-მმ, ანიკა?-თვალები გაუფართოვდა ქერას, შემდეგ კი ძველ ნაცნობს გაუღიმა.-შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა და ვითომც აქ არაფერიაო, ისე შეაბიჯა სახლში. ახლა ანიკას კეფაზე გადასულმა თვალებმა იწყეს გაფართოება. ხმა ძლივს მოთოკა და როდესაც დარწმუნდა, რომ ლაპარაკი შეეძლო, მხოლოდ მაშინ დაიწყო.
-მე რა მინდა აქ? თუ...
-...ჰო, გამიკვირდა შენი დანახვა,-უცერემონიოდ გააწყვეტინა.-წინა ჯერზე აქ არ ყოფილხარ!-უდარდელად გაუღიმა ბარბარამ, ერთი კი გახედა მისაღებში გაშლილ სუფრას, მაგრამ შემდეგ დივანზე მოკალათდა.-სანი მალე მოვა?
-ამმ, სანი?! ჰო, მალე მოვა. მე კი უბრალოდ სახლის დასალაგებლად მოვედი,-გამოსცრა კბილებს შორის. სანი! თან წინა ჯერზე არ ყოფილხარო, არა?! ჰმ, მოვიდეს სანდრო...
-კარგი გიქნია, თორემ აქაურობა ნამდვილ საგიჟეთს ჰგავდა. და ეს?-ახლა მაგიდაზე გადაიტანა მზერა.-არ გამიფრთხილებია სანდრო მოსვლას რომ ვაპირებდი.
-არ ვიცი, უბრალოდ მთხოვა რომ გამეკეთებინა. ალბათ მოგვიანებით აპირებდა შენს დაპატიჟებას.
-როგორი ყურადღებიანია ჩემი ბიჭი!-ანიკამ ხელები მომუშტა. თავს ძლივს იკავებდა, რომ იმ უტვინო თავიდან ქერა თმა ღერა-ღერა არ დაეწიწკნა. დასამშვიდებლად რამდენჯერმა ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ „პატივისცემით აღვსილი“ ხმით მიმართა.
-მე დაგტოვებ დროებით, კარგი? სამზარეულოში კიდევ მაქვს საქმეები. ალბათ მალე სანიც დაბრუნდება...-ბოლო სიტყვები მაქსიმალურად ხაზგასმით წარმოთქვა და ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ კვლავ ბარბარამ შეაჩერა.
-და სახეზე რა გჭირს, ძვირფასო? შემთხვევით, გუშინდელ ტერაქტთან ხომ არ არის კავშირში?
-პირდაპირში!-მოკლედ მოუჭრა აფეთქებების პირას მყოფმა ანიკამ და სამზარეულოში გაუჩინარდა.
ახლა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, რომ ცომის საბრტყელებლით ხელში არ გაუვარდეს ამ კახპას. არა, როგორ ბედავს?! ჯერ ასეთ ფორმაში ეცხადება, შემდეგ უცერემონიოდ შედის სახლში და „სანის“ კითხულობს. სანდრო, შენ არ იცი წინ როგორი ომი გელის!
-ძვირფასო, თუ შეგიძლია წყალი დამალევინე, აქ ძალიან ცხელა!-უდარდელი ხმით დაუძახა ბარბარამ.
-ცეცხლს დაგალევინებ, ძუკნა!-ჩაიდუდღუნა ანიკამ თავისთვის, ხმამაღლა კი დაუძახა:-ახლავე ბარბი...-შემდეგ ჩაიდნიდან ყავისთვის ადუღებული წყალი ჩამოასხა ჭიქაში და გაღიმებული სახით გაემართა სტუმრისკენ.
-როგორი საყვარელი ხარ!-ეს გოგო ასეთი მიამიტია, თუ დასცინის?-ისე, სანდრო რამდენს გიხდის მისი ბინის დალაგებაში?-ჰკითხა დაინტერესებული ხმით და „ცივი წყალი“ მოწყურებულად მოსვა, მაგრამ... თავი ძლივს შეიკავა უკან რომ არ გადმოესხა. ტუჩები მოკუმა და თვალები დაუწვრილდა. აშკარა იყო, ანიკასთვის რაღაცის თმას აპირებდა. მანაც, თავი დაიძვრინა, „საჭმელი დამეწვებაო“ მოიმიზეზა და ისევ სამზარეულოში გავარდა. იმედია „სანი“ დროზე დაბრუნდება, თორემ თავის შეკავება უკვე ძალიან უჭირს. ხელები დამუშტა, როდესაც იატაკზე ქუსლების კაკუნის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, ბარბარა აქეთ მოდიოდა, მაგრამ...
მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც სტუმარი მისაღებიდან უნდა გამოსულიყო, სახლის კარი გაიღო და სანდროც აროხროხდა.
-მმმ, რა გემრიელი სუნია! რომ იცოდე როგორ მშია!-ბიჭს თვალები მიეხუჭა და დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც მულტფილმის პერსონაჟი თაგვი, რომელიც ყველის სუნს მიჰყვება. ჰმ, იცოდეს როგორი სიურპრიზი ელის წინ!
-მისაღებიდან გამოდის ეგ „გემრიელი სუნი“!-მაქსიმალურად მშვიდი ხმით გასძახა ანიკამ და თვითონაც გამოვიდა სამზარეულოდან. ნამდვილად ვერ მოიკლებდა სანდროს გაოგნებული სახის დანახვის ბედნიერებას.
და შოუც დაიწყო! ბიჭი მისაღებში რომ შევიდა, ბარბარას ხმამ აიძულა თვალების გახელა. გოგონამ წეღანდელი სცენა გაიმეორა, მაგრამ ამჯერად მანტოს მთლიანად გადახსნის ნაცვლად, მხოლოდ რამდენიმე ღილი შეიხსნა ისე, რომ მაქმანებიანი ბიუსტჰალტერი გამოსჩენოდა.
-შენ?!-პირი და თვალები ერთდროულად „დააღო“ სანდრომ, როდესაც სტუმარი დაინახა. აი ბარბარა კი მოურიდებლად ჩამოეკიდა კისერზე.
-ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა!-ბიჭი ხმას ვერ იღებდა. ხან მის კისერზე შემოხვეულ ბარბარას გახედავდა, ხან ანიკას, რომელიც გვერდით ჯალათივით ამოსდგომოდა და მომაკვდინებლად უღიმოდა.
-სანდრო, სახლიც დავალაგე და როგორც ხედავ, შენი თხოვნაც შევასრულე_ვახშამი ორისთვის უკვე მზადაა. ბარბარასთან ცოტა არ იყოს მერიდება გასამრჯელოზე საუბარი, ამიტომ სახლის დალაგების საფასურზე მოგვიანებით შევთანხმდეთ. ახლა კი დაგტოვებთ. საძინებელიც მზადაა, ვახშამიც და პარტნიორიც. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!-ანიკამ ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა და ის იყო კარი უნდა გაეჯახუნებინა, რომ სანდრო გამოერკვა_ბარბარა სწრაფად მოუშორა და გოგონას მკლავში სწვდა.
-ეს რას ნიშნავს?-ჰკითხა ჩუმად. ისეთი შეშინებული და დაბნეული თვალებით იყურებოდა, თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე.
-მე მეკითხები? ჰმ, მგონი თავად უკეთ უნდა იცოდე ახლა როგორ მოიქცე.
-სან, რა ხდება?-აწრიპინდა ბარბიც.-მე შენთან მოვედი, ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებ და გავახარებ-მეთქი, შენ კი... ანიკამ ხომ უკვე გააკეთა თავისი საქმე, რაღატომ აკავებ?
-ჰო, რაღატომ მაკავებ?-სანდრო ორმაგ თავდასხმაში მოყვა. ყელს მომდგარი ნერწყვი გაჭირვებით გადააგორა და ეცადა ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა, მაგრამ...-მე ხელს აღარ შეგიშლით!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და ისევ გატრიალება დააპირა. სულ ტყუილად! სანდროს ისე ძლიერად ეკიდა ხელი, ფაქტიურად ადგილზე ჰყავდა მილურსმული.
-ბარბარა...-დაიწყო ბიჭმა შეცვლილი ხმით და იგრძნო როგორ გაუშრა პირი. ჯანდაბა, რატომ მაინცდამაინც ახლა? არადა როგორ იმედებს ამყარებდა დღევანდელ საღამოზე...-შენ ყველაფერი არასწორად გაიგე. ანიკა სულაც არაა აქ ჩემი სახლის დასალაგებლად.
-კი მაგრამ, ეს თვითონ მითხრა!-ახლა ანიკამ იგრძნო როგორ აუწვა მთელი სხეული სანდროს დაჟინებულმა მზერამ.
-ანიკა ჩემთან ცხოვრობს. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ...-ბიჭმა ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, საყვარელი ქალისთვის თვალიც არ მოუშორებია.-და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
-კი მაგრამ, ჩვენ?-ბარბარას ხმა აშკარად აუკანკალდა, მაგრამ სანდრო ვერ მიხვდა ეს გაბრაზებამ გამოიწვია, თუ წყენამ.
-ჩვენ დამთავრდა. ბარბარა, მაპატიე, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
-შენგან ორსულ...-ბოლო იმედს ჩაებღაუჭა გაცოფებული ქერა ლამაზმანი, მაგრამ სიტყვა მშვიდად შეაწყვეტინეს.
-არ ხარ! ჯერ ერთი_მე ასეთ მარტივ შეცდომებს არასდროს ვუშვებ. მერე მეორეც_ბოლოს ერთად რომ ვიყავით მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, ასეთ ფორმაში ვერ იქნებოდი. და ძალიან გთხოვ, არ გინდა სკანდალური და მიტოვებული ქალის იმიჯი, არ გიხდება!-სანდრო ამჯერად ბარბარას უყურებდა, მაგრამ ხელი ისევ ანიკას მკლავზე ეკიდა და იგრძნო როგორ გააკანკალა გოგონას.
-ნაძირალა ხარ!-მარცხენა ლოყა ბარბარას ბეჭდიანმა ხელმა აუწვა. ქერა ლამაზმანი თავაწეული, ქუსლების კაკუნით გავიდა სახლიდან და არც კარის გაჯახუნება დავიწყებია. შოუ დამთავრდა!
-იქნებ პატივი დამდო და ამიხსნა ყველაფერი?-დაიგრგვინა ანიკამ და სანდროც მიხვდა, რომ არაფერიც არ დამთავრებულა. პირიქით, მთავარი წინ ელოდა და თუ ამ თავდასხმასაც მოიგერიებდა, მხოლოდ მაშინ შეძლებდა მშვიდად ამოსუნთქვას.
-ანიკა, დამშვიდდი, ყველაფერს აგიხს...
-...დიახაც, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ აუცილებლად ამიხსნი! „-სანი მალე მოვა? წინა ჯერზე შენ აქ არ იყავი...“-ბარბარას ხმის იმიტაცია გააკეთა და სანდროს ისეთი თვალებით შეხედა, მზერით მოკვლა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, სიამოვნებით გაისტუმრებდა მოუსავლეთში.
-შენ რა, ეჭვიანობ?-სანდროს გაეცინა ასეთი ანიკას დანახვაზე. შეიძლება ითქვას, ესიამოვნა კიდეც. გოგონა პირველად ეჭვიანობდა მასზე ასე სერიოზულად.
-ვეჭვიანობ? მე? როგორ ცდები! და თემა ნუ გადაგაქვს. რა უნდოდა იმ კახპას შენს სახლში და მითუმეტეს ასეთ ფორმაში? რატომ იყო ის აქ ადრეც?-ანიკა ნაპერწკლებს ყრიდა. ველურ პანტერას ჰგავდა, ისეთი გაცოფებული იყო. ყველაზე მეტად კი სანდროს ღიმილს და თბილ მზერას გადაჰყავდა ჭკუიდან.
-ის აქ ადრეც იყო...
-რას მელაპარაკები, მართლა? ვერაფერს იტყვი, მშვენიერი თავგადასავლი მოგიწყვია ამ რამდენიმე დღეში.
-ანიკა, დამაცდი რომ აგიხსნა?
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო. შეგიძლია დაეწიო და მოაბრუნო, შორს არ იქნება წასული. მე კი სახლში ვბრუნდები!-გოგონა მტკიცედ და თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. კარსაც კი დაეჯაჯგურა თავისი სიტყვების შესასრულებლად, მაგრამ სანდრომ ცალი ხელით მიუხურა და როდესაც მის შესამკობად შემობრუნდა, აღმოჩნდა რომ კარსა და ბიჭის სხეულს შორის იყო მომწყვდეული.
სანდრო აუღელვებლად დაიხარა და კარის საკეტი გადაატრიალა. თან ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, წამითაც არ მოუშორებია მზერა ანიკასთვის. გოგონას კი სუნთქვა შეეკრა. მათი სხეულები იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიღა აშორებდათ. ასეთ სიტუაციაში კი საღად აზროვნებას და მითუმეტეს სიტუაციის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.
-ბარბარა აქ მაშინაც იმისთვის იყო, რისთვისაც ახლა. მაგრამ არაფერი მომხდარა, საერთოდ. ყავა დავლიეთ, შემდეგ კი ტაქსი გამოვუძახე და სახლში გავუშვი. ჩემი ბრალი არ არის, მას თუ თავმყოვარეობა არ აქვს და კუდში დამდევს. გჯერა ჩემი?-სანდრო ისეთი მშვიდი და დამარწმუნებელი ხმით ლაპარაკობდა, ანიკას უბრალოდ არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არც ასე ადვილად დანებება შედიოდა მის გეგმებში.
-იქნებ მართლაა ორსულად?-იკითხა ბოლოს, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა. სანდროს ტუჩის კუთხეებში ჩაეღიმა_მიხვდა, რომ რამდენიმე წამში უსიამოვნო საუბარი დამთავრდებოდა.
-და შენ გჯერა ამის?-კითხვა აუღელვებლად და მხარზე აკოცა.
-იმას მაინც ვერ იტყვი, რომ მასთან არაფერი გქონია.
-არა, ამას ნამდვილად არ გეტყვი. მაგრამ ეს ჩემი წარსულია, რომელსაც ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. და საერთოდაც, ერთადერთი ქალი, რომლიც შვილებს გამიჩენს, შენ ხარ. გასაგებია?-ბოლო წინადადების გაგონებისას ანიკამ მუხლებში სისუსტე იგრძნო და სანდროს ასე ძლიერად რომ არ შემოეხვია წელზე ხელი, ალბათ ჩაიკეცებოდა კიდევაც.
-ანუ...
-ანუ საეჭვიანო მიზეზი არ გაქვს, რაოდენ სასიამოვნო სანახავიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის...-მაცდური ღიმილით უთხრა სანდრომ და ფრთხილად აკოცა. არ უნდოდა ეჩქარა, სანამ არ იგრძნობდა, რომ სიტუაციას საბოლოოდ თვითონ ფლობდა.
-თუ სწორად მახსოვს, გშიოდა...-ამოილუღლუღა ანიკამ, მისი ალერსით გაბრუებულმა.
-და დარწმუნებული ხარ, რომ საჭმელი მშიოდა?-სანდრო მაინც არ წყვეტდა გოგონასთვის აზროვნების უნარის დაკარგვის მცდელობას.
-ჯერ საჭმელი!-თვალი ჩაუკრა ანიკამ და როდესაც ბიჭის სახეზე წამიერი შოკი აღიბეჭდა, დრო იხელთა და სიცილით დაუსხლტა ხელიდან.
-ძალიან ცუდი ბავშვი ხარ! მითქვამს ეს ოდესმე?-ფეხდაფეხ მიჰყვა გაღიმებული სანდრო.-არ შეიძლება ასე თამაში, წესების გარეშე...
-და ვინ თამაშობს?-გოგონამ ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა. სანდრო ისეთი სახით უყურებდა, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ახლახან შოკოლადს დაჰპირდნენ.
-ანუ?
-ანუ ჯერ საჭმელი, შემდეგ დესერტი. ტყუილად ვიწვალე ამდენი?-აი ახლა კი აუტყდა სიცილი, მაგრამ...
-ცუდი მოთამაშე ყოველთვის ისჯება, ძვირფასო!-მართვის სადავეები კვლავ სანდროს ხელში აღმოჩნდა და ახლა, ანიკა მიხვდა, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული როგორ დამთავრდებოდა დღევანდელი საღამო...
* * *
-ძალიან გემრიელია, ყოჩაღ!-პირგამოტენილმა უთხრა სანდრომ და ლაზანიას განადგურება განაგრძო. წეღანდელი დაძაბულობისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო. ანიკა მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა და კმაყოფილი სახით უღიმოდა. უხაროდა მისი შრომა რომ დააფასეს.
-სანთლებს ვერსად მივაგენი და არც ყიდვა დამაცადეს, თორემ ნამდვილი რომანტიკული ვახშამი გვექნებოდა...
-რომანტიკას სანთლები კი არა, ის ადამიანი ქმნის, ვინც გვერდით გყავს!-სანდრომ ჭამა შეწყვიტა და თვალი თვალში გაუყარა. აშკარად რაღაც სერიოზულის სათქმელად ემზადებოდა.-ანიკა, არ წახვიდე... საქართველოში დაბრუნებას არ ვგულისხმობ. ჩემგან არ წახვიდე, დარჩი აქ. ერთად ვიცხოვროთ. მინდა რომ ეს ყველაფერი ყოველდღიურობად გვექცეს. შენს მშობლებს მე თვითონ დაველაპარაკები, ავუხსნი რომ ერთმანეთი გვიყვარს. თავიდან შეიძლება წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მალევე მიხვდებიან, რომ შენთვის ასე ჯობია. სკოლასაც აქ დაამთავრებ, კოლეჯსაც. ყველაფერში დაგეხმარები, სულ შენს გვერდით ვიქნები. უბრალოდ გთხოვ, დარჩი ჩემთან...-დაამთავრა მონოლოგი და ღრმად ამოისუნთქა.
ანიკა კი... ანიკა ადგილზე მიყინულივით იჯდა. რა უნდა ეთქვა, რა ეპასუხა? დაქტიურად სანდრომ ხელი სთხოვა, მას კი პასუხი არ ჰქონდა. არა, როგორ არ უნდოდა ეს ყველაფერი, ლამაზად დახატული მომავალი და ოცნების რეალობაც ქცევა. მაგრამ, შეეძლო კი ასე მოქცევა? ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება. სანდროსთან თუ დარჩებოდა, სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა საქართველოს, რაც ნამდვილად არ სურდა. მაგრამ ყველაზე მეტად სანდროს დაკარგვა არ უნდოდა. არც უნდოდა და არც შეეძლო. ვერ იარსებებდა მის გარეშე, ვერ ისუნთქებდა, ვერ იფიქრებდა, საერთოდ ვერაფერს გააკეთებდა.
-ანიკა...-ფიქრებიდან მისმა შეშფოთებულმა ხმამ გამოარკვია და მაშინღა მიხვდა, რომ ტიროდა. რა ატირებდა? ეს არ იცოდა. ალბათ გადაჭარბებული ემოციების ბრალი იყო.
სანდრომ ანიშნა რომ მასთან მისულიყო, შემდეგ კი კალთაში ჩაისვა და ხელები წელზე მოხვია.
-რა მოხდა? რამე ცუდად ვთქვი? გაწყენინე?-აღელვებული ეკითხებოდა და ზურგზე ნაზად ეფერებოდა, ანიკა კი დამშვიდების ნაცვლად უფრო უმატებდა ტირილს.
-შენ არაფერ შუაში ხარ!-ამოისლუკუნა და ცხვირით მის კისერში ჩაიმალა.-უბრალოდ... მეც მინდა შენთან და შენ გარეშე როგორ უნდა ვიარსებო არ ვიცი. ხანდახან ასე მგონია, რომ ამხელა გრძნობის დატებას ვერც კი შევძლებ.
-და მაშინ რაღა გატირებს?-გაეცინა სანდროს და კისერში აკოცა.
-ასე ვერ მოვიქცევი. არ შემიძლია ყველაფრის ფეხებზე დაკიდება. საშინელი საქციელი იქნება ასე, ონლაინ გზით რომ გავაგებინო ჩემებს ყველაფერი. ჩემგან ამას არ იმსახურებენ. ისინი ჩემი მშობლები არიან, ხალხი, რომლებიც ყველაფერს მაძლევდნენ, ცდილობდნენ არაფერი დამკლებოდა. ვინ იცის ჩემ გამო რამდენი რაღაცის გადატანა უხდებოდათ. ყველაზე ცუდი შვლი ვიქნები, ეს რომ დავივიწყო და ვუთხრა აქ ვრჩები-მეთქი. ყველაზე უარესი კი იცი რა არის? ჩემს ერთ ნაწილს ეს საერთოდ არ ადარდებს და უყოყმანოდ დაგთანხმდება ცოტა ხნის წინ შემოთავაზებულ წინადადებაზე.-ანიკამ სათქმელი რომ დაამთავრა, მხოლოდ მაშინ შეხედა სანდროს. მის თვალებში იმდენი რამის ამოკითხვა შეეძლო, წამიერად სუნთქვაც კი შეეკრა.
-სწორედ იმიტომ მიყვარხარ, ასეთი რომ ხარ!-ბიჭი ისე მოწყურებულად დაეწაფა მის ტუჩებს, თითქოს საუკუნეა ნანახი არ ყავდა. არ შეეძლო მისი გაშვება, მაგრამ ვერც დარჩენას აიძულებდა. იცოდა რომ გამოსავალი ძალიან მარტივი იყო, მაგრამ მისი გაგონებაც არ სურდა.
ის იყო ანიკა სანდროს კალთაში მოხერხებულად მოკალათდა და იგრძნო როგორ შეეხსნა პერანგის ღილები, რომ კარზე გაბმული ზარის ხმა გაისმა.
-არ გააღო...-ამოილუღლუღა გაუაზრებლად და თმაში ჩააფრინდა. არც სანდრო კვდებოდა კარის გაღების სურვილით. მეტიც, ანიკა მოურიდებლად აიყვანა ხელში, ისე რომ მის ტუჩებს არ მოშორებია და საძინებლისკენ დაიძრა, მაგრამ ზარი კვლავ დარეკეს. ამჯერად სამი მოკლე და ერთი გრძელი. ჰმ, უკვე იცოდა ვინც იდგა ზღურბლს მიღმა.
-დენიელია...-ძლივს ამოილაპარაკა, მაგრამ ამის გაგონებისას ანიკამ სასწრაფოდ ჩამოსწია მის წელზე შემოლაგებული ფეხები. ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.
-არ გააღებ?-ჰკითხა და აჩეჩილი ტანსაცმლის სწორება დაიწყო. ისე ღელავდა, ღილები არასწორადაც კი შეიკრა, რაზეც სანდროს სიცილი აუტყდა.
-დამშვიდდი, უკანონოს კი არაფერს აკეთებ!-დასცინა და ღილები გაუსწორა, შემდეგ კი მასთან ერთად გაემართა მისაღებისკენ.
-ჰმ, შეგახსენებ რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვარ. ასე რომ, მე არა, მაგრამ შენ აკეთებ უკანონოს!-ენა გამოუყო ანიკამ, ტანსაცმელზე ბოლოჯერ დაიხედა და ღიმილიანი სახით გააღო კარი.
-როგორც იქნა!-წამოიყვირა დენიელმა და ის იყო ხელებგაშლილი სახლში უნდა შევარდნილიყო და მეგობარს გადახვეოდა, რომ ანიკას დანახვისას ადგილზევე გაშეშდა, შემდეგ კი სახე გაებადრა და მას გადაეხვია. არც სანდრო დარჩენია ვალში და ლუსი ჩაიკრა გულში.
-არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდით უკვე!-ბოლოს როგორც იქნა მეგობარსაც გადაეხვია და შემდეგ სტუმრები სახლში შეიპატიჟა. ლუსიმ ანიკას მზერით სანდროზე ანიშნა, შემდეგ კი ცერა თითი მაღლა აღმართა.
-არც ჩვენ ვიცოდით აქ კიდევ ერთი წყვილი თუ დაგვხვდებოდა!-თვალი ჩაუკრა დენიმ და დივანზე მიესვენა. ლუსიც გვერდით მიუჯდა, სანდრო და ანიკა კი სავარძლებში გადანაწილდნენ. უფრო სწორად, სავარძელში, რადგან როდესაც გოგონა დასაჯდომად გაემართა, ხელზე დაქაჩეს და პატარა ბავშვივით მუხლებზე დაისკუპეს.
-მე ვიცოდი წყვილი რომ დაგვხვდებოდა!-ამაყი ღიმილით განაცხადა ლუსიმ.
-ნუ ეგ მეც კი ვიცოდი, მაგრამ ასე მალე საცხოვრებლად ერთად გადასვლას არ მოველოდი!-ვალში არ დარჩა დენი, მაგრამ შემდეგ ანიკას სახეს კარგად დააკვირდა და როდესაც აბაჟურის დაბალ განათებაზეც კი მოახერხა სილურჯეების დანახვა, გაფართოებული თვალებით შეხედა სანდროს.-მოიცა, ოჯახური ძალადობაც?
-ჯერ ერთი, ერთად არ ვცხოვრობთ. და მერე მეორეც, სანამ შენ ისვენებდი, მე თქვენი ტერორისტი სავარჯიშოდ მიყენებდა!-გაუცინა ანიკამ, მაგრამ იგრძნო როგორ დაეძაბა სანდროს მთელი სხეული, დენიელს კი მზერა გაეყინა.
-ღმერთო!-მსუბუქად შეჰკივლა ლუსიმ და თვალები ცრემლებით აევსო.-კიდევ რამე ხომ არ დაგიშავა?
-არა!-მოგუდული ხმით უპასუხა სანდრომ და ანიკას წელზე მოხვეული ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა, თითქოს თავის საკუთრებას იცავსო.
-ახლა არ გვინდა ამ თემაზე...-ამოიოხრა დენიმ.-ხვალ სამსახურში მომიყვები ყველაფერს?-სანდრომ უბრალოდ თავი დაუქნია, მან კი შეცვლილი ტონით გააგრძელა.-ჩვენ ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს!-შემდეგ კი ლუსის გახედა, ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა.
-ორსულად ვარ!-განაცხადა გოგონამ და სიტუაციაც საბოლოოდ შეიცვალა.
სახლი წამში აივსო ბედნიერებით. სანდრომ მეგობარს ხუმრობით ისიც უთხრა, ცოტა გვიან რომ მოსულიყავი, შესაძლოა აქ ერთადერთი მომავალი მამიკო არ ყოფილიყავიო, აწითლებულმა ანიკამ კი სასწრაფოდ შეცვალა თემა და ლუსის ბავშვის სახელებზე დაუწყო საუბარი. ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. დენიმ და ლუსიმ საჩუქრებიც დაურიგეს მოსიყვარულე წყვილს და მათი ამბავი, მომავლის გეგმებთან ერთად, დეტალებში გამოკითხეს.
-არა, ვერ უარყოფთ, რომ ჩვენმა ქორწილმა დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში!-გაიბღინძა დენიელი და მეუღლეს გადახედა წარბების თამაშით.-ხომ ასეა, ძვირფასო?
-სხვათაშორის, თქვენი ქორწილის კიდევ ერთი სტუმარი მოგვადგა დღეს და ამ ვაჟბატონს გამოუცხადა, შენგან ორსულად ვარო!
-რაო?-ჩაბჟირდა დენი.-სულ დაკარგა მაგ გოგომ ჭკუა? აი ყველაფრის დაბრალება შეეძლო მოეფიქრებინა მაგის გარდა. არ იცნობდეს მაინც სანდროს.
-ამხელა კაცი მასეთ მარტივ შეცდომას დავუშვებდი?-შეიფერა საუბრის მთავარმა ობიექტმაც.
-ჰო, მშვენივრად მახსოვს როგორ ესაუბრებოდი ჩემი ჩამოსვლის პირველ დღეს სამ გოგოს ერთი და იგივე ტექსტით!-გაბუტული ბავშვის ხმით თქვა ანიკამ, რაზეც ყველამ გულიანად გაიცინა.
კიდევ ბევრი იმხიარულეს. დენი ბავშვისთვის სასაცილო სახელებს იფიქრებდა ლუსის გასაბრაზებლად, ის კი უკვე ოთახის ინტერიერზე საუბრობდა. წამით ანიკამ გაიფიქრა, ნეტავ მათ ადგილას ჩვენ ვიყოთო, მაგრამ შემდეგ მაკენზის მოვლაში გატარებული ორი დღე გაახსენდა და თავისივე აზრი სასწრაფოდ უკუაგდო. ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ სურდა იგივეს განმეორება. და საერთოდაც, ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტის არის, რა შვილზეა საუბარი. კი ამბობენ, ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდაო, მაგრამ თვითონ არ ეთანხმება ამ გამონათქვამს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, გათხოვებასაც, შვილების გაჩენასაც და საერთოდ არ არის აუცილებელი მათი ხელოვნურად დაჩქარება. მართლია არსებობენ ადამიანები, რომელთა მთავარ მიზანსაც ოჯახის შექმნა წარმოადგენს, მაგრამ თვითონ მათ რიცხვს არასდროს მიეკუთვნებოდა. ყოველთვის იმას ამბობდა, სანამ კარგი სამსახური არ მექნება, გათხოვებას არ ვაპირებო. ახლა კი, რომ არა ერთი „პატარა“ პრობლემა, სანდროს წინადადებას დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა. ჰმ, ვინ იცის რა ელით მომავალში...
* * *
ორმოცდაათს მიახლოებულმა, ჭაღარაშერეულმა მამაკაცმა, სახლის კარი მშვიდად შეაღო და ახალი ამბის სახარებლად მისაღებში შეკრებილი ოჯახისკენ გაემართა.
-მამა, დაბრუნდით?-შეეგება ქერათმიანი, ლურჯთვალება გოგონა და სავარძლიდან წამოდგა, რომ მისი საყვარელი ვისკი დაესხა მამამთილისთვის.
-გმადლობ, ძვირფასო!-ჭიქა გამოართვა კაცმა და ოთახს თვალი მოავლო.-დანარჩენები სად არიან?
-დედა სამზარეულოშია, ლაშას კი სძინავს...-ბოლო სიტყვები რაღაცნაირად, დამნაშავის ხმით წარმოთქვა და კაცს გახედა.
-გურამ, უკვე დაბრუნდი, საყვარელო?-მეუღლეს მიეგება სამზარეულოდან გამოსული, გაფქვილულხელებიანი თამარი, შემდეგ კი უხერხულად მდგარ რძალსაც აჩუქა თავისი მზერა.
-კიდევ სძინავს იმ უსაქმურს, თიკა? გამაგიჟებს მე ეგ ბიჭი!
-ცოტა ჩუმად რომ ილაპარაკოთ, როცა ნაბახუსევზე ვარ, არ შეიძლება?-ოთახში თმააბურძგნული ბიჭიც გამოჩნდა, ნამძინარევი თვალებით და მთქნარებით.-თიკა, ბარბარემ გაიღვიძა. დედიკო ჩაგაცმევს-მეთქი ვუთხარი.
-შენთვის არ შეიძლებოდა?-შეუბღვირა ცოლმა და ბოდიშის მოხდით გავიდა ბავშვთან.
-ახალი ამბავი მაქვს. ლაშა, ეს განსაკუთრებით შენ გეხება!-დაიწყო გურამმა და სავარძელში მოკალათდა.-ბიზნესს ვაფართოვებთ და შენც უნდა ჩაერთო. ოცდახუთი წლის კაცი ხარ, ანგელოზივით ცოლ-შვილი გყავს, არ შეიძლება ასე უსაქმურად ყიალი და დღეგამოშვებით ნაბახუსევზე ყოფნა.
-აუ, მამა, რა გინდა? მორჩი ჩემს დამოძღვრას და პირდაპირ მითხარი.
-გეტყვი, არ მომერიდება!-ირონიულად ჩაიციმა კაცმა.-ხვალიდანვე დაიწყებ ოფისში სიარულს. დაივიწყებ ძველებურ დროსტარებას და არხეინად ჯდომას. ფირმას ახლა სჭირდება დახმარება და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, რამდენიმე თვეში ჩვენს მინერალურ წყლებს ამერიკამდეც გავიტანთ და ჩვენც იქ გადავალთ საცხოვრებლად.
-ნეტავ ვიცოდე იქ რა დაგრჩენია...-ლაშა ისეთი „სულერთია“ ტონით ელაპარაკებოდა, აშკარა იყო, ეს ახალი ამბავი დიდად არ ახარებდა.-თუ რადგან შენმა პატივცემულმა ძმაკაცმა იქ აიწყო ცხოვრება, „მასზე ნაკლები რითი ვარ“ პრინციპით უნდა იცხოვრო?
-ენას კბილი დააჭირე, ლაწირაკო! იცოდე ვის და როგორ ელაპარაკო. რადგან ადამიანური საუბარი არ გესმის, სხვანაირად გეტყვი: არ მაინტერესებს შენი აზრი, ხვალვე წამოხვალ და ჩემთან ერთად დაიწყებ მუშაობას. შენ გამო ამ ქვეყნიდან გაღწევის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. რაც არ უნდა მოხდეს, მაისის ბოლოს უკვე ნიუ-იორკში უნდა ვიყოთ!-გადაჭრით თქვა გურამმა, ვისკი ჩაცალა და ოთახიდან აუღელვებლად გავიდა...
* * *
შუაღამე გადასული იყო სანდრომ და ანიკამ სტუმრები რომ გააცილეს. ცოტა წაუქეიფეს კიდეც, შემდეგ სანდრო გოგონას ყველაფრის მილაგებაში დაეხმარა და ახლა ორივენი ისეთი დაღლილები იყვნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ.
-ცოტაც და ადგილზევე ჩამომეძინება...-მთქნარებით თქვა ანიკამ და დარეცხილ-დამშრალებული ჭურჭელი კარადაში შეალაგა. სანდრო კედელს ცალი მხრით იყო მიყრდნობილი და ისე ადევნებდა თვალს.
-დაანებე თავი და დავიძინოთ, ცოდო ხარ. ხვალ მიხედე...
-მოვრჩი თითქმის. შხაპის მიღებაც მინდა მე, დაიძინე შენ თუ გინდა!-შესთავაზა ანიკამ, მაგრამ მისი მზერა რომ დააფიქსირა, უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
-სხვათაშორის, მე არც ძალიად გადაშტერებული ვარ და გატყობ არც შენ კვდები ძილის სურვილით. ჰოდა ვიფიქრე, იქნებ შხაპის მიღებას...
-სანდრო, გეყოფა!-სიცილით შეაწყვეტინა ანიკამ და პირზე ორივე ხელი ააფარა.-საერთოდ არაფერი მსგავსი არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში!
-და რა საჭიროა რამის დაგეგმვა?-წარბები აათამაშა ბიჭმა.-დაგეგმვა ინტერესს აკარგინებს!
-წინასწარ საუბარიც დაგეგმვის ნაწილია!-ვალში არ დარჩენია ანიკა.-და აღარ გვინდა ახლა ამაზე. შხაპის მიღებაც გადავიფიქრე. აბა, დავიძინოთ?
-დავიძინოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გამახსენე, რომ დენიელზე შური ვიძიო!-ამოიოხრა სანდრომ, ანიკა პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში და საძინებლისკენ გაეშურა_ამჯერად დასაძინებლად...
* * *
მთელი დღის დაღლილებს, ორივეს ისე ღრმად ჩაეძინათ, მათ გაღვიძებას მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევა თუ შეძლებდა. განსაკუთრებულმა შემთხვევამაც არ დააყოვნა და დილის რვა საათზე, ზარის რეკვით გამოჩნდა მოსიყვარულე წყვილის სახლში. ამჯერად პირველს სანდროს გაეღვიძა და ძილს შეიბრუნებდა კიდეც, რომ არა ჯიუტი, დაუპატიჟებელი სტუმარი, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურდა თითის აღება ზარის ღილაკიდან.
-მოკლავ თუ მოვკლა?-ამოიბურტყუნა ანიკამ და ბალიში თავზე წაიფარა.
-საერთოდ გავაუქმებ ზარს!-ბუზღუნის ხასიათზე დადგა სანდროც.
-იქნებ მანამდე კარი გაგეღო?
-მეზარება. ვინ უნდა იყოს ამ დროს, მობეზრდება და წავა!-უპასუხა, ხელი მოხვია და ის იყო ძილი უნდა გაეგრძელებინა, რომ ახლა მისი მობილური ამღერდა. ერთი კი ამოიგმინა გაბრაზებულმა, მაგრამ როდესაც ეკრანს დახედა, წამიერად გამოფხიზლდა.
-ვინ არის?-თავის აუწევლად კითხა ანიკამ.
-მარიკა!-აი ახლა კი მოუწია გოგონას თვალების დაჭყეტვა. სწრაფად წამოჯდა, ჯერ ოთახში მიმოიხედა, სადაც არეულად ეყარა ტანსაცმელი, შემდეგ კი სანდროს შეხედა.
-სწრაფად ვალაგებთ!-წამოიყვირა და საწოლიდან წამოხტა, თან ისეთ სიჩქარით, რომ ფეხები ერთმანეთში აეხლართა და იქვე გაიშოტა.
-გიჟებივით დარბოდნენ ოთახში და ცდილობდნენ უმოკლეს დროში თან ჩაეცვათ და თან იქაურობა მიელაგებინათ. სანდრომ კი წამებში გადაიცვა, მაგრამ ანიკა ისევ ჯინსითა და ბიუსტჰალტერით დარბოდა.
-ჩაიცვი!-ესროლა სანდრომ რაც ხელში მოხვდა და საწოლი გადაასწორა.
-შენი მაისური? გაგიჟდი? რას იფიქრებს?
-მაშინ გაიქეცი და სწრაფად მოძებნე შენთან რამე. მე მანამდე კარს გავაღებ.
-სანდრო!-მოესმათ გარედან გიას ძახილი. ახლა ნამდვილად არ იყო დასაკარგი დრო, მითუმეტეს რომ ანიკას ისიც არ ახსოვდა სად დადო სანდროს მოტანილი ჩანთა. გუშინდელ პერანგს ხელი დაავლო, სწრაფად შემოიცვა და ჭიპს ზემოთ გაიკვანძა. მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეიშნავდა, რომ ბიჭის პერანგი იყო და თანაც, სულ მცირე ორი ზომით დიდი. ჰმ, ანიკა აშკარად თავს იმშვიდებდა...
-ჩამოგიღეთ კარები, სად ხარ აქამდე?-მისალმების ნაცვლად მიახალა მარიკამ, შემდეგ კი გიას პარკები გამოართვა და სამზარეულოში შევიდა.
-როგორ ხარ, ანიკა?-მოიკითხა გიამ და გადაკოცნა.
-კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით, შვილო!-ახლა მარიკაც მოეხვია. როგორ ასწრებს ეს ქალი ასე სწრაფად ყველაფრის კეთებას?
-კარგად ვარ, გმადლობთ. სულ ცოტათი მაწუხებს. ხელის შეხებით მტკივა, ისე არა...-გაუღიმა „დაზარალებულმა“. ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე, რაც ჯერ-ჯერობით გამოსდიოდა.
-ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძათ?-ჯერ ისევ ნამძინარევი ხმით ჰკითხა სანდრომ და მოურიდებლად დაამთქნარა, რაზეც მარიკამ თვალები დაუბრიალა და ანიშნა პირზე ხელი აიფარეო.
-სასწრაფო საქმე გამოჩნდა, დედი. დალასში მივფრინავთ ერთ საათში და მანამდე შემოგირბინეთ.
-ჯეიკობმა დაგვირეკა, ჩვენმა ადვოკატმა. ძალიან კარგი ვარიანტი გამოჩენილა რესტორნის გასახსნელად და სანამ ვინმემ დაგვასწრო, გვინდა ტერიტორია ვნახოთ და თუ მართლა ღირს, ვიყიდით კიდეც!-დაამატა გიამ.
-დილის რვა საათზე?
-სანდრო, რა გჭირს? ნიუ-იორკში რვა საათია, დალასში_არა!-გაუწყრა დედა.-მოკლედ, რაღაც პროდუქტები მოგიტანეთ, რომ არ მოკლა ეს გოგო შიმშილით. ახლა კი უნდა გავიქცეთ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხვალ შუადღისით დავბრუნდებით.
-აბა თქვენ იცით, ჭკუით იყავით!-მხარზე ხელი დაჰკრა გიამ და ისევე სწრაფად წავიდნენ, როგორც შემოიჭრნენ. ანიკა გამოშტერებული იდგა, ვერაფერი გაეგო.
-შეგვამოწმეს!-დარწმუნებით წარმოთქვა სანდრომ, შემდეგ კი გოგონას გახედა.-მგონი კარგად ჩავაბარეთ გამოცდა. რას იტყვი?
-მეც ასე ვფიქრობ!-სიცილით დაუქნია თავი.-ამიტომ, პრიზიც დავიმსახურეთ!
-ნამდვილად! აბა, რა საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს თავს?
-სამსახურს გააცდენ?-თვალებგაბრწყინებულმა ჰკითხა ანიკამ.
-მხოლოდ ეს? ანიკა, მაოცებ!
-შენ მითხარი გააცდენ თუ არა და გაოცება ჩემზე იყოს!-ენა გამოუყო გოგონამ, შემდეგ კი კისერზე ჩამოეკიდა და პატარა ბავშვივით აწუწუნდა.-გააცდინე რა...
-როგორ შემიძლია უარი გითხრა, როდესაც ასეთი კნუტის თვალებით მიყურებ?-გაეცინა სანდროს და ცხვირის წვერზე მსუბუქად აკოცა.
-მიყვარხარ!-გახარებულმა წამოიძახა ანიკამ და მთელი ძალით ჩაეხუტა.
უკვე იცოდა, რომ დღევანდელი დღე მისთვის დაუვიწყარი იქნებოდა. შეიძლება მცირედი უსიამოვნებაც შეხვედროდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა ყოველთვის_ჯობდა გაერისკა და ენანა, ვიდრე ენანა ის, რომ არ გარისკა!..
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება