საინტერესო ორშაბათი გათენდა. მანამდე თეთრად შეფერადებული ნიუ-იორკი სრულიად „გაშიშვლებულიყო“, თოვლის კვალიც კი არსად ჩანდა და ძალიან ციოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლა იწყებოდა, ანიკას ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა ჩაეცვა. თავი ძლივს ასწია ბალიშიდან - საერთოდ გადაეჩვია დილით ადრე ადგომას. ნახევრად გახელილი თვალებით მილასლასდა კარადასთან. შხაპის მიღების თავიც კი არ ჰქონდა, მექანიკურად მოქმედებდა. ღია ფერის ვიწრო ჯინსი და უბრალო, ტანზე მომდგარი, გრძელმკლავიანი მაისური ჩაიცვა, თმა ჩამოივარცხნა, ფეხსაცმლის თასმები შეიკრა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. დღეს ავტობუსით უწევდა სკოლაში წასვლა. სანდრომ გუშინ დაურეკა და გააფრთხილა, რომ სამსახურში რჩებოდა. ისიც უთხრა, საქმე ცუდადააო, მაგრამ ანიკამ მაინც არ გადაიფიქრა სკოლაში წასვლა. რამე რომ მომხდარიყო, სანდრო დილით აუცილებლად დაურეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხს ითრევდა სკოლაში წასვლაზე, პირველივე დღეს მაინც ვერ გააცდენდა. რაც წინა სემესტრში დაიკლო, ახლა უნდა აენაზღაურებინა. ბოლოს და ბოლოს, აქ ხომ სასწავლებლად წამოვიდა.
- დილა მშვიდობისა! - გაღიმებული მიესალმა გიას და მარიკას, შემდეგ კი პირდაპირ გასასვლელისკენ გაემართა.
- ანიკა, არ ისაუზმებ? - გაჰყვა მარიკაც. - ჯერ კიდევ გაქვს ცოტა დრო.
- ვიცი, მაგრამ ახალგაღვიძებული ვერაფერს ვჭამ. ლანჩზე წავიხემსებ სკოლაში.
- გამაგიჟებთ შენ და ნინი მე! ცალკე იმას დავდევდი ჭამაზე და ახლა შენ! - გაეცინა ქალს. -ავტობუსით მიდიხარ თუ მოვა სანდრო?
- არა, ვერ მოვა. გუშინ გამაფრთხილა, სამსახურში ვრჩებიო.
- ანიკა, დამიცადე, მე გაგიყვან! - სამზარეულოდან გამოსძახა გიამ, ფინჯანში დარჩენილი ყავა ერთ ყლუპად მოსვა და ისიც მისაღებში გავიდა.
ანიკამ ერთი კი ჩაილაპარაკა, არ არის საჭიროო, მაგრამ ისე ეზარებოდა ავტობუსით ჩანჩალი, დიდი წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია. უკვე მანქანაში იყვნენ მოკალათებულნი, გიამ საუბარი რომ წამოიწყო.
- მე არ მინდა, რომ სანდრო ან შენ ჩემზე ნაწყენები იყოთ. უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი საქციელია.
- მე არ ვარ თქვენზე ნაწყენი... - გულწრფელად გაუღიმა ანიკამ. - სანდრომ კი მითხრა, სამსახურის გამო გადავდივარ ახალ სახლშიო, მაგრამ ხომ ვიცი, სინამდვილეში რაშიცაა საქმე.
- აჰა, ანუ ბოლომდე მაინც არ „გამაფუჭა“, - გაეცინა კაცს. - არადა, დამიჯერე, თვითონაც ხვდება, რომ მართალი ვარ. მე უბრალოდ მამაშენის ადგილას ვაყენებ თავს. დარწმუნებული ვარ, ირაკლიც ასევე მოიქცეოდა.
- მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ? სიყვარული დანაშაული არ არის...
- გეთანხმები, მაგრამ ნურც შენ შემეწინააღმდეგები იმაში, რომ სიყვარულს მონატრებაც სჭირდება. თუ სულ ერთად იქნებით, რა გექნებათ სანატრელი? ხომ უნდა იყოს რაღაც, რაზეც იტყვით, „ნეტავ ასე მოხდებოდესო“... - გია ისე საინტერესოდ და გულწრფელად საუბრობდა, ანიკას შეწინააღდეგების სურვილიც კი აღარ გაუჩნდა. ისე სწრაფად გავიდა გზა, სკოლამდეც შეუმჩნევლად მივიდნენ.
- დიდი მადლობა! - დამშვიდობებისას ანიკამ კაცს ლოყაზე სწრაფად აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ამ მომენტში ორივეს საოცრად გაუმძაფრდა და ამავდროულად, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თითქოს წამიერად გაუქრა კიდეც მონატრების გრძნობა. გიას მანამ არ დაუძრავს მანქანა, სანამ ანიკა სკოლის ეზოში არ გაუჩინარდა. შემდეგ საფულიდან ნინის სურათი ამოიღო, თბილი მზერით დახედა, ბოლოს კი თავის ადგილას დააბრუნა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
* * *
- როგორ მომენატრე! - კივილით მიაფრინდა ჯესიკა მეგის გვერდით მდგარ ანიკას და ეს უკანასკნელიც მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.
- მეც ძალიან მომენატრეთ ყველანი. შენ, როგორც ყოველთვის, იგვიანებ, ხო? - გაეცინა გოგონას და ჯესის თმა აუჩეჩა.
- ჯოში სად დაკარგე? გამაგიჟებთ თქვენ მე! - სიცილით ბუზღუნებდა მაიკი და თან ეზოს ათვალიერებდა ნაცნობი სახეების მოსაძებნად.
- ჯოში ცოტას დაიგვიანებს, თავისი და უნდა წაიყვანოს ბაღში! - გაეცინა ჯესიკასაც.
- მაშინ შევიდეთ ჩვენც სკოლაში, თორემ გავიყინე... - აწუწუნდა ანიკა და დანარჩენებმაც აიტაცეს მისი იდეა. ამინდის და სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, ყველა მხიარულობდა და კარგ ხასიათზე იყო. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, წინ რამხელა სიურპრიზი ელოდათ...
* * *
- აქ ისევ სრული სიმშვიდეა... - პიჯაკის საყელოში ჩამაგრებული მინიატურული მიკროფონით გადასცა სანდრომ დანარჩენებს ამბავი.
- ჩვენთანაც არაფერი ხდება. „მეგობარი“ ისევ არ გამოდის კონტაქტზე. - უპასუხა მაიკლმა და დანარჩენებს გახედა, რომელნიც დაძაბული სახით უყურებდნენ ლეპტოპის ეკრანს. - ან უკვე გამოვიდა...
- რა ხდება? - მოუთმენლად იკითხა ჯარედმა, ლინდსიმ კი შეშინებული ხმით უთხრა:
- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არასწორი მითითებები მივიღეთ. როგორც იქნა, ავაწყვე ის ფაზლი და სულაც არ გამოვიდა „სტეიტ აილენდის“ სკოლის ლოგო.
- „მანჰეტენ ბრიჯი“? - მოუთმენლად იკითხა სანდრომ.
- არა! ამ ორიდან არც ერთი. „ქუინზის“ სკოლის ლოგოა, მაგრამ ის დაწყებითი სკოლაა და თან არც ისე დიდი კონტინგენტით. მგონი, საერთოდ ავირიეთ... - საუბარში ჩაერთო ბრედიც.
- ოფისში დავბრუნდეთ? - სანდროს გახედა ნინამ, რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
- არ ღირს გარისკვა...
* * *
ჯერ პირველი გაკვეთილიც არ იყო დამთავრებული, სკოლის განგაშის ზარი და ანიკას მობილური ერთდროულად რომ აყვირდნენ. სანდრო ურეკავდა...
- გისმენ! - ჩასძახა მობილურს და თან წიგნები ჩანთაში ჩაყარა - დასაკარგი დრო არ იყო.
- ანიკა, სასწრაფოდ აორთქლდი სკოლიდან! - თითქმის უყვირა ბიჭმა. ისეთი დაძაბული ხმა ჰქონდა, ანიკას თითქმის ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- უკვე გვიანია... - მშვიდად უპასუხა და ხალხის ბრბოს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ...
მაგრამ განგაშის დარეკვიდან რამდენიმე წამში ანიკას კლასის კარი შავებში ჩაცმულმა კაცმა შეანგრია და ყველამ ისეთი კივილი ატეხა, სანდრო მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და ერთი გულიანად შეიკურთხა.
- არ ინერვიულო, ჩვენ უკვე მოვდივართ. და თუ მოახერხებ, კავშირზე იყავი! - სანდრომ საუბარი დაასრულა და ანიკამაც მობილური შარვლის ჯიბეში ჩაიცურა. უკვე ყველანი კედელთან იდგნენ ატუზულები, შავფორმიანი კი ავტომატით ხელში ჯარისკაცივით დადიოდა წინ და უკან. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, ანიკამ შეშინებაც კი ვერ მოასწრო. თითქოს მძაფრსიუჟეტიან ფილმში იყო და დაკისრებული მისია უნდა შეესრულებინა.
- მოგესალმებით! - როგორც იქნა, ხმა ამოიღო „უცნობმა“. - დადგა ჩვენი შეხვედრის წამიც. პატივი მაქვს, მოგილოცოთ, რადგან თქვენ მოხვდით ჩემს რჩეულ სიაში და სწორედ თქვენი საშუალებით დავასრულებ წლევანდელ სეზონს. - კაცი ისე მშვიდად და ხატოვნად ლაპარაკობდა, თითქოს პრესტიჟული შოუ-პროგრამის წამყვანი ყოფილიყო. - ახლა კი ყველანი მუხლებზე და ხელები კისერზე!
თავიდან ბრძანებას არავინ დაემორჩილა. შესაძლოა, სიტუაცია ვერ გაიაზრეს ან ბრძანება ვერ აღიქვეს სერიოზულად, მაგრამ როდესაც „სტუმარმა“ იარაღი გადატენა, ყველა მაშინვე მუხლებზე დაეცა.
- კარგი ბავშვები ხართ! - ჩაიცინა ტერორისტმა და შემდეგ მასწავლებელს გადახედა. - თქვენ შეგიძლიათ დაგვტოვოთ! - და ადგილზევე მოკლა. განძრევასაც კი ვერავინ ბედავდა, მომხდარისგან შოკში იყვნენ. ამ არამზადამ სულ რამდენიმე წამში ადამიანი ისე მოკლა, ხელიც არ აკანკალებია.
- რას გვიპირებთ? - ამოიკნავლა ვიკიმ და ცრემლები წამოუვიდა. ნიკაპი უკანკალებდა და პატარა ბავშვივით ტიროდა.
- FBI! ალყაში ხართ! - ანიკამ სანდროს ხმა რომ გაიგო, გული შეეკუმშა. - სისულელეების გაკეთებას აზრი აზრი არ აქვს! დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდით!
- წადით თქვენი! - დაიღრიალა კაცმა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა. - ტყუილად გაქვთ იმის იმედი, რომ აქედან ვინმე ცოცხალი გავა. ყველამ ჩამაბარეთ მობილურები, დროზე! -დაიღრიალა კიდევ ერთხელ და პირველად კევინთან მივიდა, რომელიც შეშინებული აცეცებდა ცისფერ თვალებს აქეთ-იქით.
ალბათ, მართალია, რომ ამბობენ, ადამიანის გონება ექსტრემალურ პირობებში უკეთ მუშაობსო. ანიკა არც დაფიქრებულა, იქვე მდგარი მაგიდის ქვეშ შეძვრა, სანამ ტერორისტი სხვებისთვის მობილურის ჩამორთმევით იყო დაკავებული. მის მთავარ მიზანს ახლა სანდროსთან ნებისმიერი გზით დაკავშირება წარმოადგენდა. თითები ისე უკანკალებდა, ფიზიკურად ვერ შეძლებდა შეტყობინების აკრეფას. ამიტომ ისევ დარეკვა ამჯობინა და თან სანდროს გულში მადლობა გადაუხადა, რომ თავისი ნომერი სწრაფი დარეკვის ღილაკზე დაუყენა.
- სან... - მართალია, სანდრომ პირველივე ზარის გასვლისას უპასუხა, მაგრამ ანიკამ ვეღარ მოახერხა მეტი ვერაფრის თქმა, რადგან ვიღაც თმაში სწვდა და მაგიდის ქვეშიდან გამოათრია.
- შე პატარა ძუკნა! - ამოიგმინა კაცმა. - ვისთან რეკავ? გინდა, რომ ჩამიშვა? - შემდეგ კი ანიკას ისეთი სილა გააწნა, გოგონა იატაკზე დაეხეთქა.
- მესამე სართულზე, მეშვიდე კაბინეტი! - დაიყვირა ბოლო ხმაზე, სანამ მისი ტელეფონი დაიფშვნებოდა, შემდეგ კი ისევ თმის დახმარებით წამოაყენეს.
- ახლავე მივდივართ აქედან! შეგიძლიათ მადლობა უთხრათ თქვენს მეგობარს, რადგან მეტჯერ მისი ხილვის ბედნიერება აღარ გექნებათ! - ტერორისტმა ანიკას მკლავში ხელი წაუჭირა და კლასიდან გაათრია.
სულ რამდენიმე წამით რომ დაეგვიანათ, ვეღარაფერს გააწყობდა, მაგრამ როგორც ჩანს, იღბალი მათ მხარეს იყო და ერთი ფეხით გაასწრეს FBI-ს ჯგუფს.
- სად მივდივართ? - ამოიკნავლა ანიკამ და ეცადა, ფეხები არ არეოდა, რადგან ძალიან სწრაფად მიათრევდნენ სადღაც.
- შენს ჯოჯოხეთში! - მკაცრად უპასუხა კაცმა და რკინის კარი მძიმედ შეაღო...
* * *
- დედას შე**** ! - ამოიგმინა სანდრომ და პირველი შევარდა შენობაში. საკუთარ თავს ვერ აპატიებდა, ანიკას რომ რამე მოსვლოდა. რამ გამოაშტერა, რატომ არ გააფრთხილა დილითვე?
- სანდრო, დაგველოდე! - მოესმა ზურგსუკან ჯარედის ხმა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ანიკას მითითებული კლასის კარი შეანგრია, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ ყოფილა ჩაკეტილი.
- რა მოხდა აქ? - იკითხა გაყინული ხმით, როდესაც ოთახში მასწავლებლის გვამი დაინახა, მაგრამ ანიკას კვალიც კი ვერსად შენიშნა. პასუხი ვერ მიიღო, ყველა შოკირებული იყო მომხდარით. ამასობაში სანდროს გუნდის დანარჩენი წევრებიც შემოცვივდნენ ოთახში.
- რა მოხდა, ვინმე აიყვანა მძევლად? - იკითხა ნინამ შედარებით რბილი ხმით და ბავშვებს მიაშტერდა, მაგრამ პასუხი ისევ არ იყო.
- ამოიღებთ ხმას თუ არა? - დაიგრგვინა სანდრომ და ისედაც აკანკალებული კევინი კიდევ უფრო შეაშინა მისმა ხმამ. თან იმდენად შეაშინა, რომ ყველაზე დიდი სისულელე გააკეთა.
- ჩვენ არაფერი ვიცით! მე ნუ მიყურებთ, მე არაფერ შუაში ვარ! მართალია, ნარკოტიკებს ვყიდი, მაგრამ მისი თანამზრახველი არ ვარ! - მუხლებში ჩაუვარდა სანდროს და ამ უკანასკნელსაც გულიანად გაეცინებოდა მის საქციელზე, სხვა სიტუაციაში რომ ყოფილიყვნენ. კოლეგებს გახედა უცნაური მზერით, შემდეგ კი ისევ ბავშვებს მიუბრუნდა.
- სად წაიყვანა? - მთავარ ამოცანაზე გადაერთო, მაგრამ პასუხი კვლავ არავის ჰქონდა.
- გვითხრა, მადლობა უთხარით თქვენს მეგობარს, რადგან მეტჯერ ვეღარ ნახავთო... - ბოლოს ისევ მეგიმ ამოიღო ხმა და სანდრომაც მოურიდებლად შეიკურთხა.
- სკოლიდან ვერ გაიყვანდა, გარეთაც ჩვენი ჯგუფები არიან... - თქვა ლინდსიმ.
- სკოლაში თუ არიან, მალევე ვიპოვით! - სანდროს დამშვიდება სცადა ბრედმაც.
- ანიკა თვითონ დაგიკავშირდებათ. სანამ კლასიდან გაათრევდა, მოვასწარი და ჩანთაში ჩემი მობილური ჩავუცურე! - ხმა ამოიღო ნიკმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში შეუმჩნევლად იჯდა. წესით, სანდროს მისი სიტყვები უნდა გახარებოდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რა მოხდებოდა, იმ ნაბიჭვარს ანიკას მობილური რომ ეპოვა, ცოტაღა დააკლდა აფეთქებამდე...
* * *
- სად ვართ? - შეშინებული ხმით იკითხა ანიკამ, როდესაც ჩაბნელებულ, მიწურის ტიპის ოთახში ამოყო თავი.
- ბუნკერში! - მოკლედ მოუჭრა კაცმა და იარაღი მოიხსნა.
- სად? - პირი დააღო გოგონამ.
- ბუნკერ-თავშესაფარში. რა იყო, ასე ძალიან გაინტერესებს, სად მოკვდები?
- შენ მე არ მომკლავ... - ეს უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად წარმოთქმული სიტყვები იყო, რაზეც ტერორისტმა გულიანად გადაიხარხარა.
- რა კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე! სადაც ჩვიდმეტ სკოლაში მოვაწყვე საშინელი ტერაქტი, შენი მოკვლა გამიჭირდება? ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ! სტივ ჯონსონისათვის შეუძლებელი არაფერია! მალე ყველა გაიგებს ჩემს სახელს. ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია... ყველაფერი ჩემზე ინფორმაციით აჭრელდება. შემდეგ კი, როდესაც ყველაფერს გავაკეთებ და დამიჭერენ, ციხეში ყოფნისას წიგნს დავწერ. ყველაფერს დეტალურად მოვყვები, როგორ ვგეგმავდი თითოეულ ტერაქტს. ეს წიგნი ბესტსელერი გახდება, მე კი მთელი მსოფლიო გამიცნობს. საბოლოოდ, სანამ ციხიდან გამოვალ, იმდენი ფული დამიგროვდება წიგნების გაყიდვით, რომ შეიძლება მილიონერიც გავხდე. აღარაფერზე მომიწევს ფიქრი და უდარდელად ვიცხოვრებ! ისე, შენც გაგიმართლა. ჩემს განსაკუთრებულ მსხვერპლზეც ბევრს ილაპარაკებენ. „გოგონა, რომელიც წამებით მოკლეს...“ არა, მოიცადე, უკეთესი სათაური უნდა მოვიფიქრო... „გოგონა, რომელიც სასტიკმა დამნაშავემ გააუპატიურა და შემდეგ წამებით მოკლა!“ აი, ეს ჯობია! - ანიკა რომ არ მჯდარიყო, ადგილზევე ჩაიკეცებოდა. სუნთქვა შეეკრა და თვალთ დაუბნელდა. იგრძნო, როგორ აუკანკალდა მთელი სხეული და როგორ დაიწყო მისმა გულმა ყელისკენ ასვლა. თვალები დახუჭა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ერთიანად იგრძნო ზიზღი, გულის რევის შეგრძნება და პანიკა. ყველაზე ნაკლებად კი ახლა ბოლო აწყობდა. ნამდვილად არ უნდოდა, შიშს დაემორჩილებინა და საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგა. არც ამ ნაძირალის წინ ტირილი უნდოდა. როგორმე უნდა მოეხერხებინა და თავი ხელში აეყვანა. შეუმჩნევლად სუნთქვის ვარჯიშების კეთება დაიწყო. ყველაზე მეტად ახლა სრული მობილიზება სჭირდებოდა.
- ცუდად ხომ არ ხარ, ლამაზო? შენი ბუნებრივი სიკვდილი საერთოდ არ მაწყობს ახლა! -ირონიულად ჩაილაპარაკა სტივმა და თვითონ ანიკას საპირისპირო მხარეს დაჯდა, ისე, რომ ზურგით კედელს ეყრდნობოდა.
- მე შენი ლამაზი არ ვარ და ნუ გაქვს იმის იმედი, რომ რამეს დამიშავებ! - ანიკა თვითონაც ვერ მიხვდა, საიდან ჰქონდა ხმაში ამდენი სიმკაცრე, მაგრამ საპასუხო რეაქციად მხოლოდ გულიანი ხარხარი მიიღო, თუ რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ იმ ნაძირალას გული ჰქონოდა. კაცი ფეხზე წამოდგა, ანიკას მიუახლოვდა და ისიც უხეშად წამოაყენა.
- აი, ძალიან მაინტერესებს, საიდან ამდენი გამბედაობა და მით უმეტეს, იმედი?
- გიპოვიან და სამუდამოდ ციხეში ამოგალპობენ. ამას პირადად მე გპირდები! - გოგონამ ირონიული ღიმილი აიკრა, მაგრამ უკვე მეორედ იგრძნო, როგორ ითრიეს თმით და ამჯერად კედელს ააკრეს. კაცმა ხელები ყელში წაუჭირა. არ ახრჩობდა, მაგრამ განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა. ანიკამ უნებურად სუნთქვა შეიკრა, მაგრამ მალევე გააანალიზა, რასაც აკეთებდა და მოეშვა. ახლა პანიკის დრო არ იყო!
- კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე, მეორედ აღარ გაგიმეორებ! - ხრიწნიანი ხმით ჩაიჩურჩულა პირდაპირ ანიკას ყურთან. გაუპარსავი წვერით ოდნავ ეხებოდა გოგონას სახეს და მასშიც უმალვე იწვევდა გულის რევის შეგრძნებას. სანდრო, სად ხარ?
- ხელები გამიშვი! - დაუფარავი ზიზღით თქვა და თვალებში ჩააშტერდა.
- აქ ბრძანებებს მე ვიძლევი! - გაბრაზდა სტივიც და ახლა მართლა ძლიერად მოუჭირა ხელები. - შემიძლია აქვე და ახლავე, ასე წიწილასავით მოგიგრიხო კისერი, მაგრამ ასე არ მოვიქცევი, იმიტომ, რომ ჯერ მჭირდები. ხელს გაგიშვებ და შენც შეწყვეტ გმირის როლში ყოფნას, გასაგებია?
ანიკა ურეაქციოდ იდგა. გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ეკვრებოდა სუნთქვა და ორგანიზმი ჟანგბადისგან ეცლებოდა, მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა პასუხის გაცემა.
- არასოდეს! - ამოიხრიალა ბოლოს და წინანდელი სილისგან განსხვავებით, ახლა ისეთი მწარე მუშტი მიიღო, რომ იქვე ჩაიკეცა და ტუჩზე სისხლის გემოც იგრძნო. ნაბიჭვარი!
- არც ახლაა გასაგები, რომ უნდა დამემორჩილო? - დაიღრიალა კაცმა. ანიკა ჯერ კიდევ არ იყურებოდა მისკენ. როგორმე რამე უნდა მოიფიქროს, რომ დასახიჩრებასაც გადაურჩეს და არც თავმოყვარეობა დაკარგოს.
- ნაბიჭვარი ხარ! ნაგავი! - ბოლოს მაინც ემოციებმა სძლიეს და ერთიანად აკანკალებული ფეხზე წამოიჭრა. უნდოდა, მუშტებით მივარდნოდა და ის ამაზრზენი სიფათი გაელამაზებინა, მაგრამ მისი ქმედება დასაწყისშივე აღიკვეთა და ამჯერად მეორე ყბა აუხურა მუშტმა. რა ჯანდაბაა, მოკრივეების „მსხლად“ დაიწყო მუშაობა და უმალავენ?! თუ დასაბეგვი ხორცის ნაჭერს ჰგავდა?!
გაბრაზება უკვე ყელში აწვებოდა. იმდენად დიდი იყო, რომ ტკივილი და შიშიც კი გადაფარა. ისე როგორ უნდა მოხდეს, ამ შეშლილს ერთი დარტყმა მაინც რომ არ მიაყენოს?! საბედნიეროდ, ამჯერად ჩანთასთან ახლოს დავარდა, ჩანთაში კი, ღმერთმა უწყის, რატომ, მაგრამ თმის ლაქი ჰქონდა უხსოვარ დროში ჩაგდებული. ჰმ, აი, სად გამოიყენებს! მაგრამ ახლა მთავარია, ჩანთა შეუმჩნევლად გახსნას. ხელი წაიღო თუ არა, მაშინვე საშინელი რეაქცია მიიღო პასუხად.
- რას აკეთებ, შე კახპა? - ისევ იღრიალა კაცმა და ჩანთა ფეხის კვრით გაასრიალა. ეს გზაც მოეჭრა ანიკას... საინტერესოა, როდის უნდა დამთავრდეს ეს საშინელება? ან... ან იქნებ არც დამთავრდეს?
- უბრალოდ წყლის დალევა მინდოდა. დავიჯერო, ესეც არ შეიძლება? - ურცხვად იცრუა ანიკამ და მისმა ტყუილმაც ის შედეგი გამოიღო, რაც არ უნდა გამოეღო - სტივი ჩანთის შესამოწმებლად გაემართა.
- შენ გგონია, ჩემ მოტყუებას შეძლებ? - ბოროტულად ჩაიცინა და ჩანთასთან ჩაიმუხლა. ოღონდ არ გახსნას, ოღონდ არ გახსნას!
- ლაჩარი ხარ! - დაუყვირა ანიკამ და აიძულა, წაღებული ხელი შუა გზაში გაეშეშებინა. -იმასაც კი ვერ ბედავ, რომ მუქარა შეასრულო. უსუსური და მშიშარა ხარ!
- ახლა რაღა ჩაიფიქრე? - გეგმამ არ გაჭრა. ჩანთა ხელში აიღო და ერთიანად გადმოაპირქვავა. წიგნები, რვეულები, წიგნაკი, სავარცხელი, სარკე, თმის ლაქი, ყურსასმენები და უცხო მობილური იატაკზე აღმოჩნდა. ანიკამ თვალები დააჭყიტა. კი მაგრამ, ეს საიდანღა გაჩნდა აქ?
- გეფიცები, ჩემი არ არის! - წამოიყვირა სასწრაფოდ, როდესაც მისკენ მიმავალი გააფთრებული ტერორისტი დაინახა. გასაქცევიც რომ არსად ჰქონდა?! კედელს აეკრო, თითქოს ის დაიცავდა, თითქოს მისი კლანჭებისგან გადაარჩენდა...
- მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, მაგრამ ახლა ცოტა უნდა ვითამაშოთ.
- რა? - ანიკამ სერიოზულად დააღო პირი. უკვე მისი ყბისა და სტივის მუშტის გულთბილ შეხვედრას ელოდა, ის კი ეუბნება, ვითამაშოთო?
- ვინ არის ტელეფონის პატრონი? კარგად მახსოვს, რომ შენი დავფშვენი.
- არ ვიცი...
- ვინ არის-მეთქი? - ისევ ყვირილი. ნეტავ ყელი მაინც არ ეტკინა? მისი არ ვიცი, მაგრამ ანიკას კი ნამდვილად ეტკინა ყურები.
- არ ვიცი, არ ვიცი, დამანებე თავი, შემეშვი! - დაიკივლა და სახეზე ხელები აიფარა. მეტი მართლა აღარ შეეძლო. სად იყო სანდრო ამდენ ხანს?
- როგორც ჩანს, თამაში არ გვინდა... მომიწევს მაშინ ჩემი გეგმის განხორციელებაზე გადასვლა...
- მოიცა! - წამოიყვირა ბოლო წამს ანიკამ. იქნებ გადარჩეს კიდეც?
* * *
- ასე სათითაოდ კაბინეტების შემოწმებით ვერაფერს გავხდებით! უკვე მთელი სკოლა შემოვიარეთ, მაგრამ არსად კვალიც კი არაა! - ამოიბუზღუნა ჯარედმა.
- სახლში წასვლას ხომ არ მირჩევდი? - მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა სანდრო.
- იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა იმ ბიჭის ტელეფონის მიხედვით მოძებნა? - შეაპარა ნინამ, სანდრო კი საბოლოოდ აფეთქდა.
- მერამდენედ? მერამდენედ ვცადოთ ერთი და იგივე? უკვე საათზე მეტი გავიდა, ის კი უკვალოდაა გამქრალი!
- ნიკის ტელეფონიდან მირეკავენ! - წამოიკივლა ჯესიკამ, როდესაც მისი მობილური ამღერდა.
- მომეცი! - ის იყო, სანდროს უნდა გამოერთმია, რომ ახლა შონი ჩაერია.
- შენ დამშვიდდი! ნიკი უპასუხებს! - უთხრა მეგობარს და შემდეგ ნიკს მიუბრუნდა. -მაქსიმალურად დიდხანს ელაპარაკე, რომ ვიპოვოთ, საიდან რეკავს, გასაგებია? - ბიჭმა უბრალოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი ჯესიკას მობილური გამოართვა და უპასუხა.
- სპიკერი ჩართე! - ტუჩების მოძრაობით უბრძანა სანდრომ, რამდენიმე წამში კი სტივის ხმა მთელ ოთახში გაისმა.
- როგორც ჩანს, ჩვენმა ბიჭმა გმირობა გადაწყვიტა! - ამაზრზენად გაიცინა. ანიკას ხმა საერთოდ არ ისმოდა. - ხომ არ შემოგვიერთდებოდი შემთხვევით?
- ჩემგან რაღა გინდა? - ყველაზე სულელური კითხვა დასვა ნიკმა. სანდრომ თვალები აატრიალა და ანიშნა, რომ ანიკაზე ეკითხა.
- შენგან რა უნდა მინდოდეს? - გადაიხარხარა კაცმა. - აი, შენ მეგობართან კი, დარწმუნებული ვარ, კარგად გავერთობი!
- ანიკას არაფერი დაუშავო! - სანდროს ფიქრები გააჟღერა ნიკმა. - ტელეფონი მე ჩავუგდე, მისი ბრალი არაა.
- აი, ეგ ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ძაღლები გახვევია თავს. ასე რომ, რომელიმე დამალაპარაკე.
- რა გინდა? - დაიყვირა სანდრომ. უკვე აღარ შეეძლო თავის კონტროლი. გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა კუნთები.
- მშვიდად, წყნარად! - ჩაიცინა სტივმა. - მე უბრალოდ რამდენიმე მოთხოვნა მაქვს. სულ რამდენიმე საათს გაძლევთ იმისათვის, რომ ამ დროის განმავლობაში გამოვიდეს “The New-York Times”-ის საგანგებო ნომერი, რომლის ყდაზეც მე ვიქნები. ასევე მჭირდება ხელშეუხებლობის გარანტია ციხეში და VIP საკანი. - ბოლო ფრაზაზე ყველამ ერთმანეთს გადახედა. შონმა სანდროს თავი დაუქნია იმის მისანიშნებლად, რომ უკვე იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. - წინააღმდეგ შემთხვევაში, გოგოს ნაკუწებად ვაქცევ! - ბრედმა მობილური გათიშა. მეტის მოსმენა აღარ სჭირდებოდათ, მით უმეტეს კი - სანდროს გაგიჟება.
- ფეხებსაც ვერ მოსჭამ! - დაიღრინა სანდრომ და კოლეგებს გახედა - დრო აღარ ჰქონდათ, სასწრაფოდ მოქმედებაზე უნდა გადასულიყვნენ...
* * *
- როგორც ჩანს, შენი სიცოცხლე საერთოდ არ ანაღვლებთ, სამწუხაროა! - „დანანებით“ ჩაილაპარაკა სტივმა და ანიკას მიუბრუნდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში პირახვეული და ხელებშეკრული, იატაკზე იჯდა. - სხვა რა გზა დამრჩენია, მათ მაიძულეს ასე მოქცევა! - შემდეგ კი ანიკა წამოაყენა, პირზე სახვევი მოხსნა და ველურივით დააცხრა.
- თავი დამანებე! - დაიკივლა ანიკამ და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ტუჩზე უკბინა. გაიგო, როგორ ამოიგმინა კაცმა, შემდეგ კი გაიგო, როგორ გაიფხრიწა მისი მაისური. ცრემლები წასკდა. ხელებიც შეკრული ჰქონდა, საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ციებიანივით იკლაკნებოდა მის მკლავებში, მაგრამ ამაოდ. გრძნობდა, როგორ უკაწრავდა მკერდს მისი უხეში წვერი, ხელს კი პირზე მთელი ძალით აჭერდა. ანიკამ ისევ უკბინა და მისმა საქციელმა ისევ არ გამოიღო არანაირი შედეგი, იმის გარდა, რომ სტივი კიდევ უფრო გამხეცდა.
- ვინ მოგცა ამდენის უფლება! - დაუღრიალა და ცალი ხელით ქამარი შეიხსნა.
- მეზიზღები! - როგორღაც მოახერხა ანიკამ ამის თქმა, სანამ ისევ შესწევდა ძალა.
შემდეგ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ანიკამ იგრძნო ტერორისტის უხეში ხელები მისი შარვლის შესაკრავთან, ტუჩები კი - ყელზე. იგრძნო ისიც, რომ სულ ცოტაც და, ადგილზევე ჩაიკეცებოდა. ბოლოს კი, რაღაც გრანდიოზული ხმაურის შემდეგ, ეს სიმძიმე მოშორდა სხეულიდან და მართლა ჩაიკეცა. თვალების გახელას ვერ ბედავდა, რადგან მხოლოდ ხმის მიხედვითაც კი ხვდებოდა, რომ ოთახში რაღაც საშინელება ტრიალებდა.
- უფლება რომ მქონდეს, გეფიცები, აქვე გამოგჭრიდი ყელს! - ნაცნობი ხმის გაგონებისას კინაღამ გული გაუჩერდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა თვალების გახელა, რადგან არ იცოდა, იქ რა დახვდებოდა. არც იმაში იყო დარწმუნებული, ეს ეჩვენებოდა თუ მართლა ესმოდა.
- სანდრო, თავი ხელში აიყვანე. მას ჩვენ მივხედავთ! - გაიგონა კიდევ ერთი ნაცნობი ხმა, შემდეგ კი... გული აუჩქარდა, როდესაც სახეზე თბილი ხელების შეხება იგრძნო.
- ყველაფერი დამთავრდა, მე შენთან ვარ... - ჩაესმა ყურში და როგორღაც იპოვა საკუთარ თავში იმის ძალა, რომ თვალები გაეხილა. სანდროს სახის დანახვისას ყველა ემოცია ერთიანად მიაწვა და ნიკაპი აუკანკალდა, შემდეგ კი ძლიერმა ხელებმა გულში ჩაიკრეს და სწრაფად გაუხსნეს სახვევი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ყველაფერმაც ვერ მოჰგვარა სიმშვიდე - მომხდარმა დიდი ზეგავლენა იქონია მასზე.
- გთხოვ... აქედან წამიყვანე... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოილუღლუღა ჩამწყდარი ხმით და თავი მის კისერში ჩარგო. აღარ უნდოდა იმ ნაძირალის სახის დანახვა. აქ გაჩერება აღარ შეეძლო, უკვე სული ეხუთებოდა.
სანდრომ ერთი კი გადახედა ბიჭებს და როდესაც ანიშნეს, რომ ყველაფერს თვითონ მიხედავდნენ, მაშინვე აიყვანა ანიკა ხელში და ოთახიდან გავიდა. გზაში დამამშვიდებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა და თმაზე კოცნიდა, მაგრამ ანიკა მაინც ვერ წყვეტდა კანკალს. უკვე გასასვლელთან იყვნენ მისულები, სანდროს რომ ახედა და რატომღაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.
- სან, დამსვი...
- რა?
- დამსვი, არ მინდა გარეთ ასე გასვლა. დარწმუნებული ვარ, ყველა აქაა შეკრებილი.
- და მერე რა?
- არაფერი, უბრალოდ არ მინდა... - სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი დასვა. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა, მის შიგნიდან ჩაცმული პერანგიც მიაყოლა და ანიკას გაუწოდა, შემდეგ კი ჟილეტი უბრალო მაისურზე შემოიცვა და ისევ შეიკრა. გოგონამ უსიტყვოდ ჩაიცვა პერანგი, ხელებზე აიკეცა, წელთან კი გაიკვანძა, ცრემლები მოიწმინდა და სანდროსთან ერთად გარეთ გავიდა.
უცბად დღის შუქმა თვალები მოსჭრა და სახეზე ხელი აიფარა. გარეთ ისეთი ხმაური ატყდა, იფიქრებდით, საფლავიდან წამოყენებული მაიკლ ჯექსონი დაინახესო. ზოგი ტაშს უკრავდა, ზოგი ანიკას გადარჩენას ულოცავდა, მეგიმ კი თავი ვერ შეიკავა, პირდაპირ მათთან მიირბინა და მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.
- მადლობა ღმერთს! ყველანი ძალიან ვნერვიულობდით... - ანიკამ როგორღაც იპოვა ძალა და გაუღიმა.
- ეკონომიკის მასწავლებელი გადარჩა?
- სამწუხაროდ, რომ მოვიდნენ, უკვე მკვდარი იყო. შენ როგორ ხარ?
- ცუდად, მეგი, ცუდად ვარ! ნიკი სად არის?
- აქ ვარ... - მოესმა ბიჭის ხმა და მას გახედა. ყველაფერი სწრაფად უნდა ეთქვა, თორემ გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა. ნორმალურად ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა.
- მინდა მადლობა გადაგიხადო. რომ არა შენი მობილური, არც ვიცი, რა მოხდებოდა.
- არ არის საჭირო. ადამიანები ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ მთავარია, მათი აღიარების არ გვრცხვენოდეს და საკუთარ თავში გამოსწორების ძალა ვიპოვოთ... - ნიკმა უბრალოდ გაუღიმა, ანიკამაც თავი დაუკრა, შემდეგ კი სანდროს ისეთი თვალებით გახედა, აშკარად აქედან წასვლას სთხოვდა. ბიჭსაც აღარ დაუყოვნებია, სწრაფად და უპრობლემოდ გაიყვანა ხალხის მასისგან და უკვე მის ჯიპთან იყვნენ მისულები, გიას ხმა რომ გაიგეს.
- სანდრო! როგორც იქნა! სახლში ვეღარ მოვისვენე. რა მოხდა? ყველაფერი მართლა ისე იყო, როგორც ტელევიზორში თქვეს? ანიკა, შენ როგორ ხარ?
- არ ვიცი, რა თქვეს. ტერაქტის მოწყობა იყო დაგეგმილი, მაგრამ ანიკა მძევლად აიყვანეს. უკვე დავიჭირეთ დამნაშავე, ახლა კი ჩემთან მივდივართ.
- სად? არა! ჯობია ახლა სახლში წავიყვანო!
- მამა, ანიკას ჩემთან წავიყვან. არ მინდა, მისგან შორს ვიყო.
- მე არ მოგცემ უფლებას, რომ ერთ სახლში, სრულიად მარტოებმა იცხოვროთ. შეგიძლია ჩვენთან დაბრუნდე, მაგრ...
- გია, მომისმინე! - ურცხვად შეაწყვეტინა სანდრომ. - ახლა ირაკლიც რომ გაჩნდეს ჩემ წინ, მაინც ვერავინ შემიშლის ხელს ანიკას წაყვანაში. ამიტომ ძალიან გთხოვ, დამშვიდდი. მე უკეთ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. სანამ ამ ყველაფერს არ დავავიწყებ, ჩემთან იქნება, ხვალ კი მისი ტანსაცმელების წასაღებადაც მოვალ! - სანდროს ტონი ისეთი კატეგორიული იყო, გია მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრიც აღარ ჰქონდა. ამიტომ უსიტყვოდ უყურა, როგორ ჩასვა მისმა შვილმა ანიკა მანქანაში, შემდეგ კი თვითონაც მიუჯდა საჭეს და ადგილს მოწყდა.
გია უკვე ხვდებოდა, რომ ეს სიყვარული სანდროს ცხოვრებაში ან ბედნიერად დასრულდებოდა, ან ძალიან დიდ ტკივილს მოუტანდა. ეს ყველაფერი კი, სწორედ რომ თვითონ სანდროზე იყო დამოკიდებული და მის მეტმა არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა დასასრული, რომელიც აშკარად ახლოვდებოდა...
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი