- რომ იცოდე, როგორ მეზარება ახლა ესპანელ ინვესტორებთან შეხვედრა! - აბუზღუნდა სანდრო, როდესაც მანქანა მამამისის რესტორნის ავტოსადგომზე გააჩერა.
- არც მე ვკვდები მათი ნახვის სურვილით, მაგრამ გიამ ისე მთხოვა, უარი ვეღარ ვუთხარი.
- კარგი გოგო ხარ შენ და იმიტომ! - გაუცინა სანდრომ, ცხვირის წვერზე მოწყვეტით აკოცა და მანქანიდან გადავიდა, რომ ანიკასთვის კარი გაეღო.
ისეთი თბილი საღამო იყო, სანდრო იმედოვნებდა, რომ სუფრა ტერასაზე დახვდებოდა გაშლილი, მაგრამ შეცდა. ოფიციალურად ჩაცმული, გაღიმებული მიმტანი ბიჭი წყვილს კარებშივე შეეგება და VIP-ოთახისკენ გაუძღვა. ყველაფერი ძალიან ოფიციალურად და ცოტა არ იყოს, დაძაბულადაც ხდებოდა. ანიკამ იგრძნო, როგორ შემოხვია ბიჭმა წელზე ხელი. რატომღაც ანერვიულდა. მან ხომ შესანიშნავად იცოდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსული დელეგაცია საერთოდ არ არსებობდა. გიამ სიმართლე ბოლომდე კი არ გაუმხილა, მაგრამ უთხრა, სანდროსთვის სიურპრიზი მაქვსო, მას კი კარგად ახსოვდა, რომ ბიჭს სიურპრიზები დიდად არ უყვარდა.
მიმტანმა კარი შეაღო და წყვილი ოთახში შეატარა. გია გაღიმებული სახით შეეგება და სანდროს ისე გადაუდგა წინ, საშულება არ მისცა, რომ სტუმრები დაენახა.
- როგორ გამახარეთ, შვილო! - მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა. - დღეს ნამდვილად კარგი დღეა. ახლა კი, სიმართლე უნდა გითხრა! აი, ვინ არიან სინამდვილეში ჩვენი სტუმრები! - გია განზე გადგა და ანიკამ იგრძნო, როგორ დაიძაბა ხელი, რომელიც მის წელზე იყო შემოხვეული. სანდროს რომ ახედა, სახეზე ისეთი ფერი ედო, შეეშინდა კიდეც. რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, რაშია საქმე?!
- სანდრო, შვილო! როგორ ხარ? - შუახნის კაცი ბიჭს მოეხვია და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა.
- როგორ მომენატრე, დედი! - სანდრო კვლავ დუმდა, მაგრამ მთავარი ჯერ წინ იყო.
როდესაც მათკენ ახალგაზრდა წყვილი დაიძრა, სანდრომ სწრაფად შეკრა მუშტი, მაგრამ ანიკას სახის დანახვისას, შედარებით მოეშვა. არ უნდოდა მისი შეშინება. ეს ყველაფერი ამად არ ღირდა...
- სანდრო! - გაუღიმა მისივე ასაკის ბიჭმა. - მგონი, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან საუკუნე გავიდა!
- ნამდვილად! - ცალი წარბი ასწია სანდრომ. უბრალოდ არ შეეძლო ირონიის დაფარვა.
- მინდა ოფიციალურად წარგიდგინო ჩემი მეუღლე... - აგრძელებდა ბიჭი.
- ლაშა, შეგახსენებ, რომ მე და თიკა ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. და არც თქვენი დაქორწინების ამბავია ჩემთვის სიახლე.
- ჰო, უცნაურად მოხდა ყველაფერი! - ხმა ამოიღო თიკად წოდებულმა ქერათმიანმაც.
- მთავარია, რომ მოხდა. გაიცანით, ჩემი საცოლე - ანიკა! - ამ სიტყვების გაგონებისას ანიკამ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო. საცოლეო? რატომ გააცნო ასე? რაიმე მიზეზის გამო? ან იქნებ გულწრფელად თქვა? იმდენი კითხვა აერია გონებაში, თავბრუც კი დაეხვა.
- ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მშვენიერო ქალბატონო! - ლაშამ ინგლისურად ჩაარაკრაკა, შემდეგ კი ქართულადაც დაამატა: - მაგარი გოგოა! - ანიკამ ჯერ სანდროს ახედა და როდესაც მის სახეზე ღიმილი დაინახა, ახალ ნაცნობს მიუბრუნდა.
- ქართველი ვარ! - უთხრა თავმომწონედ და ახლა თიკას გაფართოებული თვალები დააფიქსირა. ნეტავ არავინ აპირებს აუხსნას, აქ რა ხდება?
- აქაც კი ვერ ეშვები ქართველ გოგონებს, არა? - ირონიულად ჩაიცინა ლაშამ, სანდრომ კი მოკლედ მოუჭრა:
- ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის! - და შემდეგ ანიკას მაგიდისაკენ გაუძღვა.
- რა ხდება? - შეუჩნევლად გადაუჩურჩულა გოგონამ, როდესაც სკამი გამოუწია და დაჯდომაში დაეხმარა.
- არაფერი. დამშვიდდი და ნუ მიაქცევ ყურადღებას! - თბილად უთხრა ბიჭმა, კისერში აკოცა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- აბა, რაღას უდგახართ? შემოუსხედით მაგიდას! - საბოლოოდ განმუხტა სიტუაცია გიას შეძახილმა და ყველანი დაემორჩილნენ.
მაგიდის ერთ თავში გია დაჯდა, მეორეში - გურამი. გვერდი მეუღლეებმა დაუმშვენეს, სანდროსა და ანიკას პირისპირ კი თიკა და ლაშა აღმოჩნდნენ. ანიკა ისეთი დაძაბული იყო, ნერვიულობისგან უკვე მუხლები უკანკალებდა. მართალია, სანდრო თავს მშვიდად აჩვენებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ აქ გაჩერება მისთვის აუტანელი იყო. ხმას არ იღებდა, არც არაფერს ჭამდა და არც სასმელს ეკარებოდა. მოიმიზეზა, მანქანით ვარ და ნასვამი საჭესთან ვერ დავჯდები, ანიკას შეწუხება კი არ მინდაო. მართალია, ქეიფი მალევე გახურდა და ანიკამ ამდენი ხნის შემდეგ თავი პირველად ამოყო ქართულ სუფრაზე, მაგრამ თავს კარგად და მშობლიურად მაინც ვერ გრძნობდა. ყელში ლუკმა არ გადასდიოდა, მაგრამ ცუდად რომ არ გამოსვლოდა, შემწვარ კარტოფილს მაინც გაუსინჯა გემო.
- როდის აპირებთ დაქორწინებას? - თვალებში ჩააშტერდა თიკა, რამაც თავი უხერხულად აგრძნობინა. რა უნდა ეპასუხა? თვითონაც დღეს გაიგო, რომ სანდროს საცოლე იყო...
- ამმ... ჩვენ...
- დაქორწინებას არ ვჩქარობთ! - მიეშველა სანდრო. - ანიკა ჯერ პატარაა ამისთვის, მხოლოდ ჩვიდმეტისაა. უნდა ისწავლოს, სკოლა დაამთავროს, შემდეგ გამოცდები... ან კი სად გვეჩქარება? ორივე დარწმუნებული ვართ ერთმანეთის გრძნობებში და რა საჭიროა ამის ქაღალდის ნაგლეჯით დადასტურება? მაინც ვერსად გამექცევა... - ბოლო სიტყვებზე ბიჭს უცნაურად ჩაეცინა, თიკას კი სახე აუჭარხლდა. ანიკა ისე იყურებოდა, როგორც აქ შემთხვევით მოხვედრილი პატარა ბავშვი. აშკარა იყო, რომ სანდროსა და ამ წყვილს შორის ფარული ბრძოლა იმართებოდა, მაგრამ რის ან ვის გამო, ამას ჯერ ვერ ხვდებოდა. ან იქნებ არ სურდა, რომ მიმხვდარიყო? ვინ იცის...
ლაშა კი ხმას არ იღებდა. სასმელს ეტანებოდა, თანაც ძალიან. ცოლის ნათქვამ „მეტს ნუღარ დალევ“-ზე უბრალოდ ხელს აიქნევდა და ისევ აგრძელებდა. ცოტა ხანში გიასაც გადაეკიდა, ბატონო თამადავ, ერთი სადღეგრძელოს უფლება მომეცითო. მასაც სხვა რა დარჩენოდა, დათანხმდა და ყანწი გადააწოდა. სანდრომ ერთი ამოიოხრა, თვალები აატრიალა და ანიკას გახედა. ტუჩებით შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა და შემდეგ ლაშას ხმამ აიძულა, მისთვის შეეხედა.
- ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო ძმაო, სანდრო! მე მინდა ძმობის და მეგობრობის სადღეგრძელო შევსვა, შენი თამადობით! მეგობრობის, რომელსაც ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. დრო და გარემოებები რომ ვერაფერს დააკლებს. ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ შეძლებს ამ გრძნობის შერყევას. ჩემო სანდრო, ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვართ გაზრდილები. დღეს რომ დაგინახე, თავი უცნაურად ვიგრძენი, მაგრამ, ჩემო ძმაო... - ლაშას სიტყვა სკამის იატაკზე გახრიგინების ხმამ დაარღვევინა. სანდრო გაცოფებული წამოიჭრა ფეხზე და როდესაც ანიკას შეშინებული მზერა დაიჭირა, შეეცადა, შედარებით მშვიდად ეთქვა:
- აქედან მივდივართ, ახლავე! - გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა, შეკრებილ ხალხს თავი უხერხულად დაუკრა და გაჰყვა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა, მაგრამ ახლა კითხვის დრო ნამდვილად არ იყო. ასეთი გამწარებული სანდრო არასდროს ენახა.
გიჟივით მართავდა მანქანას. ხელები მთელი ძალით ჰქონდა მოჭერილი საჭეზე და გამძვინვარებული ქშინავდა. ტუჩები მოკუმული ჰქონდა, ნესტოები კი - დაბერილი. ანიკას აშინებდა მისი ყურება.
- სან... - ამოიხავლა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ხმა წართმეოდა. ბიჭი უცბად შეკრთა, თითქოს ახლაღა გამოერკვაო და თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა! - უთხრა აშკარად შეუფერებელი ტონით და სიჩქარეს ცოტათი უკლო. რამდენიმე წამი თვალებში უყურებდა, მაგრამ ანიკას შიში არსად გამქრალა. - გთხოვ, ნუ მიყურებ მასე. შენი მზერა ასეთი შეშინებული მაშინაც არ ყოფილა, როდესაც პირველად დამინახე იარაღით ხელში, ახლა კი დამიჯერე, არაფერია სანერვიულო! - დაამატა შედარებით რბილად და ეცადა, გაეღიმა, მაგრამ ზედმეტად ყალბად გამოუვიდა.
ანიკა მაინც ძალიან ღელავდა. მუცელში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წიხლი ჩაარტყეს, პირი კი საშინლად გაუშრა. რატომ სრულდება სანდროსთვის განკუთვნილი ყველა სიურპრიზი ასე საშინლად? მაგრამ საბედნიეროდ, ახლა თვითონ არაფერ შუაშია. გული უგრძნობდა, რომ სწორედ ახლა იხსნებოდა საქართველოსთან დაკავშირებული საიდუმლოს კვანძი, მაგრამ ვერაფრის კითხვას ვერ ბედავდა. არც ბიჭი იღებდა ხმას. მთელი გზა ასე მდუმარედ გაიარეს, სახლში შესვლისას კი სანდრო მაშინვე საძინებლისკენ გაემართა. ანიკას ქუსლების კაკუნიც კი უსიამოვნოდ ესმოდა ყურში. ამიტომ სასწრაფოდ გაიხადა ფეხსაცმელი და უკან მიჰყვა. ბიჭს პიჯაკი გაეხადა, პერანგის რამდენიმე ღილიც შეეხსნა და საწოლის კიდეზე ხელებში თავჩარგული იჯდა. ეს სიბნელე კიდევ უფრო დაძაბულს ხდიდა ყველაფერს. ანიკამ პირველად იგრძნო თავი უცხოდ. არ იცოდა, რა გაეკეთებინა, სად წასულიყო, რა ეთქვა. გახევებული იდგა ერთ ადგილზე და ფეხის მონაცვლებასაც კი ერიდებოდა, რომ სიჩუმე არ დაერღვია.
- მე და ლაშა ბავშვობიდან ძმებივით ვიზრდებოდით... - მოულოდნელად დაიწყო სანდრომ, ისე, რომ თავი არ აუწევია. გოგონა კი შეაკრთო მისმა ხმამ. კედელს მიეყრდნო და ეცადა, მშვიდად მოესმინა ყველაფერი. - გია და გურამიც ასე იყვნენ და ჩვენც ასე გაგვზარდეს. არ არსებობდა რამ, რაც ერთმანეთის შესახებ არ ვიცოდით. ერთი ის იყო, რომ სხვადასხვა სახლში ვიძინებდით, თორემ ფაქტობრივად, სულ ერთად ვიყავით. ბაღი, სკოლა, ქუჩა... მოგვიანებით რაღაც შეიცვალა. არა, ჩვენი მეგობრობა არა, უბრალოდ ლაშასთან იმდენ დროს ვერ ვატარებდი, როგორც ადრე. რადგან... შემიყვარდა. მეათე კლასში ვიყავით, როცა თიკა ჩვენთან გადმოვიდა. ქერა იყო, ლამაზი. მაშინვე ყველა ბიჭმა მას დაადგა თვალი. რა თქმა უნდა, მე და ლაშამაც, მაგრამ როდესაც ჩემი მოწონება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა, მეგობარი გზიდან ჩამომშორდა. თიკასთვის თავის შეყვარება არ გამჭირვებია. ისე გამოვიდა, რომ ერთ თვეში უკვე შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ რომეოს და ჯულიეტას როლის თამაში გადავწყვიტეთ და ჩვენი რომანის შესახებ მშობლებმა არაფერი იცოდნენ. ლაშა კი ჩვენი მფარველი ანგელოზი გახდა. ყოველთვის ხელს გვიწყობდა და გვეხმარებოდა ფარულ შეხვედრებში... მაგრამ ყველაფერი აირია, როდესაც გიამ ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. საკმაოდ კარგი შანსი გამოუჩნდა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენ გარეშე წასვლას არც კი განიხილავდა. უკვე ჩვიდმეტის ვიყავი და მეგონა, რომ ჩემი სიყვარულის დაცვას შევძლებდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. არც ჩხუბმა გაჭრა, არც მუდარამ, არც შიმშილობის მცდელობამ. მაინც ამაბუნძულეს თვითმფრინავში. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გული ამომგლიჯეს. ერთადერთ იმედად ლაშა დამრჩა, რომელსაც შეყვარებული ჩავაბარე და ვთხოვე, რომ მიეხედა, რადგან თიკას ბევრი უპირებდა ცოლად შერთვას. ჰმ, მიხედა კიდეც! - აქ სანდროს მწარედ ჩაეცინა. ანიკა უკვე ტუჩებს იჭამდა და ცდილობდა, ხმამაღლა არ ატირებულიყო. ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები, რადგან აცნობიერებდა, რომ უცბად გრანდიოზულ კლდეს შეასკდა, რომელსაც თიკა ერქვა. როგორც ჩანს, სანდრომ რვა წლის შემდეგაც ვერ შეძლო მისი დავიწყება.
- თუ ეს შენთვის მძიმე გასახსენებელია, ნუ მომიყვები... - ამოიჩურჩულა და ეცადა, ხმაში ცრემლები არ გაერია. გამოუვიდა კიდეც.
