- თქვენი შვილის მამა? - ანიკამ პირი დააღო, ქალმა კი მოურიდებლად გვერდი აუქცია და მისაღებში შევიდა.
- დიახ! რაო, არ იცი? იმ ნაძირალამ არაფერი არ თქვა?
- უკაცრავად? ვისზე საუბრობთ? და როგორ მოგმართოთ?
- მონიკა. მონიკა მქვია და ჩემი მაკენზის მამაზე ვსუბრობ. არ ბრძანდება სახლში? შენ ვინ ხარ, ნინი? - ახლა უფრო დაიბნა ანიკა. რა უნდა ქნას? ან ეს ქალი ვინ არის? ნუთუ სანდროს შვილი ჰყავს?
- არა, მე ანიკა ვარ. ერთი წუთით დამელოდეთ, ახლავე დავბრუნდები! - გოგონა სამზარეულოში გავიდა, ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და სანდროს დაურეკა.
- ახლა რაღა მოხდა? ჯერ სამსახურშიც არ მივსულვარ!
- არც მიხვალ! მოაბრუნე მანქანა და სასწრაფოდ წამოდი სახლში! - ისეთი მკაცრი და სერიოზული ხმით უთხრა, სანდრომ შეწინააღმდეგება აღარც იფიქრა, „წამოვალო“ უთხრა და ხუთ წუთში უკვე სახლში იყო.
კარი შეაღო თუ არა, ანიკა მაშინვე ეცა და სამზარეულოში შეათრია.
- შენ რა, შვილი გყავს? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა გოგონა. სანდრომ სერიოზული სახით შუბლზე ხელი მიადო, შემდეგ თავი გვერდზე გადახარა და დაკვირვებით შეხედა.
- არა, სიცხე ნამდვილად არ გაქვს! - დაასკვნა ბოლოს.
- ნუ მაიმუნობ! - კიდევ უფრო გაბრაზდა ანიკა. - ვიღაც ქალია მოსული პატარა ბავშვით და დიდი ჩანთით. ჩემი შვილის მამა სად არისო.
- რაო? სახლი ხომ არ შეეშალა? - გაუკვირდა სანდროსაც.
- არა. ჯერ მკითხა, ჯაფარიძეების სახლიაო? და რომ დავუდასტურე, მერე შემოვიდა დაუკითხავად.
- წამოდი, გავარკვიოთ! - სანდრო სერიოზული სახით გავიდა მისაღებში და სავარძელში მოკალათებულ ქალს დააკვირდა, რომელიც პატარას ეთამაშებოდა.
- გამარჯობა! მე სანდრო ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ჰმ! ვითომ არ იცოდეთ! მე მონიკა ვარ. სად ბრძანდება ნაძირალა მამაშენი? - ამის გაგონებისას სანდრომ და ანიკამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მონიკას შეხედეს და ბოლოს_ბავშვს.
- მამაჩემი?
- გია? - კვლავ ერთდროულად იკითხეს. ეს ყველაფერი უკვე საოცრად ემსგავსებოდა სერიალს.
- არ გინდათ ეს გაკვრივებული სახეები, ძალიან გთხოვთ! ოჰ, ქალბატონიც მობრძანებულა! - მხოლოდ მაშინღა შეამჩნიეს მისაღების შესასვლელთან გაშეშებული მარიკა.
- ეს გიას შვილია? - ამოილუღლუღა ქალმა და ჩანთა ხელიდან გაუვარდა.
- დედა, დამშვიდდი, რაღაც გაუგებრობაა.
- მარიკა, წამოდით, ჩაის მოგიმზადებთ.
- დამანებეთ თავი! ანუ ეს ბავშვი...
- დიახ! თქვენი მოღალატე ქმრის შვილია! სად ბრძანდება, რატომ მემალება? ბავშვის გაკეთებას რა უნდა, მიხედვაა მთავარი! - გაცხარდა მონიკა.
- გია ლოს - ანჯელესშია წასული და ზეგ ჩამოვა. - უპასუხა სანდრომ, ანიკამ კი მარიკა სავარძელში ჩასვა და რვეული დაუნიავა_სადაც იყო გული წაუვიდოდა.
- კარგი. მანამდე ბავშვს თქვენთან დავტოვებ. მე ჩემს დასთან ვრჩები, მაგრამ იქ ვერ წავიყვან, ისედაც ათნი ცხოვრობენ ერთ პატარა სოროში! ყოველ ოთხ საათში აჭამეთ, ღამე, ძილის წინ გაზების წამალი დაალევინეთ, დილით დაბანეთ და შუა დღისით გაასეირნეთ. აი, აქ ყველაფერია. ორ დღეში დავბრუნდები! - მონიკამ ბავშვი პირდაღებულ ანიკას მიაჩეჩა, ჩანთა სანდროს ჩამოკიდა კისერზე, შემდეგ კი სახლიდან ისე გავიდა, უკან აღარც მოუხედავს.
- ადა და და! - გაიცინა პატარამ და ანიკას თმას სწვდა.
- ახლავე დაურეკეთ გიას! - კბილებს შორის გამოსცრა მარიკამ, შემდეგ კი მეორე სართულზე მარათონელის სიჩქარით ავარდა და კარი ისე მიიჯახუნა, მთელი სახლი შეზანზარდა.
- ახლა რა ვქნათ? - ისეთი შეშინებული სახით გახედა სანდრომ, თითქოს აპოკალიფსის მომსწრე ყოფილიყოს.
- სასწრაფოდ დაურეკე გიას! - გაუმეორა ანიკამ, ბავშვი მიაჩეჩა და თვითონაც მარიკასთან აირბინა.
მისაღებში ბავშვთან ერთად დარჩენილი სანდრო ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ბავშვი წინ გაშვერილი ხელებით ეჭირა, კისერზე მონიკას ჩამოკიდებული ჩანთა ჰქონდა და მისაღების ცენტრში იდგა.
- ა - და - და! - ატიტინდა პატარა და სანდროსკენ გაიშვირა ხელები.
- რა უნდა გიყო ახლა? - თვალები მოჭუტა და თავი მარჯვნივ გადახარა ბიჭმა. მაკენზი კი ტიტინს აგრძელებდა. ცოტა ხნის შემდეგ ერთბაშად გაჩუმდა, გაიტრუნა და გაწითლდა. - არა, გეხვეწები, ეგ არ ქნა, გთხოვ! - აღმოხდა სანდროს, მაგრამ ამაოდ. შეშინებულმა მიიტანა ცხვირი ბავშვთან და შემდეგ კვლავ წინ გაშვერილი ხელებით მეორე სართულზე ავარდა. - ანიკა! მიშველე! - ისეთი განწირული ხმით დაიყვირა, გოგონა შეშინებული გამოვარდა მარიკას ოთახიდან და სიტუაცია რომ გაიაზრა, სიცილი აუტყდა. - რა გაცინებს, ნახე რა ქნა! - სახე დაემანჭა სანდროს. - რა უნდა ვქნათ?
- მომიყვანე აქ! ამის ჩანთიდან საფენები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი ამოიღე და წამომყევი. - განკარგულება გასცა ანიკამ, შემდეგ ბავშვის ჩანთიდან პატარა პირსახოცი ამოაძვრინა, ხელზე გადაიფინა და სააბაზანოსკენ გაემართა...
* * *
ანიკა ბუხართან მიდგმულ სავარძელში იჯდა და ხელში ძლივს ჩაძინებული მაკენზი ეჭირა. ისეთი დაღლილი იყო, კინაღამ თვითონაც მიეძინა. მართალია ბავშვის დატოვებიდან ჯერ მხოლოდ სამი საათი იყო გასული, მაგრამ ვერც ის და ვერც სანდრო ფეხზე ვეღარ იდგნენ. პატარა გაჭირვებით დაბანეს, გამოუცვალეს, აჭამეს და ის იყო შვებით უნდა ამოესუნთქათ, რომ ბავშვმა ნაჭამი რძე უკან ამოიღო და მთელი ტანსაცმელი დაისვარა. ანიკას ცოტაღა უკლდა აკივლებას, ამიტომ ამჯერად სანდრომ აიღო საკუთარ თავზე გამოცვლა. დაიწყო კიდეც, მაგრამ როდესაც თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგაც ბავშვისთვის ისევ ბოდეს ჩაცმას ცდილობდა, მისი დაწყებული საქმე ანიკამ დაამთავრა. ახლა კი იჯდა თბილად და მყუდროდ მოკალათებული და გონებაში მემილიონედ იმეორებდა, რომ სულ მცირე ხუთი წელი არაფრის დიდებით არ გააჩენდა შვილს.
- ყავას დალევ? - ოთახში ჩურჩულით და ფეხაკრეფით შემოვიდა სანდრო.
- აუ კი, გეხვეწები გამიკეთე რა! - აღმოხდა ანიკას, თვალები მილულა და თხოვნის გამოსახატად თავი უკან გადახარა.
- გაგიკეთებ! - ჩაეცინა სანდროს და ისევ უკან გაბრუნდა.
ანიკა უცნაურად გრძნობდა თავს. ჰელოუინის ღამის შემდეგ სანდროსთან ასეთი ურთიერთობა აღარ ჰქონია. მას შემდეგ კი ზუსტად თვენახევარი გავიდა. მონატრებოდა „ძველი სანდრო“, მაგრამ ყველაზე მეტად ჰელოუინის ღამის სანდრო ენატრებოდა. გულწრფელი და ყოველგვარი ნიღბის გარეშე. თვალები მიეხუჭა იმ კოცნის გახსენებისას. როგორ ეშინოდა გარისკვის და როგორი ბედნიერი იყო, როდესაც გარისკა. ასე ეგონა ღრუბლებზე დააბიჯებდა. გრძნობდა ბიჭის ძლიერ ხელებს, ცხელ ტუჩებს, გახშირებულ სუნთქვას და გონება ეთიშებოდა.
კინაღამ მაკენზი ხელიდან გაუვარდა, როდესაც სახეზე სანდროს ცხელი სუნთქვა იგრძნო. დაფეთებულმა გაახილა თვალები და მისი ფიქრების მთავარი ობიექტი რომ დაინახა ყავის ჭიქებით ხელში, ცოტათი გულზე მოეშვა.
- მეგონა დაგეძინა. ძლივს გავიგე შენი სუნთქვა! - გაუცინა სანდრომ და ჭიქა გაუწოდა. ანიკამ მაკენზი ცალ ხელსა და მუხლზე გადაიწვინა და მარჯვენა ხელი გაითავისუფლა. ისეთი დაბუჟებული ჰქონდა, თითები ძლივს აამოძრავა. თითქოს მილიონებით ნემსი ერჭობოდა ხელში. ყავის პირველივე ყლუპის მოსმისას კი საოცარი ნეტარება იგრძნო.
- ღვთიური სითხეა! - გაეცინა და კვლავ მოსვა. - ვერ წარმომიდგენია დღე ყავის გარეშე.
- თან ბუხარი, საღამო და გემრიელი ყავა... იდილიას მხოლოდ ის არღვევს, რომ ხელში წიგნის ნაცვლად ბავშვი გიჭირავს. - დასცინა სანდრომ და თვითონ მეორე სავარძელში მოკალათდა. - ახლა რამდენი ხანი უნდა ეძინოს?
- არ ვიცი. ალბათ ორი საათი მაინც. ღამე რა უნდა ვქნათ?
- წარმოდგენა არ მაქვს. არ დაიძინებს?
- სანდრო, ბავშვი ექვსი თვისაა. ღამე ერთხელ მაინც მოუწევს ჭამა და თან ან დაიძინებს და ან_არა. მამას დაურეკე?
- კი, მაგრამ არ მითქვამს რა ხდება. ვუთხარი რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყო. რაღაცეებს გადავანაცვლებ და ხვალ საღამოს ჩამოვფრინდებიო.
- მარიკა როგორ არის? მთელი დღეა ოთახშია. წეღან რომ შევედი, ტიროდა.
- მე არ გამიღო კარი, მარტო მინდა ყოფნაო. გეფიცები, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა ხდება. - სანდრომ თავი მუხლებზე დაყრდნობილ ხელებში ჩარგო და ანიკას ისე ახედა.
- წარმოდგენაც არ მინდა დედაშენი რას გრძნობს. მე ასეთ რაღაცას ვერ ვაპატიებდი.
- ღალატს თუ ბავშვს?
- ბავშვი ღალატის შედეგად ჩნდება!
- არსებობს თეორია, რომ ყველა კაცი ერთხელ მაინც ღალატობს ცოლს.
- არანაირი თეორია არ მაინტერესებს. და არც „სპორტული ინტერესის“ ან „ერთი ღამის“ ღალატს არ ვამართლებ. ღალატი ღალატია. არ აქვს მნიშვნელობა ერთი საათი გრძელდებოდა თუ რამდენიმე თვე! მთავარია, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც ისეთივე სიტყვებს ეუბნებოდა და ისევე ეფერებოდა, როგორც მე. როგორ უნდა შევეხო ამის შემდეგ? როგორ უნდა ჩამხედოს თვალებში და მითხრას, რომ ვუყვარვარ?
- იქნებ მართლა უყვარხარ და უბრალოდ შეცდომა დაუშვა? შენგან სითბო მოაკლდა და სხვაგან იპოვა? ან უბრალოდ იკამათეთ და...
- ... კარგი რა, სანდრო, კარგი რა! შენ თვითონაც ხომ ხვდები, რომ ღალატს არანაირი გამართლება არ აქვს? მე რომ ვუღალატო ქმარს, თუნდაც ერთი ღამით და თუნდაც დამსახურებულად, გამართლება მექნება? არც ღალატს არ აქვს გამართლება და არც ღალატის შემდეგ ბავშვის გამო „ვითომ ოჯახის“ შენარჩუნებას!
- ორსულობის გამო გათხოვებას? - ვალში არ დარჩა სანდროც. - საერთოდ რომ არ გისაუბრიათ ქორწინებაზე და ერთ დღესაც გამოგიცხადებს ორსულად ვარ და ცოლად უნდა მომიყვანოო?
- არ შემეწინააღმდეგო რომ ეგეც კაცის წინდაუხედაობის ბრალია! - ნიშნის მოგებით აზიდა წარბები ანიკამ. - ტანგოს ცეკვისთვის ორი ადამიანია საჭირო!
- შენ კაცი სიტყვაში ვერ გაჯობებს! - გაეცინა სანდროს. - საწყალი შენი მომავალი ქმარი!
- ოჰ! მასეც ნუ იტყვი! თუ არ გამაბრაზებს გიჟი კი არ ვარ ტყუილად ვიჩხუბო. - აღშფოთდა ანიკა და ის იყო სავარძელში უნდა გასწორებულიყო, რომ მაკენზიმ თვალები ისე დააჭყიტა, თითქოს აქამდე გამორთული სათამაშო იყო და ახლა ჩართესო. - მოგკლავ! ბავშვი გამაღვიძებინე! - დაისისინა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. იქნებ როგორმე მოეხერხებინა და კვლავ დაეძინებინა ეს პატარა მონსტრი.
- რა ჩემი ბრალია!
- ჰოდა თუ არ არის შენი ბრალი, გამომართვი და დააძინე! - საბოლოოდ გაბრაზდა ანიკა და ბავშვი მიაჩეჩა. - მე მანამდე შხაპს მივიღებ, როგორც ვატყობ ისედაც მთელი ღამის გათენება მოგვიწევს. - შემდეგ კი მტკიცე ნაბიჯებით გაემართა მეორე სართულისკენ და თან ცდილობდა სანდროს შეშინებული სახისთვის ყურადღება არ მიექცია...
* * *
ანიკას სიტყვები გამართლდა. ის იყო აბაზანიდან გამოვიდა და უნდა ჩაეცვა, რომ ოთახში სასოწარკვეთილი სანდრო შეუვარდა, მაგრამ პირსახოცშემოხვეული რომ დაინახა, მზერა შეეცვალა.
- ამმ... ისა... მერე შემოვალ...
- რა გინდოდა? - გაეცინა ანიკას მის რეაქციაზე.
- ვერაფრით ვაჩერებ. რაც ზემოთ ამოხვედი იმის მერე ტირის!
- ახლა სად დატოვე? - გაუკვირდა ანიკას.
- ქვემოთ. საფენზე დავსვი და გარშემო ბალიშები შემოვულაგე. - სანდროს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ქვემოდან მსხვრევის ხმა შემოესმათ.
- გაგიჟდი?! - წამოიყვირა ანიკამ და სასწრაფოდ ოთახიდან გავარდა, სანდრომ კი ჯერ გრანდიოზული ნერწყვი გადააგორა ყელში და შემდეგ მიჰყვა.
მაკენზის ჟურნალების მაგიდის გადასაფარებელი დაეთრია და ზედ დადებული ხილით სავსე ლარნაკი ძირს ჩამოეგდო. თვითონ კი ფეხებგაფშეკილი იჯდა ვაშლებს შორის და შეშინებული სლუკუნებდა. ანიკა მასთან ჩამუხლულიყო და ცდილობდა დაემშვიდებინა. სველი თმა ზურგზე ჰქონდა დაფენილი, მოკლე პირსახოცი კი ტანზე შემოტმასნილი და საერთოდ არ ჰგავდა ბავშვს. სანდრომ თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა. შთაბეჭდილება წამშივე წაუხდინა ანიკას სიტყვებმა:
- მიხედე ცოტა ხნით მაინც, ჩავიცვამ და ჩამოვალ!
* * *
სანდრომ და ანიკამ მთელი ღამე გაათენეს. მარიკა საერთოდ არ გამოსულა ოთახიდან. არც შიგნით უშვებდა ვინმეს და არც გარეთ გამოდიოდა, საჭმელიც კი არ უჭამია. სამაგიეროდ მაკენზი ჭამდა და თან კარგად. ღამე ორჯერ მოითხოვა რძე და ორივეჯერ საწოვარაზე ჩამოეძინა, მაგრამ ზუსტად ხუთ წუთში თვალები დააჭყიტა და ტირილი დაიწყო. ანიკას იმის ილუზიაც აღარ ჰქონდა, რომ ღამით ძილს შეძლებდა. მართალია სანდრო ბევრს ვერაფერში ეხმარებოდა, მაგრამ მაინც მასთან ერთად იყო სასტუმრო ოთახში და რაღაცნაირი, თითქოს დამნაშავის თვალებით უყურებდა.
- გამოგართვა? - ჩურჩულით ჰკითხა და მიუახლოვდა. ანიკას უკვე მუხლები ეკეცებოდა.
- იყოს, თითქმის დავაძინე.
- მომიყვანე, ცოდო ხარ! - სანდრომ ფრთხილად გამოართვა თვალებმიხუჭული მაკენზი და ახლა თვითონ დაუწყო რწევა. მოხერხებულად არ იყო, მაგრამ დილანდელთან შედარებით სასაცილოდ მაინც აღარ გამოიყურებოდა. ანიკა ძალაგამოცლილი მიესვენა დივანზე. დაახლოებით ათ წუთში სანდროც გვერდით მიუჯდა და გოგონამ დაღლილობის მიუხედავად, მაინც მოახერხა გაოცება.
- ასე მალე, როგორ?
- პროფესიული საიდუმლოა! - ჩაეცინა ბიჭს.
- ეგ არ ვიცი, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ხუთი წელი მაინც, შვილის გამჩენი არ ვარ... - არეულად ამოიბურტყუნა ანიკამ, სანდრომ კი წარბაწეულმა გახედა და უნდა ეთქვა, შენ ვინ შეგეკითხებაო, მაგრამ... მაგრამ ანიკას თავი მის მხარზე ჩამოედო და მშვიდად ფშვინავდა...
* * *
გიას ჩამოსვლამდე დარჩენილი ბოლო ნახევარი საათი ჯაფარიძეების სახლში ყველაზე დაძაბული გამოდგა. თითქოს მაკენზიც გრძნობდა ამ ყველაფერს და გაყურსული იჯდა ანიკას კალთაში. გიას მოსვლამდე ათი წუთით ადრე მოვიდა მონიკა და მარიკაც, როგორც იქნა, ოთახიდან გამოვიდა. ისეთი სიჩუმე იდგა, საათის წიკწიკის ხმაც კი გუგუნივით ისმოდა. მას შემდეგ რაც მაკენზიმ დედამისის კალთაში გადაინაცვლა, ანიკა მუხლებზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა. სანდრო ჟურნალების მაგიდის გადასაფარებელზე წარმოსახვით კუბებს ხაზავდა, მარიკა ერთ ტემპში მიმოდიოდა წინ და უკან, მონიკა კი უდარდელად იჯდა სავარძელში და შვილს ეფერებოდა.
კარის საკეტში გასაღების გადატრიალების ხმა აფეთქებასავით გაისმა. წარმოიდგინეთ შტორმის წინ დამშვიდებული ოკეანე და სრულ სიჩუმეში ჯგუფებად გადამფრენი ფრინველების ფრთების ტყლაშუნი. მაკენზის გარდა ყველას მზერა შემოსასვლელისკენ იყო მიმართული. როდესაც გია ოთახში შემოვიდა, ანიკამ თითებს მოძრაობის ტემპს უმატა, მარიკა კი საერთოდ გაჩერდა.
- რა ხდება? - სიტუაცია „იყნოსა“ კაცმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- ეს შენ უნდა აგვიხსნა, რა ხდება! - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა მარიკას.
- მამა, ეს ქალი ამბობს, რომ შენი შვილის დედაა. - სიტუაციაში გაარკვია სანდრომ, გიას კი თვალები შუბლისკენ გაექცა.
- რაო? ვინ არის ჩემი შილი დედა? საერთოდ პირველად ვხედავ.
- შე უნამუსო! - წამოიძახა მონიკამ. - როგორ არ გრცხვენია? აბა მაკენზი ვისგან მყავს?
- მე ნამდვილად არ ვიცი. ეგ თქვენი პრობლემაა.
- და შენიც! იმიტომ რომ ის შენი შვილია!
- გია, ძალიან გთხოვ, სპექტაკლები არ გინდა! - ჩაერთო მარიკაც.
- რა სპექტაკლები, ნუ გამაგიჟებთ ახლა! რამდენი თვისაა ბავშვი?
- ვითომ არ იცოდე! ექვსის!
- ჰმ... ექვსის... ცხრას დამატებული ექვსი, ტოლია თხუთმეტის, ანუ წელიწადის და სამი თვის. მარიკა, არაფერს გეუბნება ეს ყველაფერი? - გულდამშვიდებული გია მეუღლეს მიუბრუნდა, რომელსაც ვერაფერი გაეგო. აი სანდრო კი უკვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და დივნის საზურგეს არხეიდან მიეყუდა.
- რა ხდება? - დაბნეულმა გადაუჩურჩულა ანიკამ.
- ახლავე გაიგებ! - თვალი ჩაუკრა და კმაყოფილად ჩაეღიმა.
- ის რომ შენი შვილი იყოს... - გამოერკვა მარიკაც, მაგრამ გიამ გააწყვეტინა...
- დიახ, შარშან ზაფხულს და შემოდგომის დასაწყისში, ყველანი, სანდროს გარდა, საქართველოში ვიყავით.
- მაკენზი შენი შვილია! - არ ცხრებოდა მონიკა.
- არ არის! და გეყოთ ტყუილები! - იფეთქა კაცმა. - ვინ მოგაგზავნათ?
- არავინ! - სასწრაფოდ გააპროტესტა. - ალბათ რაღაც გაუგებრობაა, მგონი შემეშალა.
- ისიც გეყოფათ აქამდე რაც გააკეთეთ!
- ჩემი ბრალი არაფერი არ არის, გეფიცებით! ყველაფერი მოგვარებული იქნებაო...
- ვინ? ვინ გამოგაგზავნათ?
- „შავი ორქიდეა“ - ს გენერალურმა დირექტორმა. - როგორც იქნა ამოთქვა ქალმა. - მაგრამ გეფიცებით, ჩემი ბრალი არ არის, მითხრეს ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. ფული მომცეს, მაკენზი ავადმყოფობდა... თუ ჟურალისტების ყურამდე მიიტან ამ ამბავს, კიდევ დაგიმატებთო...
- რა ნაძირლები არიან, ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მარიკას, როგორც კი გიას კონკურენტი ფირმის სახელი გაიგო. - ახლა რა უნდა ქნათ? რომ გაიგებენ არაფერი გამოვიდა... რამე არ დაგიშავონ...
- არაფერს დაუშავებენ! - ჩაერთო სანდრო. - პოლიციაში შეიტანს განცხადებას, საქმეს აღძრავენ და ყველაფერს მიხედავენ.
- არა! ჩემი ქმარი მათ ჰყავთ, მოკლავენ!
- რას ნიშნავს მათ ჰყავთ? მძევლად? - როგორც იქნა ხმა ამოიღო ანიკამაც.
- არა, მათთან მუშაობს. არ მინდა პრობლემები შეგვექმნას.
- ეს ამბავი ასე არ უნდა დატოვოთ! - შეაგულიანა მარიკამ.
- გთხოვთ, ნურაფერს გააკეთებთ! თუ თქვენ არ უჩივლებთ, ჩვენ არაფერს დაგვიშავებენ. მაპატიეთ ამ ყველაფრისთვის! - თქვა მონიკამ, ჩანთა გადაიკიდა, ბავშვი ხელში აიყვანა და უკანმოუხედავად გავიდა სახლიდან...
* * *
ამ ამბავმა საბოლოოდ ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩაიარა. მეორე დღესვე გია და მარიკა პარიზში გაემგზავრნენ ამ უსიამოვნების დასავიწყებლად. შობას იქ შეხვდებოდნენ, ახალი წლისთვის კი უკვე სახლში იქნებოდნენ. ეს პირველი ახალი წელი იქნებოდა ანიკასთვის, რომელსაც მშობლებთან და მეგობრებთან ერთად არ შეხვდებოდა. აქამდე ტრადიციად ჰქონდა ქცეული თორმეტ საათზე მშობლებთან ერთად შეხვედრა და შემდეგ მეგობრების სახლებში სიარული. სანამ ანიკა ნიუ - იორკში წამოვიდოდა, ბავშვები გეგმავდნენ ეს ახალი წელი კლუბში გაეტარებინათ. იმაზეც კი ნერვიულობდა, დედ - მამა როგორ დაეთანხმებინა, შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, აქ ამოყო თავი. სამაგიეროდ, პირველად აღნიშნავდა ისეთ შობას, როგორიც ფილმებში ჰქონდა ნანახი. საჩუქრებიც უნდა ეყიდა... მამა ყოველთვიურად ურიცხავდა ანგარიშზე სახარჯო ფულს, ანიკაც აგროვებდა და არ აწყენდა ახლა თუ დახარჯავდა, საჩუქრებს და ახალ კაბას იყიდდა! მშვენიერია, ესეც მოაგვარა! ხვალ მეგის და ჯესიკას დაურეკავს და საყიდლებზე წავა...
ანიკა ფიქრებში ჩაიძირა და ახალ წელზე დაწყებული ოცნებები, სრულიად შემთხვევით „ლურჯ ბაიკერზე“ ფიქრში გადაეზარდა. რა აკავშირებდა მასთან ასეთი? რატომ ვერ ანებებდა თავს? ხომ იცოდა, რომ მასზე ორჯერ დიდი იყო. მეტი რა უნდოდა? ყოველთვის, როდესაც მის დავიწყებას გადაწყვეტდა, ან ბაიკის ხმა შემოესმებოდა, ან ახსენდებოდა პირველად როგორ იქროლა და ყველაფერი წყალში ეყრებოდა. ახლაც, თითქოს ნიუ - იორკში იყო, ბაიკერებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავდა, სანდროც შეუყვარდა, მაგრამ მასზე ფიქრი ვერაფრით მოიშორა. ნეტავ ის თუ ფიქრობდა ანიკაზე? ან რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ავტოფარეხში წერილი დახვდა? როდესაც ანიკა აკანკალებული ხმით მივიდა მასთან? გოგონას ახლაც ჟრუანტელმა დაუარა იმის გახსენებისას, რას გრძნობდა მაშინ, როდესაც მის ზურგზე აკრული მიაპობდა ცივ ჰაერს. თავისთვის ჩაეღიმა და ტუჩი მოიკვნიტა შემდეგ კი დაუფიქრებლად წამოხტა, ლეპტოპი ჩართო და „ლურჯ ბაიკერს“ მისწერა:
„ - რა რეაქცია გქონდა, როდესაც ავტოფარეხში წერილი იპოვე?“
„ - საიდან გაგახსენდა ახლა ეს? :) თავიდან საერთოდ ვერ შევამჩნიე წერილი, საკეტზე შებმულმა ლენტმა კი გამაკვირვა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ბავშვებმა იმაიმუნეს. შემდეგ გვიან შევნიშნე და გამიკვირდა. არც ადრესატი ეწერა, არც არაფერი. დასაწყისიც კი უცნაური ჰქონდა. სიტყვა - სიტყვით მახსოვს: „გამარჯობა! ბანალურობის ჩარჩოებიდან ვვარდები და წერილს არ ვიწყებ სიტყვებით „ძვირფასო“...“
„ - კარგად დაგიმახსოვრებია :) მაგრამ, მაინც არ მითხარი რა რეაქცია გქონდა...“ - არ ეშვებოდა ანიკა.
„ - კარგი, გეტყვი. მართლია გეწერა გიჟი არ გეგონოო, მაგრამ მაინც ვიფიქრე რომ ან ძმაკაცები დამცინოდნენ, ან მართლა ვიღაც ფსიქოპატი მწერდა. გამოგიტყდები და სასიამოვნო წასაკითხი იყო, ცოტათი უცნაურიც. წარმოდგენაც არ მქონდა თუ ვინმეს ასე კარგად ეცოდინებოდა ჩემი დღის გრაფიკი. კონვერტი გადავაგდე, წერილი კი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩავიდე და შევინახე.“
„ - ეგ მეც ვიცი.“ - ჩაეცინა ანიკას.
„ - საიდან? დამინახე?“
„ - მე არა, ჩემმა მეგობარმა დაგინახა წერილს რომ კითხულობდი.“
„ - ელენემ? ანუ შენ იცოდი რომ მე წერილი ვნახე?“
„ - კი, ვიცოდი. ელენემ არა, ძველმა მეგობარმა...“
„ - ახლა აღარ მეგობრობთ?“
„ - არა!“
„ - რატომ?“
„ - არ მინდა ამ თემაზე საუბარი...“
„ - მაპატიე თუ მტკივნეულ თემას შევეხე...“
„ - არაუშავს, მიპატიებია :) ახლა კი უნდა გავიდე. გმადლობ, რომ კითხვაზე მიპასუხე!“
* * *
ანიკა ყოველ დღე ელაპარაკებოდა „ლურჯ ბაიკერს“. იმაზე ხშირადაც კი, ვიდრე ელეს. თითქოს რაღაც იმედს იტოვებდა, რომ ეს ლაპარაკი მაინც გამოდგებოდა სხვანაირი, აღმოაჩენდა რამე ისეთს, ხელჩასაჭიდს, რომ შემდეგ თავის თავთან მაინც ეთქვა, ამდენი დრო ტყუილად არ დამიკარგავსო. მაგრამ თითოეული საუბარი უფრო და უფრო უცრუებდა იმედს, რადგან ყველაფერი ძალზედ მოსალოდნელი იყო. ანიკა თითქოს ძალით მოათრევდა საიდანღაც ინტერესს, რომ მისთვის მიეწერა. არ უნდოდა დაემსხვრია ის იდეალი, რომელიც მისგან შექმნა.
სანდროსთანაც უცნაური ურთიერთობა ჰქონდა. თითქოს გამოუსწორდათ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, საუბრობდნენ კიდეც, მაგრამ რაღაც მაინც არ იყო რიგზე. ეს „რაღაც“ კი ძალიან მალე და ძალიან გრანდიოზულად გამოჩნდებოდა...
* * *
არდადეგების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, სანდრო სახლში ფრენით შევიდა.
- ანიკა! ჩამოდი სწრაფად, ახალი ამბავი მაქვს! - ქვემოდანვე დაიძახა და მანამდე თვითონ სამზარეულოში შევიდა. - ანიკა! მალე!
- დამანებე თავი! - დაუყვირა ანიკამაც, სანდრო კი აშკარად მიხვდა, რომ გოგონა გააღვიძა და ეშმაკურად გაიღიმა.
- ათამდე ვითვლი და ამოვდივარ! - სანდრომ ხელთ ანანასის წვენით სავსე ჭიქა გაიყოლა, ყოველი შემთხვევისათვის და სეირნობით აუყვა კიბეებს.
ანიკა ჯერ კიდევ იწვა ბიჭი მის ოთახში მოურიდებლად რომ შეიჭრა.
- ათი! აბა, ადგები თუ? - ცალყბად გაუღიმა და წვენით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა.
- რომ იცოდე როგორ ძალიან ვერ გიტან! - შეუღრინა ანიკამ და თავზე ბალიში წაიფარა, მაგრამ რამდენიმე წამში საბანიც და ბალიშიც იატაკზე აღმოჩნდა. ანიკამ აღშფოთებაც ვერ მოასწრო, რომ სანდრომ ჭიქიანი ხელი წინ გაიშვირა და გოგონა წამებით გადაურჩა გატკბილიანებას.
გაბრაზებული წამოხტა, ფეხშიშველა მილასლასდა კარადასთან, ხალათი გამოიღო და შიგნით გაეხვია, შემდეგ კი სანდროს ჭიქა ხელიდან წაჰგლიჯა და წვენი დააგემოვნა.
- მითხარი რომ ვინმე მოკვდა, ან სამყაროს აღსასრულია, თორემ არაფრის დიდებით არ გაპატიებ ჩემს გაღვიძებას.
- ჯერ ერთი, შუადღის პირველი საათია და შენ თუ ამ დრომდე გძინავს, ვერ გათხოვდები. მერე მეორეც, მართლა სამყაროს აღსასრულია.
- ჩემ გათხოვებაზე შენ დარდი არ მოგიწევს, დამერწმუნე! და აღარ იტყვი რა მოხდა?
- დენიელს ცოლი მოყავს! - ამოიოხრა სანდრომ და სავარძელში ჩაესვენა, ანიკას კი სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.
- რა მაგარია! როდის?
- ხვალ. შენც დაპატიჟებული ხარ.
- მართლა? - უკვე ხტუნვაზე გადავიდა გოგონა. - მოიცა, რა თქვი? ხვალ? რა უნდა მოვასწრო? - დააჭყიტა თვალები და შეშინებული მიაჩერდა სანდროს.
- რა არის მოუსწრებელი?
- კაბა, ფეხსაცმელი, აქსესუარები, მაკიაჟი, ვარცხნილობა! - მიაყარა და ნერვიულად დაიწყო წინ და უკან სიარული.
- კაბას დღეს გიყიდი, ფეხსაცმელსაც. მაკიაჟი მსუბუქად გაიკეთე, მეტი არ დაგჭირდება, ვარცხნილობას კი რაც შეეხება, თმა უკან აიწიე, კეფაზე დაიმაგრე და წინ რამდენიმე კულული ჩამოიყარე! - ჰმ, ესმის ბიჭს საკითხი, იცის რაც უხდება! უცბად მოუგვარა პრობლემა.
- ფული მაქვს, მამამ გადმომირიცხა. მაგრამ დღეს როგორ მოვასწრო ყველაფერი? ჯესიკას და მეგისაც არ სცალიათ.
- ხომ ხედავ რა კარგი საქმე გამიკეთებია ადრე რომ გაგაღვიძე?!
- სანდრო... - უცბად დატკბა ანიკა და წარბები აათამაშა. - შენც ხომ გაქვს საყიდელი ტანსაცმელი?
- არც კი გაიფიქრო, რომ საყიდლებზე გაგყვები!
- სან... - უკვე თვალების ფახულზე გადავიდა გოგონა.
- გა - მო - რი - ცხუ - ლი - ა! - დამაჯერებლად წარმოთქვა ბიჭმა, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ სულ ცოტაც და დასთანხმდებოდა.
- საღამოს პიცას გამოგიცხობ!
- თხუთეტ წუთში მზად იყავი!
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება