- წამოგყვები, გთხოვ! - ანიკა უცხო გარემოში მარტო დარჩენის შიშმა შეიპყრო, მაგრამ შიშზე მეტად ეს სიტყვები ცნობისმოყვარეობის გამო თქვა. შანსი ეძლეოდა, სპეცოპერაციაზე წასულიყო FBI-ს აგენტებთან ერთად და ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა?!
- არც კი გაიფიქრო! - სანდრომ კბილებს შორის გამოსცრა და ის იყო, უნდა გასულიყო, რომ გოგონა წინ აესვეტა.
- გთხოვ! ხელს არ შეგიშლი, მართლა.
- ანიკა, მომისმინე, - სანდრომ ანიკას სახე ხელებში მოქცია და თვალებში ისე ჩახედა, რომ წამით გოგონას სუნთქვა შეეკრა. ბიჭი აშკარად ზემოქმედებდა მასზე... - იქ ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს, შენთვის. ახლა აქ დარჩები, მე მალე დავბრუნდები და სახლში წავალთ, კარგი?
გოგონამ თავის დაქნევის მეტი ვეღარაფერი მოახერხა. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია ეს ბიჭი! სანდრო წამით შეყოვნდა, მაგრამ შემდეგ თავი სწრაფად გაიქნია, თითქოს უაზრო ფიქრების მოშორება უნდაო და ოთახიდან გავიდა. ანიკა მილურსმულივით იდგა და კარს გაჰყურებდა, როდესაც მენდის ხმამ გამოარკვია:
- ოცნებებში ნუ გადაეშვები. გამოუსწორებელი მექალთანეა! - ქალმა თვალი ჩაუკრა და ყავის ფინჯნები დივანთან მდგარ ჟურნალების მაგიდაზე დაალაგა.
- ეგ რა შუაშია? ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ, მეტი არაფერი.
- სულელი გგონივარ, ჩემო კარგო? - მენდიმ მომხიბვლელად გადაიკისკისა და ყავა მოწრუპა. - დავინახე, როგორც უყურებდი. ვერ შეგეწინააღმდეგები, მართლა მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცია, მაგრამ...
- მენდი, მე მართლა არ ვუყურებ სანდროს ისე, როგორც მამაკაცს.
- ჯერ ამას ვერ ხვდები, ძვირფასო. მახსოვს, სანდრო პირველად რომ დავინახე, რა დამემართა... - მენდი მოგონებებში გადაეშვა, ანიკამ კი ყურები დაძაბა მოსასმენად. კარგი იქნებოდა, პოტენციური კონკურენტისთვის მოესმინა და მისი დაშვებული შეცდომები გაეთვალისწინებინა. მოიცადეთ, კონკურენტი? აკი სანდროს სხვა თვალით არ ვუყურებო? გოგონა შეაცბუნა თავისივე ფიქრებმა.
- ერთმანეთს ხვდებოდით? - შეკითხვა მანამდე გაექცა, სანამ ენაზე კბილის დაჭერას მოასწრებდა.
- კი, სხვათა შორის, არც ისე ცოტა ხნით. მთელი თვე ვიყავით ერთად, მაგრამ სანდრინიოს არ უყვარს ხანგრძლივი ურთიერთობები.
- თვითონ დაგშორდა?
- არა! - მენდიმ ისე იუარა, აშკარა იყო, რომ ცრუობდა. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაღიმებოდა. - უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა მეგობრებად დავრჩენილიყავით. მაგრამ სიმართლე გითხრა, ახლაც არ ვიტყოდი უარს უფრო ახლო ურთიერთობაზე... - ქალმა წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და მეოცნებედ ამოიოხრა. ანიკამ ვერ მოიფიქრა, რა შეიძლებოდა ეპასუხა. ამიტომ უბრალოდ გაუღიმა.
დიდხანს ისაუბრეს და დროც შეუმჩნევლად გაეპარათ. მენდიმ ოფისის სტუმრებისთვის დასაშვები ნაწილი შემოატარა და აგენტებიც გააცნო. ანიკას სრულიად შეეცვალა წარმოდგენა მათზე. მოქუფრული, სერიოზული, ყოველთვის ერთნაირსახიანი ხალხის ნაცვლად, ჩვეულებრივი, მხიარული ადამიანები შერჩა ხელთ. ოფისში მეგობრული ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა, რადგან სპეცოპერაციაზე გაშვებული აგენტები უკვე იგვიანებდნენ და ანიკაც ანერვიულდა. ნეტავ რამე ხომ არ გართულდა? სანდროს რამე ხომ არ დაუშავდა?
- კონტაქტი გაწყდა! - წამოიძახა უცბად კომპიუტერთან მჯდარმა მაიკლმა და ისეთი სახით შეხედა თანამშრომლებს, რომ აშკარა იყო, რაღაც გართულდა.
- ბოლოს რა გაიგონე? - შეშფოთებული ჩანდა ერთ-ერთი აგენტი ბრედიც.
- სანდრო რაღაცას აპირებდა. ზუსტად ვერ გავიგე, რას. ჯარედმა დაუყვირა, არ გინდაო და შემდეგ კავშირი გაწყდა.
- დამხმარე ძალა უნდა გავუგზავნოთ! - წამოიძახა ლინდსიმ, რომელიც ნერვიულად მიმოდიოდა წინ და უკან.
- არ ვიცი, ეს კარგი იდეაა თუ არა. - ბრედი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ უშედეგოდ.
- ბრედ, შეიძლება მათი სიცოცხლე საფრთხეში იყოს! - ეს უკვე ნინა იყო.
- მოკლედ, ახლა მოვრჩეთ ზედმეტ ლაპარაკს და მათთან წავიდეთ. - საქმიანი სახით წამოდგა შონი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა. - ბრედ, ნინა, ლინდსი, მზად ხართ?
- გავედით!
* * *
დამხმარე ძალის გასვლიდან ნახევარ საათში ყველანი ერთად დაბრუნდნენ. ანიკა უკვე ისტერიკის პირას იყო, როდესაც მენდის კაბინეტში სანდრო შემოვიდა. წარბი ჰქონდა გახეთქილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტანკმა გადაუარაო.
- მენდი, მხარზე პატარა ნაკაწრი მაქვს. მიხედე რა. - ჩაილაპარაკა სანდრომ და მენდის წინ მოკალათდა. მაისური გადაიძრო და სანამ ანიკა მისი სხეულით აღფრთოვანებას მოასწრებდა, დაინახა „პატარა ნაკაწრი“, რომელიც არც ნაკაწრი იყო და მით უმეტეს, არც პატარა.
- სანდრო, ამჟამად როგორ მოახერხე? - ამოიოხრა მენდიმ და ინსტრუმენტები მოიმარჯვა. -შვიდი ნაკერის დადება მაინც მომიწევს.
- შენობაში შესვლისას რაღაცას გამოვედე და... - თავის მართლებასავით გამოუვიდა ბიჭს, რომელიც ანიკას არ აცილებდა მზერას. ამ უკანასკნელის სახე კი ცისარტყელას ფერებს იღებდა. ჭრილობა, რომელზეც სანდრო და მენდი საუბრობდნენ, ანიკას ცუდად ხდიდა.
- მე გარეთ დაგელოდები... - ჩაიბურტყუნა უკვე გამწვანებულმა გოგონამ და სანამ იატაკს ჩაეხუტებოდა, გარეთ გავარდა.
- ჰმ, მშიშარა ბავშვი! - ჩაეცინა სანდროს და კარს უცნაური მზერით მიაჩერდა.
- საკითხავი ისაა, ვინ არის თქვენ შორის ბავშვი! - გაეცინა მენდის და ნაკერების დადებას შეუდგა. - სანდრო, არ გინდა მაგ გოგოსთან შენებურები. ჯერ კიდევ პატარაა.
- რას გულისხმობ?
- იცი შენ, რასაც. არც ერთს არ გამოგდით თავის მოკატუნება.
- მენდი, მართლა ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები.
- კარგი რა, სანდრო, ნუ ისულელებ თავს. აშკარაა, რომ ეგ გოგო მოგწონს.
- რა? - სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა. - მე მომწონს ანიკა, როგორც ქალი? რა სისულელეა. იცი, რამდენი წლისაა? ზუსტად ჩემი დის ტოლია, ჩვიდმეტი წლის.
- უკვე მიზეზებს ეძებ, თუ რატომ არ უნდა მოგწონდეს.
- მენდი, ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ.
- იგივე მითხრა ანიკამაც.
- მასაც ჰკითხე? - უკვე ინტერესი გაერია ხმაში.
- რა თქმა უნდა. ორივე უარყოფთ, მაგრამ რას გამომაპარებთ... მოდი, მაშინ მიპასუხე, რატომ მოიყვანე აქ? ხომ შეგეძლო სახლში მიგეყვანა და იქ დაგეტოვებინა?
- არ მოისვენებდა და სკოლაში წავიდოდა. მაშინ კი ჩვენ არ ვიცოდით, ის ნაძირალა რომელ სკოლაზე საუბრობდა.
- თუ აუხსნიდი, რაც ხდებოდა, არ წავიდოდა.
- ახსნის დრო არ მქონდა.
- გეყოს, სანდრო! ასე ძნელია აღიარო, რომ თუ ანიკა უსაფრთხოდ გეყოლებოდა, გაცილებით მშვიდად იქნებოდი?
- რატომ უნდა ვაღიარო ის, რაც არასწორია?
- როგორი ჯიუტი ხარ! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება...
* * *
- დენიელ, როგორ ხარ? შენც დაგიშავდა რამე? - დერეფანში გამოსული ანიკა პირდაპირ დენს წააწყდა.
- არა, მე არა. სანდროსაც რომ არ ეჯიუტა, ისიც სუფთად გამოძვრებოდა. აიჩემა, მაშველები ვერ მოასწრებენ ბავშვის გამოყვანასო და თვითონ შევარდა სკოლაში. ერთი ფეხით გამოასწრეს აფეთქებას. კიდევ იოლად გადარჩა. შენ რა გჭირს? ფერი აღარ გადევს.
- მე? აა, არაფერი... სანდროს ჭრილობა დავინახე და ცუდად გავხდი.
- უჰ, მაგას ჭრილობას ეძახი შენ? ნამდვილი ჭრილობა რომ ნახო, წარმოდგენაც არ მინდა, რა დაგემართება. - უდარდელად გაუცინა დენიელმა, ხელი გადახვია და კაბინეტისკენ წაიყვანა. - მოდი, წყალი დალიე, ჩამოჯექი და გაგივლის. თავბრუც თუ გეხვევა, თვალები დახუჭე.
ანიკამ ზუსტად შეასრულა დენის მითითებები, დივანზე მოკალათდა, თვალები დახუჭა და თავი საზურგეს მიაყრდნო. ესე იგი, სანდრო ვიღაც ბავშვის გადარჩენისას დაშავდა, რომელიც სკოლიდან გამოჰყავდა. დენიმ ისიც თქვა, აფეთქებას ერთი ფეხით გამოასწრესო. ნუთუ ტერაქტი მოხდა? სანდრო დილით იმასაც ამბობდა, ანიკას სკოლაში ვერ გავუშვებდი, რადგან არ ვიცოდი, რომელ სკოლაზე იყო საუბარიო... რა ხდება? ასეთი რამ ადრეც მომხდარა? ანიკას ამის შესახებ აქამდე არაფერი სმენია. თუ ტერაქტი მოხდა, ამას აუცილებლად გადმოსცემდა ტელევიზია, მაგრამ ანიკა რომ ტელევიზორს არ უყურებს? აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა ხდება...
- ანიკა, ცუდად ხარ? - მოესმა ნაცნობი, მაგრამ რატომღაც აღელვებული ხმა და მაშინვე თვალები დააჭყიტა.
- ცოტა თავბრუ დამეხვა, მაგრამ არაფერია, გადამიარა უკვე. - უტიფრად იცრუა და ფეხზე წამოდგა.
- კი, როგორ არა. მკვდარს უკეთესი ფერი აქვს. სისხლის დანახვისას ცუდად ხდები? -სანდროს ისე ჩაეცინა, ანიკას თითქმის გადავლილმა თავბრუსხვევამ ხელახლა შემოუტია.
- როგორც წესი, არა, მაგრამ ასეთი ჭრილობა პირველად ვნახე. - საწყლად ამოიკნავლა გოგონამ, რაზეც სანდროს და დენის სიცილი აუტყდათ.
- დენიელ, ჩვენ წავალთ. ანიკას მივიყვან და დავბრუნდები.
- აღარ გინდა, დღეს დაისვენე, თავს მიხედე. თუ გამოჩნდება, მაშინვე დაგიკავშირდები.
- როგორ დავისვენო, როცა ის ნაძირალა თავისუფლად დაპარპაშებს? ეს უკვე მეცხრე ტერაქტია, ჩვენ კი ისიც ვერ გავარკვიეთ, ქალია თუ კაცი.
- სანდრო, დღეს მაინც ვერაფერს გავარკვევთ. ასე რომ, ნუ მეწინააღმდეგები.
- სანდრო, მე ტაქსით წავალ. - ჩაერთო ანიკაც.
- არა, წავიდეთ. დენიელ, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ, მაშინვე დამირეკე. - საბოლოოდ გადაწყვიტა სანდრომ, შემდეგ ანიკას ხელი მოხვია და გასასვლელისკენ უბიძგა.
* * *
- სანდრო, ახლა მაინც საჭესთან მე დავჯდები. - შესთავაზა გოგონამ გარეთ გასვლისთანავე და ისეთი მზერაც დაიმსახურა, რითაც ბიჭი აშკარად ეუბნებოდა, რომ მის ჭკუათმყოფელობაში ეჭვი ეპარებოდა. - ნუ მიყურებ ასე, მართვა ვიცი. შენ კი მხარი გტკივა. ასე რომ, მომეცი გასაღები.
- არც ისე ძალიან მტკივა, რომ გავრისკო და გასაღები ჩაგაბარო.
- ჩვენ ხომ დავზავდით?
- არასრულწლოვანი ხარ!
- რამდენიმე შტატის კანონმდებლობის მიხედვით, უკვე სრულწლოვანი ვარ. ასევე, თუ წესებს არ დავარღვევ, არ გამაჩერებენ. მაინც თუ გამაჩერეს, არა მგონია, დამაჯარიმონ იმისთვის, რომ დაზარალებულ FBI-ს აგენტს ვეხმარები სახლში მისვლაში. - თვალი ჩაუკრა გოგონამ და ხელი წინ გაიშვირა. - მომეცი გასაღები!
- ანიკა, მართლა შემიძლია მანქანის მართვა.
- სანდრო, მომეცი გასაღები! - თვალები დააკვესა ანიკამ და ბიჭსაც მეტი გზა აღარ ჰქონდა. სიკვდილმისჯილის სახით ამოიღო ჯიბიდან გასაღები, ერთი ამოიოხრა და გოგონას გაუწოდა.
- ესეც ასე, მშვენიერია... - ჩაილაპარაკა საჭესთან მოკალათებულმა ანიკამ, ძრავა აამუშავა და წარბები აათამაშა, სანდრომ კი შეშინებული სახით შეიკრა ღვედი.
- რაღაც ძალიან გამოგიკეთდა ხასიათი! - შეუმჩნეველი არ დარჩენია ბიჭს.
- მიყვარს მანქანის მართვა! - გაუცინა ანიკამ. - აბა, მეტყვი, რა საქმეს იძიებთ?