- არა, მინდა, რომ მოგიყვე, ეს მჭირდება! - მტკიცე ხმა ჰქონდა ბიჭს, მაგრამ თავი არც ახლა აუწევია. - თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. დროში სხვაობის მიუხედავად, მაინც ყოველდღე ვახერხებდი თიკასთან საუბარს. ერთმანეთს მხოლოდ მანძილი გვაშორებდა, მაგრამ ამასაც კი არ ვთვლიდი სერიოზულ დაბრკოლებად. მერე თითქოს რაღაც შეიცვალა. ყოველდღე საუბარი კვირაში ორჯერ დარეკვამ შეცვალა, შემდეგ მშრალმა და მოკლე მესიჯებმა, ბოლოს კი თიკა საერთოდ გაქრა ქსელიდან. გიჟს ვგავდი, საქართველოში დაბრუნების მეტი არაფერი მინდოდა. აღარც ლაშა მეკონტაქტებოდა. საერთოდ გადავედი ჭკუიდან. როგორღაც მოვახერხე გიას დათანხმება, რომ სულ რაღაც ერთი კვირით გავეშვი საქართველოში. თან უკვე თვრამეტის ვიყავი, სრულწლოვანი! ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა, როდესაც მშობლიურ მიწაზე კვლავ დავდგი ფეხი. გეზი პირდაპირ თიკას სახლისკენ ავიღე, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. შემდეგ ლაშასთან წავედი. მოუთმენლად ველოდი, როდის გამიღებდნენ კარს, ზარის ღილაკს თითს არ ვუშვებდი. და კარიც გაიღო... მის მიღმა კი ორსული თიკა იდგა. მეგონა, ქვეყანა თავზე ჩამომექცა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ყველაზე ამაზრზენი კი, იცი, რა იყო? მის თვალებში სინანულის ნაცვლად შიში დავინახე. შეეშინდა, რომ სიმართლე გავიგე. შეეშინდა, მისი საყვარელი მეუღლისთვის არაფერი დამეშავებინა... - აქ სანდრო გაჩუმდა. ანიკამ იფიქრა, რომ მოყოლა დაამთავრა, მაგრამ შეცდა. - არაფერი მომხდარა, საერთოდ. ლაშა გამოვიდა, ცდილობდა, დამლაპარაკებოდა, მაგრამ არ მოვუსმინე. უბრალოდ გამოვტრიალდი და წამოვედი. არც კი დამირტყამს და სიმართლე გითხრა, ამას ვნანობ. იმ ღამესვე დავბრუნდი ნიუ-იორკში. იქაურობა უკვე გულს მირევდა. აღარ შემეძლო ტყუილით და ფარისევლობით გაჟღენთილ ქვეყანაში გაჩერება. სწორედ მაშინ შემზიზღდა საქართველო. მშობლიური მიწა საძულველი გახდა, რადგან ის აფერისტების ქვეყანა იყო. იმ ხალხის, სიმთვრალეში სადღეგრძელოებით სიყვარულს რომ გიხსნის და მეორე დღეს არც კი ახსოვს, ვინ ხარ. იმ ხალხის, ზურგში დანას რომ ჩაგარტყამენ და სინდისი არც კი აწუხებთ. რა თქმა უნდა, ასეთი რამ აქაც ხდება, მაგრამ აქ თავს მაინც არავინ გაჩვენებს. დღეს კი ლაშა კვლავ ძმობას მეფიცებოდა და თიკა თვალებით გჭამდა, რადგან მან შემაზიზღა შენი ასაკის გოგო და ვერ იჯერებდა, თუ ამის შეცვლას ვინმე შეძლებდა. - აქ კი მართლა დაასრულა სანდრომ მოყოლა და ანიკას გახედა. ადგილზე გაიყინა მისი სახის დანახვისას. ცრემლებით დასველებული, ტკივილიანი სახის... გოგონა ჩუმად, გულამოსკვნით ტიროდა.
წამიერად ინანა კიდეც, ყველაფერი რომ მოუყვა, მაგრამ იცოდა, ასე უკეთესი იყო. ახლა აღარ არსებობდა მათ შორის საიდუმლო. და რაც მთავარია, ახლა აღარ მოუწევდა ანიკასთან კამათი საქართველოს თემასთან დაკავშირებით. აი, აქ შეცდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით...
- არაფერს მეტყვი? - მუდარანარევი ხმით ჰკითხა. ეს უკანასკნელი კი თავს პარალიზებულივით გრძნობდა. თითქოს ერთიანად გამოშიგნეს და ყველაფერი წაართვეს. თითქოს მასსა და სანდროს შორის უზარმაზარი კედელი აღმართეს. მაგრა ბოლოს თავს მაინც მოერია, კედელიც დაანგრია, ბიჭის წინ ჩაიმუხლა და მთელი ძალით ჩაეკრა გულში.
ეს სწორედ ის იყო, რაც ორივეს სჭირდებოდა. სანდრომაც ძლიერად მოხვია მკლავები. თითქოს ეშინოდა, რომ მის თავსაც წაართმევდა ვინმე.
- არც ერთი წამით არ იფიქრო, რომ თიკა ისევ მიყვარს. - მოულოდნელად ანიკას დაუსმელ შეკითხვას თავისივე სურვილით უპასუხა და გოგონას თმაზე აკოცა. - უბრალოდ მინდოდა, რომ ეს გცოდნოდა. დღეს მისი დანახვის გამო არ გავბრაზებულვარ. ის უკვე ცარიელი ფურცელია ჩემს ცხოვრებაში. არ უარვყოფ, რომ მიყვარდა და თანაც ძალიან, მაგრამ ის სიყვარული ახლოსაც კი ვერ მოვა იმასთან, რასაც შენთან განვიცდი. ხომ გჯერა ჩემი?
- მჯერა...
- მე კი იმის მჯერა, რომ შენ არასდროს მიმატოვებ... - ამ სიტყვებმა ანიკას სუნთქვა შეუკრა. მართლაც, როგორ უნდა მიეტოვებინა? უკვე იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა. ისიც იცოდა, რომ სანდრო საქართველოში არასდროს დაბრუნდებოდა. ერთადერთი, რაც ანიკამ არ იცოდა, იყო ის, თუ რა ბედი ჰქონდა მათ სიყვარულს, რომელსაც ერთი შეხედვით ბედნიერი დასასრული არ ეწერა...
* * *
ის ღამე ორივეს ცხოვრებაში გარდამტეხი გამოდგა. ანიკამ მიიღო გადაწყვეტილება. დაბრუნდებოდა საქართველოში, მშობლებს ყველაფერს პირადად აუხსნიდა, დაელაპარაკებოდა და ისევ სანდროსთან წავიდოდა. დარწმუნებული იყო, რომ გაუგებდნენ. ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც გეგმავდა...
სანდროსთან ამ თემაზე ჯერ არ ჰქონდა ნალაპარაკები. ეგონა, რაც უფრო გაწელავდა დროს, მით უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ცდებოდა...
სანდროს საერთოდ არ უფიქრია ამ თემაზე. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ანიკა არ მიატოვებდა. რა თქმა უნდა, ახსოვდა, თოთხმეტ ივნისს ნინი რომ ბრუნდებოდა, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებდა, ერთის მიღების სანაცვლოდ მეორეს დათმობა რომ იყო საჭირო. ანიკას არც კი ეკითხებოდა, რა გეგმები ჰქონდა. იმ ღამის შემდეგ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ საქართველოზე. სიმართლეს მხოლოდ რამდენიმე საათით აეხადა ფარდა და შემდეგ ისევ მოგონებების ყუთში გადაინაცვლა მტვრის დასადებად.
გურამის ოჯახს მეტჯერ აღარ შეხვედრიან. რა თქმა უნდა, ბიჭების უსიამოვნების გამო გიასა და გურამის ურთიერთობა არ გაფუჭებულა, მაგრამ ერთობლივ შეხვედრებს აღარ აწყობდნენ. ვახშმის მეორე დღეს კი დაურეკა სანდროს ლაშამ და შეხვედრა სთხოვა, მაგრამ მოკლე უარი და ტელეფონის ზუმერის ხმა მიიღო პასუხად. ამ შემთხვევის შემდეგ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მათ გამოჩენამდე იყო...
სანდრომ სამსახურში ახალი საქმე აიღო, ანიკა კი წლის დამამთავრებელ გამოცდებს აბარებდა. ორივე ისეთი დაკავებული იყო, საღამოს ძლივს ახერხებდნენ ერთი საათით შეხვედრას. მათი შეხვედრები კი ყოველთვის საინტერესო იყო. მაქსიმალურად იყენებდნენ დროს და ცდილობდნენ, ყველაფერი მოესწროთ. ანიკას უკვე ტვინი სტკიოდა იმაზე ფიქრით, როგორ შეეტყობინებინა სანდროსთვის გამგზავრების ამბავი, მაგრამ კარგს და გამოსადეგს ვერაფერს იფიქრებდა.
ცამეტი ივნისიც გათენდა, პარასკევი... მართალია, ანიკას ცრურწმენების არ სჯეროდა, მაგრამ პარასკევი, რიცხვი ცამეტი, მართლაც თარსი აღმოჩნდა მისთვის... მეორე დღისით მიფრინავდა, უკვე ყველაფერი დაგეგმილი იყო. ბილეთიც ნაყიდი, ჩემოდნებიც ჩალაგებული და უკან დასახევი გზაც მოჭრილი. ერთადერთი, რაც ანიკას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაკეთებული, სანდროსთან ლაპარაკი იყო, რომელიც სრულიად დაუგეგმავად წარიმართა...
გია და მარიკა, როგორც ყოველთვის, დილიდანვე სამსახურში იყვნენ, თვითონ კი თავის ოთახში იჯდა და იქაურობას ემშვიდობებოდა. უამრავი გრძნობა და მოგონება აკავშირებდა აქაურობასთან, საუკეთესო კი მაინც სანდროს დაბადების დღეს განხორციელებული მოვლენები იყო. რამდენჯერ უტირია და უცინია აქ, რამდენჯერ ყოფილა ბედნიერი. სიხარულით თვალებგაბრწყინებული საწოლზე გულაღმა რომ დაეხეთქებოდა და ფოსფორის ვარსკვლავებით განათებულ ჭერს უყურებდა, თავს საოცრად მშვიდად და დაცულად გრძნობდა. უყვარდა აქაურობა, თანაც ძალიან... და საერთოდ არ სურდა განშორება...
სარკის წინ სავარძელში ჩაესვენა და ოთახს თვალი მოავლო. ფაქტობრივად, ისეთივე იყო, როგორიც აქ ჩამოსვლის პირველ დღეს. თავისი სურვილით შეცვლილ ყველა შტრიხს ისევ პირვანდელი სახე დაუბრუნა. თუ კარადის გვერდით დაწყობილ ჩემოდნებს არ ჩავთვლით, აქ უკვე აღარაფერს ეტყობოდა ანიკას კვალი...
ფიქრებში ისე გაერთო, საერთოდ ვერ გაიგო, რომ სახლში ვიღაც იყო, სანამ სანდრომ საძინებლის კარი დაუკაკუნებლად არ შეაღო და... ღიმილი სახეზე შეეყინა. ფერიც კი დაკარგა. განცვიფრებული სახით მოავლო ოთახს თვალი და ჩემოდნების დანახვისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საზარდულში წიხლი ამოარტყეს. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, უფრო ზუსტად კი თუ ვიტყვით, ამოიქშინა. ცხვირის ნესტოები ისე ებერებოდა, როგორც კორიდაზე გასულ ხარს. ემოციების სრული სიმძაფრით გადმოსაცემად ყურებიდან ბოლის გაშვებაღა აკლდა, რაც საბედნიეროდ, არ შეეძლო. თითქოს გონებაში ყველაფერი ერთიანად ატრიალდა, მაგრამ შინაგანი ხმა მაინც მთელი ძალით გაჰყვიროდა: „ის მიდის!“ და უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა...
ანიკა კი სუნთქვაშეკრული უყურებდა ოთახში ქარიშხალივით შემოვარდნილ ბიჭს. მისთვის ამ ამბის ასე შეტყობინება ნამდვილად არ ჰქონია დაგეგმილი, მაგრამ ახლა უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - მსუბუქად შეხტა სანდროს ხმის გაგონებისას, მაგრამ მისი მზერა მაინც ვერ დაიმსახურა. ბიჭი ისევ ჩემოდნებს უყურებდა. - როდის აპირებდი ჩემთვის ამის თქმას? - აი, ახლა კი შეხედა. ნელა გადაიტანა მზერა მასზე და თვალი თვალში გაუყარა. - მიპასუხე! - დაიგრგვინა საბოლოოდ და ანიკამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
- მე... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ან კი რა უნდა ეთქვა? - მე...
- ჰო, შენ... დამდე პატივი და ამიხსენი, რა ხდება! - სანდრო წინ ისეთი სახით აესვეტა, ეგონა, მხრებში ხელს ჩაავლებდა და ერთს კარგად შეანჯღრევდა.
- სანდრო, ნუ მელაპარაკები მასე... - დამნაშავესავით ამოიკნავლა და უნებურად უკან გაიწია.
- და როგორ გელაპარაკო? მადლობა ხომ არ გითხრა ასეთი შესანიშნავი სიურპრიზისთვის? ან... იქნებ ჩავშალე? აეროპორტიდან ხომ არ აპირებდი დარეკვას? თუ საქართველოდან?
- დღეს ვაპირებდი თქმას. არ მინდოდა, ასე გაგეგო. მინდოდა, ჩემით ამეხსნა ყველაფერი...
- ჰოდა, ამიხსენი, აქ ვარ! - ბიჭს უკვე მოთმინება ეწურებოდა და გაუცნობიერებლად ხმასაც კი აუწია.
- აგიხსნი, რა თქმა უნდა, მაგრამ ხმას დაუწიე და დამშვიდდი...
- დავმშვიდდე? როგორ უნდა დავმშვიდდე, როდესაც შენს ოთახში შემოვდივარ და აქაურობას სრულიად დაცარიელებულს, კარადის გვერდით კი სამ ჩემოდანს ვხედავ? და ამის მერე მეუბნები, დამშვიდდიო?! როგორ? შენ მიდიხარ! გესმის, ეს რას ნიშნავს? მტოვებ, შენც გარბიხარ ჩემგან...
- სან, მისმინე, გთხოვ... - ანიკამ, როგორც იქნა, გაბედა და თვალებში შეხედა. მაშინვე ინანა... ადგილზევე მოკვდა, როცა იქ ტკივილის მეტი არაფერი დახვდა. მაინც მოიკრიბა ძალა, რომ გაეგრძელებინა. ვერ დაუშვებდა, სანდროს რაიმე არასწორად რომ გაეგო. -არსად არ გავრბივარ და მით უმეტეს, შენგან. უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო. მე დავბრუნდები, მართლა! მიყვარხარ და არასდროს მიგატოვებ, ხომ გჯერა ჩემი? -ცხოვრებაში არ ყოფილა საკუთარ სიტყვებში ასეთი დარწმუნებული და იმედი ჰქონდა, რომ შესაბამის შთაბეჭდილებასაც მოახდენდა, მაგრამ შეცდა...
- თავიდან ყველანი მასე ამბობთ... - მწარედ ჩაიცინა და თავი გაიქნია, შემდეგ კი ანიკას ზურგი აქცია და სახეზე ხელები მოისვა. - შენც მტოვებ... - ამ სიტყვებს თითქოს გულიც ამოაყოლაო, ხმაც კი აუკანკალდა ცოტათი. თუ ვინმეს განადგურებული სანდროს ნახვა სურდა, ახლა მართლაც რომ საუკეთესო შანსი ეძლეოდა, რადგან ბიჭი თავს ცუნამში მოყოლილივით გრძნობდა. ერთიანად წალეკეს და ყველა გრძნობა წაართვეს.
- ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
- მაშინ რატომ მიდიხარ? თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე ეს და დარჩი ჩემთან! - ისევ ყვირილზე გადავიდა სანდრო, მაგრამ ამჯერად ანიკამაც არ დააკლო.
- მეხუმრები? ჩემგან გჭირდება დამტკიცება? და თავად როგორ აკეთებ ამას? საკუთარ პრინციპებს საყვარელი ადამიანის გამოც კი ვერ ღალატობ! დაივიწყე თიკაც, ლაშაც და საერთოდ ის ამბავიც! რატომ არ შეგიძლია, რომ გადააბიჯო სიამაყეს და წამოხვიდე ჩემთან ერთად, თუნდაც სულ რამდენიმე დღით?
სანდრომ ვეღარაფერი უპასუხა. იმიტომ არა, რომ სათქმელი არ ჰქონდა. უბრალოდ, ვერ შეძლო... ემოციებს ისედაც კბილის კბილზე დაჭერით იკავებდა და ხმა რომ ამოეღო, ნაწილებად დაიშლებოდა. არ შეეძლო ანიკას გაშვება. უყვარდა, მთელი არსებით უყვარდა! მის გარეშე ვერც კი ისუნთქებდა. მაგრამ ის მაინც მიდიოდა... და თვითონ უძლური იყო. ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ დროს. ამ ტკივილს კი გულის არეში ვერაფერს უხერხებდა. ფიზიკურად სტკიოდა და თან იმდენად ძლიერად, რომ მუხლებზეც კი დაეცა.
- არ წახვიდე... - ამოიხავლა გამქრალი ხმით და ანიკას სახეც წამში აიმღვრა მის თვალებში ჩამდგარი სითხის გამო.
- არ გამიშვა... - ჩურჩულით უპასუხა გოგონამ და მის წინ ჩაიმუხლა. მთელი ძალით ჩაიკრა გულში. საერთოდ არაფერი არ აინტერესებდა ახლა, თუნდაც ქვეყანა თავზე ჩამოქცეოდათ. მთავარია, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდა, თუნდაც დროებით...
* * *
სანდრო მხოლოდ მაშინ წავიდა, როცა გოგონას ჩაეძინა. ქურდივით გაიპარა საკუთარი სახლიდან... ძლივს დაარწმუნა ანიკა, რომ დაეძინა. უნდოდა საბოლოოდ ასეთი ენახა, მშვიდი და უშფოთველი. მაგრამ თავისი სურვილი ბოლომდე მაინც ვერ აისრულა, რადგან მძინარესაც კი ეტყობოდა სახეზე დაძაბულობა. თითქოს გრძნობდა, რომ სანდრო წავიდოდა. თვალების დახუჭვის ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ გახელისას მას უკვე ვეღარ დაინახავდა. არც შემცდარა...
ირიჟრაჟა თუ არა, მაშინვე გაეღვიძა, მაგრამ მარტოს... თვალები მაინც გაფაციცებით მოატარა ოთახს, იმედს ბოლომდე არ კარგავდა. როცა დარწმუნდა, რომ სანდრო აქ აღარ იყო, ეგონა, ატირდებოდა, ცხელი ცრემლები დაუსველებდნენ სახეს... ამაშიც შეცდა. ყელში გაჩხერილი ბურთი თანდათან იზრდებოდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ სკდებოდა. უკვე სუნთქვაშიც კი უშლიდა ხელს...
ფრენა რამდენიმე საათში იყო, ამიტომ დასაკარგი დრო არ ჰქონდა. მეგობრებს გუშინვე, სასწავლო წლის დასრულების ცერემონიალზე დაემშვიდობა. დენიელი და ლუსიც აეროპორტში უნდა ენახა. საწოლიდან აუჩქარებლად წამოდგა და მშვიდად შევიდა შხაპის მისაღებად. გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული. ყბებიც კი ეტკინა დაძაბულობისგან. ისე იქცეოდა, თითქოს ერთი კონტინენტიდან მეორეზე კი არა, სოფელში მიდიოდა ბებიასთან. ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა, წინ რა ელოდა. რატომ ვერ ტიროდა? არადა, ზუსტად იცოდა, რომ გუშინ სანდრო ბოლოჯერ ნახა. იქნებ მაინც გააჩნდა იმედის ნაპერწკალი? შეიძლება... თუმცა, სულ ტყუილად.
* * *
უკვე მეორედ გამოაცხადეს ჩასხდომა მის რეისზე, მაგრამ ანიკა მაინც გაუნძრევლად იდგა ესკალატორთან და გასასვლელ კარებს მიშტერებოდა. ვერ იჯერებდა, რომ სანდრო არ მოვიდა. ნუთუ არც კი გააცილებს? შეუძლებელია... ხომ სთხოვა, არ გამიშვაო? რატომ უშვებს? არადა, ახლა ისეთ ჭკუაზე იყო, მხოლოდ მისი დანახვაც საკმარისი იქნებოდა, რომ დარჩენილიყო. ყველაფერს დაივიწყებდა, მთელი ძალით ჩაეხუტებოდა და არსადაც არ წავიდოდა. მაგრამ... სანდრო არ მივიდა, მის რეისზე ჩასხდომა კი უკვე მთავრდებოდა.
- ნინის რეისზეც დააგვიანდა, ძლივს მოუსწრო... - ამშვიდებდა მარიკა და ცალი მხრით ეხვეოდა. მთელი გზა ტიროდა და ვერც ახლა იკავებდა ცრემლებს, ანიკა კი თითქოს გაქვავდა.
- აღარ მოვა... - ჩურჩულით თქვა დენიმ და თავი ჩახარა. არ შეეძლო ამ ყველაფრის ყურება.
- ვიცი... - სუნთქვას ამოაყოლა ანიკამ და ტუჩზე იკბინა. გული უსკდებოდა უკვე ცრემლებისგან, მაგრამ გარეთ ვერც ერთს ვერ უშვებდა.
- ჩასხდომა მთავრდება... - მძიმედ წარმოთქვა გიამ და გოგონამაც თავი დაუქნია, შემდეგ კი ყველას ჩაეხუტა და დაემშვიდობა.
- ძალიან მომენატრებით... - იტირე, ანიკა! შენ შეძლებ ამას!
- სანდრო აუცილებლად მიხვდება, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა! - გიასაც კი აუცრემლიანდა თვალები, როდესაც გულში ჩაიკრა და სიტყვები უჩურჩულა, მაგრამ თვითონ - არა! უკვე ჭკუიდან იშლებოდა უძლურებისგან.
თვითმფრინავში ისე ავიდა, ბოლომდე ეგონა, რომ ტკივილამდე ნაცნობი ხმა ხალხის ბრბოს გაარღვევდა მისი სახელის ძახილით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაუცრუვდა იმედი... როცა ღვედი შეიკრა, ბავშვობისდროინდელი სერიალიც კი გაახსენდა და წარმოიდგინა, რომ აი, ახლა, გვერდით სანდრო მიუჯდებოდა და ეტყოდა, რომ არსადაც არ გაუშვებდა მარტოს. მაგრამ არც თვითონ იყო ფილმის გმირი და არც მის გვერდით მჯდარი ქალი ჰგავდა სანდროს. იმედი საბოლოოდ მაშინ გადაეწურა, როდესაც თვითმფრინავმა ნიუ-იორკის აეროპორტი დატოვა...
* * *
ფრენა ხანგრძლივი და მძიმე გამოდგა. იმაზე ფიქრიც კი ვერ უკეთებდა გუნებას, რომ მონატრებულ მშობლებს და მეგობრებს ნახავდა. როგორც ბებიამისი იტყოდა, მკვდრის პატრონივით ჩავიდა თვითმფრინავიდან. საერთოდ არაფერი უგრძვნია, როდესაც გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობდა. ბარგი მშვიდად აიღო და გასასვლელისკენ გაემართა. გულიც კი არ უფართხალებდა ნანატრი შეხვედრის მოლოდინში. და აი, რამდენიმე წამში ნაცნობი კივილი გაიგონა და მის ყურთან ქერა თმამ ჩაიფრიალა. ელე ისეთი გახარებული შეახტა, მშობლებამდე მისვლა არც კი აცადა. ანიკაც მთელი ძალიან მოეხვია, შემდეგ კი ლიკასკენ გაემართა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა. ირაკლისაც კი აუჩუყდა გული, როდესაც ქალიშვილი გულში ჩაიკრა. მხოლოდ ანიკა იდგა ხესავით და ხელოვნურად იღიმოდა. არა, როგორ არ უხაროდა, უბრალოდ, ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერს ფარავდა.
მთელმა გზამ კითხვების ქარცეცხლში გაიარა. ეკითხებოდნენ ყველაფერს, მაგრამ ის კითხვა, რომლის პასუხიც ელეს ყველაზე მეტად აინტერესებდა, არ გაჟღერებულა. ბოლოს ირაკლიმ დაუცაცხანა ორივეს, ხომ ხედავთ, ბავშვი გათიშულია ამდენხნიანი ფრენისგან, დაანებეთ თავიო, ანიკამ კი ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს სიკვდილისგან გადაარჩინაო.
ხმას საერთოდ არ იღებდა. მიზეზიც მშვენიერი ჰქონდა, თორმეტსაათიანი ფრენა ხუმრობა ხომ არ არის?! ამიტომაც უპრობლემოდ მოიშორა ყველა და სახლში მისვლისთანავე საკუთარ ოთახში გაუჩინარდა. სულ ოდნავ გაეღიმა ნაცნობი გარემოს დანახვისას. აქაც ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა... ჩემოდანი საწოლზე დადო და გახსნა. ტანსაცმელს ამოალაგებდა და ცოტას გულს მაინც გადააყოლებდა. ჰმ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამჯერადაც არ გაუმართლა. პირველი, რაც ჩემოდანში შეხვდა, სანდროს წითელი, კუბოკრული პერანგი იყო, რომელიც თვითნებურად მიისაკუთრა. ხელის კანკალით ამოიღო... ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა მისი სურნელი, სანდროს სურნელი... იგრძნო, როგორ აუკანკალდა სხეული. საკუთარ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა. რამდენიმე წამში კი, მუხლებზე დაეცა, პერანგი გულში ჩაიკრა და ხმამაღლა, მწარედ ატირდა...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება