სანდრომ ურცხვად შეაღო საძინებლის კარი და ნანახმა გააკვირვა - ანიკა მთელი ემოციებით უყურებდა ფეხბურთს. მშვიდად მიუახლოვდა და ლეპტოპი დაუხურა, ანიკა კი გიჟივით წამოენთო.
- გაგიჟდი? ბოლო წუთები დარჩა! გაქრი აქედან! - საწოლიდან წამოხტა და მკერდზე მიაწვა, რომ ოთახიდან გაეთრია.
- დამაცადე ერთი წუთით, საქმე მაქვს! - არ ეშვებოდა სანდრო.
- მერე მითხარი! ახლა კი აორთქლდი, სასწრაფოდ! - ანიკა უკვე მუშტების დაშენაზე გადავიდა, ბიჭმა კი ცალი ხელით ორივე მუშტი გაუკავა და წელს უკან გადაუგრიხა, მეორე ხელით კი თავი დაუჭირა და ტუჩებზე დააცხრა. გოგონამ მოულოდნელობისგან ჯერ თვალები დააჭყიტა, შემდეგ გაიბრძოლა, ბოლოს კი, როცა მიხვდა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, მოეშვა და თვითონაც აჰყვა კოცნაში. სანდრომ ხელები შეუხსნა და გათავისუფლებული ხელი წელზე მოხვია. კოცნიდა საოცარი წყურვილით, ვნებით და სიყვარულით. ანიკამ მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო, მაგრამ სანდროს ისე ძლიერად ჰყავდა მიკრული, შუეძლებელი იყო, რამე მოსვლოდა. გოგონას თვალები მიეხუჭა. გონებას ურევდა სანდროს ცხელი სუნთქვის შეხება. ასე ეგონა, გული ამოუხტებოდა. ბიჭი კი ისე გრძნობდა თავს, როგორც უდაბნოგამოვლილი ადამიანი წყლის დალევისას. რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს! ჰელოუინის ღამიდან მოყოლებული, ნატვრად გადაექცა ანიკას ტუჩების კვლავ დაგემოვნება, მაგრამ საკუთარ თავს აკრძალული ხილის გასინჯვის უფლებას არ აძლევდა.
მოულოდნელად ანიკა მოშორდა, უკან დაიწია, თვალებში გამომცდელად შეხედა და წარმოთქვა:
- ახლაც ნასვამი ხარ და არ მინდა, ხვალ ისევ იგივე ტექსტი მოვისმინო, რაც უკვე მოსმენილი მაქვს. როგორც მახსოვს, ნასვამს თავის გაკონტროლება გიჭირს და შემდეგ ბოდიშების ხდა გიწევს ჩადენილი საქციელისათვის. ასე რომ, შეგიძლია წახვიდე და გამოიძინო. - წარბი ასწია და ბოროტულად გაუღიმა, სანდროს კი გაეცინა მის საქციელზე, წელზე ხელი ძლიერად შემოხვია და ისევ თავისკენ მიიზიდა.
- რა საძაგელი ბავშვი ხარ!
- ბავშვი შენ ხარ, თუ კარგია! - ამოიბურტყუნა ანიკამ და ცხვირი ბიჭის კისერში ჩარგო. -მაგრამ არ მინდა ისევ იმ სისულელის მოსმენა.
- არანაირ სისულელეს აღარ მოისმენ, გპირდები! - მტკიცედ წარმოთქვა სანდრომ და ყელში აკოცა. - რომ იცოდე, რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს...
- მერე ვინ გაიძულებდა ამდენი ხანი ლოდინს?
- ეგ ირონია უნდა მოგაშლევინო! - ჩაეცინა ბიჭს. - ვერ ვიტან შენს სახეზე ირონიულ ღიმილს და სარკასტულ ტონს.
- ვერაფერსაც ვერ მომაშლევინებ. რაც ვარ, ეს ვარ! და მოგკლავ, კიდევ ერთხელ რომ დამიძახო ბავშვი!
- კარგი, პატარავ! - არ ეშვებოდა სანდრო.
- მე შენ დაგპირდი!
- კარგი ახლა, ნუ ბავშვობ. ჩაიცვი და სადღაც უნდა წაგიყვანო.
- რა? ახლა?
- ჰო, ახლა. მიდი, მალე. მეც გავემზადები მანამდე და ათ წუთში შემოგაკითხავ. გაფრთხილებ, კაბა არ გინდა! - სანდრომ მაცდურად გაუღიმა, ნაზად აკოცა და ოთახიდან გავიდა, ანიკას კი ათი წუთი და ბევრი საფიქრალი დაუტოვა...
* * *
ზუსტად პირველი საათი იყო სანდრომ ანიკას კარი რომ შეაღო და ამჯერად გოგონა ჩაცმული დახვდა. მაღალყელიან, თასმებიან ფეხსაცმელში ჩატანებული ვიწრო ჯინსი, თხელი, ნაცრისფერი სვიტერი და ტყავის ქურთუკი ეცვა, ცალ მხარზე კი პატარა ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
- ჯანდაბა... - წარმოთქვა სანდრომ, როდესაც თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და დიდი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში, შემდეგ კი დააყოლა: - მაგრამ გაიყინები. და არც ჩანთა არ დაგჭირდება, დატოვე.
- მობილური და საფულე მიდევს, მეტი არაფერი.
- მობილური არ დაგჭირდება და საფულე, მით უმეტეს.
- სად მიგყავარ?
- როგორ გგონია, გეტყვი? - გაეცინა სანდროს. - ცოტა თბილად ჩაიცვი და წავიდეთ.
- ხვალ შობაა და არ შეიძლება სახლში თბილად დავრჩეთ და ნაძვის ხე მოვრთოთ?
- არა! მიდი, მიდი, ჩაიცვი.
- არ მინდა, არ მცივა. წავიდეთ.
