- დედა, მამა! როგორ ხართ? მომენატრეთ! - გადაეხვია სანდრო მშობლებს, შემდეგ კი ანიკა მიუშვა.
- როგორ იმგზავრეთ? როგორ დაისვენეთ? - კითხვები დააყარა ანიკამაც.
- გმადლობთ, გმადლობთ, ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო! თქვენ როგორ ხართ? -მოიკითხა გიამაც და ნელ-ნელა გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- სანდრო, დედი, რაღაც გამხდარი მეჩვენები! ანიკა, არ დამიმალო, სახლში გვიან ბრუნდებოდა და ლუდს ხშირად სვამდა, ხომ? - მარიკამაც დედისათვის ჩვეული სიტყვებით დაიწყო საუბარი, ანიკას კი უხერხულად ჩაეღიმა.
- არა, კარგად იქცეოდა. არ ინერვიულოთ.
- დედა, აბა, შემახსენე, რამდენი წლის ვარ?
- სანდრო! - ჩაახველა გიამ და ჩემოდნები მანქანის საბარგულში ჩაალაგა, სანდრო კი საჭეს მიუჯდა.
- აბა, მოყევით, როგორ დაისვენეთ? რა ნახეთ ახალი პარიზში მესამედ მოგზაურობისას?
- პარიზში ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის ნახვა! - მეოცნებედ წარმოთქვა მარიკამ და გიას უცნაური მზერით გადახედა, რომელიც სანდროს გვერდით სავარძელზე მოთავსებულიყო.
- თქვენ როგორ გაატარეთ ეს დრო? იმედი მაქვს, ამ გოგოს მთელი დღეების განმავლობაში მარტოს არ ამყოფებდი! - გია ისე ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცას ეჭვობდა, ანიკა კი სუნთქვაშეკრული ელოდა სანდროს პასუხს, რომელსაც სულ ოდნავ, ტუჩის კუთხით ჩაეღიმა.
- სწორედ მაგ თემაზე მინდოდა დალაპარაკება თქვენთან! - ამის გაგონებისას ანიკას საბოლოოდ შეეკრა სუნთქვა და სანდროს დაჭყეტილი თვალებით გადახედა.
- ოჰო, რამე მოხდა? - დაინტერესდა მარიკაც.
- არაფერი! უბრალოდ, სანდრომ დამიმალა, დაბადების დღე რომ ჰქონდა და ცოტა ვიკამათეთ. დანარჩენი ყველაფერი კარგად იყო! - სასწრაფოდ ჩაეჭრა ანიკა, სანდროს კი მის საქციელზე გაეცინა. - აი, მოვედით კიდეც! - შემდეგ კი პირველი გადახტა მანქანიდან. თვითონაც არ იცოდა, ასე რატომ მოიქცა. ალბათ, უბრალოდ არ იყო მზად გიასა და მარიკას რეაქციის სანახავად. სანდროსთვის მასთან ურთიერთობა რომ აეკრძალათ? არა, სისულელეა! ნერვიულობისგან უკვე უაზრობებზე დაიწყო ფიქრი. სასწრაფოდ უნდა მოუხერხოს თავს რამე, თორემ იქამდე გამომჟღავნდება ყველაფერი, სანამ სანდრო თქმას მოასწრებს.
- სანდრო, მგონი, სალაპარაკო გვექნება... - დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გიამ, შემდეგ კი საბარგულიდან ჩემოდანი ამოიღო და სახლისკენ გაემართა. ასევე მოიქცა სანდროც, ანიკამ კი ჯერ დიდი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა ყელში და შემდეგ მარიკასთან ერთად თვითონაც მათ მიჰყვა...
* * *
- აბა, ამიხსნი, რაშია საქმე? - დაიწყო გიამ მაშინვე, როგორც კი სანდრო მასთან კაბინეტში შევიდა.
- კი, მაგრამ ჯერ ბოლომდე მომისმინე და შემდეგ მითხარი შენი სათქმელი. - ჩამოჯდა ბიჭი, მამამ კი თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია და მოსასმენად მოემზადა. - ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ყველაფერი ჩემდაუნებურად მოხდა. ვცდილობდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ თავს მოვრეოდი, მაგრამ არ გამომივიდა...
- შეგიყვარდა. - ეს შეკითხვა არ იყო, მაგრამ სანდრომ მაინც უპასუხა.
- ჰო, შემიყვარდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემიყვარდა.
- ბავშვია!
- არ არის ბავშვი! - ზუსტად ნინის ტოლია, ნინი კი აღარ არის ისეთი პატარა გოგო, ჭკუა რომ არ მოეკითხებოდეს.
- სანდრო! ახლა ყურადღებით მომისმინე და გაიაზრე, რასაც გეტყვი. კარგია, ნინი რომ ახსენე. წარმოიდგინე, ანიკას რომ ძმა ჰყავდეს და მას და ნინის ერთმანეთი შეუყვარდეთ. როგორ მოიქცეოდი? მოგეწონებოდა ეს ყველაფერი?
- რა შუაშია ახლა ეს? ანიკას არ ჰყავს ძმა და სიყვარულში ცუდი არაფერია.
- ვიცი, რომ არ ჰყავს, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, რას იზამდი? ანიკას მამას, ირაკლის საკმაოდ კარგად ვიცნობ და მე ავიღე მის შვილზე პასუხისმგებლობა.
- მამა, კარგი რა! ახლა ისე მელაპარაკები, თითქოს პატარა ვიყო და ჭკუა არ მომეკითხებოდეს. ანიკაზე მეც ვაგებ პასუხს და ნუ ღელავ ამ თემაზე. ძალიან კარგად ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.
- შენ კი, მაგრამ თვითონ? ბავშვია, სანდრო, მიამიტი და მეოცნებე. თქვენი ურთიერთობა ან გაგრძელდება და ან არა. შენ საქართველოში დამბრუნებელი არ ხარ, ეს გოგო კიდევ აქ ხომ არ დარჩება. რა უნდა ქნათ? არ გეცოდება?
- გია! ჯერ ერთი, ანიკა ჩემთვის მორიგი გასართობი არ არის და არც ვაპირებ, ნაძირალასავით მოვიქცე. მერე მეორეც, რა სჭირს შესაცოდი? ჩემ გამო არ მოუწევს დატანჯვა, ამის პირობას ვდებ.
- მაშინ მიპასუხე, რა მოხდება, როდესაც სასწავლო წელი დასრულდება? დაბრუნდები საქართველოში?
- არა, რა თქმა უნდა! ანიკას მშობლებს დაველაპარაკები, ავუხსნი, რომ მათი შვილი მიყვარს და ვთხოვ, დატოვონ.
- ჰმ, მე ანიკაზე ვამბობდი და შენ თვითონაც ბავშვი ყოფილხარ! მაგრამ ირაკლის არ იცნობ და გეპატიება. თავის შვილზე ჭკუა ეკეტება. ყველაფერზეა წამსვლელი ანიკას გამო და დარწმუნებული ვარ, ასე რომ მოიქცე, ფეხით ჩამოვა აქამდე.
- კარგი რა, მამა! რომელ საუკუნეში ვართ? სიყვარული ცოდვაა? არ მესმის შენი. ახლა ისე მელაპარაკები, როგორც მამა, მაგრამ აბა, ჩემს ადგილზეც დააყენე თავი.
- სანდრო, რაც უნდა თქვა და როგორც უნდა ამიხსნა, ამ ამბავს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს... - თავი ჩახარა გიამ. ხვდებოდა, რომ ეს მეტისმეტი სიმკაცრე იქნებოდა მისი მხრიდან და შეიძლებოდა სანდროც გაენაწყენებინა, მაგრამ უნდა მოქცეულიყო ისე, როგორც „გოგოს მამა“.
- ანიკას არ დავშორდები! - ფოლადივით მტკიცე იყო სანდროს ხმა.
- დაშორებას არც გთხოვ. უბრალოდ, სხვაგან უნდა გადახვიდე საცხოვრებლად...
- რა? - ფეხზე წამოიჭრა სანდრო. მეხის გავარდნასავით ჩაესმა გიას სიტყვები.
- დაჯექი და მშვიდად მომისმინე. ორივესთვის ასე აჯობებს. რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ ერთად, მით უკეთესი იქნება ორივესათვის. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალიცაა, რომ ოცდაოთხი საათი ერთმანეთს უყურებთ. იქნებ შეეჩვიეთ ერთმანეთს და სულაც არაა ეს სიყვარული?
- გია, ძალიან გთხოვ, ნუ მასწავლი, რა არის სიყვარული და რა - შეჩვევა. არ არის პრობლემა, გადავალ სხვაგან, მაგრამ ისიც იცოდე, რომ როცა ანიკას ნახვა მომინდება, მაშინ ვნახავ და სხვათა შორის, ახლა უფრო მეტად შეგვეძლება მარტო ყოფნა, ვიდრე აქამდე! - მოუჭრა სანდრომ და გაბრაზებული გავარდა კაბინეტიდან. ეწყინა, თან ძალიან... იცოდა, რომ გია ასე ადვილად არ შეხვდებოდა ამ ამბავს, მაგრამ ასეთ რეაქციასაც არ ელოდებოდა. ჰმ, უარესი წინ ელოდება... როგორ უნდა უთხრას ანიკას ეს ყველაფერი? ან მის მშობლებს როგორ უნდა დაელაპარაკოს? მძიმე მდგომარეობაშია... უნდა იპოვოს ისეთი გზა, რომ არც ანიკა გაანაწყენოს და არც ოჯახი. გზის პოვნაზე სწრაფად კი ახლა ახალი სახლის პოვნა ესაჭიროება...
* * *
სანდრო საძინებელში რომ შევიდა, ანიკა უკვე იქ ელოდა. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ფეხებს ნერვიულად აბაკუნებდა. ბიჭი დაინახა თუ არა, მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
- რა ხდება? რა გითხრა?
- რა გჭირს? დამშვიდდი! - გაუცინა სანდრომ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იყო სიცილის ხასიათზე.
- რა გითხრა გიამ? შენ მოუყევი ყველაფერი?
- დამაცადე და ყველაფერს გეტყვი. დამშვიდდი, დაჯექი და მომისმინე. გიას არაფერი არ უთქვამს, ყველაფერი კარგად და მშვიდად მიიღო, მაგრამ მე მაქვს ერთი პრობლემა.
- რა ხდება?
- სამსახურიდან დამირეკეს. პრობლემები გვაქვს და ხშირად მომიწევს იქ ყოფნა, დარჩენილი დრო კი, ფაქტობრივად, გზაში დამეხარჯება. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნება, თუ სამსახურთან ახლოს ბინას ვიქირავებ... - სანდრო გაჩუმდა და მოსალოდნელი აფეთქებისთვის მოემზადა.
- ანუ სხვაგან გადავდივართ?
- ანუ სხვაგან გადავდივარ, მე...
- რა? - წამოფრინდა ანიკა. ახლა კი ნამდვილად გამართლდა სანდროს მოლოდინი. - ხუმრობ?
- არა, ანიკა. უბრალოდ, ახლა საქმეს ასე სჭირდება.
- უფრო სწორად, შენს სამსახურს ჩემგან შორს ყოფნა სჭირდება!
- ნუ ბრაზდები...
- არ ვბრაზდები! - ანიკამ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, შეუძლებელი იყო მისთვის დაგეჯერებინათ. სანდრო ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა, შემდეგ კი ხელები თავზე შემოაჭდო და აიძულა, მისთვის თვალებში ჩაეხედა.
- ხომ გჯერა, რომ მიყვარხარ? - გოგონაზე ჰიპნოზივით მოქმედებდა მისი მზერა. არ შეეძლო ჩაეხედა ამ თვალებში და წინააღმდეგობა გაეწია, ან დაჯერებინა, რომ ეს სიყვარულით ანთებული, მოციმციმე თვალები ატყუებდნენ. თავის შეკავება არც უცდია, თითის წვერებზე აიწია და სანდროს ტუჩებს შეეხო. ნეტავ, ოდესმე თუ გაქრება ეს შეგრძნება? თითქოს ღრუბლებზე დააბიჯებს. მუხლები უკანკალებს და სუნთქვა ეკვრება. გარშემო ყველაფერი ქრება და რჩება მხოლოდ ანიკა სანდროსთან ერთად. მუცელში კი პეპლების ნაცვლად გადამფრენ ფრინველთა მთელი გუნდი ჰყავს. გული ყელში ჰქონდა მობჯენილი და მის ფეთქვას თითოეული უჯრედით გრძნობდა.
სანდროც გრძნობდა მის გულის ცემას, რაც თავის შეკავებას განსაკუთრებით უძნელებდა. ყოველთვის, როცა ანიკას კოცნიდა, თითქოს გონებაში რაღაც ეთიშებოდა და საკუთარ თავზე კონტროლის შენარჩუნება მაქსიმალურ ძალისხმევად უჯდებოდა. არც ანიკა ცდილობდა ცივი გონების შენარჩუნებას.
ბოლოს ისევ სანდრო მოეგო გონს. ფრთხილად მოიშორა ანიკა და აჩქარებული პულსის დაწყნარებას შეეცადა.
- გვეყოფა...
- ჰო, მაპატიე... - უხერხულად ჩაილაპარაკა ანიკამ, თვალები დახუჭა და ზურგი აქცია. ცდილობდა, ისევ აღედგინა საღად აზროვნების უნარი, მაგრამ უჭირდა.
- ორივეს ბრალია. - გაეცინა სანდროს. - მაგრამ შენი პასუხი ჩემს შეკითხვაზე ძალიან მომეწონა. ხომ წამომყვები ბინის შესარჩევად?
- კი, რა თქმა უნდა. როდის მივდივართ?
- თუ გინდა, ახლავე. მირჩევნია, მალევე შევარჩიო.
- სან, სიმართლე მითხარი... მამამ გთხოვა სხვაგან გადასვლა?
- რა? არა, რას ამბობ! ხომ გითხარი, რაშიცაა საქმე...
- კარგი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი! - თქვა ანიკამ და სანდროს ოთახიდან გავიდა. -გავემზადები და ჩამოვალ. - მოჩვენებითი სიმშვიდით უთხრა და საკუთარი საძინებლის სიღრმეში გაუჩინარდა.
სანდრო ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ანიკას გულს სტკენდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ასე იყო საჭირო. ერჩივნა, ეს მიზეზი ეთქვა, ვიდრე მამამისის სიტყვები გაემეორებინა - ტიპური ქართული მენტალიტეტის გადმონაშთი! როგორ ეზიზღებოდა ეს ყველაფერი და როგორ ბრაზდებოდა, რომ უძლური იყო. მაინც არ ასვენებდა ის, რასაც მთელი შვიდი წელი ებრძოდა. ამერიკაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ერთი წლის შემდეგ ისეთ სანდროდ ჩამოყალიბდა, როგორიც ახლაა.
- სანდრო, დედიკო, რა გჭირს? - შვილის უხასიათობა არ გამორჩენია მარიკას, რომელსაც ეჭვები ისედაც ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის მოსმენა მაინც პირველი პირისგან ერჩივნა.
- არაფერი, დედა, რა უნდა მჭირდეს?
- უხასიათოდ ხარ, რაც უმიზეზოდ არ არის გამოწვეული. გგონია, რამეს გამომაპარებ?
- მარიკა, ნუ ჩამაცივდები! არაფერი მჭირს, უბრალოდ დაღლილი ვარ.
- სანდრო, რაზე ილაპარაკეთ შენ და მამაშენმა? ანიკაზე გითხრა რამე?
- შენ საიდან იცი? - გაუკვირდა სანდროს. ნუთუ ასე ძალიან ეტყობოდა ყველაფერი?
- ხომ არ გავიწყდება, რომ დედაშენი ვარ? გიყვარს, ხომ?
- კი... და ძალიან გთხოვ, შენც არ დამიწყო ლექციების კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ანიკა პატარაა და მე უპასუხისმგებლო.
- გიამ გითხრა ეს? - მარიკა სრული სიმშვიდით შეხვდა „ახალ ამბავს“. სანდროს გვერდით დივანზე ჩამოჯდა და შვილთან გულახდილი საუბრისთვის მოემზადა.
- არამარტო ეს. მთხოვა, რომ სხვაგან გადავიდე საცხოვრებლად.
- რაო? რატომ?
- არ თვლის სწორად ჩემი და ანიკას ერთ სახლში ცხოვრებას. ირაკლისთან არ ვიქნები მართალიო. ვერ გამიგია, რით ვერ მოიშალა ეს ქართული მენტალიტეტი. - სანდრო აშკარად გაბრაზებული იყო და ამის დამალვას ვერც ახერხებდა და არც სურდა. ანიკასთან კი ლამაზ ფერებში დახატა არსებული რეალობა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, რაც ხდებოდა სინამდვილეში.
- დედი, აბა, დაუფიქრდი. ერთი მხრივ, მართალია მამაშენი. შენ კარგი, დიდი ხარ და იცი, რომ დანამდვილებით გიყვარს ანიკა, მაგრამ თვითონ ჯერ ბავშვია. ახლა თუ ერთად იცხოვრებთ, ცოლად რომ მოიყვან, მერე რაღა უნდა ქნათ? ის ახლა გრძნობას არის აყოლილი და სისხლი უდუღს. შენ შეიძლება შეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება, მაგრამ ანიკა ვერ შეძლებს.
- დედა, ვერ ვხვდები, რატომ თვლით, რომ ამ ყველაფერში რაღაც დაუშვებელი და მიუღებელია? მე, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვაპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ყველაფერს დრო მოიტანს და ახლაც რომ მოხდეს, ამაში ტრაგიკული არაფერია. არც ანიკაა პატარა გოგო, საკუთარ საქციელზე პასუხს რომ ვერ აგებდეს და მით უმეტეს, არც მე.
- სანდრო, მე მაგას არც გეუბნები. თქვენი საქმისა თქვენ იცით, როგორც სწორად ჩათვლით, ისე უნდა მოიქცეთ, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა იფიქროთ? გავა რამდენიმე თვე და ანიკა წავა. მერე რას იზამთ? არ მითხრა, რომ საქართველოში დაბრუნდები, მაინც არ დავიჯერებ.
- მარიკა, ძალიან გთხოვ, ნუ მეკითხები ისეთ შეკითხვებს, რომელთა პასუხის გასაცემადაც წინ ჯერ კიდევ რამდენიმე თვე მაქვს. რა ვიცი ახლა მე, როგორ მოვიქცევი ივნისის ბოლოს? -ფეხზე წამოდგა სანდრო. თავს ატკიებდა ეს საუბარი. ნეტავ არსებობდა ადამიანი, რომელიც არ შეეკითხებოდა, რას აპირებდა ანიკას წასვლასთან დაკავშირებით?
- სან, მზად ვარ! - კიბეები ჩამოირბინა ანიკამ და სანდროსკენ ჩასახუტებლად წასული, მარიკას დანახვისას უცბად გაჩერდა.
- მე ზემოთ ავალ, ბარგს მივხედავ. თან ჯერ თქვენი საჩუქრების ჩემოდანიც არ ამომილაგებია! აბა, თქვენ იცით! - გაუღიმა მარიკამ ორივეს და შემდეგ მეორე სართულისკენ გაემართა, მაგრამ სანამ შეყვარებული წყვილი სახლიდან არ გაისტუმრა, მანამდე კიბის თავიდან მალულად თვალი არ მოუშორებია.
- შენ არ იცი, მე როგორ მეშინია მოყინული გზის! - გაეცინა ანიკას და თვალით გადაზომა მანძილი ავტოფარეხამდე. იმხელა თოვლი იდო, ძნელად თუ გაარჩევდით, სად იყო მოყინული და შესაბამისად, წაქცევის ასაცილებლადაც დიდი ვაჟკაცობა დაგჭირდებოდათ.
- რა არის საშიში? იმხელა თოვლი დევს, მაინც რბილად დაეცემი! - დასცინა სანდრომ, შემდეგ კი მიუახლოვდა და ზურგისკენ ანიშნა. - მოდი, მიგიყვან მანქანამდე.
- ოჰ, რამხელა პატივისცემაა! - გაეცინა ანიკას, მხარზე დაეყრდნო და ზურგზე შეახტა. - არ მიმაჩვიო, თორემ გადაჩვევა გამიჭირდება.
- სანამ განებივრებ, შეირგე, თორემ ჩაგაგდებ თოვლში!
- არ ჩამაგდებ, ვერ გამიმეტებ! - მაცდურად უჩურჩულა ანიკამ და ტუჩები ყელზე შეახო. სანდროს დიდ ძალისხმევად დაუჯდა იმ გრძნობასთან გამკლავება, მის გულში რომ აფეთქდა. სწრაფად შესვა ანიკა მანქანაში, შემდეგ კი სახე ძალიან ახლოს მიუტანა და სრული სერიოზულობით უთხრა:
- იცოდე, ერთხელაც საკუთარ თავზე კონტროლს დამაკარგვინებ და შემდეგ ჩემს საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!
- ჰმ, საინტერესო შემოთავაზებაა! - გაეცინა ანიკას, სანდრომ კი გამკიცხავად გააქნია თავი და საჭეს მიუჯდა.
* * *
სანდრომ გზიდანვე დაურეკა აგენტს და დახმარება სთხოვა. ყოველთვის, სპეცოპერაციები იქნებოდა ეს თუ უბრალოდ მეგობრებისთვის ბინის შერჩევა, სანდრო სულ კეიტს სთხოვდა დახმარებას და თვალდახუჭული ენდობოდა, რადგან იცოდა, რომ ის საუკეთესო აგენტი იყო ქალაქში. ბინისთვის სასურველი კრიტერიუმები ჩააწერინა და რამდენიმე წუთში მისამართებიც მიიღო შეტყობინებით. კეიტი თვითონ ადგილზე შეხვდებოდა და ყველაფერში გაარკვევდა.
სულ სამი მისამართი იყო და სამივე, რა თქმა უნდა, სანდროს სამსახურთან ახლოს. ფასებიც შესაფერისი, ბინაც შესანიშნავი პირობებით, მართლაც რომ რთული გასაკეთებელი იყო არჩევანი.
- მე სამივე მომეწონა... - ჩაფიქრებულმა წარმოთქვა სანდრომ და ანიკას გადახედა.
- მეც სამივე მომეწონა! - დაეთანხმა ანიკა და კეიტს გადახედა.
- მე რატომ მიყურებთ? კარგები რომ არ იყოს, არც მოგცემდით მისამართებს. ისე, რატომ არ მითხარი, ცოლი თუ მოგყავდა? - ქალმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და სანდროს გამომცდელად შეხედა, ანიკას კი სიცილი აუტყდა. - რამე სასაცილო ვთქვი?
- არ მომყავს ცოლი, კეიტ. უბრალოდ, მარტო გადმოვდივარ... - გაეცინა სანდროსაც.
- მაგრამ მალე მოიყვანს... - თავისთვის ჩაილაპარაკა აგენტმა.
- შენ გვირჩიე, უკეთ ერკვევი ამ საქმეში.
- სანდრო, ამ სახლში უნდა იცხოვრო შენ, მე რას მეკითხები?
- ისე, მე მეორე ძალიან მომეწონა. ბარიც ჰქონდა, დიდი მისაღები, არაჩვეულებრივი ხედი და სტუმრების საძინებელი. - საბოლოო დასკვნა მაინც ანიკამ გააკეთე და გაურკვევლობაში მყოფმა სანდრომაც უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება.
- კარგი, მაგ სახლს ვიქირავებ. კეიტ, შესაძლებელია, რომ დღეს ნივთები გადავიტანო და ხვალიდან საცხოვრებლად გადავიდა?
- კი, როგორ არა. ანგარიშის ნომერს მოგცემ და თანხის ნაწილი გადარიცხე. დანარჩენ ნახევარს კი თვის ბოლოს გადაუხდი და შემდეგ ყოველ ათ რიცხვში.
- ძალიან კარგი! დიდი მადლობა. არც შენი ანგარიში დამავიწყდება! - გაუცინა სანდრომ და ამასობაში მანქანასაც მიუახლოვდნენ. - გაგიყვანო ოფისამდე?
- არა, მანქანით ვარ, გმადლობ! აბა, თქვენ იცით! - კეიტი ორივეს დაემშვიდობა და პაწაწინა, წითელი „Smart car”-ისკენ გაემართა, რომელიც სანდროს მანქანის ფონზე მართლაც სასაცილოდ ჩანდა.
- სავახშმოდ ხომ არ წავსულიყავით? - შესთავაზა ბიჭმა, მანქანაში რომ ჩასხდნენ და ძრავა აამუშავა.
- ასეთ ფორმაში? რომელი გოგო მიდის სავახშმოდ ჯინსის შარვლით და ტყავის ქურთუკით?- გაეცინა ანიკას და ტანსაცმელზე დაიხედა. თავისივე სიტყვები რატომღაც ეუცნაურა. როდის მერე ფიქრობდა, რას იფიქრებდა ხალხი მის ჩაცმულობაზე? ეს ის გოგო არ იყო, სკოლის პირველ დღეს ჯინსით და „Guns’ n Roses”-ის მაისურით რომ წავიდა? მაშინ შეეძლო ასე მოქცევა და ახლა აღარ?
- რა გჭირს? - გაკვირვებულმა გახედა სანდრომ, რადგან გოგონა სახეზე ერთიანად გაფითრდა.
- თბილისში სკოლის პირველ დღეს ჯინსით და „Guns’ n Roses”-ის მაისურით წავედი. - ისეთი შეშინებული ხმით თქვა, თითქოს კატასტროფის მომსწრე ყოფილიყოს.
- მერე? - გაეცინა სანდროს.
- მერე ის, რომ მაშინ სულ არ მადარდებდა, რას იტყოდა ხალხი ჩემს ჩაცმულობაზე. ახლა კი სავახშმოდაც არ მოგყვები...
- რა სულელი ხარ! და ვინ გითხრა, რომ არ მომყვები? მე მომწონხარ ისეთი, როგორიც ხარ და როცა ჩემთან ერთად იქნები, სულ არ მაღელვებს, საცურაო კოსტიუმი გეცმევა თუ საღამოს კაბა. შენი საქციელი კი იმაზე მეტყველებს, რომ იზრდები. - ჩამოუყალიბა სანდრომ და თბილად გაუღიმა, ანიკას კი გულში რაღაც შეუფრთხიალდა.
- ანუ მივდივართ სავახშმოდ?
- რა თქმა უნდა! მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა, ჯერ მივიდეთ სახლში და გამოიცვალე.
- არა, არ არის საჭირო! - თვალი ჩაუკრა ანიკამ, სანდროს კი კმაყოფილად ჩაეღიმა და მანქანის მართვა განაგრძო...
* * *
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. კოქტეილის კაბებსა და მოდურ პიჯაკებში გამოწყობილ წყვილებს შორის სანდრო და ანიკა თეთრი ყვავებივით იყვნენ ჩაცმულნი, მაგრამ ეს სულ არ ადარდებდათ.
- ძალიან მომწონს შენი ახალი სახლი! - გაღიმებულმა ჩაილაპარაკა ანიკამ და კარტოფილი „ფრის“ კიდევ ერთი ნაჭერი აიღო თეფშიდან.
- მეც მომწონს, მაგრამ მარტო ცხოვრების პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს! - ჩაეცინა სანდროსაც და "კოლა" მოსვა. ნელ-ნელა ცდილობდა საუბარი „საინტერესო“ თემისაკენ წაეყვანა. - იმედი მაქვს, არ გამიმეტებ უზარმაზარ სახლში მარტო დასარჩენად... - სანდროს სიტყვების და თან ასეთი მაცდური ტონით წარმოთქმულის გაგონებისას, ანიკას მოულოდნელად კარტოფილი გადასცდა და ხველა აუტყდა. სანდრომ თავისი ჭიქიდან, თავისივე ხელით დაალევინა "კოლა", მომხდარი არ შეიმჩნია და როდესაც გოგონა ხველებას მორჩა, გააგრძელა. - და იმედია, ხშირად მესტუმრები ხოლმე... - რა საყვარელი იყო ანიკა, როცა წითლდებოდა. სანდრო ძლივს იკავებდა თავს, რომ არ გასცინებოდა, მაგრამ ეს ახლა ყველაფერს გააფუჭებდა. არ უნდოდა ანიკას ეფიქრა, რომ სანდრო მას დასცინოდა.
- ჯერ ერთი, შენი ახალი სახლი უზარმაზარი არ არის. და მერე მეორეც, საინტერესოა, რა უნდა ვუთხრა შენს მშობლებს? - ნერვიულად ჩაეცინა გოგონას. ღმერთო, როგორ დამალოს ეს აღელვება და ნერვიულობა?
- და რა საჭიროა, რომ რამე უთხრა? - ანიკამ ჭამა შეწყვიტა, რადგან ნამდვილად არ უნდოდა, კიდევ რამე გადასცდენოდა.
- ანუ?
- ანუ შენ შეგიძლია რომ ჯესიკასთან ან მეგისთან დარჩე... - სანდროს ხმა უფრო იდუმალი და მიმზიდველი გახდა, ანიკას ყელი კი - მშრალი.
- ამმ... სანდრო...
- მოიცადე, ერთი წუთით. მოდი, წავიდეთ აქედან! - სანდრომ ხელის აწევით მოიხმო მიმტანი და ანგარიში სთხოვა, შემდეგ კი ანიკაზე ხელგადახვეულმა სწრაფად დატოვა რესტორანი და მანქანაში გადაინაცვლა.
* * *
ანიკას გული გამალებით უცემდა და სისხლიც ძარღვებში „ფორმულას“ მანქანებივით დაურბოდა. რა მოხდებოდა ახლა? ან რას აპირებდა სანდრო? ჰმ, ვითომ არ იცოდა... მაგრამ აქამდე ამ თემაზე რომ არასდროს ჩამოუგდია საუბარი? თითქოს არაფერს ჩქარობდა, არც მაშინ, როცა სახლში სრულიად მარტონი იყვნენ და ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ. ანიკა მზადაა ამისთვის? არ იცის! რა ჯანდაბა უნდა ქნას? უნდა ამ ყველაფრის გაკეთება? არც ეს იცის...
- ანიკა, რა მოხდა? - ფიქრები სანდროს ხმამ გააწყვეტინა. მანქანა მყუდრო ადგილას იყო გაჩერებული, ღვედი არც ერთს არ ეკეთა და ერთმანეთისკენ იყვნენ შებრუნებულნი.
- რა? ა, არა... არაფერი... უბრალოდ ჩავფიქრდი. - გაუღიმა და სანდროს ხელმა, რომელიც ნაზად მოეფერა ლოყაზე, ჟრუანტელი მოჰგვარა. ბიჭმა ცერი რბილად აუსრიალა ყბის ძვალზე და იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა ანიკას.
- ძალიან ლამაზი ხარ... - მშვიდად დაიჩურჩულა მის ყურთან ახლოს და იქვე აკოცა. კოცნით დაუყვა და ბოლოს მის ტუჩებთან შეჩერდა. ანიკას უკვე თვალები ჰქონდა მიხუჭული და მხურვალე კოცნის მოლოდინში გული უცემდა, სანდრო კი აწვალებდა და აჩქარებას არ აპირებდა. ტკბებოდა ანიკას სახის ყურებით, თითოეული ნაკვთის ყურებით და თავს ძლივს იკავებდა, რომ ტუჩებზე არ დაცხრომოდა.
- ნუ მაწვალებ! - ჩაეღიმა ანიკას, ისე, რომ თვალები არ გაუხელია და მისკენ გადახრილ ბიჭს სახეზე ხელები მოუსვა. სიამოვნებდა ამ თბილი და რბილი კანის შეგრძნება. ოდნავ წამოზრდილი წვერის ჩხვლეტაც კი სიამოვნებას ანიჭებდა. თვალები ნელა გაახილა და ის, რაც სანდროს სახეზე დაინახა, იყო გრძნობა, რომელიც მთებს გადაადგმევინებდა, ოკეანეს დააშრობინებდა და საერთოდ ყველაფერს გააკეთებინებდა. მისმა გულმა ჯერ თითქოს საერთოდ შეწყვიტა ფეთქვა, შემდეგ კი ორმაგი ძალით დაიწყო. სანდრო მოთმინებით ელოდა გოგონას, რომელიც მისი სახის თითოეული უჯრედის შესწავლით იყო დაკავებული. ანიკამ ფრთხილად გადაატარა საჩვენებელი თითი ბიჭის ტუჩებს და როდესაც მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო, მეტს უბრალოდ ვეღარ გაუძლო.
- მიყვარხარ! - დაიჩურჩულა ისე, თითქოს გარშემო გამეფებული მყუდროების დარღვევა არ უნდოდა, შემდეგ კი თავისი რბილი და მთრთოლვარე ბაგეები სანდროს ცხელ ტუჩებს შეახო.
ეს იყო რაღაც მაგია, რომელიც იმ წუთებში მხოლოდ ამ ორმა შეიგრძნო. რაღაც ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისგან შორს ყოფნის უფლებას არ აძლევდა. სანდროს მანქანა გახდა მათი თავშესაფარი, რომელშიც წამის წინ სასწაული დატრიალდა. მიუხედავად ყველა ტკბილი მომენტისა, რომელიც მათ აქამდე გაეტარებინათ, ასეთი რაღაც არასდროს ეგრძნოთ. სიტყვები უბრალოდ ზედმეტი იყო. ისინი თვალებით საუბროდნენ და ცდილობდნენ, გამოეხატათ ის გრძნობა, რომელმაც ორივე შთანთქა.
- უშენოდ მოვკვდები... - მოულოდნელად ჩაილაპარაკა სანდრომ და გოგონა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ანიკა ჯერ ვერ ხვდებოდა, რა იყო მიზეზი ამ სიტყვებისა, მაგრამ ეს მხოლოდ „ჯერ“ იყო.
- სად იყავი აქამდე? - გოგონას არც აუხედავს მისთვის, რადგან ამქვეყნად ყველაფერი სასიამოვნო მელოდიით - საყვარელი მამაკაცის გულის ცემით ტკბებოდა. იგრძნო, როგორ ჩაეღიმა სანდროს მის სიტყვებზე. ბიჭმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თმაზე აკოცა და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები...
* * *
სანდრო მეორე დღესვე გადაბარგდა ახალ სახლში, ანიკა კი წამითაც არ მოშორებია გვერდიდან, შესაბამისად - არც გია. უკვე იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს სიტუაცია, რომ როდესაც ყველაფერი დაალაგეს და მოაწესრიგეს, სანდროს ერთი სული ჰქონდა, სახლიდან გასულიყო. ამიტომ მოუწია დათანხმებოდა ოჯახურ ვახშამს დედასთან, მამასთან და ანიკასთან ერთად.
- მე და ანიკა წავალთ, მოვემზადებით და ერთ საათში ჩვენს რესტორანში შევხვდეთ. - უთხრა გიამ შვილს და ის იყო, ანიკას უნდა გაეპროტესტებინა, რომ სანდრომ ანიშნა, დამშვიდებულიყო.
- მამა, იქნებ ერთი ოჯახური ვახშამი მაინც გავატაროთ სხვაგან და არა შენს სამსახურში?
- სანდრო, ჩემი სამსახური ჩვენი რესტორნების ქსელია და სხვათა შორის, საკმაოდ პოპულარული რესტორნების.
- მესმის, მაგრამ არ მოგბეზრდა სულ ერთი და იგივე?
- მოდით, არ ვიკამათოთ. მე რაღაცებს მოვამზადებ, თქვენ მანამდე მარიკა გამოიყვანეთ და ყველამ აქ ვივახშმოთ. - ახალი იდეა წამოჭრა ანიკამ, მაგრამ გია მაინდამაინც აღფრთოვანებული არ დარჩენილა.
- თუ ახალ სახლში გინდათ ვახშმობა, დავრეკავ და მარიკა თავისი მანქანით გამოვა, ჩემი მისვლა არ არის საჭირო. თუმცა, არა... გუშინ დატოვა მანქანა სახელოსნოში. - ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა, შემდეგ კი ხელახლა დაფიქრდა, როგორ შეეშალა ხელი „მოსიყვარულე წყვილისათვის“, რომ მარტო დარჩენის საშუალება არ მიეცა. - სანდრო, შენ წადი დედას გამოსაყვანად.
- როგორ გადავიყვანოთ ერთი ნაპირიდან მეორეზე მგელი, თხა და თივა ისე, რომ მგელს და თხას მარტო დარჩენის საშუალება არ მივცეთ? - სანდროს სრულიად სერიოზულად წარმოთქმულ სიტყვებზე ანიკას სიცილი აუტყდა, გია კი გაბრაზდა.
- როგორც ვატყობ, დღეს ვახშამი არ გვექნება! - კაცს სიტყვები სანდროს მობილურის ხმამ გააწყვეტინა. ბიჭმა ბოდიში მოიხადა და გვერდით ოთახში გავიდა, რამდენიმე ხანგრძლივი წუთის შემდეგ უკან დაბრუნებისას კი საერთოდ აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე, უფრო პირიქით. დაძაბული მზერა მოავლო გარშემომყოფებს და შემდეგ ასეთივე ტონით წარმოთქვა:
- დღეს ვახშამი ნამდვილად არ გვექნება. სამსახურიდან დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა წავიდე...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი