ნოველები

მიწა თავისას იბრუნებს. თავი 18

მიწა თავისას იბრუნებს. თავი 18
გზა უხმო იყო. ჩუმი, მაგრამ არა მშვიდი. ყრუ, როგორც სიკვდილი... ანიკას ფანჯრის მინაზე მიედო თავი და გზას გაჰყურებდა. უყურებდა როგორ ცვლიდნენ გამოსახულებები ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს ხედავდა „მისი“ ღვარძლიანი სახის გარდა. ისიც უკვირდა ახლა ასე რომ იჯდა, მაგრამ რატომღაც ემოციების გამოხატვა არ შეეძლო. თითქოს დაცალეს, გამოფიტეს, გამოშიგნეს და მხოლოდ ფიტული დატოვეს. სანდროსკენაც კი ვერ იხედებოდა. სახელს ვერ არქმევდა იმ გრძნობას, რასაც ახლა განიცდიდა, მაგრამ იცოდა, რომ ცოტა ხნით მაინც, მარტო დარჩენა ყველაფერს ერჩივნა. ან თუნდაც
დაძინება და შემდეგ სახლში გამოღვიძება, თბილისში...
ერთადერთი, რაც მანქანაში გამეფებულ „სიმშვიდეს“ არღვევდა, დროდადრო სანდროს მძიმე ამოსუნთქვა იყო. საჭეს ხელებს ძლიერად უჭერდა და მაქსიმალურად ცდილობდა მობილიზებას, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა. თვალწინ ცოტა ხნის წინ მომხდარი კადრები უტრიალებდა და ტვინში სისხლი ასხამდა. სულ რამდენიმე წამითაც რომ დაეგვიანა, ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. ჰმ, ღრმერთმა კი არა, თვითონაც მშვენივრად იცოდა. უბრალოდ, გაფიქრებისაც კი... ეშინია. დიახ, ეშინია და ეს გრძნობა თითქოს მთელს სულში უფათურებს ხელებს.
წამით ანიკას გახედა და გაბრაზებას კიდევ ერთმა ტალღამ დაუარა. გოგონას ტუჩი შესიებოდა, მის ლოყაზე გაჩენილი სიწითლეები კი ნელ-ნელა ლურჯ ფერში გადადიოდნენ. რა ჯანდაბის გამო ვერ შეძლო მისი დაცვა?! ახლა კი, მათ შორის ისეთი გაუცხოება იგრძნობოდა, რომ ეს ყველაფერი შინაგანად ჭამდა. თავს იმდენად დამნაშავედ გრძნობდა, ისიც კი არ შეეძლო, გოგონას მოხვეოდა, დაემშვიდებინა და ეთქვა, რომ ყველაფერი უკან დარჩა. თითქოს, რაღაც ძალა აკავებდა.
მანქანა ახალი კორპუსის ავტოსადგომზე ისე გააჩერა, ხმა არც ერთს არ ამოუღია. უკვე მტკივნეული ხდებოდა ეს სიჩუმე, მაგრამ სახლის კარიც უხმოდ შეხსნეს.
-შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?-და აი, სახლი ნანატრი ხმით აივსო. მიუხედავად იმისა, რომ ხმა უსიცოცხლო და ჩამქრალი იყო, სანდრო მაინც შეკრთა მისი გაგონებისას.
-რა თქმა უნდა. ხომ იცი პირსახოცი და ხალათი სადაც არის?-ანიკამ უბრალოდ თავი დაუქნია.-მე მაამდე სადილს გავაკეთებ. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ მგონი კარტოფილის შეწვას მაინც მოვახერხებ.-გაუღიმა სანდრომ. ღმერთო, როგორ უნდოდა ანიკას, რომ მასა გაეღიმა. როგორ უნდოდა მისულიყო, მოხვეოდა და ეთქვა, რომ მისი ბრალი არაფერი იყო. მაგრამ, არ შეეძლო... არ შეეძლო ამის გაკეთება, ამიტომ პასუხის გარეშე დატოვა და საძინებლისკენ გაემართა საჭირო ნივთების ასაღებად...



* * *
-რამე ხომ არ გართულდა ან საჭირო ხომ არაა ჩემი მოსვლა?-სანდრო თან ჯარედს ესაუბრებოდა და თან კარტოფილს ურევდა. ყველაფრის მიუხედავად, არ შეეძლო მშვიდად მჯდარიყო სახლში მაშინ, როდესაც წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო და დამნაშავე დაეკითხა.-ძალიან კარგი. ყურადღება არ მოადუნოთ, ეგ არანორმალური ყველაფრის გამკეთებელია...-ტაფას თავზე დაახურა და შემდეგი კითხვის გაგონებისას, სახე მოექუფრა.-როგორ იქნება?! საშინლად. ხმას საერთოდ არ იღებს, ძალიან მეშინია... არ მინდა ფსიქოლოგის ჩარევა დასჭირდეს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვერ ასცდება. ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრისთვის... ახლა წავედი. თუ რამე, ნებისმიერ დროს დამირეკეთ.-სანდრომ საუბარი დაასრულა და ანიკაც გამოვიდა აბაზანიდან. სველი თმა გაეშალა, ტანზე კი სანდროს პირსახოცის ხალათი ჰქონდა შემოხვეული.
-გემრილი სუნია...-გაეღიმა გოგონას და გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. საყვარელი ადამიანი მისთვის სადილს ამზადებდა, თვითონ კი უსაქმურად იყო. როგორ უნდოდა ეს სხვა სიტუაციაში მომხდარიყო.
-იმედია თვითონაც გემრიელი იქნება.-გაუღიმა სანდრომაც და მიუახლოვდა, რომ ჩახუტებოდა, მაგრამ ანიკამ თვითონაც ვერ გაიაზრა ისე სწრაფად დაიხია უკან. ნუთუ შეეშინდა?
-მაპატიე...-ამოილუღლუღა და აწითლებული სახე მაცივარში შეყო_“წვენს ეძებდა“.
-მხოლოდ ლუდი მაქვს, მაგრამ ახლავე ჩავალ და ამოვიტან.
-არა, არა!-ხელები გაასავსავა.-არ მინდა, წყალს დავლევ. უბრალოდ, რამე ცივი მინდოდა.
-კარგი. მაგიდის გაშლაში დამეხმარები?
-კი. მაგრამ მგონი აჯობებს შენ კარტოფილს მიხედო, თორემ გემრიელ სუნს ნელ-ნელა დამწვრის შეცვლის. მაგიდას მარტოც გავშლი...
სანდროს საოცარ გრძნობას უჩენდა მის სამზარეულოში, მისივე ხალათით მოფუსფუსე გოგონას დანახვა, მაგამ ანიკას სახეზე მაინც ვერ ამჩნევდა სიმშვიდეს. თითქოს ამ ყველაფერს ავტომატურად აკეთებდა, გაუაზრებლად. ერჩივნა ეყვირა, ეტირა, გული დაეცალა, ვიდრე ასე გამოფიტულს ევლო.
სადილმაც ჩუმად ჩაიარა და მთელმა საღამომაც. იმ პატარა დიალოგის შემდეგ ერთმანეთს არც კი გამოლაპარაკებიან. სანდროს უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა. არ შეეძლო ასეთი ანიკას ყურება. ყოველთვის მხიარული გოგონა ახლა უსიცოცხლოდ იჯდა სავარძელში და ტელევიზორს ისეთი სახით მიშტერებოდა, აშკარა იყო რომ სინამდვილეში მას სულაც არ უყურებდა. თვალსაც კი არ ახამხამებდა, უბრალოდ იჯდა და ხალათის კალთას ხელით აწვალებდა. სანდროს რამე უნდა ეღონა, თორემ ეს ყველაფერი გაუსაძლისი ხდებოდა.
მშვიდად მიუახლოვდა ანიკას და მის წინ ჩაიმუხლა. გოგონა ისევ ტელევიზორს მიშტერებოდა.
-ანიკა...-ხელი მუხლზე შეახო და პასუხად სრულიად მოულოდნელი რეაქცია მიიღო_გოგონა დაიძაბა და სავარძლის საზურგეს აეკრო.
-სანდრო, მეფარები...-აი ეს უკვე ვეღარ აიტანა, ტელევიზორი გამორთო და ფეხზე წამოდგა.
-ასე არ შეიძლება!-მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.-ნუ მიყურებ მასე, ძალიან გთხოვ!
-რა გინდა?-ისევ ეს ჩამქრალი ხმა...
-მე? მე არაფერი მინდა იმის გარდა, რომ გამოცოცხლდე. ძველი ანიკა მინდა, ჩემი ანიკა!
-სანდრო, არ შემიძლია...
-რა არ შეგიძლია? ნუ ხარ ასე, გთხოვ. რამე გააკეთე, იყვირე, იტირე, თუ გინდა ყველაფერი დალეწე, მაგრამ ასე ნუ ხარ!-ბიჭი გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ხმას უწევდა, მაგრამ გაჩერება აღარ შეეძლო. სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა, მეტს ვეღარ დაიტევდა.-ვიცი რომ საშინელებაა რაც მოხდა, ისიც ვიცი რომ ძნელია ამ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო. გაცილებით უარესებიც ხდება, შენ კი გაგიმართლა, მაგრამ...
-მე დასაძინებლად მივდივარ!-მშვიდი ხმით გააწყვეტინა ანიკამ და ბიჭს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მდუღარე გადაასხეს. ამდენი ტყუილად ილაპარაკა? იქნებ საერთოდაც არ უსმენდა ანიკა?
-ანიკა!
-სანდრო, მეძინება...--უპასუხა ისე, რომ არც კი შეტრიალებულა მისკენ და სტუმრების საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო.



* * *
ანიკას გული ეტკინა ბიჭის სიტყვებზე. არა, არ სწყენია, უბრალოდ გული ეტკინა იმიტომ, რომ სიმართლე იყო. განა თვითონ არ იცოდა, რომ ცუდად იქცეოდა?! უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. ყოველ წამს „მისი“ ბინძური შეხება ახსენდებოდა და გულის რევის შეგრძნებაას გაჭირვებით იკავებდა. იცოდა რომ სანდრო თავს დამნაშავედ თვლიდა, მაგრამ არც ის შეეძლო, რომ მოხვეოდა და დაემშვიდებინა. მისი ორგანიზმი თითოელ შეხებაზე საშინლად რეაგირებდა და გონებაც თავდაცვით სისტემას ააქტიურებდა. ეტირა მაინც! როგორმე მოიშორებდა ამ საშინელ სიმძიმეს გულიდან, მაგრამ ცრემლებმაც დააღალატეს.
კარზე კაკუნი რომ გაიგო, შეშინებული შეხტა, მაგრამ სანდროს სახის დანახვისას დამშვიდდა.
-შენი ტანსაცმელი აქ არ არის და ვიფიქრე, რომ ხალათით დაძინება არ იქნებოდა კომფორტული...-მშვიდად უთხრა სანდრომ, თავისი მაისური მიაწოდა და კარი გაიხურა. ჩვეულებრივი მაისური იყო, შავი, მოკლემკლავიანი, გულზე “Radiohead”-ის გამოსახულებით. ანიკას ჩაეღიმა მისი საყვარელი ბენდის სიმბოლოს დანახვაზე. გაული გაუთბა... სასწრაფოდ გაიძრო ხალათი და მაისური გადაიცვა. ისე მოეწონა, უკვე იცოდა, რომ სანდროს აღარ დაუბრუნებდა. ღმერთო, რამდენს ნიშნავს სულ მცირედი ყურადღებაც კი... ახლა ისე მოუნდა ოთახიდან გავარდნილიყო და სანდროს მთელი ძალით ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. შერცხვა თავისი წეღანდელი საქციელის. საყვარელ ადამიანს აწყენინა, საშინლად მოექცა, ის კი მაინც აგრძელებდა ზრუნვას. საძაგელი ბავშვი ხარ, ანიკა!
რა ეშველებოდა სანდროს გარეშე? ნამდვილად მოკვდება ის რომ დაკარგოს თავისი სიულელის გამო. აი, ახლა კი ჩამოუგორდა პირველი ცრემლი. რას ელოდებოდა ამდენ ხანს? არა, მაინც რატომ აწყენინა სანდროს? ის ხომ ყველაფერს მისთვის აკეთებს... უკვე ბალიშს ჩაეხუტა და ისე ატირდა. გრძნობა, რომ ვეღარ ჩერდებოდა და იმასაც გრძნობდა, რომ ეს პროცესი სიამოვნებდა. გულიდან სიმძიმე ეხსნებოდა, რაც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევდა. ღმერთო, სად იყო აქამდე? ტირილს უმატა და ბალიშს უკბინა ხმის ჩასახშობად. ისედაც ზედმეტი მოუვიდა, არ ღირდა სანდროს კიდევ ერთხელ განერვიულება. აუცილებლად უნდა მოუხადოს ბოდიში, ვერ დაუშვებს რომ მის გამო თავი ცუდად იგრძნოს, მაგრამ, ჯერ უნდა დაწყნარდეს. ბიჭი იფიქრებს, რომ მომხდარის გამო ტირის და უფრო ეტკინება გული. როგორი სულელი ხარ, ანიკა!
-ახლავე დაწყნარდი!-უბრძანა საკუთარ თავს და ჩუმად ჩაეცინა. თან ცრემლები სდიოდა, თან ეცინებოდა.-იმედია საგიჟეთში არ გაგვამწესებენ!-კიდევ ერთხელ გაიცინა და საწოლიდან წამოდგა. ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა სანდროსთან გასვლა და ცრემლები ამაში ხელს ვერ შეუშლიდნენ.




* * *
სანდრომ ლუდის მეორე ბოთლიც ჩაცალა, სიგარეტი საფერფლეში ჩაკუჭა და გაბრუებული გაემართა საძინებლისკენ. რა იდიოტია, როგორ ეგონა რომ ანიკას მასთან ყოფნა დაამშვიდებდა?! არადა, მგონი უკურეაქციაც კი გამოიწვია...
-ნამდვილი სი*ი ხარ, სანდრო!-საკუთარი ანარეკლი შეამკო და შარვალიც პერანგთან ერთად გაისტუმრა სკამზე. ოქნებ ძილს მაინც ეშველა. დროებით ხომ მაინც გაითიშებოდა ყველაფრისგან.
საწოლში რომ მოკალათდა, მოეჩვენა თითქოს ანიკას ოთახის კარის ხმა გაიგო, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია და თავი ბალიშზე დადო თუ არა, მაშინვე გაითიშა.
ფიზიკურად და ემოციურად ბოლოს ასე ძალიან როდის დაიღალა, უკვე აღარც ახსოვდა. არ ეძინა, მაგრამ გონება გათიშული ჰქონდა. უბრალოდ გულაღმა იწვა და მძიმედ სუნთქვდა. როგორ მოახერხებდა დაძინებას, როდესაც იცოდა, რომ გვერდით ოთახში ანიკა ასე ცუდად იყო? ჰმ... კარის სახელურის ფრთხილად დაწევის ხმა რომ გაიგო, თვალები დააჭყიტა. ერთიანად დაიძაბა.სახლში ვიღაც იყო? ჯანდაბა! კარი რომ გაიღო, ხელი მაშინვე ტუმბოზე დადებული იარაღისკენ წაიღო და ოთახში ადამიანის ფიგურის გამოჩენისას, უკვე მიზანში ჰყავდა ამოღებული.
ღამეული სტუმარი წამიერად გაშეშდა, შემდეგ კი სიცილით აწია ხელები.
-უიარაღოდ ვარ!-სანდრო მაინც არ ინძრეოდა. შეიძლება ითქვას, საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა.
-მესიზმრები?-ბოლოს გაბედა და იკითხა, მაგრამ პასუხად ისეთივე საყვარელი სიცილი მიიღო, როგორც წეღან. არა, აშკარად ეჩვენებოდა!
-ანუ ხშირად გესიზმრები ხოლმე?-გოგონამ წარბები აწკიპა და ნელა მიუახლოვდა. სანდრო ისევ საწოლზე იჯდა, იარაღმომარჯვებული.
-წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მინდა რომ ეს სიზმარი არ იყოს...-ამოილუღლუღა დაბნეულმა, იარაღი ტუმბოზე გადადო და თავი ხელებში ჩარგო.
ანიკა გაღიმებული ჩამოუჯდა საწოლზე და ხელით ნაზად შეეხო მხარზე. თითები რბილად აუსრიალა ჯერ კისერზე, შემდეგ ლოყაზე. მშვიდად დაცურავდა მის სახეზე და კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდა ბიჭის რეაქციებს.
-სიზმრებს შეხება არ შეუძლიათ...-სანდროს ხმაშიც ნელ-ნელა გაჩნდნენ კმაყოფილი ნოტები. თავი ასწია და პირდაპირ ზღვისფერ თვალებს წააწყდა. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე გაუნათა სახე ღიმილმა.-და ისიც ვიცი, როგორ უნდა შევამოწმო სიზმარი ხარ თუ არა...-შემდეგ კი მაცდური მზერით მიუახლოვდა მოწყურებულ ტუჩებს. ანიკას გული ისე აუჩქარდა, თითქოს ეს მისი პირველი კოცნა უნდა ყოფილიყო. სანდრო კი რატომღაც დროს წელავდა. ბოლოს, როდესაც გოგონამ გაუაზრებლად ქვედა ტუჩზე იკბინა, მეტი ვეღარ მოითმინა და სწრაფად აკოცა. წამსვე დაურბინეს მთელს სხეულში პაწაწინა ჭიანჭველებმა. ანიკას თითები მის თმაში აიბლანდნენ თუარა, მაშინვე გააღრმავა კოცნა და ხელები მისი ფეხებიდან თეძოებისკენ აასრიალა. გოგონა წამიერად დაიბნა, მაგრამ ყველაფერი უკუაგდო და მარტივი მოძრაობით აღმოჩნდა სანდროს კალთაში.
-როგორ მომენატრე...-ამოიჩურჩულა ბიჭმა ვნებამორეული ხმით, ისე, რომ მის ტუჩებს არ მოშორებია. ანიკას გული უკვე ამოვარდნას ჰქონდა.
-Fuck butterflies, I feel a whola zoo in my stomach!-თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თვალები მიეხუჭა, როდესაც სანდროს ტუჩებმა მისი ყელისკენ გადაინაცვლეს.
-მიყვარხარ...-სწრაფად მოსწყდა ბიჭის ბაგეებს და ანიკამ იგრძნო როგორ აღმოჩნდა საწოლზე გაწოლილი, სანდროს ქვეშ.
-მოიცა!-მოასწრო თქმა, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა აზროვების უნარი.-არ მინდა პირველ ღამეს ტუჩგახეთქილი და დალურჯებული ვიყო...-ოთხრა და ოდნავ ჩაეცინა, სანდრო კი გაიყინა მისი სიტყვების მოსმენისას. გვერდით გადაწვა, სახეზე ხელები აიფარა და ღრმად ამოიოხრა.
-მაპატიე...-ანიკა გააქვავა ამ ხმამ. მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა. ატკინა იმ სიტყვებით...
-არა, სან, შენ მაპატიე. ეს არ უნდა მეთქვა,-თბილად უთხრა და კისერში აკოცა, მაგრამ სახიდან დაძაბულობა მაინც ვერ გაუქრო.-სულელურად გამომივიდა. შენ არაფერ შუაში ხარ, მართლა.
-როგორ არ ვარ! ვერ შევძელი რომ დამეცავი. ვერ შევძელი, რომ ეს ყველაფერი ამერიდებინა შენთვის. შეხედე შენს თავს და მერე მითხარი რომ დამნაშავე არ ვარ...
-ჰმ, მეგონა ასეთიც მოგწონდი!-„გაიბუტა“ ანიკა, სანდროს კი სულ ოდნავ ჩაეღიმა მის სიტყვებზე.
-არ მომწონხარ!-უთხრა გამომწვევად, ანიკამ კი თვალები დააჭყიტა, იდაყვზე დაყრდნობილი წამოიწია და ტუჩებთან ყური მიუტანა.
-აბა გაიმეორე, რა თქვი?
-არ მომწონხარ-მეთქი, მიყვარხარ!-ამაყად უპასუხა სანდრომ, ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკბინა, შემდეგ კი ხელები მოხვია და გულზე დაიწვინა.-სხვათაშორის, გიხდება ჩემი მაისური...
-აბა შენი მაისური? ალბათ, ჩემს ახალ მაისურს გულისხმობ, ხომ ასეა?-ენა გამოუყო და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-არა, ზუსტად ის ვთქვი რაც მინდოდა!-არ ნებდებოდა სანდროც.-და გაფრთხილებ, ნუ მიწვევ...
-თორემ?-წარბები აათამაშა ანიკამ. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.
-თორემ სასტუმრო საძინებელში გაგამწესებ!-ცივი წყალი გადაავლო სანდრომ და გოგონას სახის დანახვისას, სიცილი აუტყდა.
-დამპალო!-ფერდში უთავაზა ანიკამ, შემდეგ კი მისგან გადაძვრა და ზურგშექცევით დაწვა.
-ასე უფრო კომფორტულად დავიძინებთ!-მუცელზე ხელები მოხვია სანდრომ, ცხვირი კი კისერში ჩაუყო. სიამოვნებდა მისი სურნელის შეგრძნება და თითით მის მუცელზე წრეებს ხაზავდა. როცა გოგონამ ხელი მის ხელს დაადო და მსუბუქად მოუჭირა, მიხვდა რომ ყველა წყენა გაუქრო და კმაყოფილს ჩაეძინა, საყვარელი ქალის სურნელით გაბრუებულს...





* * *
ისეთი თბილი და მზიანი დილა გათენდა, ვერც იფიქრებდით, რომ ჯერ იანვარიც არ იყო მიწურული. მზის სხივებმა პირდაპირ ანიკას ცხვირზე მოიკალათეს და გაბრაზებულმა გადაბრუნება რომ დააპირა, რაღაცამ გააკავა. ჰმ, უფრო სწორად, ვიღაცამ! სანდროს მკლავები მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული მის მუცელზე, თვითონ კი გაგუდულს ეძინა. ანიკამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და როგორღაც გადაბრუნება მოახერხა, მაგრამ მისი მკლავებისგან თავის დაღწევა არაფრით გამოუვიდა.
-სან...-ჩურჩულით დაიწყო შეღვიძება, როცა მიხვდა რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა.-სანდრო!-ამჯერად შედარებით ხმამაღლა სცადა. სამწუხაროდ, ისევ უშედეგოდ...
არადა სანდრო სულაც არ მაიმუნობდა. მართლა ისე გაგუდულს ეძინა, არაფერი გაუგია. სამაგიეროდ, იგრძნო... იგრძნო როგორ შეეხნენ ტკბილი ტუჩები ჯერ მის თვალებს, შემდეგ შუბლს, ლოყებს, ცხვირს და სანამ ანიკა კოცნით დააგვირგვინებდა, ბიჭმა თავად მოიმწყვდია მკლავებში და ზემოდან მოექცა.
-დანაშაულს აქვს ადგილი, ქალბატონო!-შემდეგ კი ცხვირზე მოწყვეტით აკოცა.
-აბა მე რომ ადგომა მინდოდა და შენ ისე გყავდი შებოჭილი, ძლივს ვსუნთქავდი, კარგი იყო?-ტუჩები გაბზიკა ანიკამ და მოულოდნელი კოცნაც მიიღო საჩუქრად.
-აი ეს არის კარგი!-თვალი ჩაუკრა ბიჭმა და შემდეგ ისევ გვერდით გადაწვა.-სიმართლე გითხრა, მე საერთოდ არ მინდა ადგომა.
-მაგრამ სამსახურში დაგაგვიანდება.
-უკვე დამაგვიანდა,-გაეცინა სანდროს როცა საათს დახედა.-მაგრამ ჯგუფის უფროსი მე ვარ, საკუთარ თავს კი არ დავსჯი.
-რა საზიზღარი ხარ!-თავი გადააქნია ანიკამ.
-მე? საზიზღარი?-შეიცხადა ბიჭმა.-საზიზღარი რომ ვყოფილიყავი, მთელი ღამე მშვიდად არ გეძინებოდა, დამიჯერე!-ისევ თვალი ჩაუკრა და საპასუხო მუშტიც დაიმსახურა.-მაგრამ სამსახურში მართლა უნდა წავიდე...-დაამატა არც ისეთი აღფრთოვანებული ხმით.
-მართალია, უნდა წახვიდე. მაგრამ ერთი პაწაწუნა პრობლემა გვაქვს...-თვალები მოჭურა ანიკამ და როდესაც ბიჭის დაინტრიგებული სახე დაინახა, სწრაფადვე დაამატა:-ტანსაცმელი არ მაქვს. მართალია შენი მაისურები ძალიან კომფორტულია, მაგრამ ჩემები გამინაწყენდებიან.
-თუ ცოტა ხანი გაძლებ, ლანჩზე მოგიტან ტანსაცმელს. თუ არა და არაფერი დაშავდება, კიდევ ცოტა რომ დავაგვიანო.-გაეცინა სანდროს და ნელ-ნელა ჩაცმას შეუდგა. გოგონა ნერწყვებს ყლაპავდა, როდესაც უყურებდა როგორ იკრავდა სანდრო პერანგის ღილებს.
-თავს ძლივს ვიკავებ, რომ სახლში არ დაგტოვო...-ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ბიჭის გაკვირვებულ-აღტაცებული მზერა მაინც დაიმსახურა, შემდეგ კი სწრაფად შეცვალა თემა.-არ გინდა დაგვიანება, ლანჩზე მომიტანე. ან თუ გინდა, გუშინდელ ტანსაცმელს ჩავიცვამ და ტაქსით წავალ წამოსაღებად.
-არა!-სასწრაფოდ შეეწინააღმდეგა სანდრო, ბოლოს კი მოგუდული ხმით დაამატა.-არ მინდა მასე სადმე გახვიდე...
-უი, ჰო! არც გამხსენებია. მაშინ ჩემი მაკიაჟიც წამომიყოლე, თორემ გული მისკდება სარკეში ჩახედვისას.
-არ გჭირდება შენ მაკიაჟი.-მშვიდი ხმით წარმოთქვა სანდრომ და ჰალსტუხიც შეიკრა.
-ოჰო, საინტერესოა...-გაეცინა ანიკას.-მეჩვენება, თუ მკაცრი მამიკოსავით ავლაპარაკდით?
-რა მამიკო?!-აჰყვა სანდროც.-შეგეშალა, პატარავ. მკაცრი მამიკო კი არა, ქმარი!-სანდროს მიერ წარმოთქმული ეს ერთი სიტყვაც კი ისეთი ემოციური გამოდგა გოგონასათვის, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
-რომელი მეუღლე შენ მყავხარ მერე!-მის გასაბრაზებლად ჩაიალაპარაკა და გარდერობში შეძვრა ტანსაცმლის მოსაძებნად.
-ჰმ!-თავი გადააქნია ბიჭმა.-ერთი ამას უყურეთ, როგორ გამიდიდგულდა. ფაქტიურად, მოტაცებული მყავხარ და შენ მეუბნები, რომ...
-მე აღარ მეკითხები?-თამაშში აყვა ანიკა და თან წამის წინ გადაცმული კუბოკრული, წითელი პერანგის ღილები შეიკრა. მშვენიერი ზომის იყო, სუპერ მინი კაბასავით ერგებოდა.-იქნებ არ ვარ თანახმა?-აი აქ კი სწრაფად შემობრუნდა სანდრო და წინ აესვეტა.
-რაო? მომესმა?
-არაფერიც არ მოგესმა. იქნებ არ მოგყვები ცოლად?-ამოილუღლუღა ანიკამ, რადგან ბიჭი უკვე მის ყელში დასეირნობდა და აზროვნების უნარს უკარგავდა. ნაზად შეეხო ტუჩებით, შემდეგ კი ყბისკენ გადაინაცვლა. გრძნობდა როგორ მოქმედებდა მისი ქმედებები გოგონას პულსზე და კმაყოფილი სახით ეღიმებოდა.
-დარწმუნებული ხარ?-ვნებიანად უჩურჩულა ყურის უკან და იქვე აკოცა, თითებით კი პერანგის რამდენიმე ღილი შეუხსნა.
ანიკა გათიშული იდგა, თვალები მიხუჭვოდა და მუხლები უკანკალებდა. ჯანდაბა, ხვდება სანდრო როგორც მოქმედებს მასზე და იმიტომაც იქცევა ასე თავდაჯერებულად. არადა, როგორ გინდა წინააღმდეგობა გაუწიო, როცა ასეთი... მმ, ანიკამ შესაფერისი სიტყვას კი ვერ მოუძებნა სანდროს, იმდენად იყო მისით შეპყრობილი.
-სამსახურში დაგაგვიანდება!-ამოიკნავლა ბოლოს, როდესაც ბიჭის ხელი პერაგის შიგნით, წელზე იგრძნო.
-პასუხი რომ ჯერ არ მიმიღია?-არ ეშვებოდა სანდრო, გოგონას კი სადაცაა გული წაუვიდოდა ნეტარებისგან.
-შენ ჩემი პასუხი ძალიან დიდი ხანია იცი. ჰელოუინის ღამიდან მოყოლებული...-ამოიჩურჩულა ანიკამ და შვებით ამოისუნთქა, როდესაც ბიჭის ხელმა მისი წელი დატოვა. კიდევ ცოტაც და ცდუნებას ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა.
-აი ეს უკვე მომწონს!-კმაყოფილი სახით გაუღიმა სანდრომ და ხელი მისი ღილების შესაკრავად წაიღო, მაგრამ შუა გზაშივე გააჩერა.-იყოს, ასე უფრო გიხდება!-შემდეგ კი მსუბუქად აკოცა, საჭირო ნივთები აიღო და სახლიდან გავიდა.
ანიკა მოწყვეტით დავარდა საწოლზე. ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო...




* * *
თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. ანიკამ მართლა მოირგო დიასახლისის როლი და სანდროს წასვლისთანავე საქმეს შეუდგა. პირველ რიგში გამათბობელს ბოლომდე აუწია, რადგან იანვრის ბოლოს მხოლოდ თხელ პერაგში ნამდვილად გაიყინებოდა. შემდეგ კი თმა ფანქრის დახმარებით კეფაზე დაიმაგრა და სახლის დალაგება გადაწყვიტა. აშკარად აკლდა აქაურობას ქალის ხელი... ჰმ, კიდევ კარგი რომ აკლდა, თორემ სანდრო სერიოზულ უსიამოვნებებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა. პრინციპში, ვერც გადაურჩა, მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით...
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე იყო გასული სანდროს აქ გადმოცხოვრებიდან, სახლი მაინც დაბომბილს დამსგავსებოდა. მხოლოდ ლუდის ბოთლებით გამოტენილი მაცივარი და ჩიპსებით სავსე კარადა. ჰმმ, საინტერესოა, ასეთი არაჯანსაღი საკვების გადამკიდე, როგორ ინარჩუნებს ეს ბიჭი საუკეთესო ფორმას? ანიკას ცოტა არ იყოს, შეშურდა კიდეც, მაგრამ მაინც გახსნა ერთი ჩიპსი, პაეტის შიგთავსი თეფშზე დაყარა და დალაგებასთან ერთად, სუსნაობდა კიდეც.
პირველ რგიში სამზარეულოს „ასწავლა ჭკუა“. როგორც ჩანს, სანდროს ჭურჭლის დარეცხვა ეზარებოდა, პრობლემის გადაჭრა კი ერთჯერადი თეფშებით სცადა, მაგრამ არც მათი გადაყრით შეუწუხებია თავი. ანიკამ ყველაფერი ზედმეტი გრანდიოზულ ცელოფანში ჩაუძახა და შემდეგ თავმოკრული შემოსასვლელში გაათრია. საღამოს ნაგავს მაინც გადააყრევინებს სანდროს, თორემ ძალიანაა გაზარმაცებული.
ანიკას გულმა აღფრთოვანებისგან შეიკუნტრუშა, როდესაც წარმოიდგინა, რომ სანდროს და შემდეგში უკვე „მათ“ სამზარეულოში ფუსფუსი ყოველდღიურობად ექცეოდა. არა, მისი ოცნება სწრაფად გათხოვება და უამრავი შვილის მიყოლებით გაჩენა ნამდვილად არ იყო, არც დიასახლისობა და მთელი ცხოვრება ყაურმისა და ჩაქაფულის კეთება წარმოადგენდა მის მთავარ მიზანს, მაგრამ მაინც სასიამოვნო პერსპექტივად ესახებოდა სანდროსთან თანაცხოვრება...
მთელი სახლი გულმოდგინედ დაალაგა და დააკრიალა. მგონი, თავიდანაც არ ყოფილა აქაურობა ასეთი. ლანჩის დროს სანდრომ ტანსაცმელი და პროდუქტებიც მოუტანა, მაგრამ ცოცხალი თავით არ შეუშვა სახლში, საქმე მაქვსო უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა. უნდოდა სიურპრიზი მოეწყო. ჰმ, რა იცოდა რომ მხოლოდ თვითონ არ იყო ამ იდეით შეპყრობილი...
სანდრო რომ გაისტუმრა, ჯინსი ამოიცვა, პერანგი იგივე დაიტოვა, უბრალოდ წელთან გაიკვანძა, თმა რეზინით შეიკრა და ისევ სამზარეულოში გაბრძანდა_ამჯერად უკვე რომანტიული ვახშმის მოსამზადებლად. პირველ რიგში პროდუქტებს მიუჩინა თავ-თავიანთი ადგილი, შემდეგ კი მობილურ ტელეფონში უხსოვარ დროში ჩაწერილი რეცეპტების წიგნი გახსნა და კერძის შერჩევას შეუდგა. უნდა ვაღიაროთ, დიდხანს იწვალა, რადგან კულინარობა ნამდვილად არ იყო მისი ჰობი. მხოლოდ იმის გაკეთება იცოდა, რაც თვითნვე უყვარდა, მაგრამ დღესაც პიცა, ისევე როგორც სხვა, ჩვეულებრივ დღეებში, ნამდვილად არ იქნებოდა ორიგინალური. საბოლოოდ, ისევ შედარებით ყველაზე „ნაცნობი“ ლაზანია შეარჩია და გაკეთებასაც შეუდგა. დესერტად კი უკვე მრავალჯერ ნაცად ბრაუნს მოამზადებდა. იმედია სანდროს სახლში ლუდის გარდა ღვინოც მოეპოვებოდა, სანთლებს კი როგორმე თვითონაც იყიდდა და რომანტიული ვახშამიც შედგებოდა. ერთადერთი, ჩასაცმელი არ ჰქონდა შესაფერისი, რადგან სანდროს მოტანილ ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე ჯინსის შარვალი და სვიტერი იყო. მაგრამ რამეს, აუცილებლად მოიფიქრებდა. ბოლოსდაბოლოს, ადრე ხელნაკეთი ტანსაცმლისა და აქსესუარების შესწავლით იყო გატაცებული და ისიც მშვენივრად იცოდა, როგორ ექცია კაცის გრძელმკლავიანი მაისური არაჩვეულებრივ კაბად.
-გენიოსი ხარ, ძვირფასო!-შემოუძახა საკუთარ თავს, როდესაც ყველაფერი მოიფიქრა და შემდეგ ბრაუნის ცომი ჩაასხა ფორმაში, რომელიც თვითონაც არ იცოდა როგორ იპოვა მარტოხელა(ჯერ-ჯერობით) მამაკაცის სახლში.
ალბათ ხშირად მოგისმენიათ, ან წაგიკითხავთ მაინც, რომ როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, სინამდვილეში დიდი გადატრიალება მზადდება. ზედმეტად გაბუქებული ნათქვამი იქნება ეს ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ გადატრიალება თუ არა, პატარა აფეთქება ნამდვილად გველის წინ. დაახლოებით იმ ზომის, როგორიცაა საახალწლო მაშხალები, რომლებსაც ახალი წლის დადგომამდე აფეთქებენ ბავშვები. არა, შვებით ამოსუნთქვა ჯერ ძალიან ადრეა. თქვენც და განსაკუთრებით მე, შესანიშნავად ვიცით, რომ ერთი ბომბი კიდევ ასაფეთქებელია, რომელსაც სახელად „სანდროს საქართველოსადმი სიძულვილის მიზეზი“ ჰქვია. სანამ მთავარზე გადავიდოდეთ, მცირედით უნდა დავიწყოთ და სამზარეულოში გადავინაცვლოთ, სადაც ანიკა გაფქვილული ხელებით და წინსაფრით დაიარება.
ანიკამ თითქმის ყველაფერი მოამზადა საღამომდე. მხოლოდ ბრაუნიღა დარჩა გამოსაღები ღუმელიდან და მანამდე თავისივე არეულს ალაგებს. უნდა სანდროს მოსვლამდე ყველაფერი მოასწროს და უკვე გაწყობილი მაგიდა დაახვედროს. ლაზანია დაჭრა კიდეც და თეფშებზე ლამაზად გადაანაწილა. მაგიდასაც გადააფარა სუფრა და რაც მოამზადა, ყველაფერი დაალაგა. აი სანთლებს ვერაფერი მოუხერხა. მთელი სახლი გადაატრიალა და ვერსად იპოვა. არაუშავს, ბრაუნს რომ გამოიღებს, ჩაირბენს მარკეტში და იყიდის. კიდევ კარგი არასდროს იშორებს საფულეს და ახლაც სკოლის ზურგჩანთაში უგდია.
ფიქრები მობილურის ხმამ გააწყვეტინა. ელენე სწერდა, „სკაიპში“ შემოდიო. რა უთხრას? არ უნდა ასეთი სახით დაენახოს, საშინლად ემოციურია და ინერვიულებს. არადა გუშინაც არ დალაპარაკებია და აუცილებლად რამეს იეჭვებს. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება! ტელეფონითვე გახსნა „სკაიპის“ აპლიკაცია და ჯერ წესიერად ჩატვირთულიც არ იყო, ელენემ რომ დაურეკა.
-თვალი ჩართე!-მიახალა ყოველგვარი მისალმების გარეშე.
-ჰეი, მე კარგად, შენ როგორ ხარ?-„გაეხუმრა“ ანიკა, მაგრამ გოგონა თავისას არ იშლიდა.
-ახლავე ჩართე თვალი!
-ელე, მობილურით ვარ შემოსული.
-ვიცი და ისიც ვიცი რა მობილური გაქვს, ამიტომ ჩართე თვალი!-საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა და ანიკამ თვალი ჩართო. ელენე მეგობრის დანახვისას წამიერად გაშეშდა, შემდეგ შეჰყვირა, პირზე ხელი აიფარა და ცრემლები წასკდა.
-ჰეი, რა გჭირს? დამშვიდდი!-თბილად უთხრა ანიკამ და გაუღიმა. საშინლად მოქმედებდა მასზე ცრემლების დანახვა.
-ასეც ვიცოდი რა, ასეც ვიცოდი! შენ ხომ ყველგან შარი უნდა იპოვო! გუშინ უცხოურ საიტებზე დავძვრებოდი და რაღაც სტატიას წავაწყდი, სასტიკი ტერორისტი დაკავებულიაო. გვერდით შენი სკოლის სურათი იყო. თავიდან კი გამიკვირდა, საიდან მეცნობა-მეთქი, მაგრამ რომ მოვტვინე, გულმა ცუდად გამკრა. მაშინვე შევქანდი და მთელი სტატია წავიკითხე. რომ გავიგე მძევალი აიყვანაო, კინაღამ გადავირიე. ცალკე ნინის დავურეკე, შენ ხომ არ იცი რამე-მეთქი. ისიც ნერვიულობდა, მთელი დღეა არ შემხმიანებია სანდრო და თან ვიცი რომ ჩემ წამოსვლამდე რაღაც ტერაქტებს იძიებდაო.-ელემ ისე სწრაფად მიაყარა ყველაფერი, ანიკამ სიტყვის ჩაკვეხებაც ვერ მოახერხა. აშკარა იყო, მეგობარი მასზე ძალიან ნერვიულობდა. როგორ მოუნდა ახლა ძლიერად ჩახუტებოდა და დაემშვიდებინა.
-ელე, უკვე ყველაფერი დამთავრდა. რაც მთავარია, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ.
-კარგად კი, როგორ არა! რას გიგავს სახე! რა გიქნა იმ გარეწარმა?-ესეც საფირმო სიტყვა_“გარეწარი“. ელენეს განსაკუთრებულად უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ.
-რასაც ხედავ იმის მეტი ვერაფერი. საბედნიეროდ, სანდრო დროზე მოვიდა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.
-რას ამბობ, გოგო! ხომ გაგიჟდებოდა ბიჭი, ამდენი ხანია გელოდება, ურიგოდ ვის გაუშვებდა!-ესეც ასე, როგორც იქნა ძველი ელე დაბრუნდა. ცრემლები შეიშრო და ახლა ბინძურ ხუმრობებზე გადავიდა.
-დამპალო!-ენა გამოუყო „გაბრაზებულმა“ ანიკამ, მაგრამ მის სიტყვებზე მაინც ეცინებოდა.
-არა, მართლა!
-გეყოს ახლა! ისე, ჩემებს ხომ არაფერი გაუგიათ? სანდრომ კი გააფრთხილა მამამისი არაფერი წამოგცდესო, მაგრამ რა ვიცი. სადაც შენ ნახე, ისინი ვერ ნახავენ? გააფრენს ლიკა, ირაკლი კი ალბათ ფეხით ჩამოვა აქამდე.
-დამშვიდდი, არამგონია ნახონ. თუარადა, რატომ იფიქრებენ რომ მაინცდამაინც შენ აგიყვანა მძევლად? მე რომ ვიცი რა შარიანიც ხარ იმიტომ გამისკდა გული. თან მთელი დღე არ შემეხმიანე და... მაგრამ იცი რა ვქნათ? ნინის ვთხოვ და დროებით კომპიუტერს „გააფუჭებს“, შემდეგ კი, როცა ისევ ამუშავდება, ის სტატიაც აღარ იქნება აქტუალური.
-ჰო, მართალი ხარ, მასე ჯობია! ისე, ჩემი ბრალი იყო მძევლად რომ ამიყვანა, თორემ შეიძლებოდა უფრო ადვილადაც გამოვმძვრალიყავი...-აი აქ კი ანიკამ ყველაფერის დეტალურად მოყოლა დაიწყო. ელე დროდადრო წამოიყვირებდა, შეამკობდა „იმ გარეწარს“, მერე მეგობარსაც დაუცაცხანებდა, რაზე ფიქრობდი საერთოდო. დიდხანს ილაპარაკეს. ამასობაში ანიკამ ბრაუნი გამოიღო კიდეც და დაჭრილი თეფშებზე მოათავსა.
-საინტერესოა როგორ დამთავრდება ეგ თქვენი რომანტიული ვახშამი!-წარბები აათამაშა ელემ.-სხვათაშორის, კაცის ნერვებზე ასე თამაში არ შეიძლება, თორემ ერთხელაც ამოიასხამს და...
-ელენე!-სასწრაფოდ გააწყვეტინა ანიკამ.
-კარგი, კარგი, ვჩუმდები!-გოგონამ სიცილით შეიკრა წარმოსახვითი ბოქლომი, მაგრამ ნახევარ წამში ისევ აღფრთოვანებულმა წამოიძახა:-შენ არ იცი მე გუშინ ვინ ვნახე!
-ვინ ნახე ასეთი?
-სოფი გიორგაძე!-შეკივლა ელემ და მეგობრის რეაქციას დაელოდა, მაგრამ რეაქცია უბრალოდ არ ყოფილა...
-ეგ ვინ არის?
-გოგო, რამ გამოგაშტერა? შენი მოგვარეს ცოლი, დანის!
-ჩემი მოგვარე დანი?-მაინც ვერაფერს ხვდებოდა ანიკა, ელეს მოთმინების ფიალა კი ნელ-ნელა ივსებოდა.
-შენ შემთხვევით თავშიც ხომ არ ჩაგარტყა იმან? რა გჭირს? დანიელ ქავთარაძე, უსიმპატიურესი ბაიკერი. შარშან რა ამბები იყო, დაგავიწყდა? უცნობი მკვლელი და ათასი ბლა, ბლა, ბლა...
-უი, მივხვდი!-წამოიძახა ანიკამა.-სად ნახე? ერთად იყვნენ?
-როგორც იქნა!-თვალები აატრიალა ელენემ.-არა, მარტო სოფი იყო. ორსულად ყოფილა. იმხელა მუცელი ჰქონდა და ისეთი საყვარელი იყო, გავგიჟდი. ჩემს დას გავყევი ბავშვის ტანსაცმლის საყიდლად და იქ ყიდულობდა სოფიც რაღაცეებს, იმ წითელთმიან გოგოსთან ერთად.
-რა მაგარია! ისე მართლა, როგორ ბეწვზეა ეგ გოგო გადარჩენილი.
-და თან რა ბიჭი გამოიჭირა?-გაიცინა ელემ.
-ვინ ვინ გამოიჭირა, ეგ კიდევ საკითხავია!-აჰყვა ანიკაც.-ძალიან კარგი წყვილია, მე მომწონს. გოგონი, ეგ კი არა, შენი და როდის ელოდება?
-თათია? სამ თვეში. აიჩემა უკვე მინდა ტანსაცმლის ყიდვაო და მეც მეტი რა მინდოდა?! ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და მგონი მთელი საბავშვო მაღაზია გამოვზიდეთ.
-გიჟები ხართ თქვენ, ორივენი! ერთი სული მაქვს როდის დაიბადება პატარა ჩემპიონი. თან ვერ წამომიდგენია თათია და ბავშვი. რომ გეკითხა, სანამ თქვენ არ დაგაბინავებთ მე არ გავთხოვდებიო!-გამხიარულდა ანიკა ძველი დროის გახსნებისას. რაღაცნაირად, შინაგანად გათბა. ჰმ, მოიცადოს რამდენიმე წამიც და სულ მალე გაგრილდება...
კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა. ანიკა სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს, ალბათ სანდრო მოვიდა და მერე შეგეხმიანებიო. წინსაფარი არც მოუხსნია ისე გავარდა შემოსასვლელში. ჯანდაბა, გამოცვლა მაინც ვერ მოასწრო, ვერც სანთლების ყიდვა... და საერთოდაც, სანდრო ზარს რატომ რეკავს? და თან ასე გაბმულად?
-ვაღებ, ვაღებ!-სიცილნარევი ხმით დაიყვირა და კარი გააღო.
-სიურფ...-კარს მიღმა მდგარ ქერათმიან გოგონას, დამხვდურის დანახვისას სიტყვა შუაზე გაუწყდა და მანამდე სახელდახელოდ გადახსნილი მანტო, რომლის შიგნითაც მხოლოდ სექსუალური საცვლები ეცვა, სასწრაფოდ შეიკრა. დაბნეული თვალებით მისჩერებოდა მასპინძელს სახეაწითლებული. არც ანიკა ჩანდა უკეთეს დღეში. ღიმილი სახეზე შეახმა და თვალები კეფაზე გადაუვიდა. პირი რამდენჯერმა გააღო და ისევ დაკუმა, ბოლოს კი, ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოილუღლუღა:
-ბარბარა?!

ნათია ჯაგოდნიშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ნია
ისევ იგივე თავი რატომ დადეთ, დღეს მე-18 თავი უბდა დაგედოთ :( გთხოვთ დადეთ რა...
13:18 / 30-05-2020
გამოხმაურება / 1 /
დანი
დევს უკვე 18 მეტე ტავი
23:59 / 30-05-2020
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93