- მე გაგაფრთხილე! - საჩვენებელი თითი დაუქნია სანდრომ, შემდეგ კი ხელი მოხვია და ოთახიდან გავიდნენ. ანიკამ მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ სანდროს ზურგჩანთა ჰქონდა, მაგრამ შიგნით რა იყო, ამას, რა თქმა უნდა, საჭირო დროზე ადრე ვერ გაიგებდა...
* * *
ანიკას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად მიდიოდა, მაგრამ არ ნერვიულობდა. გრძნობდა, რომ სანდროს ქვეყნის დასალიერშიც გაჰყვებოდა და ეს გრძნობა მის მიმართ იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ცოტათი აშინებდა კიდეც. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ გრძნობაზე ძლიერი? ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გული ყოველი ფეთქვისას ეზრდებოდა და ამოხტომას ცდილობდა. თითქოს ყველაფერი უფრო ადვილი გახდა, ფილტვებიც კი თავისი ევსებოდა ჟანგბადით. სანდროს გახედა და ბიჭი მისმა მზერამ გაათბო. ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა და იმხელა ემოციას იწვევდა, ვეღარ მოითმინა, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. როგორ ელოდებოდა ანიკა სანუკვარი სიტყვების გაგონებას. ყოველ წამს ეგონა, რომ ამას მოისმენდა, მაგრამ სანდრო რატომღაც არ ჩქარობდა, ეთქვა „მიყვარხარ“. მიუხედავად იმისა, რომ ანიკა მის თვალებში ისედაც ყველაფერს კითხულობდა, მაინც სურდა, ეს სიტყვები საკუთარი ყურით გაეგონა.
- მასე ნუ მიყურებ, თორემ დანიშნულების ადგილამდე ვერ მივაღწევთ. - სიცილით უთხრა სანდრომ.
- მაინც არ მეტყვი, სად მიგყავარ? - ფიქრებიდან გამოერკვა ანიკაც.
- შენი აზრით? - ისევ გაეცინა და ცენტრალური გზიდან გადაუხვია.
- და ჩანთით რა მოგაქვს? - მაინც არ ეშვებოდა ანიკა.
- ცოტა კონიაკი და პლედი.
- აჰა, გასაგებია. ანუ ალკოჰოლური პიკნიკი გვექნება! - საკუთარი მიხვედრილობისგან აღტაცებულმა ანიკამ ბიჭს გაუცინა, მაგრამ დაახლოებით მაინც რომ სცოდნოდა, სანდრო სინამდვილეში რას აპირებდა, საერთოდ გაუქრებოდა სიცილის სურვილი. - მოიცა, არა? -დაიბნა, რადგან მის ვარაუდზე პასუხად მხოლოდ ჩაფხუკუნება მიიღო.
- რა თქმა უნდა, არა! მიკვირს, რატომ ფიქრობ, რომ ასე ადვილად გამოსაცნობ რაღაცას მოვიფიქრებდი? ოღონდ ერთი პირობა უნდა მომცე!
- რა პირობა?
- არ შემეწინააღმდეგები და იმას გააკეთებ, რასაც გთხოვ.
- რაო? რამეს ხომ არ მიპირებ? - სიცილი აუტყდა ანიკას, მაგრამ ამ დროს სანდრომ მანქანა გააჩერა, გადავიდა და ანიკასაც გაუღო კარი. როდესაც გოგონა მანქანიდან გადავიდა, კინაღამ ადგილზევე ჩაიკეცა.
- აბა? - პასუხს ელოდა სანდრო, ანიკა კი ხმის ამოღებას უბრალოდ ვერ ახერხებდა.
- სანაპირო? რა გვინდა აქ, თან ამ დროს? კოცონი?
- უკვე გითხარი, ადვილად გამოსაცნობი არ ვარ! - თითი დაუქნია ბიჭმა, შემდეგ კი წყლისკენ წავიდა.
- წარმოდგენა არ მაქვს, რას ვაპირებთ და ხომ არ გინდა, რომ გამარკვიო?
- გაიხადე! - უთხრა სანდრომ და თვითონაც ქურთუკის ელვის შეხსნა დაიწყო.
- რა? - თვალები დააჭყიტა ანიკამ.
- რაც გესმის. მიდი, გაიხადე!
- რატომ? მოიცა, უკვე? - საერთოდ დაიბნა გოგონა. - სიმართლე გითხრა, შენგან ასეთ შემოთავაზებას ასე სწრაფად არ ველოდი! - ამ სიტყვების მოსმენისას სანდროს ისეთი სიცილი აუტყდა, ანიკას უკვე შეეშინდა კიდეც.
- რაო? არა, არა! სხვას არაფერს ვაპირებ და რომ ვაპირებდე, მაშინ მით უმეტეს არ გთხოვდი, რომ შენით გაგეხადა! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა და წარბებშეკრული გოგონა ჩაიხუტა, შემდეგ კი თბილი და მომაჯადოებელი ხმით უთხრა. - მიდი, გპირდები, არ ინანებ.
- მითხარი, რას ვაპირებთ, თორემ უკვე მეშინია!
- რა სულელი მყავხარ! რას ვაპირებთ და გაიგებ, ზედმეტი ტანსაცმლისგან რომ გათავისუფლდები. ხომ მენდობი?
- შენ კი... - ამოიბლუყუნა საბოლოოდ და ქურთუკის გახდა დაიწყო. თანდათან უფრო და უფრო სციოდა, მაგრამ ბოლოს მაინც საცვლების ამარა დადგა გაურკვეველი მზერით.
- ახლა კი წამომყევი! - ზურგზე შეისვა სანდრომ და წყლისკენ გაიქცა, მაგრამ ანიკამ იმხელა ხმით იკივლა, მოულოდნელობისგან გაჩერდა.
- გაგიჟდი? შენ რა, გინდა, რომ ოცდაოთხ დეკემბერს წყალში შევიდეთ? მოვკვდებით!
- არ მოვკვდებით, ნუ გეშინია!
- სანდრო, სიგიჟეა! - ანიკამ ბიჭის ზურგიდან ისევ ცივ ქვიშაზე გადაინაცვლა. ამ ყველაფრის წარმოდგენაზეც კი გული უჩერდებოდა.
- ისეთივე, როგორიც ის, რომ მიყვარხარ! - ბიჭი მოწყურებულად დაეწაფა ტუჩებზე, ანიკას კი ბოლო სიტყვებმა ყველანაირი საღი აზრი გადაუკეტა. ორივე ხელი კისერზე, ფეხები კი წელზე შემოხვია, სანდრომ კი წყალში შეიყვანა. თითოეული ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო უჭირდა. სუნთქვა შეეკრათ, იმდენად ცივი იყო წყალი. ანიკას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ხელები და ფეხები ერთდროულად დააჭრეს. რომ არ ყოფილიყო ადამიანი, რომელთან ერთადაც ახლა წყალში იყო, არასოდეს ჩაიდენდა ასეთ სიგიჟეს. ანიკა აკანკალებული ეკრობოდა ბიჭს ძლიერ სხეულზე, შემდეგ კი ორივემ ერთდროულად წაიჭირეს ცხვირზე ხელი და წყალში ჩაყვინთეს. ეს იყო ყველაზე არაორდინარული საქციელი, რაც კი ორივეს მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე გაეკეთებინა. ბოლოს ისეთივე სისწრაფით ამოცვივდნენ წყლიდან, როგორც ჩავიდნენ. სანდრომ სასწრაფოდ მოახვია პლედი და მანქანაში ჩასვა. თვითონაც შეიფუთა და მანქანის გამათბობელი ჩართო, შემდეგ კი ანიკა თავის კალთაში გადაისვა და ზურგჩანთიდან კონიაკის ბოთლი ამოაძვრინა და ანიკას მიაწოდა.
- დალიე, გაგათბობს! - უთხრა სანდრომ, გოგონა კი დაუფიქრებლად დაემორჩილა მის სიტყვებს და ერთიანად გადაჰკრა, მაგრამ იმდენად სციოდა, ყელის ჩაწვა ვერც კი იგრძნო. შემდეგ სანდროს დაუბრუნა და ბიჭიც ასევე მოიქცა.
რამდენიმე წუთში მანქანის გამათბობელმაც იმოქმედა, სასმელმაც და ერთმანეთთან სიახლოვემაც. ორივემ იგრძნო, რომ კვლავ აუმოძრავდათ ძარღვებში სისხლი, ანიკამ კი შვებით ამოისუნთქა.
- მგონი, გადავრჩით! - გაეცინა და სანდროს კისერში ჩარგო ცხვირი.
- ცუდად ხომ არ ხარ? - ანიკას რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ შეშფოთდა სანდრო.
- არა, ცუდად კი არა, ძალიან, ძალიან მაგრად ვარ! სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის სათქმელად, თუ რას ვგრძნობ ახლა. ასე მგონია, მალე გული გამისკდება.
- ვერც წარმოიდგენ, როგორ მახარებს შენი სიტყვები. - თბილად გაუღიმა ბიჭმა და ტუჩები ნაზად შეახო.
- შენ კი წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ მიყვარხარ! - და როგორც იქნა! ანიკამაც ამოთქვა ის, მთავარი სიტყვა! სანდროს მკლავებში მოქცეული, მისსავე კალთაში იჯდა, გრძნობდა საყვარელი მამაკაცის აჩქარებულ გულის ცემას და მისი თბილი სუნთქვა თმაზე ეხებოდა. მეტი რა იყო საჭირო ბედნიერებისათვის?!
* * *
სანდრომ და ანიკამ მთელი ღამე მანქანაში გაატარეს, გამთენიისას კი „ცენტრალ პარკისკენ“ გაემართნენ და მზის ამოსვლას იქ შეხვდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, თოვლი ჯერ კიდევ არ იყო, ანიკას კი ისეთი სტერეოტიპი ჰქონდა შექმნილი, რომ ამერიკაში შობას ყოველთვის თოვდა. სულ ფილმების დამსახურებაა ეს ყველაფერი!
- სან! ეს ის ადგილია, „მარტო სახლში“-ს მეორე ნაწილში რომ ჩანს? ქალი მტრედებს რომ აჭმევს! ნამდვილად ის ხეა! - აღტაცებულმა წამოიძახა ანიკამ, ხიდის ქვეშ გაიარა და გრანდიოზული, უხვად დატოტვილი ხისკენ გაიქცა.
- ეგ არის. ზოგადად, ეს პარკი იმდენ ფილმშია გადაღებული, ალბათ მალე "ოსკარსაც" მისცემენ! - გაეცინა სანდროს. - სანაძლეოს დავდებ, ყველა ადგილის ნახვისას ერთი ფილმი მაინც გაგახსენდება! - აგრძელებდა ბიჭი, მაგრამ რომ დაინახა, ანიკა რასაც აკეთებდა, უცბად დასერიოზულდა. - გაგიჟი? რას აკეთებ?
- ხეზე ავდივარ, ვერ ხედავ?
- მაგას როგორ ვერ ვხედავ, მაგრამ რა გინდა?
- ყოველთვის მაინტერესებდა აქაურობა. ფილმში ისე არის გადაღებული, ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც. ამოდი, არ გინდა? ძალიან მაგარია!
- რომელი ედვარდ კალენი მე მნახე, ხეებზე რომ მაძრომიალო? - სიცილი აუტყდა სანდროს, მაგრამ ფეხი მაინც შედგა ასაძრომად.
- ეი, თქვენ! ჩამოდით სასწრაფოდ დაბლა! რა ხალხია! - გაისმა დაცვის სამსახურის ფორმაში გამოწყობილი ღიპიანი და ულვაშიანი კაცის როხროხა ხმა და ორივე სასწრაფოდ ძირს ჩამოხტა.
- შობას გილოცავთ! - მიაძახა ანიკამ, შემდეგ კი სანდროს ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად გაიქცა.
- არანორმალური ხარ! - ამოთქვა სანდრომ, როდესაც სირბილით დაღლილები პირდაპირ ბალახზე გაწვნენ.
- პირველი არ ხარ, ვინც მაგას მეუბნება! - გაეცინა გოგონას. - ახლა სახლში უნდა წავიდეთ? თუ ვაპირებთ კიდევ რამეს?
- კიდევ მაქვს გეგმაში შენი სადღაც წაყვანა, მაგრამ თუ გინდა, მანამდე სხვა ფილმების გადასაღებ ლოკაციებსაც გაჩვენებ.
- ოჰო, საინტერესოა... ამმმ, “Friends with benefits”-ზე რა აზრის ხარ?
- მოიცა, რას გულისხმობ? - იდაყვებზე წამოიწია სანდრო და მაცდური ღიმილით გახედა გოგონას.
- ოხ, სანდრო! რას და Empire state building-ს, სხვას რას უნდა ვგულისხმობდე?
- აჰა, გასაგებია. მერე ისინი რომ იქ ღამით იყვნენ?
- დღისითაც იყვნენ!
- სამაგიეროდ, დღისით როცა იყვნენ, იჩხუბეს!
- ჩვენ არ ვიჩხუბოთ. ჯერ იქ ავიდეთ, შემდეგ კი შენს შერჩეულ ადგილას წავიდეთ. გთხოვ...
- ანიკა, სიმართლე რომ გითხრა, სიმაღლის ფანი ნამდვილად არ ვარ. თან შენ მხოლოდ მაღალ სართულზე ასვლას კი არა, ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის სახურავზე აყვანას მთხოვ.
- სან... - თვალები ააფახულა ანიკამ.
- სხვა რა ფილმი გიყვარს?
- კინგ-კონგი! - ენა გამოუყო სანდროს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. -კარგი რა, რა დაგემართა... ნუ მახვეწნინებ!
- ჯანდაბა! ავიდეთ. თუ გული გამიჩერდება, შენი ბრალი იქნება! - დაჰყაბულდა საბოლოოდ და ორივენი მანქანისაკენ გაემართნენ.
* * *
- რა ლამაზია! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ანიკა. Empire state building-ის სახურავზე იდგა და ამხელა სივრცე თვალწინ ეშლებოდა. უცნაური გრძნობა იყო. აღმატებული და ექსტრემალური... სუნთქვა ეკვრებოდა მღელვარებისგან. პირველად ჰქონდა თვალწინ გადაშლილი უკიდეგანო სივრცე. თითქოს შეეძლო გაეცურა, ჩაძირულიყო ამ ყველაფერში... სანდრო მოშორებით ჩამოჯდა, ანიკა კი კიდესთან იდგა და სახეს ცივ ნიავს უშვერდა. თვალები დახუჭა და ხელები გაშალა. ფრენის შეგრძნების იმიტირებას ახდენდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ბედნიერი იყო!
მოულოდნელად სახეზე რაღაც ცივი და სველი დაეცა. შემდეგ კიდევ ერთი. თვალები დაბნეულმა გაახილა და ყურებამდე გაეღიმა - თოვდა!
- სან! - გახარებული გაიქცა და სანდროს ჩაეხუტა. - შობას მაინც თოვს, ყოველთვის!
- სანტა-კლაუსიც ჩუქნის პატარებს საჩუქრებს! - გაეცინა ბიჭს და ხელები მოხვია. -მაგალითად, მე შენი თავი მაჩუქა.
- შენ პატარა არ ხარ! - ენა გამოუყო ანიკამ.
- სამაგიეროდ, შენ ხარ!
- სან, რაღაც უნდა გკითხო... - შემპარავი ხმით დაიწყო ანიკამ, რადგან იცოდა, რომ სანდრო ამ თემაზე ყოველთვის ბრაზდებოდა. - კონტრაქტში წერია, რომ თუ იმ ოჯახის რომელიმე წევრი, რომელშიც გაცვლითი პროგრამის მონაწილე მოსწავლე ცხოვრობს, თანახმა იქნება და პასუხისმგებლობას აიღებს, შეუძლია მოსწავლემ მასთან ერთად დროებით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია.
- მოიცა, მოიცა. ვერ გავიგე. სადმე გინდა წასვლა?
- მინდა, რომ ერთად წავიდეთ, მაგრამ...
- რა მაგრამ? - შეაწყვეტინა სანდრომ. - წავიდეთ მერე, რა პრობლემაა?
- ის პრობლემაა, რომ სავარაუდოდ, ჩემი შერჩეული ქვეყანა არ მოგეწონება...
- ანიკა, ნუ მამკითხავებინებ. მითხარი, რისი თქმაც გინდა. იმედია, ანტარქტიდაზე მოგზაურობას არ მთავაზობ!
- მინდა, რომ ახალ წელს საქართველოში შევხვდეთ. - სწრაფად ჩაილაპარაკა და სანდროს თავის შესაცოდებელი მზერით შეხედა.
- გამორიცხულია! - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. - დროა, წავიდეთ, თოვა იმატებს!
* * *
მგზავრობა არც ისეთი სასიამოვნო გამოდგა, როგორიც უნდა ყოფილიყო. ანიკას ვერ გაეგო, რა თქვა ისეთი, რამაც ბიჭი ასე ძალიან გააბრაზა. სანდრო კი საქარე მინაზე თვალის მოუშორებლად მართავდა მანქანას. ავტოფარეხში რომ შევიდნენ და ანიკას კარი გაუღო მანქანიდან გადმოსასვლელად, მაშინაც კი არ ამოუღია ხმა.
- სანდრო, არ ვიცი, რა ვთქვი არასწორად ან რა გავაკეთე, მაგრამ თუ რამე შემეშალა, მაპატიე! - ბოლოს პირველი ნაბიჯი მაინც ანიკამ გადადგა და სახლში შესვლისთანავე დაარღვია დუმილი.
- მისმინე, შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, რაღაცას გთხოვ და გამიხარდება, თუ გაითვალისწინებ. ანიკა, არასდროს არ მიხსენო საქართველოში წასვლა. ჭირვეული ბავშვივით ტყუილად არ მაქვს ეს აჩემებული, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მინდა.
- არ მენდობი?
- ეგ რა შუაშია? უბრალოდ, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- ეგ გასაგებია, მაგრამ ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ამ თემასთან კვლავ დაბრუნება. ნუ დაგავიწყდება, რომ ივნისის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება.
- კონტრაქტის გარეშეც შეგიძლია აქ დარჩენა!
- არ შემიძლია! და შენ ეს ჩემზე კარგად იცი.
- რატომ? რა გიშლის ხელს? მშობლები? თუ ყველაფერს აუხსნი, დაგტოვებენ.
- სანდრო, გაგიჟდი? რას მეუბნები? დავურეკე და „მამა, კარგი ბიჭია და ვრჩები-მეთქი“ ვუთხრა? - ყველაზე შეუფერებელ სიტუაციაში აუტყდა ანიკას სიცილი და დივანზე დაენარცხა. სანდროსაც ჩაეღიმა მის სიტყვებზე.
- თუ გინდა, მასე უთხარი. მე პირადად, არანაირი პრობლემა არ მექნება! - კმაყოფილი სახით მიუჯდა სანდრო გვერდით.
- სან, მე მართლა გეუბნები... ჩვიდმეტი წლის ასაკში გათხოვებას ნამდვილად არ ვაპირებ და...
- მოიცა, შენ ვინ გეკითხება, რამდენი წლის ასაკში აპირებ გათხოვებას? - აშკარად კარგ ხასიათზე იყო ბიჭი.
- დამაცადე ლაპარაკი! - გაეცინა ანიკასაც. - მე სერიოზულად ვამბობ. და საერთოდაც, რა დროს გათხოვებაა, ჯერ სრული ერთი დღეც არ გამხდარა, რაც ერთად ვართ. საერთოდაც, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. წავალ, გამოვიცვლი! - წამოხტა ანიკა და მეორე სართულზე აირბინა.
სანდრო ჩაფიქრებული იჯდა. მისი კარგი ხასიათი ანიკას გაჰყვა. რატომ არ უფიქრია ამ თემაზე აქამდე? უფიქრია, როგორ არ უფიქრია, მაგრამ უშედეგოდ! თვითონ საქართველოში დაბრუნების იდეას არც არასდროს განიხილავდა, ის კი კარგად იცოდა, ანიკა აქ რომ ვერ დარჩებოდა. რა უნდა ექნა? გაეშვა ისე, ვითომც არაფერი მომხდარა? ნერვები ეშლებოდა ამაზე ფიქრისას; ნერვები ეშლებოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. არადა, რა მალე მოვა ივნისი?! თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებს! მერე გვიანი იქნება ამაზე ფიქრი. ანიკას სიმართლე რომ მოუყვეს? რომ უთხრას, რატომ არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება? არა, შეუძლებელია! ვერ გაუგებს, შეიძლება არც ესიამოვნოს. მოკლედ, რამე უნდა მოიფიქროს და თან, რაც შეიძლება მალე, თორემ ვერ დაუშვებს, ანიკასთან დაშორება რომ მოუწიოს...
* * *
- ელე, ისეთი ამბები მაქვს, გაგიჟდები! - წამოიკივლა ანიკამ მაშინვე, როგორც კი მეგობარმა „სკაიპში“ უპასუხა.
- არ დამაყრუო, ფრთხილად! - გაეცინა გოგონას. - მეც კარგი ამბები მაქვს. ჯერ შენ დაიწყე!
- მე და სანდრო ერთად ვართ! - ერთი სიტყვასავით ჩამოარაკრაკა ანიკამ და ტაში შემოჰკრა.
- არ არსებობს! - პირი დააღო ელემ. - ვაიმე, მართლა? - რამდენიმე წამის შემდეგ კი აკივლდა.
- კი! გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ მომატყუა, ბიჭები მოდიან ფეხბურთის საყურებლადო. რაღაცები გავამზადე და ხალხი საჩუქრებით და საჭმლით ხელში რომ დაგვადგა, გამოვშტერდი. მერე ვუთხარი სანდროსაც, გეთქვა, საჩუქარს ხომ მაინც გაჩუქებდი-მეთქი და არ გაინტერესებს, რა მითხრა? არც ახლაა გვიანიო.
- ოპააა! სანდრო აღარ ხუმრობს!
- მოკლედ, პატარა წვეულება გვქონდა და ბოლოს ბიჭები მართლა დარჩნენ ფეხბურთის საყურებლად. მეც მინდოდა, მაგრამ იმათთან ერთად ვერ დავჯექი მაინც და ოთახში ვუყურებდი ლეპტოპში. ბოლო წუთები იყო დარჩენილი, რომ ტელეფონმმა ატეხა რეკვა. გავგიჟდი, არავინ არ პასუხობდა. გავედი ბოლოს ისევ მე და ვინ იყო?! ბარბარა! თან უნდა გენახა, როგორ მომიკითხა! ჩავუტანე სანდროს ტელეფონი და ამოვბრუნდი უკან. ისე ვჩქარობდი, არც ხალათი გამხსენებია და პიჟამაში გამოწყობილი ჩავედი დაბლა.
- არ გამაგიჟო! - სიცილი აუტყდა ელეს. - წარმომიდგენია იმათი სახეები.
- თან სუპერმოკლე შორტი და თხელი მაისური რომ მაქვს, ნაცრისფერები, ისინი მეცვა! - აჰყვა ანიკაც.
- საწყლები! მერე? მომიყევი ბოლომდე, ნუ მომკალი!
- მერე არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში სანდრომ შემომიღო კარი დაუკაკუნებლად. ავკივლდი, გაეთრიე, მაყურებინე თამაშს-მეთქი. საქმე მაქვსო, არ მეშვებოდა. მეც გავჯიუტდი და რა გააკეთა, იცი? მოვიდა, ხელები ზურგსუკან გადამიგრიხა და მაკოცა!
- ახლა მოვკვდები! - ელეც ისეთი ემოციებით უსმენდა, პოპკორნის მოტანაღა აკლდა სრული კომფორტისათვის. - მერე?
- რაღა მერე! - გაეცინა ანიკას. - მე ვუთხარი, ახლაც ნასვამი ხარ და არ მინდა ხვალ იმავე სიტყვების მოსმენა, რაც მაშინ მოვისმინე-მეთქი.
- რა საძაგელი ბავშვი ხარ!
- ზუსტად ეგ სიტყვები მითხრა სანდრომაც!
- უკვე ჩხუბიც ხომ არ მოასწარით?
- არა. ისეთი სიგიჟე მოხდა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი. შუაღამისას წამიყვანა, გოგო და მანქანით მივედით სანაპიროზე. გადმოვედით და გაიხადეო!
- რაო? - თვალები დააჭყიტა ელენემ. - უყურე მაგას, უკვე საქმეზე გადასულა! - შემდეგ კი სიცილით გადაბჟირდა.
- ნუ ხარ ცანცარა! გოგო, გული გამისკდა! თან ისეთი სერიოზული სახით მეუბნებოდა, ვერ მივხვდი, რა უნდა მექნა.
- რამ გაგიხეთქა გული, ორი წლის ბავშვი ხარ?
- ვაიმე, ელენე! დამაცადე ახლა, თორემ აღარ მოგიყვები!
- ოქეი, ვჩუმდები! - ელემ წარმოსახვითი ბოქლომით ჩაიკეტა პირი და მოსმენა განაგრძო.
- მოკლედ, გავიხადე და დავრჩი იმ ყინვაში საცვლებით. ძვლებში მტეხდა, ისე მციოდა და სანდრომ პლუს ამას ოკეანეში შესვლა მოინდომა. ძლივს დამითანხმა. ვუთხარი, სრული სიგიჟეა-მეთქი და ისეთივე სიგიჟეა, როგორიც ის, რომ მიყვარხარო! - ელენე ძლივს იკავებდა თავს, რომ არაფერი წამოეძახა, მაგრამ ანიკა მის თვალებში ისედაც ყველა ემოციას კითხულობდა.
ყველაფერი დეტალურად მოუყვა, სახლში დაბრუნებისას მომხდარი ინციდენტის ჩათვლით. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ელემ ვარაუდებიც კი ვერ გამოთქვა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სანდროსთვის წინაღობა სამშობლოში დასაბრუნებლად.
- ახლა შენი ჯერია! რა უნდა მოგეყოლა? - საბოლოოდ თემის შეცვლა ამჯობინა ანიკამ.
- დაახლოებით იგივე... - დამაინტრიგებელი მზერით შეხედა ელემ და წარბები აათამაშა.
- რას ნიშნავს „დაახლოებით“?
- მე და საბაც ერთად ვართ!
- ააააა! ახლა გავგიჟდები!!! - ანიკამ ხტუნაობა დაიწყო, შემდეგ კი ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. - ხომ გეუბნებოდი! რამდენჯერ გითხარი! არა რა, მაღიარე! დეტალურად მომიყევი ყველაფერი, სასწრაფოდ!
- გახსოვს, რომ გითხარი, გურამის სპექტაკლზე მივდივართ-მეთქი? ყველაფერი იმ საღამოს დაიწყო. თამუნა, ქეთი და მარი ცალკე წავიდნენ. ნინი ირაკლისთან ერთად წამოვიდა და ბოლოს მე, ნატა და საბა შევრჩით ერთმანეთს. ნატამაც იყნოსა სიტუაცია და მოიმიზეზა, დედამ დამირეკა, უნდა წავიდეო. მოგვიწია მე და საბას ერთად წამოსვლა. თერთმეტი საათი იყო უკვე, ტრანსპორტიც ცუდად დადიოდა, ფულიც არ გვქონდა ბევრი, არადა, ნაყინი მინდოდა. მოკლედ, ვიყიდეთ ნაყინები და დავდექით გაჩერებაზე იმის იმედით, რომ რომელიმე ავტობუსი მაინც გამოივლიდა. გეფიცები, უდაბნოში ჩარჩენილს არ გაუხარდებოდა ისე წყლის პოვნა, როგორც ჩვენ ყვითელი ფერის დანახვამ გაგვახარა. ძლივს ავედით ავტობუსში. იმდენი ხალხი იყო, ვერ გაარკვევდი, ვისი სიმ-ბარათი ვის მობილურში იდო. - სიცილი აუტყდა ელეს, ანიკა კი ინტერესით უსმენდა. უხაროდა მეგობრის ბედნიერება, მით უმეტეს, რომ იცოდა, რა დღეშიც იყო ელენე საბას გამო. მეშვიდე კლასიდან მოყოლებული უყვარდა, ის კი ისე უყურებდა, როგორც მეგობარს და ხშირად გოგონებთან დაკავშირებით რჩევებსაც კი ეკითხებოდა.
- ელენე! ნუ მომკალი! მომიყევი წესიერად! - მოთმინება ამოეწურა ანიკას.
- კარგი ხო, დამაცადე! მოკლედ, უამრავი ხალხი იყო და მე და საბა ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან. ცოტა ხანში წელზე მომხვია ხელი და ისე ვეჭირე. გეფიცები, მუხლები მიკანკალებდა. ბოლოს ჩემკენ დაიხარა და მეუბნება: „იცოდე, ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გავიმეორებ.“
- ის კოცნა იგულისხმა?
- ჰო. ვაიმე, ცალი თვალით რომ დაგენახე, როგორ ვიდექი, სიცილით მოკვდებოდი. არც მე მომწონს შენი შეცდომები-მეთქი, ვუთხარი და მიხარიაო. სახლამდე ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედით და ფეხით გავიარეთ. ხელი ჰქონდა მოხვეული და ისეთი თვალებით მიყურებდა, იმ წამსვე მივხვდი, რომ მის გარდა სხვა არავინ მჭირდებოდა.
- ახლა ცრემლები წამომივა... - თვალები ააფახულა ანიკამ. - გაკოცა?
- კი! სახლამდე მიმაცილა. სადარბაზოსთან რომ მივედით, ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე და შევბრუნდი. თავიდან მითხრა, ნახვამდისო, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, წამომეწია, თავისკენ შემაბრუნა და მაკოცა.
- ოჰო, ტემპერამენტი მესმის! ყოჩაღ საბა! რაო შენმა მეზობლებმა, ხომ არ გაგათხოვეს უკვე? -გაეცინა ანიკას, მაგრამ ელესთან საუბარი ვეღარ გააგრძელა, რადგან ოთახში სანდრო შემოვიდა. რა თქმა უნდა, ისევ დაუკაკუნებლად!
- გცალია?
- ელენეს ველაპარაკები, რა ხდება?
- არაფერი. სადღაც მინდა წაგიყვანო. დილით რომ გითხარი, სიურპრიზი მაქვს-მეთქი, ვეღარ მოვასწარი მეჩვენებინა.
- კარგი. დავამთავრებთ საუბარს და წავიდეთ. - ანიკა ისეთი ტონით სცემდა პასუხებს, აშკარად ეტყობოდა, ნაწყენი რომ იყო. სანდრომაც მეტი ვეღარ მოითმინა და მიუახლოვდა:
- გამარჯობა, ელე! და ნახვამდის, ელე! - შემდეგ კი ლეპტოპი დახურა და ანიკას სკამის წინ ჩაიმუხლა. - რა მოხდა? მიბრაზდები?
- რატომ უნდა გიბრაზდებოდე, მიზეზი მომეცი? - წარბები აბზიკა გოგონამ.
- რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ მოიშალო ეგ ირონია? - გაბრაზდა სანდრო.
- მაპატიე. სან, არ მინდა, რომ ასე ვიყოთ. თითქოს არ მენდობი. იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რა მოხდება რამდენიმე თვეში.
- და რატომ უნდა იფიქრო ამაზე? უბრალოდ შეეშვი ყველაფერს და დატკბი წამით. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა იმისთვის, რომ გული მომავალზე ფიქრით დაიმძიმო.
- ანუ რას მეუბნები, რომ არაფერზე არ ვიფიქრო, ივნისის ბოლოს კი ავდგე, თბილისში დავბრუნდე და დაგივიწყო? - თვალები ცრემლებით აევსო გოგონას და ტუჩზე იკბინა, რომ არ ატირებულიყო. ახლა მართლა ჰგავდა პატარა ბავშვს.
- არ იტირო! მოდი ჩემთან! - სანდრო ფეხზე წამოდგა, ანიკაც ცალი ხელით წამოაყენა და ძლიერად ჩაიხუტა. გოგონას მის მოსაცმელს ისე ეჭიდებოდა, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. თითქოს ყველაფერი გაქრებოდა და ასე შეძლებდა მის შეკავებას. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენი რამის შეცვლა შეეძლო.
- არ მინდა დაგკარგო... - ამოისლუკუნა საბოლოოდ, სანდრომ კი უფრო ძლიერად მოხვია მკლავები და მტკიცედ უთხრა:
- არ დამკარგავ. ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები... სწორედ ამის მეშინოდა ყოველთვის და სწორედ ამის გამო ვიკავებდი თავს შენგან ურთიერთობისგან. არ მინდა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ამაზე ფიქრობდე.
- დამპირდი, რომ სიმართლეს მომიყვები.
- ანიკა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
- როგორ არ აქვს! საკუთარ სამშობლოს ვერ იტან რაღაცის გამო და არაფრისდიდებით არ აპირებ უკან დაბრუნებას და გინდა მითხრა, რომ ეს ყველაფერი რაღაც უმნიშვნელოს გამო ხდება?
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს, შენთან.
- რატომ? - არ ეშვებოდა ანიკაც. როგორმე უნდა ამოეგლიჯა სანდროსთვის სიმართლე.
- გვეყო ამ თემაზე. ასევე წამოხვალ თუ გამოიცვლი?
- სად მიგყავარ?
- შენი აზრით, სიურპრიზი არ ჩაიშლება, წინასწარ რომ გითხრა, რას ვაპირებ?
- ჩაიშლება...
- ჰოდა, ამიტომ მიდი, პირზე წყალი შეისხი, ქურთუკი ჩაიცვი და წავიდეთ. პირობას გაძლევ, ის, რაც ახლა უნდა ნახო, არასდროს გინახავს და დარწმუნებული ვარ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩები!
* * *
- Oh my god! - გაოგნებულმა ამოილაპარაკა ანიკამ, როდესაც სანდრომ დანიშნულების ადგილზე მიიყვანა. - სერიოზულად? - შემდეგ კი თვალებგაბრწყინებულმა გახედა ბიჭს და მანქანიდან მოუთმენლად გადახტა.
- გაგიხარდა? - გაეცინა სანდროს და მაღაზიის კარი გაუღო.
- მეკითხები კიდეც? „ჰარლი დევიდსონი“ ჩემი პირველი სიყვარულია! - სიცილითვე უპასუხა ანიკამ და თვალი ინტერიერს მოავლო. სიტყვებით არ შეეძლო იმ აღტაცებისა და ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა გრძნობდა. გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს უნდა ამოუვარდესო. თვალებიც კი აუჭრელდა ამ ყველაფრისგან. ისეთი გარემო იყო, თავი მუზეუმში ეგონა. იქ იყო რამდენიმე ანტიკვარული მოდელი, სხვა მოდელები კი გამოშვების წლის მიხედვით, იერარქიულად ლაგდებოდა. კედლებზე სხვადასხვა სურათი, დიპლომი, მედალი და ნახატი იყო. თაროებზე კი მინიატურული ფორმის ბაიკის მოდელები, სხვადასხვა ტანსაცმელი და აქსესუარი ელაგა.
- აბა, რა ვიყიდოთ? - გაღიმებულმა ჰკითხა სანდრომ, ანიკას კი თვალები შუბლზე აუვიდა.
- ვიყიდოთ? შეიძლება ბაიკი ვიყიდოთ?
- არა! აქსესუარები და ტანსაცმელი ან პატარა მოდელები.
- მმმ, მაშინ შეკითხვაზე რამდენიმე წუთში გიპასუხებ! - უთხრა ანიკამ და თაროებს შორის გაუჩინარდა. რამდენიმე ხელთათმანი და ქურთუკი მოეწონა, მაგრამ ფასს რომ დახედა, ყიდვის სურვილი მაშინვე გაუქრა. ახლა ნათელია, რატომ არის ამ მაღაზიაში ასე ცოტა ხალხი.
- აბა? შეარჩიე რამე?
- არა, არაფერი არ მინდა, უბრალოდ ვათვალიერებ.
- კარგი ახლა, არ გინდა რაღაცების მოგონება. გითხარი, რომ ვიყიდით და ესე იგი, ვიყიდით.
- სანდრო, ის ქურთუკი ისეთი ფასი ღირს, იმ თანხით თავისუფლად შევძლებთ რამდენიმე დღით რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე კარგად დასვენებას.
- რომელ ქურთუკზე ამბობ?
- აი, ტყავის. წელში გამოყვანილი, გვერდული ელვით და ზურგზე „ჰარლის“ პატარა ლოგოთი. - დეტალურად ჩამოურაკრაკა ანიკამ, ბიჭმა კი უცერემონიოდ დაავლო ქურთუკს ხელი და დახლთან მიიტანა.
- ამას ვყიდულობთ! თუ შეიძლება, შეგვიფუთეთ.
- სანდრო!
- არავითარი სანდრო! - მოკლედ მოუჭრა და მუყაოს ჩანთა დახლიდან აიღო. - ეს შენ! -შემდეგ კი გაუღიმა და მსუბუქად აკოცა.
- გიჟი ხარ! მაგრამ მომწონს შენი სიგიჟეები...
* * *
მარტოობის რამდენიმე დღემ სწრაფად გაირბინა და გიასა და მარიკას ჩამოსვლის დღეც დადგა. ჩამოსვლა ამინდის, უფრო სწორად კი, უამინდობის გამო გადაედოთ და ოცდათერთმეტი დეკემბრის ნაცვლად, ხუთ იანვარს ჩამოფრინდნენ. სანდრო უცნაურად ღელავდა და არც ანიკა ჩანდა უკეთეს დღეში, ეს ყველაფერი კი იმის გამო, თუ როგორ უნდა ეთქვათ ახალი ამბავი უფროსებისათვის. უნდა ეთქვათ კი? იქნებ საერთოდ არ იყო საჭირო ყველაფრის გასერიოზულება? ან ანიკას მშობლები რას იტყოდნენ, ეს ამბავი რომ გაეგოთ? რომელ ნორმალურ მშობელს ესიამოვნებოდა, საკუთარი შვილის იმ ბიჭთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება, რომელიც უყვარს? არა, აუცილებლად უნდა მოიფიქროს ანიკამ რამე, თორემ ამ ამბავს ვერც დიდხანს დამალავს და ვერც შელამაზებულ ფორმებში ვერ მოჰყვება.
- სანდრო, რა უნდა ვქნათ? - მოუსვენრად ისრესდა ხელებს გოგონა და აეროპორტში ყველა შემოსასვლელისკენ აცეცებდა თვალებს.
- მომისმინე, დამშვიდდი და ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. რა გაქვს საშიში?
- არ მეშინია, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ იქნება. დამიჯერე, აგერ, ნახავ, თუ არა.
- და რა არ უნდა იყოს რიგზე, რას გულისხმობ? რა არის პრობლემა იმაში, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს?
- ის, რომ ეს ორი ადამიანი, ყველაფრის მიუხედავად, ერთ სახლში ცხოვრობს.
- ანიკა, გეხვეწები, ტიპური ქართველი გოგოსავით ნუ მელაპარაკები! - გაეცინა სანდროს, მაგრამ ანიკას სახეზე ხუმრობის კვალსაც ვერ ხედავდა. - მოიცა, არ ხუმრობ? ანუ შენთვის ჯერ რაღაც ქაღალდია საჭირო იმისთვის, რომ წყვილმა ერთად იცხოვროს?
- სანდრო! აბა, დაფიქრდი, რას ამბობ! ხომ არ გავიწყდება, რომ ჯერ არასრულწლოვანი ვარ? და სულაც არ ვაზროვნებ ისე, როგორც შენ მაბრალებ. უბრალოდ...
- პატარა ხარ! და არ დაიწყო საწინააღმდეგოს მტკიცება! მეც ვიცი, რომ ჯერ პატარა ხარ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მხოლოდ ერთ სახლში ვცხოვრობთ და არა ერთ ოთახში.
- აუ, დამანებე რა თავი! - გაბრაზდა ანიკა და ზურგი აქცია, სანდროს კი თავისთვის ეცინებოდა. ბოლო დროს მის საყვარელ საქმიანობად ანიკას გაბრაზება იქცა, რაც მართლაც რომ არაჩვეულებრივად გამოსდიოდა.
- გამებუტა ჩემი პატარა გოგო? - ზურგით თავის მკერდზე მიიკრა და ყურში ჩუმად უჩურჩულა. ანიკას კი ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ მაინც არ მოლბა.
- დამანებე თავი!
- ვერ ეღირსები ჩემი თავის დანებებას, ეჭვიც არ შეგეპაროს ამაში! რატომ გამიბრაზდი? რა არ მოგეწონა? - ისევ ისეთი თბილი ხმით უთხრა ბიჭმა, ანიკამ კი ღრმად ამოიოხრა და ის იყო, პასუხი უნდა გაეცა, რომ უცბად გია და მარიკა შენიშნა.
- ჩამოვიდნენ! - ჩუმად მოასწრო სანდროსთვის თქმა და გაღიმებული გაემართა ახალჩამოსულების შესაგებებლად, სანდრო კი უხერხული ღიმილით მიჰყვა უკან...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი