სანდრომ და ანიკამ მთელი მეხუთე ავენიუ შემოიარეს, მაგრამ მოსაწონი კაბა ვერსად ნახეს. ზოგი ზედმეტად გრძელი იყო, ზოგი - ტანზე ცუდად მომდგარი, ზოგსაც ფერს უწუნებდა და ზოგსაც - სტილს. სანდრო უკვე გათიშული დაჰყვებოდა და ავტომატურად პასუხობდა შეკითხვებზე. თავისთვის ყველაფერს პირველივე მოზომვაზე იყიდდა, მაგრამ ანიკამ არ დაანება. მანამდე არ მოისვენა, სანამ თავისი შერჩეული პერანგი არ მოაზომა და შემდეგ აყიდინა კიდეც. არა რა, მაინც როგორ უხდება ამ ბიჭს ოფიციალური ფორმა! ანიკა დიდი გაჭირვებით მალავდა აღფრთოვანებას. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად თავისი კაბა ადარდებდა.
კიდევ ერთ ბუტიკში რომ შევიდნენ, სანდრო მაშინვე მოსაცდელ სავარძელში ჩაესვენა, ანიკა კი კაბებისკენ გაიქცა. ბიჭს გაღიმების თავიც არ ჰქონდა. ამიტომ უბრალოდ თავს უქნევდა, ძირითადად, მარცხნიდან მარჯვნივ. იმ შემთხვევებში კი როდესაც სანდრო თავს ზემოდან ქვემოთ აქნევდა, ანიკა მაინც პოულობდა მიზეზს, რომ კაბა დაეწუნა. ბოლოს ისიც დაიღალა და ის იყო, გაბრაზებული უნდა გამოსულიყო გასახდელიდან, რომ სანდრომ ერთ კაბას დაავლო ხელი და შეაწოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ანიკა შავ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. დეკოლტედ ამოჭრილი გული ოქროსფერი, მინიატურული ზომის თვლებით იყო მოჭედილი და ტანზე მომდგარი. კორსეტი ნელა და ლამაზად იზრდებოდა თხელ, ნახევრად გამჭვირვალე ნაჭერში, რომელიც ასევე ტანზე მომდგარ მოკლე ქვედაბოლოზე იყო შემოხვეული და ბოლომდე ჰაეროვნად ეშვებოდა. მარცხენა მხარეს ქვედაბოლოს სიგრძემდე იყო შეხსნილი და ფეხს ლამაზად აჩენდა, ზურგი კი მთლიანად ჰქონდა მოხსნილი და კაბა წვრილი თასმებით მაგრდებოდა წინა ნაწილზე. სანდრომ გოგონას დანახვისას რამდენიმე წამით მეტყველების უნარი დაკარგა, შემდეგ კი გრანდიოზული ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში და ღრმად ამოისუნთქა.
- აბა, როგორია? - წარბები აათამაშა ანიკამ და ხელებგაშლილი დატრიალდა.
- ჩემი შერჩეულია! - ამაყად გაიღიმა. - მიდი, გამოიცვალე და მე მანამდე გადავიხდი. ფეხსაცმელი და სამკაულები დაგვრჩა მარტო?
- არაფერსაც არ გადაიხდი შენ! - სასწრაფოდ გააპროტესტა ანიკამ. - გამოვიცვლი და გამოვალ, მერე დანარჩენებიც ვიყიდოთ. - გოგონა გასახდელში შებრუნდა და რამდენიმე წამში კაბა კარზე გადმოკიდა, სანდრომ კი კონსულტანტს შეაფუთინა და იყიდა კიდეც. ანიკა რომ გამოვიდა და ბიჭი სალაროსთან დაინახა, ჯერ გაბრაზდა, შემდეგ კი ძალიან, ძალიან ესიამოვნა...
- არ იყო საჭირო!
- მე ვიცი, რაც იყო საჭირო. უბრალოდ მიიღე ეს პატარა საჩუქარი ჩემგან! - თვალი ჩაუკრა სანდრომ და ბუტიკის კარი გაუღო...
* * *
ფეხსაცმლის და სამკაულების შერჩევას იმის ნახევარზე ნაკლები დრო დაახარჯეს, რაც კაბას მოანდომეს. აქაც უნდოდა სანდროს ჯენტლმენობის გამოჩენა, მაგრამ ანიკამ არაფრის დიდებით არ მისცა უფლება, რომ ფული მის ნაცვლად გადაეხადა.
საოცრად დაღლილები მივიდნენ სახლში და პირდაპირ დივანზე მიესვენნენ. ანიკას თავის გამოძრავებაც ეზარებოდა და მხოლოდ თვალებით გახედა ბიჭს, შემდეგ კი სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს? - გაეცინა სანდროსაც და გადაბჟირებამდე მისულ გოგონას შეხედა.
- ადამიანის სახე აღარ გაქვს. ასე მგონია, გაწამე! - ძლივს ამოთქვა ანიკამ, მაგრამ სიცილს ვერ წყვეტდა. - მე კიდევ ვეღარ ვჩერდები.
- სუნთქვა არ დაგავიწყდეს! - აჰყვა სანდროც, შემდეგ კი ჟურნალების მაგიდაზე მდგარ ლარნაკს დაავლო ხელი და ყვავილების წყალი სახეში შეასხა. ანიკამ მოულოდნელობისგან ჯერ თვალები დააჭყიტა, შემდეგ კი წამოხტა და სამზარეულოსკენ გაიქცა. სანამ ონკანს მივარდებოდა, სანდროც წამოეწია და დაიჭირა, მაგრამ მაინც მოასწრო ონკანზე ხელის დაჭერა და წყალი დიდი ნაკადით შეესხა ბიჭს სახეზე. ახლა უკვე სანდროს თავდასხმის ჯერი იყო, რომელმაც გოგონა ზურგზე მოიგდო და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მეორე სართულზე მდებარე სასტუმრო სააბაზანოსკენ. ანიკა გამალებით ურტყამდა ზურგზე მუშტებს. ბოლოს კი უკვე ხვეწნაზე გადავიდა, მაგრამ ამაოდ.
- სანდრო, გეხვეწები... - ამოიკნავლა ბოლოს, მაგრამ ბიჭმა მაინც ჩააყენა აბაზანაში და ცივი წყლის ნაკადი პირდაპირ სახეში მიუშვირა. ანიკა გაწუწული ლეკვივით იყურებოდა, თმა სახეზე ჩამოეყარა, ტანსაცმელი დაუსველდა და ტანზე მიეკრო, სიცივისგან კი კანკალმა აიტანა. არა, როგორ უნდა შეერჩინა ეს?! რაც ძალა ჰქონდა, მოიკრიბა და სანდროც თავისთან ჩაათრია, თვითონ კი ამოხტომა დააპირა, მაგრამ ბიჭმა მოასწრო წელზე ხელის მოხვევა და უკანვე ჩააბრუნა. ვინმეს რომ დაენახა, იფიქრებდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამართულიო. აბა, როგორი სანახავია შუა დეკემბერში მოწუწავე ორი ზრდასრული ადამიანი?
- გავცივდები და შენი მოსავლელი გავხდები! - ამოიგმინა ანიკამ და ამოსვლის მცდელობისას უარესად გაიხლართა სანდროს მკლავებში. იმდენად ახლოს აღმოჩნდა ბიჭის ტუჩებთან, კინაღამ კონტროლი დაკარგა. არც სანდრო იყო უკეთეს დღეში. საყვარელი გოგო მკლავებში ჰყავდა მოქცეული, მისი სუნთქვა სახეზე ეხებოდა, გრძნობდა, როგორ გამალებით უცემდა გული და ვერ კოცნიდა! ჯანდაბა! ბოლოს ისევ ანიკამ განმუხტა სიტუაცია და ისე ხმამაღლა დააცემინა, ორივეს სიცილი აუტყდა.
- მგონი, მართლა ცივდები! სასწრაფოდ გამოიცვალე, მე ჩაის მოგიმზადებ! - სანდრომ ისევე სწრაფად ამოსვა აბაზანიდან, როგორც ჩააყუდა. ანიკამ კი ჯერ ტანსაცმელი ტანზევე შემოიწურა, შემდეგ ფეხზეც გაიხადა და წყალი გადმოასხა. მართლა ნაომარს ჰგავდა აბაზანა, მაგრამ ამის დალაგება რომ დაეწყო და არ გამოეცვალა, ხვალინდელი დღე ნამდვილად ჩაეშლებოდა. სასწრაფოდ გავარდა ოთახში, სველი ტანსაცმელი თავის აბაზანაში დატოვა, გრანდიოზული სვიტერი ჩამოიცვა, ჯინსებში გაუყარა ფეხი და წინდებიც ამოიცვა. თმა საგულდაგულოდ დაივარცხნა და ცხენის კუდად შეიკრა; თბილი, ფუმფულა ფეხსაცმელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. სანდროს მართლა მოემზადებინა ჩაი და თან ზედმეტად დიდი ჭიქით.
- სანდრო, მხოლოდ ერთხელ დამაცემინა.
- არა უშავს. ეს იმისთვისაა, რომ მეორედ აღარ დაგაცემინოს! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და მისაღები ოთახისაკენ გაემართა ჭიქით ხელში. - დაჯექი ბუხართან თბილად და დალიე. მე დენიელს დავურეკავ, ხვალინდელი დღის დეტალები მაქვს გასარკვევი და შეიძლება სამსახურშიც მომიწიოს შევლა. არ მინდა, ხვალ რამე დაუგეგმავი მოხდეს. და მართლა, პიცას მაინც გამომიცხობ, დღეს თუ ვერა, რამდენიმე დღეში! - გაუცინა სანდრომ, ლოყაზე ნაზად უჩქმიტა და ოთახიდან გავიდა.
* * *
სანდროს მართლა მოუწია სამსახურში წასვლა. როგორც გაირკვა, ტერორისტს რაღაც მინიშნება დაუტოვებია. სავარაუდოდ, შემდეგ ლოკაციას მიანიშნებდა, მაგრამ რატომ, ეს არავინ იცოდა. სანდროს პირველ მიზანს ახლა ის წარმოდგენდა, რომ დენის ქორწილს მშვიდად ჩაევლო. ვერ დაუშვებდა, რომ მისი მეგობრისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე რამეს ან ვინმეს გაეფუჭებინა. თვითონაც გეგმავდა ანიკასთან დალაპარაკებას. თან შესაფერისი გარემო იქნებოდა ყველაფრის საბოლოოდ გასარკვევად.
სანდროს კი ჰქონდა გეგმები დაწყობილი, მაგრამ სახლში რომ დაბრუნდა, ისეთი სიტუაცია დახვდა, ყველაფერი აურია გონებაში. ანიკა ისეთი სახით იჯდა სავარძელში, როგორც იტყვიან ხოლმე, დანა პირს არ უხსნიდა. მუხლებზე ლეპტოპი ედო და ეკრანს სერიოზული სახით მისჩერებოდა. სანდროს შესვლაზეც კი არ ჰქონია რეაქცია, ისეთი ჩაფიქრებული იყო.
- მოხდა რამე? - შეშფოთებული მიუახლოვდა სანდრო.
- რა? უი, მოხვედი? - ახლაღა გამოერკვა გოგონა და ლეპტოპი სასწრაფოდ დახურა.
- რა გჭირს, რა მოხდა?
- საქართველოში დაბრუნებას მთხოვენ... - ამოთქვა ანიკამ და სახეზე ხელები ისე მოისვა, თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო.
- რას ჰქვია საქართველოში დაბრუნებას გთხოვენ? ვინ გთხოვს? - გაუკვირდა სანდროს და დაბნეული იქვე, დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა.
- ადამიანი, რომელსაც წესიერად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც მეუბნება, ჩემი დაბრუნება მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.
- ანიკა, ძალიან გთხოვ, წესიერად გამაგებინე.
- არის ერთი ადამიანი, ბაიკერი. წელიწადზე მეტი მისით ვიყავი შეპყრობილი. მისი თითოეული ნაბიჯი საკუთარზე უკეთ ვიცოდი. წერილიც დავუწერე და ბოლოს მასთან ერთად ბაიკზეც ვიჯექი. მას შემდეგ რამდენჯერმე ვნახე რბოლაზე. ცოტა ხნის წინ კი „ფეისბუქზე“ დამიმატა. ჩვეულებრივად ვსაუბრობდით, არაფერი განსაკუთრებული. ახლა კი მითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მისთვის მხოლოდ მეგობარი არ ვარ და მთხოვს, რომ საქართველოში დავბრუნდე და შევხვდე. - ანიკამ ტუჩი მოიკვნიტა და ღრმად ამოიოხრა. - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთან ყოველგვარ კონტაქტს გაწყვეტს.
- სისულელეა! - აღშფოთებულმა წამოიყვირა სანდრომ, მაგრამ ანიკას სახეზე გაურკვევლობა რომ დაინახა, სერიოზულად ჰკითხა: - მოიცა, რამეს აპირებ? რა უპასუხე?
- ჯერ არაფერი. მითხრა, კარგად დაფიქრდი, ყველაფერი გააანალიზე და ორ დღეში მიპასუხეო.
- გიყვარს?
- რა? რატომ მეკითხები?
- თუ ადამიანი არ გიყვარს, არ მესმის, ასეთი სისულელე როგორ უნდა გააკეთო.
- გონება მაქვს არეული და ვერ ვხვდები, ასეთი რამ რატომ მთხოვა.
- მე კი ვერ ვხვდები, რატომ მაშინვე არ გაეცი პასუხი! - სერიოზულად გაბრაზდა სანდრო. რა უნდა ექნა, ანიკა რომ მართლა წასულიყო? - ამის უფლება არ გაქვს!
- ვითომ რატომ? აქ ვინმე მაკავებს? თუ ვინმესთვის ჩემი წასვლა ისევე წარმოადგენს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, როგორც მისთვის? - წამოენთო ანიკაც. როგორ უნდოდა სანდროს, მის შეკითხვაზე დადებითი პასუხი გაეცა, მაგრამ...
- ჰმ, მართალი ხარ! ისე მოიქეცი, როგორც თითქმის უცნობი ადამიანი გთხოვს და ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე! - მკვახედ მიახალა ბიჭმა და მეორე სართულზე გაბრაზებული ავარდა. ესეც თქვენი მხიარული დღის „ბედნიერი დასასრული“!
* * *
ზედმეტი იქნება იმაზე საუბარი, თუ როგორ გაათენა ანიკამ მთელი ღამე ფიქრში. არც იმას გეტყვით, სანდრომაც რომ ვერ მოხუჭა თვალი. ჯობია პირდაპირ იქიდან განვაგრძოთ ამბის თხრობა, როდესაც კაბაში გამოწყობილი ანიკა ოთახიდან გამოვიდა და კიბეზე დაეშვა. კიბის ძირში უსიმპათიურესი სანდრო ელოდა. გოგონას თავი ზღაპარში ეგონა. წამით გუშინდელი კინკლაობაც კი გადაავიწყდა, მაგრამ მალევე გაახსენეს. სანდროს არც ხელკავი გაუკეთებია, არც ის უთქვამს, „არაჩვეულებრივად გამოიყურებიო“ და არც სახლის კარი გაუღია. მხოლოდ მანქანაში ჩაჯდომისას გამოიჩინა ჯენტლმენობა, მაგრამ ანიკას გასაკვირად, რატომღაც უკანა სავარძელზე მოათავსა, თვითონ კი უდარდელად მიუჯდა საჭეს. ჰმ, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
- გზად ერთ ადამიანს უნდა გავუაროთ და შემდეგ წავალთ. - საქმის ვითარება აუხსნა სანდრომ და მანქანა დაძრა. თვალიც კი არ გაუპარებია ანიკასკენ, სარკიდანაც არ შეუხედავს. რატომ იქცევა ასე? ნუთუ ისევ გუშინდელზეა გაბრაზებული? მაგრამ ანიკამ ხომ სიმართლე უთხრა?! სანრომ კი არც არაფერი უპასუხა, პირიქით, აქეთ გაებუტა.
ნეტავ ვინ უნდა იყოს ის „ერთი ადამიანი“, ვისაც უნდა გაუარონ? ალბათ, სანდროს და დენის საერთო მეგობარი ან ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა, თორემ სხვა შემთხვევაში რატომ ჩასვამდა სანდრო ანიკას უკან? ჰმ, საინტერესოა...
მალევე გაჩერდნენ ერთი გრანდიოზული სახლის წინ. ანიკა ინტერესით აცეცებდა თვალებს, რომ მათი თანამგზავრი დაენახა, მაგრამ როდესაც სანდრო მანქანიდან გადავიდა და ერთ გრძელფეხება ქერათმიანს მიუახლოვდა, შემდეგ კი ტუჩებზე ნაზად შეეხო და მანქანის კარი გაუღო, ანიკას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყბა ჩამოუვარდა.
- ბარბარა! შეგიძლია ბარბი დამიძახო! - ანიკასკენ შეტრიალდა გოგონა და ხელი გაუწოდა.
- ანიკა! - სულ ოდნავ გაუღიმა თვითონაც და ხელი ჩამოართვა. ერთადერთი, რასაც ახლა ფიქრობდა, იყო ის, რომ სახელისა და გარეგნობის ასეთი დამთხვევა აქამდე არასოდეს ენახა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა! - აშკარად გულწრფელად უღიმოდა ბარბი, რომელსაც ღია ცისფერი თვალები და სწორი, ქერა თმა ჰქონდა. ამასობაში სანდროც შეუერთდა მათ კამპანიას და როდესაც გოგონების ერთმანეთისთვის გაცნობა დააპირა, ანიკამ მკვახედ მოუჭრა:
- ჩვენ უკვე გავიცანით ერთმანეთი! ახლა კი, თუ შეიძლება, იჩქარე! მგონი, დაგავიწყდა რომ მეჯვარე ხარ!
- ჩემი ბრალია, დიდხანს გალოდინეთ... - უხერხულად გაიღიმა ქერამ.
- შენი დაგვიანების შედეგიც სახეზეა, ძვირფასო. არაჩვეულებრივად გამოიყურები! - როგორ მოუნდა ანიკას, სანდროსთვის ენა ამოეგლიჯა და როგორც მისი ბიოლოგიის მასწავლებელი იტყოდა, ძაღლებისთვის გადაეგდო. „ძვირფასო“, ჰმ! როდის აქეთ გახდა ნეტავ ეს გოგო მისთვის ძვირფასი?! ესეც ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, სანდროს გრძელ სიას რომ ამშვენებენ. ანიკა ხომ აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს შეესწრო მის საუბარს რამდენიმე გოგონასთან, ერთი და იგივე ტექსტით.
ანიკა საზურგეს მიეყრდნო და ეცადა, ბარბარა ფარულად შეეთვალიერებინა. არა რა, მართლა როგორ ჰგავდა „ბარბის“ თოჯინას! გრძელი ფეხები, ჩამოსხმული ტანი, სავსე მკერდი, დიდი ტუჩები, აპრეხილი ცხვირი, ცისფერი თვალები და ქერა თმა! შეიძლება ითქვას, თანამედროვე გოგონას იდეალი. თან რა ლამაზად გამოიყურებოდა?! ყვითელი, სუპერმინი-კაბა და თეთრი ფეხსაცმელი. იდეალურად სწორი თმა გაშლილი ჰქონდა, მაკიაჟი კი მკვეთრი, მაგრამ არა ვულგარული. ანიკამ მის გვერდით თავი უხერხულადაც კი იგრძნო. რა საშინელი ბიჭია ეს სანდრო! რატომ წამოიყვანა? ან ანიკა რატომ არ გააფრთხილა? მაგრამ რა უნდა ეთქვა, ქორწილში შეყვარებულთან ერთად მივდივარ და შენ თავს ზედმეტად იგრძნობ, ასე რომ, წინასწარ შეეგუეო? სისულელეა! არადა, ანიკა როგორ გეგმებს აწყობდა?! ეჰ, ერთი ხელის მოსმით ჩაეფუშა ყველაფერი, ხასიათთან ერთად...
* * *
ეკლესიასთან მალევე მივიდნენ. სანდრომ ჯერ ბარბარას გაუღო კარი, შემდეგ - ანიკას. ეს უკანასკნელი კი ისე გრძნობდა თავს, როგორც პატარა ბავშვი - ზედმეტად და უსარგებლოდ. ნეტავ მალე მორჩეს ყველაფერი და წავიდეს სახლში. ცოფდებოდა, როდესაც ხედავდა, როგორ ჰქონდა მოხვეული სანდროს ხელი ბარბარას წელზე. რა საშინელი გრძნობა ყოფილა ეს ეჭვიანობა! ასე ეგონა, თითქოს უფსკერო ოკეანეში იხრჩობოდა. ვერც ზემოთ ამოდიოდა და არც ფსკერი ჩანდა. უნდოდა, ბარბარა მოეკლა, სანდრო კი ეწამებინა. წამიერად მასში სადისტმა ანიკამ გაიღვიძა, მაგრამ ეცადა, მალევე ჩაეხშო ეს გრძნობა.
დენიელი საკურთხეველთან ნერვიულად მიმოდიოდა, როდესაც სამივენი ეკლესიაში შევიდნენ. სანდრო გადაეხვია მეგობარს და ბარბარა წარუდგინა, რაზეც დენიელს რატომღაც უცნაურად ჩაეღიმა. შემდეგ ანიკამ მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაპატიჟებისთვის.
- რა ლამაზი ხარ, ანიკა! არაჩვეულებრივად გამოიყურები! - თვალი ჩაუკრა დენიმ. - ნეტავ ჩემი ლუსი მალე მოვიდეს. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.
- ხომ იცი, ძმაო, ქორწილის დღეს ყველა პატარძალი იგვიანებს! - მხარზე ხელი დაჰკრა სანდრომ, შემდეგ კი ბარბარას მიუბრუნდა. - ძვირფასო, თქვენ დასხედით და ალბათ, პატივცემული პატარძალიც მალე მობრძანდება თავის მეჯვარეებთან ერთად! - გოგონას ხელი მოხვია და მორთული სკამებისკენ წაიყვანა, ანიკამ კი გაკვირვებულ-შეურაცხყოფილი სახით გადახედა დენის, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- წამომყევი! - მიუბრუნდა ანიკას და ახლად შემოსული ბიჭისკენ თითქმის წაათრია. - ტომას! როგორ ხარ, მეგობარო? - დენი წაბლისფერთმიან, სიმპათიურ, დაახლოებით თავისივე ასაკის ბიჭს გადაეხვია, შემდეგ კი ანიკა წარუდგინა. - გაიცანი, ეს ანიკაა, ჩემი მეგობარი! ანიკა, ეს ტომია, ასევე ჩემი მეგობარი. ახლა კი წაბრძანდით და დასხედით, მგონი, ლუსი უკვე მოვიდა! - ახლად გაცნობილი „მეგობრები“ ერთმანეთს შეატოვა და თვითონ აჩქარებით გაემართა საკურთხევლისკენ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა! - გაუღიმა ტომიმ და ანიკა სკამების რიგში შეატარა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა! - ღიმილი შეაგება ანიკამაც, თვალის კუთხით კი სანდროს დაჟინებული მზერა დააფიქსირა...
* * *
ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ლუსი ძალიან ლამაზი პატარძალი იყო. ანიკამ მაშინვე იცნო მის ტანზე „ელი სააბის“ კაბა, რომელიც გოგონას საოცრად უხდებოდა. ცეცხლისფერი კულულები კეფაზე დაემაგრებინა და თმაში გვირილები ჩაეწნა. რა კარგი გემოვნება ჰქონია დენის! ძალიან მოეწონა ანიკას პატარძალი! თან ისეთი უშუალო და თბილი გოგო გამოდგა... სანამ ახლად შეუღლებულები ეკლესიიდან გამოვიდოდნენ, სტუმრებმა გარეთ ცოცხალი დერეფანი შექმნეს და ბრინჯის სასროლად მოემზადნენ. ტომასი გვერდიდან არ სცილდებოდა ანიკას, რომელსაც არც სანდრო აშორებდა ფარულ მზერას და როდესაც გოგონას სრულიად მოულოდნელად თაიგული ხელებში ჩაუხტა, თავისთვის, ჩუმად ჩაეცინა. ანიკა კი გაოგნებული დააცქერდა ყვავილებს და მოულოდნელობისგან უხერხულად გაღიმებული შეხვდა ფოტოკამერის ობიექტივს.
ქართული ქორწილისგან განსხვავებით, ჯვრისწერა ხუთასკაციანი სუფრით და ღრეობით ნამდვილად არ გაგრძელებულა. ეკლესიის შემდეგ ჯერ ნიუ-იორკის „ფილტვებში“, „ცენტრალ პარკში“ გაისეირნეს და ფოტოსესია მოაწყვეს, ბოლოს კი წინასწარ დაჯავშნილ კლუბში წავიდნენ.
არანაირი გრანდიოზული მაგიდა და გულასამაჩუყებელი რიტუალი. კლუბური განათების ფონზე ერთადერთ ნათელ წერტილს გრანდიოზული ტორტი წარმოადგენდა, რომელიც ყველასთვის ამოუცნობი მიზეზით, შადრევანში სასწაულებრივად მოტივტივე სინზე იდო. ანიკა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა გარემოთი. ერთადერთი, რითაც კლუბი ქორწილის ინტერიერს ემსგავსებოდა, „სვაროვსკის“ პაწაწინა კრისტალებით მორთული მაგიდები და ჭერი იყო. მუსიკა - გემოვნებიანი, გარემო - შესანიშნავი, სასმელი - არაჩვეულებრივი, საჭმელი - გემრიელი და პატარძალი - ულამაზესი! დენიმ ანიკას ლუსი რომ გააცნო, გოგონა ისე გადაეხვია, როგორც დიდი ხნის მეგობარს. ის კი არა, ფეხსაცმლის ძირზე დილით დაწერილ დაქალების სახელებს ანიკას სახელიც მიამატა და დაჰპირდა, იმდენს ვივლი, სანამ შენი სახელი არ წაიშლებაო. ანიკას კი გაეცინა მის სიტყვებზე, მაგრამ რომ დაფიქრდა, მიხვდა, რომ ბევრი რამ დაემთხვა. ჯერ საქორწინო თაიგული, შემდეგ ეს... საინტერესოა, ვინ დაიჭერს დენის მიერ კაბიდან გამოძვრენილ პატარძლის წვივსაკრავს. ანიკამ გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ თვალები დააჭყიტა. ოღონდ ეს არა! მოკლავს დენიელს! ისეთი მონდომებით ესროლა წვივსაკრავი სანდროს, პირდაპირ ხელებში ჩაუგდო.
- ესეც ასე! ყველა რიტუალი უკვე შესრულებულია, ახლა კი გართობის დროა! - წამოიყვირა ბოლოს დენიმ და დიჯეის ანიშნა, რომ პირველი ცეკვისთვის მუსიკა ჩაერთო.
ვენური ვალსი! მშვენიერია! ანიკა აღფრთოვანებული იყო იქაურობით. იმდენად აღფრთოვანებული, რომ თვითონაც მოუნდა ქორწილი. მაგრამ მისი პირველი ცეკვა აუცილებლად ტანგო უნდა იყოს!
ისე აგხდენოდეთ ყველაფერი, ანიკას რომ აუხდა! ვალსის შემდეგ დარბაზში ტანგოს თავბრუდამხვევი ჰანგები გაისმა და ანიკაც გაიწვიეს საცეკვაოდ. შეცდით, სანდრომ არა. სანდრო ბარბარასთან ერთად ცეკვავდა, ანიკა კი - ტომასთან. თვალისმომჭრელი სანახაობა იყო. ანიკა ნამდვილი მოცეკვავესავით მოძრაობდა. კაბაც ხელს უწყობდა და ფიგურაც. თვალი ვერავინ მოსწყვიტა. რა ბედნიერი იქნებოდა, ახლა სანდროსთან ერთად რომ ეცეკვა... მაგრამ არა! მისგან ვერანაირი რეაქცია ვერ გამოიწვია. უბრალო ღიმილის ღირსიც კი არ გახადა! რა ეწყინა ამისთანა? ნუთუ გუშინდელი კამათის ბრალია? თუ ასე არ უნდა ანიკას წასვლა, რატომ ექცევა ისე, თითქოს პირიქითაა? ვერაფერი გაეგო... ახლაც ისე ექცეოდა ბარბარას, თითქოს უკვე მისი საცოლე იყო. აღარ შეეძლო ანიკას ამის ატანა!
- ანიკა, რა მოხდა? - ფიქრებიდან გამოარკვია ტომიმ. - ცუდად ხომ არ ხარ?
- არა... მაპატიე, უბრალოდ ფიქრებში წავედი. - თვალები სწრაფად დაახამხამა გოგონამ, შემდეგ კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო. - ტომი, არ გეწყინოს, მაგრამ უნდა წავიდე... - ანიკა სწრაფად გამოეცალა, დენის და ლუსის დაემშვიდობა და დარბაზი ისე დატოვა, ვერავინ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. სანდრომაც მხოლოდ მისი კაბის აფრიალებული შლეიფი დაინახა და დენიელს გადახედა კითხვანარევი მზერით, რომელმაც უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
ანიკამ თითქოს ნაპირზე ამოყვინთა, როდესაც გარეთ გავიდა. გულის სიღრმეში, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ეგონა, რომ სანდრო გამოჰყვებოდა. ეგონა, მაგრამ იმედები ისევ გაუცრუვდა.
სანდროსაც გაუჭირდა საკუთარ თავთან მორევა და ბარბარასთან დარჩენა, მაგრამ იცოდა, რომ ასე იყო საჭირო. ახლა თუ ანიკას უკან გაჰყვებოდა, შრომა წყალში ჩაეყრებოდა. არადა, მთელი დღეა როგორ წვალობს! და მხოლოდ იმისთვის, რომ ჭკუაზე მოიყვანოს და გამოაფხიზლოს. იმედია, ანიკაზე უკუღმა არ იმოქმედებს ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური თამაში. ახლა რომ ადგეს, ბარგი ჩაალაგოს და საქართველოში დაბრუნდეს, რას იზამს მერე? არა, რამე უნდა მოიმოქმედოს...
- ბარბი, მაპატიე, ძვირფასო, ახლავე დავბრუნდები! - მოუბოდიშა გოგონას და დენისთან მივიდა.
- სად წავიდა? რა გითხრა?
- მე საიდან უნდა ვიცოდე? მე და ლუსის დაგვემშვიდობა, მადლობა გადაგვიხადა დაპატიჟებისთვის და ისე სწრაფად აორთქლდა, ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.
- სანდრო, რატომ აწამებ მაგ გოგოს? - საუბარში ჩაერთო ლუსიც.
- არავისაც არ ვაწამებ! მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ აქვს მიზეზი აქ დასარჩენად!
- რა გენიოსი ხარ! - დასცინა მეგობარმა. - მასე იმაზე უფრო ადრე გააქცევ აქედან, ვიდრე თვითონ გეგმავს. ადექი ახლავე და გაჰყევი უკან.
- მერე ბარბარა?
- გა-ყე-ვი! ბარბარას მე ვეტყვი, რომ სამსახურიდან გამოგიძახეს. მიდი, მალე!
* * *
პირველი, რაც ანიკამ სახლში მისვლისას გააკეთა, იყო ის, რომ ლეპტოპი ჩართო. ნუ გაგიკვირდებათ, რადგან მისი საქციელით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით! ანიკამ მაშინვე მოძებნა კონტაქტებში „ლურჯი ბაიკერი“ და სასწრაფოდ დაურეკა.
- რა მოხდა? ახლა ქორწილში არ უნდა იყო?
- კი, მაგრამ უკვე დავბრუნდი, შენთან საქმე მაქვს!
- ოჰო, საინტერესოა! რა ლამაზად გამოიყურები, თვალს ვერ გაცილებ.
- გმადლობ, მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ, არ შემაწყვეტინო.
- რამე მოხდა?
- კი, მოხდა! გადაწყვეტილება უკვე მივიღე!
* * *
სანდრო გარეთ რომ გავიდა, ანიკა უკვე წასული დახვდა. რა სულელი გოგოა... ჰმ, ახლა ხომ გაიგებს, როგორია ეჭვიანობა. უნდა ვაღიაროთ, რომ სანდრო ბავშვურად მოიქცა სამაგიეროს გადახდით, მაგრამ როგორმე უნდა მოეყვანა ანიკა გონს.
- ნეტავ სად წავიდა? - ჩაილაპარაკა თავისთვის და მანქანა დაქოქა. ერთი შეხედვით, არც კი ღელავდა, მაგრამ გულის სიღრმეში, საშინლად ნერვიულობდა. რომ არ დახვედროდა ახლა სახლში, მერე რა უნდა ექნა? არა, შეუძლებელია!
სანდრომ სიჩქარეს უმატა და ისეთი მანევრებით გაძვრა მანქანებს შორის, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო, რომ რამდენიმე დღეში სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ძალიან უკანა პლანზე იყო მისთვის.
ათ წუთში უკვე სახლთან იყო. ისე დაამუხრუჭა, გეგონებოდათ ვინმემ გადაურბინაო, მაგრამ როდესაც სახლიდან გამომავალი სინათლე დაინახა, გულზე მოეშვა. შედარებით მშვიდად შეაყენა მანქანა ფარეხში, გადმოსვლისას კი წამიერად გაიფიქრა, რომ შეიძლებოდა ანიკა ახლა ბარგის ჩალაგებით ყოფილიყო დაკავებული და ისე სწრაფად აირბინა მეორე სართულის კიბე, ზემოთ რომ ავიდა, უკვე ქოშინებდა.
ანიკას საძინებლის კარი ცოტათი იყო შეღებული და მკრთალი სინათლე გამოდიოდა. სანდრო უჩუმრად დადგა და ეცადა, შიგნით შეეხედა. ანიკა ისევ კაბით იჯდა და „სკაიპით“ ვიღაცას ესაუბრებოდა. კეფაზე დამაგრებული კულულები ჩამოეშალა და ზურგზე ლამაზად ეფინა. ნეტავ ვის ესაუბრება? სანდრომ სუნთქვაც კი შეიკრა, რომ მისი ხმა გაეგონა.
- უნდა გამიგო. არ შემიძლია! - სანდრომ პასუხი ვერ გაიგონა, რადგან გოგონას ყურსასმენები ეკეთა, მაგრამ უცნობის გამომეტყველებიდან დაასკვნა, რომ რაღაც ძალიან არ ესიამოვნა. - კი, საბოლოო გადაწყვეტილებაა და სანამ რამეს მეტყოდე, მე თვითონ გეტყვი: მირჩევნია ეს ყველაფერი დღესვე დამთავრდეს. ძალიან არასწორად ვიქცევით. არც ღირდა საერთოდ ამის დაწყება. სიმართლეს გეტყვი და მერჩივნა, ისე დარჩენილიყავი, როგორც ადამიანი, რომელმაც პირველი ოცნება ამისრულა. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, მაგრამ გემშვიდობები! - დაამთავრა ანიკამ, ლეპტოპი დახურა და თავი მაგიდაზე დადო.
სანდრო გაშეშებული იდგა. ანუ ანიკა არ მიდიოდა? რატომ? ან რატომ უთხრა ეს ყველაფერი? ახლა კი როგორ იჯდა... ნუთუ ნანობდა? აშკარად არ გრძნობდა თავს კარგად. ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა, ოთახში შევიდა და მხარზე ხელი დაადო. ანიკამ გველნაკბენივით გამოხედა და სასწრაფოდ წამოხტა.
- შენ აქ რა გინდა?
- ვიცი, რაც გააკეთე... - სანდროს სიტყვები ისე თბილად გაისმა, გოგონას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. - და მინდა მადლობა გადაგიხადო ამისათვის.
- ჯერ ერთი, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა, მეორე - სხვის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლაც უზრდელობაა და მესამე - შენს თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს! ეს იმიტომ გავაკეთე, რომ კონტრაქტის დარღვევა არ მინდა.
- გუშინ ამაზე არ ფიქრობდი! - ვალში არ დარჩა სანდროც.
- ეგ შენი საქმე არ არის! და საერთოდაც, აქ რატომ ხარ? საუკეთესო მეგობრის ქორწილიდან იმიტომ წამოხვედი და ბარბარა იმიტომ დატოვე, რომ შეგემოწმებინა, მივდიოდი თუ არა? ნუ ღელავ, არსად წასვლას არ ვაპირებ! ახლა კი შეგიძლია უკან დაბრუნდე და გართობა გააგრძელო! - მოუჭრა ანიკამ და მკერდზე ხელის კვრით გააგდო ოთახიდან, კარი კი ცხვირწინ მიუჯახუნა. რა სითავხედეა, ღმერთო ჩემო!
* * *
ანიკა საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩა, ბოლომდე მაშინ გაიაზრა ყველაფერი. რა გააკეთა? და საერთოდაც, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენი რამ შეიცვალა? ჯერ სრულიად მოულოდნელად ნიუ-იორკში ამოყო თავი, შემდეგ სანდრო შეუყვარდა, მაგრამ ნიკს ხვდებოდა. მერე ნიკზე ისეთი რამ გაიგო, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა. ეგ კი არა, „ლურჯ ბაიკერთანაც“ გააბა ურთიერთობა. ვინმე უსაქმური საინტერესო წიგნად დაწერდა ამ ყველაფერს. უკეთეს შემთხვევაში, გამოსცემდა, უარესში - ხელნაწერს თაროზე შემოდებდა, მაგრამ ბოლოს მაინც ორივეს მტვერი დაედებოდა. პესიმისტურ განწყობაზე დადგა. ახლა დედასთან ჩახუტება ყველაფერს ერჩივნა. რა პრობლემა უნდა ჰქონოდა ისეთი, ლიკას რომ ვერ მოეგვარებინა და კარგი რჩევა არ მიეცა. ანიკაც ყველაფერს უყვებოდა. შეიძლება რაღაც გაეკეთებინა და არ ეთქვა, მაგრამ დრო რომ გავიდოდა, აუცილებლად მოუყვებოდა. „ლურჯ ბაიკერზეც“ კი ყველაფერი იცოდა. ანიკამ წერილის ამბავიც გაუმხილა. როგორ მოუნდა ახლა სახლში ყოფნა. ან სანდროს ჩახუტება... დაიღალა ამ კატა-თაგვობანას თამაშით. რატომ ჯიუტობენ ასე ორივენი? რატომ ებრძვიან ბედნიერებას? აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება. ყველაფერი უნდა შეცვლილიყო და თან ძალიან მალე!
* * *
მეორე დღე სრულიად განსხვავებულად დაიწყო. ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ანიკა სანდრომ გააღვიძა და თან სრულიად ჩვეულებრივად და ჰუმანურად. გოგონამ თვალები რომ გაახილა, სანდრო მის საწოლთან ჩამუხლულიყო.
- გამარჯობა... - ისე თბილად უთხრა, ანიკას ეგონა, ესიზმრებოდა. თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა, მაგრამ ტკბილი ჰალუცინაცია არ გამქრალა.
- გამარჯობა. რა ხდება? - ამოიბურტყუნა და დაამთქნარა.
- რაღაც მინდა გთხოვო...
- ცოლად არ გამოგყვები! - გაეცინა ანიკას და წამოჯდა. სანდროც იქვე პუფში ჩაეფლო.
- დღეს ფეხბურთია.
- არც ფეხბურთს არ ვითამაშებ! - აშკარად მხიარულად დაიწყო დღე.
- დამაცდი? - გაეცინა სანდროსაც. - მოკლედ, დღეს ფეხბურთია და ბიჭები მოვლენ. რაღაცებს მოვიტან და შეგიძლია პიცა გააკეთო?
- რატომაც არა! ოღონდ ერთი პირობით.
- ოჰო, აბა, გისმენ!
- მეც მაყურებინეთ!
- მოსულა! - გაეცინა სანდროს და წამოდგა. - ახლა წავალ, გაემზადე და მარკეტში წავიდეთ. - შემდეგ კი ოთახიდან გავიდა და გაღიმებული ანიკა მარტო დატოვა.
* * *
სავაჭრო ცენტრში იმდენი იარეს, სანდრომ გულწრფელად ინანა, რომ მარტო არ წამოვიდა. ანიკა დადიოდა ყველგან და კალათში ყრიდა ყველაფერს, რაც კი მოეწონებოდა. ალბათ, ამდენი პროდუქტით მთელი რესტორნის ამუშავებას შეძლებდა.
- ანიკა, მე მხოლოდ პიცის გამოცხობა გთხოვე! - ჩაილაპარაკა სანდრომ და თვალები აატრიალა, როდესაც გოგონამ კალათში რძის მუყაოს ყუთებიც ჩაალაგა.
- შენ კი, მაგრამ სანამ წავიდოდა, დედაშენმაც დამაბარა, სამზარეულოს შენ მიხედეო, პროდუქტები კი უკვე გამოილია. ჰოდა, ერთი გასროლით ორ კურდღელს მოვკლავ!
- ასე თუ გააგრძელებ, ორ კურდღელს და ერთ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა მამაკაცს მოკლავ! რა დავაშავე ამისთანა, ღმერთმა შენი თავი რომ გამომიგზავნა?
- ალბათ, ზედმეტად კარგად იქცეოდი და დაგასაჩუქრა! - თვალი ჩაუკრა ანიკამ და შემდეგ საზეიმო ხმით გამოაცხადა: - ესეც ასე, შეგვიძლია გადავიხადოთ!
- შენი წყალობით ხელფასი მხოლოდ პურზე და წყალზეღა მეყოფა.
- ჭკვიანო, რისთვის ვიყიდეთ ამდენი რამ? თან მარიკამ მითხრა, პროდუქტების ფულით იყიდეო და მეც წამოვიღე. ასე რომ, შენ არაფრის გადახდა არ მოგიწევს! - ამაყად განაცხადა გოგონამ და გორგოლაჭებიანი კალათა სალაროსთან მიაგორა.
კონსულტანტი გოგონა თან პროდუქტებს იღებდა და თან სანდროსკენ აპარებდა უცნაურ მზერას. სანდროც ისეთი სახით უყურებდა, წარბების ათამაშება და საღამოს შეხვედრაზე შეთანხმებაღა აკლდა. ანიკა ხან ერთს გახედავდა, ხან მეორეს და ნერვები ეშლებოდა. ისე გაბრაზდა, ბოლოს გოგონამ გრანდიოზული პარკები რომ მიაწოდა, ყველა სანდროს მიაჩეჩა, ჯინსის ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაცალა და პირველი გავიდა სავაჭრო ცენტრიდან.
- და დაგემართა? დამელოდე! - ქოშინით დაეწია ბიჭიც. - გამიღე საბარგული, თორემ ვეღარ ვიჭერ. - ანიკამ უჩუმრად გადაატრიალა გასაღები, თვითონ კი საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა.
- დროზე! - მკაცრად გასძახა და ეცადა, მისი ცოდვილობის შემხედვარეს არ გასცინებოდა.
- უკაცრავად, მაგრამ როდის გთხოვე საჭესთან დამჯდარიყავი?
- დღეს ჩემი მოვალე ხარ, ასე რომ, ან დაჯექი, ან წავალ.
- სხვათა შორის, შენც გაქვს ჩემი ვალი! - არ ჩამორჩა სანდროც, მაგრამ მაინც დანებდა, პირჯვარი გადაიწერა და გვერდით მიუჯდა.
- მე? მე რა ვალი მაქვს და მით უმეტეს, შენი?
- ხუთი წუთი! - გაეცინა სანდროს. - სკოლის პირველივე დღეს ხუთი წუთი რომ მალოდინე, სანამ ჩაიცვამდი, დაგავიწყდა? - წარბი აზიდა ბიჭმა და საოცრად გაუღიმა, ანიკას კი სიცილი აუტყდა.
- ანუ ეგ დრო ვალად მაქვს აღებული?
- ეჭვი გეპარებოდა? გპირდები, აუცილებლად დავიბრუნებ ჩემს კუთვნილ ხუთ წუთს! - სანდროს სიტყვები გამოწვევას ჰგავდა, მაგრამ ანიკაც აჰყვა ამ თამაშში:
- მაშინ, იცოდე, რომ ვალის დაბრუნების არ მეშინია! - შემდეგ კი თვალი ჩაუკრა და სიჩქარეს უმატა.
* * *
საღამომდე ანიკამ ყველაფრის გაკეთება მოასწრო. პიცაც გამოაცხო, ხაჭაპურიც, კარტოფილი ფრიც შეწვა, „ცეზარიც“ გააკეთა და კიბორჩხალის სალათიც. სანდრომ ჩიპსები, მიწის თხილი და ლუდი აიღო საკუთ თავზე. სცოდნოდა ანიკას, რაც ხდებოდა სინამდვილეში... სხვა თუ არაფერი, ნორმალურად მაინც გამოეწყობოდა და სტუმრებს ჯინსსა და სანტა-კლაუსის გამოსახულებიან სვიტერში არ დახვდებოდა. ყველაფერი რომ მოამზადა და ტელევიზორის წინ დაბალფეხებიან მაგიდაზე დაალაგა, სწორედ მაშინ გაისმა ზარიც. კარი სანდრომ გააღო, უკან კი ანიკა მიჰყვა და გაოგნდა, როდესაც ყველა სტუმარმა ერთდროულად დაიყვირა:
- დაბადების დღეს გილოცავთ, სანდრო! - შემდეგ კი სხვადასხვა საკვებით ხელდამშვენებულნი სახლში შეცვივდნენ.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, როგორ შეცვივდება ხალხი პოპულარულ მაღაზიაში ოთხმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლების შემთხვევაში. დაახლოებით ასე იყო აქაც. ყველანი ეხვეოდნენ და ულოცავდნენ, ანიკა კი გაშტერებული იდგა. ისე შინაურულად იქცეოდნენ, თითქოს საკუთარ სახლში იყვნენ. ანიკას გაშლილ მაგიდას თავისი მიტანილი საკვებიც მიამატეს, მაცივარში ლუდი ჩააციეს და ვისკი გახსნეს. ანიკამ ბოდიში მოიხადა და სასწრაფოდ საძინებელში ავარდა.
- რა საძაგელი ბიჭია! როგორ არ მითხრა, დაბადების დღე თუ ჰქონდა! - ამოიბურტყუნა თავისთვის და გარდერობს ეცა - სტუმრებთან სახლის ფორმაში ვერ იტრიალებდა.
მუქი მწვანე, თითქმის ჭაობისფერი, მუხლამდე სიგრძის კაბა გადმოიღო, მაქმანებით დაფარული მკლავებით და ჩახსნილი ზურგით. თმა ფრანგულად ჩაიწნა და კეფაზე დაიმაგრა, მაკიაჟზე დროის სიმცირის გამო უარი თქვა, მაღალ ქუსლებზე შეხტა და დაბლა ჩავიდა.
- რა ლამაზი ხარ, ანიკა! - აღფრთოვანება ვერ დამალა მენდიმ, ანიკას კი ორმაგად ესიამოვნა, რადგან ქალისგან და თან მენდისნაირი ქალისგან კომპლიმენტი ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია.
- დიდი მადლობა! შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები.
- გმადლობ. როგორ ხარ, საყვარელო? მომენატრე, რამდენი ხანია აღარ მოსულხარ ჩვენთან. - გადაეხვია მენდი. მთელი FBI აქ ყოფილა. ბრედი, ჯარედი, მაიკლი და შონი სანდროსთან ერთად სტეიკებს წვავდნენ, ლინდსი და ნინა კი ისე გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე, თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი.
- მეც მომენატრე, მენდი. - გულწრფელად გაუღიმა ანიკამ და გოგონებისკენ გაემართა. - როგორ ხართ? არ იყო საჭირო ამდენი რამის მოტანა.
- ჩვენ სულ ასე ვაკეთებთ, არ გაგიკვირდეს! - გაუცინა ლინდსიმ.
- შენი გაკეთებული პიცა არაჩვეულებრივია, როგორ აკეთებ? - ეს იყო კითხვა, რომლის შემდეგაც ანიკაც ჩაერთო ზოგადსაკაცობრიო საუბარში და ბიჭები რომ მისაღებში დაბრუნდნენ, ფრიად სასიამოვნო სანახაობა დახვდათ ოთხი მშვენიერი ქალბატონის სახით.
- აბა, ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ გართობა! - გამოაცხადა სანდრომ და პირველი ჭიქა ვისკი გადაჰკრა.
* * *
ანიკა ისე გაერთო, ალბათ, კლუბშიც ვერ გაატარებდა ასეთ დროს. თვითონაც დალია, იმხიარულა, პიცაზე ჩარჭობილი სანთელიც კი ჩააქრობინა სანდროს. ბევრი იცინეს, ბევრი დალიეს და ბევრი იცეკვეს. მუსიკა თავის თავზე ბრედმა აიღო. მხოლოდ ფერადი განათებები აკლდა კლუბურ სიტუაციას.
- სანდრო! - ყურში ჩაჰყვირა ანიკამ და კედელზე ააკრა. - რატომ არ მითხარი? - იმხელა ხმით ლაპარაკობდა, ყელიც კი დაეძაბა.
- რა საჭირო იყო? ასე უფრო კარგად არ გავერთეთ? - გაეცინა ბიჭს და პოზიცია შეიცვალა - ახლა ანიკა აღმოჩნდა კედელს აკრული.
- სტუმრებს სახლის ფორმაში არ დავხვდებოდი, სანთელს ტორტზე ჩაგაქრობინებდი და საჩუქარს მაინც გაჩუქებდი.
- საჩუქრის ჩუქება არც ახლაა გვიანი! - მაცდურად გაუღიმა სანდრომ, ლოყაზე ისე აკოცა, კინაღამ გოგონას გული წაუვიდა, შემდეგ კი ხელი ჩაჰკიდა და მეგობრებისკენ წაიყვანა.
- მოიცა, შენ გინდა, რომ „მაკარენა“ ვიცეკვოთ? - სიცილი აუტყდა ანიკას.
- რატომაც არა?! - ჩაეცინა სანდროს და მუსიკის რიტმს სხეულის მოძრაობა ააყოლა. ეს იყო სანდროს ყველაზე გიჟური ოცდამეხუთე დაბადების დღე, რომლის დასასრულიც იმაზე მეტად გიჟური იქნებოდა, ვიდრე მთელი წვეულება...
* * *
უკვე ძალიან გვიანი იყო, გოგონები რომ წავიდნენ. მაიკლი, შონი, ბრედი და ჯარედი კი ფეხბურთის საყურებლად დარჩნენ. ანიკამ ყველაფერი ზედმეტი მიალაგა, საჭმელი ბიჭებს ტელევიზორის წინ, მაგიდაზე დაუტოვა და თვითონ კიბისკენ გაემართა.
- ანიკა! საით? - გაკვირვებულმა გასძახა სანდრომ. - აბა, ფეხბურთს მეც ვუყურებო?
- ძალიან დავიღალე, სანდრო, ხვალ მითხარი ანგარიში! - თვალი ჩაუკრა გოგონამ და სანამ კიდევ რამეს ეტყოდნენ, ბიჭებს დაემშვიდობა და საძინებელში ავიდა. უნდოდა ფეხბურთის ყურება, მაგრამ კომფორტულად ვერ იგრძნობდა თავს, ხუთ ბიჭთან ერთად მარტო თვითონ დამჯდარიყო ტელევიზორის წინ. დენი რომ ყოფილიყო, შეიძლება კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ სანდროს დანარჩენ მეგობრებს არც ისე კარგად იცნობდა, რომ მათთან ერთად ფეხბურთისთვის ეყურებინა.
ოთახში შესვლისთანავე ჩამოქვეითდა მაღალი ქუსლებიდან და ფეხშიშველი მივიდა კარადამდე. კაბა გაიძრო, მოკლე შორტი და წვრილბრეტელიანი მაისური გადაიცვა, რომელსაც პიჟამად ხმარობდა, თმა გაიშალა, ლეპტოპი ჩართო და საწოლზე მოკალათდა - უყურებდა ფეხბურთს მარტო! მერე რა მოხდა, არც არაფერი. ისეთი თამაში იყო, გამოტოვება არ იქნებოდა, მთელი პირველი ტაიმი დაძაბული იყო და ისე ელაპარაკებოდა ფეხბურთელებს, თითქოს რამეს გაიგებდნენ.
- გოოოოოოოოოოლ!!! - წამოიყვირა გახარებულმა და საწოლზე ხტუნაობა დაიწყო, მაგრამ მისი ხმა ბიჭების ყვირილმა გადაფარა. - ესეც ასე, მშვენიერია, უკვე ვიგებთ! - უდარდელი სახით დაუბრუნდა ანიკა თავის ადგილს და ამაყად განაგრძო ყურება. ოთხმოცდამესამე წუთზე მისი ღიმილი გაქრა და თითქმის ყურებიდან ბოლი გაუშვა, როდესაც ანგარიში გათანაბრდა. - არა, როგორ შეიძლება ეს? ბოლო წუთებზე გოლის გატანა რა უნამუსობაა?
ანიკას უფრო დიდი უნამუსობა წინ ელოდა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ყველაფერი ასე თუ განვითარდებოდა. ბოლო წუთებიღა იყო დარჩენილი, სახლის ტელეფონმა რეკვა რომ ატეხა და აღარ გაჩერებულა. ანიკა ვერც ლეპტოპს ეშვებოდა, თან ზარის ხმაც ნერვებს უშლიდა. ბოლოს გადაწყვიტა, მოვასწრებო, სწრაფად გავარდა დერეფანში და ტელეფონს ეცა.
- გისმენთ! - გაბრაზებულმა ჩასძახა ყურმილს.
- ანიკა! როგორ ხარ? - გაბრაზება თქვენ მაშინ უნდა გენახათ, ბარბარას ხმა რომ გაიგონა.
- კარგად. სანდროს დავუძახებ. - კბილებს შორის გამოსცრა.
- კარგი იქნება. მთელი საღამოა ვურეკავ და ვერაფრით დავუკავშირდი.
- ახლავე! - ანიკამ კიბის მოაჯირთან მიირბინა და სანდროს ჩასძახა, მაგრამ ტელევიზორი იმხელა ხმაზე ღრიალებდა, ვერაფრით გააგონა. - ჯანდაბა, ფეხბურთის ყურებას არ დაგაცდიან ადამიანს! - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ქვემოთ ჩაირბინა. არც ხალათის შემოცმა გახსენებია და არც ჩუსტებში ფეხის გაყოფა, ისევე ჩავიდა, როგორც იყო. მომენტალურად ხუთი წყვილი თვალი მიაშტერდა, მაგრამ მხოლოდ სანდრომ მოახერხა ხმის ამოღება.
- რა მოხდა?
- შენი ფისუნია გირეკავს! და ძალიან გთხოვ, შენს ზარებზე მე ნუ მარბენინებ! - მკვახედ მოუჭრა, ტელეფონი ესროლა და კიბეებზე აირბინა.
- რა გოგოა... - აღმოხდა ჯარედს.
- არ მესმის შენი, ძმაო! - აჰყვა ბრედიც. - სახლში ასეთი გოგო გყავს და ვისთან ერთად დადიხარ? - თავი გამკიცხავად გააქნია, სანდრომ კი ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო.
- ასე მეგონა, ენას გადავყლაპავდი, რომ დავინახე. - საუბარში ჩაერთო მაიკლიც.
- დაანებეთ თავი, სანდროს თუ არ უნდა, სხვები გამოჩნდებიან და თან ძალიან მალე, მერე კი უკვე გვიანი იქნება! - დააგვირგვინა შონმა, სანდროს კი მისი სიტყვები განსაკუთრებულად მოხვდა გულზე. წამიერად მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზორი გამორთო და ბიჭები წამოყარა.
- ფეხბურთი დამთავრებულია, აორთქლდით! სწრაფად, სწრაფად! - შეიძლება ითქვას, მეგობრები სახლიდან გაყარა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ანიკას საძინებლისკენ...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი