-სანდრო, შენს მოსმენას არ ვაპირებ!-ანიკა მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. არ უნდოდა იგივე ისტორიის ხელახლა მოსმენა, უბრალოდ არ შეეძლო.
-შენი ვერაფერი გამიგია!-იფეთქა ბიჭმა.-ამდენი ხანია იმას მიჩიჩინებ, რომ თუ მიზეზს არ გეტყვი, ნიკოლასს არ დაშორდები. ახლა კი გადავწყვიტე ყველაფერს ფარდა ავხადო, ჩემი პრინციპებიც დავივიწყე და მოვედი, რომ სიმართლე გითხრა, შენ კი მეუბნები, რომ არაფრის მოსმენა არ გინდა?!
-სანდრო, კარგი იქნება თუ ადრე გაითვალისწინებ ხოლმე ჩემს თხოვნებს. უკვე ყველაფერი ვიცი და ნამდვილად აღარ მინდა ამ ამბის ხელმეორედ მოსმენა.-ამის გაგონებისას სანდროს სახე გაეყინა. თვითონაც ვერ გაიაზრა ისე დაეყრდნო იმ სავარძლის საზურგეს, რომელშიც ცოტა ხნის წინ თვითონ იჯდა. თვალებში რაღაც გაუკრთა, წამიერად, შემდეგ კი ისევ გაქრა. ვერ გეტყვით რა იყო ეს, ტკივილი, წყენა თუ სხვა რამ. ანიკამ ახსნა ვერ მოუძებნა, მაგრამ ამ მზერამ თითქოს სანდრო წამიერად ათი წლით დააბერა.
-და მაინც მან მოგიყვანა სახლში...-ეს კითხვა არ იყო. ამ სიტყვებში კი ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ჩანდა.
-სანდრო, რა გინდა? უკვე დავიღალე შენი ირონიული შენიშვნებით. კი, ყველაფერი ვიცი და მაინც ნიკმა მომიყვანა. ხვალაც ის მომიყვანს, ზეგაც და მანამ, სანამ ერთად ვიქნებით. შენ კი არანაირი უფლება არ გაქვს მისაყვედურო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გააკეთე. გეგონა რამე დაიმალებოდა? თუ გეგონა ნიკი არაფერს მეტყოდა?
-ახლა მოიცა!-გამოერკვა სანდრო.-რაზე მელაპარაკები?
-მშვენივრად იცი რაზეც. როგორ შეგეძლო ასე მოქცევა? ის ხომ ასე ნინის გამო მოიქცა.
-ანიკა, გაჩუმდი!
-სწორედ ნინის გამო აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში. არ მეგონა თუ ასე იყავი.
-ანიკა, გაჩუმდი-მეთქი!-ხმას აუწია სანდრომ.-მე არ ვიცი ვინ რა გითხრა და როგორ აგირია გონება, მაგრამ არ მოგცემ უფლებას სისულელეები ილაპარაკო.
-ისეთ სულელს ვგავარ, რომ ვიღაცეებმა ამირიონ გონება?-გაბრაზდა ანიკაც.-რა სინდისით მიკრძალავ ნიკთან ურთიერთობას? ნუ გეშინია, ჩემთვის არ მოგიწევს გირაოს გადახდა ციხიდან გამოსაყვანად!-ამ სიტყვებმა სანდროს ისეთი რეაქცია გამოიწვია, როგორიც გოგონას არასდროს ენახა. ბიჭი სწრაფად მიეჭრა და მკლავში ხელი წაუჭირა. არა, ანიკა ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა ამ ხელის დალურჯებას!
-აღარასდროს გაბედო ასეთი სიტყვების თქმა და რაც შენი საქმე არაა, იქ ცხვირს ნუ ყოფ!-სანდრომ კბილებს შორის გამოსცრა და ანიკა კედელთან მიიმწყვდია.-მართლა ისეთი სულელი ბავშვი ხარ, რომ ყველა ნაბიჭვარს უჯერებ! შენმა ნიკოლასმა მოგიყვა როგორ მოექცა ნინის? კინაღამ ცხოვრება რომ დაუნგრია ის თუ მოგიყვა? ან ის თუ გითხრა, ნინის რომ აყიდინა ნარკოტიკი, თავისი სახელი რომ არ გაესვარა? იმასაც გეტყოდა, ქალაქგარეთ რომ გაიყვანა და მანქანაში გააჩხერინა. შემდეგ დაიჭირეს, წინასწარი დაკავების საკანში იყვნენ. მე მშობლებთან ერთად მიუნხენში ვიყავი, ლუდის ფესტივალზე. ნინი არ წამოგვყვა, დაქალთან დავრჩებიო. რა ვიცოდი თუ იმ ნაძირალას გამო რჩებოდა. მამამისმა ხუთ წუთში გამოიყვანა, ნინი კი ჩატოვეს. მთელი ღამე ბინძურ და ცივ საკანში გაატარა. ერთი კვირა სირცხვილით სკოლაში არ დადიოდა, მეგობრებსაც კი დაუმალა სიმართლე. ყველამ იცის, რომ უბრალოდ ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და იმიტომ დაშორდნენ. მაგ ნაბიჭვარის გამო ჩემი და ძალიან დიდი ხანი ძალიან ცუდად იყო. იცი მაინც რამდენჯერ გავუღვიძებივარ ღამით მის ტირილს? ან რად უჯდებოდა ყოველ დღე მასთან ერთად ერთ კლასში ჯდომა?! დარწმუნებული ვარ სულ სხვა ისტორიას მოგიყვებოდა შენი პრინცი. ასე რომ, სანამ შენს სიტყვებში დარწმუნებული არ იქნები, ნურაფერს იტყვი!-დაამთავრა სანდრომ და ანიკას ხელი ცივად შეუშვა. გოგონა შოკში იყო. აღარც ხელის ტკივილი ახსოვდა და აღარც არაფერი. ერთიანად აკანკალებდა. უნდოდა სანდროსთვის რამე ეთქვა, მაგრამ ხმა ვერ იპოვა. ბიჭმა კი ზედაც არ შეხედა ისე გავიდა ოთახიდან და კარი გაიჯახუნა.
ანიკა კედელზე ზურგით მიყუდებული ჩასრიალდა. გაოგნებული იყო. მოულოდნელად ცრემლები წასკდა და თავი ხელებში ჩარგო. ნუთუ სანდრომ სიმართლე უთხრა? ვეღარაფერი გაეგო, ვეღარაფერზე ფიქრობდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა და ისიც კი არ იცოდა რა ატირებდა.
-სახლში მინდა...-ამოიკნავლა ჩუმად და ტირილს უმატა. კარგა ხანია თავი ასე არ უგრძვნია. თითქოს გამოფიტეს, თითქოს რაღაც ამოგლიჯეს და გადაუარეს. რომელს უნდა დაუჯეროს? კაცს, რომელიც უყვარს, თუ ბიჭს, რომელსაც უყვარს? მაგრამ, უყვარს კი? უკვე ტვინი ასტკივდა ამაზე ფიქრით.
მოულოდნელად „სკაიპის“ ზარი გაისმა და გოგონა შეკრთა. ლეპტოპი ჩართული დარჩენია. კონტაქტისთვის შეუხედავად დააჭირა პასუხის ღილაკს და დაიწყო.
-ელე, ახლა მოვკვდები...-მაგრამ ელეს ნაცვლად სულ სხვა შერჩა ხელში. ჯანდაბა, „ლურჯი ბაიკერი“ ურეკავდა!
-რა მოხდა? რა გატირებს?
-არაფერი!-სასწრაფოდ გაუთიშა ანიკამ, მაგრამ მან ისევ დაურეკა. ანიკა უთიშავდა, ის ურეკავდა. ბოლოს დაიღალა ამ თამაშით და უპასუხა.
-ანიკა, რა მოგივიდა, რატომ ტირი?
-მაპატიე, მაგრმ არ შემიძლია ასე ლაპარაკი, საშინლად გამოვიყურები...-გოგონამ სასწრაფოდ გათიშა ვიდეო თვალი და ისე გააგრძელა.-ხომ არ გეწყინება მერე რომ ვისაუბროთ?-თან ცრემლებისგან ხმა უკანკალებდა.
-მეწყინება და თან ძალიან. მითხარი რა მოხდა, იქნებ დაგეხმარო.
-სისულელეა, ახლა ისე ვარ, ვერავინ დამეხმარება.
-ანიკა, მე მზად ვარ მოგისმინო და გაგიგო. სკოლაში მოხდა რამე?
-ნეტავ ეგ იყოს...-კიდევ ერთხელ ამოუსლუკუნა.
-მისმინე, თუ არ გინდა ნუ მომიყვები, შენი ნებაა. მაგრამ...
-მოგიყვები!-უცბად გადაწყვიტა გოგონამ.-მაგრამ ძალიან გთხოვ, შენც არ მეჩხუბო!
-გისმენ...-მან უბრალოდ გაუღიმა, ანიკამ კი ყველაფრის მოყოლა იმ დღიდან დაიწყო, როდესაც სანდრო პირველად ნახა. ძალიან დიდხანს ლაპარაკობდა, არაფერი გამოუტოვებია, ჰელოუინის საღამოც კი. ის კი მშვიდად უსმენდა, არც აწყვეტინებდა და არც შეკითხვებს უსვამდა. ანიკამ გაუაზრებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ვერც ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა, რატომ უყვებოდა თითქმის უცხო ადამიანს თავისი ცხოვრების დეტალებს. მაგრამ თითქოს ნელ-ნელა გულზე მოეშვა. აშკარად სჭირდებოდა ვინმე, ვისაც ყველაფერს მოუყვებოდა და რჩევას მიიღებდა.
-არ ვიცი რა გითხრა...-ანიკას ამბის დასრულების შემდე, ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ღრმად ამოიოხრა.-სანდრო გიყვარს.
-არ ვიცი, აღარ ვიცი...
-ძალიანაც კარგად იცი. არ გინდა თავის მოტყუება. ახლა მთავარია იმაში გაერკვე, ვისი გჯერა.
-შენ რას ფიქრობ?
-არ ვიცი. ვერაფერს ვერ ვფიქრობ. ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. შეიძლება სანდრო სიმართლეს გეუბნება, თან ის და მისი მეგობარი ხომ თავიდანვე გაფრთხილებდნენ. მაგრამ არის შანსიც, რომ ნიკია მართალი და სანდრო სწორედ იმიტომ გიკრძალავდა მასთან ურთიერთობას, რომ სიმართლე არ გაგეგო. მე ვერაფერს ვერ გირჩევ, აქ მთავარი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მოუსმინე შენს გულს. რას გეუბნება? ნურავისზე და ნურაფერზე იფიქრებ, უბრალოდ შენი გულის ხმას გაჰყევი. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ შეცდომის გარეშე ვერ გაიზრდები. ხომ გაგიგია, ჯობია გარისკო და ინანო, ვიდრე ინანო ის, რომ არ გარისკე.
-ვიცი და ეგ ჩემი საყვარელი სიტყვებია. სწორედ მაგ პრინციპით მოვედი მაშინ შენთან.-გაეღიმა ანიკას არც თუ ისე შორეული წარსულის გახსენებისას. უკვე აღარ ტიროდა. უშველა „ლურჯი ბაიკერის“ სიტყვებმა. თითქოს რაღაცნაირად დააფიქრა და გულში ჩასწვდა.-მაპატიე, უნდა გავთიშო!-უცბად წამოიძახა, ლეპტოპი დახურა და სანდროს ოთახისკენ გაემართა.
ფრთხილად დააკაკუნა და კარი შეაღო. სანდრო ფანჯარასთან იდგა, კარისკენ ზურგით და სავარაუდოდ ეწეოდა. ანიკა პირველად იყო ამ ოთახში, მაგრამ თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში. გული გამალებით უცემდა და ნერვიულობისგან მუცელი სტკიოდა. ბოლოს მაინც გაბედა, სანდროს მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა. ბიჭს რეაქცია არ ჰქონია, ზედაც არ შეუხედავს ისე გააგრძელა სიგარეტის მოწევა.
-ვილაპარაკოთ?-ამოილუღლუღა ანიკამ. სანდრომ ცერად გახედა და ჩაეცინა.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? უკვე ყველაფერი ვთქვით რაც საჭირო იყო!-ბოლო ნაფაზი დაარტყა და დარჩენილი ღერი საფერფლეში ჩასრისა.
-არ მომიყვები რა მოხდა სინამდვილეში?
-არა. შენ რისი მოსმენაც გინდოდა, უკვე გაიგე. მე სათქმელი არაფერი მაქვს. შეგიძლია დამტოვო.
-მინდოდა გვესაუბრა.-ანიკას ხმა აუკანკალდა. სანდრომ სიბნელის მიუხედავად მაინც შენიშნა მის თვალებში გაბრწყინებული ცრემლები.
-ანიკა, ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე!-გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. სწრაფადვე შეიმშრალა და ოთახიდან გავარდა.
-ამის დედაც!-ჩაიბურტყუნა სანდრომ და კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა.
* * *
-არ მჯერა მე მაგ შენი ნიკის!-ამოიბურტყუნა ელემ, როდესაც ანიკამ ყველაფრის მოყოლა დაასრულა. სანდროს ოთახიდან გასვლისთანავე დაურეკა მეგობარს და გული გადაუშალა.-და ნუ ტირი! რა გატირებს? შენ ხარ რამეში დამნაშავე?
-კარგი რა, ელე, შენ მაინც ნუ მეჩხუბები!
-სულელო, მე კი არ გეჩხუბები, ვცდილობ დაგეხმარო და გამოგაფხიზლო. გინდა ნინის დაველაპარაკო?
-არა, არა! არ მინდა.
-რატომ? არ გაინტერესებს სიმართლე?
-სიმართლეზე მეტად არაფერი მაინტერესებს, მაგრამ თუ სანდრო მართალს მეუბნება, არ მინდა ამ ამბის გახსენებით ნინის ტკივილი მივაყენო. ვეცდები ჯერ მე თვითონ გავარკვიო და თუ არაფერი გამომივიდა, მაშინ უკვე ნინის ვკითხავ ყველაფერს.
-მე მაინც არ მგონია ნიკი მართალი...
-რატომ?
-ძალიან ხელოვნურად მეჩვენება ეგ ყველაფერი. ჯერ იყო და კინაღამ ხელი მოგაძრო სანამ არ უთხარი, რომ ჯესიკასგან გაიგე ყველაფერი. შემდეგ კი ასეთი გულისამაჩუყებელი ისტორია მოგიყვა. თან სანდრო რატომ მოგატყუებდა? კარგი, მოდი დავუშვათ რომ იეჭვიანა და რაღაც მოიგონა, მაშინ რატომ დაემთხვა მათი ისტორიების ძირითადი ნაწილი ერთმანეთს? თან სანდროს ძმაკაციც გაფრთხილებდა… და კიდევ ერთი: ნიკმა გითხრა ზემდეტი მოგვივიდა და საგზაო პატრულმა გვიპოვაო. ზედმეტი რომ მოსდით, კვდებიან. აბა ახლა კარგად დაფიქრდი.
-ვიცი, ელე, ყველაფერი ვიცი, მაგრამ თითქოს გაორება მჭირს.
-მთავარია გული რას გიკარნახებს.
-შენ რა „ლურჯი ბაიკერივით“ მელაპარაკები!-გაეცინა ანიკას, ელემ კი თვალები ჭყიტა.
-რაო? თქვენ რა...-პირი დააღო და ამოილუღლუღა.
-ო, მოიცა რა! უბრალოდ დამირეკა. მე ვტიროდი, გადამეკიდა მომიყევიო და მოვუყევი. მან კი მითხრა გულის ხმას დაუჯერეო. ეს იყო და ეს.
-ჰმ, უბრალოდ კარგი ბიჭის როლს თამაშობს და თავს გაწონებს.
-რა სისულელეა!-გაეცინა ანიკას.-შენ სულ მაგაზე როგორ ფიქრობ. ამხელა კაცი მე რატომ უნდა მაწონებდეს თავს?
-კარგი რა, ანიკა. მართალს გეუბნება სანდრო, ნამდვილი ბავშვი ხარ!
-ოჰ, შენი საბა როგორ გყავს?
-საძაგელო!-გაიბუსხა ელე.-ჩემი არ არის. მაგრამ შაბათს ბავშვები თეატრში მივდივართ ჩვენი თეატრმცოდნეობის მასწავლებლის სპექტაკლზე და ვნახოთ იქ რა მოხდება!-ელემ წარბები აათამაშა.
-გამოუსწორებელი ხარ! მიკვირს აქამდე რომ ვერ გამოტეხე. როგორ მინდა შაბათს მეც თქვენთან ერთად მოვდიოდე. გურამის სპექტაკლია?
-ჰო, თუმანიშვილის თეატრში. „სტუმარი“ აქვთ დადგმული, ძალიან საინტერესოაო, ამბობენ. გინდა ხვალ სკოლაში ლეპტოპი წავიღო და ბავშვები დაგალაპარაკო?
-კი!-სახე გაუბრწყინდა ანიკას. -ახლა კი მე უნდა წავიდე. ხვალ დიდი დღე მელის, გამოძიებას ვიწყებ!
-წადი, დაისვენე და არაფერზე ინერვიულო. მიყვარხარ!
-მეც!
* * *
შემოდგომის ბოლოს დაწყებული სანდროსა და ანიკას ცივი ომი ზამთრის დასაწყისამდე გაგრძელდა. უკვე დეკემბრის პირველი რიცხვები იყო, სანდრო კი ანიკას უბრალოდ არ იმჩნევდა. სკოლაშიც კი არ დაჰყავდა. სკოლაში აღარც ნიკს აღარ დაჰყავდა_ზამთარი იყო და ბაიკით სასიარულოდ ციოდა. ამიტომ დადიოდა ანიკა სასკოლო ავტობუსით. რაღაცნაირად დამცირებულად გრძნობდა თავს. არა, იმიტომ არა, რომ ავტობუსით დადიოდა. საჭირო რომ ყოფილიყო ფეხითაც ივლიდა, მაგრამ სანდროს ეს შეუვალობა ნერვებს უფუჭებდა. სკოლაშიც გამოცდები დაეწყო და საერთოდ გიჟს ჰგავდა. თან ახალი წლის ოჯახთან გატარება უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ამას ვერ შეძლებდა და ნერვები კიდევ უფრო მეტად ეშლებოდა.
ნიკთან ურთიერთობაც თითქოს გახუნდა. ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა, მაგრამ ანიკას რატომღაც უნდობლობა გაუჩნდა. ის კი არა, არც მაშინ ეჭვიანობდა, როდესაც ნიკი დებილივით მიაშტერდებოდა სუპერ მინი კაბაში გამოწყობილ ვიკის.
-ჰმ, მშვენიერი ქამარი აცვია!-ჩაისისინებდა ანიკა, ნიკს შემთხვევით დაღებულ პირს დააკეტინებდა და თავის საქმეს გააგრძელებდა.
მისი ძილის რეჟიმიც მინიმუმამდე შემცირდა. ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც გამოცდებისთვის ემზადებოდა. ორ კვირაში ითხოვდნენ. მანამდე კი როგორმე უნდა გაეძლო ამ ყველაფრისთვის. „ლურჯ ბაიკერთან“ ურთიერთობაც ვერ აეწყო დიდად. რატომღაც რაღაც განსაკუთრებულს ელოდა, არადა ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
გამოცდებამდე ერთი კვირაღა იყო დარჩენილი, როდესაც ანიკას ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და თან ეს „რაღაც“ საკმაოდ მნიშნველოვანი იყო...
* * *
ლეპტოპთან ერთად სავარძელში მოკალათებულიყო და სიახლეებს ათვალიერებდა, როდესაც მისი მობილური აწრიპინდა.
„-შენს სახლთან ვარ, გამოდი.“-სწერდა ნიკი. ანიკა სრულიად გულგრილად შეხვდა მის შეტყობინებას. აუჩქარებლად წამოდგა სავარძლიდან, ლეპტოპი დახურა, კარადიდან ქურთუკი გამოიღო, ფეხსაცმელი ამოიცვა და მობილური ჯინსის ჯიბეში ჩაიდო. არფერი განსაკუთრებული, არც კი გამოუცვლია. წითელი, თხელი ნაქსოვი სვიტერი ეცვა, ამოღებული გულით და შავი, ვიწრო ჯინსი.
კიბეები მშვიდად ჩაირბინა და კარი გააღო თუ არა, სანდროს შეასკდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. თავჩახრილმა აუქცია გვერდი და გარეთ გავიდა, ნიკი კი მისკენ წამოვიდა, მაგრამ ზურგსუკან სანდროს ხმა მოესმა.
-როდემდე უნდა მოიტყუო თავი?-თითქოს ამ სიტყვებმა ზურგი აუწვა. ორ ცეცლხს შუა არა, მაგრამ ორ კაცს შუა ნამდვილად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, რომლისთვის დაეჯერებინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შუაზე გლეჯდნენ.
-შენი საქმე არ არის!-აგდებით მიუგო ნიკმა და ანიკას მკლავში ხელი წაავლო.
-მე შენ არ გელაპარაკები!-არანაკლები იყო სანდროს ტონიც.
-ანიკა, წავედით!-ნიკმა მკლავში წავლებული ხელით სცადა გოგონას წაყვანა, მაგრამ კვლავ სანდროს ხმამ შეაჩერა.
-ხელი გაუშვი!-კბილებს შორის გამოსცრა და ისეთი მზერით შეხედა, ნიკმა მომენტალურად შეუშვა ხელი.
-რატომ ღელავ ასე ძალიან? ნუ გეშინია, ნინის არ ჰგავს და როგორმე შენს გარეშეც შეძლებს თავის დაცვას. ანიკა არ მოტყუვდება, ნუ ნერვიულობ!-ნიკის ირონიული ტონით წარმოთქმული სიტყვების გაგონებისას, სანდრომ მუშტები შეკრა და ანიკას სულ რამდენიმე წამით რომ დაეგვიანა, ალბათ მოკლავდა. გოგონამ წამის მეასედში მიიღო გადაწყვეტილება. მიხვდა, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი და ბევრი ფიქრი აღარ შეიძლებოდა, ამიტომ გულის ხმას აჰყვა და გააკეთა ის, რისიც სჯეროდა და რაც უნდოდა.
-არ არის საჭირო, დაანებე თავი!-ხელებით მკერდზე მიაწვა სანდროს და ეცადა შინ შეეყვანა, მაგრამ ამაოდ.
-ანიკა, ახლა ამასთან ერთად თუ შეხვალ შიგნით, ჩათვალე რომ ყველაფერი დამთავრდება!-გაოგნებული იყო ნიკი.
-როგორ შეიძლება დამთავრდეს ის, რასაც არასდროს უარსებია?-გულრგილად უპასუხა გოგონამ, შემდეგ კი სანდროს ხელი მოკიდა და მასთან ერთად შევიდა სახლში...
* * *
ცდებით თუ ფიქრობთ, რომ იმ საღამოს შემდეგ სანდროსა და ანიკას შორის კუპიდონმა გაიფრინა. ვერ გეტყვით, რომ არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს მცირედი ცვლილება არ იყო საკმარისი. ისინი უბრალოდ ერთმანეთს ესალმებოდნენ და ხანდახან სკოლაშიც დაჰყავდა სანდროს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ყოველთვის მდუმარე იყო. არც ნინისა და ნიკოლასის თემაზე უსაუბრიათ. სამაგიეროდ ანიკას სკოლაში სიარული გახდა დაძაბული და უსიამოვნო. თუ პირველი რამდენიმე დღე გოგონას ნიკის მოშორება უქმნიდა პრობლემას, შემდეგ უკვე მისი დამამცირებელი მზერისა და კომენტარების ატანა შლიდა ჭკუიდან. ყოველთვის ცოფდებოდა როდესაც ბიჭები ყოფილ გოგონებზე საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ. ეს ლაჩრობად მიაჩნდა და ვერ იფიქრებდა ნიკიც ასეთი თუ იქნებოდა. ასეთი ბიჭებს ელეს წყალობით იცნობდა, ბექასთან ასეთი რამ არ დამართნია. ისე მშვიდად და ცივილიზებულად დაშორდნენ ერთმანეთს, თვითონაც რომ გაუკვირდა. ნიკოლასთან კი ყველაფერი ცუდად წავიდა. ანიკასთან რომ ვერაფერს გახდა და ვერ შეირიგა, ისეთი მზერით ყურება დაუწყო, თითქოს აქეთ ყოფილიყოს დამნაშავე. გაკვეთილზეც არ ერიდებოდა უხამს კომენტარებს. ბოლო წვეთი კი ანიკას მოთმინების ფიალაში, გამოცდის შემდეგ შეავსო.
თხუთმეტ დეკემბერს ერთთვიანი არდადეგები ეწყებოდათ, მანამდე კი ყველა საგანში გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი. ანიკას უსაზღვრო ნერვიულობის მიუხედავად, ყველაფერი კარგად წავიდა. გამოცდებმა მშვენივრად ჩაიარა, ბოლო გამოცდაში კი ასი ქულიდან ასივე აიღო. შედეგების მოსმენისას, სიხარულისგან კინაღამ ხტუნვა დაიწყო, მითუმეტეს რომ ასეთი არაჩვეულებრივი შედეგი ეკონომიკაში ჰქონდა. საგანში, რომლის გამოცდისაც ყველაზე მეტად ეშინოდა... ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო, ეგონა სახლში სულ ფრენა-ფრენით მივიდოდა. მაგრამ მანამდე...
-როგორც ვატყობ უფროსი და მკაცრი კაცები გიზიდავს!-მოესმა ზურგს უკან, როგორც კი კლასიდან გავიდა.
-ამჯერად რა გინდა, ნიკოლას?-ამოიგმინა და ჯესიკას ანიშნა, წადი და დაგეწევიო.
-სანდერსს როგორღა მოაწონე თავი? მეგონა ის მაინც აზროვნებდა ნორმალურად და გრძელი ფეხები ტვინს არ აურევდა.
-მოკეტე!-თვალები დააკვესა ანიკამ და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ კვლავ ნიკის ხმამ გააჩერა.
-რა იყო, უფროსები გამოცდილებას გიზიარებენ თუ რატომ მოგწონს? მაგრამ გამოცდების ჩასაბარებლად რას არ იზამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისეთი ქვეყნიდან ხარ ჩამოსული, რომელიც გლობუსზეც კი გამადიდებელი შუშით უნდა მოძებნო.
-შე ნაბიჭვარო!-ამოიგმინა ანიკამ და პირდაპირ მუშტი გაუქანა, მაგრამ ნიკმა მოასწრო რეაგირება და ხელები გაუკავა.
-ასეთი აგრესიული როდის მერე გახდი? რაო, სანდრომ ხომ არ გაგაბრაზა, ძვირფასო?-ირონიულად ჩაიცინა ნიკმა, მაგრამ ეს სიცილი მალევე გახდა სიმწრის, რადგან ანიკამ როგორღაც მოახერხა და ფეხებს შორის მუხლი ამოსცხო.
-ნამდვილი კახპა ხარ!-აღმოხდა ნიკს და სიმწრისგან დაიკლაკნა, ანიკამ კი მუშტებიც დაუშინა და ბოლოს დირექტორის კაბინეტშიც ამოყო თავი.
-თქვენგან ასეთი ქმედება სრულიად მოულოდნელია!-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა კაცმა და შემდეგ ანიკას გახედა.-ხომ არ ამიხსნით რა მოხდა?
-შეურაცხყოფა მომაყენა და ჩემი გამოცდის შედეგში ეჭვი შეიტანა!
-თქვენ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ. ვალდებული ვარ ყველაფერი უფროსების ყურამდე მივიტანო.
-ბატონო დირექტორო, მამას მნიშნველოვანი შეხვედრა აქვს და ეჭვი მაქვს არ ესიამოვნება ვინმემ რომ შეაწყვეტინოს.-ანგელოზის სახით გაუღიმა ნიკმა და ანიკას ეშმაკურად გახედა.
-გია ლოს-ანჯელესშია რამდენიმე დღით წასული, მარიკა კი თათბირზე!-თავი დაიძვრინა ანიკამაც.
-მაშინ მისტერ ჰელტონის მდივანს და ბატონი გიას შვილს დავუკავშირდები!-თქვა დირექტორმა და ღილაკზე თითის მიჭერით იგივე სიტყვები მდივანს გაუმეორა. ანიკას ამის გაგონებისას სახეზე ცისარტყელას ფერებმა გადაურბინეს. ოღონდ ეს არა, ოღონდ სანდრო არა!
-გთხოვთ, არ არის საჭირო. გპირდებით, ეს მეორედ აღარ განმეორდება!-ამოიკნავლა გოგონამ.-მისტერ პარკერ, ხომ იცით, სანდროს რთული სამსახური აქვს, ახლა შესაძლოა სულაც არ იყოს ოფისში.-ყველანაირად ცდილობდა მის დარწმუნებას, მაგრამ ამაოდ. ნიკი კი არხეინად იჯდა, თითქოს თავი უკვე ქუდში ჰქონდა და არაფერი ემუქრებოდა.
ცოტა ხანში კარზე კაკუნი რომ გაისმა და ჯინამ თავი შემოყო, ნიკმა უცბად ანიკას თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ცერა თითი ყელზე გამოისვა და ირონიულად ჩაიღიმა. აი გოგონას კი საერთოდ არ ეღიმებოდა. კინაღამ მაგიდის ქვეშ შეძვრა, როდესაც კაბინეტში ნაცნობი ფეხის ხმა გაიგონა.
-გამარჯობა! რაშია საქმე?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა სანდრო და მზერა ანიკასა და ნიკოლასს მოავლო.
-იცით რა, მისტერ პარკერ?! მე ჰელტონების ახლო პირი ვარ, მათი სახლიც მე მაბარია და თუ დრო რაღაც სისულელის გამო უნდა დამაკარგინოთ, ძალიან არ მომეწონება!-პრეტენზიული ხმით დაილაპარაკა სანდროსთან ერთად ოთახში შემოსულმა შუახნის ქალმა.
-გთხოვთ, დაბრძანდით და ყველაფერში გაგარკვევთ!-თქვა მისტერ პარკერმა და სტუმრებს სკამებზე მიუთითა. ანიკა კი ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა.
-ნუ ნერვიულობ! თუ არაფერი დაგიშავებია, ყველაფერი კარგად იქნება!-თვალი ჩაუკრა სანდრომ და უკანვე დააბრუნა. თვითონაც გვერდით მიუჯდა და დაინტერესებული სახით მიაჩერდა დირექტორს.
-მოკლედ, ორივეს თავისი ვერსია აქვს, ახლა კი მოდით ერთად გავარკვიოთ სიმართლე!-დაიწყო მისტერ პარკერმა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.-დაცვის თანამშრომელმა ისინი მაშინ ნახა, როდესაც ეს სენიორიტა მუშტებს უშენდა მისტერ ჰელტონს. თანაც შუა დერეფანში, ბავშვების თვალწინ!
-იქნებ მიზეზიც გაგვაგებინოთ?-დაინტერესდა ნიკის „ძიძა“.
-თქვენმა ძვირფასმა ნიკოლასმა შეურაცხყოფა მომაყენა!-დაისისინა ანიკამ და ფეხზე მწარე ჩქმეტაც იგრძნო. სანდრო თვალებს უბრიალებდა.
-ტყუილია!-წამოიძახა ნიკმაც.-მე უბრალოდ მისი გამოცდის შედეგით დავინტერესდი. ის კი ძალიან გაბრაზდა, ჯერ ფეხებს შორის ამომცხო წიხლი, შემდეგ კი მუშტები დამიშინა. ვერ გავიგე რა დაემართა.
-შე მატყუარა!-ანიკა ისევ ფეხზე წამოიჭრა და სანდრომ ისევ უკან დააბრუნა.-სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და იძულებული გამხადა ასე მოვქცეულიყავი. ეჭვი შეიტანა ჩემი გამოცდის შედეგის სამართლიანობაში და მითხრა, ისეთი ქვეყნიდან ხარ ჩამოსული, გლობუსზეც კი გამადიდებელი შუშით უნდა მოძებნოო.
-მისტერ პარკერ, ანიკა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნამდვილად არ არის, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა უმიზეზოდ მიეყენებინა.-როგორც იქნა ჩაერთო სანდროც.
-რას გულისხმობთ, რომ ჩემი ნიკოლასი გიჟია?-თვალები დააკვესა ქალმა.-მაგ გადარეული გოგოს გამო რამე რომ დაუზიანდეს? შვილი რომ აღარ ეყოლოს?-სერიოზულად შეშფოთებული ჩანდა „ძიძა“, ანიკამ კი თავი ძლივს შეიკავა რომ არ გადაეხარხარა, მაგრამ შემდეგ შენიშნა რომ სანდროც იგივე დღეში იყო და ბოლოს ორივემ ერთად ჩაუფხუკუნეს.
-თქვენთან ცივილიზებულად ლაპარაკი შეუძლებელია! ორივეს ყველა გამოცდის ჯამური შეფასებიდან ოცი ქულა დაგაკლდებათ!-„გამოსავალი იპოვა“ მისტერ პარკერმა.
-ასე არ მოიქცევით!-მშვიდად წარმოთქვა სანდრომ, სანამ აღშფოთებული ანიკა გაპროტესტებას მოასწრებდა.
-ხომ ვერ მეტყვით რა შემიშლის ხელს?-გაკვირვებული ჩანდა დირექტორი.
-ვიდეო კამერების ჩანაწერები შეამოწმეთ!
-ეს მაშინვე გავაკეთეთ, როგორც კი ინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ ვიდეო კამერებში ხმა არ ისმის, სხვა ყველაფერი კი ისე ჩანს, როგორც მისტერ ჰელტონმა გვითხრა.
-იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ არკვევთ, არ გაქვთ უფლება ანიკა დასაჯოთ.
-და არც ნიკი! თორემ ამ ამბავს მამამისის ყურამდე მივიტან!
-არ არის საჭირო ბატონი გუბერნატორის შეწუხება...-უცბად მოლბა კაცი.-ისედაც, ნიკს არაფერი დაუშავებია, პირიქით, ის არის დაზარალებული.-სანდრო მიხვდა საითაც მიჰყავდა კაცს საუბარი და მაშინვე შეაწყვეტინა.
-ანიკას უსამართლოდ ერთი ქულაც რომ დააკლდეს, პირობას გაძლევთ, მთელს სკოლას ფეხზე დავაყენებ, ჩემს აგენტებს გავაშიფრინებ თქვენ ჩანაწერებს და მერწმუნეთ, ბევრი ისეთი რამ ამოტივტივდება, საგულდაგულოდ რომ გაქვთ მიჩქმალული. ასე რომ, არჩევანი თქვენთვის მომინდია!-ანიკას თვალები გაუბრწყინდა. მიუხედავად ყველაფრისა, სანდროსგან ასეთ თავგამოდებულ დაცვას მაინც არ ელოდა.
-არა, არა, რას ამბობთ! არც მიფიქრია უსამართლოდ ვინმეს დასჯა. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა, ჯერ კიდევ ბავშვები არიან, ათას რამეზე იჩხუბებენ, ყველაფრის გამო ხომ არ დავსჯით?!-მღელვარების დასაფარად გაიცინა კაცმა.-ახლა კი თავისუფლები ხართ, ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!-მისტერ პარკერმა სწრაფად ჩამოართვა ხელი სანდროს და ნიკის „ძიძას“ და შეიძლება ითქვას, კაბინეტიდან გამოყარა, შემდეგ კი შვებით ამოისუნთქა_როგორც იქნა ნანატრი არდადეგები იწყებოდა!
* * *
-სანდრო, დიდი მადლობა!-თვალებგაბრწყინებული ანიკა დირექტორის კაბინეტიდან გამოსვლისთანავე მიუბრუნდა ბიჭს.
-სამადლობელი არაფერია. მაგრამ უნდა ვიცოდე, რა მოხდა სინამდვილეში!
-ამმ, არაფერი ისეთი... ხომ ვთქვი უკვე რაც მოხდა.-დაიბნა ანიკა. რა უნდა ეთქვა? როგორ ეთქვა ისინი, რაც ნიკმა უთხრა. არა, ამას ვერ გააკეთებდა!
-აბა, გისმენ!-ხელახლა წამოჭრა თემა სანდრომ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და ძრავა აამუშავა.
-სანდრო, ხომ გითხარი უკვე, სათქმელი არაფერია.
-და შენი აზრით დაგიჯერე?
-უბრალოდ ნიკი გაბრაზდა ეკონომიკის ტესტში უმაღლესი ქულა რომ მივიღე.
-ანიკა, ზუსტად მაინტერესებს რა გითხრა!-სანდრო ისეთი შეუვალი ხმით ელაპარაკებოდა, ძნელი იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ანიკა უკვე ტუჩს იკვნეტდა ნერვიულობისგან. ბოლოს გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, თავი ჩაღუნა და დამნაშავესავით ძლივს გასაგონად ჩაიბურტყუნა.
-მითხრა, როგორც ჩანს ასაკით უფროსი მამაკაცები მოგწონს, მაგრამ არ მეგონა სანდერსსაც თუ აურევდი გონებას და ისიც გრძელი ფეხების გამო დაგიწერდა ნიშანსო. სტიპენდიით ხარ ჩამოსული და არცაა გასაკვირი ნიშნის გამო ყველაფერს რომ აკეთებო. შემდეგ კი დავარტყი. ბოლოს მკითხა ასეთი აგრესიული როდის მერე გახდი, სანდრომ ხომ არ გაგაბრაზაო...-კიდევ უფრო ჩუმად დაამატა ანიკამ. სანდროს კი მის საქციელზე ჩაეღიმა_რა სულელი ბავშვია...
-დირექტორთან რატომ არ თქვი ეს ყველაფერი? შეგეშინდა?
-რისი უნდა შემშინებოდა?-წამოენთო გოგონა. სანდროსაც სწორედ ეს უნდოდა. ერჩივნა გაბრაზებული ანიკასთვის ეყურებინა, ვიდრე მოწყენილისთვის.-უბრალოდ დირექტორს ამ ყველაფერს ვერ ვეტყოდი. არც შენთვის მინდოდა თქმა და საერთოდაც, არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-იქნებ კიდევ გიყვარს?-ინტერესით გახედა ბიჭმა, მაგრამ ანიკას გაბრაზებული მზერა რომ დაინახა, გულზე მოეშვა.
-აი ეს უკვე შენი საქმე არ არის!-მკაცრად მოუჭრა და ფანჯრიდან ხეებს დაუწყო ყურება. სანდრომ მაინც შენიშნა მისი აჭარხლებული ღაწვები და მუხლებზე ნერვიულად მოთამაშე თითები და თავისთვის, ჩუმად ჩაეღიმა...
* * *
-არ შემოხვალ სახლში?-ჰკითხა ანიკამ, როდესაც მანქანიდან გადავიდა.
-არ შემიძლია, საგიჟეთი მაქვს სამსახურში, წეღანაც ძლივს გამოვძვერი.
-ახალი ხომ არაფერია? ისევ ვერ გაარკვიეთ ვინ არის დამნაშავე?
-ვერა. უფრო ჩაიხლართა საქმე. მაპატიე, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, საღამომდე!-დაემშვიდობა სანდრო და მანქანა ეზოდან გაასრიალა.
ანიკამ სწრაფად აირბინა სახლის კიბეები და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. დღეიდან არდადეგები დაეწყო, ამის აღსანიშნავად კი რამე უნდა გაეკეთებინა. მაცივარში შეიხედა_საჭირო ინგრედიენტები იყო, შეიძლებოდა პიცის გამოცხობა. ის და ელენე ყოველთვის აკეთებდნენ რაღაცას არდადეგების პირველივე დღეს და არ უნდოდა ეს ტრადიცია დაერღვია. მართალია მარტო, მაგრამ მაინც გამოაცხობდა პიცას. თავის ოთახში აირბინა და ის იყო უნდა გამოეცვალა, რომ კარზე ზარი გაისმა. თავიდან იფიქრა უცბად გამოვიცვლი და შემდეგ გავაღებო, მაგრამ როდესაც ზარი არა და არ შეწყდა, ნახევრად გახდილი მაისური ისევ ჩაიცვა და კიბეებზე დაეშვა. კარი რომ გააღო, ცოტა არ იყოს და გაუკვირდა. კართან ვიღაც უცხო ქალი იდგა ჩანთით და პატარა ბავშვით ხელში.
-ჯაფარიძეების სახლია?
-დიახ?-კითხვანარევი ტონით უპასუხა გოგონამ.-ვინ გნებავთ?
-ჰმ! ვინ მნებავს და ჩემი შვილის მამა!
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება