სანდრომ ანიკა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბში წაიყვანა, სადაც ჰელოუინს გრანდიოზული წვეულებით აღნიშნავდნენ. ერთია სკოლის მოკრძალებული წვეულება, მაგრამ მეორეა ისეთი საღამო, როგორიც ანიკას მხოლოდ ფილმებში თუ ენახა. ჰელოუინის კოსტიუმებიც განსხვავებული იყო, უფრო თამამი და საშიში.
- აბა, როგორ მოგწონს აქაურობა? - ყურში ჩაჰყვირა სანდრომ, რადგან ხმაურის გამო ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელი იყო.
- არაჩვეულებრივია! ძალიან მაგარი ადგილია! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგონა. -შეიძლება ცოტა დავლიოთ?
- მმ, მხოლოდ ცოტა! წამოდი, ნამდვილ კალვადოსს გაგასინჯებ!
- კალვადოსს? - თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა ანიკა. - რაც რემარკის „ტრიუმფალური თაღი“ წავიკითხე, იმის შემდეგ მაინტერესებს გასინჯვა.
- ჰოდა, აი, გასინჯე! - სანდრომ ბარმენის მიწოდებული ჭიქა მაგიდაზე გაუსრიალა და ანიკამაც მოხერხებულად დაიჭირა.
- აბა, გაგვიმარჯოს! - თქვა და ერთიანად გადაჰკრა.
- სალუტ! - გაიცინა ანიკამ და მანაც მოიყუდა. სასმელი ყელში გადაუვიდა თუ არა, მაშინვე სახე მოეღრიცა, სანდრომ კი ლიმონის თხელი ნაჭერი გაუწოდა. გოგონამ ისე ჩაღეჭა, როგორც გამოცდილმა მსმელმა და სანდროს სიცილიც დაიმსახურა.
- რა ვაჟკაცურად სვამ! - იცინოდა ბიჭი.
- ჰმ, აბა, რა გეგონა! მოდი, კიდევ ერთი!
- ანიკა, გინდა, რომ დამათრო და შემაცდინო? თუ მთვრალი დამსვა საჭესთან და რამეს შევასკდეთ?
- რატომ ართულებ ყველაფერს? ტაქსით წავიდეთ, გთხოვ! - გოგონამ კნუტის თვალებით შეხედა და სანდრომაც წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.
- ისევ კალვადოსი?
- ნწ, ტეკილა! - და ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე ჭიქა, მანამ, სანამ სანდროც და ანიკაც კარგად არ შეთვრნენ. თავის კონტროლი არც ერთს არ უჭირდა, მაგრამ სასმლის გამო ნიღბის ტარების თავი აღარ ჰქონდათ.
- წამოდი, ვიცეკვოთ! - სანდრომ ანიკა საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა და სულ მალე მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ. კარგად ერთობოდნენ. აღარც პრობლემები ახსოვდათ და აღარც სხვა რამ. მათთვის არსებობდა მხოლოდ ეს დარბაზი და ერთმანეთი. ანიკას თვალები ისე უბრწყინავდა და ისეთი ბედნიერი ჩანდა, შეუძლებელი იყო, ეს არ შეგემჩნიათ.
- პირდაპირ ასხივებ ბედნიერებას! - გაუცინა სანდრომ. - და იმედს ვიტოვებ, ეს სასმლის ბრალი არ არის.
- არა, ნამდვილად არა. ხომ იცი, იმდენი არ უნდა დალიო, რომ სასმელმა გმართოს.
- ჩემი ჭკვიანი გოგო... - ჩაიცინა ბიჭმა და ანიკა უფრო ახლოს მიიკრა - ნელ, მშვიდ მელოდიას აჰყვნენ.
- ხანდახან მეჩვენება, რომ გაორება გაქვს. - უჩურჩულა გოგონამ.
- ხანდახან მეც მასე ვფიქრობ. მაგრამ მგონი, ჩემი ერთი ნაწილი სულ მალე დაამარცხებს მეორეს.
- სანდრო, გთხოვ, მობილური გამორთე.
- რა? რატომ?
- არ მინდა, ეს საღამო ვინმემ ჩაგვიშალოს...
* * *
ანიკა და მასზე ხელმოხვეული სანდრო კლუბიდან გამთენიისას გამოვიდნენ. გამოძახებული ტაქსი უკვე გარეთ ელოდათ. ისეთი მშვიდი ღამე იყო, სავსე მთვარე თბილ სინათლეს ღვრიდა ქუჩებში, რომლებშიც ჯერ კიდევ იდგა ამოჭრილი გოგრები. მთვარეს სულ მალე შეენაცვლებოდა შემოდგომის არც ისე თბილი მზე, მაგრამ მანამდე...
მანამდე ანიკამ და სანდრომ საკმაოდ მხიარულად იმგზავრეს. სიცილით იხსენებდნენ ყველა დეტალს და ეს სახლში შესვლისასაც გააგრძელეს.
- ჩუმად, არავინ გავაღვიძოთ! - ხითხითებდა ანიკა და სანდროსთან ერთად კიბეზე ადიოდა.
- სულ შენი ბრალია, ისევ თინეიჯერივით ვიქცევი! - იცინოდა სანდროც.
- საინტერესოა, როგორი იყო თინეიჯერი სანდრო? - ჰკითხა ანიკამ უკვე საკუთარი ოთახის კართან გაჩერებისას. სანდრო კი ცერა ღიმილით მიუბრუნდა და ძლიერი მკლავებით კედელთან მიიმწყვდია.
- თინეიჯერი სანდრო ცუდი ბიჭი იყო, გოგონების გულთამპყრობელი, სკოლის ფეხბურთის ჩემპიონი... აკეთებდა ყველაფერს, რაც უნდოდა... - სანდრო ჩურჩულზე გადავიდა, ანიკას კი მისი სიახლოვისგან გონება ერეოდა.
- თინეიჯერი სანდროსგან მხოლოდ გულთამპყრობელობა შემორჩა... - ამოიკნავლა გოგონამ. სანდრო უკვე ცხვირის წვერით დასეირნობდა მის ყურთან ახლოს და ანიკას თვალები მიეხუჭა. ნანატრი კოცნის მოლოდინში თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა, მაგრამ ბიჭი მოქმედებას არ ჩქარობდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა, კედლიდან ხელები ჩამოუშვა და მძიმედ თქვა:
- ანიკა, წადი, დაიძინე.
- რა? - გაოგნდა გოგონა.
- ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, გთხოვ. - სანდრო მართლა საწყლად გამოიყურებოდა. „ძილი ნებისაო“, ჩაიბურტყუნა და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ...
- სანდრო! - ანიკა ფრთხილად მიუახლოვდა. არ იცოდა, ღირდა თუ არა ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან უნდოდა. იმდენად ძალიან, რომ საღი აზროვნების უნარიც დაკარგა. - ზოგჯერ საჭიროა, დაივიწყო ყველაფერი და გააკეთო ის, რაც გინდა... - ანიკას სიტყვებზე ჩაეცინა და თავდასხმაზე გადავიდა:
- და შენ რა გინდა ახლა? - სანდრომ ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, მაგრამ არა სიტყვიერი. ანიკა ფრთხილად აიწია თითის წვერებზე და ოდნავ შეეხო ბიჭის ტუჩებს. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო სანდროს მოთმინების ფიალაში. ანიკას ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე თმაში შეუცურა და ახლა თვითონ აკოცა. რამდენი ხანია უნდოდა ამის გაკეთება! მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა. უკუაგდებდა ამ აზრს, საკუთარ თავს ებრძოდა. ბოლოს მაინც დაამარცხა ამ პატარა, ცელქმა ბავშვმა. სანდრო გრძნობდა, როგორ თრთოდა მის მკლავებში მოქცეული გოგონა და სურვილი უფრო უმძაფრდებოდა. კოცნიდა გრძნობით, თავდავიწყებით და რომ არა ჟანგბადის ნაკლებობა მის ფილტვებში, ამ საქმიანობას არც არასდროს შეწყვეტდა. მის ტუჩებთან მოშორებისას ანიკას კმაყოფილად ჩაეღიმა. დაახლოებით ისე, როგორც ჭირვეულ ბავშვს, სასურველი სათამაშოს მიღებისას. სანდრო კი მონადირე ვეფხვს ჰგავდა, ისე უელავდა თვალები. მისი გახშირებული სუნთქვა ანიკას სახეზე ხვდებოდა და ისედაც არეულ გონებას კიდევ უფრო უთიშავდა. კიდევ ერთხელ შეეხო ბიჭის ტუჩებს, მაგრამ სანდრომ კოცნა აღარ გააღრმავა. საკუთარ თავთან ბრძოლაში გაიმარჯვა და გოგონა მსუბუქად მოიშორა.
- პასუხი დამაკმაყოფილებელია...
- როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე არ მინდოდა... - ვალში არ დარჩა ანიკა, შემდეგ კი თავისი ოთახისკენ გაემართა. - ძილი ნებისა, სანდრო...
* * *
იმ ღამეს ვერც ერთმა ვერ მოხუჭა თვალი. ანიკა ოცნებებში იყო გართული, სანდრო - ფიქრებში. ანიკა მოუთმენლად ელოდა ხვალინდელი დღის დადგომას. სანდრო კი... სანდრო ფიქრობდა, ფიქრობდა, მერე ისევ თავიდან იწყებდა ფიქრს და ასე დაუსრულებლად. მაგრამ რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო ერეოდა თავში ყველაფერი. არ უნდოდა, შეცდომა დაეშვა... ისევ. საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას, მოქცეულიყო ისე, როგორც უნდოდა სინამდვილეში. იცოდა, რომ ეს არ შეიძლებოდა, შეცდომა იყო, მაგრამ... ჯანდაბა, თავს ვერ ერეოდა! მის გაცოფებასთან ერთად ამერიკული ფეხბურთის ბურთი კედელს შეასკდა და საწყლად დავარდა ძირს. სანდრო წამოდგა, კარადის თავზე შეგდებული, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადანახული სიგარეტის კოლოფი და საფერფლე ჩამოიღო და ფანჯარასთან მივიდა. რამდენი ხანია, აღარ მოუწევია... რატომ მოქმედებს ეს გოგო მასზე ასე ძალიან? რა უნდა? რის მიღწევას ცდილობს? რატომ ურევს სანდროს ცხოვრებას? თითქოს ეს შეშლილი ტერორისტი არ ეყოფოდა, ახლა ანიკაც დაემატა. თავსაც რომ ვერაფერს უხერხებს? იცის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ თავს მაინც ვერ ერევა. ანიკაც აღარ ცდილობს თავის შეკავებას... სანდროს წეღანდელი კოცნა გაახსენდა და სიგარეტი საფერფლეს დაასრისა. აგიჟებდა ეს გოგო. უყვარდა? არა, სისულელეა! აბა, რატომ ვერაფერს უხერხებდა თავს?
- სანდრო, გეყოს! - ამოიგმინა ბიჭმა და საწოლში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად უნდოდა ანიკასთან გასვლა. მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია.
ძილი არც ანიკას მიჰკარებია. ვერც საწოლში ისვენებდა, არც ის იცოდა, რა ეკეთებინა. თბილისში დარეკვა კი არ უნდოდა. ყველაფრის მიუხედავად, უცნაურად გრძნობდა თავს. ყოველთვის ამბობდა, ჯობია გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ გარისკეო. ცოტა ხნის წინაც ასე მოიქცა და სულაც არ უნანია. მეტიც, არც ეგონა, მისი მცდელობა ასე ნაყოფიერად თუ ჩაივლიდა, მაგრამ სანდრომ მართვის სადავეები ხელში აიღო... ანიკას ახლაც ჟრუანტელი უვლიდა წეღანდელის გახსენებისას. გაუცნობიერებლად ტუჩი მოიკვნიტა და მეოცნებედ ჩაეღიმა. სანდრო რა საყვარელი იყო... თან ბოლოს როგორ უთხრა?! პასუხი დამაკმაყოფილებელიაო... საინტერესოა, ხვალ როგორ უნდა შეხვდეს? ან სანდრო რას მოიმოქმედებს? გოგონას გული მუცელში უვარდებოდა ხვალინდელი დღის წარმოდგენისას. თან შაბათია, სკოლაშიც არ უწევს წასვლა... ნიკს როგორ უნდა უთხრას უარი? ვაიმე, ნიკი!
- ანიკა, დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება. - შეუძახა საკუთარ თავს, შემდეგ კი საბანში მყუდროდ გაეხვია და ეცადა, დაეძინა. მისი მცდელობა მცდელობად დარჩა...
* * *
მეორე დილით ისეთი მზიანი დღე გათენდა, ანიკა საწოლიდან სიხარულით წამოფრინდა. რაც შემოდგომა დაიწყო, გოგონას ასეთი მზიანი დღე არ ახსოვდა. ან შეიძლება თვითონ ეჩვენებოდა ყველაფერი განსაკუთრებულად.
- დღეს დიდი დღეა, ჩემო ძვირფასო! არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდე! - ანიკამ სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ გაემართა. ამაღლებული განწყობის მიუხედავად, მაინც ძალიან ნერვიულობდა. ვერც ცხელი წყლის ჭავლმა უშველა, ვერც მისმა საყვარელმა, თმის ვარცხნის პროცედურამ. რაც უფრო ახლოვდებოდა დაბლა ჩასვლის დრო, მისი მუცელი მით უფრო ემსგავსებოდა რკინიგზის სადგურს. ბოლოს ისიც კი იფიქრა, ნეტავ გია და მარიკა სახლში იყვნენო, მაგრამ... მაგრამ რაც ანიკა აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, მათ თითქმის ვერ ხედავდა. დილით უთენია მიდიოდნენ სამსახურში, ღამით კი ან გვიან ბრუნდებოდნენ, ან საქმიან ვახშამზე იყვნენ. შაბათ-კვირასაც კი საქმები გამოუჩნდებოდათ ხოლმე. სულ თითზე ჩამოსათვლელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ისინი ერთად ვახშმობდნენ.
- ანიკა, ნუ ფიქრობ უაზრობებზე! ახლა ჩახვალ და დაელოდები, რას მოიმოქმედებს სანდრო. - შეუძახა საკუთარ თავს. მოკლე, ჯინსის შორტი და თხელი მაისური ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა.
კიბეზე ჩასვლისას მუხლები უკანკალებდა, სამზარეულოში შესვლისას მუხლებს მუცლის ტკივილიც დაემატა, ხოლო როდესაც სანდრო ბარის მაგიდასთან დასკუპებული დაინახა, მისმა გულმა ორმაგი ბრუნი გააკეთა და მუცელში ჩავარდა.
- დილა მშვიდობისა! - მიესალმა ყურებამდე გაღიმებული და ვარდისფერ ფინჯანში ყავა ჩამოისხა. მისი ღიმილი მაშინვე გაქრა, როდესაც სანდროს ცივი ხმა გაიგო.
- გამარჯობა. - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ყავის ფინჯანი მოიყუდა.
- მოხდა რამე?
- უნდა გელაპარაკო, ანიკა.
- რაზე? რა მოხდა? - სერიოზულად შეშფოთდა გოგონა.
- არ ვიცი, როგორ დავიწყო. - სანდრო ისე ღელავდა, თითქოს ვინმეს სიკვდილის ამბავი უნდა ეცნობებინა. - მოკლედ, გუშინ რაც მოხდა... ეს შეცდომა იყო.
- რა? - ხმა აუკანკალდა ანიკას, თვალები კი ცრემლებით აევსო. წამით, როდესაც სანდრომ თვალებში ჩახედა, თითქოს გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა, საკუთარ თავს შეახსენა, რომ ეს აუცილებელი იყო და გააგრძელა.
- გუშინ ორივე ნასვამები ვიყავით. შენც ბევრი დალიე და რაღაც სისულელე მოხდა. მოკლედ, ვწუხვარ გუშინდელის გამო და გპირდები, რომ აღარ განმეორდება.
- ნამდვილად აღარ განმეორდება! - ანიკამ ირონიულად ჩაიცინა, წამოხტა და ფინჯანი ნიჟარაში ჩაანარცხა, შემდეგ კი სანდროს მიუბრუნდა გაცოფებული: - არასდროს არ უნდა დალიო იმდენი, რომ სასმელმა გმართოს. მე ყოველთვის, ნებისმიერ მდგომარეობაში, პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებაზე და ვაცნობიერებ, რას ვაკეთებ, შენგან განსხვავებით. ამიერიდან შეგიძლია მშვიდად იყო, გუშინდელი ნამდვილად აღარ განმეორდება! - შემდეგ კი სამზარეულოდან ვამპირის სისწრაფით გავარდა საკუთარ ოთახში.
სანდროს და, სავარაუდოდ, თქვენი აზრითაც, ანიკა ბალიშში ჩაეფლობოდა და მთელ დღეს ტირილში გაატარებდა, მაგრამ ორივენი მწარედ შეცდით. ანიკამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც შემდეგ აუცილებლად ინანებდა. კედები ამოიცვა, შემოსაცმელს დაავლო ხელი და ისევ დაბლა ჩაირბინა. მისი ოთახის კარი ისეთი ძალით გაჯახუნდა, რომ სანდრო უკვე მისაღებში ელოდა.
- სად მიდიხარ?
- შენი საქმე არ არის!
- ანიკა, მაპატიე, თუ გაწყენინე.
- არ მწყენია, უბრალოდ მეჩქარება.
- სად მიდიხარ?
- ნიკთან! დაკმაყოფილდი? - ანიკა პირდაპირ აფრქვევდა ირონიას.
- არსადაც არ წახვალ! - ახლა სანდრო გაცოფდა.
- ბატონო? მაპატიე, მაგრამ შენ არავინ გეკითხება, როგორ გავატარებ თავისუფალ დროს! -მოუჭრა ანიკამ და კარი გაიჯახუნა.
მის გასვლასთან ერთად სანდროს ხელში მოქცეული ფინჯანიც კედელს შეეფშვნა.
* * *
ანიკამ სახლიდან გასვლისთანავე ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და ნიკს დაურეკა. გაცოფებას ისე მოეცვა, კარგად ვერც აცნობიერებდა, რას აკეთებდა.
- ნიკ, შეგიძლია შემხვდე? - მისალმების ნაცვლად პირდაპირ საქმით დაიწყო.
- ოჰ, გაგახსენდი? რაშია საქმე?
- ნიკ, ირონიის დრო არ მაქვს. შემხვდები თუ არა?
- რა ხდება, რანაირი ხმა გაქვს?
- ნიკოლას! საქმე მაქვს!
- კარგი, კარგი, დამშვიდდი. ახლავე წამოვალ. სად მოგაკითხო?
- სახლთან ვარ! - ანიკა ისეთი გაბრაზებული იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ესეც შენი კარგი დღე! როგორ გეგმავდა?! ჰმ! იმაზეც კი ნერვიულობდა, ნიკს უარი როგორ ვუთხრაო. უნამუსო! როგორ უთხრა, მთვრალი იყავი და სისულელე ჩავიდინეთო, არა?! გუშინ სულ არ ეტყობოდა, სისულელეს თუ აკეთებდა!
- უხხ, როგორ მინდა თავში რაღაც ჩავარტყა! - ანიკა მულტიპლიკაციური ფილმის გმირს ჰგავდა, რომელიც გაბრაზებისას ყურებიდან ბოლს უშვებს. თითებს იტკაცუნებდა, ფეხს ინაცვლებდა და მოუთმენლად ელოდა ნიკს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მივიდა. მისალმებაც არ აცადა, ისე მიუსკუპდა ბაიკზე.
- გამარჯობა! - გაეცინა ნიკს. - ჩაფხუტი მაინც დაიხურე. - გოგონას წითელი ჩაფხუტი გაუწოდა და ძრავა ააღმუვლა. - აბა, საით წავიდეთ?
- არ ვიცი, სადმე. უნდა გელაპარაკო.
- კარგი, მაშინ მოდი, ჩემს საყვარელ პარკში წაგიყვან. - ნიკმა ბაიკი ადგილს მოსწყვიტა. ანიკა იჯდა მოკლე შორტებსა და თხელ მოსაცმელში გამოწყობილი და ცალკე ამინდის გამო იყინებოდა, ცალკე ბაიკის სიჩქარისგან. ინანა, პირდაპირ რომ გამოვარდა სახლიდან, მაგრამ იქ გაჩერება აღარ შეეძლო. არა, რა ნამუსით უთხრა სანდრომ, არსადაც არ წახვალო?! აი, ახლა უყუროს, როგორ მოიქცევა ანიკა. საერთოდ არ მოშორდება ნიკს. მორჩა, გადაწყვეტილია, სათქმელი უნდა ითქვას!
- მოვედით, აბა, რისი თქმა გინდოდა? - ნიკმა ბაიკი პარკის შესასვლელთან გააჩერა და ანიკასთან ერთად შიგნით შევიდა. მზე ანათებდა, მაგრამ არ აცხუნებდა. შემოდგომისთვის უჩვეულოდ ნათელი ამინდი იყო.
- ნიკ, მინდა ბოდიში მოგიხადო გუშინდელის გამო. სანდროს არ სიამოვნებს ჩემი შენთან ურთიერთობა.
- და სანდროს აზრი ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის? ამის სათქმელად შემხვდი? -გაღიზიანებულმა შეაწყვეტინა ნიკმა.
- არა, ნუ მაწყვეტინებ! მისი აზრი სულ ფეხებზე მკიდია და არანაირი უფლება არ აქვს, ამიკრძალოს ვინმესთან ურთიერთობა, მით უმეტეს, იმის შემდეგ, რასაც ახლა გეტყვი. -ანიკამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისე წარმოთქვა, თითქოს სასიკვდილო განაჩენზე მოეწეროს ხელი: - თანახმა ვარ, შენი შეყვარებული გავხდე.
- მართლა? - ნიკს თვალები ისე გაუბრწყინდა, როგორც ორი წლის ბავშვს ნაყინის დანახვისას.
- მართლა... - გაეცინა ანიკას.
- მაგარია! - ნიკი სწრაფად შეეხო გოგონას ტუჩებს, შემდეგ კი მაგრად ჩაიხუტა. ვერ გეტყვით, ანიკა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო-მეთქი, მაგრამ გაბრაზებამ ცოტათი გადაუარა. ნიკი შესანიშნავი ბიჭია, არაჩვეულებრივი მანერებით, თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი. ანიკას აუცილებლად შეუყვარდება. სულ ცოტა დროა საჭირო.
გოგონა საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა, ნიკის კოცნას კოცნითვე პასუხობდა, ეხუტებოდა, უღიმოდა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. ხვდებოდა, რომ ცუდად მოიქცა, მაგრამ იქნებ შეუყვარდეს? ჯერ ხომ არ იცის, რა მოხდება მომავალში. ჰმ, რომ არ იცის, იმიტომაც მოიქცა ასე. აბა, რომ სცოდნოდა, რა სიურპრიზი ელოდა წინ... რას წარმოიდგენდა, რომ ცოტა ხანში ნატვრა აუხდებოდა. მაგრამ... მაგრამ ზოგჯერ ჯობია ნატვრადვე დარჩეს ის, რამაც ასრულების შემდეგ შესაძლოა იმედი გაგიცრუოს. შესაძლოა შენი კუმირი სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორადაც ოცნებებში ხატავდი. შესაძლოა ის ისეთივე ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იყოს, როგორიც ყველა. შენ კი, რომელიც მისგან გმირის სახეს ქმნიდი, იმედგაცრუებული და მწარედ გაღიმებული დარჩები...
* * *
ნიკმა ანიკა სახლში საღამოს მიიყვანა. თვითკმაყოფილი ღიმილით ეზოს კართან დიდხანს აბღუილებდა ბაიკს, ხოლო როდესაც სახლიდან გაცოფებული სანდრო გამოვარდა, ანიკა მშვიდად გადმოვიდა ბაიკიდან და ნიკს აკოცა. ბიჭმა წელზე მოხვია ხელები და ჩაიხუტა. ბოლოს ანიკა სანდროსკენ ისეთი ღიმილით შებრუნდა, წარბის აწევაღა აკლდა. სახეზე ეწერა: „დაინახე, რაც დაკარგე, იდიოტო!“. სანდრო კი ნელ-ნელა ივსებოდა სიბრაზით. ანიკა სახლში შევიდა თუ არა, მაშინვე შეჰყვა და კარი ხმაურიანად დაკეტა.
- სად იყავი ამ დრომდე? - მიმართა კიბისკენ მიმავალ გოგონას.
- ვერ დაინახე? თუ ზუსტი მარშრუტი გაინტერესებს? და საერთოდაც, რა შენი საქმეა? - ანიკას კარგად გამოსდიოდა თამაში.
- ანიკა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ...
- ...სანდრო, ძალიან გთხოვ, თავიდან არ დაიწყო რა! - მობეზრებულად გააწყვეტინა გოგონამ. - არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ნიკთან ურთიერთობა გავწყვიტო, მით უმეტეს, რომ ის ჩემი შეყვარებულია და სულ არ მაინტერესებს მასზე სხვების აზრი. - ანიკამ ფეხი კიბეზე შედგა, მაგრამ შემდეგ სანდროს მიუბრუნდა და დაამატა: - და მართლა, შენ არც ჩემი ძმა ხარ და მით უმეტეს, არც მამა. ასე რომ, არანაირი მიზეზი და უფლება არ გაქვს, ბიჭთან ურთიერთობა ამიკრძალო! - შემდეგ კი დემონსტრაციულად აუყვა კიბეებს და როდესაც თვალს მიეფარა, ყურებჩამოყრილი შევიდა ოთახში.
რატომ იქცევა ასე? იქნებ მართალს ეუბნება სანდრო ნიკთან დაკავშირებით? იქნებ მართლა იცის რამე? მაგრამ ნიკი რომ არაჩვეულებრივად ექცევა? ისეთი კარგია... დიახაც, სწორად იქცევა! არ იმსახურებს სანდრო, რომ ანიკამ მისი აზრი გაითვალისწინოს. დილით რაც მან უთხრა, შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. ანიკამ ძალიან დამცირებულად იგრძნო თავი და პირობაც დადო, რომ სანდროს ამას აუცილებლად ანანებდა. მართალია, ნიკის ამისთვის გამოყენება უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ანიკა მოახერხებდა როგორმე ამ ამბის ისე მოგვარებას, რომ მისთვის გული არ ეტკინა...
ფიქრები „სკაიპის“ ზარმა გააწყვეტინა, ელენე ურეკავდა.
- ელე, როგორ ხარ, ძვირფასო?
- ანიკა, ახლა მოიტანე წყალი, დაჯექი და კარგად მომისმინე! - ელემ ისეთი დამაინტრიგებელი ხმით უთხრა, გოგონას ცოტათი შეეშინდა კიდეც.
- რა მოხდა? ჩემები ხომ არ არიან ცუდად? კვირაზე მეტია, არ მილაპარაკია.
- არა, ყველანი კარგად არიან და ყველაფერი კარგადაა, თან ძალიან კარგად. ახლა დაჯექი და მომისმინე. აბა, თუ გამოიცნობ, დღეს ვინ მოგიკითხა?
- ბექამ? - დაბნეულმა გაიხსენა ანიკამ ყოფილი შეყვარებული.
- ვინ ბექამ, გიგაურმა? არა, მაგას ახალი შეყვარებული ჰყავს, ვიღაც მაკო. მაგრამ ეს ახლა რა შუაშია. მოკლედ, მოვდივარ სკოლიდან და შენს კორპუსთან მესმის ბაიკის ხმა!
- ვაიმე! მოსული იყო?
- მოსული კი არა, თავის ძველ ბინაში გადმოვიდა!
- რა? რა იცი? - თვალები გაუბრწყინდა ანიკას.
- თუ დამაცდი თქმას, გაიგებ! მთავარი წინაა, აბა, მოემზადე!
- ნუ მომკალი, მალე!
- მოკლედ, გავუარე გვერდით და მაჩერებს...
- რა? რა უნდოდა?
- ანიკა, დამაცადე!
- კარგი, ბოდიში.
- გამაჩერა და მეკითხება: შენ ანიკას დაქალი არ ხარო? შოკში ჩავვარდი. რამდენი ხანია, აღარ დამინახავს, ხომ კარგად არისო. თითქმის ერთი თვეა, უკან გადმოვედი და არც ერთხელ არ გამოუხედავს ბაიკის ხმაზეო.
- ვა-ი-მე! ღმერთო ჩემო! მართლა? მართლა მეუბნები? ელენე!
- დამშვიდდი და მომისმინე! მე ვუთხარი, რომ ნიუ-იორკში ხარ, სკოლიდან გაუშვეს გაცვლითი პროგრამით-მეთქი. გაუხარდა, რა მაგარიაო. მერე შენი გვარი მკითხა და დამემშვიდობა. გამოვშტერდი, ისე გამიკვირდა.
- დედას გეფიცები, გული ცუდად მაქვს. ჩემი გვარი რაში აინტერესებდა?
- ჭკვიანო! შედი აბა ინტერნეტში.
- არ არსებობს! - წამოიკივლა ანიკამ და თვალები გაუბრწყინდა. - დამატების მოთხოვნა გამომიგზავნა!
- დაამატე მერე! - გაეცინა ელენეს დაქალის დაბნეულობაზე.
- ვაიმე, არ მჯერა! ახლა რატომ გავახსენდი? მთელი ერთი წელი ყველანაირად თვალში ვეჩხირებოდი და ვერ მამჩნევდა, ახლა რამ გაახსენა ჩემი თავი?
- ყურადღება შემოაკლდა ალბათ და გაუკვირდა, რატომ აღარ იყავი აივანზე გადაკიდებული მისი ბაიკის ხმის გაგონებისას.
- შეიძლება, მაგრამ მაინც ძალიან მიკვირს მისი ეს საქციელი. რამ გადარია ამხელა კაცი? -ჩაფიქრდა ანიკა და შემდეგ უცბად წამოიკივლა. - მომწერა!
- შენ მე მალე დამაყრუებ! - დასცინა ელემ. - ახლა წავალ, შენ შენს ბაიკერს მიხედე! -დაემშვიდობა მეგობარი და დატოვა მარტო აციმციმებული მონიტორის წინ. ანიკა სასიამოვნოდ გაოგნებული იყო და არ სჯეროდა რომ ეს მის თავს ხდებოდა. რატომ გაახსენდა „მას“ მაინცდამაინც ახლა? ან საერთოდ რატომ გაახსენდა? ანიკა ხომ მისთვის არაფერს წარმოადგენდა. უბრალოდ ერთხელ წერილი დაუწერა, ბაიკზეც შემოუსკუპდა და მორჩა, მეტი არაფერი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანიკა მასზე ოცი წლით უმცროსი იყო. იყო პერიოდი, როცა ფიქრობდა, რომ ბაიკი არაფერ შუაში იყო და სინამდვილეში ის მოსწონდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... ჯერ დაზამთრდა და ანიკას ბაიკის ხმა სამი თვე აღარ გაუგია. მხოლოდ ხანდახან, მზიან ამინდებში თუ მოესმებოდა ნაცნობი ძრავის გუგუნი. შემდეგ რკინის რაშის მხედარმა ბინა შეიცვალა და ის ცალმხრივი კავშირიც გაწყდა, რომელიც მას და ანიკას ჰქონდათ. მოგვიანებით ანიკას კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა, ბექა... ერთ თვეში ის და ანიკა უკვე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ არც მათი ურთიერთობა აეწყო. ზაფხულმა ყველაფერი გააფუჭა და სანამ გოგონა ნიუ-იორკში წამოვიდოდა, დაშორდა კიდეც. ბექამ ეს ამბავი ისე მშვიდად მიიღო, თითქოს არც გაჰკვირვებია. საერთო ჯამში, თუ ბოლოს რბოლაზე თვალის მოკვრას არ ჩავთვლით, უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული, რაც ანიკას „ის“ არ ენახა და ახლა, ასე მოულოდნელად და სრულიად დაუჯერებლად გამოჩნდა.
„-გამარჯობა! იმედია, მიცანი. როგორ ხარ? - ანიკას სუნთქვა შეეკრა ამის წაკითხვისას და თვალები დააჭყიტა.
- გამარჯობა. გიცანი, რა თქმა უნდა. კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად. დღეს შენი მეგობარი ვნახე. მან მითხრა, სადაც იყავი. გამიკვირდა, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი.
- ვიცი, მითხრა ელემ. რატომ დაბრუნდი?
- ვერ შევეგუე ახალ სახლს. შენ შეეჩვიე ნიუ-იორკს თუ მანდ არ არიან ლურჯი „იამაჰას“ მხედრები?
- როგორ არა. ჩემს მეგობარსაც „იამაჰა“ ჰყავს, მაგრამ წითელი...
- კარგია... - უხერხული პაუზა ჩამოწვა. ანიკა ვერ ხვდებოდა, რა უნდა მიეწერა. არაკომფორტულად და დაძაბულად გრძნობდა თავს.
- რატომ მომძებნე? - მისწერა ბოლოს და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს, რომელმაც ცოტათი დააგვიანა კიდეც.
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი. უბრალოდ, იმდენად შეჩვეული ვიყავი ჩემი ძრავის გუგუნისას შენს მზერას, რომ გამიკვირდა, როცა ვეღარ დაგინახე. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩემი დანახვა აღარ გინდოდა, შემდეგ ვერც რბოლაზე შეგნიშნე და მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო.
- იქნებ უბრალოდ ბაიკები აღარ მაინტერესებდა?
- არა, შეუძლებელია.
- რატომ? არ შეიძლებოდა გადამყვარებოდა? სამყარო მხოლოდ შენ გარშემო ხომ არ ბრუნავს. - თვითონაც არ იცოდა, რატომ მისწერა ასე, მაგრამ ძალიან გაბრაზდა.
- ანიკა, ეგ არაფერ შუაშია. შეუძლებელია ასე უბრალოდ გადაგიყვარდეს ის, რაც მართლა გიყვარს. აქ მე არაფერ შუაში ვარ. მე უბრალოდ პატარა ბიძგი მოგეცი, რომ ბაიკები ასეთ დონეზე შეგყვარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩემ გამო არ დადიოდი რბოლებზე.
- მით უმეტეს, რომ არც ვიცოდი, ბოლო რბოლაზე საერთოდ თუ მოგკრავდი თვალს.
- მართალია. რაღაც მინდა გკითხო...
- გისმენ.
- წერილი რატომ დამიწერე?
- რა? წერილი?
- ჰო, წერილი, ოცდაორ სექტემბერს. თავიდანვე მივხვდი, რომ შენი დაწერილი იყო.
- როგორ მიხვდი?
- შენ გგონია, მანამდე ვერ გამჩნევდი? ეზოში რამდენჯერაც დამინახავდი, თვალები გიბრწყინდებოდა და მეგობართან ერთად ქართულ, ტრადიციულ ჭორაობას აჩაღებდი. თან წერილში ისეთი სიტყვები გეწერა... ცოტა ხნის შემდეგ რომ მითხარი, ერთი წელია მინდოდა თქმა და ვერ ვბედავდიო, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შენი დაწერილი იყო.
- რატომ არაფერი მკითხე?
- რა აზრი ჰქონდა? ისედაც დარწმუნებული ვიყავი. თან არ მინდოდა დამებნიე მაშინ, როდესაც ისედაც ძლივს გაბედე და მოხვედი.
- გმადლობ.
- სამადლობელი არაფერია. ბედნიერი ვარ, რომ შენი პირველი ოცნების ასრულებაში მე დაგეხმარე.“
იმ დღისით საუბარი ასე დაასრულეს, მაგრამ ანიკამ გონებაში მილიონი გაგრძელება მოუფიქრა. რატომღაც უკმაყოფილო იყო, თუ იმედგაცრუებული. ადრე სადღაც წაიკითხა, ყოველგვარი იმედგაცრუების მიზეზი მეტის მოლოდინიაო და დღეს საბოლოოდ დარწმუნდა ამაში. რატომ ელოდა რაღაც განსაკუთრებულს? ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია. მაგრამ ანიკამ მისგან გმირი შექმნა, ლურჯ ბაიკზე ამხედრებული რაინდი... რა უნდა ქნას ახლა? ასეთ გაურკვევლობაში პირველადაა. სანდრო ძალიან მოსწონს, მაგრამ მასზე ისეთი გაბრაზებულია, ურჩევნია, თვალშიც არ მოხვდეს. ნიკი კი ძალიან საყვარელი და მზრუნველია, მაგრამ სიმართლეს ხომ ვერ გაექცევა? არ უყვარს ეს ბიჭი! რა უნდა ქნას, როგორ მოიქცეს? დაიღალა ამ ყველაფრით. ძველი დრო მოენატრა. მის ერთადერთ საზრუნავს საყვარელი გადაცემის ახალი ეპიზოდი რომ წარმოადგენდა, ის დრო. მშვიდი, თბილი და კეთილი. ელენესთან ერთად პოპკორნმომარაგებული რომ იჯდა ტელევიზორის წინ და ინტერესისგან ცქმუტავდა. რაც აქ ჩამოვიდა, იმის შემდეგ სულ ენატრებოდა თბილისი და მშობლიური სახლი, მაგრამ მშობლებს ხშირად მაინც არ ურეკავდა, რადგან მათთან საუბრის შემდეგ მონატრება კიდევ უფრო უძლიერდებოდა და ცუდ ხასიათზე დგებოდა. ახლა კი დაუფიქრებლად დააჭირა „სკაიპში“ მწვანე ღილაკს და დედის დანახვისას თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ატირებულიყო. აი, ლიკას კი ღვარღვარით სდიოდა ცრემლები.
- როგორ მომენატრე, დედიკოს სიხარულო. სად დაიკარგე ამდენ ხანს? როგორ ხარ, რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი და კარგი?
- მეც ძალიან მომენატრე, დე. და გთხოვ, ნუ ტირი. მაპატიე, დიდი ხანია არ შეგხმიანებივართ. ჩემთან ყველაფერი კარგად არის, სკოლაშიც და მეგობრებთანაც. მამა როგორ არის? თქვენ და ნინი როგორ ცხოვრობთ?
- ჩვენც კარგად ვართ, საყვარელო. მამა სამსახურშია. ერთია კვირაა საგიჟეთი აქვს. ახალი პარტია გააქვთ ესპანეთში და დღე-ღამეში სამი საათი თუ სძინავს მხოლოდ. ნინიც კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ჭკვიანი. ახლა ისიც ბებია-ბაბუასთანაა წასული და მე ვარ მარტო. აბა, მომიყევი, დე, როგორ ერთობი? ვინმე ხომ არ გამოჩენილა თეთრი რაშით?
- არა, თეთრი რაშით - არა. - გაეცინა ანიკას და ჰელოუინის სამზადისიდან მოყოლებული, ყველაფერი მოუყვა. ნიკზეც გადაუკრა ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ სანდროსა და ლურჯი ბაიკის მხედრის ისტორია დროებით საიდუმლოდ შეინახა. აუცილებლად ეტყოდა ყველაფერს მოგვიანებით, მაგრამ ჯერ საკუთარ თავში უნდა გარკვეულიყო. არც ტერორისტის შესახებ უთქვამს არაფერი. ლიკა ძალიან ემოციური ქალი იყო და არ უნდოდა, ენერვიულებინა. ძალიან დიდხანს ილაპარაკეს. იმდენად დიდხანს, რომ ამასობაში ნინიც დაბრუნდა და ანიკა მასაც ელაპარაკა. ძალიან საყვარელი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა. თბილი და ყურადღებიანი. ელენესთანაც კარგად აუწყია ურთიერთობა, სკოლაშიც. ანიკამ ბევრი მსგავსება დაიჭირა და ბედნიერად იგრძნო თავი. ცოტა არ იყოს, ეგოისტურად გამოსდიოდა, მაგრამ უხაროდა, რომ მარტო თვითონ არ იყო ასეთ მდგომარეობაში, მარტო თვითონ არ უტევდა მონატრება და მარტო თვითონ არ ათენებდა ღამეებს. და ეს ღამეც გაათენა. წინ კი ახალი დღე და საინტერესო თავგადასავალი ელოდა. სულ მალე ყველაფერს ფარდა აეხდებოდა...
ნათია ჯაგოდნიშვილი
წინა თავები იხილეთ ნოველების კატეგორიაში