ნოველები

მიწა თავისას იბრუნებს. თავი 8

მიწა თავისას იბრუნებს. თავი 8
ოცდათერთმეტი ოქტომბრის დილიდან სკოლა ნამდვილ დრაკულას სასახლეს დაემსგავსა. ანიკას თვალებმა შუბლისკენ გადაინაცვლეს ამ ყველაფრის დანახვისას. სასწავლო პროცესის განმავლობაში თუ ასეთი გარემო იყო, წარმოდგენაც არ უნდოდა, რა იქნებოდა საღამოს წვეულებაზე. საერთოდაც, სიმართლე რომ ითქვას, ანიკა ხომ პირველად იყო ჰელოუინის დღესასწაულზე. ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში ჰქონდა ნანახი. სკოლის ეზო გოგრებით იყო სავსე, თვითონ სკოლა კი უფრო შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენდა. კარადებზე გაკრული იყო შავი, ქაღალდის ღამურები, ობობას ქსელები, გოგრები, ჯადოქრების ქუდები და ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც
უკავშირდებოდა ჰელოუინს. მთავარ მისაღებში კი ლამაზად ამოჭრილ გოგრებში, ფერად-ფერად ქაღალდებში გახვეული კანფეტები და ტკბილეული ეყარა.
- ჰეი, როგორ ხარ? მოგეწონა? - კივილით შეაფრინდა ზურგზე მეგი და ანიკას კინაღამ მინი-ინფარქტი მიაღებინა.
- გაგიჟდი? გული გამისკდა!
- შესანიშნავია! ანუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა! - ტაში შემოჰკრა გოგონამ და თვალები გაუბრწყინდა. - ახლა უნდა გავიქცე, ბოლო დეტალები დამრჩა მოსაგვარებელი.
- გაკვეთილებზე არ იქნები?
- არა, ბოლო დეკორაციები უნდა დავდგათ სპორტდარბაზში და ტექნიკურად შევამოწმოთ ყველაფერი, რომ საღამოს პრობლემები არ შეიქმნას. კიდევ გაინტერესებს რამე თუ გავიქცე? -მეგი იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ ანიკას მის მოუსვენრობაზე გაეცინა.
- შეგიძლია გაიქცე.
- კარგი, საღამოს გნახავ! - მიაძახა მეგიმ და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მეორე კორპუსისკენ.
- ნამდვილი შეშლილია! - გაეცინა ანიკას და ის იყო, კლასისკენ წასასვლელად შებრუნდა, რომ ნიკს შეასკდა. - ვაი, მაპატიე! ვერ შეგამჩნიე...
- არა უშავს, ჩემი ბრალია! რამე ხომ არ იტკინე?
- არა, არაფერი. როგორ ხარ?
- ნორმალურად, შენ? ხომ მოდიხარ დღეს წვეულებაზე?
- აბა რა! რომ არ მოვიდე, მეგი ნამდვილად მომკლავს.
- თუ საიდუმლო არ არის, რის კოსტიუმში გამოგვეცხადება ჩვენი სკოლის ყველაზე ლამაზი მოსწავლე? - ნიკოლასმა ცალი წარბი ასწია, მომაჯადოებლად გაუღიმა, შემდეგ ხელი მოხვია და კლასისკენ წაიყვანა.
- ჩემს კოსტიუმს წვეულებაზე ნახავ! - თვალი ჩაუკრა ანიკამ და შემდეგ ახედა: - და შენ ვინ იქნები ჰელოუინზე?
- კაპიტანი ჯეკ ბეღურა! - გაეცინა ნიკს. - სხვათა შორის, ამ საღამოს შენთვის სიურპრიზი მაქვს.
- ოჰო, საინტერესოა! დარწმუნებული ვარ, რამდენიც უნდა გეხვეწო, მაინც არ მეტყვი, რა არის.
- რა თქმა უნდა! ეს ხომ სიურპრიზია! ანიკა, გინდა, რომ დღეს წვეულებაზე ერთად წავიდეთ?
- მოიცა, შენ გინდა, რომ ჰელოუინის წვეულებაზე ერთად მივიდეთ? - ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ სიხარულისგან ხტუნვა არ დაეწყო.
- ნამდვილად. წინააღმდეგი ხარ? - ნიკის ხმა ისე თბილად და მომაჯადოებლად ჟღერდა, გოგონამ კინაღამ კრუტუნი დაიწყო. წვეულებაზე ერთად მისვლა ხომ თითქმის შეყვარებულობას ნიშნავდა? იქნებ სწორედ წვეულებაზე აუხსნას სიყვარული.
- არა, რატომ უნდა ვიყო. პირიქით, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები შენს შემოთავაზებას.
- ძალიან კარგი! მაშინ რვის ნახევარზე შენთან ვიქნები! - ბიჭმა თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი დაიხარა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით აწითლებულ ლოყაზე, მაგრამ ანიკამ ლამის იქვე ფრენა დაიწყო.
კლასში არეული ნაბიჯებით შევიდა. ჯესიკა ისეთი სახით ელოდებოდა, შეეძლო დაეფიცა, რომ გოგონამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა.
- ახლავე ყველაფერი დეტალებში მომიყევი! - გადაუჩურჩულა ჯესიკამ მაშინვე, როგორც კი გვერდით მიუჯდა.
- შემომთავაზა, რომ წვეულებაზე ერთად წავიდეთ.
- ვაიმე! რა მაგარია! ანუ შენ ახლა მისი გოგო ხარ?
- არა! ჯერ არა... - ჩაეღიმა ანიკას.
- მაგრამ სავარაუდოდ დღეს საღამოს... - წარბები აათამაშა გოგონამ.
- მეც მასე ვფიქრობ. ისეთი საყვარელია...
- იქნებ დღეს სახლში არც დაბრუნდე...
- ჯესიკა! ჯერ პაემანიც კი არ გვქონია. თან არ მინდა, გიას და მარიკას იმედი გავუცრუო. გაგიჟდებიან, სახლში რომ არ მივიდე.
- თორემ ისე უარს არ იტყოდი, არა? - გაეცინა გოგონას.
- ჩემს დაქალს მახსენებ! - გაიცინა ანიკამაც. - ისიც ზუსტად იმავეს მეტყოდა.
- ჰმ, სიტყვა ბანზე ამიგდე! ანუ შენც იმავეს ფიქრობ, რასაც მე... სხვათა შორის, შეგიძლია სახლში თქვა, რომ ჩემთან რჩები.
- გია და მარიკა მაინც არ შემამოწმებენ. მაგრამ სანდრო... ვაიმე, სანდრო! ნამდვილად მომკლავს!
- რატომ? ნუთუ ეჭვიანობს... - თვალები გაუფართოვდა ჯესიკას.
- არა, რა სისულელეა! უბრალოდ ნიკი არ მოსწონს და ნამდვილად გაგიჟდება, როცა გაიგებს, რომ წვეულებაზე მან უნდა წამიყვანოს.
- ოჰო! აშკარად ეჭვიანობს. არ მეგულება ადამიანი, ნიკი რომ არ მოსწონდეს. ძალიან კარგი ოჯახიდანაა. ხომ იცი, მამამისი გუბერნატორია.
- მართლა? არ ვიცოდი. ნიკი ისეთი საყვარელია. თან ისეთი თავმდაბალი...
- მგონი, შენ მართლა შეყვარებული ხარ. მაგრამ აბა, ის რას ნიშნავდა, მთელი კვირა მე და მეგის ყურები რომ გამოგვიჭედე სანდროს ქება-დიდებით? რომელი უფრო მოგწონს?
- შენც მართალი ხარ... - ამოიოხრა ანიკამ. - მაგრამ სანდრო ისე მიყურებს, როგორც ბავშვს.
- ჰოდა, დაუმტკიცე, რომ ნამდვილად არ ხარ ბავშვი. - თვალი ჩაუკრა გოგონამ.
- შენ და ჯოში ერთად მოდიხართ? - თემა შეცვალა ანიკამ.
- კი. მეგი მაიკთან ერთად მოდის. ერთი შენ გვყავდი წყვილის გარეშე, მაგრამ ახლა ნიკსა და სანდროს შორის არჩევანი ვეღარ გაგიკეთებია.
- ნუ დამცინი! - თვალები დაუბრიალა ანიკამ, მაგრამ მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, რადგან ეკონომიკის მასწავლებელი, მისტერ სანდერსი წამოადგათ თავზე.
- როგორც ჩანს, თქვენ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ. აბა, რას გვირჩევთ, ანიკა, როგორ დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას?
- უკაცრავად, მისტერ სანდერს. აღარ განმეორდება.
- რა თქმა უნდა, აღარ განმეორდება, მაგრამ ახლა გთხოვთ, კითხვაზე მიპასუხოთ.
- მე...
- დიახ, თქვენ. ნუთუ არ იცით? საინტერესოა, რატომ გამოგიშვეს გაცვლითი პროგრამით ზუსტად თქვენ. დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესი მოსწავლეებიც იქნებოდნენ. -კაცის სიტყვებმა ანიკა აფეთქების პირას მიიყვანა. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ეტირა. შემდეგ სანდროს სიტყვები და თავისი ბიოლოგიის მასწავლებელი გაახსენდა და გონება მთლიანად აერია. კლასში მკვდარ სიჩუმეს დაესადგურებინა. ყველანი ანიკას და მისტერ სანდერსს მისჩერებოდნენ.
- თქვენ არ გაქვთ უფლება, შეურაცხყოფა მომაყენოთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გისმენდით. ვაღიარებ, დავაშავე, მაგრამ არც თქვენ ხართ მართალი. თუ ასე გაწუხებთ ეს ამბავი, შეგიძლიათ ფილოსოფიის მასწავლებელს სთხოვოთ დახმარება. ის ნამდვილად გასწავლით, როგორ წარმართოთ გაკვეთილი ისე საინტერესოდ, რომ ყველამ მოგისმინოთ. -ანიკამ მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქა, რაც მონოლოგი დაამთავრა, შემდეგ კი ბირთვული აფეთქების მოლოდინში გაისუსა.
- ახლავე დატოვეთ კლასი! დაუყოვნებლივ! და არ გაგიკვირდეთ, დირექტორმა რომ დაგიბაროთ! - ანიკას მისი ეს სიმშვიდე უფრო აცოფებდა. ამ კაცს ისედაც ვერ იტანდა, რადგან ყოველთვის ავიწროებდა და კულტურულად ამცირებდა. ახლა კი გაბრაზებამ ტვინში აასხა და გააკეთა ის, რაც თერთმეტი წლის განმავლობაში არ გაეკეთებინა: ჩანთას ხელი დაავლო, მშვიდად მიუბრუნდა მასწავლებელს და უთხრა:
- ანუ დირექტორთან შევხვდებით, მისტერ სანდერს. მაგრამ იმის თქმაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნამდვილი ნაცისტივით იქცევით, ტესტში იმის გამო მაკლებთ ქულას, რომ თქვენთვის მიუღებელ, მაგრამ საღ აზრს ვაფიქსირებ. მავიწროებთ, ღმერთმა უწყის, რის გამო და მთელი კლასის წინაშე მამცირებთ. დარწმუნებული ვარ, მისტერ პარკერს ეს ამბავი დააინტერესებს.-ანიკამ უბრალოდ გაუღიმა, შემდეგ კი კლასიდან გავიდა და კარი ისე გაიჯახუნა, გაუკვირდა კიდეც, მინის ჩამსხვრევის ხმა რომ არ მოესმა.
ისეთი გაცოფებული იყო, უნდოდა ეყვირა, რამე დაელეწა. პირველად მოიქცა სკოლაში ასე. როგორი დიდი სიამოვნებით შევიდოდა ახლა დირექტორთან და ყველაფერს მოუყვებოდა. მაგრამ რა უშლიდა ხელს? ის, რომ თვითონაც დამნაშავე იყო...
- ჯანდაბას ერთი დასჯა! ჯობია ყველაფერი ვთქვა! - ჩაიბურტყუნა გოგონამ და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ადმინისტრაციული კორპუსისკენ.
- ჯინა! სად ხარ? ჯანდაბა, როცა მე მჭირდება, ყველა მაშინ რატომ იკარგება? ჯინა! - ხასიათი წაუხდა გოგონას, როდესაც ადმინისტრაციულ კორპუსში შესული მარტო აღმოჩნდა. ჯინა არსად ჩანდა. სამაგიეროდ, დირექტორის კაბინეტის შეღებული კარიდან კარგად ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი და ანიკას ეს ხმა ძალიან ეცნობოდა.
- კარგი, მისტერ პარკერ, შევთანხმდით. ანუ საღამოს შევხვდებით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და უბრალო სტუმრის სტატუსი გვექნება. - მოესმა ანიკას, შემდეგ კი ნაბიჯების ხმაც გაიგონა და სასწრაფოდ შეძვრა მაგიდის ქვეშ. დირექტორთან დასაბეზღებლად მისულს, ნამდვილად ცუდ ტონად ჩაეთვლებოდა სხვისი საუბრის მოსმენა.
ანიკა თავისი სამალავიდან მხოლოდ მაშინ გამოძვრა, როდესაც ნაბიჯების ხმა შეწყდა. ნეტავ ვინ იყო? ანიკას ძალიან ეცნობოდა მისი ხმის ტემბრი, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა, საიდან. ახლა ამის გახსენებაზე მეტად ის აინტერესებდა, რაზე შეუთანხმდა დირექტორი უცნობს, რომელიც აშკარად აპირებდა საღამოს წვეულებაზე დასწრებას და თან არა მარტო. რას ნიშნავდა, იმედია, მხოლოდ სტუმრის სტატუსი გვექნებაო? არა, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ეს ამბავი მეგის. ის ნამდვილად გაგიჟდება, საღამო ვინმემ რომ ჩაუშალოს. იქნებ იცოდეს კიდეც, ვინ არის ეს იდუმალი უცნობი.
- სანდერს, შენც მოგხედავ და თან ძალიან მალე, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმე მელოდება. - მტკიცედ წარმოთქვა ანიკამ და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სპორტდარბაზისკენ.
- მეგი, სასწრაფო საქმე მაქვს!
- რა მოხდა? კოსტიუმთან დაკავშირებით ხომ არ შეგექმნა პრობლემა?
- არა, საქმე გაცილებით სერიოზულადაა. მისმინე, დირექტორთან ვიღაც იყო, საღამოს სპეციალური სტუმრებიც იქნებიან.
- რა? მე არაფერი ვიცი... წვეულებაზე მხოლოდ მოსწავლეები, რამდენიმე მასწავლებელი და სკოლის დაცვა იქნებიან.
- მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე. უბრალოდ, ვერ დავინახე, ვინ იყო. რას ფიქრობ, რა ხდება?
- წარმოდგენაც არ მაქვს. - ჩაფიქრდა მეგი. - დირექტორთან ხომ არ შევიდე? ვკითხავ, ყველაფერი მოგვარებულია თუ არა.
- მეეჭვება, მისტერ პარკერმა რამე გითხრას. საქმე სერიოზულად რომ არ იყოს, არც გაასაიდუმლოებდა.
- ანიკა, მე ვარ ამ წვეულების ორგანიზატორი და მთელი თვეა წესიერად არ მძინებია იმის გამო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ნუთუ არ მაქვს უფლება, ვინ მოდის, ის მაინც ვიცოდე?
- მართალია, რასაც ამბობ, მაგრამ მე ის უფრო მაეჭვებს, რატომ გაასაიდუმლოეს ეს ამბავი.
- მოკლედ, მე მისტერ პარკერთან მივდივარ! - გადაწყვიტა მეგიმ, ანიკა კი მას აედევნა.


* * *
ანიკა მოუთმენლად მიმოდიოდა ოთახში და საწოლზე მიფენილ თავის კაბას დაჰყურებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა ჩაცმის დრო. რა ეკეთებინა რვის ნახევრამდე? როგორ გაეყვანა მთელი ოთხი საათი? მოუსვენრობას შეეპყრო. ან სახლიდან როგორ გასულიყო აურზაურის გარეშე? სანდრომ ხომ გააფრთხილა, ნიკს ჩამოშორდიო? ნეტავ რას იზამდა ახლა, აქ მოსულს რომ ნახავდა.
- დღეს საინტერესო დღე მელის. ალექსანდრე ჯაფარიძე, ნახე, რას იწვევს შენი უყურადღებობა! - ანიკამ სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი აბაზანისკენ გაემართა...
თავიდან კი ფიქრობდა, როგორ გაეყვანა ოთხი საათი, მაგრამ ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში პანიკაში ჩავარდა. მაკიაჟიც გაიკეთა, ვარცხნილობაც და მხოლოდ კაბის ჩაცმაღა დარჩენოდა, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობდა. ყველაფერზე ერთად დაიწყო ფიქრი: როგორ ჩაივლიდა საღამო, რა სიურპრიზი ჰქონდა ნიკს, ვინ იყვნენ საღამოს იდუმალი სტუმრები, რას იფიქრებდა ან მოიმოქმედებდა სანდრო? ოხ, ისევ ეს სანდრო! რით ვერ ამოიგდო თავიდან? მერე რა, რომ ზესიმპათიურია? საერთოდ არ უყურებს ანიკას ისე, როგორც გოგოს, მისთვის უბრალო ბავშვია და ჯობს, თვითონაც შეეშვას სანდროზე ფიქრს. ნიკი მშვენიერი ბიჭია, სიმპათიური, თბილი, მზრუნველი, საყვარელი...
- ანიკა! შეეშვი ბიჭებზე ფიქრს! - შეუძახა ტუალეტის მაგიდასთან მოკალათებულ საკუთარ თავს და მტკიცედ წამოდგა კაბის ჩასაცმელად.
თხუთმეტ წუთში უკვე ბოლომდე გამოწყობილი იდგა და ელენეს ელაპარაკებოდა „სკაიპში“.
- ძალიან ლამაზად ხარ, მოგიხდა ეგ როლი, მაგრამ მაინც საიდან გაგახსენდა ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი?
- არ ვიცი. - გაეცინა ანიკას. - ონლაინმაღაზიები გადავქექე და კრისტენ სტიუარტის ფიფქიას კოსტიუმის გვერდით იყო ესეც. ისეთი ლამაზი ჩანდა, უცბად ძალიან მომინდა და გამოვიწერე. ჯერ მარტო დიადემა ღირს ერთ რამედ.
- მართლა ძალიან ლამაზი და საშიშია! თან ვარცხნილობაც რა ლამაზად გაგიკეთებია. ნამდვილი შავგვრემანი შარლიზ ტერონი ხარ! - გაეცინა ელეს. - როგორ მაინტერესებს სანდროს სახე, როცა დაგინახავს.
- მე სანდროს სახე მაშინ უფრო მაინტერესებს, როდესაც ნიკს დაინახავს! - აჰყვა ანიკაც, შემდეგ კი უცბად დასერიოზულდა. - რომ არ გამიშვას?
- ანიკა, ნუ მაგიჟებ! რას ჰქვია, არ გაგიშვას? მამაშენი არ გიკრძალავს არსად წასვლას და სანდრომ რა უფლებით უნდა აგიკრძალოს? ბოლოს და ბოლოს, ფანჯრიდან გადაძვერი!
- მართალი ხარ! ახლა კი წავედი, შტურმით უნდა ავიღო გასასვლელი! - გაიცინა ანიკამ, შემდეგ მეგობარს დაემშვიდობა და ლეპტოპი გამორთო. ანერვიულდა და მერე როგორ! უკვე რვის ოცდაშვიდი წუთი იყო, დაბლა ჩასვლის დრო დგებოდა...
- ანიკა, დამშვიდდი! ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩაივლის! - შეუძახა საკუთარ თავს და გაბედულად ჩაუყვა კიბეებს. სანდრო მისაღებ ოთახში დივანზე იყო მოკალათებული და ტელევიზორს უყურებდა, გია და მარიკა კი ახლაც, როგორც ხშირ შემთხვევაში, საქმიან ვახშამზე იყვნენ წასულები. ანიკას ნაბიჯების ხმამ სანდროს ყურადღება მიიქცია და როდესაც კიბეზე ჩამომავალ გოგონას გახედა, პირისკენ წაღებული პოპკორნიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა, წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა და ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაეპარა.
- ფიფქიას გული თან არ მაქვს, ბოროტო დედოფალო. გთხოვთ შემიწყალოთ, თქვენო უბოროტესობავ!
- რა ხუმარა ხარ! - ენა გამოუყო ანიკამ. - აბა, როგორ გამოვიყურები? - ჰკითხა წარბებაწეულმა და დატრიალდა.
- არაჩვეულებრივად! მაგრამ ახლა რაღაცას გეტყვი და ეცადე, შენი ბოროტი ძალები არ გამოიყენო ჩემ გასანადგურებლად. - სანდრო აშკარად კარგ ხასიათზე იყო. - ჰელოუინი, როგორც წესი, საშიში დღესასწაულია და ყველანი საშიშ კოსტიუმებს ირჩევენ. რა თქმა უნდა, არც ბოროტი დედანაცვალია ცუდი არჩევანი, მაგრამ... არა, გაბრაზდები, რომ გითხრა...
- სანდრო, ნუ დამტანჯე, თქვი! - ბიჭმა მიზანს მიაღწია და ანიკას მოთმინება ამოწურა, ახლა კი ბირთვული აფეთქებისთვის უნდა მომზადებულიყო, მაგრამ ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა.
- კარგი, გნებდები. მოკლედ, შენი კოსტიუმი კიდევ ერთხელ მიმტკიცებს, რომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ და მულტფილმების ასაკიდან ვერ გამოხვედი. - სანდრო გაიტრუნა, ანიკას კი სიბრაზისგან თვალები დაუვიწროვდა და ის იყო, უნდა აფეთქებულიყო, რომ ეზოდან ძრავის გუგუნი შემოესმა და გაოგნდა.
- ის რა, ბაიკით მოვიდა? - ვერც გააცნობიერა, ისე ჩაილაპარაკა გაოცებულმა და კარისკენ გაემართა, მაგრამ სანდროს მისი ფრაზა არ გამოჰპარვია და უკან მიჰყვა.
- ვინ არის?
- ნიკი. - დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ და ეზოში გავიდა, სადაც წითელ „იამაჰაზე“ ამხედრებული, გაღიმებული „ჯეკ ბეღურა“ ელოდებოდა.
- შენ აქ რა გინდა? - შეუღრინა სანდრომ.
- შენ რა, ბაიკით მოხვედი? - აჰყვა ანიკაც.
- ჰეი, რა დაგემართათ?
- ამასთან ერთად არსადაც არ წახვალ! - ახლა ანიკას მიუბრუნდა სანდრო.
- შენ არავინ გეკითხება! - მოკლედ მოუჭრა გოგონამ და შემდეგ ნიკს მიუბრუნდა: - შენ კი, რას ფიქრობდი, ბაიკით რომ მოდიოდი?
- ანიკა, გეფიცები სახლში ჩაგკეტავ, მაგრამ მასთან ერთად არ გაგიშვებ! - სანდროს ტონი მეტისმეტად საშიშად და სერიოზულად ჟღერდა, რაც ანიკას აზარტს მატებდა.
- სანდრო, შენ ამის უფლება არ გაქვს და ეს თავადაც მშვენივრად იცი. გიამ და მარიკამ იციან, რომ წვეულებაზე მეგობართან ერთად მივდივარ! - ამაყად მიუგო გოგონამ და ნიკს მიუახლოვდა, მაგრამ უცბად გაჩერდა, გრძელშლეიფიან კაბაზე დაიხედა, შემდეგ ბაიკს შეხედა და მობეზრებული ტონით ჩაილაპარაკა: - ღმერთო ჩემო, იდიოტების გარემოცვაში ვარ! - შემდეგ კი ამოიოხრა და იქვე მდგარ სანდროს მანქანაში ჩასკუპდა.
- მოიცა, ანუ მე მარტო უნდა წავიდე? - დაიბნა ნიკი. ან თავს ისულელებდა, ან მართლა სულელი იყო და ვერ ხვდებოდა, რამ გააბრაზა ანიკა. სანდრო კი გაბადრული სახით იდგა და ბიჭს მზერით ბურღავდა.
- სანდრო, გელოდები! - ამოიგმინა ანიკამ და მანქანის საყვირის ღილაკს ხელი მანამ არ აუშვა, სანამ მის გვერდით მძღოლის სავარძელში სანდრო არ მოკალათდა. - ხმა არ ამოიღო! -დაისისინა და ბიჭისთვის თვალის ასარიდებლად, ფანჯარას გაუსწორა მზერა...



* * *
თხუთმეტ წუთში სანდროს მანქანა უკვე სკოლის ეზოში იყო გაჩერებული, მაგრამ რატომღაც ანიკა გადასვლას არ ჩქარობდა.
- რატომ იყურები შეშინებული? არ აპირებ გადასვლას? - დაიბნა სანდრო. - მოიცა, მოიცა, შენ რა, წვეულებაზე მარტო მისვლა არ გინდა?
- მოკეტე რა! - შეუღრინა გოგონამ, რომელმაც კარგად იცოდე, რომ ეს სიმართლე იყო.
- ანიკა, ცუდი პარტნიორის ყოლას, ჯობია საერთოდ არ გყავდეს ის. ახლა კი გადადი და ყველას დაუმტკიცე, ვინ არის აქ დედოფალი... - გაიხუმრა სანდრომ, მაგრამ გოგონამ რატომღაც მის ბოლო ფრაზაში ქვეტექსტები შენიშნა. ან შეიძლება უნდოდა, რომ შეენიშნა და მოეჩვენა კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ იმედი მიეცა. მერე რა, რომ მარტო მივიდა? რა აუცილებელია, რომ ვინმე ახლდეს, ეს ხომ ჰელოუინია და არა რაღაც კარნავალი ან წვეულება? დიახაც! გადავა ახლა და ყველას დაუმტკიცებს, ვინ არის დედოფალი.
- გმადლობ! - გაუღიმა სანდროს და მანქანიდან ამაყად გადავიდა. ბიჭმა მანამდე არ მოაშორა მზერა, სანამ თვალს არ მიეფარა, შემდეგ კი ღიმილით დაძრა მანქანა...



* * *
ანიკას თავდაჯერებულობა სანდროსგან წამოსვლისთანავე უკვალოდ გაქრა და ამაყი ნაბიჯებიც აკანკალებულმა მუხლებმა შეცვალეს. პლუს, ამას დამატებული ის გარემო, რომელიც სპორტდარბაზში იყო შექმნილი და გოგონას თავი საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი ეგონა. ჩაბნელებულ დარბაზს ამოჭრილი გოგრებიდან გამომავალი სანთლის შუქი ანათებდა. სანთლები იყო ასევე გოთიკური სტილის შანდლებშიც. ჭერიდან იატაკისკენ ხელოვნური აბლაბუდები და ჩამოხეული ნაჭრები ეშვებოდა, გრძელი, შვედური მაგიდის სისხლისფერი გადასაფარებელი კი თითქოს ერწყმოდა იატაკს. სცენა სანთლებით იყო გამოყოფილი მთლიანი დარბაზისგან, ცენტრში კი გრანდიოზულ გოგრაში ტკბილეული ელაგა. მისტიკური მუსიკა ყველაფერს დასრულებულ, საშიშ იერს სძენდა.
- ჰეი, ანიკა! - გოგონამ მხოლოდ ხმით იცნო „სისხლიანი მერის“ კოსტიუმში გამოწყობილი მეგი. - აბა, რას იტყვი? როგორი გამოვიდა?
- ნამდვილად საშიში! - გულწრფელად უპასუხა ანიკამ და მის გვერდით მდგარ „რობინ ჰუდს“ გახედა. - მაიკ, შერვუდის ტყე დაგამშვენებდა.
- შენ რატომ ხარ მარტო? ნიკი სად არის? - მათ კომპანიას შეუერთდნენ „ელენა გილბერტი და დეიმონ სალვატორი“ - ჯესიკა და ჯოში.
- მარტო მოვედი. თქვენ შეთანხმდით, თუ რატომ ხართ ვამპირები? - გაეცინა გოგონას და ეცადა, თემა შეეცვალა, მაგრამ ჯესიკა რის ჯესიკა იქნებოდა, ამის უფლება რომ მიეცა.
- გაწყენინა? სად არის?
- ჯეს, მართლა არ ვიცი, სად არის. ჩემი კაბა მისი რკინის რაშისთვის შესაფერისი არ იყო. შესაბამისად, მარტო მოვედი. მეგი, შენ გაარკვიე, დილით რაც გითხარი?
- იდუმალი სტუმრები? ვერა. პარკერს სიტყვა ვერ დავაცდენინე. ალბათ, სხვა წვეულებაზე საუბრობდნენ. მეეჭვება, დირექტორი დიდხანს დარჩეს. როდესაც ჩვენი დიჯეი მისტიკურ მუსიკას კლუბურით შეცვლის, მაშინვე აორთქლდება აქედან. - გაიცინა გოგონამ და წითელი ღვინის ბოკალი აიღო ხელში. - თქვენ ხართ ვამპირები და მე ვსვამ სისხლს.
- ფიფქია სად დაკარგეთ, თქვენო უბოროტესობავ? - გაეცინა ჯოშს.
- მონადირემ დამაღალატა და რობინ ჰუდთან გავისტუმრე შერვუდის ტყეში!
- როგორ გეკადრებათ, მე სიკეთის მსახური გახლავართ! - ამაყად განაცხადა მაიკმა და მშვილდი მოიმარჯვა. - მაინც ვისწავლი ამის სროლას! - ამ სიტყვების შემდეგ თავზე რეზინაწამოცმული ისარი ერთ-ერთი გოგრას შეასკდა და ძირს დაეცა.
- ძვირფასო რობინ, ეგ მხოლოდ მინას ეწებება!
- გმადლობთ რჩევისათვის, დეიმონ. სად არის თქვენი ძმა?
- გავანადგურე! - გაიკრიჭა ჯოში. - ჰეი, ის ვინ არის? ასაფეთქებლებით. - მეგობრებს ანიშნა ტერორისტის ფორმაში გამოწყობილ, სახემოხატულ უცნობზე.
- წარმოდგენა არ მაქვს! - ჩაფიქრდა მეგი. - მმ, მგონი, მარკუსი უნდა იყოს. დღეს მხოლოდ ის არ მინახავს...
- მართალი ხარ! - აჰყვა ანიკაც. - თან ზუსტად მისნაირი სათვალე უკეთია.
- არ მეგონა, ასეთ საინტერესო კოსტიუმს თუ შეარჩევდა. - გაეცინა ჯოშს.
- ანიკა, შენთან საქმე მაქვს! - მეგობრებს საუბარი „კაპიტანმა ჯეკ ბეღურამ“ შეაწყვეტინა, გოგონას პასუხს არც დალოდებია, მკლავში ხელი ჩაავლო და გვერდით გაიყვანა.
- გაგიჟდი? მეტკინა! რა გინდა?
- რას ნიშნავდა შენი დღევანდელი საქციელი? - ნიკი ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
- მთვრალი ხარ? სად მოასწარი ასე უცებ დათრობა?
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მითხარი, რატომ მოიქეცი დღეს ასე!
- ნიკ, შენი აზრით, როგორ მოვახერხებდი ასეთი კაბით ბაიკზე დაჯდომას?
- და რატომ არ გამაფრთხილე? მე საიდან უნდა მცოდნოდა?
- რატომ არ მკითხე? - ნელ-ნელა ბრაზდებოდა ანიკაც.
- ანიკა, მე გკითხე, როგორ კოსტიუმს იცვამდი, მაგრამ შენ არ მითხარი.
- ოდნავ მეტი რომ გეფიქრა, მიხვიდოდი იმ დასკვნამდე, რომ ჰელოუინის კოსტიუმით ბაიკზე ვერ ავმხედრდებოდი.
- სანდროს რატომ გაჰყევი?
- შენ ვინ გეკითხება, ვის გავყვები და ვის არა? - გაცოფდა ანიკა.
- ანიკა, მე მაქვს პრეტენზია, რომ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მეჭიროს.
- და ამას იდიოტური ეჭვიანობით მაგრძნობინებ? ყოჩაღ! მოდი, შეგახსენებ, რომ მე სანდროსთან ვცხოვრობ და გინდა თუ არ გინდა, მოგიწევს ამის ატანა.
- ანიკა, მე მინდა, რომ ჩემი შეყვარებული გახდე! - ამ სიტყვებით ნიკი მაქსიმალურად მიუახლოვდა გოგონას და მშიერი მზერა დაასვა მის ტუჩებს. ანიკას სუნთქვა შეეკრა და კოცნის მოლოდინში გაიტრუნა, მაგრამ უცბად დიჯეიმ მუსიკა „ბონდიანას“ მელოდიით შეცვალა და დარბაზში სამი „ჯეიმს ბონდი“ შემოვიდა.
- სანდრო? - აღმოხდა ანიკას, გაცოფებულმა ნიკმა კი მუშტი იმ კედელს დასცხო, რომელზეც გოგონა იყო აკრული.
- არ შეგიძლია გამოირეცხო თავიდან ეგ სახელი? ახლა მაინც! ანიკა, ძალიან მომწონხარ, როგორც გოგო და მინდა გაკოცო მაშინ, როცა მომინდება, მაგალითად, ახლა! - ნიკი კვლავ მიუახლოვდა კედელთან მიმწყვდეული გოგონას ტუჩებს და სადაცაა აკოცებდა კიდეც, მაგრამ უცბად... ანიკამ იგრძნო, როგორ სწრაფად მოშორდა ბიჭი და მინაბული თვალები დააჭყიტა, ხელთ კი სანდრო შერჩა, რომელიც ნიკს მხარზე ჩაფრენოდა და გვერდით გაეწია.
- ნიკოლას, გადი ჰაერზე, გაისეირნე! - მოკლედ მოუჭრა სანდრომ, შემდეგ კი ანიკას მკლავში ხელი ჩაავლო და ისეთი სისწრაფით გააცალა იქაურობას, ნიკმა გაბრაზებაც ვერ მოასწრო.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? საეთოდაც, შენ აქ რა გინდა?
- აბა, დაფიქრდი და გაიაზრე, რა შეიძლება უნდოდეს FBI-ს აგენტს სკოლის სულელურ წვეულებაზე?
- ჯერ ერთი, სულაც არ არის სულელური წვეულება! - თვალები დააკვესა ანიკამ, შემდეგ კი ერთბაშად გაიაზრა სანდროს ნათქვამის აზრი და რომ არ წამოეყვირა, პირზე ხელები აიფარა. - არ მითხრა, რომ... სანდრო, არა... - ანიკას თვალები აუწყლიანდა და ტუჩი მოიკვნიტა.
- დამშვიდდი, აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ არაფერი მოხდეს.
- დენიელიც აქაა?
- კი, ისიც და ჯარედიც. დანარჩენები სხვა სკოლებში დანაწილდნენ.
- ანუ, სწორედ დენი ელაპარაკებოდა დღეს მისტერ სანდერსს... - ჩაიბურტყუნა ანიკამ გაუაზრებლად.
- შენ საიდან იცი? - გაუკვირდა სანდროს.
- გავიგონე, როგორ საუბრობდნენ.
- ანიკა, ამ საუბრის თემა არავის უნდა სცოდნოდა. სწორედ ამიტომ შეხვდა დენი პარკერს გაკვეთილების დროს. იქნებ მითხრა, შენ რა გინდოდა ამ დროს დირექტორთან? - ოჰო! აი, სად გაება! ოხ, ანიკა, არ შეგიძლია ენას კბილი დააჭირო? მიდი, ისიც უთხარი, რომ მოგწონს!
- ამმ, საქმე მქონდა... წვეულება როგორ მოგწონს?
- ანიკა!
- კარგი ჰო, გეტყვი... ეკონომიკის გაკვეთილზე ჯესიკას რაღაცაზე ვესაუბრებოდი, როდესაც მისტერ სანდერსი დაგვადგა თავზე. ამაყენა, კულტურულად გამომლანძღა, მეც ვეღარ მოვითმინე და შევეპასუხე. დამემუქრა, დირექტორთან შევხვდებითო. მე ვუთხარი, არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, ნამდვილი ნაცისტივით რომ მექცევით, დარწმუნებული ვარ, მისტერ პარკერს დააინტერესებს-მეთქი და კარი გავიჯახუნე. შემდეგ დირექტორთან წავედი ყველაფრის მოსაყოლად და იქ მისი და დენის საუბარი მოვისმინე. დენის გამოსვლისას მაგიდის ქვეშ დავიმალე. ბოლოს კი გამოვიპარე და ყველაფერი მეგის ვუამბე, მაგრამ არც მან იცოდა არაფერი იდუმალი სტუმრების შესახებ. სულ ესაა, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, პარასკევის საღამოს სახლში დარჩენას ვერ მაიძულებ! - ანიკას მუქარას სანდროს ჩაფხუკუნება მოჰყვა.
- ყოჩაღ! ნელ-ნელა ვიზრდებით და უსამართლობას ვეღარ ვყლაპავთ? ძალიან კარგი...
- ანუ არ გაბრაზდი? - ცოტა არ იყოს და, გაუკვირდა ანიკას.
- რატომ უნდა გავბრაზებულიყავი?
- სანდრო, მე გითხარი, რომ მასწავლებელს შევეპასუხე, კლასიდან გავვარდი და კარი გავიჯახუნე, წეღან კი კინაღამ ნიკს ვაკოცე. რატომ არაფერს მეუბნები? - „გთხოვ, მაგრძნობინე, რომ ეჭვიანობ!“ - გულში დაამატა გოგონამ და სანდროს მიაჩერდა.
- არ გიბრაზდები, მაგრამ კარგია, ბოლო პუნქტი რომ გამახსენე. მე ხომ გთხოვე, ანიკა, რომ ის არ არის საუკეთესო კომპანია შენთვის?
- და რას ერჩით ამ „კომპანიას”? - ორივე ნიკის ხმამ მიახედათ, რომელსაც ცალ ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა, მეორეში კი სიგარეტი.
- დედამ არ გასწავლა, რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა?
- ეგ შენი საქმე არაა. მე ანიკას წასაყვანად მოვედი. - ნიკმა გოგონას წელზე ხელი მოხვია და ეცადა, თავისკენ მიეზიდა, მაგრამ ანიკა სანდროს არ აშორებდა მზერას, რომელიც სადაც იყო, ყურებიდან ბოლს გაუშვებდა.
- თუ ვერ ხედავ, გეტყვი, რომ ვსაუბრობთ და ანიკა არსადაც არ წამოვა.
- იცი, რა მაინტერესებს? შენ მეტი საქმე არაფერი გაქვს, კუდში რომ არ გვდიო? რამდენს გიხდიან, რომ ამად გიღირს? მაგრამ როცა საკუთარი პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია, იქნებ სხვების ცხოვრებით მაინც იცხოვრო... - ნიკოლასმა მონოლოგი ირონიული ჩაცინებით დაამთავრა, სანდროს კი მთელი სხეული ისე დაეჭიმა, მზად იყო, იქვე მიეხრჩო. მუშტები შეკრა და თავისი უფლებების დავიწყებასაც აპირებდა, მაგრამ სანამ მისი მუშტი ნიკის ყბას შეხვდებოდა, ანიკა ჩაერია.
- ჩემი საყვარელი მუსიკა! წამოდი, ვიცეკვოთ! - შემდეგ კი სანდრო ისე გაათრია, რომ არც კი დაფიქრებულა, ამას ნიკს როგორ აუხსნიდა. მოცეკვავე წყვილებს შორის მოხერხებულად შეძვრნენ და გოგონამ სანდროს მხრებზე ხელები დააწყო.
- საკუთარი თავის კონტროლი შემიძლიაო, ვიღაც ამბობდა.
- ანიკა, დამიჯერე, ძალიან ძნელია აკონტროლო თავი ისეთ ნაძირალასთან, როგორიც ნიკია.
- მაგრამ ახლა ხომ შეგიძლია მშვიდად ყოფნა?
- ხშირად მშვიდად ყოფნაში სხვები მეხმარებიან.
- მეგონა, მე უფრო გაგაბრაზებდი.
- ნიკი რომ წაგეთრია საცეკვაოდ, ნამდვილად გამაბრაზებდი. - გაეღიმა სანდროს. -სხვათა შორის, კარგად ცეკვავ.
- გმადლობ. შენც კარგი პარტნიორი ხარ. - ჩაეღიმა ანიკასაც.
- ცეკვაში? - ეს საუბარი ნელ-ნელა ფლირტს ემსგავსებოდა, მაგრამ ეს არც ერთს არ აწუხებდა. უფრო მეტიც, ანიკას ჟრუანტელს ჰგვრიდა სანდროს ხელები მის წელზე.
- ცეკვაშიც და ალბათ სამსახურშიც.
- არამარტო... - ჩაიცინა სანდრომ და გოგონა დაატრიალა, მისი უკან დაბრუნებისას კი თითქმის ყურთან მიტანილი ტუჩებით უჩურჩულა: - ზღაპრის გმირის კვალობაზე სულაც არ გამოიყურები ბავშვივით. მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მიმზიდველი ხარ.
- ჩემს კოსტიუმს ბავშვურს უწოდებ, თავად კი სამსახურის თემატიკას ვერ გასცდი, ბონდ... -ანიკამ სასწრაფოდ შეცვალა თემა და უხერხულად ჩაიცინა.
- შენ კი თავს ისე უხერხულად გრძნობ, ერთი სული გაქვს, როდის შეცვლის დიჯეი მუსიკას. - გაეცინა სანდროს, მაგრამ ამ დროს ზურგზე ხელის შეხება იგრძნო.
- მეც მინდა ანიკასთან ცეკვა. - ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ნიკი იყო.
- მე კი საკუთარი კუნძული, წითელი „ფერარი“ და მილიარდი მინდა შვეიცარიის ბანკში, მაგრამ არ მაქვს. რას ვიზამთ, უსამართლოა ცხოვრება.
- გირჩევ, ხელი არ შემიშალო და დამითმო ადგილი.
- ნიკ, გთხოვ, ნუ ართულებ. - ჩაერთო ანიკაც. დიჯეიმ კი, როგორც იქნა, მუსიკა შეცვალა და ჰელოუინის წვეულება კლუბურ სიტუაციაში გადაიზარდა.
- კარგი, მაშინ სანდროსთან ერთად გაგიმეორებ ჩემს შეკითხვას: გახდები ჩემი შეყვარებული? - ნიკის ხმაში ისე აშკარად ისმოდა სიამაყის ნოტები, თითქოს უკვე იცოდა პასუხი.
მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ანიკამ საპასუხოდ პირი გააღო, სანდრომ შენიშნა ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ერთ-ერთს დასცინოდნენ.
- ჰეი, სულელო, სად დაკარგე ასაფეთქებლები?
- როგორ მეშინია, არ აგვაფეთქო! - აჰყვა მეორეც და უცნობს თავში ხელი წამოარტყა.
- აი, თურმე რისთვის ასხამდი მთელი წელი ქიმიას თავს. არ გინდა, მეც მასწავლო ასაფეთქებლების დამზადება?
- შემეშვით! - ჩიაბურტყუნა უცნობმა, სათვალე შეისწორა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, სანდრომ კი ამ ყველაფერში რაღაც ძალიან საეჭვო შენიშნა და პიჯაკის საყელოზე დამაგრებული გადამცემით დენიელს და ჯარედს დაუკავშირდა.
- გასასვლელისკენ მივდივარ, საპირფარეშოები შეამოწმეთ და სრული ევაკუაცია მოახდინეთ! - შემდეგ კი უცნობს აედევნა, მაგრამ... მაგრამ რა თქმა უნდა, ანიკა ფეხდაფეხ გაჰყვა.
- რა ხდება? ის ჩვენს სკოლაშია?
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე ნუ მომყვები, სახიფათოა. დენი და ჯარედი ახლავე მოახდენენ ევაკუაციას. დენიელი მოგხედავს.
- არა! შენთან მინდა!
- ანიკა, დამიჯერე და მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები! - მკაცრად უთხრა სანდრომ და სწორედ ამ დროს, სპორტდარბაზის შესასვლელიდან აფეთქების ხმა მოესმათ. სანდრომ მოასწრო, ანიკა მიწაზე გააკრა და ზემოდან გადაეფარა. არაფერი დაშავებიათ, მაგრამ გოგონა ისეთი შეშინებული იყო, ერთიანად კანკალებდა.
აფეთქება არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ ვინმესთვის საფრთხე შეექმნა ან შენობის ნგრევა გამოეწვია. ეს იყო დაახლოებით ასი საახალწლო მაშხალის ერთდროულად აფეთქების მსგავსი, რომელსაც მეტი დრამატულობისთვის ცრემლსადენი გაზიც ჰქონდა დამატებული. სანამ სანდრო გონს მოვიდა და ანიკას წამოყენება სცადა, უკვე ყველანი გარეთ იყვნენ, ჯარედი კი მათკენ მოდიოდა რაღაც ნატეხით ხელში.
- ეს რა არის?
- წარწერა ნახე. „ყველაზე საშიში წვეულება გინდოდათ? დატკბით!” - ჯარედმა ნატეხი გაუწოდა, შემდეგ ანიკას გახედა და ჩაილაპარაკა. - მე ბავშვებთან დავბრუნდები, პანიკაში არიან. დამატებითი რაზმი, მგონი, არ დაგვჭირდება.
- კარგი, გმადლობ. - უთხრა სანდრომ, შემდეგ კი ანიკას მიუბრუნდა: - როგორ ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? - გოგონას ისეთი ფერი ედო და ისე გამოიყურებოდა, როგორც ნამდვილი ვამპირი. - ანიკა, ამოიღე ხმა, ნუ მაშინებ!
- არაფერი მტკენია, მაგრამ კარგად არ ვარ... - ამოიკნავლა და თავი ხელებში ჩარგო.
- დამშვიდდი, უკვე ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი კარგადაა. შეგიძლია ადგომა?
- მგონი, კი. - სანდრომ წელზე ხელი მოხვია და ისე წამოაყენა. ანიკა მართლა ძალიან შეშინებული იყო, აღარც წვეულება ახსოვდა და აღარც ჰელოუინი. - ბავშვები როგორ არიან?
- ყველა კარგადაა, მხოლოდ დარბაზის შესასვლელი დაზიანდა ცოტათი.
სკოლის ეზოში უკვე მოსულიყვნენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მანქანები, ჯარედი და დენიელი კი დანაშაულის ადგილს იკვლევდნენ. ანიკა თითქოს შენელებულად ხედავდა ყველაფერს, მაგრამ მაინც შეამჩნია სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩამომჯდარი, ასლუკუნებული მეგი.
- ანიკა! ყველაფერი ჩამიშალეს! მთელი წვეულება ჩაიშალა! - კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა მეგიმ და ანიკას ჩაეკრა.
- დამშვიდდი, მეგ, მთავარია, რომ ყველანი კარგად ვართ.
- ჰო, მაგრამ ჩემი წვეულება... რა თქვა სანდრომ, ვისზე აქვთ ეჭვი?
- არ ვიცი, არ მიკითხავს. მაგრამ როგორც ვიცი, დამნაშავე ისევ გაექცათ. აი, ის, ტერორისტის ფორმაში რომ იყო გამოწყობილი.
- მარკუსი? - აღმოხდა მეგის.
- არა, მგონი, მარკუსი არ იყო, არ ვიცი.
- ანიკა, უნდა წავიდეთ... - გოგონებს შეუერთდა სანდრო, რომელმაც დრო იხელთა და მათი საუბრისას დენიელს გამოჰკითხა დეტალები. ანიკაც მეგის დაემშვიდობა და ბიჭისკენ გაემართა.
- სახლში მივდივართ?
- არა. არავინ არ უნდა იჯდეს ჰელოუინის დღესასწაულზე სახლში.
- შენ რა, წვეულებაზე მიგყავარ? მერე საქმე? თან ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, სულ დამეკარგა ხალისი.
- არა უშავს, მე დაგიბრუნებ. ახლა კი, თქვენო უბოროტესობავ, გთხოვთ ჩაბრძანდეთ მანქანაში. - სანდრომ მანქანის კარი გამოაღო და რევერანსით მიუთითა, რომ ჩამჯდარიყო. არც ერთმა არ იცოდა, წინ რა საინტერესო ღამე ელოდათ...

ნათია ჯაგოდნიშვილი

წინა თავები ნახეთ ნოველების კატეგორიაში
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93