- არა! და ჯობია სიჩქარეს უკლო, ისედაც საშინელი წვიმაა და ხედვა ჭირს.
- ნუ ღელავ, არ დავიმტვრევით. რატომ არ მეუბნები?
- დამიჯერე, რაც ნაკლები გეცოდინება, მით უფრო მშვიდად დაიძინებ.
- გთხოვ, გეხვეწები! - ანიკა ისეთი სახით უყურებდა, ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა, პატარა, ჭირვეულ ბავშვს რომ დამსგავსებოდა.
- ჩემ ყურებას და თვალების ფახულს, გირჩევნია გზას უყურო. - გაეცინა სანდროს.
- ანუ არ მეტყვი?
- ანუ არა.
- ჰმ, კარგი. ისედაც მივხვდი, რომ ვიღაც გადარეული სკოლაში ტერაქტებს აწყობს. - გოგონამ ვითომც არაფერი, ისე ჩაილაპარაკა, სანდროს კი თვალები შუბლზე აუვიდა.
- დენიელს ენას ამოვაძრობ!
- დენიელს არაფერი უთქვამს იმის გარდა, რომ მკლავი მაშინ დაიზიანე, როდესაც სკოლიდან ბავშვი გამოგყავდა და აფეთქებას ძლივს გამოასწარით. ცოტა ლოგიკური მსჯელობა და ვუალა! ყველაფერი დალაგდა.
- ვაუ! ამის შემდეგ დავფიქრდები, კიდევ დაგიძახო თუ არა ბავშვი.
- როგორც იქნა! - გაეცინა ანიკას. - ახლა კი გთხოვ, მომიყევი ამ საქმის შესახებ.
- ანიკა, დამიჯერე, ამის მოსმენა შიშისა და ნერვიულობის მეტს არაფერს მოგიტანს.
- ასეთი სერიოზული ვითარებაა?
- ძალიან. ორ თვეზე მეტია ვცდილობთ მის გამოჭერას.
- შემთხვევის ადგილას დროულად ვერ მიდიხართ?
- ნეტავ ეგ იყოს პრობლემა. იმდენად ფარულად მოქმედებს, იმის გარკვევასაც ვერ ვახერხებთ, ქალია თუ კაცი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ უსწრაფესად დავცალოთ სკოლა ხალხისგან. სამწუხაროა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ვასწრებთ. ის ნაძირალა ხუთი წუთით ადრე გვატყობინებს ბომბის არსებობის შესახებ. დღეს თითქოს ყველაფერი კარგად წავიდა და ყველაფერი მოესწრო, მაგრამ ბოლო წამებში გაირკვა, რომ ერთი მეორეკლასელი გოგონა განგაშის ჩართვის დროს საპირფარეშოში იყო და ვეღარ გამოდიოდა. მაშველები თვლიდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა. არ შემეძლო მშვიდად დავლოდებოდი სკოლის აფეთქებას და გავაკეთე ის, რაც ლოგიკური მსჯელობის მიხედვით, არ უნდა გამეკეთებინა. შემდეგ შენც იცი, რა მოხდა. - დაამთავრა სანდრომ მოყოლა და ანიკას გახედა, რომელიც საოცარი მზერით უყურებდა.
გოგონას თვალებში იკითხებოდა შიში, შეძრწუნება, ნერვიულობა და უდიდესი პატივისცემა. სანდროს დაჰიპნოზებული უყურებდა და ალბათ, ვერც გამოფხიზლდებოდა, რომ არ მომხდარიყო ის, რამაც აიძულა, ბიჭის წინ ეტირა: მინიმალურ დროში რამდენიმე რამ მოხდა: ანიკამ შეამჩნია სანდროს სახის ცვლილება. შემდეგ დაინახა, როგორ ჩააფრინდა საჭეს და როდესაც საქარე მინას გახედა, მათკენ მომავალი ტრაილერის ფარების სინათლემ თვალი მოსჭრა. სანდრომ მანქანა გზიდან გადაიყვანა, ანიკამ კი მთელი ძალით დააჭირა ფეხი მუხრუჭის სატერფულს და გააჩერა. ძალიან შეეშინდა! ერთიანად გაფითრდა და კანკალმა აიტანა.
- ღმერთო ჩემო! სულ რამდენიმე წამით გვიან რომ შეგემჩნია... - თავი ხელებში ჩარგო და ისე ამოიკნავლა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. - სანდროც არანაკლებ აღელვებული ჩანდა, მაგრამ მაინც ცდილობდა ანიკას დამშვიდებას. - შენ რა, ტირი? კარგი რა, პატარა გოგო ხომ აღარ ხარ? - ამ ფრაზამ აზლუქუნებული გოგონაც კი გააცინა. - მორჩა, ნუღარ ტირი, მოდი ჩემთან! - სანდრომ ანიკა ჩაიხუტა და თავზე ხელის დასმით ცდილობდა დაემშვიდებინა. გოგონაც გაიტრუნა და მალე ცრემლებიც შეიმშრალა.
- მაპატიე, ძალიან შემეშინდა.
- ეგ არაფერი. ჩემი ბრალია, არ უნდა მომეყოლა. გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან.
ანიკას წინააღმდეგობის არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. უსიტყვოდ გაუცვალა სანდროს ადგილი და არც დანარჩენი გზის განმავლობაში ამოუღია ხმა. დროდადრო აპარებდა სანდროსკენ თვალს და აკვირდებოდა მის მშვიდ სახეს. საჭეს ისე მართავდა, თვალს არ ახამხამებდა. როგორ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას ამ ყველაფრის შემდეგ?
- სანდრო, როგორ ახერხებ ასე ყოფნას? - თავი ვერ შეიკავა ანიკამ კითხვის გაჟღერებისგან.
- უსარგებლო ფიქრების დაბლოკვა ვისწავლე. ვცდილობ, ნაკლები ვიფიქრო იმაზე, რასაც ვაკეთებ. ყველაფერი გულთან ახლოს რომ მივიტანო, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო.
- მე ვერ ვახერხებ. ყველაფერზე ვნერვიულობ. იმაზეც კი ძალიან ბევრს ვფიქრობ, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა და რაღაცის გამო ვერ გავაკეთე.
- არ ღირს იმაზე ნერვიულობა, რასაც ვეღარ შეცვლი. თუ შეცვლა შეგიძლია, მაშინ სანერვიულოც არაფერია. დარწმუნებული ვარ, პირველად არ გესმის, მაგრამ ჯობია გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ გარისკე.
- გეთანხმები. და ყოველთვის ვცდილობ, მაგ პრინციპით ვიმოქმედო, მაგრამ ხშირად ყველაფერი იმდენად მღლის, მირჩევნია, უბრალოდ გავჩუმდე.
- მეეჭვება, შენ ასე იქცეოდე. - გაეცინა სანდროს.
- სულ ტყუილად. არც ისეთი „მაგარი გოგო“ ვარ და სკოლაშიც მიტირია. - გამხიარულდა ანიკაც.
- ნუთუ? ვინ გაბედა შენი ატირება?
- ბიოლოგიის მასწავლებელმა. ნამდვილი მონსტრია. მეხუთე კლასიდან მოყოლებული სისხლს მიშრობს.
- რატომ? რა უნდა?
- უნდა, რომ მასთან მოვემზადო. ირონიული სახით, მშვიდად და აუღელვებლად შეუძლია ისეთი რამ გითხრას, რომ ჭკუიდან შეგშალოს და ყველაფერი შეგაძულოს.
- თუ უსამართლოდ გექცევა, როგორ დავიჯერო, რომ პროტესტის გრძნობა არ გიჩნდება? მე შენ სხვანაირად გიცნობ.
- შენ მე ჯერ თითქმის არ მიცნობ, სანდრო. პროტესტს რაც შეეხება, აზრი არ აქვს. ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უძლური ვარ უსამართლობასთან. თუ ხმას ამოიღებ და რამეს იტყვი, ესე იგი, ენას ატლიკინებ და არც უფროსის პატივისცემა არ იცი.
- ვერ ვიჯერებ, რომ წლების განმავლობაში ვერავინ ვერაფერი მოუხერხა მაგ მასწავლებელს.
- სანდრო, არც ერთი სკოლიდან არ გაუშვებენ მასწავლებელს, რომელიც უკვე წლებია მუშაობს, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ბავშვს სისხლს უშრობს. იქ ამერიკა არ არის, რომ მოსწავლეების უფლებებს პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ.
- ჰმ, რა თქმა უნდა, ის ხომ საქართველოა... - სანდრომ ისეთი ირონიით და ზიზღით წარმოთქვა, თითქოს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა.
- რატომ ასეთი ზიზღით? მე, ყველაფრის მიუხედავად, მიყვარს საქართველო.
- იმიტომ, რომ თავს იბრმავებ და არ გინდა რეალობის დანახვა. შენ ჭკვიანი ხარ და გამოშორდი იქაურობას, ნინის კი ვერაფერი შევაგნებინე. რომელი ჭკუათმყოფელი წავა სასწავლებლად ამერიკიდან საქართველოში? არ მესმის, რატომ აიჩემა ეს. ისიც კი ვკითხე, საქმე ბიჭში ხომ არ იყო, მაგრამ გაბრაზდა.
- რა თქმა უნდა, გაბრაზდებოდა! რომელი თინეიჯერი საუბრობს შეყვარებულზე უფროს ძმასთან?
- შენ გყავს შეყვარებული? - სრულიად მოულოდნელად ჰკითხა სანდრომ. თვითონაც ვერ მოასწრო დაფიქრება, ისე გაექცა კითხვა. მაგრამ არ უნანია. პასუხი მართლაც რომ ძალიან აინტერესებდა.
- ახლა არა. რატომ გაინტერესებს, ჩემი უფროსი ძმის ფუნქციის შეთავსებასაც აპირებ?
- ნამდვილად არა! - ჩაეცინა ბიჭს და მანქანა გააჩერა. ანიკამ ახლაღა შენიშნა, რომ უკვე ავტოფარეხში შესულიყვნენ. ისეთი წვიმა იყო, ხედვაც კი ჭირდა. გოგონას წინასწარ შეამცივნა, როცა წარმოიდგინა, რომ ავტოფარეხიდან სახლამდე მისასვლელი მცირე მონაკვეთი ამ წვიმაში უნდა გაევლო.
- იცოდე, თუ გავცივდები, შენი ბრალი იქნება. გაგეჩერებინა მანქანა სახლთან და შემდეგ გადაგეყენებინა, ბოროტო! - აბუზღუნდა გოგონა და გასაქცევად მოემზადა, როცა უცბად ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, უფრო სწორად კი, სანდრომ ზურგზე მოიგდო და წარმოუდგენელი სიჩქარით დაფარა მანძილი სახლამდე.
- ახლა აცუნცულდი ოთახში, გამოიცვალე, შემდეგ ჩამოდი და ჩაი დავლიოთ. მანამდე მეც გამოვიცვლი. ჰო, მართლა, ჩაიში სამი კოვზი შაქარი მინდა. - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და პირველი გაემართა კიბისკენ...
* * *
ანიკას სწავლა ახალ სკოლაში და ცხოვრება ახალ ქალაქში შედარებით მშვიდად წავიდა. აღარც კევინი აწუხებდა, ნიკთანაც ყველაფერი გაარკვია და სანდროს გაფრთხილების მიუხედავად, ურთიერთობაც გააგრძელა, მაგრამ არა ისე, როგორც სურდა. ნიკი რატომღაც არ ჩქარობდა უბრალოდ მეგობრობის სხვა რამეში გადაზრდას. ხანდახან კი ისეთი ცივი იყო, ანიკა ჭკუიდან გადაჰყავდა. სიმართლე ითქვას, ისეთი მოხიბლული აღარც იყო, როგორიც პირველად. მეგის დაუახლოვდა, ჯესიკასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ისევე, როგორც ჯოშთან და მაიკთან. მხარდამჭერთა გუნდის შესარჩევ კონკურსზეც გავიდა, მაგრამ დამსახურებული უარი მიიღო. იმ კვირაში იმდენი რამ გადახდა თავს, გონებაგაფანტული იყო და მართლა ცუდად იცეკვა. გული დასწყდა, მაგრამ მალევე გადაუარა. ისე იტვირთებოდა, დამატებითი ვარჯიშები ნამდვილად გაანადგურებდა. შეიძლება ითქვას, სტაბილურად მიდიოდა, სწავლობდა, დასვენების დღეებს ხან მეგობრებთან, ხანაც ნიკთან ერთად ატარებდა. სანდროსთანაც დაულაგდა ურთიერთობა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. არ მოსწონდა ერთფეროვნება, თუნდაც მშვიდი. თავგადასავლების მოყვარულ, მეამბოხე სულის მქონე გოგონას საინტერესო ისტორია სურდა და ნატვრა მალევე აუსრულდა. ოქტომბრის დასაწყისშივე მთელი სკოლა აფუსფუსდა. მეგი, როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტი, ოცდათერთმეტი ოქტომბრისთვის გრანდიოზულ დღესასწაულს გეგმავდა. ამზადებდა პლაკატებს, დეკორაციებს, დარბაზს. აკეთებდა ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეეძლო და იმასაც, რაც არ შეეძლო. სულით ლიდერი იყო და მის მიზანს წარმოადგენდა მოეწყო საუკეთესი ჰელოუინის დღესასწაული ნიუ-იორკის შტატში არსებულ ყველა სკოლის დღესასწაულს შორის. ბოლო პერიოდის განმავლობაში ანიკა თითქმის ვეღარ ელაპარაკებოდა. რა თემაზეც უნდა დაეწყოთ საუბარი, ბოლოს მაინც ჰელოუინამდე მიდიოდნენ და მეგი პანიკაში ვარდებოდა, რომ ვერაფერს მოასწრებდა. ანიკა პლაკატების გაკვრაში ეხმარებოდა. „ყველაზე საშიში ჰელოუინის ღამე“ - ასე ერქვა მეგის დაგეგმილ დღესასწაულს და ვერავის წარმოედგინა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი საშიში. ანიკა დიდად არ იყო ჩართული მზადების პროცესში. მის ერთადერთ საზრუნავს კოსტიუმის შერჩევა წარმოადგენდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე საჭირო დროს უფრინდებოდნენ იდეები თავიდან. ელესთან ერთად ყოველდღე განიხილავდა სხვადასხვა კოსტიუმს, მაგრამ მაინც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას. დარწმუნებული იყო, რომ უმრავლესობა ვამპირების და ჯადოქრების კოსტიუმებში გამოეწყობოდა. სწორედ ამიტომ, სურდა გამორჩეული ყოფილიყო. იმასაც კი ფიქრობდა, რაიმე ლამაზ კაბას ავარჩევ და იმით წავალო, მაგრამ როდესაც იმედი გადაეწურა, სწორედ მაშინ აღმოაჩინა ერთ-ერთი ონლაინმაღაზიის კატალოგში კოსტიუმი, რომელიც დანახვისთანავე მოეწონა და დაუფიქრებლად გამოიწერა. ასე რომ, საზრუნავიც აღარ ჰქონდა. ახლა მთავარი იყო, მოთმინებით დალოდებოდა ოცდათერთმეტი ოქტომბრის ყველაზე საშიშ საღამოს, რომელიც მართლაც ძალიან საშიში გამოდგა, მაგრამ მეგისგან დაუგეგმავი მიზეზების გამო...
წინა თავები ნახეთ ნოველების კატეგორიაში
ნათია ჯაგოდნიშვილი