- რა ხდება? - შეშფოთებულმა გახედა ანიკამ და როდესაც სანდროს მზერაში ვერაფერი დამამშვიდებელი ვერ ამოიკითხა, კიდევ უფრო შეეშინდა.
- ჯერ არაფერი ვიცი. ადგილზევე გავარკვევ. თქვენ სახლში წადით! - თან იცვამდა სანდრო და თან საუბრობდა.
- სან, არ შეიძლება, რომ...
- არავითარ შემთხვევაში! - სასწრაფოდ გააწყვეტინა ბიჭმა და ტუმბოს უჯრიდან იარაღი ამოიღო. - სანამ არ დაგირეკავ, შენ სახლიდან ცხვირს არ გამოყოფ გარეთ.
- რა შუაშია ჩემი გარეთ გასვლა? სკოლა ხომ ჯერ დაწყებულიც არ არის.
- მეც მაგის მეშინია ზუსტად! და ამიტომ დამპირდი.
- სან...
- დამპირდი!
- გპირდები... - სანდროს ყველაფერი დაავიწყდა - სამსახურიც, გიას იქ ყოფნაც, პრობლემებიც. სახლიდან გასვლამდე ანიკას მიეჭრა და მოურიდებლად აკოცა, შემდეგ კი კარში პირველი გაატარა და სანამ თვითონაც დაეწეოდა, გიას ჩუმად უთხრა: - არაფერი თქვა!
გარეთ გავიდნენ თუ არა, სანდრო მაშინვე ცალკე წავიდა და გია და ანიკა - ცალკე. რომ არა გია, გოგონა ალბათ არც შეიმჩნევდა სანდროს გაფრთხილებას და უკან აედევნებოდა. მაგრამ ვინ წაიყვანდა? არც არავინ! ტყუილია! ჯობია შეეშვას ოცნებას ჯეიმს ბონდის საცოლეობაზე.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება! - გაუღიმა გიამ, შემდეგ კი სიჩქარეს უმატა და აბეზარ ფიქრებს არ მისცა უფლება, მისი და ანიკას გონებას დაპატრონებოდნენ.
* * *
- აბა, რა ხდება? - დაიწყო სანდრომ მაშინვე, როგორც კი ოჯახში ფეხი შედგა. - ისევ ძველი ამბავი?
- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ უფრო გართულებულ ფორმაში! - უპასუხა ლინდსიმ და რაღაც ქაღალდები გაუწოდა.
- ჰექტორ მენდესი, იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც მოხდა ბოლო ტერაქტი. უფრო სწორად, თითქმის მოხდა... - ალაპარაკდა ბრედიც. - ბოლო წუთს ყველაფერი შეიცვალა და ევაკუაცია მოასწრეს. ჰოდა, გუშინ ღამით, სკოლის შენობაში, თავისივე კაბინეტში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული.
- შეტყობინება მოგვივიდა! - კომპიუტერიდან „გამოძვრა“ მაიკლი და ყველა მაშინვე გაჩუმდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ დაუბრუნდათ რეაქციის უნარი.
- გახსენი და წაგვიკითხე... - სთხოვა სანდრომ და ყავის აპარატს ფინჯანი შეუშვირა. როგორც ჩანს, წინ გრძელი ღამე ელოდათ და მომზადება არ აწყენდა.
- „მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! როგორ გიკითხოთ? დიდი ხანია აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს. მაპატიეთ, რომ თავი მოგანატრეთ. გპირდებით, მომდევნო ორშაბათიდან ყველაფერი გამოსწორდება და თავის კალაპოტს დაუბრუნდება. მანამდე კი თავსატეხს გიტოვებთ!“ - ჩაიკითხა ბოლო წერილი და შემდეგ მონიტორი დანარჩენებისკენ შეატრიალა.
- ეს რა კოლაჟია? - მიუახლოვდა ნინა და სურათს დაუკვირდა. - თითქოს რაღაც უნდა ავაწყოთ...
- მგონი, ფაზლია... - დაფიქრდა ჯარედიც. მხოლოდ შონი იჯდა მშვიდად და ხმას არ იღებდა.
- ალბათ, შემდეგი სკოლის ლოკაციას გვატყობინებს. მაიკლ, თუ შეგიძლია ეს სურათი რამდენიმე ეგზემპლარად ამობეჭე... - საუბარში ჩაერთო სანდროც. საქმე აშკარად სერიოზულად იყო. უცნობ ტერორისტს აქამდე არასდროს გამოუგზავნია ასეთი რთული დავალება. საინტერესოა, რის მოწყობას აპირებს ახლა?
- შემდეგ ორშაბათს მეორე სემესტრი იწყება. დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივ გახსნის ცერემონიალს მოგვიწყობს! - ალაპარაკდა შონიც. ყველანი საოცრად დაძაბულები, მაგრამ ამავდროულად, მობილიზებულები იყვნენ.
- სურათები მზადაა! - ამობეჭდილი ფურცლები დაარიგა მაიკლმა, ერთი, ყველაზე დიდი კი დაფაზე გააკრა მაგნიტებით.
- ბავშვები არიან? - გაუკვირდა სანდროს. - მგონი, სკოლის ალბომიდან ამოღებული სურათებია...
- ასეც რომ იყოს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი სკოლაა? სახე წესიერად თითქმის არც ერთს არ უჩანს, არც სკოლის ფორმები. საერთოდ არაფერი არ გვაქვს ხელჩასაჭიდი. - დაფას მიუახლოვდა ლინდსიც.
- აშკარად დაჭრილი სურათებია... მგონი, ჩვენ უნდა ავაწყოთ მთავარი გამოსახულება.
- ფერებიც არეულია...
- სკოლის ლოგო ხომ არ უნდა გამოვიდეს? - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ნინამ, მაგრამ ეს აზრი ყველას საინტერესოდ მოეჩვენა.
- ამ სურათებს აშკარად ეტყობა, რომ ძველი გადაღებულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დასაბნევად არის ფერები არეული და სინამდვილეში არც ერთს არ აქვს კავშირი სკოლის ლოგოსთან.
- სანდრო, წინა მინიშნებით რომელი სკოლის ლოკაცია შეგვატყობინა? - დაინტერესდა შონი და სურათს ისეთი სახით დააკვირდა, თითქოს რაღაცას მიხვდა, სამწუხაროდ, „თითქმის“...
- ჩვენი ოფისიდან ორი კვარტლით მოშორებით მდებარე დაწყებითი სკოლა.
- გვითხრა, რომ დიდ სიურპრიზს გვიწყობს, ანუ რაღაც გრანდიოზულს დაგეგმავს. სკოლაც არ იქნება შემთხვევით შერჩეული. - ბრედის სიტყვებმა მაიკლის გონება მისივე კომპიუტერივით აამუშავა და უცბად წამოიძახა:
- ყველაზე მრავალკონტინგენტიანი სკოლა რომელია? გრანდიოზული შოუსთვის დიდი აუდიტორიაა საჭირო.
- იქნებ საერთოდაც „ჩვენი გმირი“ სწავლობდა იქ?
- შესაძლებელია...
- ყველაზე მეტი ბავშვი „მანჰეტენ ბრიჯის“ და „სტეიტ აილენდის“ საშუალო სკოლებში სწავლობს! - წამოიძახა ჯარედმა და სანდროს ამის გააზრებისას ტვინში სისხლი ჩაექცა. მათგან ერთ-ერთი ანიკას სკოლა იყო...
- დარწმუნებულები ვერ ვიქნებით... - ეს უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად წარმოთქვა, შემდეგ კი დაამატა: - მაგრამ აჯობებს, თავი დავიზღვიოთ. მომდევნო ორშაბათამდე ეს ფაზლიც უნდა ავაწყოთ და სათადარიგოდ რამდენიმე სკოლა მაინც უნდა გვქონდეს შერჩეული.
- ამ კვირის განმავლობაში დაუღალავად მოგვიწევს მუშაობა... - საბოლოო დასკვა გააკეთა ნინამ და ყველა მიხვდა, რომ ეს სიტყვები სრულ სიმართლეს შეესაბამებოდა...
* * *
ანიკა ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. უკვე შუაღამე იყო და სანდროს ჯერ კიდევ არ დაერეკა. რა უნდა მომხდარიყო ამისთანა?
- სან, დამირეკე რა... - უკვე მობილურთან დაიწყო საუბარი და საწოლზე დაეგდო. თან ძალიან ეძინებოდა, მაგრამ ამავდროულად, თვალის მოხუჭვას ვერ ახერხებდა. მუცელში რაღაც უცნაურს გრძნობდა, ნერვიულობის მსგავსს. მაგრამ ამ გრძნობას გამოცდების და საკონტროლოების დროს ნერვიულობა ვერც კი შეედრებოდა. ეს რაღაც უფრო ძლიერი იყო, შიშის მსგავსი... საყვარელი ადამიანის დაკარგვის... მოიცათ, შიში რა შუაშია?! სანდროს არაფერი მოუვა, გამორიცხულია!
ანიკას ფიქრები მობილურის ხმამ გააწყვეტინა და გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან.
- როგორ ხარ? - ჩასძახა ტელეფონს მაშინვე, როგორც კი პასუხის ღილაკს დააჭირა.
- ჰეი, დამშვიდდი! - ჩაეცინა ბიჭს. - კარგად ვარ. უბრალოდ რაღაც პრობლემა შეგვექმნა. ახლა მივდივარ სახლში.
- ახლა? უკვე შუაღამის ორი საათი სრულდება...
- ვიცი... არც ახლა დაგვიმთავრებია მუშაობა. საქმე ძალიან სერიოზულადაა.
- ისევ ის ამბავი?
- ჰო, ოღონდ გართულებულ ფორმებში.
- ცუდია... - ანიკას უნდოდა ეთქვა, როგორ მოენატრა, მაგრამ თითქოს რაღაც აკავებდა.
- მომენატრე... - სანდროს კი არაფერმა შეუშალა ხელი გრძნობების გამოხატვაში. - საშინლად ცუდ ხასიათზე ვდგები, როდესაც მახსენდება, რომ შენი კოცნის გარეშე მომიწევს დაძინება.
- აქ რომ მოხვიდე? თან შენებიც ნერვიულობენ. - ანიკამ ერთადერთი ალტერნატივა შესთავაზა, რადგან თვითონ ვერ წავიდოდა სანდროსთან.
- უკვე დამირეკა გიამ და ველაპარაკე. ყველაფერი ავუხსენი, რაც მოხდა. არ შემოუთავაზებია მოსვლა და მგონი, არც ღირს. ჯანდაბა, როდის გახდები თვრამეტის? - უცბად სრულიად მოულოდნელი კითხვა დაუსვა და ანიკას მის სიტყვებზე გაეცინა.
- სექტემბერში. რაში გჭირდება ჩემი სრულწლოვანება? - „ვერ მიუხვდა“ ჩანაფიქრს.
- ჰმ! - ჩაეცინა სანდროსაც. - ძალიან ცუდი ბავშვი ხარ!
- ვიცი! მოიცა, შენ ახლა საჭესთან ხარ და ისე მელაპარაკები?
- როგორ მიხვდი? - დასცინა სანდრომ, მაგრამ პასუხად მხოლოდ ანიკას შეშინებული სიტყვები მიიღო.
- გათიშე და გზას უყურე! ღვედი მაინც თუ გიკეთია?
- ჩემი კანონმორჩილი გოგო... - სიცილს არ წყვეტდა სანდრო. - მისმინე, ჩემებს სძინავთ უკვე?
- არ ვიცი, მგონი. რატომ მეკითხები?
- სახლიდან გაპარვის გამოცდილება გაქვს?
- გაგიჟდი? - შეჰკივლა გოგონამ, რადგან სანდრო სულაც აღარ იცინოდა და მისი სიტყვები სრული სერიოზულობით იყო წარმოთქმული. რა უნდა ეპასუხა? სახლიდან გაპარვა არასდროს დასჭირვებია, მაგრამ თეორიულად ყველაფერი იცოდა. ღირდა გაერისკა? რისთვის უნდოდა სანდროს მისი წაყვანა? ჰმ, ნეტავ რისთვის...
- არა, უბრალოდ დღეს წესიერად ვერ გნახე და მომენატრე.
- სანდრო, ვერ გავრისკავ... რომ შემამოწმონ? მიხვდებიან, რომ შენთან ვარ და...
- კარგი! - შეაწყვეტინა ბიჭმა. - არ არის აუცილებელი. ახლა კი წავედი, ძილი ნებისა! -შემდეგ კი დაემშვიდობა და გაუთიშა.
ანიკას მობილური ხელში გაეყინა. გაბრაზდა? თუ ეწყინა?.. კი მაგრამ, რატომ? ხომ იცის, რომ ანიკა ასეთ საქმეებში გამოუცდელია, რა სწყინს? ისე იქცევა, როგორც ჯიუტი თინეიჯერი. არ ელოდა ანიკა მისგან ასეთ რეაქციას. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სანდროს ნახვაზე მეტად არაფერი უნდოდა, მაინც ვერ გარისკავდა. სანდროში ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გიასთან და მარიკასთან ასე ვერ მოიქცეოდა, უბრალოდ არ შეეძლო. წამით ისიც იფიქრა, ვეტყვი, რომ მეგობართან ვრჩები და წავალო, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. არ სურდა მათი მოტყუება.
ყველაფრით დაღლილმა ამოიოხრა და საწოლზე გადაწვა. გულს დაუჯეროს თუ გონებას? ისიც იცის, რითი დამთავრდება მისი სტუმრობა ამ დროს, მაგრამ ამ თემაზე საერთოდ არ ფიქრობს. ვერ ფიქრობს... ახლა რომ წავიდეს სანდროსთან, აგრძნობინებს, რომ მის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. რა თქმა უნდა, ეს ასეცაა, მაგრამ რა საჭიროა, რომ მან ეს იცოდეს? დროებით ასე აჯობებს, მიუწვდომელი გოგონას იმიჯით... ანიკას თვითონვე გაეცინა თავის ფიქრებზე. იცის, ვისაც უნდა ჰკითხოს რჩევა! ლეპტოპი ჩართო და მაშინვე იმ ადამიანს დაურეკა, ვინც ყველაზე კარგ რჩევას მისცემდა.
- ჰეი, როგორ ხარ? რაშია საქმე, ამ დროს რომ მირეკავ? - გაეცინა ელეს და ვიდეოთვალი გაასწორა.
- შენ რა იცი, რა დროს გირეკავ?
- უკვე ზეპირად ვისწავლე დროში განსხვავების გამოთვლა. იტყვი, რა გჭირს თუ მტვერსასრუტით ამოგქაჩო სიტყვები? - ჰკითხა ელემ და სათნოდ გაუღიმა.
- სანდრო არ მინახავს მთელი დღეა. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა და გამოიპარეო, შემომთავაზა. უარი ვუთხარი, დამემშვიდობა და გამითიშა. მგონი, ეწყინა.
- გამიკვირდა! - გაეცინა ელეს. - ეწყინებოდა, აბა, რას იზამდა?! მაგრამ სანდრო ნახე რა, საიდან ამხელა ამბიციები?
- ნუ გადაბჟირდი! - შეუბღვირა ანიკამ. - მე მართლა გაურკვევლობაში ვარ. უნდა წავიდე? ისიც ვიცი, ჩემი სტუმრობა რითი დამთავრდება და არ ვიცი, ვარ თუ არა მზად ამისთვის.
- რატომ გგონია, რომ სანდროს მარტო სექსი აინტერესებს? იქნებ უბრალოდ მოენატრე და იმიტომ გთხოვა გაპარვა?
- კარგი რა! რაც ახალ სახლში გადავიდა, იმის მერე მინიშნებებს მაძლევს, მარტო ყოფნა არ მინდაო.
- შენ რის გამო იკავებ თავს?
- პირველ რიგში, გიას და მარიკას გამო. ძალიან ცუდად გამომივა მათთან. წარმოიდგინე, რა უხერხული იქნება, რამე რომ დასჭირდეთ, ჩემს ოთახში შემოვიდნენ და აღმოაჩინონ, რომ სახლში არ ვარ. სანდროსთან მართლა არაფერი რომ არ მოხდეს, როგორ დავაჯერებ ამას?
- კარგი რა... არც სანდროსი არ მესმის. ამხელა კაცია და მამამისის ჭკუაზე დადის.
- მის ჭკუაზე კი არ დადის, უბრალოდ პატივს სცემს! - სასწრაფოდ გამოექომაგა ანიკა და ელესაც ჩაეცინა.
- მე წავიდოდი...
- მე ის მიკვირს, შენ საბასთან რომ არ წახვედი აქამდე! - „უკბინა“ მეგობარს და მისი დაბღვერილი მზერაც დაიმსახურა. - არადა, მართლა როგორ მომენატრა, იცი?
- რისი გეშინია? ანუ კი ვიცი, რისიც, მაგრამ რატომ?
- დამანებე თავი! მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ხვალ შეგეხმიანები...
- ჭკვიანად, იცოდე, ჯერ ბავშვის ნათლიობაზე არ მიფიქრია! - ბოლოჯერ დასცინა ელემ და ანიკამაც ლეპტოპი დახურა. არ იცოდა, რამდენად სწორი იყო მისი გადაწყვეტილება და შუაღამის ორ საათზე სახლიდან გასვლა, მაგრამ ამის გაკეთება იმდენად უნდოდა, რომ ყველა სხვა აზრი უკუაგდო. ვარდისფერ პერანგზე მსხვილად ნაქსოვი, ნაცრისფერი, თავისუფალი სვიტერი გადაიცვა, შავი ჯინსი ამოიცვა, ფეხზე საშუალოქუსლიანი, თასმებიანი ფეხსაცმელი მოირგო, თმა ცხენის კუდად შეიკრა, ფული და მობილური აიღო, ქურთუკი შემოიცვა და სახლიდან გავიდა. ტაქსი სპეციალურად ცოტათი მოშორებით გამოიძახა, რომ გია და მარიკა არ გაეღვიძებინა მანქანის ხმას. მეორე სართულიდან გადაძრომისას გული ისე უცემდა, ასე ეგონა, გაუსკდებოდა, მაგრამ მიწაზე მაინც მყარად დადგა ფეხი.
თავი სპეციალური დანიშნულების აგენტი ეგონა და ისეთ ადრენალინს გრძნობდა, როგორიც ალბათ სანდროს დავალების შესრულებისასაც კი არასდროს უგრძვნია. როგორც იქნა, ტაქსამდეც მიაღწია და სასწრაფოდ ჩასკუპდა შიგნით. მისამართი უკარნახა და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც მანქანა ადგილიდან დაიძრა...
* * *
სანდროს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, ჩაბნელებულ და ცარიელ სახლში რომ შევიდა. ხელი კარის მარცხნივ კედელზე მოაფათურა ჩამრთველის მოსაძებნად და შუქი აანთო. უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს ანიკაზე ნაწყენი იყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ წყენის მიზეზი არ ჰქონდა. რას ელოდებოდა, რომ გოგონა მის პირველივე დაძახილზე ყველაფერს ფეხებზე დაიკიდებდა და სახლიდან გაიპარებოდა?! ერთი მხრივ, ესიამოვნა კიდეც, ანიკამ მის მშობლებს ანგარიში რომ გაუწია, მაგრამ მართლა ძალიან უნდოდა მისი ნახვა. იმასაც ხვდებოდა, რას იფიქრებდა გოგონა მისი შეთავაზების მოსმენისას, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო, მაინც არაფრის თავი არ ჰქონდა. თვითონვე გაეცინა თავის ფიქრებზე და სამზარეულოში გაემართა. გზაში პერანგის ღილები შეიხსნა. როგორ ეზარებოდა სამსახურში ოფიციალურ ფორმაში სიარული, მაგრამ სხვა რა გზა იყო. მხოლოდ რამდენჯერმე მივიდა ჯინსითა და მაისურით და მაშინაც საყვედური მიიღო. ჰმ, მართლაც რომ ძნელია FBI-ს აგენტობა. ამ ბოლო საქმემ კი საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა. სექტემბრიდან მოყოლებული ამას იძიებდნენ და ჯერ კიდევ ვერ დახურეს. ჯერ არც ერთი საქმე არ გაწელვიათ ასე ძალიან. სერიული მკვლელობებიც კი ორ თვეში გახსნეს...
მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ბოთლითვე მოიყუდა. ძალიან დაღლილი იყო, ძალიან ეძინებოდა და ძალიან უნდოდა ანიკას ნახვა. ჯანდაბა, რატომ არ წავიდა მასთან? როდის მერე სჭირდებოდა საკუთარ სახლში დაპატიჟება? რა სულელური რამეა ეს თავმოყვარეობა, თუკი საყვარელი ადამიანის ნახვაში გიშლის ხელს.
სანდრო საძინებელში გავიდა და პერანგი გაიხადა, იქვე სკამზე მიჰკიდა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი - აჩეჩილი თმა და დაღლილი თვალები.
- მწარედ შეტოპე, მეგობარო! - ღრმად ამოიოხრა და კიდევ ერთხელ მოიყუდა ლუდის ბოთლი...
* * *
ანიკა უკვე სანდროს კორპუსთან იდგა და ვერ გაებედა შენობაში შესვლა. თითქოს ეშინოდა, არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც აპირებდა? იქნებ არ ჰყოფნოდა გამბედაობა? ან ბოლოს წუთს გადაეფიქრა... ღირდა გარისკვა?
- გოგონა, კიდევ დიდხანს დაგელოდოთ? - ფიქრები ტაქსის მძღოლის დაღლილმა ხმამ შეაწყვეტინა.
- მთვლელი ჩართეთ! - უპასუხა გაბრაზებულმა და სადარბაზოში შეაბიჯა.
ლიფტმა ჩვიდმეტი სართული მშვიდად და უხმაუროდ აიარა, რასაც ვერ ვიტყვით ანიკაზე. გულის ცემა ექოდ ესმოდა და ადგილს ვერ პოულობდა. ლიფტშიც კი წინ და უკან დადიოდა. ხან ერთ კედელს აეყუდებოდა, ხან მეორეს. მუცელიც ნერვიულობისგან ეკუმშებოდა. კარი საჭირო სართულზე რომ გაიღო, ანიკა ისეთი ნაბიჯებით გავიდა, სადაც იყო, უკან შებრუნდებოდა. მძიმედ მიითრია ფეხები სანდროს კარამდე და დასაკაკუნებლად ხელი რომ აღმართა, სანამ კარს შეეხებოდა, მანამდევე დაუშვა. იქნებ კიდევ დაფიქრებულიყო? მით უმეტეს, რომ სახლიდან არც სინათლე გამოდიოდა და არც რაიმე ხმა. იქნებ ეძინა კიდეც? ჰმ, არა უშავს, ეს სიურპრიზი მას ნამდვილად გამოაფხიზლებდა...
* * *
ის იყო, სანდროს ძილმა წაართვა თავი, რომ შორიდან კარზე კაკუნი მოესმა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც კაკუნი უმოწყალო ბრახუნში გადაიზარდა, სასწრაფოდ წამოხტა, იქვე მიგდებული ჯინსი ამოიცვა და ოთახიდან გავარდა.
- მოვდივარ! ნუ ჩამოიღეთ ეს... - სიტყვა გაუწყდა, როდესაც კარი გააღო და იქ ანიკა დაინახა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ მომღიმარსახიანი ანგელოზი არ გამქრალა. - შენ... - სიტყვა ისევ გაუწყდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელობისგან კი არა, მომხდარისგან.
ანიკა დაუფიქრებლად მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია, კისერზე ხელი შემოხვია და ვნებიანად აკოცა. სანდრო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შოკში იყო! მხოლოდ მის მკლავებში მოქცეული ანიკას სხეული აიძულებდა ეფიქრა, რომ ეს სიზმარი არ იყო. ყველაფერი ისე რეალურად ხდებოდა... სანდრო წამით ეცადა ანიკას ტუჩებს მოშორებოდა, რომ მისთვის შეეხედა, მაგრამ გოგონამ არ დაანება და ისიც დიდი სიამოვნებით დაემორჩილა. ხელები წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ასეთი შანსი ეძლეოდა და ხელიდან გაუშვებდა?! ანიკას ტუჩებიდან ყელისკენ გადაინაცვლა, ხელი კი თმაში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა. საპასუხო რეაქციაც მიიღო გოგონას აჩქარებული სუნთქვის სახით, შემდეგ კი... შემდეგ იყო ყველაზე არაპროგნოზირებადი რეაქცია. ანიკამ ყურში ვნებიანად უჩურჩულა „მიყვარხარ“, ყელში აკოცა და ისე სწრაფად გაქრა, როგორც მოვიდა.
სანდროს შოკი თქვენ ახლა უნდა გენახათ... სადარბაზოში რომ გავარდა, ანიკა უკვე ლიფტში იყო, კარი კი - დაკეტილი. უაზროდ გაღიმებული შებრუნდა სახლში. ვერ იჯერებდა, რომ ეს რეალურად მოხდა. საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები მოისვა. აზროვნების უნარი ჯერ კიდევ არ დაბრუნებოდა. სასიამოვნოდ გაოცებულმა დაურეკა ანიკას, გოგონამ კი პირველივე ზარის შემდეგ უპასუხა.
- რა იყო ეს? - ჩაეცინა და ანიკასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც საკუთარ თავს.
- უბრალოდ მომენატრე და გადავწყვიტე, მენახე! - გაიცინა ანიკამაც. ისეთი კმაყოფილი ხმა ჰქონდა, სანდროს თავისუფლად შეეძლო მისი ცალწარბაწეული სახის წარმოდგენა.
- გიჟი ხარ!
- ვიცი! და შენ სწორედ ასეთი გიყვარვარ, თუ რამე მეშლება? - ანიკას აშკარად გადაუარა ნერვიულობამ და მშვენიერ ხასიათზეც დადგა. ჰმ, ნეტავ რატომ?
- გიჟთან ერთად სადისტიც ხარ! რატომ დამტოვე ასე?
- როგორ? - იკითხა უცოდველი ბავშვის ხმით და სიცილი აუტყდა. მთელი გზა არ გაჩერებულა. ხან სანდრო აცინებდა, ხან თვითონ აცინებდა სანდროს.
- უნამუსო ბავშვი ხარ! ბოროტო! - ბოლოს მაინც აწუწუნდა ბიჭი.
- სწორად აღნიშნე, ძვირფასო. ჯერ ისევ ბავშვი ვარ!
- ალილუია! ამას რას მოვესწარი! უნდა დავიმახსოვრო ეს დღე! - გადაიხარხარა სანდრომ, ანიკამ კი ენა ისე გამოუყო, თითქოს რამეს დაინახავდა. - ანუ, როცა გაწყობს, მაშინ ხარ ბავშვი, არა? ჰმმ, მე მივხედავ მაგ ამბავს!
- სანდრო, დამანებე თავი!
- ვერ ეღირსები! ისე, აქამდე რით ვერ მიხვედი? ხომ არ ვიეჭვიანო ტაქსის მძღოლზე?
- როგორი მიხვედრილი მყავხარ! ზუსტად ახლა გადავუხვიეთ სანაპიროსკენ.
- დამელოდეთ, მე და ბარბარაც შემოგიერთდებით!
- ვერ გიტან!
- მეც მიყვარხარ! - ახლა სანდრო იყო სიცილის ხასიათზე. საერთოდ აღარ ეძინებოდა. ან ამ ყველაფრის შემდეგ რა დააძინებდა?!
- მივედი. ახლა უნდა გავთიშო, აივანზე ასე ვერ ავძვრები...
- რა? მოიცა, შენ რა, ფანჯრიდან გამოიპარე? - გადაბჟირდა ბიჭი.
- რა გაცინებს? კარი ჩაკეტილი იყო და არ მინდოდა მეხმაურა. უმადურო!
- უკანა კარიც რომ შეგემოწმებინა, არა? რაც თავი მახსოვს, ეგ კარი სულ ღიაა!
- მართლა? ჰოდა, მაქედან შევალ, ახლა კი წავედი. მიყვარხარ და ტკბილი ძილი! -დაემშვიდობა ანიკა და სახლში შესვლამდე მობილური გათიშა. ფეხზეც გაიხადა, ქუსლებს რომ არ ეკაკუნათ და ფეხაკრეფით შეიპარა თავის ოთახში. ყველაფერი უკან რომ მოიტოვა და უკვე პიჟამაში გამოწყობილი საბანში შეძვრა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით. დღევანდელი დღით ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყო!
* * *
უკვე კვირა საღამო იყო, ანუ სულ რამდენიმე საათიღა რჩებოდა, FBI-ს ჯგუფი კი ისევ ერთ ადგილზე იყო გაყინული. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს საქმე ვერ გაეხსნათ? ეს ხომ უბრალო საქმე არ იყო, საუბარი ბავშვების სიცოცხლეს ეხებოდა. სანდრომ საერთოდ დაკარგა მოსვენება. არანაირი გარანტია არ ჰქონდა იმისა, რომ შემდეგი ანიკას სკოლა არ იქნებოდა. ეჭვების გამო სკოლაში სიარულს ხომ არ აუკრძალავდა? სისულელე იქნებოდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა? მშვიდად მჯდარიყო მაშინ, როდესაც შეიძლებოდა, რომ ანიკას სკოლა ცეცხლის ალში გახვეულიყო?
- სანდრო, არ მისმენ? - ფიქრებიდან მაიკლის ხმამ გამოარკვია, რომელიც მთელი დღე სურათს უტრიალებდა და ვერ აეწყო.
- მაპატიე. რა მოხდა?
- წითელი, ლურჯი და თეთრია მთავარი ფერები. და კიდევ რაღაც ცხოველი თუ ფრინველი უნდა იყოს მგონი. სურათი რომ დავჭერი, ერთი ნაწილი თვალს მივამსგავსე.
- მონიტორზე გამოიტანე, აბა, რაც ააწყვე... - სთხოვა სანდრომ და ოთახის მეორე მხარეს გადაინაცვლა, რომ კარგად დაკვირვებოდა.
- ეგ ფერები არაფერს გვაძლევს. ყველა სკოლის გერბზე ეგენია. მთავარია, ახლა ის ავაწყოთ, რა ცხოველია... - საუბარში ჩაერთო ლინდსიც და სანდროს დაპირებული ყავა მიაწოდა. ბიჭს მონიტორისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე გამოართვა. ერთი ყლუპი მოსვა, შემდეგ კი ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა:
- ცხოველი არ არის. ფრინველია... მეშვიდე და ოცდამეერთე სურათების შეერთებით ნისკარტი გამოდის, მეთერთმეტე და მეცხრე კი ბრჭყალს გვაძლევს.
- მაიკლ, თუ შეგიძლია, მეცამეტე სურათი გაადიდე... - მონიტორთან მივიდა ბრედიც.
- ჯანდაბა! - ამოიგმინა შონმა. - ჯანდაბა, ჯანდაბა!
- რა მოხდა? - მისმა რეაქციამ დააბნია ნინა.
- ვიცი, რომელი სკოლაც იქნება შემდეგი! ჩვენმა „ძვირფასმა მეგობარმა“ მაინც დაუშვა შეცდომა და არც ისეთი ძველი ფოტოები შეარჩია, როგორიც ეგონა. აი, ნაცრისფერ მაისურში ქერათმიან გოგოს ხომ ხედავთ? ჩემი ცოლის დეიდაა...
- დარმწუნებული ხარ, რომ იცი, რომელი სკოლაა?
- კი. „სტეიტ აილენდის საშუალო სკოლა“. მათი გერბი კი თითქმის ისეთივეა, როგორც აშშ-ის გერბი. იქაც არწივი ხატია. და როგორც ის ნაძირალა დაგვპირდა, მართლა გრანდიოზულ შოუს მოაწყობს, მოსწავლეთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ.
- რა უნდა ვქნათ? - ჩაერთო ჯარედიც.
- ვერაფერს ვიზამთ, იმის გარდა, რომ დირექტორი გავაფრთხილოთ! - თქვა სანდრომ, ტელეფონი სპიკერზე დააყენა და საჭირო ნომერი აკრიფა.
ძალიან დიდხანს ისაუბრეს, მაგრამ მისის ჰემონდი ვერაფრით დაარწმუნეს, რომ სასწავლო პროცესი ჩაეშალა. ყველასთვის გასაოცრად, რატომღაც ეგონა, რომ ეს უბრალოდ შეცდომა იყო. იმასაც ამბობდა, ჩვენს სკოლას საუკეთესო დაცვა ჰყავს და თუ ტერორისტი გამოჩნდება, თქვენთვისვე იქნება უკეთესი, რადგან დაიჭერენო. ბოლოს იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ FBI-ს აგენტები დილიდანვე განლაგებულიყვნენ სპეციალურ ადგილებზე, რადგან მათი ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, ადგილზე მისასვლელად დრო არ დაეკარგათ.
- არა მგონია, ყველაფერი ასე მარტივად იყოს... - მაინც ვერ ისვენებდა სანდრო. - თამაში ხომ არ არის ამხელა საქმე? სექტემბრიდან მოყოლებული ეს ნაძირალა წინ და უკან დაგვარბენინებს და ახლა დავიჯერო, წინასწარ გვითანხმდება, რის გაკეთებას აპირებს?
- შენი აზრით, გვატყუებს? - დაეჭვებული იყო ნინაც.
- თითქმის დარწმუნებული ვარ. მაგრამ ვერ გავრისკავთ. რომ არ გვატყუებდეს?
- რას გვირჩევ? - სანდროს სიტყვებმა ყველა ააფორიაქა. თუ აქამდე საქმე უკვე გახსნილად მიაჩნდათ, ახლა ისევ დაიწყეს ნერვიულობა.
- გავიყოთ. ნაწილი „სტეიტ აილენდის“ სკოლასთან წავიდეთ, ნაწილი კი შტაბში დარჩეს.
- მე სკოლასთან მინდა! - ყოველთვის ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული შონი ახლაც ფორმაში იყო.
- მე, შონი და ნინა სკოლასთან წავალთ... - დაგეგმა სანდრომ. სხვა თუ არაფერი, ჯგუფის უფროსი იყო და ეს მის მოვალეობაში ისედაც შედიოდა. - ლინდსი და ბრედი აქ დარჩებიან. მაიკლ, შენც აქედან აკონტროლებ სიტუაციას!
- არის, უფროსო! - გაეცინა ლინდსის და ხელი შუბლზე მიიდო სამხედრო სალმის ნიშნად.
- ღამე არ დავრჩეთ? - მთქნარებით იკითხა ნინამ.
- ვისაც გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ. მე დავრჩები, იქნებ რაიმე ხელმოსაჭიდს მივაგნო.
- სანდრო, თუ მას არ უნდა, რომ ჩვენ სწორ გზაზე წავიდეთ, ყველაფერს ისე არევს, მაინც ვერაფერს გავიგებთ. ტყუილად უნდა გაათენო ღამე.
- ჯარედ, ვერ მოვისვენებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. თქვენ წადით, თუ პრობლემა შეიქმნება, დაგირეკავთ! - სანდრო აგენტებს დაემშვიდობა, თვითონ კი ყავის ფინჯნით ხელში მაიკლის კომპიუტერთან მოკალათდა. ის ერთადერთი იყო, რომელსაც შეეძლო მაიკლის გარეშეც დარჩენილიყო მის „ჭკვიან გოგონასთან“. ახლა კი მთელ ოფისში მარტო იჯდა და ამ საქმესთან დაკვაშირებულ ძველ მასალებს ჩაჰკირკიტებდა.
ჰმ, მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაში იყო სინამდვილეში საქმე...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება