- მაინც არ მეტყვი, სად მივდივართ? - პატარა ბავშვივით წუწუნებდა სანდრო. დილიდან ცდილობდა ანიკას გამოტეხვას, მაგრამ ამაოდ - გოგონა შეუვალი იყო. ჯერ ძველ სახლში წავიდნენ, რომ მაკიაჟი გაეკეთებინა და შესაბამისი კაბა შეერჩია, შემდეგ კი სანდროს მანქანის გასაღებიც მოსთხოვა.
- ახლა ჩემი ჯერია, გაწვალო. უბრალოდ მენდე და მომეცი გასაღები.
- მითხარი, სად უნდა წავიდეთ და მე დავჯდები საჭესთან. მაგ კაბით მძღოლის ადგილს ხომ არ მიუჯდები? - ანიკა მართლა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ოქროსფერი, ტანზე მომდგარი, მუხლამდე სიგრძის კაბა ეცვა. სანდროსაც კატეგორიულად მოსთხოვა, ოფიციალურ ფორმაში ყოფილიყო. ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ანიკას სიურპრიზი, მაგრამ ტანსაცმლის მიხედვით თუ იმსჯელებდა, ან მუზეუმში ამოჰყოფდა თავს, ან ოპერაში, ანდაც ოფიციალურ შეხვედრაზე, რაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. სიმართლე უნდა ითქვას და არც დანარჩენი ვარიანტები ახარებდა დიდად.
- უკვე იცი, რომ მანქანის მართვა შემიძლია. ასე რომ, გაჩუმდი და მომეცი გასაღები! - ანიკა მანამ იდგა ხელგაშვერილი, სანამ თავისი არ მიიღო, შემდეგ კი ამაყი სახით მიუჯდა საჭეს და ღვედი გადაიჭირა.
- მუზეუმში მივდივართ? - საწყალი ხმით ჰკითხა ბიჭმა, რაზეც გულიანი სიცილი აუტყდა.
- ღმერთო, არა! დამიჯერე, მოგეწონება ჩემი სიურპრიზი! - თვალი ჩაუკრა და ძრავა აამუშავა. მართალია, გარეგნულად მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში გული უსკდებოდა. ვინ იცის, მოეწონება კი სანდროს მისი სიურპრიზი? შეიძლება ძალიან გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ ანიკა ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. ყველაფერი უნდა გააკეთოს, სხვა თუ არაფერი, მომავალზე და სანდროს შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. დღევანდელი დღე კი მისი გეგმის პირველი ეტაპი იქნება...
* * *
მანქანა გრანდიოზული საკონცერტო დარბაზის ავტოსადგომზე რომ გაჩერდა, სანდრო თვალებს ჯერ კიდევ ვერ უჯერებდა. ღვედი არც კი შეუხსნია, ისე გაიხედ-გამოიხედა გარეთ, შემდეგ კი ანიკას მიაჩერდა.
- მეხუმრები? ვისი კონცერტია?
- წამომყევი და გაიგებ! და ძალიან გთხოვ, ნუ მიყურებ მასეთი თვალებით! - გაეცინა გოგონას, კარი გააღო და მანქანიდან ისე მოხდენილად გადავიდა, როგორც ამას ფილმებში აკეთებენ ელეგანტური მსახიობი ქალები. ბიჭმაც ერთი ამოიოხრა და შემდეგ მას მიჰყვა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისი კონცერტი იმართებოდა დღეს ნიუ-იორკის ყველაზე დიდ დარბაზში, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა. რა საჭირო იყო პრიზის სახით კონცერტზე წამოსვლა? თვითონ გაცილებით უკეთესი გასართობი იცოდა... ჯანდაბა, სანდრო! გეყოს, უკვე მეტისმეტია სულ ამაზე ფიქრი.
- აქ დამელოდე, ბილეთებს ვიყიდი და შევიდეთ! - შესასვლელთან უთხრა ანიკამ და ის იყო, უნდა წასულიყო, რომ სანდრომ შეაჩერა.
- რას ნიშნავს, ბილეთებს იყიდი? ასე მგონია, ადგილები გავცვალეთ.
- კარგი რა, სანდრო! უბრალოდ მინდა, ბოლომდე სიურპრიზად დავტოვო ყველაფერი.
- კარგი, მაგრამ ეს გამომართვი. და იცოდე, აუცილებლად შევამოწმებ, გამოიყენე თუ არა! -ბიჭმა თავისი საკრედიტო ბარათი გაუწოდა, ანიკამ კი უბრალოდ თვალები აატრიალა და გაეცალა.
ხელები უკანკალებდა, როდესაც მოლარეს საკრედიტო ბარათი გაუწოდა და ორი ბილეთი მოსთხოვა მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი შემსრულებლის კონცერტზე. ხოლო როდესაც ბარათი ბილეთებთან ერთად დაუბრუნეს, გული უკვე ამოვარდნას ჰქონდა. რა იქნება, სანდრო ძალიან რომ გაბრაზდეს და უთხრას, მე არსადაც არ წამოვალ, რაც გინდა ის გიქნიაო? ხომ დარჩება სახტად ორი ბილეთით ხელში? არა, სანდრო ასეთი არ არის, ასე არ მოექცევა. შეიძლება ძალიანაც გაბრაზდეს, მაგრამ აქ მარტო არ დატოვებს.
ანიკამ ხალხის ბრბოში გზა გაჭირვებით გაიკვლია და როგორც იქნა, სანდროსაც მიუახლოვდა.
- წავედით? - ჰკითხა ბიჭმა და წელზე ხელი მოხვია.
- წავედით! - თავი დაუქნია და აკანკალებული მუხლებით გაემართა მთავარი შესასვლელისკენ...
* * *
დარბაზი მართლაც რომ საზეიმოდ იყო მორთული, სცენაზე კი ღვინისფერი, სქელი ფარდა ჩამოეფარებინათ. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება სანდროს, როდესაც „მათ“ დაინახავს. ანიკა გულში ლუცულობდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო, მაგრამ მაინც ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. არა, რას აიჩემა ეს ყველაფერი? მაგრამ ჯობია, აქედავე დაიწყოს მზადება. არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც ვეღარ შეცვლის.
ფარდამ ნელ-ნელა გადაწევა რომ დაიწყო, გოგონამ უნებურად სუნთქვა შეიკრა, ხელი კი სანდროს თითებში ახლართა და მისი რეაქციის მოლოდინში გაიტრუნა. ბიჭს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ცხვირის ნესტოები დაებერა, პირი დააღო და ანიკას გახედა.
- დამცინი? რა „სუხიშვილები“? - ისეთი ხმით ჰკითხა, ჯობდა, თავში რაიმე ჩაერტყა ან სულაც თვალები ამოეთხარა, რომ ასეთი გაბრაზებული ვერ დაენახა.
- ელემ მითხრა, გასტროლები აქვთო, ახალი პროგრამაო... არც ვიცოდი, აქაც თუ აპირებდნენ ჩამოსვლას. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი რეკლამას შემთხვევით...
- და იფიქრე, მოდი, სანდროს სიურპრიზს გავუკეთებ, ქართული ცეკვის კონცერტზე წავიყვან, თან დავაკვირდები, რა რეაქცია ექნება და...
- ნუ ხმაურობთ, თუ შეიძლება! - სანდროს ფრაზა გვერდით მჯდარმა ამერიკელმა შეაწყვეტინა, მან კი ჯერ ამოიოხრა და შემდეგ ხელები ასწია დანებების ნიშნად.
ანიკას ერჩივნა ჭერი თავზე ჩამონგრეოდა. ცოტაღა უკლდა ტირილს. სანდრო აქ არანაირი ქვეზრახვით არ წამოუყვანია, მან კი რა დააბრალა. საერთოდ ყველაფრის სურვილი დაეკარგა. აღარც კონცერტზე გაჩერება უნდოდა და აღარც უკან დაბრუნება. გული ისე დაუმძიმდა, თითქოს ასტონიანი ტვირთი დაჰკიდესო. არადა, ეს მუსიკა დედის ხმასავით ჩაესმოდა ყურში. სხვა სიტუაციაში და სხვა ადგილას, აუცილებლად აჰყვებოდა, მაგრამ...
თვითონაც დადიოდა „სუხიშვილების“ ანსამბლში რამდენიმე წელი, შემდეგ კი, როდესაც თინეიჯერობის ასაკში ფეხი ახალი შედგმული ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ სიჯიუტე და ურჩობა უნდა გამოეჩინა. გამოიჩინა კიდეც. ერთ დღესაც განაცხადა, ცეკვის გაკვეთილზე აღარასდროს წავალო. ქვეცნობიერად ეგონა, რომ გადარწმუნებას დაუწყებდნენ, შეეხვეწებოდნენ, მუხლებში ჩაუვარდებოდნენ, თავად კი მშობლებს ცოტას გააწვალებდა და ბოლოს გადაწყვეტილებას შეიცვლიდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ლიკამ და ირაკლიმ უბრალოდ მიზეზი ჰკითხეს, ანიკა კი ჯიუტად იმეორებდა, რომ აღარ უნდოდა. მათაც აღარ დაუძალებიათ და უპრობლემოდ გამოიყვანეს ცეკვიდან. მთელი გეგმები ჩაეშალა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობის გარეშეც დარჩა. ერთი პირი კი იფიქრა, ცოტა ხანში ვთხოვ და ისევ შემიყვანენო, მაგრამ საკუთარ პრინციპებს ვერ გადააბიჯა... და წააგო კიდეც. ვინ იცის, იქნებ ახლა თვითონაც ამ სცენაზე მდგარიყო? მაგრამ არა! ამის ნაცვლად, იჯდა და უყურებდა, როგორც ცეკვავდნენ სხვები. ერთ-ერთ სოლისტში თავისი მასწავლებელიც ამოიცნო. დათო! როგორ შეცვლილა... ანიკა სულ პატარა იყო, მასთან რომ დადიოდა. შეიძლება ამიტომაც მოეჩვენა ასე, მაგრამ ფაქტია, დათო მასწავლებლის დანახვისას, ყელში მობჯენილმა ბურთმა გაზრდა დაიწყო და ბოლოს გასკდა კიდეც. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ცალი თვალი სანდროსკენ გააპარა და დაინახა, რომ ის მობილურში „2048“-ის თამაშით იყო გართული. წამში აემღვრა გამოსახულება. თითქოს მდუღარე გადაასხეს, ისე ძალიან აეწვა გულ-მუცელი. თავი ძლივს შეიკავა, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო. სანდრომ კი... ყურადღებაც არ მიაქცია. ნუთუ ვერ დაინახა, რომ ტიროდა? ასე გაერთო თამაშით? არა, შეუძლებელია...
ანიკამ მაშინვე შეცვალა ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება. აღარც შესვენებას დალოდებია, არც ცეკვის დამთავრებას, ქლათჩს და მანტოს ხელი დაავლო, წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. ხმაურის გამო ვერ გაიგო ნაბიჯების ხმა და ვერც იმას მიხვდა, სანდრო გაჰყვა თუ არა, მაგრამ იგრძნო, როგორ აუწვა ზურგი ვიღაცის მზერამ. ფოიეში გავიდა და ის იყო, კიბეებზე უნდა დაშვებულიყო, რომ ნაცნობი ხმაც გაიგონა.
- სად მირბიხარ? - უემოციოდ ჰკითხა სანდრომ და გვერდით ამოუდგა.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუ აქ დარჩენის სურვილით კვდებოდი? - გოგონამ უხეშად მოიწმინდა ცრემლები და ხმაც ირონიული გაუხდა. ჰმ, ნეტავ რის მიღწევას ცდილობდა ამით...
- როგორ თუ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ აქ ერთად ვიყავით, შენ კი უეცრად წამოხტი და სადღაც გავარდი.
- არა, არ ვყოფილვართ ერთად! მე კონცერტზე ვიყავი, შენ კი სადღაც სხვაგან. საერთოდაც, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი შენი აქ წამოყვანით.
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო! ძალიან მაინტერესებს, რაზე ფიქრობდი...
- მაინც ვერ გაიგებ, რომც გითხრა... - მწარედ ამოიოხრა ანიკამ, სანდრო კი კვლავ აგრძელებდა.
- ჰო, ვერ გავიგებ! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემი არ არის. და სიმართლე თუ გინდა, ძალიან არ მსიამოვნებს აქ ყოფნა და მით უმეტეს, შენთან ასეთი საუბარი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე. რა გეგონა, ჩემზე ემოციურად თუ იმოქმედებდი, გული ამიჩუყდებოდა და მაშინვე ყველაფერს მოგიყვებოდი? რატომ არ გესმის, რომ შენი ქვეყანა ჩემთვის მკვდარია? თუ მაინცდამაინც სულში უნდა ჩამიძვრე და ყველაფერი გაარკვიო, რაც შენამდე იყო? მე ხომ არ ვინტერესდები შენი წარსულით, არც იმას გეკითხები, რა გქონდა იმ შენს ბაიკერთან, იმიტომ, რომ...
- ...ბრავო! - მოულოდნელი შეძახილით შეაწყვეტინა ანიკამ. მეტის ატანა უბრალოდ აღარ შეეძლო. როგორ უნდოდა, ახლა სანდროსთვის ერთი ძლიერი სილა გაეწნა... - ჩემი ქვეყანა, ჩემი ბაიკერი, კიდევ რა არის ჩემი? და ეს უკანასკნელი საერთოდ რა შუაშია?
- ისეთივე შუაშია, როგორც ჩემი საქართველოსადმი სიძულვილის მიზეზი!
- ყოჩაღ! ძალიან მაგარი შედარებაა! აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ!
- ანიკა, არ გიხდება ირონია, გეყოს! - სანდროსაც ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა, მაგრამ ახალი ჩხუბი მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.
- მე კი არა, შენ გეყოს! - მოკლედ მოუჭრა, ხელი უხეშად გააშვებინა და გასასვლელისკენ სწრაფად, ქუსლების კაკუნით წავიდა, ისე, რომ სანდროს ძახილისთვის საერთოდ აღარ მიუქცევია ყურადღება...
* * *
სანდროც არანაკლებ გაბრაზებული იყო. ანიკას ბოლო საქციელმა კი საერთოდ ჭკუიდან გადაიყვანა. იმდენად გაცოფდა, ისიც იფიქრა, სადაც უნდა, იქ წასულაო, მაგრამ ეს ფიქრი წამის მეასედში უკუაგდო. სამწუხაროდ, გამოფხიზლებასა და უკან დადევნებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ გარეთ გასულმა უკვე ის დაინახა, როგორ ჩაჯდა ანიკა ტაქსიში. გაკიდებას აზრი არ ჰქონდა. სანამ მანქანას ავტოსადგომიდან გამოიყვანდა, ტაქსიც მოასწრებდა წასვლას, ანუ კვალს ვერ გაჰყვებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, სანდროს ძალიანაც არ დასწყვეტია ამ ფაქტზე გული. ჯობდა, ორივენი დამშვიდებულიყვნენ და შემდეგ ელაპარაკათ. განა სად უნდა წასულიყო ანიკა, სანდროს რომ ვერ ეპოვნა. შეიძლება სულაც სახლში წავიდა, რას გაუგებ ქალურ ლოგიკას... ახლა ორივეს სჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა, თორემ გაცილებით სერიოზულად იჩხუბებდნენ. ანიკასთვის ადვილია, იტირებს და გულს მოიოხებს, მაგრამ სანდრომ რა უნდა ქნას? სასმელში ჩაახრჩოს გაბრაზება? თუ რომელიმე გოგონასთან გაერთოს? არა, ეს მისი სტილი ნამდვილად არ არის. უკვე ჩამოყალიბებული კაცია და არა ტუტუცი თინეიჯერი, სისულელეები რომ აკეთოს. არადა, ერთ დროს როგორი სხვანაირი იყო... წამიერად ტკივილამდე ნაცნობი სახე ამოუტივტივდა გონებაში და სწრაფად გაიქნია თავი უსარგებლო და უსიამოვნო მოგონებების გასაქრობად. არ შეიძლებოდა წარსულში ქექვა, ანიკას კი ვერაფრით გააგებინა, რომ ეს მტკივნეული იყო და... სახიფათოც. მისთვის სახიფათო...
არ უარყოფდა, რომ თვითონაც დამნაშავე იყო, მაგრამ ეს გოგონას ბრალეულობას არ ხსნიდა. ორივეს უნდა შეეკავებინა თავი - ანიკას აქ წამოყვანისგან, სანდროს კი ცხელ გულზე უაზროდ წამოსროლილი სიტყვების თქმისგან. მაგრამ მომხდარზე სინანული უკვე გვიანი იყო. ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა. ამიტომ ჯობდა, ორივენი ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ და მშვიდად ეღიარებინათ შეცდომები.
სანდრო ფილოსოფოსობას რომ მორჩა, მხოლოდ მაშინ დაძრა მანქანა და გეზი თავისი სახლისკენ აიღო. აუღელვებლად და გაწონასწორებულად მართავდა მანქანას, აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ ანიკა შეიძლებოდა სხვაგან წასულიყო. უკვე შემოსარიგებელ სიტყვებსაც კი აწყობდა და თავისსავე ფიქრებზე ეცინებოდა. არა, მაინც რა სისულელის გამო იჩხუბეს? ჰმ, „სუხიშვილების“ კონცერტი... ამათ თუ ასე ყოველ წვრილმანზე იკამათეს, ვერ წავა საქმე კარგად. ბოლოს ან ერთს მობეზრდება, ან მეორეს, ან ორივეს ერთად და... არა, არა, ეს არასდროს მოხდება. სანდრო არ დაუშვებს ამას! უბრალოდ ვერ შეძლებს ანიკა ასე მარტივად დაკარგოს...
* * *
- ინებეთ, ხურდა დაიტოვეთ! - საფულეში სასწაულებრივად აღმოჩენილი ერთადერთი ოცდოლარიანი გაუწოდა ანიკამ ტაქსის მძღოლს და მანქანიდან გადავიდა. კიდევ კარგი, ბუფეტისთვის დახურდავებული ფული კიდევ შემორჩა, თორემ მოუწევდა ბანკომატთან გაჩერება, რაც საკმაო დროს დააკარგვინებდა. ახლა კი, სულ რაღაც ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გიას და მარიკას სახლის წინ იდგა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, შიგნით როგორ შესულიყო. თავისი გასაღები ზურგჩანთაში ჰქონდა, ზურგჩანთა კი - სანდროს სახლში, სადაც არაფრის დიდებით არ მიადგამდა ფეხს.
ისეთი გაბრაზებული იყო, სანდროს ხმის გაგონებაც არ სურდა, არამცთუ მისი დანახვა. ეს როგორ უთხრა, რა სისულელეები დააბრალა?! ან ბაიკერი საერთოდ რაღამ გაახსენა?! ჰმ, ღირსი იქნებოდა, ანიკა თავის დროზე დათანხმებოდა მის თხოვნას და საქართველოში დაბრუნებულიყო. შენი ქვეყანაო! საინტერესოა, რატომ ვერ იტანს ასე სამშობლოს, რასთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი? ან... იქნებ „რასთან“ კი არა, „ვისთან“... თუ ასეა, ანიკას ნადვილად სერიოზული კონკურენტი ჰყოლია მისი სახით, თუ სანდრომ რვა წლის შემდეგაც ვერ შეძლო დაევიწყებინა.
- ანიკა?! - ფიქრები ქალის ხმამ გააწყვეტინა. ეს ქალი კი მათი მეზობელი, მისის ენისტონი გამოდგა, რომელიც თეთრი პუდელის გასასეირნებლად იყო გამოსული. - როგორ ხარ, ძვირფასო? ძალიან ვინერვიულე, რომ გავიგე... - შუახნის, ხვეულთმიანი, ფუმფულა მარტინა აშკარად გულწრფელად წუხდა მის გამო.
- უკვე კარგად ვარ, დიდი მადლობა! - გაუღიმა ანიკამაც. - ამმ, რაღაც მინდოდა მეკითხა...
- გისმენ, საყვარელო!
- სახლის გასაღები დავკარგე, გია და მარიკა კი ხვალამდე არ დაბრუნდებიან. შემთხვევით, სათადარიგო გასაღები თქვენთვის ხომ არ დაუტოვებიათ? - ბოლოს მაინც გაბედა კითხვა და თან ისე ურცხვად მოატყუა, არც კი გაწითლებულა.
- არა, დედი, ჩემთვის არაფერი დაუტოვებიათ. სანდრიკო სად არის?
- არ ვიცი, ალბათ, სამსახურშია. ვურეკავ და არ მპასუხობს. შეიძლება გასულიცაა ქალაქიდან... - ტყუილს ტყუილი დაამატა. ნამდვილად არ ჰქონდა ახლა ყველაფრის ახსნის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მარტინა ძალიან გულთბილი და ყურადღებიანი ქალი იყო.
- ეჰ, ეგ ბიჭი სულ სადღაც არაა?! რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს... მოდი, რა ვქნათ, იცი? შენ ჩემთან შემოდი. თუ გამოჩნდა სანდრიკო, ხომ კარგი, თუ არა და, დარჩი ამაღამ და ხვალ კი ჩამოვლენ უფროსებიც.
- არა, არა, ასე ვერ შეგაწუხებთ! - სასწრაფოდ იუარა ანიკამ. არც ამდენად ჰქონდა დაკარგული სირცხვილის გრძნობა. თუ მაინცდამაინც, ჯესიკასთან დარჩებოდა, ან მეგისთან, ან სულაც... დენიელი! აქამდე როგორ არ გაახსენდა! შეიძლება სულაც გასაღებიც კი ჰქონდეს. ის და სანდრო ხომ ძმებივით არიან. აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა?! მისის ენისტონს გამოემშვიდობა და გზას ფეხით გაუყვა. აქვე ახლოს, ქუჩის კუთხეში, ბანკომატიდან ფულს გამოიტანს, შემდეგ კი ტაქსის გამოიძახებს და დენიელთან წავა. მაგრამ მისამართი? ჯანდაბა! რანაირი დღეა დღეს? მარცხენა ფეხზე ადგა თუ ვინმემ დათარსა? როგორ არაფერში არ უმართლებს.
- დენ, შენი დახმარება მჭირდება! - ბოლოს მაინც დარეკვა გადაწყვიტა და ბიჭის ხმის გაგონებისთანავე ჩასძახა ყურმილში.
ოც წუთში უკვე ახლად დაქორწინებული წყვილის სახლში იყო და დენიელს ეხვეწებოდა, რომ სანდროსთვის არ დაერეკა.
- აღარ გვეტყვი, რა მოხდა? - დაინტერესდა ლუსიც, როდესაც სიტყვაც ვერ დააცდენინა მისმა ძვირფასმა მეუღლემ.
- უბრალოდ ვიჩხუბეთ, - ამოიოხრა ანიკამ. - სახლში მინდოდა წასვლა, მაგრამ გასაღები სანდროსთან მაქვს. ყველაზე ახლო მეზობელს არ ჰქონდა, ვიფიქრე, დენს მაინც ექნებოდა...
- ნუ გამაგიჟებ ახლა! რაზე იჩხუბეთ ასე, რომ სახლში გამოიქეცი?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაპატიეთ... - თავი ჩახარა, შემდეგ კი ისევ მის ერთადერთ იმედს გახედა. - მაძლევ გასაღებს?
- რაც არ მაქვს, რა მოგცე? დავურეკავ სანდროს, მოვა, დაილაპარაკებთ, შერიგ...
- ...დენ! - შეაწყვეტინა ლუსიმ. - გაბრაზებულ გულზე საუბარს აზრი არ აქვს. მოიცადონ ცოტა ხანს. თუნდაც ერთი საათი... შემდეგ კი სანდრო თავისითაც გამოჩნდება. ანიკა, წამოდი, ტანსაცმელს მოგცემ, რომ გამოიცვალო! - შემდეგ კი სტუმარს მიუბრუნდა, დენიელს ყოველი შემთხვევისთვის მობილური მაგიდიდან ააცალა და საძინებელში გაუჩინარდა.
* * *
სანდრო სახლის კართან შედგა და დაზეპირებული ტექსტი კიდევ ერთხელ გაიმეორა. ისე, რატომ არ გამოდის მტვრევის ხმა? ანიკა ხომ ძალიან გაბრაზებული იყო... ჰმ, ალბათ გადაუარა და ახლა ბალიშში თავჩარგული ქვითინებს. მაგრამ არა! ბიჭი შეცდა. სახლში სრული სიჩუმე და სიბნელე სუფევდა. საძინებელში გავიდა - არც იქ იყო ვინმე. სად წავიდა ეს გოგო? ზარებსაც რომ არ პასუხობს?!
სანდრომ ანიკას ზურგჩანთას და ტანსაცმელებს მოჰკრა თვალი. ყველაფერი ისე იყო, როგორც დილით დატოვეს. ანუ გამოდის, რომ აქ არც მოსულა? და ეს კარგია თუ ცუდი? არ იცის... მაგრამ იცის, სადაც უნდა ეძებოს! ოღონდ არა ასეთ ფორმაში. სასწრაფოდ ჩაანაცვლა საძულველი სმოკინგი ჯინსითა და პერანგით, შემდეგ კი მანქანის გასაღები აიღო და მშობლების სახლისკენ გაემართა.
მთელი გზა თავს იიმედებდა, რომ ანიკა აქ დახვდებოდა და საბოლოოდ შერიგდებოდნენ კიდეც. მართალია, ამისთვის ბევრი წვალება დასჭირდებოდა, მაგრამ რამეს მოახერხებდა; აუცილებლად მოახერხებდა! სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლებოდა...
დანიშნულების ადგილამდე მალევე მივიდა. მაქანის შეყენება ვერც მოასწრო, რომ მეზობელი სახლიდან მისის ენისტონი გამოვიდა და პირდაპირ მისკენ გაემართა.
- სანდრო, შვილო, სად დაიკარგე? როგორ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა? -შეუტია კეთილმა მეზობელმა და თვალებიც დააჭყეტინა.
- რას გულისხმობთ?
- რას და მთელი დღეა გეძებს ის ბავშვი! სახლის გასაღები დავკარგე და თქვენ ხომ არ გექნებათ სათადარიგოო. აბა, მე საიდან უნდა მქონოდა?! ვუთხარი, სანდრიკოს დაურეკე-მეთქი და არ მპასუხობსო. ვეხვეწე, ჩემთან შემოსულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. ვერ შეგაწუხებთო, მითხრა და სადღაც წავიდა.
- სად წავიდა? - ახლა უკვე სერიოზულად შეშფოთდა სანდრო. რა ჯანდაბა ხდება აქ საერთოდ? რას ნიშნავს, წავიდა? სად?
- მე ხომ არ მეტყოდა, დედი! დაურეკე და მოძებნე. ამ დროს და ამ სიბნელეში ღმერთმა უწყის, სად დადის ის გოგო, შარში არ გაეხვეს! - ბიჭს დანარჩენი აღარ მოუსმენია, მისის ენისტონს მადლობა გადაუხადა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო. კიდევ ერთხელ დაურეკა ანიკას, მაგრამ ამაოდ - ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს. თან არც უთიშავდა! რამ გააბრაზა ასე ძალიან? რამე ახალი უთხრა სანდრომ? ისედაც ხომ იცოდა, რომ საქართველოს ვერ იტანდა? აუცილებლად მიზეზის ცოდნა სჭირდებოდა? რატომ ვერ ხვდებოდა, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა?
სად მოძებნოს? მიუხედავად იმისა, რომ ანიკა აქ ახალი აღარ არის, მაინც არ აქვს ისეთი ამოჩემებული ადგილები, სადაც შეიძლებოდა წასულიყო. იქნებ რომელიმე მეგობართანაა? მაგრამ არა, ისეთ ფორმაში არ წავიდოდა... იქნებ... თავს რამე ხომ არ აუტეხა? სანდრო, გეყოს! ანიკა სულელი ბავშვი არ არის! მაინც ხომ არ შეემოწმებინა საავადმყოფოები? ყოველი შემთხვევისათვის... მოულოდნელად მისი მობილური აწკრიალდა და ისე ეცა, ეკრანზე არც დაუხედავს.
- ანიკა? - ჩასძახა დაიმედებულმა, იქიდან კი ანიკასთვის სრულიად შეუფერებელი ხმით უპასუხეს.
- დენი ვარ! ტელეფონის ჯიხურიდან გირეკავ, ლუსიმ ჩემი წამართვა. არ ინერვიულო, ანიკა ჩვენთანაა!
- მადლობა ღმერთს! - აღმოხდა სანდროს. - ახლავე წამოვალ...
- წინასწარ გაფრთხილებ, ძალიან გაბრაზებულია...
- მეც, სხვათა შორის!
- ჰოდა, უარესად არ იჩხუბოთ.
- არა, დამშვიდდი. უკვე მოვდივარ!
* * *
- სად არის? - იკითხა სანდრომ მაშინვე, როგორც კი დენიელმა კარი გაუღო და სახლში შეიპატიჟა.
- ლუსისთან ერთად საძინებელშია. რაზე იჩხუბეთ ასე? ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
- ქართული ცეკვის კონცერტზე წამათრია! ვერ ისვენებს, ისე უნდა სიმართლის გაგება.
- და როდემდე უნდა დაუმალო? რა აზრი აქვს?
- არ მინდა ამ ყველაფრის გახსენება. რატომ ვერ ხვდება, რომ ეს თამაში მისთვისვეა სახიფათო?
- რა არის ჩემთვის სახიფათო? - საძინებლიდან ჯინსსა და უბრალო მაისურში გამოწყობილი ანიკა გამოვიდა. - და საერთოდ, რატომ მომაკითხე?
- სახლში მივდივართ! - მოკლედ მოუჭრა სანდრომ. კი გეგმავდა, რბილად დალაპარაკებოდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო, არ გამოუვიდა.
- მაინც დაურეკე, არა? - ახლა ლუსიმ ესროლა გამკიცხავი მზერა მეუღლეს.
- ჰო, დამირეკა, იმიტომ, რომ ანიკა უნდა წავიყვანო.
- შენ არსად არ წამოგყვები. გასაღები მომეცი და სახლში წავალ! - ჯიუტობდა გოგონაც. აშკარა იყო, კიდევ ერთი ჩხუბი მწიფდებოდა.
- დენ, გმადლობ, რომ დამირეკე! - მეგობარს გახედა სანდრომ, შემდეგ ლუსის დაუკრა თავი და ანიკას მკლავში წაავლო ხელი, რომ წაეყვანა.
- იქნებ ადამიანურად გელაპარაკათ? - მაინც ვერ ისვენებდა ლუსი.
- ვილაპარაკებთ, ოღონდ სახლში. არ მინდა თქვენი შეწუხება, შენც დასვენება გჭირდება, ნახე, რომელი საათია! - უკვე მართლა გვიანი იყო. ამიტომ ანიკასაც დიდად თავი აღარ გაუგიჟებია, მასპინძლებს დაემშვიდობა და სანდროს გაჰყვა - ჩხუბს როგორმე მანქანაშიც მოასწრებდნენ.
- რას ფიქრობდი, რომ გარბოდი? - იფეთქა სანდრომ, საჭეს მიუჯდა თუ არა. - კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ვერსად რომ ვერ გიპოვე.
- დამცინი? მშვენივრად იცი, რატომაც წამოვედი. არც ახლა ვაპირებ შენს სახლში გაჩერებას. ჩემს ნივთებს ავიღებ და წავალ.
- არსადაც არ წახვალ!
- შენ დამიშლი? - ირონიას აფრქვევდა ანიკა, რადგან იცოდა, როგორ აღიზიანებდა ეს ბიჭს.
- ეჭვი გეპარება?! - მაგრად დაუხვდა სანდროც.
- შენ არ გაქვს უფლება, რამე დამიშალო. ჩვენ ხომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ უნდა ჩავერიოთ. შენ შენს საქმეებს მიხედე, მე კი ჩემს ბაიკერს მივხედავ! - ესეც შენი ერთით ნული, ძვირფასო! მშვენიერი დარტყმა იყო, საკმაოდ მტკივნეულ ადგილას. ისეთი ეფექტი მოახდინა, დანარჩენი გზა სიჩუმეში გაიარეს და ასევე შევიდნენ სახლშიც, ანიკა კი მაშინვე ოთახისკენ გაემართა ნივთების შესაგროვებლად.
- რატომ ბრაზობ, არ მესმის! - უკან მიჰყვა სანდროც. მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
- თავი დამანებე! - უკმეხად მიუგდო ანიკამ და ტანსაცმელების ჩანთაში ჩაყრა განაგრძო.
- მართლა ვერ ვხვდები, რის მიღწევას ცდილობ. გეგონა, რომ ჩემზე ემოციური ზემოქმედებით ყველაფერს მომაყოლებდი?
- სანდრო, გაჩუმდი! - აი, აქ კი იფეთქა ანიკამ. - გაჩუმდი, როცა არაფერი გაქვს სათქმელი. და ნუ იგონებ სისულელეებს. არანაირი მიზანი არ მქონია შენი იქ წაყვანით, ერთის გარდა - რომ საღამო ლამაზად გაგვეტარებინა. შენ კი იდიოტობებს მაბრალებ. შენმა სიამაყემ თუ არ ვიცი, რა ჯანდაბამ, იმდენად მაჯობა, ზედაც კი არ მიყურებდი!
- ნუ იგონებ რაღაცებს!
- არაფერსაც არ ვიგონებ. ჩემი ცრემლებიც ფეხებზე დაიკიდე და არც კი განძრეულხარ, როდესაც მანტო და ქლათჩი ავიღე. მე არ მჭირდება ისეთი სიყვარული, რომელსაც სხვა გრძნობები აჯობებენ! - ანიკამ ვერც ახლა შეძლო ცრემლების შეკავება. მართალია, მისი ტონი, ფაქტობრივად, ყვირილს ჰგავდა, მაგრამ მაინც დაუცველი კნუტივით გამოიყურებოდა. სანდრო ნელა მიუახლოვდა და სცადა, ჩახუტებოდა, სამაგიეროდ კი გულში დაშენილი მუშტები მიიღო.
- არც კი იცი, რას ამბობ... - უთხრა მშვიდად და მაინც მიიკრა გულზე, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად.
- შენ კი არ იცი, როგორ მტკენ გულს! - ამოისლუკუნა გოგონამ და ბრძოლა შეწყვიტა. - არ მინდა ასე, არ მინდა, რომ ვჩხუბობდეთ; არ მინდა ერთმანეთის გრძნობები ფეხებზე გვეკიდოს...
- ჩშშ, დამშვიდდი, ნუ ტირი... მე არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს... - თავზე აკოცა სადრომ და ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოხვია, თითქოს ვინმე მის წართმევას უპირებდა. - მე არც შენ არ გიმსახურებ, მაგრამ იმდენად უნამუსო ვარ, ეს სულ ფეხებზე მკიდია და ვერასდროს დამაღწევ თავს.
- ნამდვილად უნამუსო ხარ! და თან ეჭვიანი! - კმაყოფილი ღიმილით ახედა ანიკამ.
- რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს! - მაინც არ დანებდა. ჰმ, წინ უფრო დიდი გამოწვევა ელოდა.
- ვინ გითხრა, რომ შენი ვარ?
- ანუ არა? - წარბები აზიდან და ისე გახედა გოგონას.
- ჯერ არა!
- ჰოდა, ახლავე გამოვასწორებ მაგ ამბავს! - ამ სიტყვებით ანიკა ხელში აიტაცა და თვითკმაყოფილი სახით გაემართა საძინებლისკენ...
* * *
ოთახში სრული სიბნელე იყო. მხოლოდ ერთ ზოლს და იმასაც მკრთალად ანათებდა ფარდებში შემოჭრილი მთვარის შუქი. ანიკა საწოლსა და სანდროს შორის იდგა და გული ისე უცემდა, დარწმუნებული იყო, მთელ ოთახში ისმოდა მისი ხმა. ბიჭი კი რატომღაც მოქმედებას არ ჩქარობდა. უბრალოდ იდგა და ანიკას აკვირდებოდა, თითქოს სწავლობდა, იმახსოვრებდა...
- იცი, რომ მიყვარხარ? - ჰკითხა ჩუმი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. პირდაპირ თვალებში უყურებდა და სუნთქვას უკრავდა.
- მე ვიცი... და შენ? - გაუბედავად ჰკითხა ანიკამ და პასუხიც მიიღო, მაგრამ არა სიტყვიერი.
სანდრო მშვიდად შეეხო ბაგეებზე. თითქოს სიამოვნების წუთებს წელავდა. ანიკამ მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო და სასწრაფოდ მოხვია ხელები კისერზე. ბიჭი ისე მგრძნობიარედ კოცნიდა, როგორც არასდროს. მგრძნობიარედ და თამამად... მცირე ბიძგით გადააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა. იგრძნო, როგორ შეეხსნა პერანგის ღილები და თვითონაც მარტივი მოძრაობით გადააძრო მაისური. ყველაფერს ისე ფრთხილად აკეთებდა, თითქოს ეშინოდა, რამე არ დაეშავებინა. ანიკამ გაუაზრებლად მოქაჩა თმაზე, სანდრომ კი წამიერად შეწყვიტა მის კისერში მოგზაურობა და თვალებში ჩააშტერდა. თითქოს იქ რაღაცას ეძებდა, ეშინოდა კიდეც... გოგონამ კი ტუჩზე იკბინა და შემდეგ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხრა:
- მე გენდობი...
- მე კი მიყვარხარ...
და სამყარო პატარა, ფერად ნაწილებად დაიშალა. თითქოს ფეიერვერკს ჰგავდა და თან არც ჰგავდა. ეს უფრო რაღაც სხვა იყო, უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი. სუნთქვის შემკვრელი, გონების გამთიშველი, აზროვნების უნარის დამკარგველი. ზღვიდან მონაბერ ნიავსაც ჰგავდა და ყვავილების სუნით გაჟღენთილ, თბილ სიოსაც, ზამთარში დალეულ ცხელ ყავასაც და წვიმაში სირბილსაც, ვიოლინოზე შესრულებულ ულამაზეს მელოდიასაც და ფილმსაც, რომელიც ყელში ბურთს მოგაბჯენს და ცხარე ცრემლით გატირებს.
ანიკას თითქოს თავში ყველაფერი აერია. ფიქრები, გრძნობები, გარემოებებიც კი. ერთადერთი, რასაც მთელი არსებით გრძნობდა, სანდროსადმი სიყვარული იყო. არ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო და რას უნდა გადაეფარა ან დაევიწყებინა ეს ყველაფერი, რადგან ეს გრძნობა ქარიშხალივით დაატყდა თავს, რომელმაც ერთიანად წალეკა. ახლა კი, უსმენდა, როგორ ძგერდა გული მკერდის ქვეშ, რომელზეც თავი ედო და ეს იყო ყველაზე ლამაზი მელოდია მისთვის. ბოლოს ყველა ემოცია ერთიანად მოაწვა და გამოსახულებაც აემღვრა. მაგრამ მთავარია, რომ ეს გადაჭარბებული ბედნიერების გამო მოხდა. ეს დღევანდელი დღის საუკეთესო დასასრული იყო და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რა მოხდებოდა ხვალ, რადგან ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა...
* * *
მაისი ისე მიიწურა, ანიკას საქართველოში წასვლის საკითხი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. მისი და სანდროს ურთიერთობა უკვე ისეთ ფაზაში გადავიდა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებდა. მართლია, მაინც დაბრუნდა გიას და მარიკას სახლში, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდათ ხელს. ანიკამ შეწყვიტა სანდროს წარსულის და მისი საიდუმლოს გამოჩხრეკვა. აღარ უნდოდა ჩხუბი, ან თუნდაც უმნიშვნელო კინკლაობა. თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც არასდროს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა იქნებოდა ორი კვირის შემდეგ, როცა სასწავლო წელი დამთავრდებოდა. სანდროც ჯიუტად არ ეხებოდა ამ თემას. თითქოს არანაირი საფრთხე არ არსებობდა. მართალია, მის გონებაში სრული ქაოსი ხდებოდა და ვერაფრით იფიქრებდა საუკეთესო გამოსავალს, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. თითქოს ამ თემას ტაბუ ჰქონდა დადებული ყველასთვის...
ამასობაში ლუსის მუცელიც წამოიზარდა და ანიკამაც მოუხშირა მასთან და დენისთან სტუმრად სიარულს. სანდროს გარეშეც მიდიოდა იქ. ლუსის ძალიან დაუმეგობრდა. ჯესიკასთან და მეგისთანაც ისევე კარგად იყო, როგორც ადრე, მაგრამ მათთან თავის პრობლემებზე ვერ საუბრობდა. რაღაც ბარიერი ჰქონდა, რომელსაც ლუსისთან ვერ გრძნობდა. საქართველოს თემაზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ანიკა ახალ და გამოსადეგ რჩევას მაინც ვერ იღებდა. თვითონაც გაორებულად გრძნობდა თავს. მის ერთ და ძალიან დიდ ნაწილს წასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ სურდა, მაგრამ ამავდროულად, იმასაც აცნობიერებდა, რომ ყველაფერს ფეხებზე ვერ დაიკიდებდა. ელეც კი ვერ ურჩევდა, რა გაეკეთებინა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დეიდა გამხდარიყო, მაგრამ მაინც ისევ ისეთ მხიარულ და უდარდელ ელედ დარჩა. ანიკას არ შეეძლო მშობლებს ასე მოჰქცეოდა, მაგრამ სანდროსთან დაშორებასაც ვერ გადაიტანდა. ვერ წარმოედგინა, რა პრობლემა უნდა ყოფილიყო ისეთი, ბიჭს მასზე უარი რომ ეთქვა. თუ ეს ნამდვილი გრძნობა იყო, მაშინ მათ ერთად ყოფნას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ანიკას თითქოს გულის სიღრმეში სჯეროდა კიდეც, რომ ორ კვირაში სანდრო მასთან ერთად ჩაჯდებოდა თვითმფრინავში და სამშობლოში დაბრუნდებოდა.
ამ ყველაფრის სჯეროდა მანამ, სანამ ერთ დღესაც სიმართლეს ფარდა არ აეხადა და არ მიხვდა, რამხელა უფსკრული იყო სანდროსა და საქართველოს შორის... სიმართლის გაგება ამჯერადაც მტკივნეული გამოდგა.
* * *
- გურამ, შენ?! - თვალებს ვერ უჯერებდა გია, როდესაც თავის ბავშვობის მეგობარს შეხვდა. რას წარმოიდგენდა, ნიუ-იორკში მას თუ ნახავდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე საათის წინ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, სიხარულით მეცხრე ცას ეწია. ახლა კი თავის რესტორანში ისხდნენ და ერთმანეთის ამბებს კითხულობდნენ.
- ჩემმა მინერალურმა წყალმა გაამართლა და მეც ვიფიქრე, რატომაც არა? გავრისკავ და გავცდები საზღვრებს! გავრისკე კიდეც და როგორც ხედავ, ახლა აქ ვარ.
- ძალიან გამახარე! დილით რომ დამირეკე, გავგიჟდი კაცი. რას წარმოვიდგენდი, ბავშვობის მეგობარს ცათამბჯენების ქალაქში თუ აღმოვაჩენდი. როდის ჩამოხვედი?
- ერთი კვირაა. მარტო მე კი არა, ყველანი ჩამოვფრინდით, ჩემი პატარა შვილიშვილის ჩათვლით.
- არ გამაგიჟო! მერე აქამდე რატომ არ შემეხმიანე? სად ცხოვრობთ? თუ რამეში ჩემი დახმარება დაგჭირდეთ, მუდამ მზად ვარ.
- ვიცი, გია, ვიცი, ბევრს კი არ აქვს ჩვენნაირი მეგობრობა.
- კაცო, სანდროსაც არაფერი უთქვამს და დავიჯერო, მაგან და ლაშამ მაინც არ ნახეს ერთმანეთი? ერთად არიან გაზრდილები.
- ჯერ არ შეხვედრიან. მეც ძლივს გამოვჩხრიკე შენი ნომერი. მარიკა როგორ არის? მომენატრა თქვენთან ერთად კარგი, გემრიელი ქეიფი.
- მერე მაგაზე ადვილი რა არის, შე კაცო?! ე, ვიცი, რაც უნდა ვქნათ ჩვენ. საღამოს ჩემს ბიჭებს კარგ სუფრას გავაშლევინებ და შევიკრიბოთ ყველანი. ოღონდ იცოდე, არც შენ უთხრა ლაშას რამე და არც მე ვეტყვი სანდროს. სიურპრიზი მოვუწყოთ!
- ჭკვიანი კაცი ხარ შენ, მასე ვქნათ! - გურამმა ბავშვობის მეგობარს ჭიქა მიუჭახუნა და უცხო ქვეყანაში მშობლიური ღვინო სიამოვნებით დააგემოვნა...
* * *
- ძალიან კარგი, არ ინერვიულოთ, ყველაფერს მოვაგვარებ! - დააიმედა ანიკამ გია, როდესაც მისი გეგმა მოისმინა და დახმარებასაც დაჰპირდა, შემდეგ კი თავის ოთახში ავიდა, რომ სანდროსთვის დაერეკა.
- მოგესალმებით მუდამ თქვენს სამსახურში მყოფი FBI-ს აგენტი ალექსანდრე ჯაფარიძე. რით დაგეხმაროთ? - მობილურში სანდროს მხიარული ხმის გაგონებისას მაშინვე სიცილი აუტყდა.
- დღემდე ვერ გამირკვევია, რომელია ჩვენ შორის ასაკით უფროსი!
- რა თქმა უნდა, მე, ძვირფასო. და არამარტო ასაკით! - სანდროს ხმაში ისეთი თვითკმაყოფილი ნოტები გაჟღერდა, ანიკამ ისიც კი წარმოიდგინა, როგორც აათამაშა ბიჭმა წარბები. - აბა, როგორ ხარ?
- გადასარევად! და შენც გეტყობა, კარგ ხასიათზე უნდა იყო.
- ვარ კიდეც! და იცი, რატომ? დღეს „გრინჩი“ დავიჭირეთ!
- ვინ დაიჭირეთ? - ანიკამ ვერც ახლა შეძლო სიცილის შეკავება.
- „გრინჩი“! აი, ახალ წელს რომ უამრავი მაღაზია დაძარცვეს, გახსოვს? ამ იდიოტმა მეტი ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და გრინჩის ფორმაში გამოეწყო. ჰოდა, დღეს დავაპატიმრეთ.
- ჩემი ყოჩაღი აგენტი! აუცილებლად მიიღებ საჩუქარს. მაგრამ მანამდე სადღაც უნდა გამომყვე.
- მაცდური წინადადებაა. სად მეპატიჟები?
- მამაშენის რესტორანში. დელეგაცია ჩამოვიდა ესპანეთიდან, შენ კი ესპანური კარგად იცი. რატომ უნდა დაიქირაოს თარჯიმანი? ცოტ-ცოტა მეც ვიცი. მთხოვა, იქნებ წამოხვიდეთო და ვერ ვუთხარი უარი. იმათ კი ეყოლებათ თავიანთი ხალხი, მაგრამ ეტყობა, არ უნდა გიას მარტო ყოფნა.
- თქვენ უკვე ჩემ გარეშე აგვარებთ საქმეებს, არა? ამას რას მოვესწარი!
- დიახაც! აბა, ხომ წამოხვალ? სულ ერთი საათის საქმეა!
- წამოვალ. თან შეიძლება ძვირფასი მამიკო ისე გავახარო, რომ უარი აღარ მითხრას შენ მოტაცებაზე.
- არ ხარ შენ ნორმალური! მოკლედ, შვიდი საათისთვის გამომიარე.
- თქვენი სიტყვა ჩემთვის კანონია! შეხვედრამდე, პატარავ, მიყვარხარ!
* * *
ზუსტად შვიდ საათზე სანდრომ ანიკას საძინებლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და როდესაც გოგონა საცვლებში გამოწყობილი დაინახა, კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
- როდის უნდა ისწავლო დაკაკუნება? - თვალები დაუბრიალა ანიკამ და სასწრაფოდ კაბას დაავლო ხელი, რომ ჩაეცვა.
- რომ დამეკაკუნებინა, ასეთ მშვენიერ სანახაობას ვერ ვიხილავდი! - თვალი ჩაუკრა სანდრომ და მსუბუქად აკოცა მოშიშვლებულ მხარზე. - ჯერ კიდევ არ ხარ მზად, არა?
- კაბას და ფეხსაცმელს ჩავიცვამ და მზად ვიქნები! - ენა გამოუყო ანიკამ და შავ ქსოვილში ფეხები ჩაყო.
- ხუთი წუთი რომ გაქვს ჩემი ვალი, არ გყოფნის? ძალიან კარგი, ახლა ათი გექნება...
- ჯანდაბას, იყოს ათი, მაგრამ ელვა შემიკარი, გთხოვ!
- საერთოდ, მე ამის გახსნას უფრო ვარ შეჩვეული...
- სანდრო!
- კარგი, კარგი! - სიცილი აუტყდა ბიჭს და მარტივად შეუკრა გრძელი ელვა. ანიკა მართლაც არაჩვეულებრივ ფორმაში იყო. შავი, მუხლს ზემოთ სიგრძის კაბა ეცვა, რომელსაც მკერდის ზემოთ და ქვემოთ ორიგინალური ფორმის ჭრილები ჰქონდა და ისე უერთდებოდა გაშლილ ქვედა ნაწილს. გოგონამ ფეხზეც შავი, მაღალქუსლიანი ფესაცმელი მოირგო. თმიდან სარჭი მოიხსნა და კულულები მხრებზე დაეფინა, შემდეგ კი სანდროს გახედა კმაყოფილი მზერით.
- აბა? - ხელები გაშალა და ნელა დატრიალდა.
- ისეთ მაგარი ფორმაში ხარ, უკვე ვფიქრობ, რესტორნის გზიდან სხვაგან ხომ არ გადავუხვიო! - ანიკამ მის გულწრფელ აღიარებაზე მხოლოდ თავი გადააქნია, შემდეგ კი პიჯაკი გაუსწორა, ქლათჩი აიღო და პირველი გავიდა ოთახიდან. თამამად და თავდაჯერებულად მიაბიჯებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამხელა სიურპრიზს უმზადებდა განგება ორივეს...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება