, კევინ! - ანიკამ ხელი უხეშად გააშვებინა და ზედმეტად მკაცრად დაიწყო: - სულ არ მაინტერესებს, სკოლის საოცრება ხარ თუ პლანეტის! და სულ არ მაინტერესებს შენი სურვილები! როდესაც ვამბობ, რომ რაღაც არ მინდა, ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება! საუბარი დამთავრებულია, კარგად ბრძანდებოდე! - გაბრაზებულმა დაამთავრა და ავტობუსის გაჩერებისკენ აპირებდა წასვლას, როდესაც გაიგონა, როგორ ეძახდა ნაცნობი ხმა. ცხოვრებაში პირველად გაუხარდა ამ ხმის გაგონება და კევინის დასანახად, სანდრო გადაკოცნა კიდეც.
- სკოლაში პრობლემები გაქვს? - ჰკითხა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და კევინზე ანიშნა.
- სკოლაში არა, მაგრამ ეგ ტიპი მგონი გიჟია! - აღშფოთებას ვერ მალავდა ანიკა. - მთელი დღეა დამდევს. ახლა კიდევ მეუბნება, როდესაც რაღაცას ვამბობ, ყველა გოგო მემორჩილება და შენც უნდა ადგე და ჩემთან ერთად წამოხვიდეო.
- სად მიჰყავდი?
- არ ვიცი! ხომ გეუბნები, მგონი, გიჟია!
- ხომ არ შეგეშინდა?
- რა? არა, რატომ მეკითხები?
- ჰმ, აბა, დავიჯერო, მოგენატრე და იმიტომ გადამკოცნე?
- მომიტევეთ, რომ შეგეხეთ, თქვენო უდიდებულესობავ! და დიდად გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო ჩემნაირი უბრალო მოკვდავისათვის!
- ხანდახან ასეთი კეთილი ვარ! - თვალი ჩაუკრა სანდრომ, შემდეგ კი ცხოვრებაში პირველად, გულწრფელად გაუღიმა და ჰკითხა: - აბა, მზად ხარ ნიუ-იორკის დასათვალიერებლად, რიგითო?
- დიახ, მეთაურო! - გოგონამ სამხედრო სალამი უძღვნა და მანქანა ადგილიდან დაიძრა...
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება