სკოლაში უცნაური არეულობა იყო. რაღაცისთვის ემზადებოდნენ. ანიკა ნიკთან ერთად მივიდა და ძლივს შეაღწია შენობაში. ისეთი სამზადისი იყო, თითქოს ვინმე დიდებულს ელოდნენ.
- რა ხდება, გუბერნატორი მოდის? - წამოსცდა ანიკას და უცბადვე ენაზე იკბინა.
- არა, მამას არაფერი უთქვამს. - გაეცინა ნიკს. - მაგრამ მეგის ნამდვილად ეცოდინება, ის ხომ სკოლის სული და გულია.
- კი, მაგრამ მგონი, ახლა სკოლის თვალები და ყურები უფრო გვჭირდება. - აჰყვა ანიკაც.
- ანიკა! - წამოიკივლა ჯესიკამ მათ დანახვაზე.
- ზუსტად ახლა გახსენებდით! - გაეცინა ნიკს. - რა ხდება, ვინმეს უნდა დავხვდეთ?
- არა, თუ - კი. არ ვიცი. მოკლედ, ცნობილს არავის, მაგრამ აბა, გამოიცანი, დღეს ვინ ბრუნდება? ვიქტორია!
- ოჰო, დღეს დიდი დღე ყოფილა! - გაეცინა ნიკს. - მოდი, მე დაგტოვებთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით! - ბიჭმა ჯესიკა გადაკოცნა, ანიკას მსუბუქად აკოცა და წავიდა.
- უკვე ორი კვირაა, რაც შეყვარებულები ხართ, მაგრამ ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ თქვენით! - აკივლდა ჯესიკა.
- ჩუ! რა გაყვირებს? - გაეცინა ანიკას. - ვიქტორია ვინაა?
- ოო, ვიკი ჩვენი სკოლის დედოფალია. - ჩაიფხუკუნა გოგონამ. - მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი, ყველაზე პოპულარული გოგო მთელ სკოლაში. რაც კი რამ ჩატარებულა სკოლაში, ყველგან ის იღებს დედოფლის სტატუსს. ამჟამად სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანს ხვდება. მასთან ურთიერთობა მას შემდეგ გააბა, რაც ნიკი დაშორდა. - უცბად ჩამოურაკრაკა ჯესიკამ ყველაფერი და ბოლოში ენაზეც იკბინა.
- მოიცა, ეგ და ნიკი შეყვარებულები იყვნენ? და ნიკმა ასეთი გოგო მიატოვა? კი მაგრამ, რატომ? - გაუკვირდა ანიკას.
- ამმ, არ ვიცი. ალბათ, ერთმანეთს ვერ გაუგეს... - ჯესიკას ტვინი გამალებით მუშაობდა რამე რეალურის მოსაფიქრებლად.
- ჯეს, აბა, შემომხედე, სულელს ვგავარ? თუ არასაკმარისად გიცნობ იმისთვის, რომ მივხვდე, როდის მატყუებ?
- ანიკა, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რატომ დაშორდა ნიკი თავის ყოფილ გოგონებს? მთავარია, რომ ახლა ერთად ბედნიერები ხართ.
- ჯეს, მინდა ვიცოდე, რომ იგივე შეცდომა მეც არ დავუშვა. - სახელდახელო ტყუილი მოიფიქრა ანიკამ და მეგობარს კნუტის თვალებით გახედა. - ნუთუ არ დამეხმარები, რომ ნიკთან ერთად ბედნიერი ვიყო?
- ანიკა, გთხოვ, ნუ ართულებ. ვიკის არაფერი დაუშავებია. პირიქით, ნიკი იმის გამო დაშორდა, რომ სხვა შეუყვარდა. სრულიად უმიზეზოდ მიატოვა. ვიკიმ კი ეს ვერ მოინელა და მას შემდეგ სიცოცხლეს უმწარებს.
- ვის გამო დაშორდა? ვიცნობ?
- ანიკა, რა გჭირს? ნუ იქექები წარსულში!
- ჯეს, თუ ეს ასეთი უმნიშვნელოა, რატომ არ მეუბნები? იცი, რომ ეჭვიანობის სცენებს არ მოვაწყობ, მით უმეტეს, წარსულის გამო. უბრალოდ მინდა ვიცოდე, ვის გამო დაშორდა ნიკი ვიქტორიას. სხვა თუ არაფერი, კონკურენტს ხომ მაინც უნდა ვიცნობდე, რომ ფრთხილად ვიყო?!
- მმ, კარგი, გეტყვი, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: ამ საქმეს შეეშვები და საერთოდ დაივიწყებ, კარგი?
- გპირდები! - ანიკამ ყოველი შემთხვევისათვის ზურგსუკან თითები გადააჯვარედინა.
- ნიკი ვიქტორიას ნინის გამო დაშორდა. - ისე სწრაფად თქვა ჯესიკამ, ანიკას დაკვირვებით რომ არ ესმინა, ვერც გაიგებდა.
- რა? რატომ?
- ანიკა, შენ მე დამპირდი. მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს. ნუ ღელავ, ისინი მაინც მალე დაშორდნენ. ნინი სხვანაირი გოგოა და მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. ახლა კი, რაც შეეხება ვიკის. აქედანვე გაფრთხილებ, თვალში ცუდად არ მოხვდე, თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებს, მით უმეტეს, რომ ახლა ნიკის შეყვარებული ხარ. მოკლედ, უფრთხილდი ჩვენს „ბარბის“.
- ჯეს, შენ რა, დამცინი? თუ ფიქრობ, რომ ვინმეს, მით უმეტეს, „ბარბის“, უფლებას მივცემ, თავის ჭკუაზე მატაროს, ძალიან ცდები, საყვარელო! ვნახოთ, ვინ არის ეგ თქვენი ვიკი! -ანიკამ სიტყვა დაამთავრა თუ არა, მაშინვე სკოლის მთავარი კარი გაიღო და ქერა ლამაზმანი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლების კაკუნით შემოვიდა. ანიკამ ვერც შენიშნა, ისე დააღო პირი, რომელიც შემდეგ ასევე შეუმჩნევლად დაახურინა ჯესიკამ. მათ წინ მართლაც რომ ბარბის პარამეტრების გოგონა იდგა. გრძელი ფეხებით, წვრილი წელით, სავსე მკერდით და სწორი, ქერა თმით. გოგონამ მზის სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და გრანდიოზულ ჰოლს მზერა მოატარა. შემდეგ ყველაფერი დაახლოებით ისე განვითარდა, როგორც ფილმებში ხდება: ღმერთმა უწყის, საიდან, ვიკის წინ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ რა თქმა უნდა, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ყველანი თავს ეხვეოდნენ, ეკითხებოდნენ, როგორ დაისვენა, რამდენი ქვეყანა მოიარა და ასე შემდეგ. ისეთი სიჩქარით მირბოდნენ მის სანახავად, რამდენიმემ ანიკას მხარიც კი გაჰკრა. ეს უკანასკნელი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შოკში იყო.
- წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება სკოლაში, სტუმრად ანჯელინა ჯოლი რომ გვესტუმროს. - გაოგნებულმა გადაუჩურჩულა ჯესიკას და ჰოლიდან გაჭირვებით გააღწია კლასამდე, რომელშიც, რა თქმა უნდა, მასწავლებლის გარდა არავინ იყო. მისტერ სანდერსმა ცხვირი აიბზუა გოგონების დანახვისას და კვლავ თავის ქაღალდებში ჩაეფლო. იმ ინცინდენტის შემდეგ რაღაცნაირად შეიცვალა. ვერ გეტყვით, ანიკას სიტყვების გამო მოხდა ეს თუ თავისთავად, მაგრამ ახლა ყოველგვარი „შემთხვევითი შეურაცხყოფების“ გარეშე მიმდინარეობდა დიალოგი მასა და ანიკას შორის. მათი საუბრები ცივ ომს უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალო უსიამოვნებას. ყოველთვის ცდილობდა, ანიკა რამეში გამოეჭირა, მაგრამ გოგონა ამაყად, გაღიმებული ეუბნებოდა შეკითხვებზე სწორ პასუხებს და ისეთი სახით უყურებდა, მხოლოდ წარბის აწევაღა აკლდა. ანიკამ რამდენჯერმე ისიც კი გაიფიქრა, ამას ისევ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი მირჩევნია, როგორც იტყვიან, იყეფება, მაგრამ არ იკბინებაო. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სკოლა შეიცვალა და თან ეს მის ცხოვრებაში პირველად მოხდა, გაცილებით დააფასა თავისი ძველი მასწავლებლები. მართალია, სწავლის დონით აქაურებს ვერაფერს დაუწუნებდა, მაგრამ მაინც ისინი ერჩივნა, რომლებიც ბავშვობიდან იცნობდნენ, ხშირად მოსწავლეებს გვერდში ედგნენ და პატარა წვრილმანებზე (ზოგჯერ დიდზეც) თვალს ხუჭავდნენ. შეიძლება ასე ახლა ეჩვენებოდა, როცა მათგან შორს იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...
კუთხეში მყუდროდ მოკალათებულ ანიკას ფიქრები ზარის ხმის ნაცვლად ბავშვების ხმაურმა გაუფანტა. ჰმ, რა გასაკვირი იყო, კლასში ხომ ვიკი შემოვიდა. სანდერსი მის აღფრთოვანებულ მოკითხვას მოკლედ მოჭრილი პასუხებით შეხვდა და კვლავ თავისი საქმე გააგრძელა. ესეც ამ ადამიანის ერთი, არა, უკაცრავად, ერთადერთი პლუსი. ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაეფხუკუნა. ამ დროს კლასში ნიკიც შემოვიდა, რომელიც გვერდით მიუჯდა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით მის ტუჩებს. აი, აქ დამთავრდა ყველაფერი! თუ დაიწყო... მოკლედ, ეს თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, მე კი ვიტყოდი, რომ დასასრულის დასაწყისი დაიწყო...
ვიქტორიამ ერთი ხელის აქნევით მოიშორა შემოხვეული ბავშვები და ანიკას წამოადგა თავზე, რომელიც ნიკთან საუბრით ისე იყო გართული, ეს ყველაფერი მანამ არ შეუმჩნევია, სანამ საკლასო ოთახში ავისმომასწავებელი სიჩუმე არ ჩამოწვა. სიტუაციის დრამატიზმის უკეთ აღსაქმელად იმასაც გეტყვით, რომ თვით ეკონომიკის მასწავლებელმაც კი ამოყო თავისი გრძელი ცხვირი იმ ქაღალდებიდან, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა.
- შენ ახალი ხარ? - ვიკიმ ეს დაახლოებით ისეთი ტონით ჰკითხა, თითქოს იმ საკანში, რომელშიც თვითონ იყო „უფროსი“, ახალი პატიმარი შეეყვანათ.
- პირველ რიგში, გამარჯობა. - უდარდელად გაუღიმა ანიკამ. - მეორე რიგში - კი, ახალი ვარ და მესამე რიგში - რამე პრობლემაა?
- კი, პრობლემაა, ძვირფასო, ოღონდ ეს პრობლემა შენ გაქვს, რადგან ჩემს ადგილას ზიხარ. -ირონიულად ჩაიცინა ვიკიმ. თხუთმეტი წყვილი თვალი და მისტერ სანდერსის სათვალეც კი ანიკას მიაშტერდა პასუხის მოლოდინში.
- უკაცრავად, მაგრამ მე როდესაც ამ კლასში პირველად შემოვედი, თავისუფალი ადგილი დავიკავე. ოუ, ბოდიში, შემთხვევით შენს ადგილში ნიკის გვერდით ჯდომას ხომ არ გულისხმობდი? - „შეწუხდა“ ანიკა და ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, კინაღამ თვითონაც ირწმუნა საკუთარი სიტყვების „გულწრფელობა“.
- გოგონი, იცი, რას...
- ...ანიკა! - ღიმილით შეაწყვეტინა ვიკის.
- რა?
- რა კი არა, ვინ. გოგონი არა, მე ანიკა მქვია.
- აი, ძალიან არ მაინტერესებს შენ რა გქვია, რა! - წაისისინა ვიკიმ. შემდეგ კი კვლავ „არისტოკრატული“ ტონით განაგრძო. - თუ შეიძლება, სხვაგან გადაჯექი, ეს ჩემი ადგილია.
- მგონი, უკვე გასაგებად გითხარი. ეს შენი ადგილი იყო, ახლა აქ მე ვზივარ. - ანიკა ღიმილს არ იშორებდა სახიდან, მაგრამ სამწუხაროდ, მიამიტი გოგონას როლის თამაში ზარის, შემდეგ კი მასწავლებლის ხმამ შეაწყვეტინა.
- დაიკავეთ თქვენი ადგილები, დასაკარგი დრო არ გაქვთ.
- მისტერ სანდერს, ჩემს ადგილას ეს გოგო ზის, იქნებ დამეხმაროთ... - გაინაზა ვიკი.
- ლინდსის გვერდით არის თავისუფალი ადგილი.
- კი მაგრამ, ის ხომ ჩემი ადგილია! - სიბრაზისგან ჭარხლისფერი დაედო „ბარბის“.
- ვიქტორია, დაიკავე თავისუფალი ადგილი, შენს კაპრიზზე დროის დახარჯვა სისულელე იქნება, მით უმეტეს, რომ ტესტი უნდა წეროთ! - ბოლო ფრაზის მოსმენის შემდეგ არც ერთ მოსწავლეს აღარ აღელვებდა ვიკის და ანიკას ჯერჯერობით მოკლემეტრაჟიანი შოუ. კლასში ისევ საშინელი ხმაური ატყდა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მოულოდნელად დანიშნული ტესტის გამო მოხდა. ვიკიმ კი ანიკა მზერით განგმირა და თავისუფალ მერხთან დაჯდა. მულტიპლიკაციური ფილმის გმირი რომ ყოფილიყო, ალბათ, ყურებიდან ბოლსაც გაუშვებდა. აი, ანიკა კი სახიდან ღიმილს არ იშორებდა. გულში ამაყად გაიფიქრა: „ესეც შენი ერთით ნოლი, ძვირფასო“ და შემდეგ ტესტის წერას შეუდგა. უკვე ვეღარაფერი გაუფუჭებდა ხასიათს...
ჰმ, ისევ შეცდა!
* * *
ტესტმა მშვენივრად ჩაიარა. ანიკა სულ გაბრწყინებული სახით ხაზავდა სწორ პასუხებს. თავი იმ ჰოლივუდური ფილმის გმირი ეგონა, სკოლის მოსწავლეებსა და მათ ისტორიებზე რომ იღებენ ხოლმე. ინტერესი კლავდა, რა მოხდებოდა გაკვეთილის შემდეგ. ვაითუ თმაში სწვდა ის სულელი „ბარბი“. აი, ამას კი აღარ შეარჩენდა ანიკა. მეტი არ უნდა, რამე ზედმეტი გაუბედოს. ჰმ, ვინ ჰგონია თავი!
- ანიკა, მეთორმეტეში რომელი შემოხაზე? - უჩურჩულა ჯესიკამ, რომელიც მის წინ იჯდა და სკამით ანიკას მერხს აწებებოდა. მისტერ სანდერსი მათ იმ შემთხვევის შემდეგ ერთად აღარ სვამდა, რაც ჯესიკას ნიშნებს აშკარად შეეტყო. ანიკამ მხოლოდ ჯესის ხმის გაგონებისას მოავლო კლასს თვალი და მიხვდა, რომ ბავშვები ცუდ დღეში იყვნენ. ზოგი პროფესიონალურად იწერდა კონსპექტიდან, ზოგიც - გვერდით მჯდომის ტესტის ფურცლიდან. მხოლოდ სამი-ოთხი წერდა თავისით, მშვიდად და აუღელვებლად. „ბარბიც“ წერდა, მაგრამ ღმერთმა უწყის, რას. ანიკას გვერდით რიგში, მისი მერხის გასწვრივ იჯდა, მაგრამ ანიკა დარწმუნებული იყო, რომ მომკვდარიყო, „მისი ადგილის დამკავებელს“ დახმარებას არ სთხოვდა. როგორ ასწავლოს ჭკუა?
- ჯეს, მეთორმეტესა და მომდევნო სამ კითხვაში მონაცვლეობით შემოხაზე A და C ვარიანტები. თავისუფალი კითხვის პასუხსაც გიკარნახებ ცოტა ხანში. მისმინე, „ბარბის“ არ სჭირდება დახმარება?
- უჰ, რა ვიცი, სად მაქვს მაგის დარდი. მაგის ტვინს მხოლოდ ერთი ნაოჭი აქვს და ისიც არასწორად მუშაობს, რას დაწერს?! - უპასუხა ჯესიკამ და ტესტზე მუშაობა განაგრძო.
ანიკა ხვდებოდა, რომ ბოროტული აზრი აწუხებდა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა, ისე უნდოდა ამის გაკეთება. უნდოდა, ვიკი გაეფრთხილებინა, რომ მასთან თავისი ხრიკები არ გაუვიდოდა.
- ნიკ, „ბარბი“ წერს? - გადაუჩურჩულა მის გვერდით მჯდარ ნიკს, რომელიც ასევე უპრობლემოდ ხაზავდა ტესტებს.
- რაში გაინტერესებს, შენი ტესტი არ გყოფნის? თუ ვერ წერ, მე დაგაწერინებ. შეეშვი ვიკის, თორემ თუ გადაგემტერა... - გოგონა ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა, მით უმეტეს, მისგან. რატომ დაიცვა ვიკი? თუ ანიკას მოეჩვენა?
- ნიკ, დათუნია, შეგიძლია ბოლო ოცი კითხვის პასუხი მომწერო? - ვიკიმ ნიკოლასს გადაუჩურჩულა და თვალები ააფახულა. ეს ბოლო წვეთი იყო ანიკას მოთმინების ფიალაში.
- ნიკ, ეს ამოცანა ვერაფრით ამოვხსენი. გთხოვ, დამეხმარე და იმას მე გადავუწერ მანამდე პასუხებს. - თვალების ფახული არც ანიკამ დააკლო. ნიკი კი, როგორც იტყვიან, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. სწრაფად, ისე, რომ მასწავლებელს ვერ შეემჩნია, თავისი და ანიკას ტესტის ფურცლები გაცვალა და გოგონას მითითებულ ამოცანაზე მუშაობას შეუდგა. ანიკამ კი ამასობაში დრო იხელთა და ფურცლის ნაგლეჯზე ტესტის პასუხების გადაწერა სარკისებურად დაიწყო. ყველაფერი აურია! ასეთი ტესტი მასწავლებლისთვის რომ ეჩვენებინა, ალბათ, თავზე დააფხრეწდა, მაგრამ ძალიან გაბრაზდა. არა, როგორ უთხრა „ბარბიმ“? ბოლო ოციო! ჰმ! ალბათ, პირველი ათი კითხვის პასუხი სხვა დათუნიამ დაუწერა. ანიკას კიდევ უფრო მოემატა გაბრაზება და „სრული სიზუსტით“ გადაწერა ყველაფერი. დაკუჭული ფურცელი ნიკს მიაჩეჩა, მან კი ვიკის გადააწოდა და ანიკასაც დაუბრუნა თავისი ტესტი, უკვე ამოხსნილი ამოცანით. მართალია, გოგონას აქამდეც გაგონილი ჰქონდა ლეგენდები ქერების ინტელექტზე, მაგრამ არ ეგონა, თუ ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. ვიკიმ ყველაფერი ისე გადაწერა, არც დაფიქრებულა და ბოლოში, ერთადერთი ღია კითხვის გრაფაში, ანიკას ხელით მიწერილი „Fuck you, bitch!”-იც მიამატა გაკვირვებული სახით. ესეც ასე, გეგმა განხორციელებულია! ახლა მთავარია, როდის აფეთქდება მისტერ სანდერსი. არა, ნუთუ მართლა ასეთი სულელია ეს გოგო? ვიქტორია ამაყად წამოდგა და თეძოების რხევით მიუახლოვდა მასწავლებლის მაგიდას. მოხდენილად დაიხარა და ტესტის ფურცელი მაგიდაზე დაუდო.
- შეიძლება კლასი დავტოვო? - გაინაზა ვიქტორია, მისტერ სანდერსი კი მის მცდელობას სრულიად გულგრილი და არაფრისმთქმელი მზერით შეხვდა.
- საკუთარი ადგილი დაიკავე, სტოუნ! ზარი მალე იქნება და გახვალ. - ვიკი მდუღარეგადავლებულივით გამოეცალა მაგიდას და ის იყო, მერხთან მოწყვეტით უნდა დაშვებულიყო, რომ ანიკამ სამამდე დაითვალა და მთელი კლასი ღრიალმა შეძრა.
- რა არის ეს? - მისტერ სანდერსი ერთიანად გაწითლდა. ისეთი გაცოფებული ქშინავდა, კორიდაზე მორბენალი ხარი გეგონებოდათ. - სტოუნ, რა არის ეს, დამცინი? - თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა კაცმა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს საზარდულში წიხლი ჩააზილესო.
აი, ვიკის სახეს კი ასე ხატოვნად ნამდვილად ვერ აღვწერთ. ის აკვარიუმიდან ამოვარდნილი თევზის თვალების უყურებოდა მასწავლებელს და ვერ გაეგო, რატომ დაატყდა თავს მისი რისხვა.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, მისტერ სანდერს. - ენაბლუსავით ამოილაპარაკა გოგონამ.
- გაჩუმდი და დირექტორის კაბინეტში წამომყევი, ახლავე! - ამოიგმინა კაცმა. ყველანი გაკვირვებულები უყურებდნენ, მისტერ სანდერსი ასეთ მდგომარეობაში არასდროს ენახათ.
- ანიკა, რა გააკეთე? - გადაუჩურჩულა ნიკმა, გოგონამ კი ისეთი სახით გაიკვირვა, მე რა შუაში ვარო, თითქმის ბოდიშიც მოახდევინა. ნიკს კი მოუსვენრობა დაეტყო, მიხვდა, რომ ვიკი არაფერ შუაში იყო და სანამ გაიაზრებდა, მანამ წამოდგა ფეხზე.
- მისტერ სანდერს, ვიკი არაფერ შუაშია. - ანიკამ თვალები ჭყიტა. რას აკეთებს, გაგიჟდა? -ტესტის ფურცელი მე მივეცი.
- რაო? - ხელმეორედ იფეთქა კაცმა. - ჯერ როგორ გაბედეთ, რომ გადაგეწერინებინათ და შემდეგ ასეთი რამ? ვიქტორიას დასცინეთ თუ მე? როგორ დააწერინეთ თავისუფალი კითხვის პასუხად „Fuck you, bitch!”? - ახლა ნიკმა ჭყიტა თვალები და ანიკას გახედა, რომელიც სკამზე ისე ჩასრიალდა, კინაღამ მერხის ქვეშ შეძვრა.
- ეს ყველაფერი გაუგებრობაა, გეფიცებით! უბრალოდ, ტესტს ვერ ვწერდი, გავბრაზდი და ფურცელზე ის სიტყვები მივაწერე, რომელიც შემდეგ თქვენ ნახეთ. ვიკის ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, შემდეგ სწორედ იმ ფურცელზე გადავუწერე და მივაწოდე. ვერ მიხვდა და შეცდომით პასუხის ნაცვლად ის გადაწერა, რაც ნახეთ. ყველაფერი ჩემი ბრალია! - ნიკმა თავი ჩახარა და ფარული მზერა ანიკასკენ გააპარა, რომელიც „უდიდესი ინტერესით“ ჩასჩერებოდა ეკონომიკის წიგნს.
- ვიქტორია, მესმის, რომ გადაყევი ევროპაში მოგზაურობას და შენს სულელურ „მოდის კვირეულებს“, მაგრამ ასეთი სულელი როგორ ხარ, გამაგებინე! როგორ ვერ მიხვდი, რომ კითხვაზე: „რა როლი აქვს სახელმწიფოს მცირე ბიზნესის განვითარებაში?“ პასუხი არ იქნებოდა „Fuck you, bitch!”? ჯერ ერთი დანაშაული, რომ გადაწერე და გადაგაწერინეს! -სანდერსმა ახლა ნიკს სტყორცნა მომაკვდინებელი მზერა. - მეორე კი ის, რომ ასეთი სულელი ხარ! ახლავე ორივემ დატოვეთ კაბინეტი, ახლავე! სტოუნ, შენ საერთოდ ვერ მიიღებ შეფასებას, ჰელტონ, შენს ნამუშევარს კი ათი ქულა დააკლდება და ისე გამოვიანგარიშებ, რა დაგიწერო! - საბოლოოდ დაიგრგვინა კაცმა და რამდენიმე წამში ნიკი და ვიქტორია კლასიდან გაქრნენ.
- ჯეს, როგორმე გარეთ უნდა გავიდე! - უჩურჩულა ანიკამ მის წინ მჯდარ გოგონას და გონება დაძაბა, შემდეგ კი მოულოდნელად ხველა აუტყდა. სახეზე ერთიანად გაწითლდა, ახველებდა და ახველებდა.
- მისტერ სანდერს, ანიკა ცუდადაა. - მასწავლებელს დაუძახა ჯესიკამ და ანიკას რვეული დაუნიავა. სიცილს ძლივს იკავებდა, მაინც რა მაგარი მსახიობია ეს გოგო!
- რა დეგემართა? გინდა გაგიშვა? წყალი დალიე. თუ გინდა, ჯესიკაც გამოგყვება. - ანიკამ თავის გაქნევით უპასუხა, არ არის საჭიროო და ხველებით დატოვა კლასი. აპლოდისმენტები, ბატონებო! "ოსკარი" ეკუთვნის!
გახსოვთ, რომ გითხარით, ანიკას ეგონა, ვეღარაფერი გაუფუჭებდა ხასიათს, მაგრამ შეცდა-მეთქი? ასეც მოხდა! აბა, თუ გამოიცნობთ, რა დაინახა კლასიდან გასულმა? დიახ, დიახ! ნიკოლასი და ვიქტორია. იქვე კუთხეში იდგნენ და რაღაცაზე ჩუმად საუბრობდნენ. ვიკი ისე იყო ბიჭისკენ გადახრილი, აშკარად ეპრანჭებოდა.
„ღმერთო, რა კახპაა!“ - გაიფიქრა ანიკამ, მაგრამ მათთან სულ სხვა სიტყვებით მიიჭრა:
- უკაცრავად, ხელს ხომ არ გიშლით?
- დიახ, გვიშლი, შეგიძლია დაგვტოვო! - უხეშად მიუგო ვიკიმ.
- ნიკოლას, სალაპარაკო გვაქვს! - კბილებს შორის გამოსცრა ანიკამ და საკუთარ თავს შთააგონა, თავი შეეკავებინა „ბარბის“ თმით თრევისგან.
- სხვათა შორის, ასევე ვფიქრობ მეც! - ძალიან უცნაური ტონით უპასუხა ნიკმა და შემდეგ ვიკის მიუბრუნდა: - მერე გავაგრძელოთ, კარგი? და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი წეღანდელისთვის. - შემდეგ კი გაუღიმა(!), დიახ, გაუღიმა და ანიკასკენ გაემართა.
- რა გააკეთე? - მკლავში უხეშად წაავლო ხელი და კიბესა და „კოკა-კოლას“ აპარატს შორის პატარა კუთხესთან მიიყვანა. ისეთი მიმალული ადგილი იყო, მაინც ვერავინ შენიშნავდა მათ.
- რანაირად იქცევი? - გაბრაზდა ანიკა. - მეტკინა!
- შენ რანაირად მოიქეცი? ორი წლის ბავშვი ხარ? - არანაკლებ გაბრაზებული იყო ნიკიც. -რატომ გააკეთე ეს?
- რატომ მეჩხუბები? უბრალოდ ვიხუმრე!
- ანიკა, ძალიან გთხოვ, ნურც თავს ისულელებ და ნურც მე მასულელებ! რა იყო, იეჭვიანე?
- არა, რა ვიეჭვიანე! - შეიცხადა ანიკამ. - უნდა მეეჭვიანა? უბრალოდ მინდოდა გამეფრთხილებინა, რომ ჩემთან ის ხრიკები არ გაუვა, რასაც შენს სხვა გოგონებს უწყობდა. - ამ სიტყვების გაგონებისას ნიკმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს გველმა უკბინა. შემდეგ კი ანიკას უფრო ძლიერად წაუჭირა მკლავში ხელი და ეცადა, მშვიდად ეთქვა.
- რა იცი ჩემს სხვა გოგოებზე? და საიდან მოიტანე, რომ ვიკი მათ რამეს უწყობდა? ვიკის შემდეგ არავინ მყოლია. - რაო? ეს რა, ხუმრობს? აბა, ნინი ვინ იყო ნეტავ, ლეკვი?
- მე სხვანაირი ინფორმაცია მაქვს. - აუღელვებლად წარმოთქვა გოგონამ, შემდეგ კი მზერა საკუთარ მკლავზე გადაიტანა. - აღარ გამიშვებ ხელს? მართალია, უკვე შემოდგომა იწურება და სვიტერები მაცვია, მაგრამ მაინც არ მხიბლავს დალურჯებული ხელით სიარულის პერსპექტივა.
- რას გულისხმობ სხვა ინფორმაციაში? - ფრთხილად შეუშვა ნიკმა ხელი. აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა.
- რას კი არა, ვის. ნინი ჯაფარიძეს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ვიქტორიას შემდეგ მასთან გქონდა რომანი. - ანიკა საოცარი თავდაჯერებულობით საუბრობდა. ნიკს კი ნელ-ნელა ოფლით ეცვარებოდა შუბლი. რა უნდა იყოს ასეთი? რატომ ანერვიულდა ასე ძალიან?
- ვინ გითხრა ეს ყველაფერი?
- ჯესიკამ. - ბიჭს ამის გაგონებისას თითქოს შვება გამოესახა სახეზე. არა, ანიკა აუცილებლად გაარკვევს, რაშია საქმე!
- ანიკა, ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მძიმეა და ვცდილობ, დავივიწყო. არ იფიქრო, რომ გატყუებ ან რამეს გიმალავ, ძალიან გთხოვ. უბრალოდ არ მინდა, იმ ხალხზე ცუდი წარმოდგენა შეგიქმნა, ვისთან ერთადაც ცხოვრობ. - ანიკამ ამის გაგონებისას ყურები ცქვიტა. ნუთუ ეს ამბავიც სანდრომდე მიიყვანს?
- ნიკ, მინდა ყველაფერი ვიცოდე, ძალიან გთხოვ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- მაშინ უნდა დამპირდე, რომ ეს ჩვენ შორის დარჩება...
* * *
- ნინი ჩემს ცხოვრებაში ერთი წლის წინ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მხოლოდ გამარჯობით. ერთი წლის წინ კი... ღმერთო, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი... - ნიკმა თავი ხელებში ჩარგო. სკოლის უკანა ეზოში, ინვენტარის საწყობთან, მინდორში ჩამომსხდარიყვნენ. ისეთი მყუდრო ადგილი იყო, რომ თავისუფლად შეძლებდნენ მშვიდად საუბარს. - მოკლედ, ნინი ბევრ რამეში დამეხმარა. გაკვეთილების მომზადებაში, სასკოლო სპექტაკლში, ყველაფერში მხარს მიჭერდა. შემდეგ გავიგე, რომ ვიქტორიამ სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანთან მიღალატა. საშინლად ვიყავი. ნინიმ არც მაშინ მიმატოვა. დროთა განმავლობაში კი ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. იმ დროს ისეთი ბედნიერი ვიყავი... ყველაფერს ვუსრულებდი, რასაც მთხოვდა. შემდეგ კი შეიცვალა. უცნაური ჩვევები დასჩემდა. ერთხელ ისეთი რაღაც მთხოვა, გასააზრებლად საკმაო დრო დამჭირდა. მითხრა, რომ ნარკოტიკის გასინჯვა უნდოდა. - ანიკამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირი დააღო.
- რა? და არ მითხრა, რომ შენ...
- არ შემეძლო უარი მეთქვა. გთხოვ, გამიგე, ანიკა.
- როგორ გაგიგო? როგორ გაგიგო, ნიკ? ეს როგორ გააკეთე? იმის ნაცვლად, რომ გადაგეფიქრებინა, შეგეცვალა, შენ ხელი შეუწყვე? როგორ გაასინჯე ნარკოტიკი იმ გოგოს, რომელიც გიყვარდა?
- არ მინდოდა დამეკარგა. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ეს სურვილიც შევუსრულე, ყველა გზას მივმართე და ვიშოვე ნარკოტიკი. იმავე საღამოს ჩემი ძმაკაცის მანქანით ქალაქგარეთ გავედით და გავიჩხირეთ. - ნიკი ღრმად სუნთქავდა. თითქოს შესაფერის სიტყვებს ეძებდა. - ცოტა ზედმეტი მოგვივიდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საგზაო პატრულმა გვიპოვა და წინასწარი დაკავების საკანში გადაგვიყვანეს.
- ძალიანაც კარგი! - აღშფოთებას ვერ მალავდა ანიკა. - აბა, რა გეგონა? ყველაფერი შეგრჩებოდათ? არა, მაინც ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობდი, ამხელა რისკზე რომ წახვედი. მერე? მერე რა მოხდა?
- იმ ღამეს მამა ქალაქში არ იყო, სანდრო კი იქ ჩვენი მიყვანიდან ხუთ წუთში გაჩნდა. FBI-ს აგენტს ხომ იცი, არ გაუჭირდებოდა ასეთი ამბის მოგვარება. ყოველგვარი გირაოს გარეშე გაიყვანა ნინი, მე კი... კარგი, მესმის, რომ მე არ გამიყვანა და ფეხებზე დამიკიდა, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, უპატიებელია. მათი წასვლიდან ათ წუთში თავზე უამრავი ჟურნალისტი დამადგა. მეორე დღეს ყველა ჟურნალის ყდაზე საკანში გადაღებული ჩემი სურათი იყო, წარწერით: „ოლქის გუბერნატორის შვილი ნარკომანია!“ ეს საშინელება იყო! სასჯელზე არ მაქვს საუბარი, ჩემთვის ყველაზე მძიმე ის იყო, რომ მამას იმედი გავუცრუე. სიცოცხლე აღარ მინდოდა... - ეს ყველაფერი ნიკის თვალებიდან ჩამოგორებულმა ცრემლებმა დააგვირგვინეს. ანიკა გაოგნებული იყო. უნდოდა ნიკისთვის ეთქვა, რომ ამ ამბავში დამნაშავე მაინც თვითონ იყო, რადგან ნინის ნარკოტიკი უშოვა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა. ვერც იმას იჯერებდა, რომ ნინი შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, მაგრამ ამხელა ამბიდან მაინც სანდროს სახელი ჩაებეჭდა გონებაში ყველაზე მეტად. ნუთუ ასეთი ნაგავი იყო? არა, შეუძლებელია! შეუძლებელია ანიკას ასეთი ადამიანი შეყვარებოდა. ჯანდაბა!
ანიკა ნიკს მოეხვია. ეს არ იყო სიყვარულის ან სიბრალულის გამომხატველი ჩახუტება. ეს იყო რაღაც უფრო ეგოისტური, საკუთარი თავის გამამხნევებელი ჩახუტება. ანიკას უბრალოდ არ შეეძლო ნიკს მოხვეოდა და გაემხნევებინა, როცა თვითონ გული ასე სტკიოდა...
* * *
სახლში გვიან დაბრუნდა. მთელი დღე ნიკთან ერთად გაატარა. სკოლის შემდეგ ბაიკით სასეირნოდ წავიდნენ. ნიკმა მართლა საინტერესო ადგილები მოატარა, ის კი ყველაფრის დანახვისას დაპროგრამებულივით უაზროდ იღიმოდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მოსმენილის შთაბეჭდილების ქვეშ იყო და არაფერზე არ შეეძლო ფიქრი. არ შეეძლო დაეჯერებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ნიკი რატომ მოატყუებდა? რაში აწყობდა ეს ყველაფერი? გოგონას უკვე ტვინი სტკიოდა ამდენი ფიქრისგან.
- ანიკა, ვერ გაიგე? - ნიკის ხმამ გამოაფხიზლა.
- რამე მითხარი? - ბაიკზე ისხდნენ, მაგრამ რატომღაც, გაჩერებულზე.
- გითხარი რომ უკვე მოვედით. - გაეცინა ბიჭს. - მართალია, მე დიდი სიამოვნებით დაგიტოვებდი ჩემთან, მაგრამ...
- მაგრამ არსებობს „მაგრამ“. - საბოლოოდ გამოერკვა ანიკა და ბაიკიდან გადავიდა. - უნდა შევიდე. - შემდეგ კი საკოცნელად გადაწეულ ნიკს უბრალოდ გაუღიმა და ეზოს ჭიშკარი შეაღო. რამდენიმე ნაბიჯში უკვე სახლში იყო.
- ანიკა, მოხვედი? რატომ დაიგვიანე, ძვირფასო? - მისაღებში მარიკა დახვდა, რომელიც ბუხართან მოკალათებულიყო და წიგნს კითხულობდა. როგორ მოხდა, რომ ამ დროს სახლშია?
- ამმ, მეგობართან ვიყავი და ცოტა შემაგვიანდა. - ურცხვად იცრუა და კიბისკენ გაემართა.
- შენ რა, არ ივახშმებ? გია მალე მოვა, სანდრო კი უკვე სახლშია. - ბოლო სიტყვების გაგონებისას ანიკას გულმა ორმაგი ბრუნი გააკეთა და მუცელში ჩავარდა.
- რაღაც ვერ ვარ კარგად, მუცელი მტკივა. თუ არ გეწყინებათ, დღეს არ შემოგიერთდებით. -ნამდვილად არ შეეძლო სანდროსთან ერთად ვახშმობა და საერთოდაც, მისი დანახვა. ამიტომ ტყუილს ტყუილი დაამატა და სანამ მარიკა კიდევ რამეს ჰკითხავდა, მეორე სართულის კიბეები სწრაფად აირბინა.
მთავარი წინ ელოდა. იმით დაიმედებულმა, რომ დღეს სანდროს ვერ ნახავდა, მშვიდად შეაღო ოთახის კარი, მაგრამ იმედები იმ წამსვე დაემსხვრა, როდესაც მის სავარძელში მოკალათებული, ფეხი ფეხზე გადადებული სანდრო დაინახა. თავი ხელში აიყვანა, „მრისხანე ანიკას“ იმიჯი მოირგო და ის იყო, პირი გააღო, რომ სანდრომ დაასწრო:
- ძალიან გთხოვ, ისტერიკა არ გამართო. უბრალოდ შენთან საუბარი მინდა.
- ამისათვის აუცილებლად ოთახში უნდა შემომივარდე?
- არ შემოვვარდნილვარ. კარი ღია იყო და შემოვედი. თუ ეს ამბავი ასე გაწუხებს, შეგიძლია სანამ წახვალ, ოთახის კარი გასაღებით ჩაკეტო ხოლმე.
- სანდრო, შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. - მობეზრებული ხმით უთხრა ანიკამ და ზურგჩანთა იქვე, ძირს დააგდო. შემდეგ კარადიდან ნაცრისფერი სპორტული შარვალი, შავი მაისური და სპორტულის მოსაცმელი გამოიღო და სააბაზანოში შევიდა გამოსაცვლელად.
მართლა არ შეეძლო მასთან საუბარი. არ შეეძლო ჩაეხედა თვალებში და არ დაეჯერებინა. ეს კი უფრო მეტად აურევდა გონებას. ტანსაცმელი გამოიცვალა, თმა ცხენის კუდად შეიკრა და სააბაზანოდან გამოვიდა. სანდრო ისეთივე პოზაში იჯდა, როგორშიც დატოვა.
- შენ ისევ აქ ხარ?
- ბოლოს და ბოლოს, მომისმენ თუ არა?
- არა!
- ანიკა, შენთან სერიოზული საქმე მაქვს.
- რისი თქმა გინდა?
- მინდა გითხრა, რატომ არ უნდა იყო ჰელტონის გვერდით...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი