სანდრომ ნიუ-იორკის ყველა ღირსშესანიშნაობა მოატარა და ანიკასაც უფრო და უფრო უფარდოვდებოდა თვალები. იმხელა შთაბეჭდილების ქვეშ იყო, ხმასაც კი ვერ იღებდა. საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა წინდახედულებისა და ზურგჩანთაში ფოტოაპარატის ჩაგდების გამო. ახლა კი იდგა და ყველაფერს იღებდა. ეს იქნებოდა სამუზეუმო ექსპონატი, თუ უბრალო, ქუჩის რეკლამა. თვალებგაბრწყინებული დაიარებოდა და სანდროც დაუღალავად ათვალიერებინებდა ყველაფერს. მანქანაში ისხდნენ და ახალი პუნქტისკენ მიემართებოდნენ, როდესაც ანიკამ უცბად შეჰკივლა და გაჩერება სთხოვა.
-კარვების ქალაქი! ატრაქციონები! „ამერიკული მთები“!-წამოიკივლა გოგონამ, სანდროს ხელი ჩაკიდა და ძალით წაათრია გრანდიოზული სკვერისაკენ, რომელიც მთლიანად კარვებით დაეფარათ.
-ჰმ! მე კი თითქმის გადამავიწყდა, რომ ბავშვი ხარ!-დასცინა სანდრომ და მორჩილად გაყვა აღფრთოვანებულ გოგონას.
ყველაზე დიდი ხანი კარვების ქალაქში გაატარეს. ანიკამ გამოსცადა ყველა ექსტრემალური ატრაქციონი, გაჩერდა ყველა კარავთან, გადაიღო უამრავი სურათი და ის იყო გასასვლელისკენ გაემართნენ და სანდროს შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ანიკამ კვლავ წაათრია ერთი კარვისკენ.
-ნახე რა საყვარელი დათუნიაა! აუცილებლად უნდა მოვიგო!-დარწმუნებით წარმოთქვა გოგონამ, საკრედიტო ბარათი გაატარა და იარაღი მოიმარჯვა.
-მისმინე, მათხოვე იარაღი და ნახევარ წამში მაგ შენს ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტები.
-იყოს, არაა საჭირო!-თვალი ჩაუკრა, ჩახმახს თითი გამოკრა და...
რამდენიმე წუთში სანდრო და ანიკა უზარმაზარი დათუნიის თანხლებით ჩასხდნენ ავტომობილში.
-ასეთი სროლა სად ისწავლე? ყველა სამიზნეს მოარტყი!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა სანდრო.
-ჰმ! ბავშვებმაც ვიცით რაღაც-რაღაცეები!-გაუღიმა გოგონამ.
-სად ვივახშმოთ?
-რა?-გაოგნდა ანიკა. სანდრო უკვე აღარ ხუმრობდა!
-სად ვივახშმოთ-მეთქი. მართალია დღეს იმდენ მუზეუმში ვიყავით, რომ ზომაზე მეტი სულიერი საზრდო მივიღეთ, მაგრამ ჩემი კუჭი ხორციელი საზრდოს მოლოდინში ბობოქრობს.
-ამმ, მაშინ... იცოდე არ დამცინო!
-რა იყო, „მაკ-დონალდსში“ წავიდეთ?-გაეცინა სანდროს, მაგრამ ანიკას აღფრთოვანებული სახის დანახვისას, წამში დასერიოზულდა.-მოიცა, მართლა?
-გთხოვ!
-ოხ ეს ბავშვები!-ამოიბუზღუნა ბიჭმა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
თორმეტი სრულდებოდა სახლში რომ დაბრუნდნენ. სიცილში გართულებმა კარი ისე შეაღეს, რომ მისაღებში დახვედრილი გია და მარიკა ვერც შენიშნეს.
-ჰეი! საით გაგიწევიათ?-ორივე შეაკრთო გიას შეძახილმა და კიბის თავში ადგილზევე გაშეშდნენ.
-დასაძინებლად!-მშვიდად მიუგო სანდრომ.
-და თუ საიდუმლო არ არის, სად იყავით ამ დრომდე?
-პარიზიდან დავბრუნდით ახლახანს, თაფლობის თვე გვქონდა!-სანდრო აშკარად ხუმრობის ხასიათზე იყო.-დაგავიწყდა გუშინ რა მისია დამაკისრე?-მაგრამ მისმა ბოლო სიტყვებმა ყველაფერი გააფუჭეს.
-ახლა გასაგებია, მაგრამ სანამ კიდევ სადმე გასეირნებას გადაწყვეტთ, კეთილი ინებეთ და წინასწარ გაგვაგებინეთ. მოკვდა დედაშენი ნერვიულობით!-მაინც დატუქსა გიამ და საბოლოოდ უფლება მისცა საძინებლებში წასულიყვნენ. ის იყო ანიკას თავისი ოთახის კარი უნდა შეეღო, რომ მის გვერდით კართან მდგარ სანდროს გახედა:
-სანდრო, მიუხედავად იმისა, რომ მამაშენის მისიას ასრულებდი, მაინც გმადლობ დღევანდელი დღისთვის!
-მადლობის გადახდა საჭირო არ არის, მეც კარგად გავერთე. და მართლა, ხვალ, ზუსტად ცხრის თხუთმეტ წუთზე დაუკაკუნებლად შემოვალ და სულ შიშველი რომ დამხვდე, ერთ წუთს აღარ მოგცემ!-გაუცინა სანდრომ და შემდეგ თავისი ოთახის სივრცეში გაუჩინარდა. არც ისე სახარბიელოდ დაწყებული დღე, კარგად დამთავრდა...
* * *
მეორე დილით ანიკამ დათქმულ დროზე ორი საათით ადრე გაიღვიძა, შხაპი სწრაფად მიიღო და დარჩენილი დრო ტანსაცმლის შერჩევას მოანდომა. თან ყოველ წუთს საათს დაჰყურებდა_ნამდვილად არ ჰქონდა იმის სურვილი, რომ კვლავ აღმოჩენილიყო სანდროს ზურგზე.
-ჯანდაბა, რა ჩავიცვა?-დაიწუწუნა ტანსაცმლის გროვაზე ჩამომჯდარმა ანიკამ და მეათედ დაიწყო რაიმე მოსაწონის ძიებაში გარდერობის გადატრიალება.-არაფერი არ შეეფერება აქაურობას, ნამდვილად მესაჭიროება ერთი კარგი, საფუძვლიანი შოპინგი!
ხანგრძლივი წუწუნის შემდეგ, ანიკას გარდერობში მაინც არ გაჩნდა ახალი ტანსაცმელი, ამიტომ გოგონას მოუწია ისევ ის კაბა ჩაეცვა, რომელიც პირველივე მცდელობისას შეარჩია. ვარდისფერ, ყვავილებიან, ფრიალა კაბას თეთრი კედები შეუსაბამა, თმა თევზის კუდივით ჩაიწნა და ცხრის ათ წუთზე უკვე მისაღებში იჯდა თვითკმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული.
-ანიკა?-თვალები გაუფართოვდა სანდროს მისი დანახვისას.
-რა მოხდა? ნუთუ ამხელა შთაბეჭდილება მოვახდინე, რომ თვალებს ვეღარ უჯერებ?-წარბები აზიდა გოგონამ.
-არა, უბრალოდ გამიკვირდა რომ შენს ოთახში შემოვარდნა ან დამჭირდა!-ვალში არ დარჩა სანდრო და ცოტა ხნის წინ მაცივრიდან გამოღებული ანანასის წვენი ბოლომდე გამოცალა.
-ჰმ! წავიდეთ?
-რა თქმა უნდა! ისე, ცუდად არ გამოიყურები!-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა სანდრომ და სახლიდან პირველი თვითონ გავიდა. საჭესთან ისე მოკალათდა, გოგონასთვის კარის გაღება არც გახსენებია. გამწარებულმა ანიკამაც სრული დანდობის გარეშე მოიჯახუნა მანქანის კარი და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოკალათდა.
-ჰეი, ფრთხილად! ჩემს უახლოეს გეგმებში ნამდვილად არ შედის მანქანის კარის გამოცვლა.
-ცუდი სიზმარი ნახე?
-რა?
-აბა რა გჭირს? გუშინ მშვენიერ ხასიათზე იყავი.
-მაპატიე, ყოველ დღე ვერ შემომაწვება ბავშვობის ნოსტალგია.
-გააჩერე მანქანა!
-ამჯერად რა არ მოგეწონა?-დაღლილი თვალებით შეხედა სანდრომ გოგონას.
-გააჩერე! ფეხით წავალ, ან ტაქსით.
