- შენ? აქ რას აკეთებ? ნუთუ ასე ძნელია, სანამ შემოხვალ, დააკაკუნო?
- დღეს სად იყავი? - სანდრო უცერემონიოდ ჩამოჯდა საწოლზე და ანიკას ლეპტოპიც დაუხურა.
- რა სულელური კითხვაა, სად ვიქნებოდი? ან შენ ამ დროს სახლში რა გინდა?
- ანიკა, გეკითხები და მიპასუხე: სად იყავი დღეს, გაკვეთილების დროს?
- სკოლაში, სანდრო! სად შეიძლებოდა წავსულიყავი უცხო ქალაქში მარტო?
- რატომ მარტო? დარწმუნებული ვარ, შენი ახალი, სიმპათიური მეგობარი არაჩვეულებრივ კომპანიონობას გაგიწევდა.
- შენ რა, ეჭვიანობ? - გაეცინა ანიკას.
- რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, რომ გოგონა, რომელიც ჩვენთან სასწავლებლად ჩამოვიდა, გაკვეთილების დროს თითქმის უცნობ ბიჭთან ერთად დასეირნობს.
- სანდრო, მგონი, მართლა გაგიჟდი. სკოლიდან პირდაპირ სახლში დავბრუნდი.
- აჰა, ესე იგი, სახლში, არა? - სანდრო ნელა წამოდგა და იქვე მიგდებულ ანიკას ზურგჩანთას მიუახლოვდა. - ლამაზი გიტარაა... ხომ არ მაჩუქებდი? - ბიჭმა გიტარა ჩანთიდან ჩამოხსნა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, როცა ანიკა საწოლიდან წამოფრინდა.
- დამიბრუნე!
- წამართვი! - სანდროს სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო საკუთარ სიმართლეში და როდესაც გოგონა კოჭლობით გაეკიდა, თვითკმაყოფილმა ჩაიცინა. - ესეც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დღეს, გაკვეთილების დროს, შენს კავალერთან ერთად კაფეში იყავი.
- რომ იცოდე, როგორ ვერ გიტან!
- ვიცი, რადგან არც მე მეხატები გულზე.
- გადი ჩემი ოთახიდან!
- საკუთარ სახლში შენ მიბრძანებ, რომელ ოთახში შემიძლია ყოფნა და რომელში არა?
- სახლი შენია, მაგრამ ეს ოთახი, თუნდაც დროებით - ჩემი.
- კარგი, გავალ, მაგრამ თუ გინდა, რომ შენი საიდუმლო შევინახო, ცოტა სხვა ტონით უნდა მელაპარაკო, ძვირფასო... - სანდრომ ბოლო სიტყვა განსაკუთრებული ირონიით წარმოთქვა. ანიკამაც მეტი ვეღარ აიტანა, სასწრაფოდ კედები ამოიცვა, ბიჭს გიტარა ხელიდან გამოსტაცა და ოთახიდან გავარდა. ის იყო, კიბეზე უნდა დაშვებულიყო, რომ ნატკენმა ფეხმა თავი შეახსენა და რომ არა სანდროს სწრაფი მოქმედება, ძირს გაიშხლართებოდა. გაცოფებამ, ფეხის ტკივილმა და სირცხვილმა თავისი ქნეს და ანიკას თვალები ცრემლებით აევსო. სანდრომ ადვილად შენიშნა მის მკლავებში მოქცეული გოგონას სახის ცვლილება. ხელში აყვანილი ქვემოთ ჩაიყვანა, დივანზე დასვა და თვითონ რამდენიმე წამში სამზარეულოდან ყინულით ხელში დაბრუნდა.
- ნატკენ ადგილას დაიდე, ცოტას გიშველის. თუ გინდა, ექიმთან წავიდეთ.
- თავი დამანებე!
- რა? რა დაგემართა?
- არაფერი, სანდრო, უბრალოდ დავიღალე შენი ხასიათის ცვლილებით!
- ჩემი ხასიათი ახლა მაინც რა შუაშია?
- როგორ თუ რა შუაშია? რამდენიმე წუთის წინ იმ ზომამდე მიმიყვანე, რომ გარეთ გავდიოდი, ახლა კი, დავიჯერო, ჩემზე ღელავ?
- ანიკა!
- კაკუნია!
- არა უშავს, მოითმენენ.
- რა გინდა?
- მომისმინე, შენ აქ ახალი ჩამოსული ხარ და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებ, ცოტა ხანში კი აღმოაჩენ, რომ შენი გმირი შესაძლოა სულაც არ იყოს გმირი! - სანდრომ სრულიად სერიოზულად უთხრა ეს სიტყვები, შემდეგ კი კარის გასაღებად გაემართა.
- რას გულისხმობ? - დაიბნა გოგონა.
- აი, მეც მოვედი! ნუთუ ეს არის ჩვენი ანიკა შორეული საქართველოდან?
- დენიელ? მოხდა რამე? - გაუკვირდა სადროს მეგობრის დანახვა.
- აუცილებლად რამე უნდა მოხდეს, მეგობარს რომ შევუარო? - გაიცინა ბიჭმა და შემდეგ ანიკას თავი წარუდგინა: - დენიელ გეითსი. სანდროს თანამშრომელი, მეგობარი და უბრალოდ კარგი ადამიანი. მიხარია თქვენი გაცნობა!
- სასიამოვნოა! - გაუღიმა ანიკამ, დენიელი კი ხელზე ეამბორა და იქვე სავარძელში მოკალათდა.
- აბა, სანდრო ხომ არ გაბრაზებს?
- მმ, არა. კარგი ადამიანია.
- რას დალევ? - სანდრომ თავი უხერხულად იგრძნო და სასწრაფოდ წამოდგა.
- რასაც შემომთავაზებ!
- კი ბატონო! - გაეცინა სანდროს და სასმელების მაგიდისკენ გაემართა.
- ოჰო, ტეკილა? შენ აღარ ხუმრობ!
- მე დაგტოვებთ. - ანიკამ შენიშნა, რომ სანდრო მხოლოდ ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა და უხერხულად ჩაიბურტყუნა. - სამეცადინო მაქვს.
- იქნებ ცოტა ხანს მოითმინოთ, მშვენიერო? მე აქ ჩემი უხასიათო მეგობრის გასაცნობად ნამდვილად არ მოვსულვარ. - ჩაიცინა დენიმ და ანიკას მოჭუტული თვალებით გახედა.
- თუ ასეა... - გაეღიმა ანიკას და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
მიუხედავად მეგობრული გარემოსი, თავს ძალიან უხერხულად და შებოჭილად გრძნობდა. განსაკუთრებით წეღანდელი შემთხვევა უფორიაქებდა გულს. რა გამოდის, რომ ამდენი სულ ტყუილად იწვალა? ფეხიც იტკინა და სანდრომ მაინც ყველაფერი გაიგო. საინტერესოა, რა იგულისხმა, როდესაც უთხრა, შენი გმირი შესაძლოა სულაც არ გამოდგეს გმირიო? ნეტავ ნიკს იცნობს? რამე ხომ არ იცის მის შესახებ?
- ანიკა, არ გვისმენ? - ფიქრებიდან დენის ხმამ გამოიყვანა.
- უკაცრავად, ჩავფიქრდი... რამე მკითხეთ?
- პირველ რიგში, მოვითხოვ, რომ შენობით მომმართო! - მოჩვენებითად გაუწყრა ბიჭი. - და რაც შეეხება კითხვას, გკითხე, როგორ მოგწონს ახალი სკოლა და კლასელები-მეთქი? ხომ არ გიჭირს შეგუება?
- არა, ყველაფერი კარგადაა. ცხრილიც კარგი მაქვს, ბავშვებიც გავიცანი. ერთ გოგოსთან რამდენიმე გაკვეთილი მემთხვევა.
- ძალიან კარგი.
- ანიკას ნამდვილად არ გასჭირვებია ახალი მეგობრების შეძენა... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა სანდრომ და გოგონას გადახედა, რომელიც ნერვიულად აწვალებდა მუჭში მოქცეულ დაბალი მაგიდის გადასაფარებელს. - აბა, თუ გამოიცნობ, მის ახალ მეგობარს რა ჰქვია? ნიკოლას ჰელტონი!
- ჰელტონი? მართლა? - ბუნებრივი გაოცება გამოეხატა სახეზე დენიელს. - როგორც ჩანს, მაგნიტივით იზიდავ „საინტერესო“ ნაცნობებს.
- რა მოხდა? რას ერჩით ნიკს? - გაუკვირდა ანიკას.
- არაფერსაც არ ვერჩით, უბრალოდ მეგობრულად გირჩევ, რომ ძალიან ნუ გაუშინაურდები. - გულწრფელად უპასუხა დენიელმა და ტეკილა გადაჰკრა.
- მით უმეტეს, კევინს... ნიკოლასზე თუ მხოლოდ გირჩევთ, მასზე კატეგორიულად მოვითხოვ! - ანიკას არ ახსოვდა სანდროს ასეთი მკაცრი ტონი, რომელმაც ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც.
- თქვენს აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ...
* * *
გოგონამ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. რას ნიშნავდა სანდროს და მისი მეგობრის სიტყვები? რა ხდებოდა ისეთი, რის გამოც მასთან მეგობრობა არ შეიძლებოდა? ან საიდან უნდა გაერკვია ეს? საერთოდაც, რატომ ღელავდა ამ თემაზე ამდენს? ის ხომ აქ ბიჭების კოლექციის შესაგროვებლად არ ჩამოსულა? აქ სასწავლად ჩამოვიდა, დღეს კი, სკოლის დაწყების მეორე დღესვე, ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი და სრულიად უცნობ ბიჭს, თვითონაც არ იცოდა, სად გაჰყვა. რატომ ენდო? მისი ლამაზი, მწვანე თვალების გამო? რა სისულელეა! ელეს უბრაზდებოდა ასეთი საქციელის გამო და თვითონ უარესად იქცევა. როგორც სანდრომ უთხრა, ისე რომ მომხდარიყო და მისი გმირი სულაც არ ყოფილიყო სინამდვილეში გმირი, მერე სად მიდიოდა? უცხო ქალაქში, უცხო ქვეყანაში... დარწმუნებული იყო, თბილისში ასე არ მოიქცეოდა. სრულიად უცნობს კი არა, იმ ადამიანსაც ერთი წლის ფიქრის შემდეგ ანდო თავი და აკანკალებული ხმით სთხოვა, ოცნების ახდენაში დახმარებოდა. ბევრი ლაპარაკი არც დასჭირვებია, მალევე მიუხვდა სათქმელს და რამდენიმე წამში ანიკა უკვე მის უკან ბაიკზე იყო მოკალათებული. ახლა კი დაუფიქრებლად მოუსკუპდა ნიკოლასს უკან. პირველი შეგრძნება მაინც სულ სხვა იყო. არასდროს მიუღია ბაიკზე იმხელა სიამოვნება, როგორც პირველად... პირველი ყველაფერი ყოველთვის განსხვავებულია... ნეტავ ახლა ის როგორ არის? ან რა ხდება თბილისში? კიდევ იმართება რბოლები თუ უკვე აცივდა ბაიკით ქროლვისთვის? რა კარგი იქნება, აქაც რომ გაიმართოს რბოლა. ანიკა კი არ წავა, გაფრინდება. იქნებ ნიკმაც მიიღოს მონაწილეობა და მეწყვილე დასჭირდეს? ოხ, ისევ ნიკი!
„რა გემართება, ანიკა! გამოფხიზლდი!“ - უჩიჩინებდა გოგონა საკუთარ თავს და ცდილობდა, აბეზარი ფიქრები გაეგდო.
- მთლიანად სწავლაზე უნდა გადავერთო! მორჩა გართობა, მეგობარო! - მტკიცედ წარმოთქვა ანიკამ და სრული კონცენტრაცია დაძინებაზე მოახდინა. გამთენიისას ძლივს ჩაეძინა...
* * *
მეორე დღეს ნამდვილი შემოდგომის დილა გათენდა. ანიკამ თვალები რომ გაახილა, პირდაპირ ნაცრისფერი ცა შეეგება და საათიც კი შეამოწმა იმის გასარკვევად, ნამდვილად გათენებულიყო თუ არა. თვალების ფშვნეტით მივიდა ფანჯარასთან და გაიხედა. ცა საავდრო ღრუბლებით დაფარულიყო და მშვიდად, უხმაუროდ წვიმდა. ისე ჩამობნელებულიყო, საათის გარეშე ვერ გაარკვევდით, დღის რომელი მონაკვეთი იყო. საკმაოდ ციოდა კიდეც. ისედაც უგუნებოდ გაღვიძებული გოგონა უფრო მოიღუშა და უხასიათოდ გაემართა სააბაზანოსკენ. ფეხიც აწუხებდა, ცოტათი შეუსივდა კიდეც. ისეთ ხასიათზე იყო, პლედში გახვევისა და რომანტიკული მელოდრამის ყურების მეტი არაფერი უნდოდა. ან ნიკისთვის როგორ უნდა აეხსნა გუშინდელი „გაქრობა“? ანიკამ ერთი ღრმად ამოიოხრა და ზოზინით შეუდგა მოწესრიგებას. გრძელი, წაბლისფერი თმა გაიშალა, შავი ჯინსი მაღალყელიან ტყავის ფეხსაცმელში ჩაიტნია, თხელი, ნაქსოვი, ნაცრისფერი სვიტერი გადაიცვა და ბოლოს მწვანე საწვიმარშიც გაუყარა ხელი. ყველაფერი მზად ჰქონდა. ისღა დარჩენოდა, სახლიდან შეუმჩნევლად გასულიყო და ავტობუსის გაჩერებამდე მიეღწია. ისეთ ხასიათზე იყო, ნამდვილად არ სურდა სანდროსთან შეხვედრა. ფრთხილად ჩაიარა კიბეები და ის იყო, შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა:
- ნამდვილად იმსახურებ „მის პუნქტუალურობის“ ტიტულს, მაგრამ თუ საიდუმლო არაა, სად მიიპარები?
- არსადაც არ მივიპარები. უბრალოდ, არ მინდა, ავტობუსის გაჩერებაზე დავაგვიანო. - არ შემობრუნებულა, ისე უპასუხა გოგონამ.
- რა გაჩერებაზე? მე გაგიყვან სკოლაში.
- იყოს, არ შეგაწუხებ.
- შენ რა, მებუტები? - ჩაეცინა სანდროს, ერთი მოსმით ჩაცალა მთელი ფინჯანი ყავა და კარისკენ გაემართა. - ჰეი, არ მოდიხარ?
- სანდრო, ალერგია მაქვს შენს ხასიათზე! - გულწრფელად ამოიოხრა გოგონამ და დაწინაურებულ ბიჭს მიჰყვა.
- უჰ, როგორ წვიმს! არადა, გუშინ რა კარგი ამინდი იყო! - სანდრომ ძრავა ააგუგუნა, ღვედი შეიკრა და ანიკას გახედა, რომელიც „სულერთიას“ სახით იყურებოდა ფანჯარაში.
- მე მიყვარს წვიმა... - ჩაიბურტყუნა და საზურგეს მიეყრდნო. თვითონაც არ იცოდა, რისთვის მიეწერა ასეთი საშინელი განწყობა.
- რაღაც არ გეტყობა. ისეთი სახით ზიხარ, თითქოს სპილომ გადაგიარა.
- ჩემი უხასიათობის მიზეზი ძირითადად ადამიანები არიან ხოლმე. - ანიკამ თავი ვერ შეიკავა ირონიისგან.
- შენ რა, მართლა მებუტები? კი მაგრამ, რატომ? - სანდროს შეკითხვა იმდენად გულწრფელი იყო, გოგონას უნებურად ჩაეღიმა კიდეც.
- დაივიწყე. უბრალოდ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, თან ფეხიც მტკივა.
- რას ამბობ! აქამდე რატომ არ მითხარი? დღეს აუცილებლად წავიდეთ ექიმთან.
- გთხოვ, არ გინდა კეთილი ბიძიას როლის მორგება!
- მოკლედ, შენ კაცი ვერაფერს გაგიგებს რა! - იფეთქა სანდრომ. - ყურადღებას გამოვიჩენ და თამაშობო, ნეიტრალურად ვიქცევი და უკმაყოფილო ხარ. რა გინდა, რომ გავაკეთო? აი, ეგაა თქვენი სახელგანთქმული ქალური ლოგიკა!
- რატომ გაინტერესებს, რა მომწონს და რითი ვარ უკმაყოფილო? - ანიკას მოულოდნელმა შეკითხვამ ბიჭი დააბნია და სწორი პასუხის შესარჩევად წამით დაფიქრდა კიდეც.
- უბრალოდ, არ მინდა ცუდი ურთიერთობა მქონდეს იმ ადამიანთან, რომელმაც ჩემთან რვა თვე უნდა იცხოვროს.
- აქამდე ეგ სულ არ გაღელვებდა. - არ ცხრებოდა გოგონა.
- ანიკა, რა გინდა, რომ გავაკეთო? შენი არსებობა არც შევიმჩნიო თუ რა ვქნა? როცა ასე ვიქცეოდი, უკმაყოფილო იყავი. ვერ გამიგია, რა გინდა.
„ვერც მე“ - გულში უპასუხა გოგონამ, ხმამაღლა კი წარმოთქვა:
- მინდა, რომ ერთ აზრზე ჩამოყალიბდე. ვერ ვიტან გაურკვევლობას. ვერ გამიგია, ერთ დღეს თუ კარგად მექცევი ,მეორე დღეს რა გემართება. და საერთოდაც, შენი გუშინდელი გამოსვლა რას ნიშნავდა? „ნიკზე თუ გირჩევ, კევინზე კატეგორიულად მოვითხოვ!“ - გოგონამ ციტირება გაუკეთა სანდროს გუშინდელ ნათქვამს და ვერც შენიშნა, ამასობაში როგორ გასცდნენ სკოლას.
- ანიკა, მისმინე. შენზე გაცილებით დიდი ვარ და რაღაც-რაღაცებში უკეთ ვერკვევი. მართალია, ნინისთან ეს არ დამჭირვებია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მასაც იმავეს ვეტყოდი. უბრალოდ გთხოვ, გაითვალისწინე ჩემი მეგობრული რჩევა.
- მესმის, რომ ჩემთვის კარგი გინდა, მაგრამ არც კევინს და მით უმეტეს, არც ნიკს, ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. ვერ ავდგები და ასე უბრალოდ „ვერ გიცანის“ ვერ დავიჭერ. რა ვუთხრა, სანდრომ მირჩია, თქვენგან თავი შორს დამეჭირა-მეთქი? თუ მიზეზს მეტყვი, შევძლებ რამის მოფიქრებას.
- რა ჯიუტი ბავშვი ხარ! - ამოიოხრა ბიჭმა. სადაც იყო, დანებდებოდა.
- აჰა, ისევ „ბავშვი“! შენ მე პატივს საერთოდ არ მცემ! - ახლა ანიკამ იფეთქა.
- სხვათა შორის, იურიდიულად თვრამეტ წლამდე ბავშვად ითვლები! - თვალი ჩაუკრა სანდრომ და ისე ჩაიღიმა, გოგონას წამით სუნთქვა შეეკრა. - და ჩემი მიმართვის ფორმა სულაც არ უსვამს ხაზს ჩემი შენდამი პატივისცემის არსებობა-არარსებობას.
- ანუ დავზავდეთ? - უცბად გამოუკეთდა ხასიათი ანიკას.
- ვეცადოთ! - კვლავ გაუცინა ბიჭმა და მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. - ახლა კი შენს ფეხს მივხედოთ!
* * *
გოგონას დილანდელი უხასიათობა შარშანდელი თოვლივით გაქრა. სანდროსთან საუბარმა გუნება გამოუკეთა და აღარც ექიმთან შესვლის ეშინოდა ისე, როგორც წეღან. მოსაცდელში იჯდა და თავის რიგს ელოდებოდა. მთლად ვერ დამშვიდდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა საკუთარ მუხლებზე. სანდრო გვერდით ეჯდა და თითქმის შეუმჩნევლად ადევნებდა თვალს მის მოუსვენრობას. მართლაც რომ საინტერესო გოგონა იყო. ერთი შეხედვით ტიპური თინეიჯერი, მაგრამ გაცილებით მშვიდი და გონიერი. სანდრო კარგად იცნობდა ნინის კლასელებს და ამ ასაკის სხვა ხალხთანაც ჰქონია შეხება, მაგრამ ანიკას ჰქონდა რაღაც, რითაც მათგან გამოირჩეოდა. ნინისგანაც განსხვავდებოდა. მას უფრო დამყოლი ხასიათი ჰქონდა, ანიკა კი სულით მეამბოხე და ჯიუტი იყო. რაც მთავარია, სანდრო მასში დას ნამდვილად არ ხედავდა...
ფიქრებში გართული ბიჭი მობილურის ხმამ შეაკრთო. დენიელი ურეკავდა. ნუთუ რამე მოხდა? ხომ დაუმესიჯა, ანიკა ექიმთან მიმყავსო, რა უნდა მომხდარიყო ასეთი გადაუდებელი?
- დენიელ, მოხდა რამე? - უპასუხა სანდრომ და დერეფნის ბოლოსკენ დაიძრა.
ანიკა თვალს ადევნებდა ბიჭს, რომელიც აღელვებული ელაპარაკებოდა მეგობარს და ვერ გაეგო, რა ხდებოდა. რამ გაანერვიულა სანდრო ასე ძალიან? გოგონასთან რომ დაბრუნდა, ისეთი სახე ჰქონდა, წამით ანიკას შეეშინდა კიდეც. თითქოს მის თვალებში რაღაც ჩამქრალიყო და სახე გაყინვოდა.
- მოხდა რამე? - ძლივს ამოღერღა.
- კი. მაპატიე, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდე.
- წამოგყვები! - გოგონა დაუფიქრებლად წამოიწია სკამიდან, მაგრამ სანდროს ძლიერმა ხელმა წამში დააბრუნა უკან.
- შენ ახლა ექიმთან შეხვალ, მერე კი ტაქსს გააჩერებ და პირდაპირ სახლში წახვალ. არც კი გაიფიქრო სკოლაში მისვლა, გასაგებია?
- რატომ? რა მოხდა?
- უბრალოდ ასეა საჭირო. დამიჯერე და მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები, ამ ერთხელ მაინც.
- სანდრო, თავადაც ხომ ხვდები, რომ თუ არ ამიხსნი...
- ჯანდაბა! წამომყევი! - უხეშად გააწყვეტინა ბიჭმა, მკლავში ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გაარბენინა.
- არ მეტყვი, რა ხდება? - სერიოზულად დაიბნა გოგონა.
- ახლა ამის დრო არ არის. ისედაც მირთულებ საქმეს შენი სიჯიუტით! - მშრალად უპასუხა ბიჭმა, რომელიც უკვე საჭეს ჩაფრენოდა და კატასტროფული სიჩქარით მართავდა ავტომობილს.
- საფრთხეში ვართ? - ამოიკნავლა ანიკამ.
- მე არა, შენ - კი. თუმცა სანერვიულო მიზეზი არ გაქვს. - სანდრო მოჩვენებითი სიმშვიდით ლაპარაკობდა და საქარე მინას თვალს არ აშორებდა. ანიკას მისი სიტყვების გაგონებისას უცნაურმა გრძნობამ დაუარა, რომელიც ძალიან ჰგავდა შიშს.
- ახლა სად მივდივართ?
- ანიკა, დამშვიდდი! - სანდროს გოგონას ხმა იმდენად შეცვლილი ეჩვენა, რომ დროებით საქარე მინას მზერა მოსწყვიტა და ანიკას გახედა: - ახლა FBI-ს შტაბში მივდივართ. წესით, იქ არ უნდა მიმყავდე, მაგრამ შენი სიჯიუტე და ცნობისმოყვარეობა სხვა გზას არ მიტოვებს. ვიცი, სახლში მაინც არ გაჩერდებოდი და გული აკრძალული ადგილისკენ გაგიწევდა.
- ვინ რას მერჩის?
- კონკრეტულად შენ - არაფერს. უბრალოდ, არის შანსები, რომ ეს საფრთხე შენც შეგეხოს. და ძალიან გთხოვ, მასეთი შეშინებული თვალებით ნუ მიყურებ. ხომ არ გავიწყდება, რომ შენ გვერდით FBI-ს მთავარი აგენტი ზის? - სანდრომ გახუმრება სცადა და ანიკა კარგად ხვდებოდა, რომ ამას მისი შიშის გასაქრობად აკეთებდა. სწორედ ამიტომ ის უფრო უმძაფრდებოდა.
- ჩემს ოჯახს ემუქრებიან?
- არა. შენ და შენი ოჯახი არაფერ შუაში ხართ, მაგრამ როგორც გითხარი, გაქვს შანსები, რომ საფრთხეში აღმოჩნდე. სანამ ყველაფერს არ გავარკვევ, შტაბში მოგიწევს ყოფნა, მერე კი სახლში გაგიშვებ.
გოგონამ თავი მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო და ერთი ღრმად ამოიოხრა. როგორ ახერხებს ყველგან საფრთხის პოვნას? ალბათ, რაიმე მაგიური ნიჭი აქვს, რომლის დამსახურებითაც მუდმივად შარში ეხვევა. ახლა კი, მგონი, საქმე მართლა სერიოზულადაა, რადგან სანდროც კი აღელვებულია და მიუხედავად ამისა, მის დამშვიდებას ცდილობს. ანიკამ ჩუმად გააპარა მზერა ბიჭისკენ, რომელიც გაქვავებული სახით მართავდა ავტომობილს, სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებდა და ისეთ სახიფათო მანევრებს ასრულებდა, გოგონას თავი რბოლაზე ეგონა.
სულ რამდენიმე წუთში მანქანა გრანდიოზული, შემინული შენობის წინ გაჩერდა და სანამ რამის გააზრებას მოასწრებდა, სანდრომ მანამ გაუღო კარი და გადმოსვლაში დაეხმარა. წვიმას უფრო ემატა და მოქუფრულიყო, ანიკა კი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავის უცნაურ თავგადასავალთან აკავშირებდა. სანდრომ ხელი ჩაჰკიდა და შენობისკენ გაემართა. გოგონა ისე მისდევდა, როგორც პატარა, მორჩილი ბავშვი. შიგნით შესვლისას კი მისი პირველი რეაქცია იყო:
- აი, ეს მესმის! - გარშემო საშინელი არეულობა იყო, ყველა რაღაცას აკეთებდა, ყველა საქმეში იყო ჩართული და საქმიანი ფუსფუსი მთელ შენობას მოსდებოდა.
- როგორც იქნა! რატომ დაიგვიანე? ეი, ამას აქ რა უნდა? - მათკენ დენიელი გამოემართა და სანდროს კითხვები დააყარა.
- საჭირო იყო, მარტოს ვერ დავტოვებდი. რა არის ახალი? - სამივენი ერთად გაემართნენ სანდროს კაბინეტისკენ. ბიჭი საქმიანი სახით მოკალათდა სავარძელში, ანიკა და დენიელი კი წინ ჩამოუსხდნენ.
- ანიკა, არ გეწყინოს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ სანდრო, არ ფიქრობ, რომ ეს არაპროფესიონალური საქციელი იყო შენი მხრიდან?
- უკვე გითხარი, დენიელ. მარტოს ვერ დავტოვებდი.
- ეგ გავიგე, მაგრამ...
- ჯანდაბა, დენიელ! - უცბად იფეთქა სანდრომ. - არის შანსები, რომ სკოლა, რომელზეც ის ნაბიჭვარი საუბრობს, აღმოჩნდეს სკოლა, რომელშიც ანიკა სწავლობს. რა მექნა, მშვიდად მეყურებინა მისი მორიგი სპექტაკლისთვის?
- თუ პრობლემებს ვქმნი, შემიძლია გავიდე. მე სახლში წავალ, სანდრო. გეფიცები, ცხვირს არ გამოვყოფ იქიდან, სანამ არ დაბრუნდები.
- არსადაც არ წახვალ! - სანდროს დაჟინება, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იყო ანიკასათვის, მაგრამ მისი ყურადღება მაინც ესიამოვნა და თან ძალიან. - და გვეყოს ამ თემაზე საუბარი. მენდი მოსულია?
- კი, თავის ოთახშია.
- კარგი, ახლავე დავბრუნდები. - მიმართა სანდრომ დენიელს, შემდეგ კი ანიკას მიუბრუნდა: - წამომყევი, ჩვენი ექიმი მიხედავს შენს ფეხს.
ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაღიმებოდა. რაღაც ძალიან უცნაური იყო სანდროს მზრუნველობა. საინტერესოა, სად გაქრა მისი ცინიზმი და ირონია? დენიელთან როგორ დაიცვა?! მარტო რომ დამეტოვებინა, მშვიდად ვერ ვიქნებოდიო. ანუ ღელავს მასზე. ძალიან კარგი!..
- არაფერი სერიოზული არ არის, საყვარელო. უბრალოდ ძარღვია ცუდად დაჭიმული. დაასვენე ფეხი და მაქსიმუმ ერთ კვირაში გაგივლის. - ანიკა ფიქრებიდან მენდის ხმამ გამოიყვანა. - ყავას ხომ არ მიირთმევ? - თვალი ჩაუკრა შავგვრემანმა, მადისაღმძვრელი ფიგურის მქონე, ოცდახუთი-ოცდაათი წლის ქალმა, რომელიც წამწამებს მაცდურად აფახულებდა, ტუჩები კი წითლად შეეღება. - თან ყავა დავლიოთ, თან სანდრინიოზე ვისაუბროთ. - ანიკამ სიცილი ძლივს შეიკავა, მაგრამ სწორედ ამ დროს „სანდრინიო“ ოთახში შეშლილი სახით შემოიჭრა:
- მე უნდა წავიდე! მენდი, გთხოვ, ანიკას მიხედე. შენ კი, ცხვირი არ გაყო აქედან!
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება
წინა თავები ნახეთ ნოველების კატეგორიაში