-ნუ ბავშვობ, ანიკა!
-მე კი არა, შენ თვითონ ბავშვობ. შენ თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძე, ამაში მე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე.
-როგორ გინდა რომ მოვიქცე? მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ თავის დროზე მოემზადე? თუ ტუტუცი თინეიჯერივით მოვიქცე და კომპლიმენტებით აგავსო, რადგან კარგად გამოიყურები?-გაცხარდა სანდრო. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ ბიჭის ბოლო სიტყვებზე არ ჩაღიმებოდა. ამის ნაცვლად, პირველივე შუქნიშანზე გაჩერდნენ თუ არა, უცერემონიოდ გამოხსნა მანქანის კარი და ისე, რომ სანდროს ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გაჩერებული ტაქსისკენ გაემართა.
-სულელი ბავშვი! თუ ჰგონია, რომ ვიდარდებ, ან გავეკიდები, ძალიან ცდება.-ამოიბურტყუნა სანდრომ და მწვანე შუქის დანახვისთანავე მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
-თავხედი ბებერი!-თავის მხრივ ბუზღუნებდა ანიკაც.-სულ ცოტა დამაცადე, ალექსანდრე ჯაფარიძე! მალე მოგიყვან ჭკუაზე!
* * *
-ჰეი, ანიკა!-წამოეწია სკოლის შენობაში შესულ გოგონას სიმპატიური, ჩალისფერთმიანი, ლურჯთვალება ბიჭი. ანიკას ახსოვდა რომ ეს ბიჭი გუშინ მეგიმ ლანჩზე გააცნო, მაგრამ სახელს ვერაფრით იხსენებდა.
-გამარჯობა, მმ...
-ჯოში!-მიეშველა ბიჭი.
-ბოდიში, ასე უცბად ვერ დავიმახსოვრე.
-რა არის საბოდიშო!-გულწრფელად გაუცინა ბიჭმა.-პირველი კვირა ახალ სკოლაში ყოველთვის რთულია.
-მითუმეტეს თუ ეს სკოლა სულ სხვა ქვეყანაშია...-ჩაეღიმა ანიკას.
-მართალი ხარ. მაგრამ არამგონია ახალ ოჯახთან შეგუებაც ასე გაგიჭირდეს, არაჩვეულებრივი ხალხია!
-კარგად იცნობ ნინის ოჯახს?
-ძალიან კარგად ნამდვილად არა, მაგრამ...-გაეცინა ბიჭს.-პირველი რა გაქვს?
-ამმ, მოიცა, ახლავე ვნახავ...-ანიკამ ჩანთიდან ცხრილი ამოაძვრინა:-ესპანური!
-რა დამთხვევაა!-ჯოში აშკარად კარგ ხასიათზე ჩანდა.-გუშინ მოასწარი მისის რობერტსის გაცნობა?
-არა, დღეს პირველად მაქვს ესპანური. როგორი ქალია?
-არაჩვეულებრივი! მთელ სკოლაში ყველაზე თბილი მასწავლებელია, თან მგონი მოვწონვარ კიდეც...-ამაყად გაიბღინძა ბიჭი და ანიკა კლასში შეატარა:- ჩემს გვერდით ადგილი უკვე დაკავებულია, ამიტომ, დროებით უნდა დაგემშვიდობო...
ანიკამ თავისუფალი მერხი იპოვა და ფანჯრის მხარეს მოკალათდა. სკოლა მართლაც არაჩვეულებრივ ადგილას იყო აშენებული. ანიკას თბილისის სკოლის ხელა მხოლოდ ეზო ჰქონდა. მუზეუმს უფრო ჰგავდა. პირველ დღეს ანიკას ისიც კი ეუხერხულებოდა, სარკესავით იატაკზე ფეხსაცმლით რომ უნდა გაევლო.
-უკაცრავად, მისის რობერტს! გპირდებით, მეორედ აღარ განმეორდება!-ამ ხმამ ანიკა დედამიწაზე დაანარცხა და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, რომ გაკვეთილი უკვე ხუთი წუთის დაწყებული იყო. ეს არაჩვეულებრივი აღნაგობის ბიჭი კი კარში იდგა და ბოდიშს იხდიდა, სავარაუდოდ დაგვიანებისთვის. მისი დანახვისას პირველი, რაც ანიკამ გაიფიქრა, იყო: "ღმერთო ჩემო, ნუთუ აქ ყველა ასეთი სიმპატიურია?!"
-არაუშავს, ჰელტონ, მაგრამ იმედია სიტყვას შეასრულებ. ახლა კი, დაიკავე შენი ადგილი! თან უკვე ახალი მეზობელიც გყავს...-ჩაიღიმა მისის რობერტსმა და ანიკას გახედა, გოგონა კი ამ მზერის შინაარსს მანამ ვერ მიხვდა, სანამ ბიჭი გვერდით არ მიუჯდა.
-ნიკოლას ჰელტონი! შეგიძლია ნიკი დამიძახო.-ჩურჩულით გაეცნო ანიკას და მწვანე თვალებზე ჩამოყრილი შავი, ხვეული თმა უკან გადაიყარა.
-ანიკა ქავთარაძე!-საკუთარი თავი წარუდგინა ანიკამაც და შეეცადა თავი ხელში აეყვანა, რომ ბიჭს უაზროდ არ მიშტერებოდა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ანიკა.-ცალყბად გაუღიმა ბიჭმა და წამით გოგონას გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
ესპანურის გაკვეთილმა ნიკზე ფიქრში გაიარა. ანიკა თავს უცნაურად გრძობდა. არ იცოდა ეს ნიუ-იორკის მაგია იყო თუ რა ემართებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამ ბიჭმა სანდროზე გაბრაზებაც კი გადაავიწყა. ზარის დარეკვის შემდეგ, ჯოშზე არც დაფიქრებულა ისე დათანხმდა ნიკის წინადადებას და თვითონაც არ იცოდა სად, მაგრამ აუღელვებლად გაჰყვა. როდესაც ცოტა ხანში სკოლის ავტოსადგომზე აღმოჩნდა, კი გაუკვირდა, მაგრამ მთავარი წინ იყო: ნიკი წითელი "იამაჰასკენ" გაემართა და წამით ანიკამ აზროვნების უნარი დაკარგა.
-ეს... შენია?
-აჰამ! აქ ახალი ჩამოსული ხარ და მგონი უკეთესი იქნება ცოტას თუ გავერთობით. გაკვეთილებზე ჯდომას მერეც მოასწრებ.-უთხრა ნიკმა და სანამ ანიკას პასუხს მოისმენდა, მანამდე ჩამოაფარა გოგონას ჩაფხუტი. კარგად შეუკრა, შემდეგ კი თვითონაც იგივე გაიმეორა და ბაიკზე ამხედრდა.
-აბა, მზად ხარ გიჟური, ნიუ-იორკული თავგადასავლისათვის?
-რა თქმა უნდა!-ანიკას სიტყვებს პასუხად ძრავის ბღუილი მოჰყვა და ბაიკი ტყვიასავით გაიჭრა წინ...
სანდროსგან განსხვავებით ნიკმა ანიკას გასართობი ადგილები მოატარა და გოგონამ საკმაოდ კარგად იმხიარულა. ნიკი არაჩვეულებრივი, უპრეტენზიო კომპანიონი იყო და ანიკას სულელურ სურვილებშიც კი მხარს უბამდა. დრო შეუმჩნევლად გაეპარათ, ანიკამ მეგისგან მოსული შეტყობინებების ხმაც ვერ გაიგო და აუღელვებლად შეყვა ნიკოლასს ერთ-ერთ, საკმაოდ პრესტიჟულ კაფეში. ეჭვის დონეზეც კი არ გაუფიქრია, რომ აქ შეიძლებოდა ლანჩზე გამოსულ სანდროს გადაყროდა, მაგრამ როდესაც მათ მოპირდაპირე მაგიდაზე ნაცნობი ფიზიონომია შენიშნა, ადგილზევე გაიყინა. მოიმიზეზა საპირფარეშოში გავალ და ახლავე დავბრუნდებიო და მაშინვე მობილური მოიმარჯვა.
-გთხოვ, ელე, გეხვეწები "სკაიპში" იყავი!-ჩურჩულებდა თავისთვის და როდესაც მობილურის აპლიკაციით "სკაიპი" გახსნა და მწვანედ ანთებული ელენე დაინახა, ღმერთს მადლობა გადაუხადა.
"-ელე, უნდა გადამარჩინო...“
„-რა ხდება?“
„-სკოლაში ერთი ბიჭი გავიცანი, ნიკი. გაკვეთილები გავაცდინეთ, თავისი ბაიკით ნიუ-იორკის გასართობი ადგილები მომატარა და ერთ კაფეში შევედით. ჩვენ მოპირდაპირე მაგიდასთან კი სანდრო აღმოვაჩინე. ზურგით იჯდა და ვერ შემნიშნა. ახლა საპირფარეშოში ვარ. რა ვქნა?“
„-ჯერ გადაგარჩენ და შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები!!! თავის ტკივილი ან რაიმე მოიმიზეზე და სასწრაფოდ გაქრი მანდედან. უკეთეს ვარიანტში მოგიწევს შენი კავალერი მიატოვო და გაიპარო. კიდევ ერთი და ყველაზე კარგი ვარიანტიც მაქვს. ასანთი იშოვე და ჭერში ჩამონტაჟებულ სახანძრო სისტემას როგორმე მიწვდი. სახანძრო განგაში ჩაირთვება, ყველა გავა რესტორნიდან და შენც მშვიდად გაიპარები. ნიკის კი ეტყვი, რომ ხალხის მასაში აირიე და ვეღარ იპოვე.“
„-გენიოსი მყავხარ! ახლა გავიქეცი, გრანდიოზული მისია მაქვს შესასრულებელი!"
ანიკამ მობილური ზურგჩანთაში ჩაუძახა და საპირფარეშოდან შეუმჩნევლად გაიპარა. როგორმე სამზარეულოში უნდა შეეღწია და ასანთი მოეპოვებინა, ამას კი როგორ მოახერხებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა...
* * *
-ანუ, ანიკა მანქანიდან ისე გადავიდა, რომ ყურადღებაც არ მოგაქცია და ტაქსში ჩაჯდა? უკვე მომწონს ეგ გოგო!
-დენიელ, რა არის აქ სასაცილო? ან რა მოგწონს მასში? ერთი სულელი, გათამამებული ბავშვია. თუ ჰგონია, რომ დღესაც სკოლაში მივაკითხავ, ძალიან ცდება.-ბუზღუნებდა სანდრო და თან ბიფშტექსს შეექცეოდა, როდესაც სამზარეულოს შესასვლელთან ნაცნობ ფიგურას მოჰკრა თვალი და მზერა შეეცვალა.
-რა მოხდა?
-მგონი ანიკა დავინახე.
-რა სისულელეა!-საათზე დაიხედა დენიმ, შემდეგ კი უფრო დარწმუნებით დაამატა:-ჯერ გაკვეთილებიც კი არ ექნება დამთავრებული. თანაც ეს არ არის ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება თინეიჯერები გაერთონ.
-კი მაგრამ, ზუსტად ისეთი კაბა ეცვა...
-სანდრო, მაგ გოგოზე ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობ?
-ჰმ! როგორ არა! ალბათ უბრალოდ მივამსგავსე...-ეს ფრაზა სანდრომ უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად ჩაილაპარაკა, მაგრამ დენი აღარ ჩაძიებია. ხვდებოდა, რომ სანდროს უცნაური ქცევები მისი სახლის ახალი ბინადარით იყო გამოწვეული და ამ ბინადარის გაცნობას უახლოეს მომავალში გეგმავდა...
* * *
-სანდრო, ამოგჩიჩქნი მაგ თვალებს, გაიხედე იქით!-ჩურჩულებდა ანიკა თავისთვის და ხელსაყრელ მომენტს ეძებდა სამზარეულოდან გასაძრომად.
საკმაოდ კარგად მოირგო გზააბნეული ტურისტის როლი, სანთებელაც მოიპარა და ახლა ისღა დარჩენოდა აქედან გასულიყო. სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან უკვე ხუთ წუთზე მეტი გავიდა, რაც ნიკი მარტო დატოვა და შეიძლებოდა ბიჭს რაიმე ეეჭვა.
როგორც იქნა საპირფარეშოშიც შეაღწია და ერთ-ერთ კაბინაში შეიკეტა. ჯერ-ჯერობით მთლიანი ოთახი ცარიელი იყო, ამიტომ ყველაფერი უნდა მოესწრო. უნიტაზზე ქაღალდები დააფინა, ზედ შედგა და როგორც იქნა ასანთი უნდა აენთო, რომ ფეხი აუსრიალდა და ძირს გაიშალა. კოჭი იტკინა, მაგრამ არ დანებდა. ამჯერად შედეგსაც მიაღწია და სულ რამდენიმე წამში, გამყინავი განგაშის ხმას, წყლის ჭავლიც მოჰყვა. ახლა კი შეეძლო თამამად დაეტოვებინა იქაურობა...
* * *
მაშინ, როდესაც ყველანი გასასვლელისკენ მიიჩქაროდნენ, სანდრომ შენიშნა გამხდარი, თმაჩაწნილი გოგონა, რომელსაც ვარდისფერი, ყვავილებიანი კაბა ეცვა და ტყავის ზურგჩანთაზე ჩამოკიდებული ჰქონდა პატარა, სათამაშო გიტარა. გოგონა ერთ წამს კოჭლობით მიიწევდა წინ, მეორე წამს კი ხალხის მასაში აირია და საერთოდ გაქრა. სანდროს შეეძლო დაეფიცა, რომ ეს ანიკა იყო, მაგრამ გარეთ გასულმა გოგონას ვეღარსად მოჰკრა თვალი.
-კი მაგრამ, სად გაქრა ასე უცბად?
-ვინ?-დაიბნა დენი.
-ანიკა! შემიძლია დავიფიცო, რომ დავინახე როდესაც გარეთ გამოვდიოდით.
-სანდრო, მოდი დღეს სამსახურში ნუღარ წამოხვალ. ისედაც ძალიან გადაიღალე...
-დენიელ, არ მომჩვენებია! მიკვირს როგორ ვერ შენიშნე ამდენ კლასიკურად ჩაცმულ ხალხში გოგონა ყვავილებიანი კაბით.
-არ ვიცი, სანდრო. მაგრამ მართლა გეუბნები, წადი სახლში და კარგად გამოიძინე!-დენიმ მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა და შემდეგ საჭეს მიუჯდა. სანდრო აღარ შეწინააღმდეგებია, მითუმეტეს რომ მასაც უნდოდა სახლში მისვლა და ყველაფრის გარკვევა.
* * *
-ელე, გეფიცები, თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა!-იცინოდა ანიკა, რომელიც საწოლზე მოკალათებულიყო, ყურსასმენები გაერჭო და მეგობარს ესაუბრებოდა.
-გიჟი ხარ! ნამდვილი გადარეული! ნიუ-იორკს რაღაც მაგია აქვს თუ რაშია საქმე? როდის აქეთ ხდება, რომ ანიკა ქავთარაძე თითქმის უცნობ ბიჭს ღმერთმა უწყის სად მიჰყვება და შემდეგ მართლაც ფილმის გმირივით იქცევა იმის გამო, რომ მეორე ბიჭმა არ გამოიჭიროს?!
-არ ვიცი, ელე, მაგრამ თუ ნიუ-იორკს მართლაც აქვს ასეთი მაგია, ჯობია თუ შენ აქ არ ჩამოხვალ.
-ცანცარა!-დაეჭყანა ელენე მეგობარს და შემდეგ აჟიტირებული ხმით განაგრძო:-ანუ ნიკს ბაიკი ჰყავს?
-წითელი "იამაჰა". რომ დავინახე კინაღამ გული წამივიდა.
-ჰმ, თბილისში ლურჯი "იამაჰა", ნიუ-იორკში წითელი "იამაჰა"... რაშია საქმე?-გაიცინა ელემ.
-აშკარად რაღაც არსებობს...-აჰყვა ანიკაც.-მაგრამ მერწმუნე, ნიკი ისეთი სიმპატიურია... და ისეთი საყვარელი...
-ანიკა, მოკეტე და სასწრაფოდ თემა შეცვალე!
-რა? რა მოხდა?-დაიბნა გოგონა.-მართლა ძალიან საყვარელია, თბილი და ყურადღებიანი. მართალია სანდრო გაცილებით სიმპატიურია, მაგრამ თუ ხასიათზე არაა, ნამდვილი ხეპრეა!
-ანიკა!
-რა მოხდა? რა გჭირს?
-უბრალოდ შენი მეგობარი ცდილობს მიგახვედროს, რომ სიმპატიური ხეპრე ახლა შენ უკან დგას...-ანიკას ეს ხმა ყურსასმენების საშუალებით არ გაუგია, რადგან ეს ხმა სულაც არ ეკუთვნოდა ელენეს...
გაგრძელება იქნება
წინა თავები ნახეთ ნოველების კატეგორიაში
ნათია ჯაგოდნიშვილი